შენი ცხოვრების გზად აქციე ჯანსაღი მოძღვრება
‘ღვთისმოსაობა ყველაფერში გამოსადეგია’ (1 ტიმოთე 4:8).
1, 2. როგორ ცხადყვეს ადამიანებმა, რომ ზრუნავენ თავიანთ ჯანმრთელობაზე და რა არის შედეგი?
ადამიანთა უმრავლესობა უყოყმანოდ დაგეთანხმება, რომ კარგი ჯანმრთელობა სიცოცხლეში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. ადამიანები თავიანთი დროისა და თანხების უმეტეს ნაწილს ხარჯავენ იმისთვის, რომ კარგი ჯანმრთელობა შეინარჩუნონ და დარწმუნდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიიღებენ სათანადო სამედიცინო დახმარებას. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წლისთვის ჯანმრთელობის დაცვაზე წლიურად გაღებული ხარჯები 900 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამ ქვეყანაში ყოველი მამაკაცის, ქალისა თუ ბავშვის ჯანმრთელობის დაცვაზე გაღებული ხარჯები 3 000-ზე მეტ დოლარს შეადგენს, ხოლო სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ამ თანხასთან შედარებით, ცოტა ნაკლებს.
2 რა იყო დროის, ენერგიისა და ფულის დანახარჯის შედეგი? რასაკვირველია, ვერავინ უარყოფს, რომ მთლიანობაში, დღეს კაცობრიობამ მიაღწია უფრო მაღალ განვითარებას სამედიცინო მომსახურების საშუალებებისა და ჯანდაცვის საკითხებში, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში. მაგრამ ეს ავტომატიურად არ გარდაიქმნება ჯანსაღ ცხოვრებად. ფაქტიურად, ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის პროგრამის შესახებ პრეზიდენტმა ერთ-ერთ მოხსენებაში აღნიშნა: „ქვეყანაში ძალადობასთან დაკავშირებული აღმაშფოთებელი ხარჯების“ გარდა „აღინიშნება შიდს-ით დაავადებულთა, მწეველთა და უზომოდ მსმელთა მაღალი მაჩვენებელი, ასევე, უამრავ მოზარდთა შორის ორსულობა და დღენაკლული ბავშვების შობადობა“, ყოველივე ზემოჩამოთვლილი შეერთებულ შტატების მოსახლეობაში უფრო ხშირია, ვიდრე სხვა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. რა იყო პრეზიდენტის დასკვნა? „ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი გზები, თუ რეალურად გვსურს, რომ ოდესმე ჯანმრთელი ხალხი ვიყოთ“ (გალატელთა 6:7, 8).
ცხოვრების ჯანსაღი გზა
3. რა რჩევა შემოგვთავაზა პავლემ თავის წერილში ძველი ბერძნული კულტურის შესახებ?
3 პირველ საუკუნეში ბერძნები ცნობილნი იყვნენ ფიზკულტურაში, ათლეტიზმსა და კულტურიზმში შეჯიბრის სიყვარულით. ამ ფონზე პავლე მოციქული შთაგონებული იყო, რომ ახალგაზრდა ტიმოთესთვის მიეწერა: „ხორციელი ვარჯიში ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რამეთუ აქვს აწმყო და მომავალი სიცოცხლის აღთქმა“ (1 ტიმოთე 4:8). ამგვარად, პავლემ მიუთითა იმის შესახებ, თუ თანდათან რა დასკვნამდე მიდიან დღეს ადამიანები; კერძოდ, მედიცინა და ფიზკულტურა არ იძლევა ჭეშმარიტად ჯანსაღი სიცოცხლის გარანტიას. პავლე გვარწმუნებს, რომ ჩვენთვის უაღრესად აუცილებელია, გავაუმჯობესოთ სულიერი ჯანმრთელობა და ღმერთისადმი ერთგულება.
4. რა კურთხევები მოაქვს ღმერთისადმი ერთგულებას?
4 ასეთი ტენდენცია სასარგებლოა ‘აწმყო სიცოცხლისათვის’, იმიტომ რომ გვიცავს იმ მავნებლობისაგან, რომლებიც თავს დაიტეხეს უმართლო და ‘ღვთისმოსაობის სახის’ მქონე ადამიანებმა (2 ტიმოთე 3:5; იგავნი 23:29, 30; ლუკა 15:11–16; 1 კორინთელთა 6:18; 1 ტიმოთე 6:9, 10). მათ, რომლებმაც დაუშვეს, რომ ღმერთისადმი ერთგულებამ მოახდინოს მათი ცხოვრების ფორმირება, აქვთ ჯანსაღი პატივისცემა ღმერთის კანონებისა და მოთხოვნებისადმი, რომელიც აძლევს სტიმულს, ღმერთის მოძღვრება თავიანთი ცხოვრების გზად აქციონ. ასეთ მოქმედებას მათთვის მოაქვს სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, კმაყოფილება და ბედნიერება. ისინი ‘იხვეჭავენ თავიანთთვის საუნჯედ კეთილ საძირკველს მომავლისათვის, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ (1 ტიმოთე 6:19).
5. რა მითითებები ჩაწერა პავლემ ტიტეს მიმართ მიწერილი წერილის მეორე თავში?
5 რადგან ღმერთის ჯანსაღი მოძღვრებით წარმართულ სიცოცხლეს აწმყო და მომავალი ცხოვრებისთვის ასეთი კურთხევა მოაქვს, ჩვენთვის აუცილებელია ვიცოდეთ, პრაქტიკული თვალსაზრისით თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი ცხოვრების გზად ღმერთის ჯანსაღი მოძღვრება. მოციქულმა პავლემ ამ კითხვაზე პასუხი მოიხსენია ტიტეს მიმართ ეპისტოლეში. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ მეორე თავზე, სადაც ტიტეს ურჩევს, რომ ‘ილაპარაკოს ის, რაც შეჰფერის ჯანსაღ მოძღვრებას’. ეჭვს არ ექვემდებარება, რომ ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის, ახალგაზრდისა თუ ასაკოვანისთვის, ქალისა თუ მამაკაცისთვის, დღეს, სასარგებლოა ‘ჯანსაღი მოძღვრება’ (ტიტე 1:4, 5; 2:1).
რჩევა ხანდაზმულ მამაკაცებს
6. რა რჩევა მისცა პავლემ ‘მოხუცებს’ და რატომ იყო ეს პავლეს მხრიდან კეთილი სამსახური?
6 პავლემ, უპირველესად, რამდენიმე რჩევა მისცა კრების ასაკოვან მამაკაცებს. წაიკითხე, გეთაყვა, ტიტეს 2:2. ‘მოხუცებს’, როგორც ჯგუფს, პატივს სცემდნენ და რწმენისა და ერთგულების მაგალითად მიიჩნევდნენ (ლევიანნი 19:32; იგავნი 16:31). ამიტომ, შეიძლება ზოგიერთს ერიდება, რომ ასაკოვან მამაკაცებს ნაკლებად სერიოზული საკითხების შესახებ რჩევა, ან დარიგება მისცეს (იობი 32:6, 7; 1 ტიმოთე 5:1). ამიტომ, პავლემ კეთილი სამსახური გაუწია ასაკოვან მამაკაცებს როდესაც უპირველესად მათ მიმართა, და მათთვის კარგი იქნებოდა, გულთან ახლოს მიეტანათ პავლეს სიტყვები, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ პავლეს მსგავსად, ისინიც მიბაძვის ღირსნი არიან (1 კორინთელთა 11:1; ფილიპელთა 3:17).
7, 8. ა) რას ნიშნავს ‘მოქმედებაში ზომიერება’? ბ) რატომ უნდა იყოს „სერიოზულობა“ გაწონასწორებული „აზრიანობასთან“?
7 უპირველეს ყოვლისა, ასაკოვანი მამაკაცები უნდა იყვნენ „ფხიზლები“ [მოქმედებაში ზომიერნი, აქ]. თუმცა, ეს სიტყვა ორიგინალში შეიძლება მიეკუთვნოს სმის ჩვეულებას („ფხიზელი“ „კინგდომ ინტერლინიე“ [ინგლ.]). ამ სიტყვას, ასევე, შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობები: ყურადღებიანი, გონებანათელი ან ჯანსაღი აზროვნების შენარჩუნების უნარის მქონე (2 ტიმოთე 4:5; 1 პეტრე 1:13). ამიტომ, სმა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, ასაკოვანი მამაკაცები უნდა იყვნენ ზომიერნი, არ უნდა მიეცნენ ზედმეტობასა და უკიდურესობას.
8 შემდეგ, ისინი უნდა იყვნენ „ღირსეულნი“ და „აზრიანნი“. სერიოზულობა, კეთილშობილება და პატივისცემა ჩვეულებრივ, ასაკთან ერთად მოდის. ზოგიერთი, შესაძლოა, მიდრეკილია ზედმეტი სერიოზულობისკენ და როდესაც ხედავს ახალგაზრდების ენერგიულ მოქმედებებს, მოუთმენელი ხდება (იგავნი 20:29). ამიტომ, ‘სერიოზულობა’ გაწონასწორებულია ‘აზრიანობასთან’. ასაკოვანი მამაკაცისთვის საჭიროა ასაკის შესაბამისი სერიოზულობის შენარჩუნება, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს გაწონასწორებული და კონტროლს უწევდეს საკუთარ გრძნობებსა და ზრახვებს.
9. რატომ უნდა იყოს ასაკოვანი მამაკაცი რწმენაში, სიყვარულში და განსაკუთრებით მოთმინებაში ჯანსაღი?
9 და ბოლოს, ასაკოვანი მამაკაცები უნდა იყვნენ „ჯანსაღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში“. პავლემ თავის წერილებში იმედთან ერთად მრავალჯერ მოიხსენია რწმენა და სიყვარული (1 კორინთელთა 13:13; 1 თესალონიკელთა 1:3; 5:8). მაგრამ პავლემ აქ „იმედი“ შეცვალა ‘მოთმინებით’. ალბათ იმიტომ, რომ მორჩილების გრძნობა ასაკის მატებასთან ერთად ქრება (ეკლესიასტე 12:1). მაგრამ, როგორც იესომ აღნიშნა: „ბოლომდის მომთმენი, გადარჩება“ (მათე 24:13). ამასთანავე, ხანდაზმულები ღირსეულ მაგალითს სხვებისთვის თავიანთი ასაკისა და გამოცდილების გამო კი არ წარმოადგენენ, არამედ ძლიერი სულიერი თვისებების — რწმენის, სიყვარულისა და მოთმინების გამო.
ხანდაზმული მანდილოსნებისთვის
10. რა რჩევა შესთავაზა პავლემ ‘მოხუც ქალებს’ კრებაში?
10 შემდეგ, პავლემ ყურადღება გაამახვილა კრების ხანდაზმულ მანდილოსნებზე. წაიკითხე, გეთაყვა, ტიტეს 2:3. ‘მოხუცებული ქალები’ კრების ქალებს შორის ასაკოვანი წევრები არიან, მათ შორის ‘მოხუცი’ მამაკაცების მეუღლეები, კრების წევრების დედები და ბებიები. მათ, როგორც ხანდაზმულებს, შეუძლიათ მოახდინონ მნიშვნელოვანი ზეგავლენა — დადებითი ან უარყოფითი. აი, რატომ მოიხსენია პავლემ თავის წერილში სიტყვა „ასევე“, რომ ‘მოხუც ქალებსაც’ ჰქონოდათ განსაზღვრული პასუხისმგებლობა, რომლის შესრულება აუცილებელია, რომ შეესაბამებოდნენ თავიანთ როლს კრებაში.
11. როგორი მოქმედებაა ღირსეული?
11 უპირველესად, „ქცევით ღირსეულნი“ — თქვა პავლემ. ‘ქცევა’ არის პიროვნების შინაგანი მდგომარეობისა და ინდივიდუალურობის გარეგნული გამოხატულება, რომელიც აისახება როგორც მოქმედებაში, ასევე, გარეგნობაში (მათე 12:34, 35). როგორი უნდა იყოს ხანდაზმული ქრისტიანი მანდილოსნის განწყობილება, ანუ პიროვნულობა? ერთი სიტყვით რომ გამოვხატოთ — ‘ღირსეული’. ამ სიტყვის თარგმანი ბერძნულიდან არის ის, „რაც შეეფერება პიროვნებებს, მოქმედებებს ან საგნებს, რომლებიც ღმერთისთვის არიან მიძღვნილნი“. ეს, რასაკვირველია, სათანადო რჩევაა ასაკოვანი მანდილოსნებისთვის, რადგან ისინი ზეგავლენას ახდენენ სხვებზე, განსაკუთრებით, კრების ახალგაზრდა მანდილოსნებზე (1 ტიმოთე 2:9, 10).
12. ენის როგორ გამოყენებას უნდა ერიდოს ყველა?
12 შემდეგ ჩამოთვლილია ორი უარყოფითი თვისება: „არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი“. საინტერესოა, რომ ეს ორი სიტყვა მოთავსებულია ერთად. „ძველად, როდესაც ღვინო იყო ერთადერთი სასმელი“, — აღნიშნავს პროფესორი ი. ფ. სკოტი, — სუფრაზე პატარა შეხვედრების დროს ყოველთვის მიირთმევდნენ მას მოხუცი ქალები და თან თავიანთ მეზობლებზე ლაყბობდნენ“. ქალი, საერთოდ, ადამიანების მიმართ უფრო მეტ ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებს, ვიდრე მამაკაცი, და ეს საქებარია. მაგრამ, ინტერესი შეიძლება გადაიზარდოს ჭორსა და ცილისწამებაში, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც სასმელის გამო ლაპარაკობენ იმას, რაც ენაზე მოადგებათ (იგავნი 23:33). ეჭვგარეშეა, ყველა, ვინც ცდილობს ცხოვრების ჯანსაღი გზით იაროს, ქალი თუ მამაკაცი, კარგად მოქმედებს, თუ ერიდება ამ ხაფანგს.
13. რა მხრივ შეიძლება, რომ ასაკოვანი მანდილოსნები იყვნენ მასწავლებლები?
13 ასაკოვანმა ქალებმა თავისუფალი დრო სასარგებლოდ რომ გამოიყენონ, ეძლევათ რჩევა „ასწავლონ სიკეთე“. საღვთო წერილის სხვა ადგილზე პავლემ ჩაწერა ნათელი მითითებები იმის შესახებ, რომ მანდილოსნები არ უნდა მასწავლებლობდნენ კრებაში (1 კორინთელთა 14:34; 1 ტიმოთე 2:12). მაგრამ, ეს მაინც არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ასაკოვანმა მანდილოსნებმა ძვირფასი შემეცნება თავიანთი ოჯახის წევრებს ან სხვა ადამიანებს გადასცენ (2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15). მათ, ასევე, როგორც შემდგომი მუხლები ცხადყოფს, შეუძლიათ მრავალი სიკეთის გაკეთება იმით, რომ კრების ახალგაზრდა მანდილოსნებისთვის სამაგალითო ქრისტიანები იყვნენ.
ახალგაზრდა მანდილოსნებისთვის
14. როგორ უნდა ცხადყონ ახალგაზრდა ქრისტიანმა მანდილოსნებმა, რომ გაწონასწორებულნი არიან თავიანთი მოვალეობების შესრულებაში?
14 ასაკოვანი მანდილოსნები რომ გაემხნევებინა, ‘ესწავლებინათ სიკეთე’, პავლემ განსაკუთრებით მოიხსენია ახალგაზრდა მანდილოსნები. წაიკითხე, გეთაყვა, ტიტეს 2:4, 5. თუმცა დასწავლების ნაწილი ძირითადად საოჯახო მოვალეობებს შეეხება, ახალგაზრდა ქრისტიანი ქალები არ უნდა ჩავარდნენ უკიდურესობაში, არ უნდა დაუშვან, რომ თავიანთ ცხოვრებაში დომინირებდეს მატერიალიზმი. პირიქით, ისინი უნდა იყვნენ „აზრიანნი, სუფთანი. . . კეთილნი“ და ყველაზე მეტად კი, მზად უნდა იყვნენ, მხარი დაუჭირონ ქრისტიანულ მეთაურობის პრინციპს, „რათა არ იგმოს ღმერთის სიტყვა“.
15. რატომ არის კრების მრავალი ახალგაზრდა მანდილოსანი შექების ღირსი?
15 დღეს, პავლეს დღეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ოჯახური მდგომარეობა. მრავალი ოჯახი დაყოფილია რწმენის გამო, ხოლო ზოგიერთს მშობელთაგან არ ჰყავს ერთ-ერთი. თვით ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ ოჯახებშიც გახშირდა, რომ ცოლი ან დედა ძალიან იშვიათად არის ოჯახში. ყოველივე ეს უდიდესი ტვირთი და პასუხისმგებლობაა ახალგაზრდა ქრისტიანი ქალებისთვის, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მათ ბიბლიური ვალდებულებებისაგან. ამიტომ ძალიან სასიამოვნოა მრავალი ერთგული ახალგაზრდა ქრისტიანი ქალის ხილვა, რომლებიც მთელი ძალებით ცდილობენ გააწონასწორონ თავიანთი მოვალეობები და პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესები დააყენონ; ზოგიერთი სრული დროით მსახურობს, როგორც დამხმარე ან საერთო პიონერი (მათე 6:33). ცხადია, რომ ისინი იმსახურებენ ქებას.
ახალგაზრდა მამაკაცებისთვის
16. რა რჩევა მისცა პავლემ ახალგაზრდა მამაკაცებს და რატომ არის ეს რჩევა დროული?
16 შემდეგ, პავლემ რჩევა მისცა ახალგაზრდა მამაკაცებს, მათ შორის ტიტესაც. წაიკითხე, გეთაყვა, ტიტეს 2:6–8. ახალგაზრდა ქრისტიანებისთვის, რომელთაც სურთ, რომ მიჰყვნენ ჯანსაღი და დამაკმაყოფილებელი ცხოვრების გზას, ეს რჩევა მართლაც დროულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს მრავალი ახალგაზრდა უპასუხისმგებლოა და დამღუპველი ცხოვრების გზას მიჰყვება — ეწევა, ღებულობს ნარკოტიკებს, ბოროტად იყენებს სპირტიან სასმელებს, აქვს უკანონო სქესობრივი კავშირი და სხვა ქვეყნიური მისწრაფებები, მაგალითად, სპორტის სასტიკი სახეობები, უზნეო მუსიკები და გართობები.
17. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდა მამაკაცებს გახდნენ „აზრიანნი“ და ‘კეთილი საქმის ნიმუში’?
17 ქვეყნიერების ახალგაზრდებისგან განსხვავებით, ახალგაზრდა ქრისტიანი მამაკაცები უნდა იყვნენ „აზრიანნი“ და ‘კეთილი საქმის ნიმუში’. პავლემ განმარტა, რომ აზრიანობასა და გონებრივ მოწიფულობას აღწევენ არა მხოლოდ ისინი, რომლებიც უბრალოდ სწავლობენ, არამედ ისინიც, „რომელთა გრძნობანი ჩვევით განსწავლულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად“ (ებრაელთა 5:14). რაოდენ შესანიშნავია, იხილო ახალგაზრდები, რომლებიც, იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდული ჯანმრთელობა ეგოისტური მისწრაფებებისთვის დაკარგონ, საკუთარ დროსა და ენერგიას სწირავენ ქრისტიანული კრების მრავალ მოვალეობაში სრული მონაწილეობის მიღებას! ასეთი მოქმედებით, ისინი ტიტეს მსგავსად შეძლებენ, რომ ქრისტიანულ კრებებში გახდნენ „კეთილი საქმეების“ ნიმუში (1 ტიმოთე 4:12).
18. რას ნიშნავს იყო მოძღვრებაში დაუზიანებელი, მოქმედებაში დინჯი და სიტყვაში ჯანსაღი?
18 საღვთო წერილი ახალგაზრდა მამაკაცებს შეახსენებს, რომ უნდა ჰქონდეთ „მოძღვრებაში — დაუზიანებლობა, ღირსება [სერიოზულობა, აქ], სიტყვა ჯანსაღი, უგმობელი“. ‘დაუზიანებელი’ მოძღვრება ნიშნავს, რომ მყარად არის ღმერთის სიტყვაზე დაფუძნებული; ამიტომ, ახალგაზრდა მამაკაცები უნდა იყვნენ ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები. ასაკოვანი მამაკაცების მსგავსად, ახალგაზრდებიც უნდა იყვნენ სერიოზულნი. მათთვის აუცილებელია შეიგნონ, რომ ღმერთის სიტყვის მსახურად ყოფნა სერიოზული პასუხისმგებლობაა და ამის გამო, ისინი ‘სახარების ღირსად უნდა მოიქცნენ’ (ფილიპელთა 1:27). ასევე, მათი საუბარი უნდა იყოს „ჯანსაღი“ და იმდენად „უგმობელი“, რომ მოწინააღმდეგეებს ჩივილის არავითარი მიზეზი ჰქონდეთ (2 კორინთელთა 6:3; 1 პეტრე 2:12, 15).
მონებისთვის და მსახურებისთვის
19, 20. როგორ შეუძლიათ მუშა-მოსამსახურე ქრისტიანებს, რომ „შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღმერთის მოძღვრება“?
19 ბოლოს, პავლემ ყურადღება გაამახვილა იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვებს ემსახურებიან. წაიკითხე, გეთაყვა, ტიტეს 2:9, 10. დღეს, ჩვენს შორის უმრავლესობა არც მონაა და არც მსახური, მაგრამ მრავალი არის მუშა ან მოსამსახურე და ასრულებს რაღაც სამსახურს. ამიტომ, პავლეს მიერ ჩამოთვლილ პრინციპებს დღესაც იყენებენ.
20 „დაემორჩილონ თავიანთ ბატონებს ყველაფერში“ ნიშნავს, რომ ქრისტიანმა, რომელიც არის დაქირავებული მუშა, გულწრფელად უნდა სცეს პატივი თავის დამქირავებელსა და ზედამხედველს (კოლასელთა 3:22). ასევე, უნდა ასრულებდეს თავისი დამქირავებლის მოთხოვნებს სრული სამუშაო დღის განმავლობაში და უნდა ჰქონდეს პატიოსნად მომუშავის რეპუტაცია. სამუშაოზე, სხვების საქციელის მიუხედავად, მან უნდა შეინარჩუნოს ქრისტიანული ქცევის მაღალი ნორმები. ყოველივე ეს იმისთვის უნდა გააკეთოს, რომ ‘ყველაფრით შეამკოს ჩვენი მაცხოვარი ღმერთის მოძღვრება’. რაოდენ ხშირად გვესმის სასიხარულო ინფორმაციები იმის შესახებ, რომ გულწრფელი დამკვირვებლები გამოეხმაურნენ ჭეშმარიტებას თავისი მუშის ან თანამშრომლის კარგი მოქმედების გამო, რომლებიც იყვნენ იეჰოვას მოწმეები! ეს არის იეჰოვას ჯილდო იმათთვის, რომლებიც თვით სამსახურშიც მიჰყვებიან მის ჯანსაღ მოძღვრებას (ეფესელთა 6:7 8).
განწმენდილი ხალხი
21. რატომ შემოგვთავაზა იეჰოვამ ჯანსაღი მოძღვრება და როგორ უნდა გამოვეხმაუროთ?
21 პავლეს მიერ გადმოცემული ჯანსაღი მოძღვრება არ არის ეთიკური პრინციპების ან მორალური ფასეულობების კრებული, რომელსაც მხოლოდ მაშინ ვიღებთ ყურად, როცა მოგვესურვება. პავლემ გააგრძელა სწავლების მიზნის განმარტება. წაიკითხე, გეთაყვა, ტიტეს 2:11, 12. იეჰოვა ღმერთმა თავისი სიყვარულით და ჩვენთვის დაუმსახურებელი სიკეთით, შემოგვთავაზა ჯანსაღი მოძღვრება, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ მიზანდასახული და დამაკმაყოფილებელი ცხოვრება ამ კრიტიკულ და სახიფათო დროს. ხარ თუ არა მზად, მიიღო და შენი ცხოვრების გზად აქციო ჯანსაღი მოძღვრება? ასეთი მოქმედება შენი ხსნის ტოლფასია.
22, 23. როგორ კურთხევებს მოვიმკით, თუ ჯანსაღ მოძღვრებას ჩვენი ცხოვრების გზად ვაქცევთ?
22 უფრო მეტიც, თუ ჩვენი ცხოვრების გზად ვაქცევთ ჯანსაღ მოძღვრებას, მოგვიტანს შეუდარებელ უპირატესობას ახლა და ბედნიერ იმედს მომავლისთვის. წაიკითხე, გეთაყვა, ტიტეს 2:13, 14. ნამდვილად, ჯანსაღი მოძღვრება ჩვენი ცხოვრების გზად რომ ვაქციოთ, ვიქნებით განწმენდილი ხალხი და შორს ვიდგებით გარყვნილი და მომაკვდავი ქვეყნიერებისგან. პავლეს სიტყვები არის მოსეს სიტყვების პარალელი, რომელმაც სინაის მთასთან შეახსენა ისრაელის ძეებს: „უფალმა. . . აგამაღლოს თავის გაჩენილ ყველა ხალხზე დიდებით, სახელითა და პატივით, რომ ჰყავდე წმიდა ერად უფალს“ (მეორე რჯული 26:18, 19).
23 დაე, ყოველთვის დავაფასოთ იეჰოვას განწმენდილ ხალხად ყოფნის უპირატესობა იმით, რომ ჯანსაღი მოძღვრება ჩვენი ცხოვრების გზად ვაქციოთ! იყავი ყოველთვის ფხიზლად, რომ უკუაგდო ნებისმიერი ბიწიერი და ქვეყნიური სურვილები, რათა დარჩე წმიდა და გამოსადეგი იმ დიდებულ საქმიანობაში, რომელიც დღეს თვით იეჰოვას ხელმძღვანელობით სრულდება (კოლასელთა 1:10).
გახსოვს თუ არა შენ?
□ რატომ არის ღმერთისადმი ერთგულება ყველაფრისთვის სასარგებლო?
□ როგორ შეუძლიათ ქრისტიან ასაკოვან მამაკაცებსა და მანდილოსნებს, ცხოვრებაში მიჰყვნენ ჯანსაღ მოძღვრებას?
□ რომელი ჯანსაღი მოძღვრება შესთავაზა პავლემ კრების ახალგაზრდა მამაკაცებსა და მანდილოსნებს?
□ რა უპირატესობა და კურთხევა გვექნება, თუ ჯანსაღ მოძღვრებას ჩვენი ცხოვრების გზად ვაქცევთ?
[სურათები 31-ე გვერდზე]
დღეს მრავალი იყენებს ტიტეს 2:2–4-ში ჩაწერილ რჩევას.