ნუ გადაუხვევთ თეოკრატიას
„უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე“ (ესაია 33:22).
1. რატომ აღელვებს მმართველობის საკითხი ადამიანთა უმეტესობას?
მმართველობის საკითხი ყველას დიდად აღელვებს. კარგი მმართველობის დროს მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევს. ბიბლიაში ნათქვამია: „მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას“ (იგავნი 29:4). მეორე მხრივ, ცუდ მმართველობას თან სდევს უსამართლობა, კორუფცია და ჩაგვრა. „ბოროტეულის ბატონობისას გმინავს ხალხი“ (იგავნი 29:2). კაცობრიობის ისტორიაში ადამიანებმა მოსინჯეს მმართველობის მრავალნაირი ფორმა და, სამწუხაროდ, მმართველთაგან დაჩაგრულები ხშირად ‘გმინავდნენ’ (ეკლესიასტე 8:9). დააკმაყოფილებს თუ არა მმართველობის რომელიმე ფორმა ხალხს ბოლომდე?
2. რატომ გამოხატავს შესაბამისად „თეოკრატია“ ძველი ისრაელის მმართველობის ფორმას?
2 ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა მმართველობის განუმეორებელი ფორმა მოიხსენია თხზულებებში: «ზოგი უმაღლეს პოლიტიკურ ძალებს მონარქებს ანდობს, ზოგი — ოლიგარქებს, ზოგი კი — ხალხთა მასებს. ჩვენი რჯულმდებელისთვის [მოსესთვის] მსგავსი რამ მიუღებელი იყო. მან კანონს მისცა ისეთი ფორმა, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ „თეოკრატია“, უზენაესი მმართველობისა და ყოველგვარი ძალაუფლების ღმერთზე მინდობა» („აპიონის წინააღმდეგ“, II, გვერდები 164–165). „ოქსფორდის მოკლე ლექსიკონი“ თეოკრატიას შემდეგნაირად განმარტავს: „ღვთის მმართველობის ფორმა“. ეს სიტყვა ბიბლიაში საერთოდ არ გვხვდება, მაგრამ მართებულად გამოხატავს ძველი ისრაელის მმართველობის ფორმას. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელებს ხილული მეფე ჰყავდათ, მათი ნამდვილი მმართველი იეჰოვა იყო. ისრაელთა წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა: „უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე“ (ესაია 33:22).
რა არის ჭეშმარიტი თეოკრატია?
3, 4. ა) რა არის ნამდვილი თეოკრატია? ბ) რა კურთხევებს მოუტანს თეოკრატია ადამიანებს უახლოეს მომავალში?
3 მას შემდეგ, რაც ფლავიუსმა პირველად გამოიყენა სიტყვა თეოკრატია, მრავალ საზოგადოებას ეწოდა თეოკრატიული. ზოგი მათგანი შეუწყნარებელი, ფანატიკური და სასტიკად მტარვალური იყო. იყვნენ თუ არა ისინი ნამდვილად თეოკრატიული? არა, იმ გაგებით, რა გაგებითაც ფლავიუსმა გამოიყენა ეს სიტყვა. პრობლემა ისაა, რომ „თეოკრატიის“ მნიშვნელობა გაფართოვდა. „ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“ მას შემდეგნაირად განმარტავს: „სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რ[ომლ]ის დროსაც უმაღლესი სასულიერო და საერო ძალაუფლება ქურუმობას ანდა სამღვდელოებას უპყრია ხელთ“. მაგრამ ჭეშმარიტი თეოკრატია სამღვდელოების მმართველობა არაა. ის, სინამდვილეში, ღვთის, სამყაროს შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის ხელმძღვანელობა, მმართველობაა.
4 ძალიან მალე მთელ დედამიწაზე იმეფებს თეოკრატია და ეს შესანიშნავი იქნება! „თვით ღმერთი იქნება [ადამიანებთან]. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4). არასრულყოფილ სასულიერო პირთა მმართველობა ვერ მოიტანს ასეთ ბედნიერებას. მხოლოდ ღვთის მმართველობას ძალუძს ეს. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები პოლიტიკით არ ცდილობენ თეოკრატიის დამყარებას. ისინი მოთმინებით ელიან, რომ ღმერთმა განკუთვნილ დროს თავისი შერჩეული მეთოდით დაამყაროს მთელ მსოფლიოში თეოკრატია (დანიელი 2:44).
5. სად არსებობს ჭეშმარიტი თეოკრატია დღეს და ამასთან დაკავშირებით რა კითხვები წამოიჭრება?
5 მაგრამ ჭეშმარიტი თეოკრატია დღესაც არსებობს. სად? მათ შორის, რომლებიც ნებაყოფლობით ემორჩილებიან ღვთის მმართველობას და თანამშრომლობენ მისი ნების შესასრულებლად. ასეთი ერთგული ადამიანები მთელ მსოფლიოში შეადგენენ სულიერ ‘ხალხს’ სულიერ ‘მიწაზე’. ისინი ‘ღვთის ისრაელის’ დარჩენილ ნაწილს, და მათ თანმხლებ ხუთ-ნახევარ მილიონზე მეტ ქრისტიანს წარმოადგენენ (ესაია 66:8; გალატელთა 6:16). ისინი იეჰოვა ღმერთის, ‘საუკუნეთა მეფის’ მიერ გამეფებული იესო ქრისტეს, ქვეშევრდომები არიან (1 ტიმოთე 1:17; გამოცხადება 11:15). რა გაგებით არის ეს ორგანიზაცია თეოკრატიული? როგორი შეხედულება აქვთ მის წევრებს ქვეყნიურ მმართველობაზე? როგორ იცავენ თეოკრატიულ ნორმებს ისინი, რომელებიც თავიანთ სულიერ ქვეყანაში მმართველობენ?
თეოკრატიული ორგანიზაცია
6. შესაძლებელი თუ არა, რომ ადამიანთა ხილულ ორგანიზაციას ღმერთი მართავდეს?
6 შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანთა ორგანიზაციას უხილავ ზეცაში მყოფი იეჰოვა მართავდეს? (ფსალმუნი 102:19). ეს შესაძლებელია, რადგან ისინი ისმენენ ზეშთაგონებულ რჩევას: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას“ (იგავნი 2:6; 3:5). ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ ‘ქრისტეს რჯულსა’ და ღვთისგან ბოძებულ ბიბლიურ ნორმებს, რითაც საშუალებას აძლევენ ღმერთს, იხელმძღვანელოს მათზე (გალატელთა 6:2; 1 კორინთელთა 9:21; 2 ტიმოთე 3:16; იხილეთ მათე 5:22, 28, 39; 6:24, 33; 7:12, 21). საამისოდ კი საჭიროა ბიბლიის კვლევა (ფსალმუნი 1:1–3). ძველი ბერეას ‘კეთილშობილ’ მკვიდრთა მსგავსად, ისინი ბრმად არ მიჰყვებიან ადამიანებს, არამედ ყოველთვის ბიბლიით ამოწმებენ ყველაფერს, რასაც სწავლობენ (საქმეები 17:10, 11; ფსალმუნი 118:33–36). ისინი ფსალმუნმომღერალთან ერთად ლოცულობენ: „კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი“ (ფსალმუნი 118:66).
7. როგორი თანმიმდევრობითაა ზედამხედველობა თეოკრატიაში?
7 ყველა ორგანიზაციაში აუცილებელია უფლებების მქონე, ხელმძღვანელი პირი. გამონაკლისს არც იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ და იცავენ ხელმძღვანელობის ფორმას, რომლის ძირითადი პრინციპი მოგვცა მოციქულმა პავლემ: „ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი — ქმარი და ქრისტეს თავი — ღმერთი“ (1 კორინთელთა 11:3). ამის შესაბამისად, კრებებში მხოლოდ გამოცდილი მამაკაცები მსახურობენ უხუცესებად. და, მიუხედავად იმისა, რომ იესო, „ყოველი მამაკაცის თავი“, ზეცაშია, დედამიწაზე ჯერ კიდევ არიან მისი ცხებული ძმების ‘დარჩენილი ნაწილი’, რომლებსაც ზეცაში მასთან ერთად მმართველობის იმედი აქვთ (გამოცხადება 12:17; 20:6). ისინი შეადგენენ ‘ერთგულ და გონიერ მონას’. ქრისტიანები ემორჩილებიან იესოს და, მაშასადამე, იესოს თავსაც, იეჰოვას, როდესაც აღიარებენ ამ ‘მონის’ ზედამხედველობას (მათე 24:45–47; 25:40). ამგვარად, თეოკრატია არაა უწესრიგო მმართველობა. „ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობისაა“ (1 კორინთელთა 14:33).
8. როგორ ხელმძღვანელობენ ქრისტიანი უხუცესები თეოკრატიის პრინციპით?
8 ქრისტიანი უხუცესები ხელმძღვანელობენ თეოკრატიის პრინციპით, რადგან ესმით, რომ იეჰოვას წინაშე არიან პასუხისმგებლები იმაში, თუ როგორ იყენებენ თავიანთ უფლებებს (ებრაელთა 13:17). გადაწყვეტილებების მიღებისას ისინი ენდობიან ღვთის და არა საკუთარ სიბრძნეს. ამით ისინი იესოს ჰბაძავენ. ის ყველაზე ბრძენი ადამიანი იყო მთელ დედამიწაზე (მათე 12:42). მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან იუდეველებს უთხრა: „ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ უხილავს, რასაც მამა აკეთებს“ (იოანე 5:19). უხუცესებს აგრეთვე მეფე დავითის პოზიცია უჭირავთ. მას მნიშვნელოვანი უფლებები ჰქონდა თეოკრატიაში, მაგრამ სურდა, რომ არა საკუთარი, არამედ იეჰოვას გზებით ევლო. ის ლოცულობდა: „მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე“ (ფსალმუნი 26:11).
9. რა გაწონასწორებული თვალსაზრისი აქვთ მიძღვნილ ქრისტიანებს განსხვავებულ იმედსა და განსხვავებულ დანიშნულებებთან დაკავშირებით თეოკრატიულ მსახურებაში?
9 ზოგს ეეჭვებოდა, იყო თუ არა სამართლიანი, რომ კრებაში გარკვეული უფლებებით სარგებლობენ მხოლოდ გამოცდილი მამაკაცები და, რომ მხოლოდ რამდენიმეს აქვს ზეციერი იმედი, იმ დროს, როცა დანარჩენებს მიწიერი იმედი აქვთ (ფსალმუნი 36:29; ფილიპელთა 3:20). მაგრამ მიძღვნილმა ქრისტიანებმა იციან, რომ ყოველივე ამას ბიბლიური საფუძველი აქვს. ისინი თეოკრატიას ემორჩილებიან. ამას, ჩვეულებრივ, ეჭვით უყურებენ ისინი, რომლებიც არ სცნობენ ბიბლიურ პრინციპებს. გარდა ამისა, ქრისტიანებმა იციან, რომ, გადარჩენის საკითხში, ქალი და კაცი იეჰოვას თვალში თანასწორები არიან (გალატელთა 3:28). ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის სამყაროს უზენაესი მმართველის თაყვანისმცემლებად ყოფნა ყველაზე დიდი უპირატესობაა და მოხარულები არიან, შეასრულონ იეჰოვასგან ბოძებული ნებისმიერი როლი (ფსალმუნი 30:24; 83:11; 1 კორინთელთა 12:12, 13, 18). გარდა ამისა, მარადიული სიცოცხლე ზეცაში იქნება თუ დედამიწაზე სამოთხეში, ნამდვილად საოცარი იმედია.
10. ა) რით არის იონათანი სამაგალითო? ბ) როგორ ბაძავენ იონათანს ქრისტიანები დღეს?
10 ამგვარად, იეჰოვას მოწმეები ჰგვანან იონათანს, მეფე საულის ღვთისმოშიშ ძეს. იონათანი, შესანიშნავი მეფე იქნებოდა, მაგრამ, საულის ორგულობის გამო, იეჰოვამ დავითი აირჩია, რომ ისრაელის მეორე მეფე ყოფილიყო. გააბოროტა ამან იონათანი? — არა. ის დავითის საუკეთესო მეგობარი გახდა და საულისგანაც იცავდა მას (პირველი მეფეთა 18:1; 20:1–42). ასევე მიწიერი იმედის მქონეთაც არ შურთ ზეციერი იმედის მქონეების. ჭეშმარიტ ქრისტიანებს არ შურთ მათი, რომლებიც კრებაში თეოკრატიული უფლებებით სარგებლობენ. პირიქით, ‘უაღრეს სიყვარულს იჩენენ მათდამი’ და ესმით, რომ ისინი სულიერი და-ძმებისთვის მთელი გულმოდგინებით შრომობენ (1 თესალონიკელთა 5:12, 13).
თეოკრატიული თვალსაზრისი ქვეყნიურ მმართველობაზე
11. როგორი შეხედულება აქვთ თეოკრატიის მორჩილ ქრისტიანებს ქვეყნიურ მმართველობაზე?
11 თუ იეჰოვას მოწმეები ღვთის მმართველობას, თეოკრატიას, ექვემდებარებიან, როგორი შეხედულება აქვთ სახელმწიფო მმართველებზე? იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრები არ იქნებოდნენ „წუთისოფლისანი“ (იოანე 17:16). მაგრამ ქრისტიანებს ესმით, რომ ‘კეისრის’, ქვეყნიური ხელისუფლებების, წინაშე ვალდებულები არიან. იესომ თქვა, რომ მათ ‘კეისრისა კეისრისთვის უნდა მიეცათ და ღვთისა — ღვთისთვის’ (მათე 22:21). ბიბლიის თანახმად, მიწიერი მმართველები „ღვთის მიერ არიან დადგენილნი“. იეჰოვა, ყოველ უფლებათა მიმნიჭებელი, უშვებს ხელისუფლებების არსებობას და მათგან ელის, რომ სიკეთე არ დაიშურონ ქვეშევრდომებისთვის. როცა ასე იქცევიან, ‘ღვთის მსახურს’ წარმოადგენენ. ქრისტიანები ‘სინდისით’ იმ ქვეყნის ხელისუფლებას ემორჩილებიან, რომელშიც ცხოვრობენ (რომაელთა 13:1–7). რასაკვირველია, თუ სახელმწიფო ღვთის კანონის საწინააღმდეგოს ითხოვს, ქრისტიანი ‘ღმერთს უფრო მეტად უნდა დაემორჩილოს, ვიდრე ადამიანებს’ (საქმეები 5:29).
12. როდესაც ქრისტიანებს სახელმწიფო მოხელეები სდევნიან, ვის მაგალითს ბაძავენ ისინი?
12 როგორ იქცევიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, როცა სახელმწიფო მოხელეები დევნიან? ისინი ადრინდელ ქრისტიანებს ბაძავენ, რომლებმაც დიდ დევნებს გაუძლეს (საქმეები 8:1; 13:50). რწმენის ასეთი გამოცდა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მათ შესახებ იესომ გააფრთხილა ისინი (მათე 5:10–12; მარკოზი 4:17). მაგრამ ადრინდელ ქრისტიანებს დევნის გამო შური არ უძიებიათ; განსაცდელისას არც მათი რწმენა შერყეულა. ისინი იესოს ბაძავდნენ: „რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს“ (1 პეტრე 2:21–23). დიახ, ქრისტიანული პრინციპები იმარჯვებდა სატანის თავდასხმებზე (რომაელთა 12:21).
13. როგორ მოქმედებენ იეჰოვას მოწმეები დევნისა და ცილისმწამებლური გამოსვლების პასუხად?
13 ეს დღესაც ასეა. ჩვენს საუკუნეში იეჰოვას მოწმეები საშინლად გაწამდნენ დესპოტური მმართველების ხელში, როგორც ეს იესომ იწინასწარმეტყველა (მათე 24:9, 13). ზოგ ქვეყანაში სიცრუესა და დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ მთავრობაზე ზეგავლენა მოახდინონ და ამ წრფელი ქრისტიანების წინააღმდეგ განაწყონ. მაგრამ ასეთი ‘გმობის’ მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები შესანიშნავი ქცევით ყველას უჩვენებენ, რომ ღვთის მსახურების არიან (2 კორინთელთა 6:4, 8). როცა შესაძლებელია ისინი აცნობენ თავიანთ საქმეს თანამდებობის პირებსა და ქვეყნის სასამართლოს, რომ დაამტკიცონ საკუთარი უდანაშაულობა. ისინი ყველანაირად ცდილობენ კეთილი ცნობის დაცვას (ფილიპელთა 1:7). მაგრამ, კანონის ფარგლებში ყველაფრის შეძლებისდაგვარად გაკეთების შემდეგ, საქმეს იეჰოვას ანდობენ (ფსალმუნი 5:9–13; იგავნი 20:22). როცა კი საჭიროა, ადრინდელი ქრისტიანების მსგავსად, ისინიც უშიშრად იტანჯებიან სიმართლისათვის (1 პეტრე 3:14–17).
უპირველესად ღვთის განდიდება
14, 15. ა) რა არის უპირველესი თეოკრატიის პრინციპის მხარდამჭერთათვის? ბ) თავმდაბლობის რა შესანიშნავი მაგალითი, დაგვიტოვა სოლომონმა?
14 როდესაც იესო თავის მიმდევრებს ლოცვას ასწავლიდა, უპირველესად ღვთის სახელის განწმენდა მოიხსენია (მათე 6:9). ამის თანახმად, თეოკრატიის მორჩილნი ღვთის დიდებას ეძიებენ და არა საკუთარს (ფსალმუნი 28:1, 2). ბიბლია გვაუწყებს, რომ პირველ საუკუნეში ეს დაბრკოლების ლოდი იყო მათთვის, რომლებიც უარზე იყვნენ, მიჰყოლოდნენ იესოს, რადგან მათ „ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ“ და სურდათ ადამიანებს ედიდებინათ (იოანე 12:42, 43). ფაქტია, თავმდაბლობაა საჭირო, რომ საკუთარ თავზე წინ იეჰოვა დააყენო.
15 ამასთან დაკავშირებით სოლომონმა შესანიშნავი სულისკვეთება გამოიჩინა. შეადარეთ მისი სიტყვები, რომელიც მისივე აშენებული დიდებული ტაძრის გახსნის დროს წარმოთქვა, ნაბუქოდონოსორის სიტყვებს მის საგმირო მშენებლობასთან დაკავშირებით. ამპარტავნობით იკვეხნიდა ნაბუქოდონოსორი: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც მეფის სადიდებლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით ჩემი სიდიადის საქებრად?“ (დანიელი 4:27). მისგან განსხვავებით, სოლომონს არ წარმოუჩენია საკუთარი ღირსებები: „ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორღა დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?“ (მეორე ნეშტთა 6:14, 15, 18; ფსალმუნი 126:1). სოლომონს არ განუდიდებია საკუთარი თავი. მან იცოდა, რომ მხოლოდ იეჰოვას წარმომადგენელი იყო და დაწერა: «ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან [„თავმდაბლებთან“, აქ] კი სიბრძნეა» (იგავნი 11:2).
16. რით აჩვენებენ უხუცესები, რომ ნამდვილ კურთხევას წარმოადგენენ კრებისთვის?
16 მსგავსად ამისა, ქრისტიანი უხუცესებიც იეჰოვას ადიდებენ და არა საკუთარ თავს. ისინი მიყვებიან პეტრეს რჩევას: „მსახურებს ვინმე? იმსახუროს, როგორც ღმრთის მიერ ბოძებული ძალით, რათა სრულიად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ“ (1 პეტრე 4:11, სსგ). პავლე მოციქულმა „ეპისკოპოსობა“ აღწერა არა როგორც გამოჩენილი და მნიშვნელოვანი მდგომარეობა, არამედ როგორც „კეთილი საქმე“ (1 ტიმოთე 3:1). უხუცესები დანიშნული არიან, რომ სხვებს მოემსახურონ და არა იბატონონ. ისინი ღვთის სამწყსოს მასწავლებლები და მწყემსები არიან (საქმეები 20:28; იაკობი 3:1). თავმდაბალი, თავგანწირული უხუცესები ნამდვილ კურთხევას წარმოადგენენ კრებისთვის (1 პეტრე 5:2, 3). „პატივისცემით მოეპყარით მისთანებს“ და მადლიერება გამოთქვით იეჰოვას წინაშე, რომ მან იზრუნა კრებაში გამოცდილი უხუცესების ყოფნაზე ამ „უკანასკნელ დღეებში“ თეოკრატიის მხარდასაჭერად (ფილიპელთა 2:29; 2 ტიმოთე 3:1).
„მიბაძეთ ღმერთს“
17. რაში ბაძავენ თეოკრატიის მორჩილნი ღმერთს?
17 პავლე მოციქული ეფესელებს მოუწოდებდა: „მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფესელთა 5:1). ისინი, რომლებიც თეოკრატიას ემორჩილებიან, ცდილობენ, რომ, არასრულყოფილების მიუხედავად, მიბაძონ ღმერთს. მაგალითად, ბიბლიაში იეჰოვაზე ნათქვამია: „კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:3, 4). ამ საკითხში ღმერთს რომ მიბაძონ, ქრისტიანებს მიზნად აქვთ მისდიონ ჭეშმარიტებასა და სიმართლეს და იქონიონ სამართლიანობის გაწონასწორებული გრძნობა (მიქა 6:8; 1 თესალონიკელთა 3:6; 1 იოანე 3:7). ისინი ერიდებიან იმას, რაც წუთისოფელში მისაღებია, მაგალითად, უზნეობას, სიხარბესა და ანგარებას (ეფესელთა 5:5). რადგანაც იეჰოვას მსახურები იცავენ ღვთის და არა ადამიანთა ნორმებს, ამიტომაა ეს ორგანიზაცია თეოკრატიული, სუფთა და ჯანსაღი.
18. რომელია ღვთის აღმატებული თვისება და როგორ ავლენენ ამ თვისებას ქრისტიანები?
18 იეჰოვა ღმერთის აღმატებული თვისება არის სიყვარული. „ღმერთი სიყვარულია“, — ამბობს მოციქული იოანე (1 იოანე 4:8). რადგანაც თეოკრატია ღვთის მმართველობას ნიშნავს, მაშინ სიყვარულით მმათველობასაც ნიშნავს. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). თეოკრატიული ორგანიზაცია სამაგალითო სიყვარულს ავლენს ამ უკანასკნელ დღეებში. აფრიკაში გენოციდის დროს იეჰოვას მოწმეებმა ყველას, ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის, მიმართ გამოიჩინეს სიყვარული. ყოფილ იუგოსლავიაში ომის დროს იეჰოვას მოწმეები ყველგან ეხმარებოდნენ ერთმანეთს, როცა სხვა რელიგიური ჯგუფები მონაწილეობას ღებულობდნენ ეგრეთწოდებულ ეთნიკურ წმენდაში. იეჰოვას ყოველი მოწმე ცდილობს, მოიქცეს პავლეს შემდეგი რჩევის თანახმად: „ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად. მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“ (ეფესელთა 4:31, 32).
19. რა კურთხევებია თეოკრატიის მორჩილთათვის როგორც დღეს, ასევე მომავალში?
19 ისინი, რომლებიც ემორჩილებიან თეოკრატიას, უხვად არიან კურთხეული. მათ მშვიდობა აქვთ ღმერთთან და თანაქრისტიანებთან (ებრაელთა 12:14; იაკობი 3:17). მათ აქვთ სიცოცხლის აზრი (ეკლესიასტე 12:13). მათ აქვთ სულიერი უსაფრთხოება და მომავლის მტკიცე იმედი (ფსალმუნი 58:10). ისინი დიდი სიხარულით ელიან იმ დროს, როდესაც ყველა თეოკრატიულ მმართველობას დაემორჩილება. ბიბლია ამბობს, რომ იმ დროს „არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9). რა შესანიშნავი დრო იქნება! მოდი ყველამ მოვიმზადოთ ადგილები მომავალ სამოთხეში იმით, რომ არ გადავუხვიოთ თეოკრატიას.
შეგიძლიათ განმარტოთ?
◻ რა არის ნამდვილი თეოკრატია და დღეს სად არსებობს?
◻ როგორ ემორჩილებიან ადამიანები თეოკრატიას?
◻ როგორ აყენებენ თეოკრატიის მორჩილნი საკუთარზე წინ ღვთის განდიდებას?
◻ ღვთის რომელ თვისებებს ბაძავენ თეოკრატიის მომხრეები?
[სურათი 17 გვერდზე]
სოლომონმა საკუთარზე წინ ღვთის განდიდება დააყენა.