ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას. . .
როგორ მივყვე ჭეშმარიტებას?
„იეჰოვას მოწმეების ოჯახში დავიბადე და ვფიქრობდი, რომ, თუ ასეთ გარემოში აღვიზრდებოდი, სინამდვილეში გავიცნობდი იეჰოვას. როგორ ვცდებოდი!“ (ანტონეტი).
„რა არის ჭეშმარიტება?“ პონტოელმა პილატემ, რომელმაც იესო სიკვდილით დასასჯელად გადასცა, ეს ცნობილი შეკითხვა დაუსვა მას (იოანე 18:38). მაგრამ, როგორც ჩანს, პილატეს ამ ცინიკური შეკითხვით გულახდილი საუბრის დაწყება კი არა, დასრულება ჰქონდა განზრახული. სინამდვილეში, მას არ აინტერესებდა „ჭეშმარიტება“. შენ თუ გაინტერესებს ჭეშმარიტება?
საუკუნეების განმავლობაში ფილოსოფოსები ფიქრობდნენ, თუ რა იყო ჭეშმარიტება, მაგრამ მათმა მცდელობამ თითქმის უშედეგოდ ჩაიარა. შენ კი შეგიძლია იპოვო პასუხი პილატეს შეკითხვაზე. იესო ქრისტე ასწავლიდა, რომ ღვთის სიტყვაა ჭეშმარიტება. ის თავის თავზეც ამბობდა, რომ „ჭეშმარიტება“ იყო. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა“ (იოანე 1:17; 14:6; 17:17). აქედან გამომდინარე, მთელი ქრისტიანული სწავლებების ერთობლიობას, რომელიც მოგვიანებით ბიბლიის ნაწილად იქცა, ჰქვია ‘ჭეშმარიტება’ ან ‘სახარების ჭეშმარიტება’ (ტიტე 1:14; გალატელთა 2:14; 2 იოანე 1, 2). ამ ქრისტიანულ სწავლებებში შედის: ღვთის სახელი, მისი სამეფოს დამყარება, მკვდრეთით აღდგომა და იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი (მათე 6:9, 10; 20:28; იოანე 5:28, 29).
ათასობით მოზარდმა ქრისტიანი მშობლებისგან ისწავლა ბიბლიური ჭეშმარიტება. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი „ჭეშმარიტებით დადიან“? (3 იოანე 3, 4). მაინცდამაინც არა. მაგალითად, ოცი წლის ჯენიფერი, რომელიც იეჰოვას მოწმეების ოჯახში აღიზარდა, ამბობს: «დედაჩემს იეჰოვას მოწმეების კონგრესებზე დავყავდი და გადაკვრით მეუბნებოდა, რომ მონათვლის შესახებ უნდა მეფიქრა. მე კი ჩემთვის ვფიქრობდი: „არ მსურს, გავხდე იეჰოვას მოწმე. მე მხოლოდ გართობა მინდა“ ».
ზოგ ახალგაზრდას სჯერა იმისი, რაც ასწავლეს, მაგრამ ვერ სწვდება იმას, რასაც ბიბლია სინამდვილეში ასწავლის. რა საშიშროება შეიძლება წამოიჭრას? იესო იძლეოდა გაფრთხილებას, რომ ზოგს ‘ფესვი არ გააჩნია თავის თავში’. ასეთები შეიძლება ‘ხანმოკლენი იყვნენ და, როგორც კი დადგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდებიან’ (მარკოზი 4:17). სხვებს შეუძლიათ გარკვეულწილად ახსნან ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა, მაგრამ გაცნობილი არ ჰყავთ ღმერთი. ახალგაზრდა ქალი, ანესა, ამბობს: „არა მგონია, რომ მოზარდობის პერიოდში ნამდვილი ურთიერთობა მქონოდა იეჰოვასთან. . . ჩემი აზრით, ეს ურთიერთობა, უმთავრესად, დამოკიდებული იყო ღმერთთან ჩემი მშობლების ურთიერთობაზე“.
შენ რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით? ხომ არ არის იეჰოვა მხოლოდ შენი მშობლების ღმერთი? ან შეგიძლია ფსალმუნმომღერლის მსგავსად თქვა: „მე. . . შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: შენა ხარ ჩემი ღმერთი“? (ფსალმუნი 30:15). შეიძლება, გაბედულებაა საჭირო, სინამდვილეს რომ პირისპირ შევხედოთ. ახალგაზრდა ალექსანდრე ამბობს: „პირველად გულწრფელად გამოვიკვლიე საკუთარი თავი“. საკუთარი თავის შემოწმების შემდეგ, ალბათ, მიხვდები, რომ თავად არასოდეს შეგიცვნია ჭეშმარიტება (მთელი ქრისტიანული სწავლებების ერთობლიობა). ამიტომ შეიძლება სუსტი რწმენის გამო ცხოვრება უმიზნო გეჩვენება.
იეჰოვას მოწმეები ქრისტიანულ შეხვედრებზე ხშირად მღერიან სიმღერას „ჭეშმარიტებას მიჰყევი“a. ეს რჩევა შენთვის შეიძლება სათანადო იყოს. მაგრამ როგორ შეგიძლია მიჰყვე ამ რჩევას? საიდან უნდა დაიწყო?
შეიცანი ჭეშმარიტება
რომაელთა 12:2-ში ჩაწერილია მოციქულ პავლეს რჩევა: ‘შეიცანით, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი’. როგორ შეგიძლია ამის გაკეთება? „ჭეშმარიტების შეცნობით“ (ტიტე 1:1). ძველ ქალაქ ბერეაში მცხოვრებნი შემოწმების გარეშე არ ეთანხმებოდნენ მოსმენილს. „ისინი ყოველდღე არჩევდნენ [იკვლევდნენ] წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11).
ქრისტიანმა მოზარდმა ერინმა დაინახა ამის საჭიროება. ის ამბობს: „დავიწყე კვლევა. ვკითხე საკუთარ თავს, თუ საიდან ვიცოდი, რომ ეს ჭეშმარიტი რელიგია იყო? საიდან ვიცოდი, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა?“. რატომ არ დაგეწყო პირადი შესწავლით? შესწავლა შეგიძლია დაიწყო ბიბლიაზე დაფუძნებული წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“b. გულდასმით წაიკითხე. მოძებნე ტექსტში მითითებული ყველა მუხლი და ყურადღება მიაქციე, თუ როგორაა ისინი წარმოდგენილ მასალასთან დაკავშირებული. შეიძლება გაგაოცოს იმის აღმოჩენამ, თუ როგორ შეიცვლება შენი შეხედულება ჭეშმარიტებისადმი მას შემდეგ, რაც გახდები ‘შეურცხვენელი მუშაკი, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემი’! (2 ტიმოთე 2:15).
მოციქულმა პეტრემ თქვა, რომ ბიბლიაში ზოგი რამ „ძნელად გასაგებია“, და შენც მიხვდები, რომ ეს ნამდვილად ასეა (2 პეტრე 3:16). მაგრამ ღვთის სული რთული საკითხების გაგებაშიც დაგეხმარება (1 კორინთელთა 2:11, 12). როდესაც გიჭირს რაიმე საკითხის გაგება, დახმარებისთვის ღმერთს მიმართე ლოცვით (ფსალმუნი 118:10, 11, 27). სცადე, გამოკვლევისას გამოიყენო საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული პუბლიკაციებიც. თუ არ იცი, როგორ გააკეთო ეს, დახმარებისთვის სხვას მიმართე. მშობლებს ან ქრისტიანული კრების მოწიფულ წევრებს შეუძლიათ დახმარების გაწევა.
გახსოვდეს, იმისთვის არ სწავლობ, რომ შენი ცოდნით ვინმეზე შთაბეჭდილება მოახდინო. როგორც ახალგაზრდა ბიჭი, კოლინი, ამბობს: „იეჰოვას თვისებებს ეცნობი“. იფიქრე იმაზე, რაც წაიკითხე, ისე რომ, გულს ჩაწვდეს (ფსალმუნი 1:2, 3).
ქრისტიანული კრებაც დაგეხმარება. ბოლოს და ბოლოს, როგორც მოციქულმა პავლემ დაწერა, კრება ‘ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველია’ (1 ტიმოთე 3:15). ზოგი მოზარდი ჩივის, რომ ქრისტიანული შეხვედრები მოსაწყენია. „მაგრამ, თუ არ ემზადები კრების შეხვედრებისთვის, მათგან დიდ სარგებლობას ვერ მიიღებ“, — შეგვახსენებს მოზარდი კოლინი. ასე რომ, წინასწარ მოამზადე განსახილველი მასალა. კრების შეხვედრები უფრო მეტად მაშინ არის საინტერესო, როდესაც მასში მონაწილეობას იღებ და უბრალო მსმენელის როლს არ ასრულებ.
ძალიან დაკავებული ხარ სწავლისთვის?
ფაქტია, რომ საშინაო დავალებებისა და სახლის საქმეების მოგვარებასთან ერთად შეიძლება რთული იყოს დროის გამონახვა შესწავლისთვის. მოზარდი სიუზანი წერს: „წლების განმავლობაში ვიცოდი, რომ კრების შეხვედრებისთვის მომზადება და პირადი შესწავლა მესაჭიროებოდა, მაგრამ, მცდელობის მიუხედავად, ვერასოდეს მოვახერხე ამის გაკეთება“.
სიუზანმა ისწავლა ‘დროის მოვაჭრება’ ნაკლები მნიშვნელობის მქონე საქმეებისგან (ეფესელთა 5:15, 16). თავდაპირველად მან სია ჩამოწერა, რის სწავლაც ესაჭიროებოდა. შემდეგ კი მათი შესწავლის განრიგი შეადგინა. მაგრამ განრიგში გარკვეული დრო დასვენებისთვისაც გამოყო. ის გვირჩევს: „არ დაგეგმოთ ყოველი თავისუფალი წუთი. ყველას გვესაჭიროება დრო დასვენებისთვის“. განრიგის შედგენა, ალბათ, შენც დიდად დაგეხმარება.
ნასწავლი სხვებს გაუზიარე
ნასწავლის გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა, რომ ჭეშმარიტებას მიჰყვე. ეცადე, ცოდნა სხვასაც გაუზიარო. ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას“ (ფსალმუნი 48:4).
თუ არ გრცხვენია კეთილი ცნობის გამო, არ შეყოვნდები, მის შესახებ ესაუბრო თანაკლასელებსა და სხვებს (რომაელთა 1:16). ასეთი შესაძლებლობების დროს სხვებთან ჭეშმარიტების შესახებ საუბრით ნასწავლის გამოყენების საშუალება მოგეცემა, ეს კი ხელს შეგიწყობს, ჭეშმარიტება გულსა და გონებაში ჩაიბეჭდო.
წინდახედულობა გამოიჩინე მეგობრების არჩევისას
პირველ საუკუნეში ზოგმა ქრისტიანმა კარგ სულიერ წარმატებებს მიაღწია. მაგრამ მოციქულ პავლეს მალევე მოუწია, მათთვის ეკითხა: „ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?“ (გალატელთა 5:7). რაღაც ამის მაგვარი მოხდა ერთი ბავშვის, ალექსის, შემთხვევაშიც. ის აღიარებს, რომ მონდომებული იყო, შეესწავლა ღვთის სიტყვა, მაგრამ ხელს უშლიდა „ცუდ მეგობრებთან ურთიერთობა“. სულიერი წინსვლისთვის, ალბათ, შენც გესაჭიროება გარკვეული ცვლილებების მოხდენა ამ საკითხთან დაკავშირებით.
კარგი მეგობრები კი, პირიქით, ნამდვილად დაგეხმარებიან წარმატების მიღწევაში. იგავნის 27:17 ამბობს: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“. მოძებნე მისაბაძი ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრობენ. შეიძლება შორს წასვლა არც დაგჭირდეს და ისინი საკუთარ სახლში აღმოაჩინო. ახალგაზრდა ჯენიფერი ამბობს: „პაპა ჩემთვის საუკეთესო მისაბაძი პიროვნება იყო. ის სამ საათს ემზადებოდა კრების შესწავლისთვის, რომელიც კვირაობით იმართებოდა. ის ტექსტში მოცემულ ყველა მუხლს ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში ეძებდა და სიტყვებს ლექსიკონში ამოწმებდა. ის ბიბლიაში მოცემული ნაკლებად ცნობილი ფაქტების კარგი მცოდნე იყო. შეგეძლოთ ნებისმიერი შეკითხვით მიგემართათ და პასუხს გაგცემდათ“.
ჭეშმარიტების მიყოლით ძვირფას სიმდიდრეს იძენ, რომელსაც, რადაც უნდა დაგიჯდეს, ვერასოდეს შეელევი. ასე რომ, ნურასოდეს მიიჩნევ ჭეშმარიტებას მხოლოდ „მშობლების რელიგიად“. ისეთივე რწმენა უნდა გქონდეს, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა, რომელმაც თქვა: ‘ჩემმა დედ-მამამ რომც მიმატოვოს, უფალი მიმიღებს მე’ (ფსალმუნი 26:10). ბიბლიური სწავლებების ცოდნით, მათადმი რწმენის გამოვლენით, შენი რწმენის სხვებისთვის გაზიარებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ რწმენის თანახმად ცხოვრებით, ნამდვილად აჩვენებ, რომ ჭეშმარიტებას მიჰყვები.
[სქოლიოები]
a სიმღერების კრებულიდან „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“, რომელიც გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
b გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათი 13 გვერდზე]
პირადი გამოკვლევითა და შესწავლით თავად შეიცანი ჭეშმარიტება.