რწმენა მოქმედებისკენ აღგვძრავს!
„ხედავ, [აბრაამის] რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრულყოფილი შეიქმნა რწმენა“ (იაკობი 2:22).
1, 2. როგორ ვიმოქმედებთ, თუ რწმენა გვაქვს?
მრავალი ამბობს, რომ სწამს ღმერთი. მაგრამ მხოლოდ სიტყვები მკვდარივით უსიცოცხლოა. „რწმენაც: თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია“ — წერდა მოწაფე იაკობი. მან აგრეთვე თქვა, რომ ღვთისმოშიშ აბრაამს ჰქონდა რწმენა, რომელიც ‘მის საქმეებთან ერთად მოქმედებდა’ (იაკობი 2:17, 22). რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვებს ჩვენთვის?
2 თუ ჭეშმარიტი რწმენა გვაქვს, ქრისტიანულ შეხვედრებზე ნათქვამის მხოლოდ დაჯერება არ დაგვაკმაყოფილებს. იეჰოვას შესახებ აქტიური დამოწმებით აშკარად გამოვავლენთ ჩვენს რწმენას. დიახ, რწმენა ცხოვრებაში ღვთის სიტყვის მიყოლისა და მოქმედებისკენ აღგვძრავს.
რწმენა და მიკერძოება შეუთავსებელია
3, 4. როგორ უნდა იმოქმედოს რწმენამ სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე?
3 ღვთისა და ქრისტეს მიმართ თუ ჭეშმარიტი რწმენა გვაქვს, მიკერძოებას არ გამოვავლენთ (იაკობი 2:1–4). იმ ადამიანებიდან ზოგი, ვისაც იაკობი სწერდა, არ ავლენდა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის სავალდებულო მიუკერძოებლობას (რომაელთა 2:11). ამიტომ იაკობი ამბობს: „მიკერძოებით ნუ გექნებათ ჩვენი დიდების უფლის, იესო ქრისტეს რწმენა“. როდესაც შეხვედრაზე მივიდოდა ოქროს ბეჭდიანი, მბრწყინავ სამოსელში გამოწყობილი ურწმუნო მდიდარი და ურწმუნო „ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით“, ორივე კარგად უნდა მიეღოთ, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას მხოლოდ მდიდრის მიმართ ავლენდნენ. მას ‘კარგ’ ადგილზე სვამდნენ, მაშინ როდესაც ღარიბ ურწმუნოს ეუბნებოდნენ, დამდგარიყო ან ვინმეს ფერხთით დამჯდარიყო.
4 იეჰოვამ იესო ქრისტეს მიერ გაღებული გამომსყიდველური მსხვერპლი თანაბრად გაითვალისწინა როგორც მდიდრებისთვის, ისე ღარიბებისთვის (2 კორინთელთა 5:14). ამიტომ თუ მდიდრებს მიკერძოებით მოვექცეოდით, გადავუხვევდით ქრისტეს რწმენას, რომელიც ‘გაღატაკდა, რათა ჩვენ გავმდიდრებულიყავით მისი სიღატაკით’ (2 კორინთელთა 8:9). ნურასოდეს შევაფასებთ ასე ადამიანებს და მლიქვნელურად ნუ განვადიდებთ მათ. ღმერთი მიკერძოებული არ არის, მაგრამ, თუ მიკერძოებას გამოვავლენდით, მაშინ ‘ბოროტად განმკითხველნი’ ვიქნებოდით (იობი 34:19). თუ გვსურს, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ მიკერძოების ან ‘ანგარების გამო პირფერობის’ ცდუნებას (იუდა 4, 16).
5. ვინ აირჩია ღმერთმა „რწმენით მდიდრებად“ და ხშირად როგორ იქცევიან მატერიალურად მდიდრები?
5 იაკობი აჩვენებს, თუ ვინ არის ნამდვილად მდიდარი და ყველას მიმართ მიუკერძოებელი სიყვარულისკენ მოგვიწოდებს (იაკობი 2:5–9). ‘ღმერთმა წუთისოფლის ღარიბები აირჩია რწმენით მდიდრებად და სამეფოს მემკვიდრეებად’. ამის მიზეზი კი ის არის, რომ უფრო ხშირად ღარიბები ეხმაურებიან კეთილ ცნობას (1 კორინთელთა 1:26–29). მატერიალურად მდიდართა კლასი ჩაგრავს სხვებს ვალებთან, ხელფასებსა და კანონიერ მოქმედებებთან დაკავშირებულ საკითხებში. ისინი ბოროტად ლაპარაკობენ ქრისტეს შესახებ და, მისი სახელის ტარების გამო, ჩვენც გვდევნიან. მაგრამ ვიყოთ გადაწყვეტილებით სავსე, დავემორჩილოთ „სამეფო რჯულს“, რომელიც მოყვასის სიყვარულს გვავალებს — ერთნაირ სიყვარულს როგორც მდიდრების, ისე ღარიბების მიმართ (ლევიანნი 19:18; მათე 22:37–40). რადგან ეს ღვთის მოთხოვნაა, მიკერძოების გამოვლენა ‘ცოდვაა’.
„წყალობა აღემატება სამსჯავროს“
6. როგორ ვხდებით რჯულის დამრღვევები, თუ სხვებისადმი გულმოწყალეები არ ვართ?
6 თუ უმოწყალოდ ვავლენთ მიკერძოებას, რჯულს არ ვიცავთ (იაკობი 2:10–13). ამ საკითხში არასწორი ნაბიჯების გადადგმით ღვთის მთელი რჯულის დამრღვევები ვხდებით. ისრაელები, რომლებსაც მრუშობა არ ჩაუდენიათ, მაგრამ ქურდობდნენ, მოსეს რჯულის დამრღვევები ხდებოდნენ. როგორც ქრისტიანები, ჩვენ ვსამართლდებით ‘თავისუფალი ხალხის რჯულით’ (აქ), ახალ კავშირში მყოფი სულიერი ისრაელების რჯულით, რომლებსაც ეს რჯული გულებში აქვთ (იერემია 31:30–32).
7. რატომ არ უნდა მოელოდნენ ღვთისგან მოწყალებას მიკერძოების გამოვლენის გამგრძელებლები?
7 თუ ვაცხადებთ, რომ გვაქვს რწმენა, მაგრამ გამუდმებით მიკერძოებას ვავლენთ, საფრთხეში ვიმყოფებით. ისინი, რომლებსაც სიყვარული არ გააჩნიათ და უმოწყალოები არიან, უმოწყალოდ განისჯებიან (მათე 7:1, 2). იაკობი ამბობს: „წყალობა აღემატება სამსჯავროს“. თუ იეჰოვას სულიწმიდის ხელმძღვანელობას მივყვებით და ყოველ ჩვენს ქცევაში მოწყალებას გამოვავლენთ, სასამართლოს დროს ის მსჯავრს არ დაგვდებს. პირიქით, ჩვენ შეწყალებული ვიქნებით და ამგვარად გავიმარჯვებთ მკაცრ სამართლიანობაზე ან არასასურველ განაჩენზე.
რწმენას კარგი საქმეები მოჰყვება
8. რა მდგომარეობაშია პიროვნება, რომელიც ამბობს, რომ რწმენა აქვს, მაგრამ საქმეები არ გააჩნია?
8 იმის გარდა, რომ რწმენა მოსიყვარულესა და მოწყალეს გვხდის, მას სხვა კარგი საქმეებიც მოჰყვება (იაკობი 2:14–26). რასაკვირველია, მხოლოდ იმის თქმა, რომ რწმენა გვაქვს, საქმეების გარეშე ვერ გვიხსნის. რჯულის საქმეებით კი შეუძლებელია ღვთის წინაშე მართლად წარდგომის დამსახურება (რომაელთა 4:2–5). იაკობი ლაპარაკობს არა რჯულის კანონთა კრებულით აღძრულ საქმეებზე, არამედ — რწმენითა და სიყვარულით. თუ ეს თვისებები გვამოძრავებს, მაშინ გაჭირვებული თანამორწმუნის მიმართ სიკეთეს მხოლოდ სიტყვებით არ გამოვხატავთ. ჩვენ მატერიალურადაც დავეხმარებით შიშველ ან მშიერ ძმასა თუ დას. იაკობი სვამს კითხვას: „[თუ] რომელიმე თქვენგანი. . . ეტყვის მას: მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოვეო, სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია?“ არავითარი (იობი 31:16–22). ასეთი „რწმენა“ მკვდარია!
9. რა ცხადყოფს, რომ რწმენა გვაქვს?
9 ჩვენ შეიძლება გარკვეული ურთიერთობა გვქონდეს ღვთის ხალხთან, მაგრამ მხოლოდ მთელი გულით გაკეთებულ საქმეებს შეუძლია დაადასტუროს ჩვენი განაცხადი, რომ გვაქვს რწმენა. ძალიან კარგია, თუ უკვე უარვყავით სამების დოგმატი და გვწამს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს. მაგრამ რწმენა მხოლოდ ის არ არის, რომ გწამდეს რაღაცა. „ეშმაკებსაც სწამთ“ და შიშისგან „კანკალებენ“, რადგან იციან, რომ განადგურება ელით. თუ ნამდვილად გვაქვს რწმენა, ის კეთილი ცნობის ქადაგებისა და გაჭირვებული თანამორწმუნეებისთვის საკვებითა და ტანსაცმლით დახმარებისკენ აღგვძრავს. იაკობი სვამს კითხვას: „შენ კი, ამაო [ღვთის შესახებ ზუსტი შემეცნების უცოდინარო] ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია?“ დიახ, რწმენა საქმეებს მოითხოვს.
10. რატომ ეწოდა აბრაამს „ყველა. . . მორწმუნის მამა“?
10 ღვთისმოშიში პატრიარქი აბრაამი რწმენამ მოქმედებისკენ აღძრა. როგორც „ყველა. . . მორწმუნის მამა“, ის „საქმეებით. . . გამართლდა, როცა თავის ძეს, ისაკს სამსხვერპლოზე სწირავდა“ (რომაელთა 4:11, 12; დაბადება 22:1–14). რა მოხდებოდა, თუ აბრაამს რწმენა არ ექნებოდა და იფიქრებდა, რომ ღმერთს არ შეუძლია ისაკის აღდგენა და მისი მეშვეობით თესლის შესახებ აღთქმის შესრულება? აბრაამი არასოდეს არ ეცდებოდა თავისი ძის შეწირვას (ებრაელთა 11:19). აბრაამის მორჩილებით „სრულყოფილი შეიქმნა [მისი] რწმენა“, ანუ სისრულეს მიაღწია. ამგვარად, «აღსრულდა წერილი [დაბადება 15:6], რომელიც ამბობს: „და ერწმუნა აბრაამი ღმერთს“. ეს მას სიმართლეში ჩაეთვალა». აბრაამის საქმეებმა, — ისაკის შეწირვის მცდელობამ, — განამტკიცა ღვთის ადრინდელი განაცხადი, რომ ის მართალი კაცი იყო. რწმენიდან გამომდინარე საქმეებით მან იეჰოვასადმი სიყვარული გამოავლინა და „ღვთის მეგობარი“ ეწოდა.
11. რა მტკიცება გვაქვს რახაბის რწმენის შესახებ?
11 აბრაამმა დაადასტურა, „რომ საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით“. იმავეს თქმა შეიძლება იერიხონელ მეძავზე, რახაბზე. ის „საქმეებით. . . გამართლდა, როცა მზვერავები [ისრაელები] მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა“, რათა ქანაანელი მტრებისგან გაქცეულიყვნენ. ისრაელ მზვერავებთან შეხვედრამდე რახაბის მიერ იეჰოვას ჭეშმარიტ ღმერთად აღიარება, აგრეთვე მისი შემდგომი სიტყვები და მეძავობის მიტოვება, რწმენის ნათელ მტკიცებას წარმოადგენს (იესო ნავეს ძე 2:9–11; ებრაელთა 11:31). საქმეებით გამოვლენილი რწმენის ამ მეორე მაგალითის მოყვანის შემდეგ იაკობი ამბობს: „როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე“. როცა ადამიანი მკვდარია, არავითარი მაცოცხლებელი ძალა ანუ „სული“ მასში არ არის და მას არაფრის კეთება არ შეუძლია. მხოლოდ იმის თქმა, რომ გაქვს რწმენა, მკვდარი სხეულივით სიცოცხლეს მოკლებული და უსარგებლოა. მაგრამ, თუ ნამდვილი რწმენა გვაქვს, ის ღვთისმოსაწონი მოქმედებისკენ აღგვძრავს.
ალაგმე ენა!
12. რა უნდა აკეთონ კრების უხუცესებმა?
12 საუბარი და სწავლებაც შეიძლება იყოს რწმენის მაჩვენებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო (იაკობი 3:1–4). უხუცესებს, როგორც კრების დამმოძღვრავებს, ღვთის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება აკისრიათ. ამიტომ მათ თავმდაბლურად უნდა გამოიკვლიონ თავიანთი აღძვრები და თვისებები. ცოდნისა და უნარის გარდა, ამ მამაკაცებს ღვთისა და თანამორწმუნეების მიმართ დიდი სიყვარული უნდა ჰქონდეთ (რომაელთა 12:3, 16; 1 კორინთელთა 13:3, 4). უხუცესების რჩევა საღვთო წერილზე უნდა იყოს დაფუძნებული. თუ უხუცესი არასწორ რჩევას იძლევა და ეს სხვებს პრობლემებს უქმნის, ის ღვთისგან იესო ქრისტეს მეშვეობით არასასურველ განაჩენს მიიღებს. ამიტომ უხუცესები თავმდაბლები და გულმოდგინეები, ღვთის სიტყვის ერთგული დამცველები უნდა იყვნენ.
13. რატომ ვცოდავთ სიტყვით?
13 ჩინებული მასწავლებლებიც კი — ფაქტიურად, თითოეული ჩვენგანი, — არასრულყოფილების გამო ‘ბევრს ცოდავს’. სიტყვით შეცოდვა ყველაზე ხშირი და საზიანო შეცდომაა. იაკობი ამბობს: „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“. იესო ქრისტესგან განსხვავებით, ჩვენ არ შეგვიძლია სრულყოფილად ავლაგმოთ ენა. თუ ამას შევძლებდით, მაშინ მთელ სხეულსაც ავლაგმავდით. მაგალითად, აღვირი და ლაგამი საშუალებას გვაძლევს, ცხენი საითაც გვინდა იქით წავიყვანოთ; აგრეთვე მესაჭეს შეუძლია პატარა საჭით ძლიერ ქარიშხალში დიდი გემიც კი თავისი სურვილისამებრ მართოს.
14. როგორ ამახვილებს ყურადღებას იაკობი, რომ ყოველი ღონეა საჭირო ენის ასალაგმავად?
14 თითოეულმა ჩვენგანმა გულწრფელად უნდა აღიაროს, რომ ენის ასალაგმავად დიდი ძალისხმევაა საჭირო (იაკობი 3:5–12). ცხენთან შედარებით ლაგამი პატარაა; ასევეა საჭეც გემთან შედარებით. თუ ენას ადამიანის სხეულთან შევადარებთ, ის პატარაა, მაგრამ „ბევრს იქადის“. რადგან საღვთო წერილი ნათლად აჩვენებს, რომ ღმერთს არ მოსწონს ტრაბახი, ამიტომ ვთხოვოთ იეჰოვას, დაგვეხმაროს მისგან თავშეკავებაში (ფსალმუნი 11:4, 5; 1 კორინთელთა 4:7). აგრეთვე გაბრაზებისას მოდი ენას კბილი დავაჭიროთ და გვახსოვდეს, რომ ის მხოლოდ ნაპერწკალი იქნება ტყისთვის ცეცხლის მოსაკიდებლად. როგორც იაკობი აჩვენებს, ‘ენა ცეცხლია’, რომელსაც დიდი ზიანის მოტანა შეუძლია (იგავნი 18:21). აი, რატომ ეწოდება ნებაზე მიშვებულ ენას ‘უსამართლობის მთელი სამყარო’. ამ უღვთო წუთისოფლის ყველა უბედურება აულაგმავ ენასთანაა დაკავშირებული. ის არის ისეთი საზიანო მოქმედებების მიზეზი, როგორიცაა: ცილისწამება და ცრუ სწავლება (ლევიანნი 19:16; 2 პეტრე 2:1). რას ფიქრობ? განა არ უნდა აღგვძრას რწმენამ, რომ ყოველი ღონე ვიხმაროთ ენის ასალაგმავად?
15. რა ზიანი შეიძლება მოიტანოს აულაგმავმა ენამ?
15 აულაგმავი ენა ‘წამბილწავია’. მაგალითად, თუ რამდენჯერმე ტყუილში გამოგვიჭირეს, შეიძლება მატყუარას სახელი დაგვერქვას. მაგრამ როგორ შეიძლება ნებაზე მიშვებული ენა «ჩვენი ყოფიერების ბორბლის აღმაგზნებელი, („ახალი აღთქმა და ფსალმუნი, 1990 წლის გამოცემა“)» გახდეს? ცხოვრების მანკიერ წრედ გადაქცევით. ერთმა აულაგმავმა ენამ შეიძლება მთელი კრება შეაშფოთოს. იაკობი მოიხსენიებს ‘ჯოჯოხეთს [„გეენას“, აქ]’, ბენ-ჰინომის ველს. ერთ დროს ის ბავშვების მსხვერპლად შეწირვის ადგილად გამოიყენებოდა, ხოლო შემდეგ ნაგავსაყრელ ადგილად იქცა, სადაც იერუსალიმის მოსახლეობა ნაგავს ყრიდა ცეცხლში დასაწვავად (იერემია 7:31). ამიტომ გეენა განადგურების სიმბოლოა. გარკვეული გაგებით, გეენა თავის დამღუპველ ძალას ნებაზე მიშვებული ენის მეშვეობით იყენებს. თუ ენას ლაგამს არ ამოვდებთ ჩვენივე ენით დანთებულ ცეცხლში დავიწვებით (მათე 5:22). შეიძლება ვინმეს გალანძღვისთვის კრებიდანაც კი გაგვრიცხონ (1 კორინთელთა 5:11–13).
16. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ზიანს, რომლის მოტანაც ნებაზე მიშვებულ ენას შეუძლია?
16 შეიძლება ღვთის სიტყვის წაკითხვიდან უკვე იცი, რომ იეჰოვამ მამაკაცს ცოცხალ არსებებზე მბრძანებლობის მითითება მისცა (დაბადება 1:28). და მართლაც ადამიანმა ყველა სახეობის ქმნილება მოათვინიერა. მაგალითად, გაწვრთნილ შევარდენს ნადირობისას იყენებენ. იაკობის მიერ მოხსენიებულ ‘ქვეწარმავლებში’ შესაძლოა შედის გველი, რომელსაც გველის შემლოცველი იმორჩილებს (ფსალმუნი 57:5, 6). ადამიანს ვეშაპის დამორჩილებაც კი შეუძლია, მაგრამ, როგორც ცოდვილებს, ენის მთლიანად დამორჩილება არ შეგვიძლია. მიუხედავად ამისა, უნდა მოვერიდოთ შეურაცხმყოფელ, გესლიან ან ცილისმწამებლურ შენიშვნებს. ნებაზე მიშვებული ენა შეიძლება სასიკვდილო გესლით სავსე იარაღი აღმოჩნდეს (რომაელთა 3:13). სამწუხაროა, მაგრამ ცრუმოძღვრების ენამ ზოგი ადრინდელი ქრისტიანი ღმერთს ჩამოაშორა. ამიტომ არასოდეს დავუშვათ, რომ გვძლიოს განდგომილთა წერილობით თუ სიტყვიერად გადმოცემულმა შხამიანმა სიტყვებმა (1 ტიმოთე 1:18–20; 2 პეტრე 2:1–3).
17, 18. რა შეუსაბამობა არის აღნიშნული იაკობის 3:9–12-ში და რა უნდა ვაკეთოთ ამასთან დაკავშირებით?
17 ღვთისადმი რწმენა და მისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილი განდგომილების გავლენისა და ენის არასწორი გამოყენებისგან დაგვიცავს. იაკობი შემდეგი სიტყვებით შეუსაბამობაზე მიუთითებს: „მით [ენით] ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს“ (დაბადება 1:26). იეჰოვა არის ჩვენი მამა, რადგან ის „ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს“ (საქმეები 17:24, 25). ის, სულიერი გაგებით, ცხებული ქრისტიანების მამაცაა. თითოეული ჩვენგანი, ცხოველებისგან განსხვავებით, ‘ღვთის ხატად არის შექმნილი’ როგორც ფსიქიკური, ისე მორალური თვისებებით, რომელშიც სიყვარული, სამართლიანობა და სიბრძნეც შედის. ამიტომ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ იეჰოვასადმი რწმენა გვაქვს?
18 თუ ადამიანს ვწყევლით, ეს ნიშნავს, რომ მთელი გულით გვსურს, ანუ ვითხოვთ, რომ მას ცუდი რამ შეემთხვეს. რადგან ჩვენ არა ვართ ღვთის სულით ინსპირირებული წინასწარმეტყველები, რომლებსაც უფლება ჰქონდათ დაეწყევლათ რომელიმე ადამიანი, ასეთი ენის გამოყენება სიძულვილის გამომხატველი იქნებოდა, რაც გააქარწყლებდა ღვთისადმი ჩვენს მიერ ხოტბის შესხმას. ერთი და იმავე პირიდან არ უნდა გამოდიოდეს „ლოცვა-კურთხევა და წყევლა“ (ლუკა 6:27, 28; რომაელთა 12:14, 17–21; იუდა 9). რამხელა ცოდვა იქნებოდა შეხვედრებზე სიმღერებით ხოტბა შეგვესხა ღვთისთვის და მოგვიანებით კი თანამორწმუნეებზე ცუდი გველაპარაკა! შეუძლებელია ერთი წყაროს თვალიდან მოედინებოდეს ტკბილი და მწარე. როგორც ‘ლეღვის ხეს არ შეუძლია ზეთისხილი მოისხას, ანდა ვაზს — ლეღვი’, ისე მწარე წყლისგან ტკბილი არ გამოვა. სულიერად რაღაცა არა გვაქვს მწყობრში, თუ ჩვენ, რომლებიც კარგს უნდა ვლაპარაკობდეთ, გამუდმებით გესლიანად ვლაპარაკობთ. თუ ეს ჩვევად გვექცა, მოდი ლოცვაში ვთხოვოთ იეჰოვას დახმარება, რომ გადავიგდოთ ეს ჩვევა (ფსალმუნი 38:2).
მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნის შესაბამისად მოქმედება
19. როგორ გავლენას მოვახდენთ სხვებზე, თუ ზეციერი სიბრძნით ვიხელმძღვანელებთ?
19 თითოეულ ჩვენგანს სჭირდება სიბრძნე, რათა ისე ილაპარაკოს და მოიქცეს, როგორც ეს მორწმუნეს შეეფერება (იაკობი 3:13–18). თუ ღვთისადმი მოკრძალებული შიში გვაქვს, ის ზეციერი სიბრძნით, ცოდნის სწორად გამოყენებით, დაგვაჯილდოებს (იგავნი 9:10; ებრაელთა 5:14). ღვთის სიტყვა გვასწავლის, თუ როგორ გამოვავლინოთ ‘ბრძნული სიმშვიდე’ (სსგ). და თუ მშვიდნი ვართ, ხელს ვუწყობთ კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას (1 კორინთელთა 8:1, 2). ნებისმიერი, ვინც იკვეხნის, რომ თანამორწმუნეებისთვის დიდ მასწავლებელს წარმოადგენს, ‘ცრუობს ქრისტიანული ჭეშმარიტების წინააღმდეგ’, რომელიც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის განმსჯელია (გალატელთა 5:26). მათი ‘სიბრძნე მიწიერია’ და ღვთისგან ჩამოცილებული ცოდვილი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. ის ‘მშვინვიერია’, ვინაიდან ხორციელი მიდრეკილების შედეგია. ის ‘ეშმაკურიც’ კია, რადგან ბოროტი სულები ამაყები არიან (1 ტიმოთე 3:6). ამიტომ ვიმოქმედოთ ბრძნულად და თავმდაბლურად, რათა არ შევქმნათ ისეთი ატმოსფერო, სადაც ისეთი ‘ბოროტმოქმედება’ ყვავის, როგორიცაა: ცილისწამება და მიკერძოება.
20. როგორ აღწერდი ზეციერ სიბრძნეს?
20 „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა“ და ზნეობრივად და სულიერად გვასუფთავებს (2 კორინთელთა 7:11). ის ‘მშვიდობიანია’ და მშვიდობის ძიებისკენ აღგვძრავს (ებრაელთა 12:14). ზეციერი სიბრძნე ‘გონიერს’ გვხდის და არა დოგმატურს, რომელთანაც რთულია ურთიერთობის დამყარება (ფილიპელთა 4:5). მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე ‘მორჩილია’ (სსგ) და ღვთიური სწავლებებისა და იეჰოვას ორგანიზაციასთან თანამშრომლობისკენ აღგვძრავს (რომაელთა 6:17). მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე აგრეთვე შემწყალებლებსა და თანამგრძნობებს გვხდის (იუდა 22, 23, აფ). როდესაც „კეთილი ნაყოფით“ სავსენი ვართ, ეს აღგვძრავს, ვიზრუნოთ სხვებზე და მოვიქცეთ სიკეთით, სიმართლითა და ჭეშმარიტებით (ეფესელთა 5:9). და როგორც მშვიდობისმყოფელთ, გვაქვს ‘სიმართლის ნაყოფი’, რომელიც მშვიდობიან ატმოსფეროში ყვავის.
21. როგორი მოქმედებისკენ უნდა აღგვძრას ღვთისადმი რწმენამ იაკობის 2:1—3:18-ის თანახმად?
21 როგორც ვხედავთ, ცხადია, რომ რწმენა მოქმედებისკენ აღგვძრავს. ის მიუკერძოებელს, მოწყალესა და კეთილი საქმეების მკეთებელს გვხდის. რწმენა ენის ალაგმვასა და ზეციერი სიბრძნით მოქმედებაში გვეხმარება. მაგრამ ამით არ ამოიწურება ყველაფერი, რის სწავლაც ამ წერილიდან შეგვიძლია. იაკობმა კიდევ მოგვცა რჩევები, რომლებიც ისეთ მოქმედებაში დაგვეხმარება, რაც იეჰოვასადმი რწმენის მქონეებს შეშვენით.
როგორ უპასუხებდი?
◻ რით არის ცუდი მიკერძოების გამოვლენა?
◻ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული რწმენა და საქმე?
◻ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ენის ალაგმვა?
◻ როგორია ზეციერი სიბრძნე?