პირველი წერილი თესალონიკელების მიმართ
1 პავლე, სილვანუსი*+ და ტიმოთე+ ღმერთთან, მამასთან, და უფალ იესო ქრისტესთან ერთობაში მყოფ თესალონიკელთა კრებას:
წყალობა და მშვიდობა არ მოგკლებოდეთ!
2 ყოველთვის ვმადლობთ ღმერთს, როცა ლოცვებში ვიხსენიებთ თითოეულ თქვენგანს,+ 3 რადგან არასდროს გვავიწყდება, როგორ შრომობთ რწმენითა და სიყვარულით და როგორ ითმენთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, იმედით+ ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე. 4 ვიცით, ღვთისთვის საყვარელო ძმებო, რომ მან თქვენ აგირჩიათ, 5 რადგან სასიხარულო ცნობა, რომელიც გიქადაგეთ, უბრალო სიტყვები კი არ იყო, არამედ წმინდა სულითა და სრული დამაჯერებლობით გადმოცემული ძლიერი ცნობა. თავადაც ხომ იცით, როგორები გავხდით თქვენთვის თქვენდა სასიკეთოდ?! 6 თქვენ ჩვენი და უფლის+ მომბაძველები გახდით,+ რადგან დიდი დევნის+ მიუხედავად წმინდა სულისგან მომდინარე სიხარულით მიიღეთ ღვთის სიტყვა. 7 ამგვარად, მაგალითად იქეცით ყველა მორწმუნისთვის მაკედონიასა და აქაიაში.
8 თქვენი წყალობით იეჰოვას* სიტყვა და ცნობა ღვთისადმი თქვენი რწმენის შესახებ მხოლოდ მაკედონიასა და აქაიაში კი არა, ყველგან გაიგეს.+ ასე რომ, ჩვენ აღარაფერი დაგვრჩა სათქმელი. 9 თავად ისინი ყვებიან, როგორ შეგხვდით პირველად და როგორ აქციეთ ზურგი კერპებს,+ რათა ცოცხალი და ჭეშმარიტი ღვთის მონები გამხდარიყავით, 10 და დალოდებოდით მის ძეს, რომელიც ზეციდან+ უნდა მოვიდეს და რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა — იესოს, რომელიც მომავალი რისხვისგან+ გვიხსნის.