სავლე — უფლის რჩეული ჭურჭელი
ტარსუსელი სავლე იესოს მიმდევრების დაუძინებელი მტერი იყო. მაგრამ უფალს მისთვის სხვა მომავალი ჰქონდა მომზადებული. სავლე სწორედ იმის თვალსაჩინო წარმომადგენელი გახდა, რასაც ასე გაშმაგებით ებრძოდა. იესომ თქვა: „ის [სავლე] არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე“ (საქმეები 9:15).
სავლეს „შეურაცხმყოფელი“ ცხოვრება სავსებით შეიცვალა, როცა შეწყალებულ იქნა, და უფლის, იესო ქრისტეს „რჩეული ჭურჭელი“ გახდა (1 ტიმოთე 1:12, 13). ძალამ, რომელიც მას აღძრავდა, მონაწილეობა მიეღო სტეფანეს ჩაქოლვაში და იესოს მოწაფეების დევნაში, სულ სხვა მიმართულება მიიღო, როდესაც სავლე ქრისტიანი, პავლე მოციქული, გახდა. როგორც ჩანს, იესომ სავლეს დადებითი თვისებები დაინახა. რომელი თვისებები? ვინ იყო სავლე? როგორ შეუწყო მისმა წარმომავლობამ ხელი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წაწევას? შეგვიძლია რამის სწავლა მისი მაგალითიდან?
სავლეს წარმომავლობა
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან სულ მცირე დროის შემდეგ, სტეფანეს ჩაქოლვისას, სავლე „ჭაბუკი“ იყო, ხოლო როდესაც დაახლოებით ახ. წ. 60, 61 წლებში ფილიმონს მისწერა წერილი, — „მოხუცებული“ (საქმეები 7:58; ფილიმონი 9). ასაკის განსაზღვრის ძველ მეთოდებზე დაყრდნობით, სწავლულების აზრით, „ჭაბუკი“ 24—40 წლისას ნიშნავდა, მაშინ, როდესაც — „მოხუცი“ 50—56 წლისას. ასე რომ, შესაძლებელია, სავლე იესოს დაბადებიდან სულ რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ დაიბადა.
იუდეველები მაშინ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობდნენ. იუდეიდან მათი გაფანტვის მრავალი მიზეზი არსებობდა. მაგალითად: სხვა ერების მიერ მათი დაპყრობა, მონებად წასხმა, გადასახლება, სავაჭროდ წასვლა ან კიდევ სხვაგან ცხოვრების სურვილი. თუმცა მისი ოჯახი იუდეაში არ ცხოვრობდა, სავლე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა რჯულისადმი ერთგულებას, რადგან ამბობს, რომ „წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, ისრაელის მოდგმისაგან, ბენიამინის ტომისა, ებრაელი ებრაელთაგანი, რჯულით ფარისეველი“. მას იგივე ებრაული სახელი სავლე (საული) ერქვა, რაც მის სახელგანთქმულ წინაპარს — ისრაელის პირველ მეფეს. რადგანაც ის დაბადებული იყო როგორც რომაელი, ტარსუსელ სავლეს ლათინური სახელიც, პაულუსი (პავლე), ერქვა (ფილიპელთა 3:5; საქმეები 13:21; 22:25–29).
პავლეს დაბადებიდან რომაელობა იმას ნიშნავს, რომ მის ერთ-ერთ წინაპარს, კერძოდ კი მამრობითი სქესის წარმომადგენელს, რომის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული. რა გზით? ამის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობდა. მემკვიდრეობით მიღებული მოქალაქეობის გარდა, ცალკეულ პიროვნებებსა თუ ჯგუფებს მისი მიღება შეეძლოთ გარკვეული დამსახურების გამო, პოლიტიკური მიზნით ან კიდევ ქვეყნის რამე განსაკუთრებულ მსახურებაში მიღებული ჯილდოს ფასად. მონა, რომელსაც თავისუფლების ყიდვა შეეძლო ან რომის მოქალაქე მისცემდა თავისუფლებას, რომაელი ხდებოდა. ასევე მეომარიც სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ იღებდა მოქალაქეობას. რომის კოლონიების მაცხოვრებლებსაც დროთა განმავლობაში შეეძლოთ მისი მოქალაქეობის მიღება. აგრეთვე ისიც აღსანიშნავია, რომ გარკვეულ პერიოდში მოქალაქეობას დიდი თანხითაც კი ყიდულობდნენ. როგორ მიიღო სავლეს ოჯახმა მოქალაქეობა, უცნობი რჩება.
ვიცით, რომ სავლე წარმოშობით იყო ტარსუსიდან — რომის პროვინციის, კილიკიის (დღევანდელი სამხრეთ თურქეთი) დედაქალაქიდან. თუმცა იქ საკმაოდ ბევრი ებრაელი სახლობდა, სავლეზე წარმართული კულტურაც ახდენდა ზეგავლენას. ტარსუსი დიდი და აყვავებული ქალაქი იყო. მას ელინისტური ანუ ბერძნული განათლების ცენტრად მიიჩნევდნენ. ვარაუდობენ, რომ მისი მოსახლეობა პირველ საუკუნეში 300 000—500 000 შეადგენდა. ის იყო სავაჭრო ცენტრი, რომელიც მცირე აზიის, სირიისა და მესოპოტამიის მთავარ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. ტარსუსი ვაჭრობისა და ნოყიერი ნიადაგის წყალობით ყვაოდა. უმთავრესად, აქ მარცვლეული, ყურძენი და სელი მოჰყავდათ. დიდ წარმატებას მიაღწია საფეიქრო მრეწველობამაც — თხის ბეწვისგან ქსოვდნენ ქსოვილს, ამ უკანასკნელით კი კარვებს აკეთებდნენ.
სავლეს განათლება
სავლე ანუ პავლე კარვების კეთებით პატიოსნად ირჩენდა თავს მისიონერული მსახურებისას (საქმეები 18:2, 3; 20:34). მის მშობლიურ ქალაქ ტარსუსში ეს ხელობა გავრცელებული იყო. შესაძლებელია, სავლემ კარვის კეთება ახალგაზრდობაში მამამისისგან ისწავლა.
სავლესთვის ენების ცოდნაც — განსაკუთრებით კი ბერძნულის, რომელიც რომის იმპერიის ძირითადი ენა იყო — ფასდაუდებელი აღმოჩნდა მის მისიონერულ მსახურებაში (საქმეები 21:37—22:2). მისი წერილების ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩინებულად იცოდა ბერძნული. მისი სიტყვათა მარაგი კლასიკური და სალიტერატურო კი არ არის, არამედ საკმაოდ ჰგავს „სეპტუაგინტას“, ებრაული წერილების ბერძნულ თარგმანს, რომელსაც პავლე ხშირად ციტირებდა ან პარაფრაზირებას უკეთებდა. ამის საფუძველზე მრავალი სწავლული მიიჩნევს, რომ სავლეს, სულ მცირე, ბერძნულის დაწყებითი კარგი განათლება მაინც ჰქონდა, რომელიც შეიძლება ებრაულ სკოლაში მიიღო. „ძველად შედარებით კარგი განათლების მიღება, — განსაკუთრებით კი ბერძნულის ენის შესწავლა, — უფასო არ იყო; როგორც წესი, ეს გარკვეულ გადასახადს მოითხოვდა“, — ამბობს სწავლული მარტინ ჰენგელი. ამგვარად, ის, რომ სავლე განათლებული პიროვნება იყო, მიუთითებს იმაზე, რომ ის შეძლებული ოჯახიდან იყო.
როგორც ჩანს, როდესაც სავლე ცამეტიოდე წლის იყო, სწავლა იერუსალიმში განაგრძო, რომელიც 840 კილომეტრით იყო დაშორებული მისი სახლიდან. ის გამალიელის, ფარისეველთა ტრადიციების კარგად მცოდნე და ღრმად პატივცემული მასწავლებლის, ფეხებთან იყო აღზრდილი (საქმეები 22:3; 23:6). ეს სწავლა, რომელიც დღევანდელ უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას შეიძლება შევადაროთ, პიროვნებას იუდაურ საზოგადოებაში გამოჩენილი ადგილის მოსაპოვებლად უხსნიდა გზასa.
უნარის კარგად გამოყენება
ებრაულ ოჯახში დაბადებული, და ამავე დროს, ელინისტურ და რომაულ ქალაქში მცხოვრები სავლე სამ სამყაროს მიეკუთვნებოდა. მრავალი ენის ცოდნამ და სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობამ პავლეს, უდავოდ, დიდი დახმარება გაუწია, „ყველასათვის ყველაფერი“ გამხდარიყო (1 კორინთელთა 9:19–23). მოგვიანებით რომის მოქალაქეობამ მას საშუალება მისცა, კანონით დაეცვა თავისი მსახურება და რომის იმპერიის უმაღლესი წარმომადგენლისთვის გაეცნო კეთილი ცნობა (საქმეები 16:37–40; 25:11, 12). რა თქმა უნდა, სავლეს წარმოშობა, განათლება და თავად მისი პიროვნება მკვდრეთით აღმდგარი იესოსთვის ცნობილი იყო, ამიტომაც მან ანანიას უთხრა: „წადი, ვინაიდან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე. ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გულისთვის“ (საქმეები 9:13–16). როდესაც სწორ გზას დაადგა, სავლე მონდომებით ავრცელებდა სამეფოს შესახებ ცნობას დაშორებულ ტერიტორიებზე.
იესოს მიერ სავლეს სპეციალური დავალებისთვის არჩევა ქრისტიანობის ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენა იყო . დღევანდელ ქრისტიანებსაც აქვთ უნარი და განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც კეთილი ცნობის გასავრცელებლად შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული. როდესაც სავლემ გაიგო, რა უნდოდა იესოს მისგან, უკან არ დაიხია და ყველაფერს აკეთებდა სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად. შენც ასე იქცევი?
[სქოლიო]
a სავლეს განათლების დაწვრილებითი ცნობების შესახებ, რომელიც გამალიელისგან მიიღო, იხილეთ 1996 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 26—29 (რუს.).
[ჩარჩო⁄სურათი 30 გვერდზე]
რეგისტრაცია და რომის მოქალაქეობის მიღება
რომის მოქალაქეების კანონიერი შვილების რეგისტრირება ავგუსტუსის მიერ იყო დადგენილი ორი საკანონმდებლო აქტით, რომლებიც მიღებულ იქნა ახ. წ. 4-სა და 9 წლებში. ახალშობილი დაბადებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა გაეტარებინათ რეგისტრაციაში. პროვინციებში მცხოვრებ ოჯახებს მაგისტრატურაში უნდა განეცხადებინათ, რომ ბავშვი კანონიერი იყო და რომის მოქალაქეობა ჰქონდა. რეგისტრაციაში ტარდებოდა მშობლების სახელები, ბავშვის სქესი და სახელი, აგრეთვე დაბადების თარიღი. ამ კანონის მიღებამდეც, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, რომში, მის კოლონიებსა და პრეფექტურებში მოქალაქეების ხელახალი რეგისტრაცია ხდებოდა მოსახლეობის აღწერის საშუალებით.
მოქალაქეობის სტატუსის დასამტკიცებლად საჭირო იყო არქივში სათანადოდ დაცული საბუთი. ასეთი საბუთის ასლი მზადდებოდა ხის პატარა დიპტიქებზე (ორად მოკეცილი ფიცარი). ზოგი სწავლულის აზრით, როდესაც პავლემ განაცხადა, რომ რომის მოქალაქე იყო, ალბათ, შეეძლო კიდეც დამადასტურებელი საბუთის წარდგენა (საქმეები 16:37; 22:25–29; 25:11). რადგან რომის მოქალაქეობას თითქმის „წმინდა ღირსებად“ მიიჩნევდნენ, და პიროვნებას ეს მრავალ უპირატესობას ანიჭებდა, ყალბი საბუთის ქონა უკიდურესად სერიოზულ დანაშაულად ითვლებოდა. სტატუსის ფალსიფიკაციისთვის ყველას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.
[საავტორო უფლება]
Historic Costume in Pictures/Dover Publications, Inc., New York
[ჩარჩო⁄სურათი 31 გვერდზე]
სავლეს რომაული სახელი
მამრობითი სქესის წარმომადგენელი ყველა რომაელის სახელი სამი კომპონენტისგან შედგებოდა: სახელისგან, საგვარეულო სახელისა (რომელიც მის გვართან, თემთან იყო დაკავშირებული) და მეორე სახელისგან. ამის ცნობილი მაგალითი გაიუს იულიუს კეისარია. ბიბლია მთლიან რომაულ სახელებს არ მოიხსენიებს, მაგრამ სხვა წყაროები გვატყობინებენ, რომ აგრიპა — მარკუს იულიუს აგრიპა იყო, გალიონი კი — ლუსიუს იულიუს გალიონი (საქმეები 18:12; 25:13). ბიბლიაში პიროვნების სამი სახელიდან ბოლო ორის მოხსენიების რამდენიმე მაგალითია პონტოელი პილატე (წარწერა ქვემოთ მოცემულ ილუსტრაციაზე), სერგის-პავლე, კლავდიოს ლუსია და პორკიოს ფესტოსი (საქმეები 4:27; 13:7; 23:26; 24:27).
შეუძლებელია იმის დადგენა, პავლიუსი (პავლე) სავლეს სახელი იყო თუ მეორე სახელი. იმ დროს უჩვეულო არ იყო არაფორმალურად სხვა სახელის დამატება, რომელსაც შეიძლება უწოდებდნენ ოჯახის წევრები ან ნაცნობები. სხვაგვარად, არარომაული სახელი, როგორიცაა სავლე, შემცვლელად შეიძლებოდა გამოეყენებინათ. „თუმცა [სავლე] არასოდეს იქნებოდა რომაული სახელი, — ამბობს ერთი სწავლული, — სავსებით შესაძლებელია, რომ ის რომაელი მოქალაქისთვის მეორე სახელად მიცემული ებრაული სახელი ყოფილიყო“. იმ ადგილებში, სადაც მრავალენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა, სიტუაცია განაპირობებდა, რომელ სახელს აირჩევდა პიროვნება.
[საავტორო უფლება]
Photograph by Israel Museum, ©Israel Antiquities Authority