მშობლებო და შვილებო, პირველ ადგილზე დააყენეთ ღმერთი!
„ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი“ (ეკლესიასტე 12:13).
წინასწარმეტყველება იესო ქრისტეს შესახებ ამბობს, რომ „ის უფლის შიშით ისულდგმულებს [გაიხარებს, აქ]“ (ესაია 11:3). მისი შიში, ძირითადად, ღრმა მოწიწება და მოკრძალება იყო ღვთისადმი, შიში, არ გაენაწყენებინა ღმერთი, რადგან უყვარდა ის. მშობლებმა და შვილებმა ღვთისადმი უნდა განავითარონ ქრისტეს შიშის მსგავსი შიში, რაც მათ ისევე მიანიჭებს სიხარულს, როგორც იესოს მიანიჭა. მათ ესაჭიროებათ, რომ თავიანთ ცხოვრებაში პირველ ადგილზე დააყენონ ღმერთი მისი მითითებებისადმი მორჩილებით. ბიბლიის ერთ-ერთი მწერლის სიტყვების თანახმად, „ეს არის კაცის თავი და თავი [ვალდებულება, აქ]“ (ეკლესიასტე 12:13).
2 რჯულის უმნიშვნელოვანესი მცნება, სახელდობრ, რომ უნდა ‘გვიყვარდეს უფალი, ღმერთი ჩვენი, ყოვლითა გულითა, სულითა და მთელი ძალითა ჩვენითა’, ძირითადად, მშობლებისთვის იყო მიცემული. რჯულში ეს ნაჩვენებია შემდეგი სიტყვებით: „ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:4–7; მარკოზი 12:28–30). ასე რომ, მშობლებისთვის ნაბრძანები იყო, პირველ ადგილზე დაეყენებინათ ღმერთი და იგივეს გაკეთება ესწავლებინათ შვილებისთვისაც.
ქრისტიანული პასუხისმგებლობა
3 იესომ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ პატარა ბავშვებს. ერთხელ, დედამიწაზე იესოს სამსახურის დასასრულამდე, ხალხმა დაიწყო თავიანთი ყრმების მასთან მიყვანა. რადგან მოციქულებს სჯეროდათ, რომ იესო ძალზე დაკავებული იყო და ამიტომ არავის არ უნდა შეეწუხებინა, ცდილობდნენ ხალხის შეჩერებას. მაგრამ იესომ უსაყვედურა თავის მოციქულებს: „გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუ უშლით ჩემთან მოსვლას“. იესო „მოეხვია მათ“, რითაც დიდი გულთბილობით აჩვენა პატარებისადმი ყურადღების მიქცევის მნიშვნელობა (ლუკა 18:15–17; მარკოზი 10:13–16).
4 იესომ ნათელყო, რომ მის მიმდევრებსაც ჰქონდათ პასუხისმგებლობა, თავისი შვილების გარდა სხვებისთვისაც ესწავლებინათ. თავისი სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ იესო „გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად“, რომელთაგან ზოგიერთი მშობელი იყო (1 კორინთელთა 15:6). ცხადია, ეს მოხდა გალილეაში, მთაზე, სადაც მისი 11 მოციქულიც იყო შეკრებილი. იქ იესომ ყველა მათგანს მოუწოდა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. . . ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:16–20). ვერც ერთი ქრისტიანი სამართლიანად ვერ შეძლებს ამ ბრძანების არად ჩაგდებას! მშობლებმა ეს რომ შეასრულონ, მოეთხოვებათ, რომ ისევე იზრუნონ შვილებზე, როგორც საჯაროდ ქადაგებასა და სწავლების საქმეზე.
5 საყურადღებოა, რომ მოციქულებსაც კი უნდა გაეწონასწორებინათ ოჯახური პასუხისმგებლობები როგორც ქადაგების, ასევე ღვთის ფარის მწყემსვის ვალდებულებასთან დაკავშირებით (იოანე 21:1–3, 15–17; საქმეები 1:8). ეს იმიტომ, რომ, ყველა თუ არა, უმრავლესობა დაქორწინებული იყო. ამიტომ მოციქულმა პავლემ განმარტა: „განა არა გვაქვს უფლება: დავიმგზავროთ და, — ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, და უფლის ძმებს და კეფას?“ (1 კორინთელთა 9:5, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა; მათე 8:14). შესაძლოა, ზოგიერთ მოციქულს შვილებიც ჰყავდა. ადრინდელი ისტორიკოსი, ევსები, გვამცნობს, რომ პეტრეს ჰყავდა შვილები. ყველა ადრინდელი ქრისტიანი მშობელი საჭიროებდა ბიბლიური რჩევის დაცვას: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8).
ძირითადი პასუხისმგებლობა
6 ქრისტიანი უხუცესები, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ, მსგავს სიტუაციაში არიან, როგორშიც მოციქულები იყვნენ. მათ უნდა გააწონასწორონ თავიანთი პასუხისმგებლობები, რათა საჯაროდ ქადაგებასა და ღვთის ფარის მწყემსვასთან ერთად იზრუნონ თავიანთი ოჯახის სულიერ და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. რომელ საქმეს უნდა მიანიჭონ მათ უპირატესობა? „საგუშაგო კოშკის“ 1964 წლის 15 მარტის გამოცემაში (ინგლ.) აღნიშნული იყო: „[მამების] უპირველესი ვალდებულებაა ოჯახი და ისინი ფაქტიურად, სათანადოდ ვერ იმსახურებენ უხუცესად კრებაში, თუ არ ზრუნავენ ამ ვალდებულებაზე“.
7 ასე რომ, მამებმა პირველ ადგილზე უნდა დააყენონ ღმერთი იმით, რომ დაიცვან მითითება, ‘აღზარდონ შვილები უფლის მოძღვრებითა და დარიგებით’ (ეფესელთა 6:4). ამ პასუხისმგებლობას სხვა ვერავინ შეუსრულებს მაშინაც კი, როცა მამას ზედამხედველის საქმე აქვს დავალებული ქრისტიანულ კრებაში. როგორ შეუძლიათ ასეთ მამებს იზრუნონ თავიანთ პასუხისმგებლობებზე — ოჯახის წევრები ფიზიკური, სულიერი და ემოციური მოთხოვნილებებით უზრუნველყონ — და ამავე დროს, უხელმძღვანელონ და ზედამხედველობა გაუწიონ კრებას?
საჭირო დახმარების გაწევა
8 ნათელია, ოჯახური პასუხისმგებლობების მქონე უხუცესებს შეუძლიათ ისარგებლონ დახმარებით. ზემოხსენებულმა „საგუშაგო კოშკმა“ მოიხსენია, რომ ქრისტიან ცოლებს შეუძლიათ, დაეხმარონ თავიანთ ქმრებს. იქ ნათქვამი იყო: „ცოლს შეუძლია, შეძლებისდაგვარად, მოხერხებული გახადოს მისთვის სხვადასხვა დანიშნულებისთვის მომზადება და სახლში კარგი განრიგის შენარჩუნებით ხელი შეუწყოს ძვირფასი დროის დაზოგვას თავისთვისაც და მისთვისაც, თუ დროულად მოამზადებს სადილს, დროზე გამოეწყობა და დროულად იქნება მზად კრების შეხვედრებზე წასასვლელად. . . ქმრის ხელმძღვანელობით ქრისტიანი ცოლი ბევრს გააკეთებს, როცა შვილებს ისე აღზრდის, რომ მათ ასიამოვნონ იეჰოვას“ (იგავნი 22:6). დიახ, ცოლი შექმნილი იყო, რათა ყოფილიყო „შემწე“ და ამიტომ, ქმარი ბრძნულად მოიქცევა, თუ მიიღებს მისგან დახმარებას (დაბადება 2:18). მისი დახმარება ქმარს შემძლეს გახდის, უფრო ეფექტურად იზრუნოს ორივესთვის — ოჯახისა და კრების პასუხისმგებლობებისთვის.
9 მაგრამ მხოლოდ ქრისტიანი უხუცესების ცოლები არ წარმოადგენენ იმ პიროვნებებს, რომლებსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ისეთ საქმეში, რაც დაეხმარება ზედამხედველს, ვინც უნდა იზრუნოს კიდეც საკუთარ სახლეულზე და ასევე ‘მწყემსოს ღვთის სამწყსო’ (1 პეტრე 5:2). სხვას ვის შეუძლია? მოციქულმა პავლემ მოუწოდა თესალონიკელ ძმებს, ეღიარებინათ თავიანთი „წინამძღოლნი“. მაგრამ როდესაც განაგრძო მოწოდება და მიმართა იგივე ძმებს — განსაკუთრებით მათ, რომლებიც არ იყვნენ ხელმძღვანელები — პავლემ დაწერა: „შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი [დამწუხრებული სულები, აქ], მხარი დაუჭირეთ უძლურთ და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თესალონიკელთა 5:12–14).
10 რა შესანიშნავია, როცა ძმებს სიყვარული აქვთ კრებაში, რომელიც აღძრავს მათ, ანუგეშონ დეპრესიით დატანჯულნი, მხარი დაუჭირონ უძლურთ, დაარიგონ უწესონი, და სულგრძელნი იყვნენ ყველას მიმართ! თესალონიკელმა ძმებმა, რომლებმაც დიდი გასაჭირი განიცადეს ბიბლიური ჭეშმარიტების მიღებისას, გამოიყენეს პავლეს რჩევა, ასე გაეკეთებინათ (საქმეები 17:1–9; 1 თესალონიკელთა 1:6; 2:14; 5:11). იფიქრე იმ მშვენიერი შედეგის შესახებ, რომელიც სიყვარულით აღსავსე თანამშრომლობას მოჰყვა — გაძლიერება რწმენაში და მთელი კრების ერთიანობა! მსგავსად, როცა ძმები დღეს ანუგეშებენ, მხარს უჭერენ და არიგებენ ერთმანეთს, ეს დამწყემსვის პასუხისმგებლობის შესრულებას უფრო უადვილებს უხუცესებს, რომლებსაც, ხშირად, ოჯახებზე აქვთ საზრუნავი.
11 ითვლებიან თუ არა ქალებიც „ძმებს“ შორის, რომლებსაც მოციქულმა პავლემ მიმართა? დიახ, რადგან მრავალი ქალი გახდა მორწმუნე (საქმეები 17:1, 4; 1 პეტრე 2:17; 5:9). როგორი დახმარების აღმოჩენა შეეძლოთ ქალებს? მაშინ კრებაში იყვნენ ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემა — ან კონტროლს ვერ უწევდნენ თავიანთ ‘აღგზნებას’, ან ‘დეპრესიაში’ ჩავარდნენ (1 ტიმოთე 5:11–13). ზოგიერთ ქალს დღესაც აქვს მსგავსი პრობლემა. რაც მათ ყველაზე ძალიან სჭირდებათ, უბრალოდ, ეს არის ადამიანი, რომელიც უთანაგრძნობს და მოუსმენს მათ პრობლემებს. ხშირად მოწიფული ქრისტიანი ქალი საუკეთესო საშუალებაა ასეთი დახმარებისთვის. მაგალითად, მას შეუძლია, პირადი პრობლემები სხვა ქალთან გაარჩიოს, რასაც ქრისტიანი მამაკაცი სათანადოდ ვერ გაუმკლავდებოდა. პავლემ ასეთ დახმარებას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა, როცა დაწერა: „მოხუცი დედაკაცებიც [იყვნენ]. . . სიკეთის მასწავლებელნი, რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს, უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, იყვნენ აზრიანნი, სუფთანი, სახლზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა“ (ტიტე 2:3–5).
12 რაოდენ დიდი კურთხევაა თავმდაბალი დები კრებაში, როცა ისინი თანამშრომლობენ და ამით ეხმარებიან თავიანთ ქმრებსაც და უხუცესებსაც! (1 ტიმოთე 2:11, 12; ებრაელთა 13:17). ოჯახური პასუხისმგებლობების მქონე უხუცესები სარგებლობას ღებულობენ განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა თანამშრომლობს და სიყვარულით უწყობს ერთმანეთს ხელს და როცა ყველა ემორჩილება დანიშნული მწყემსების მითითებებს (1 პეტრე 5:1, 2).
მშობლებო, რას აყენებთ პირველ ადგილზე?
13 რამდენიმე წლის წინ ცნობილმა მსახიობმა შენიშნა: „მე ვხედავ წარმატების მქონე მამაკაცებს, რომლებიც მართავენ საქმიან ფირმებს, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს; მათ იციან, როგორ მოიქცნენ ნებისმიერი სიტუაციისას ბიზნესის სამყაროში, როგორ მოაწესრიგონ საქმეები და წაახალისონ თანამშრომლები. მაგრამ უმნიშვნელოვანესი ბიზნესი, რომელსაც ისინი მართავენ, არის მათი ოჯახი და ისინი არ ასრულებენ ამ საქმეს“. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ისინი ბიზნესსა და სხვა ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ და არად მიიჩნევენ ღვთის რჩევას? ბიბლია ამბობს: „ეს სიტყვები, რომლებიც. . . გამოგიცხადე, ჩააგონებდე შენს შვილებს“. და ეს ყოველდღიურად უნდა გაკეთდეს. მშობლებმა სრულიად უნდა დაუთმონ შვილებს დრო — და, განსაკუთრებით კი, გამოიჩინონ სიყვარული და დიდი მზრუნველობა (მეორე რჯული 6:6–9).
14 ბიბლია გვახსენებს, რომ შვილები მემკვიდრეობას წარმოადგენენ იეჰოვასგან (ფსალმუნი 126:3). ზრუნავ თუ არა შვილებზე, როგორც ღვთის საკუთრებაზე, ძღვენზე, რომელიც მოგანდო მან? შენი ბავშვი გამოგეხმაურება, თუ ხელში აიყვან და ამით სიყვარულით აღსავსე მზრუნველობასა და ყურადღებას გამოავლენ (მარკოზი 10:16). მაგრამ ‘ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე რომ გაწვრთნა [აღზარდო, აქ]’, მოითხოვება უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ კოცნა და ალერსი. სიბრძნით რომ აღჭურვო, რათა გაექცეს ცხოვრების მახეებს, ბავშვს ყველაფერთან ერთად ესაჭიროება სიყვარულით აღსავსე აღზრდა. მშობელი ჭეშმარიტ სიყვარულს ავლენს, როცა „ჭკუას ასწავლის“, ანუ სჯის შვილს (იგავნი 13:1, 24; 22:6).
15 მშობლების მიერ შვილების აღზრდის აუცილებლობა შეიძლება ნაჩვენები იყოს სასწავლო ნაწილის გამგის მიერ იმ ბავშვების აღწერით, რომლებიც მის კაბინეტში შედიოდნენ: „ისინი არიან საბრალონი, გულდამძიმებულნი და თავის თავში დაჯერებულნი არ არიან. ისინი ტირიან, როცა ყვებიან, თუ რაშია, სინამდვილეში, საქმე. მრავალმა — უფრო მეტმა, ვიდრე ვინმეს ჰგონია — თვითმკვლელობა სცადა არა მეტისმეტი ბედნიერების გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი უბედურებად, მიტოვებულებად გრძნობენ თავს და გადაღლილები არიან სტრესის გამო, რადგან ბევრი პასუხისმგებლობა აკისრიათ ასეთი პატარა ასაკის ბავშვებს და ეს, უბრალოდ, საკმარისზე მეტია, რომ გაუმკლავდნენ“. მან დაუმატა: „საზარელია ახალგაზრდა პიროვნებისთვის, როცა გრძნობს, რომ ის არის თვალყურის მდევნელი“. ნამდვილად, აღზრდისას ბავშვები ჯიუტობენ, მაგრამ ისინი აფასებენ მშობლების მითითებებსა და შეზღუდვებს. ისინი ბედნიერები არიან, რომ მათი მშობლები საკმაოდ ზრუნავენ მათზე და ზოგიერთ საკითხში ზღუდავენ მათ. „ეს ჩემთვის შვების მომგვრელი იყო“, — თქვა ერთმა მოზარდმა, რომლის მშობლებიც ზრუნავდნენ მასზე.
16 მაგრამ ზოგიერთმა ახალგაზრდამ, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავთ მშობლები, რომლებსაც უყვართ ისინი, და მშვენიერ აღზრდას ღებულობენ, იესოს იგავში მოყვანილი გზასაცდენილი შვილივით, უარყვეს მშობლების მიერ შემოთავაზებული ხელმძღვანელობა და გზას ასცდნენ (ლუკა 15:11–16). იგავნის 22:6-ში მითითებული სიტყვები თავისთავად, შეიძლება არ ნიშნავდეს, რომ მშობლებმა ვერ შეასრულეს პასუხისმგებლობა, სათანადოდ აღეზარდათ შვილები. ეს ცნობა იმის შესახებ, რომ ‘ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე უნდა გაწვრთნა და არ გადაუხვევს მას’, მიცემული იყო, როგორც ძირითადი წესი. სამწუხაროდ, გზასაცდენილივით ზოგიერთი ბავშვი ‘მშობლის ურჩია’ (იგავნი 30:17).
17 ჯიუტი ბავშვის მამამ დაიჩივლა: „მე მრავალნაირი ძალისხმევა მოვახმარე, რომ მის გულს ჩავწვდომოდი. არ ვიცი, რა ვქნა, რადგან ყველაფერი მოვსინჯე. არაფერმა არ გაჭრა“. იმედია, ასეთი ჯიუტი ბავშვები დროთა განმავლობაში გამოეხმაურებიან მათთვის გამოვლენილ სიყვარულით აღსავსე აღზრდას და მობრუნდებიან, როგორც გზასაცდენილი შვილი მობრუნდა. ფაქტები შეგვახსენებენ, რომ ზოგიერთი ბავშვი უჯანყდება მშობელს და სჩადის უზნეო საქციელს, რითაც გულს სტკენს მას. მშობლები შესაძლოა დამშვიდდებიან იმის ცოდნით, რომ უდიდესი მასწავლებლის დედამიწაზე ცხოვრებისას მისმა დიდი ხნის მოწაფემ, იუდა ისკარიოტელმა, გასცა იგი. და, უეჭველია, თვით იეჰოვა იყო დამწუხრებული, როცა მისმა მრავალმა სულიერმა ძემ უარყო მისი რჩევა და მეამბოხეები აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს ღვთის შეცდომა არ იყო (ლუკა 22:47, 48; გამოცხადება 12:9).
ბავშვებო — ვის ასიამოვნებთ?
18 ახალგაზრდებო, იეჰოვა მოგიწოდებთ: „დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია“ (ეფესელთა 6:1). ახალგაზრდა ადამიანები ამით ღმერთს პირველ ადგილზე აყენებენ. ნუ იქნები უმეცარი! „უმეცარს მამის შეგონება ეჯავრება“, — ამბობს ღვთის სიტყვა. არც ამპარტავნულად უნდა ივარაუდო, რომ აღზრდა არ გჭირდება. ფაქტია, რომ „არის ხალხი, რომელსაც თავი სუფთა ჰგონია, მაგრამ სიბინძურისგან არ განბანილა“ (იგავნი 15:5; 30:12). ასე რომ, მიჰყევი ღვთიურ მითითებას — „ისმინე“, ‘დაიცავი’, „არ დაივიწყო“, ‘ყურადღებით იყავი’, გულში „დაიმარხე“ და „ნუ გადახვალ“ მცნებებსა და მშობლების მიერ აღზრდას (იგავნი 1:8; 2:1; 3:1; 4:1; 6:20).
19 შენ მტკიცე საფუძველი გაქვს, დაემორჩილო იეჰოვას. მას უყვარხარ და თავისი რჯული მოგცა, შვილების შესახებ კანონიც — დაემორჩილო მშობლებს — რომ დაგიცვას და დაგეხმაროს, იხარო ბედნიერი ცხოვრებით (ესაია 48:17). მან ასევე მოგცა თავისი ძე, რომ მომკვდარიყო შენთვის, რათა შეგძლებოდა, გათავისუფლებულიყავი ცოდვისა და სიკვდილისაგან და გქონოდა მარადიული სიცოცხლე (იოანე 3:16). ხარ თუ არა მადლიერი? ღმერთი ზეციდან იყურება და იკვლევს შენს გულს, რათა ნახოს, ჭეშმარიტად გიყვარს თუ არა ის და აფასებ თუ არა მის ღონისძიებებს (ფსალმუნი 13:2). სატანაც გაკვირდება და ის გესლიანად დასცინის ღმერთს, ვინაიდან აცხადებს, რომ არ დაემორჩილები მას. როცა არ ემორჩილები ღმერთს შენ სატანას ახარებ და იეჰოვას ‘რისხვას იწვევ’ (ფსალმუნი 77:40, 41). იეჰოვა მოგიწოდებს: „შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“ (იგავნი 27:11). დიახ, ისმება კითხვა, „ვის ასიამოვნებ, სატანას თუ იეჰოვას?“
20 ადვილი არ არის ღვთის ნების შესრულება წინააღმდეგობებისას, რომლებსაც სატანა და მისი ქვეყნიერება გატეხს თავზე. ეს შეიძლება შიშისმომგვრელი იყოს. ერთმა ახალგაზრდამ აღნიშნა: „შიში სიცივის მსგავსია. ამას შეგიძლია რამე მოუხერხო, — გვიხსნის იგი. — როცა გცივა, იცვამ სვიტრს. თუ კიდევ გცივა, კიდევ ერთს იცვამ. და კიდევ იცვამ რამეს მანამ, სანამ არ გათბები და სიცივე არ გაგივლის. როცა გეშინია, იეჰოვასადმი ლოცვაც სიცივის დროს სვიტრის ჩაცმის მსგავსია. თუ ერთი ლოცვის შემდეგ ჯერ კიდევ მეშინია, კვლავ ვლოცულობ, კვლავ და კვლავ, სანამ არ ვიგრძნობ, რომ აღარ მეშინია. და ეს მოქმედებს. ამან უსიამოვნებისგან დამიცვა!“
21 თუ ნამდვილად ვცდილობთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ღმერთი დავაყენოთ პირველ ადგილზე, იეჰოვა მხარს დაგვიჭერს. ის გაგვაძლიერებს იმით, რომ საჭიროების დროს შემოგვთავაზებს ანგელოზების მიერ დახმარებას, როგორც თავის ძეს დაეხმარა (მათე 18:10; ლუკა 22:43). მშობლებო და შვილებო, გამხნევდით. გქონდეთ ქრისტეს შიშის მსგავსი შიში ღვთისადმი და ეს სიხარულს მოგანიჭებთ (ესაია 11:3). დიახ, „ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი [ვალდებულება, აქ]“ (ეკლესიასტე 12:13).
შეგიძლია უპასუხო?
◻ რა პასუხისმგებლობები უნდა გაეწონასწორებინათ იესოს ადრეულ მიმდევრებს?
◻ რა პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ ქრისტიანმა მშობლებმა?
◻ რა დახმარებაა შესაძლებელი დაოჯახებული ქრისტიანი უხუცესებისთვის?
◻ რა ფასდაუდებელი მსახურების შესრულება შეუძლიათ დებს კრებაში?
◻ რომელ მნიშვნელოვან რჩევასა და მითითებას უნდა მიჰყვნენ ბავშვები?
[სასწავლო კითხვები]
1. როგორი შიში უნდა განავითარონ მშობლებმა და შვილებმა და რას მოუტანს მათ ეს?
2. რა იყო რჯულის უმნიშვნელოვანესი მცნება და, ძირითადად, ვისადმი იყო ის მიცემული?
3. როგორ გვიჩვენა იესომ, რომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ბავშვებს?
4. ვისთვის იყო ნაბრძანები, ‘მოემოწაფათ ყველა ხალხი’ და რას უნდა მოითხოვდეს ეს მათგან?
5. ა) რა გვიჩვენებს, რომ მოციქულებიდან, ყველა თუ არა, უმრავლესობა დაქორწინებული იყო და ამიტომ შესაძლოა შვილებიც ჰყავდათ? ბ) რომელი რჩევა უნდა იღოს ყურად ოჯახმა სერიოზულად?
6. ა) რა სიძნელე აქვთ ქრისტიან უხუცესებს ოჯახთან დაკავშირებით? ბ) რა არის უხუცესების უპირველესი პასუხისმგებლობა?
7. როგორ აყენებენ ქრისტიანი მამები ღმერთს პირველ ადგილზე?
8. როგორ შეუძლია უხუცესის ცოლს, დაეხმაროს ქმარს?
9. ვის მიმართ იყო მოწოდება თესალონიკელთა კრებაში, რომ დახმარება აღმოეჩინათ კრების სხვა წევრებისთვის?
10. როგორი მშვენიერი შედეგი მოჰყვება კრებაში ძმების სიყვარულით აღსავსე დახმარებას?
11. ა) რატომ არის გონივრული, დავასკვნათ, რომ ქალებიც იგულისხმებიან ტერმინში „ძმები“? ბ) როგორი დახმარება შეუძლია გაუწიოს მოწიფულმა ქრისტიანმა ქალმა ახალგაზრდა ქალებს დღეს?
12. ვისი მითითებაა მნიშვნელოვანი, რომელსაც კრების ყველა წევრი უნდა მიჰყვეს?
13. როგორ აიღო მრავალმა მამამ ოჯახის ზრუნვაზე ხელი?
14. ა) როგორ უნდა იზრუნონ მშობლებმა შვილებზე? ბ) რას მოიცავს შვილების სათანადო აღზრდა?
15. რა გვიჩვენებს მშობლის მიერ ბავშვის აღზრდის აუცილებლობას?
16. ა) რა მოსდის ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილ ზოგიერთ ბავშვს? ბ) ბავშვის ჯიუტი მოქმედება რატომ არ ნიშნავს აუცილებლად, რომ მშობლებმა ვერ აღზარდეს ბავშვი?
17. რის საფუძველზე შეუძლიათ ინუგეშონ თავი ჯიუტი შვილების მშობლებმა?
18. როგორ შეუძლიათ შვილებს აჩვენონ, რომ პირველ ადგილზე აყენებენ ღმერთს?
19. ა) რომელი მტკიცე საფუძველი აქვთ შვილებს, დაემორჩილონ იეჰოვას? ბ) როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, აჩვენონ, რომ ღვთის მადლიერი არიან დიდად?
20. როგორ განავითარა ერთმა ახალგაზრდამ გაბედულება, ემსახურა იეჰოვასთვის მაშინაც კი, როცა ეშინოდა?
21. როგორ დაგვიჭერს მხარს იეჰოვა, თუ ნამდვილად შევეცდებით მის პირველ ადგილზე დაყენებას?