იქნება თუ არა ოდესმე ბოროტება დამარცხებული სიკეთით?
დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ უდანაშაულო ადამიანი, იესო ქრისტე, იდგა სასამართლოს წინაშე, სადაც წყდებოდა მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ბოროტ ადამიანებს მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული იმის გამო, რომ ის ჭეშმარიტებას ქადაგებდა. მას ცრუ ბრალდება წარუდგინეს ამბოხებაში და ხალხის ბრბო ხმამაღლა მოითხოვდა მისი სიკვდილით დასჯას. რომაელმა მმართველმა, რომელიც თავის პოლიტიკურ პრესტიჟს უფრო აფასებდა, ვიდრე თავმდაბალი დურგლის სიცოცხლეს, იესოს მიუსაჯა წამებით სიკვდილი. ამის შემხედვარე ადამიანი იტყოდა, რომ გაიმარჯვა ბოროტებამ.
მაგრამ დაპატიმრების წინა ღამეს იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „მე ვძლიე ქვეყნიერება“ (იოანე 16:33). რა ჰქონდა მას მხედველობაში? ნაწილობრივ ის, რომ ქვეყნიერების ბოროტებამ ვერ აიძულა იგი გაბოროტებულიყო, ბოროტისათვის ბოროტი მიეზღო და მოქცეულიყო მის ჩარჩოებში (შეადარე რომაელთა 12:2). კვდებოდა იესო და მაშინაც კი ლოცულობდა თავის მკვლელებზე: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34).
იესო სიკვდილის ბოლო წუთებშიც მიუთითებდა, რომ შეიძლება ბოროტების დამარცხება და არწმუნებდა თავის მოწაფეებს, რომ მათაც ებრძოლათ ბოროტების წინააღმდეგ. როგორ გააკეთებდნენ ამას ისინი? იმით, რომ მხედველობაში მიიღებდნენ ბიბლიურ რჩევას, „არავის არ მიაგოთ ბოროტისათვის ბოროტი“ და „სძლიე ბოროტს კეთილით“ (რომაელთა 12:17, 21). მაგრამ ისმის კითხვა: ნამდვილად ახლავს თუ არა წარმატება ასეთ გზას?
ბოროტებასთან ბრძოლა დახაუში
დახაუში დაპატიმრებულმა გერმანელმა ქალმა ელზამ, — რწმენა და იმედი ჩაუნერგა 14 წლის რუს გოგონას.
დახაუში იყო საყოველთაოდ ცნობილი კონცენტრაციული ბანაკი, სადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით ადამიანი კი, ამ რუსი გოგონას ჩათვლით, საშინელი სამედიცინო ექსპერიმენტების მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ დახაუ ბოროტებას განასახიერებდა, ერთი შეხედვით, თვით ასეთ პირობებშიც კი, სიკეთე ფეხს იკიდებდა და ვრცელდებოდა.
ელზას ძალიან ეცოდებოდა ეს ნორჩი გოგონა, რომელიც სხვების მსგავსად იძულებული იყო თავისი თვალით ეხილა, ესესელმა მცველებმა თუ როგორ მხეცურად გააუპატიურეს დედამისი. საკუთარი სიცოცხლის ფასად ეძებდა ელზა შესაძლებლობას ესაუბრა გოგონასთან სიკეთესა და ბოროტებაზე, ბიბლიურ იმედზე აღდგომის შესახებ. ის თავის ახალგაზრდა მეგობარს სიძულვილის ნაცვლად, სიყვარულს ასწავლიდა. ელზას მეშვეობით, რუსი გოგონა გადაურჩა დახაუს საშინელებებს.
ელზა ასე იმიტომ იქცეოდა, რომ სურდა მიჰყოლოდა იესოს უანგარო მაგალითს. მან, იეჰოვას ერთ-ერთმა მოწმემ, ისწავლა არ ეპასუხა ბოროტებაზე ბოროტებით. მას ჰქონდა რწმენა დახმარებოდა, რომ ისინიც ასევე მოქცეულიყვნენ. მიუხედავად ყოველივე იმ ტანჯვა-წამებისა, რომელსაც ელზა იტანდა დახაუში, მან მორალური გამარჯვება ჰპოვა ბოროტ რეჟიმზე. ასეთი რეჟიმის პირობებში ის არ ყოფილა ერთადერთი.
თავის წიგნში „ქრისტიანობის ისტორია“ (ინგლ.) პოლ ჯონსონმა აღნიშნა, რომ „[იეჰოვას მოწმეები] უარს ამბობდნენ ნაცისტურ სახელმწიფოსთან ნებისმიერ თანამშრომლობაზე, რომელსაც ისინი ამხელდნენ, როგორც აბსოლიტურად ბოროტს... ოთხმოცდაჩვიდმეტი პროცენტი უძლებდა სხვადასხვა სახის შევიწროვებას“. განა ეს უიმედო ბრძოლა იყო? პოლონელმა სოციოლოგმა ანა პაველშინსკამ, წიგნში „ფასეულობები და ძალადობა ოსვენციმში“ (ინგლ.) მოწმეებზე შემდეგი რამ განაცხადა: „დაპატიმრებულთა ეს პატარა ჯგუფი მტკიცე იდეოლოგიური ძალა იყო და მათ გამარჯვება მოიპოვეს ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
გამარჯვება ჩვენში არსებულ ბოროტებაზე
პავლე მოციქულმა ეს ბრძოლა შემდეგი სიტყვებით აღწერა: „ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მნებავს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მნებავს“ (რომაელთა 7:19). პავლე მოციქულისათვის კარგად იყო ცნობილი რომ სიკეთის კეთება ყოველთვის არ იყო ადვილი.
ახალგაზრდა ესპანელი ევგენიოa, ორ წელზე მეტხანს ებრძოდა ბოროტ მიდრეკილებებს. „მე თავად მრისხანე უნდა ვყოფილიყავი — გვიხსნის იგი — ადრეული ბავშვობიდანვე მქონდა უზნეობისადმი მიდრეკილება. უკვე მოზარდი, ნებაყოფლობით ვმონაწილეობდი ჰომოსექსუალისტთა ორგიაში და სიმართლე გითხრათ, ასეთი ცხოვრება სიამოვნებას მგვრიდა“. შემდეგ რატომ გაუჩნდა მას სურვილი შეცვლილიყო?
ევგენიომ განაგრძო: „მე მინდოდა მესიამოვნებინა ღმერთისათვის. ბიბლიიდან გავიგე, რომ ჩემნაირი ცხოვრება თურმე არ იყო მოსაწონი შემოქმედისათვის. ამიტომაც, გადავწყვიტე გავმხდარიყავი სხვა ადამიანი, გადავწყვიტე მტკიცედ ჩავჭიდებოდი ღმერთის ხელმძღვანელ მითითებებს. ყოველდღე უნდა შევბრძოლებოდი უაყოფით, ბინძურ ფიქრებს, რომლებიც ჯერაც ავსებდნენ ჩემს გონებას. ვიყავი გადაწყვეტილებით აღსავსე გამარჯვება მომეპოვებინა ბრძოლაში და გამუდმებით ვევედრებოდი ღმერთს დახმარების შესახებ. ორი წლის შემდეგ უკან მოვიტოვე ცუდი საქციელი, თუმცა, კვლავაც მკაცრი ვარ ჩემი თავის მიმართ. მაგრამ ღირდა ბრძოლა. ახლა მე შემიძლია დავაფასო ჩემი თავი. მყავს ბედნიერი ოჯახი და, რაც მთავარია, კარგ ურთიერთობაში ვარ ღმერთთან. პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ თუ ნამდვილად მოვახმართ ძალისხმევას, შეიძლება ბოროტი აზრების განდევნა, სანამ ის ცუდ ნაყოფს გამოიღებდეს.
ყოველთვის, როცა კი ჩვენ უარვყოფთ ბოროტ აზრს, როცა უარს ვაცხადებთ ბოროტებაზე ბოროტებით ვუპასუხოთ, სიკეთე ამარცხებს ბოროტებას. მაგრამ ამგვარი გამარჯვება, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის არ ფანტავს ბოროტების ორ მთავარ წყაროს. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანად დავძლიოთ მემკვიდრეობით მიღებული სისუსტეები, რადგან სატანა ჯერ კიდევ ბოროტ ზეგავლენას ახდენს კაცობრიობაზე. შეიცვლება თუ არა ოდესმე ეს სიტუაცია?
ეშმაკს ერთმევა ძალაუფლება
სატანას მთავარი დამარცხება იყო ის, რომ იესო სიკვდილამდის ერთგული აღმოჩნდა ღმერთის მიმართ. თავის მცდელობაში, — დაერღვია იესოს უმწიკვლოება, — ეშმაკმა მარცხი განიცადა, რაც იმის აღმნიშვნელი იყო, რომ დაიწყო სატანის აღსასრული. როგორც ბიბლია გვიხსნის, იესომ იგემა სიკვდილი, რათა „სიკვდილით გააქროს... ეშმაკი“ (ებრაელთა 2:14). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „მოცემული მაქვს მე მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18). სწორედ ამ ძალაუფლებას გამოიყენებს იესო, სატანის საქმეების გასაუქმებლად.
წიგნში, გამოცხადება, აღწერილია ის დღე, როცა იესო დევნის ციდან სატანას თავისი დემონებითურთ. ეს დიდი ბოროტმოქმედი ახლა დედამიწაზეა გადმოგდებული და მისი მოქმედების არე მხოლოდ დედამიწაა. როგორც ბიბლია აღწერს, ამის შედეგი იქნება დიდი ბოროტება: „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა აქვს“ (გამოცხადება 12:7–9, 12).
ბიბლიური წინასწარმეტყველებები მიუთითებენ იმაზე, რომ ეს ისტორიული მოვლენა უკვე მოხდა — პირველი მსოფლიო ომის დროსb. ამით აიხსნება ბოროტების აშკარა ზრდა, რისი მოწმენიც ჩვენ გავხდით ჩვენს დროში. მაგრამ, მალე სატანა მთლიანად იქნება ჩამოშორებული, ისე რომ, იგი მეტად ვერავისზე ვერ მოახდენს ზეგავლენას. (ნახე გამოცხადება 20:1–3).
რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს კაცობრიობისათვის?
„არავინ იბოროტებს“
ღმერთის სასუფევლის მეფე, იესო, მალე მიიღებს „ძალაუფლებას დედამიწაზე“ ხელახალი სულიერი აღზრდის ორგანიზებისათვის. „დედამიწაზე მცხოვრებნი სიმართლეს ისწავლიან“ (ესაია 26:9). აქედან ყველანი მიიღებენ ნამდვილ სარგებელს. ბიბლია გვარწმუნებს: „არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს... რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9).
უკვე დღესვე შეიძლება ბევრი ცოდვილი მიდრეკილებების დაძლევა. ხოლო, როცა უკვე მეტად აღარ იქნება დემონური ზეგავლენა, მაშინ, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ადვილი იქნება „ერიდო ბოროტს, კარგი გააკეთო“ (1 პეტრე 3:11).
რადგანაც ღმერთი კეთილია მისი დახმარებით სიკეთის კეთების მსურველებს შეუძლიათ სძლიონ ბოროტება, როგორც ეს დაამტკიცა იესომ. ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბოროტება დამარცხდება სიკეთით (ფსალმუნი 118:68). იმათ, ვისაც ამჟამად სურვილი აქვს ებრძოლონ ბოროტებას, შეუძლიათ სიხარულით ელოდონ სიცოცხლეს, გაწმენდილ დედამიწაზე, სადაც ღმერთის სამეფო სამუდამოდ აღმოფხვრის ბოროტებას. ფსალმუნმომღერალი აღწერს ამის შედეგს: „წყალობა და ჭეშმარიტება შეხვდებიან ერთმანეთს, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან. ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს“ (ფსალმუნი 84:11, 12).
[სქოლიოები]
a სახელი შეცვლილია.
b დაწვრილებითი ინფორმაცია შენ შეგიძლია წაიკითხო 20—22 გვერდებზე წიგნისა „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“, რომელიც გამოიცა საგუშაგო კოშკის საზოგადოების მიერ.