პირველ ადგილზე დააყენე ყველაზე მნიშვნელოვანი!
შეხვედრაზე ხარ წასასვლელი, მაგრამ სხვა საქმეც გაქვს. რას დააყენებ პირველ ადგილზე?
შენ ქმარი და მამა ხარ. გრძელი და მძიმე სამუშაო დღის ბოლოს იწყებ ფიქრს, რომ საღამოს კრების შეხვედრაზე ხარ წასასვლელი. სამსახურში თუ არ შეყოვნდები, საკმარისი დრო გექნება, რომ შეხვედრამდე შხაპი მიიღო, ტანსაცმელი გამოიცვალო და წაიხემსო. უეცრად უფროსი მოდის და გთხოვს, რომ საღამოსაც იმუშავო. კარგ ანაზღაურებას გპირდება. შენ კი ფული გჭირდება.
შენ ცოლი და დედა ხარ. ვახშამს ამზადებ და ხედავ, რომ დასაუთოებელი ტანსაცმელიც დაგიგროვდა; ხვალისთვის კი ზოგი რამ მზად უნდა გქონდეს. ფიქრობ: თუ კრებას დავესწრები საღამოს, როდისღა დავაუთოებ? სრულ განაკვეთზე მუშაობაც ახალი დაწყებული გაქვს და ხედავ, რა რთულია სამსახურთან ერთად ოჯახის მიხედვა.
ან მოსწავლე ხარ. საწერი მაგიდა სავსე გაქვს საშინაო დავალებებით. უმეტესობა ჯერ კიდევ ადრე მოგცეს, მაგრამ მაშინვე ვერ მოამზადე და ახლა რამდენიმე რამ სასწრაფოდ გაქვს მოსამზადებელი. სურვილი გიჩნდება, მშობლებს ნებართვა სთხოვო, რომ შეხვედრაზე არ წახვიდე და საშინაო დავალებები მოამზადო.
რას გააკეთებდი? დააყენებდი პირველ ადგილზე საღამოს მუშაობას, დაუთოებას ან საშინაო დავალების შესრულებას, თუ კრების შეხვედრაზე წასვლას არჩევდი? რას ნიშნავს, სულიერი გაგებით, პირველ ადგილზე დააყენო ყველაზე მნიშვნელოვანი? რა თვალსაზრისი აქვს ამის შესახებ იეჰოვას?
რა უნდა იყოს პირველ ადგილზე?
მცირე ხანში, რაც ისრაელებს ათი მცნება მიეცათ, ერთი ისრაელი მამაკაცი შაბათ დღეს შეშას აგროვებდა. რჯულში ეს მკაცრად იყო აკრძალული (რიცხვნი 15:32–34; მეორე რჯული 5:12–15). რას იტყოდი ამ შემთხვევის შესახებ? გაამართლებდი ამ მამაკაცს, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, მდიდრული ცხოვრებისთვის კი არ ირჯებოდა, ოჯახის საჭიროებებზე ზრუნავდა? იტყოდი, რომ წლის მანძილზე მრავალი შაბათია და მხოლოდ ერთის გამოტოვება, შესაძლოა იმის გამო, რომ წინასწარ ვერ შეძლო შეშის შეგროვება, მისატევებელი იყო?
იეჰოვამ უფრო სერიოზულად შეაფასა ეს შემთხვევა. „უთხრა უფალმა მოსეს: უნდა მოკვდეს ეს კაცი“, — ნათქვამია ბიბლიაში (რიცხვნი 15:35). რატომ განსაჯა იეჰოვამ ასე მკაცრად ეს კაცი?
ხალხს ექვსი დღის მანძილზე შეეძლო შეშის შეგროვება და საკვებზე, ტანსაცმელსა თუ სახლზე ზრუნვა. მეშვიდე დღე კი სულიერი საქმეებისთვის უნდა გამოეყოთ. თუმცა შეშის შეგროვებაში არაფერი იყო არასწორი, დანაშაულად ითვლებოდა იეჰოვას თაყვანისცემისთვის განკუთვნილი დროის ამგვარი საქმეებისთვის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანებს არ ევალებათ მოსეს რჯულის დაცვა, განა გაკვეთილი არ არის ეს შემთხვევა ჩვენთვის, რომ ცხოვრებაში მთავარი ადგილი სათანადო საქმეებს დავუთმოთ? (ფილიპელთა 1:10).
40 წლის მანძილზე უდაბნოში სიარულის შემდეგ ისრაელები აღთქმულ მიწაზე უნდა შესულიყვნენ. ზოგ მათგანს მობეზრდა მანანა, რომელსაც ღმერთი უდაბნოში ზეციდან აძლევდა, და, უეჭველად, სხვა საჭმელს ნატრობდა. სწორი თვალსაზრისი რომ შეენარჩუნებინათ იმ ქვეყანაში შესვლამდე, სადაც ‘ღვარად მოედინებოდა რძე და თაფლი’, იეჰოვამ შეახსენა მათ: „მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი“ (გამოსვლა 3:8; მეორე რჯული 8:3).
ისრაელები უნდა გარჯილიყვნენ ‘რძისა და თაფლისთვის’. მათ უნდა დაემარცხებინათ ჯარები, აეშენებინათ სახლები და დაემუშავებინათ მიწა. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ უბრძანა მათ, რომ ყოველდღიურად დრო გამოეყოთ სულიერი საქმეებისთვის. მათ ასევე დრო უნდა დაეთმოთ შვილებისთვის, რომ ღვთის გზები ესწავლებინათ. იეჰოვამ უთხრა მათ: „ასწავლეთ [ჩემი მცნებები] თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ ამაზე შინ ყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას“ (მეორე რჯული 11:19).
წელიწადში სამჯერ ყოველი ისრაელი და პროზელიტი მამაკაცი იეჰოვას წინაშე უნდა გამოცხადებულიყო. მრავალი ოჯახის უფროსს ესმოდა, რომ ეს შემთხვევები მათი ცოლ-შვილისთვისაც სულიერი სარგებლობის მომტანი იქნებოდა და ამიტომაც ისინიც თან მიჰყავდათ. მაგრამ ვინ დაიცავდა მათს სახლებსა და ყანებს მტრის თავდასხმისგან, როდესაც ისინი შინ არ იქნებოდნენ? იეჰოვა დაჰპირდა მათ: „აღარავინ დაეხარბება შენს მიწას, თუ წელიწადში სამგზის ეჩვენები უფალს, შენს ღმერთს“ (გამოსვლა 34:24). ისრაელებს რწმენა უნდა გამოევლინათ, რომ სულიერი საქმეების პირველ ადგილზე დაყენებით, ქონებასაც არ დაკარგავდნენ. შეასრულა იეჰოვამ თავისი სიტყვა? რასაკვირველია.
უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი
იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ ყველაფერზე წინ სულიერი საქმეები დაეყენებინათ. მთაზე ქადაგებისას მან თავის მსმენელებს ურჩია: „ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? . . . უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე [მატერიალური საჭიროებები] შეგემატებათ“ (მათე 6:31, 33). იესოს სიკვდილიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ ახალი მონათლული ქრისტიანები ამ რჩევას მიჰყვნენ. მრავალი იუდეველი და იუდეველი პროზელიტი ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში ჩავიდა. იმ დროს იქ მოულოდნელი რამ მოხდა. მათ მოისმინეს და მიიღეს იესო ქრისტეს შესახებ კეთილი ცნობა. ახლადშეძენილი რწმენის შესახებ უფრო მეტის გაგების სურვილით, ისინი იერუსალიმში დარჩნენ. სახსრები ელეოდათ, მაგრამ მატერიალურ კეთილდღეობას მეორეხარისხოვნად თვლიდნენ. მათ იპოვეს მესია! ქრისტიანი ძმები უნაწილებდნენ მათ, რაც ჰქონდათ და ყველას შეეძლო ‘მოციქულთა მოძღვრებასა და ლოცვებში ყოფნა’ (საქმეები 2:42).
დროთა განმავლობაში ზოგმა ქრისტიანმა დაივიწყა ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული დასწრების აუცილებლობა (ებრაელთა 10:23–25). შესაძლებელია, ისინი სულიერი საქმეებისთვის განკუთვნილ დროს ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვას უთმობდნენ. მოციქულმა პავლემ გააფრთხილა ძმები, რომ არ მიეტოვებინათ შესაკრებელი და შემდეგ დაუმატა: «თქვენი გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“ » (ებრაელთა 13:5).
პავლეს რჩევა მეტად დროული აღმოჩნდა. დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ, რაც პავლემ ებრაელთა მიმართ წერილი დაწერა, რომაელთა ჯარმა ცესტიუს გალუსის მეთაურობით ალყა შემოარტყა იერუსალიმს. ერთგულ ქრისტიანებს ახსოვდათ იესოს გაფრთხილება: „როცა იხილავთ [ამას]. . . ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა მაშინ და ნურც შევა შიგნით შინიდან რაიმეს გამოსატანად. ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსლის გამოსატანად“ (მარკოზი 13:14–16). მათ იცოდნენ, რომ გადარჩენა დამოკიდებული იყო არა მუდმივ სამუშაოსა და სიმდიდრეზე, არამედ იესო ქრისტეს სწავლებების მორჩილებაზე. მათთვის, ვინც პავლეს რჩევას მიჰყვებოდა და სულიერ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებდა, უეჭველად, უფრო ადვილი იქნებოდა სახლის, სამსახურის, სამოსლისა და ძვირფასი ნივთების დატოვება და მთებში გაქცევა, ვიდრე მათთვის, ვისაც ვერ მიეტოვებინა ფულის სიყვარული.
თანამედროვე მაგალითები
ერთგული ქრისტიანები დღესაც აფასებენ ძმებთან რეგულარულ ურთიერთობას და შეხვედრებზე დასასწრებად მრავალი მათგანი გარკვეულ მსხვერპლს იღებს. ზოგან მხოლოდ ისეთი სამუშაოს შოვნაა შესაძლებელი, სადაც ცვლებით მუშაობენ. ერთი ძმა თავის თანამშრომლებს სთავაზობს, რომ მათ მაგივრად შაბათ საღამოს იმუშაოს, როდესაც მრავალი მათგანი დასვენებას არჩევს, თუ ისინი მას იმ საღამოს შეცვლიან, როდესაც კრებაზე მიდის. ზოგი ძმა, რომელიც ცვლებით მუშაობს, კრებას სამსახურთან ახლოს ესწრება, თუ არ შეუძლია თავის კრებაზე დასწრება. ამგვარად, ისინი თითქმის არასდროს აცდენენ შეხვედრებს. კანადაში ერთმა დაინტერესებულმა ქალმა მალევე დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო თეოკრატიული სამსახურის სკოლასა და სამსახურებრივ შეხვედრაზე დასწრება, მაგრამ ამაში მას სამსახური უშლიდა ხელს. ამიტომაც ის თანამშრომელს უხდიდა, რომ მისი ცვლის დროს ემუშავა და თვითონ ამ მნიშვნელოვან შეხვედრებზე დასწრებისთვის დრო ჰქონოდა.
მრავალი ქრონიკული ავადმყოფი იშვიათად აცდენს შეხვედრას. როდესაც არ შეუძლიათ სამეფო დარბაზში წასვლა, პროგრამას ტელეფონის ან ჩანაწერის საშუალებით ისმენენ. ისინი საუკეთესო მაგალითს იძლევიან, რადგანაც აფასებენ ‘ერთგული და გონიერი მონის’ საშუალებით იეჰოვას ზრუნვას ჩვენს სულიერ საჭიროებებზე (მათე 24:45). ქრისტიანები, რომლებიც მოხუც მშობლებს უვლიან დიდად აფასებენ და-ძმების დახმარებას, რომლებიც მშობლებთან დარჩენას სთავაზობენ და მათ კრების შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობას აძლევენ.
წინასწარ დაგეგმე
მშობლები, რომლებსაც ესმით სულიერი საჭიროებების ფასი, ეხმარებიან შვილებს, რომ დააფასონ ქრისტიანული შეხვედრები. როგორც წესი, ისინი მოელიან, რომ შვილებმა დავალება დროულად შეასრულონ და შესასწავლი მასალა არ დაუგროვდეთ. კრების დღეებში ბავშვები დავალებას სკოლიდან დაბრუნებისთანავე ამზადებენ. არ უშვებენ, რომ ჰობიმ და სხვა საქმიანობებმა ხელი შეუშალოს კრების შეხვედრებზე დასწრებაში.
როგორც ქმარი და მამა, პირველ ადგილზე აყენებ თუ არა კრების შეხვედრებზე დასწრებას? როგორც ცოლი და დედა, ცდილობ თუ არა ყველაფრის ისე დაგეგმვას, რომ დრო გქონდეს შეხვედრებისთვის? როგორც მოზარდი, გეგმავ თუ არა დავალების მომზადებას მაშინ, როცა კრების შეხვედრა არ გაქვს, თუ კრების შეხვედრაზე წასვლას გეგმავ მაშინ, როცა დავალება არ გაქვს მოსამზადებელი?
იეჰოვამ ჩვენდამი სიყვარული გამოამჟღავნა და კრების შეხვედრებით უზრუნველგვყო. ყველანაირად უნდა შევეცადოთ, დავესწროთ მათ. იეჰოვა უხვად გაკურთხებს, თუ პირველ ადგილზე ყველაზე მნიშვნელოვანს დააყენებ.