განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ იდექი რწმენაში!
„ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით“ (იაკობი 1:2).
1. რის მიუხედავად ემსახურება იეჰოვას ხალხი მას რწმენითა და „კეთილი გულით“?
იეჰოვას ხალხი, მისი მოწმეები, რწმენითა და „კეთილი გულით“ ემსახურებიან მას (მეორე რჯული 28:47; ესაია 43:10). თუმცა განსაცდელით არიან გარემოცული, ისინი მაინც ასე იქცევიან. სირთულეების მიუხედავად, ისინი ნუგეშს შემდეგ სიტყვებში პოულობენ: „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს“ (იაკობი 1:2, 3).
2. რა არის ცნობილი იაკობის წერილის დამწერის შესახებ?
2 ეს სიტყვები ახ. წ. დაახლოებით 62 წელს იესოს ნახევარძმამ, მოწაფე იაკობმა, დაწერა (მარკოზი 6:3). იაკობი იერუსალიმში კრების უხუცესი იყო. ფაქტიურად, ის, კეფა (პეტრე) და იოანე კრების ძლიერ, მტკიცე, ურყევ მხარდამჭერებად ანუ „სვეტებად ითვლებოდნენ“ (გალატელთა 2:9). როცა ახ. წ. დაახლოებით 49 წელს ‘მოციქულებისა და უხუცესების’ წინაშე საკამათო საკითხი დაისვა, იაკობმა საღვთო წერილზე დაფუძნებული საღი წინადადება შემოიტანა, რომელიც მიიღო პირველი საუკუნის ხელმძღვანელმა საბჭომ (საქმეები 15:6–29).
3. რომელი იყო იმ პრობლემებიდან ზოგიერთი, რომლის წინაშეც პირველი საუკუნის ქრისტიანები იდგნენ და როგორ შეგვიძლია იაკობის წერილიდან უდიდესი სარგებლის მიღება?
3 როგორც მზრუნველმა სულიერმა მწყემსმა, იაკობმა ‘იცოდა თავისი ფარის ამბავი’ (იგავნი 27:23). მას ესმოდა, რომ მაშინ ქრისტიანები მძიმე განსაცდელის წინაშე იდგნენ. ზოგის აზროვნება შესაცვლელი იყო, რადგან ისინი მდიდრების მიმართ მიკერძოებას იჩენდნენ. ზოგისთვის თაყვანისცემა მხოლოდ ფორმალობა იყო. ზოგს თავისი აულაგმავი ენით მოჰქონდა ზიანი. წუთისოფლის სული უარყოფითად მოქმედებდა და მრავალს არც მოთმინება ჰქონდა და არც ლოცულობდა. ფაქტიურად, ზოგი ქრისტიანი სულიერად დაავადებული იყო. იაკობის წერილი ასეთი საკითხების გამოსასწორებლად იყო გამიზნული და მისი რჩევა დღესაც ისეთივე სასარგებლოა, როგორც ახ. წ. პირველ საუკუნეში. დიდად სასარგებლო აღმოჩნდება, თუ ამ წერილს პირადად ჩვენთვის მოწერილად ჩავთვლითa.
როცა განსაცდელში ვცვივდებით
4. როგორ უნდა შევხედოთ განსაცდელს?
4 იაკობი გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა შევხედოთ განსაცდელს (იაკობი 1:1–4). ის არ მოიხსენიებს თავის ოჯახურ კავშირებს ღვთის ძესთან და საკუთარ თავს თავმდაბლურად ‘ღვთისა და იესო ქრისტეს მონას’ უწოდებს. იაკობი, პირველ რიგში, დევნის გამო ‘დაფანტულ’ სულიერი ისრაელის „თორმეტ ტომს“ სწერს (საქმეები 8:1; 11:19; 1 პეტრე 1:1; „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1990 წლის გამოცემა; გალატელთა 6:16). როგორც ქრისტიანებს, ჩვენ გვდევნიან და „სხვადასხვა განსაცდელში ვცვივდებით“. მაგრამ, თუ გვახსოვს, რომ განსაცდელის ატანა ჩვენი რწმენის განმამტკიცებელია, მაშინ ‘ყოველგვარ სიხარულად’ ჩავთვლით განსაცდელში ჩაცვენას. თუ განსაცდელისას ღვთის წინაშე უმწიკვლოებას შევინარჩუნებთ, ეს ხანგრძლივ ბედნიერებას მოგვიტანს.
5. რა შეიძლება შედიოდეს ჩვენს განსაცდელში და რა ხდება, როცა წარმატებით ვიტანთ მათ?
5 ჩვენს განსაცდელში კაცობრიობისთვის ჩვეული უბედურებები შედის. მაგალითად, შეიძლება ცუდმა ჯანმრთელობამ ძალა გამოგვაცალოს. დღეს ღმერთი არ ახდენს სასწაულებრივ განკურნებებს, მაგრამ ის გვპასუხობს ლოცვებზე, რომლებშიც ვთხოვთ სიბრძნეს და დაავადებასთან გასამკლავებლად საჭირო სულის სიმტკიცეს (ფსალმუნი 40:2–4). ჩვენ, იეჰოვას დევნილი მოწმეები, სიმართლის ძიებისთვისაც ვიტანჯებით (1 პეტრე 3:14; 2 ტიმოთე 3:12). ასეთი განსაცდელის წარმატებით ატანა ამტკიცებს ჩვენს რწმენას, ის ‘გამოცდილი’ ხდება. რწმენის გამარჯვებები კი „მოთმინებას შობს“. ხოლო განსაცდელით განმტკიცებული რწმენა მომავალი გამოცდების გადატანაში დაგვეხმარება.
6. როგორ შეიძლება „მოთმინებას. . . ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება“ და რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება განსაცდელისას?
6 „მოთმინებას კი, — ამბობს იაკობი, — ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება“. თუ არ ვიჩქარებთ და არაბიბლიური საშუალებებით არ ვეცდებით განსაცდელის სწრაფად შეწყვეტას, მაშინ მოთმინება ისე ‘იმოქმედებს’, რომ სრულქმნილ, რწმენით სავსე, ქრისტიანებად გაგვხდის. რასაკვირველია, თუ განსაცდელი ჩვენს რომელიმე სუსტ მხარეს ავლენს, მის დაძლევაში დასახმარებლად იეჰოვას უნდა მივმართოთ. რა შეიძლება ითქვას სექსუალური უზნეობის ჩადენის განსაცდელზე? ვილოცოთ პრობლემის შესახებ და შემდეგ ლოცვის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ღვთის წინაშე უმწიკვლოების შესანარჩუნებლად შეიძლება სამუშაო ადგილის შეცვლა ან სხვა ნაბიჯების გადადგმა გახდეს საჭირო (დაბადება 39:7–9; 1 კორინთელთა 10:13).
სიბრძნის ძიება
7. რა დაგვეხმარება პრობლემების გამკლავებაში?
7 იაკობი გვიჩვენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა არ ვიცით, რა ვაკეთოთ განსაცდელში ჩავარდნისას (იაკობი 1:5–8). იეჰოვა არ გვისაყვედურებს სიბრძნის ნაკლებობისა და მასზე რწმენით ლოცვისთვის. ღმერთი განსაცდელისადმი სათანადო თვალსაზრისის განვითარებასა და მის ატანაში დაგვეხმარება. შეიძლება ჩვენი ყურადღება მიიპყროს ბიბლიურმა მუხლმა, რომელიც თანამორწმუნის მეშვეობით ან ბიბლიური შესწავლის დროს მოვისმინეთ. ღვთის ხელმძღვანელობით საქმეების წარმართვა დაგვანახებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ. შეიძლება ღვთის სულმა გვიხელმძღვანელოს (ლუკა 11:13). ასეთი დახმარებით რომ ვისარგებლოთ, ღმერთსა და მის ხალხთან ახლო ურთიერთობა უნდა გვქონდეს (იგავნი 18:1).
8. რატომ არ მიიღებს იეჰოვასგან არაფერს ეჭვიანი?
8 განსაცდელის გასამკლავებლად იეჰოვა სიბრძნით გვაჯილდოებს, ‘თუ რწმენით და ეჭვის გარეშე ვთხოვთ’. „ეჭვიანი ჰგავს ტალღას, ქარის აღძრულსა და მიმოტაცებულს“, რომლის მიმართულების გარკვევა შეუძლებელია. თუ სულიერი მდგრადობა არა გვაქვს, ‘არც უნდა გვეგონოს, რომ ღვთისგან რამეს მივიღებთ’. ნუ ვიქნებით „ორჭოფი“ და ‘არამდგრადი’ ლოცვასა თუ სხვა საქმეებში. ამის ნაცვლად, დაე გვქონდეს რწმენა იეჰოვასადმი, სიბრძნის წყაროსადმი (იგავნი 3:5, 6).
მდიდრებსა და ღარიბებს შეუძლიათ იხარონ
9. რატომ გვაქვს იეჰოვას თაყვანისმცემლებს სიხარულის მიზეზი?
9 მაშინაც კი, როცა ჩვენი განსაცდელიდან ერთ-ერთს სიღარიბე წარმოადგენს, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ შეუძლიათ იხარონ როგორც მდიდარმა ქრისტიანებმა, ისე ღარიბებმა (იაკობი 1:9–11, აქ). ცხებულების უმეტესობა იესოს მიმდევრებად გახდომამდე მატერიალურად ღარიბი იყო და მათ წუთისოფელი ზემოდან დაჰყურებდა (1 კორინთელთა 1:26). მაგრამ მათ შეეძლოთ თავიანთი „სიმაღლით“ სამეფოს მემკვიდრეებად ყოფნით, ეხარათ (რომაელთა 8:16, 17). მდიდრები კი, პირიქით, ერთ დროს პატივში იყვნენ, მაგრამ ‘დამდაბლდნენ’, ვინაიდან ქრისტეს მიმდევრობის გამო წუთისოფელი ზემოდან დაჰყურებს მათ (იოანე 7:47–52; 12:42, 43). მაგრამ ჩვენ ყველას, იეჰოვას მსახურებს, შეგვიძლია ვიხაროთ, რადგან წუთისოფლის სიმდიდრე და პრესტიჟული მდგომარეობა არაფერია იმ სულიერ სიმდიდრესთან შედარებით, რომელსაც ჩვენ ვფლობთ. და რამდენად მადლიერები ვართ, რომ ჩვენს შორის არავინ ამაყობს თავისი სოციალური მდგომარეობით (იგავნი 10:22; საქმეები 10:34, 35).
10. როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს ქრისტიანს სიმდიდრესთან დაკავშირებით?
10 იაკობი გვეხმარება, დავინახოთ, რომ ჩვენი სიცოცხლე სიმდიდრესა და წუთისოფელში მიღწეულ წარმატებებზე არ არის დამოკიდებული. როგორც მზის ‘პაპანაქებაში’ ყვავილს ვერ დაიცავს ჭკნობისაგან თავისი სიმშვენიერე, ასევე მდიდარს სიმდიდრე სიცოცხლეს ვერ გაუხანგრძლივებს (ფსალმუნი 48:7–10; მათე 6:27). ის შეიძლება მოკვდეს იმ დროს, როცა „თავის გზებზე“, შესაძლოა კომერციულ საქმეებთან დაკავშირებით, დადის. მაშასადამე, მნიშვნელოვანია ‘ღმერთში გამდიდრება’ და სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად შეძლებისდაგვარად ყველაფრის გაკეთება (ლუკა 12:13–21; მათე 6:33; 1 ტიმოთე 6:17–19).
ნეტარია განსაცდელის გადამტანი
11. როგორი მომავალი ელით მათ, რომლებიც განსაცდელისას მტკიცედ დგანან რწმენაში?
11 მდიდრები ვართ თუ ღარიბები, ბედნიერები მხოლოდ მაშინ ვიქნებით, თუ განსაცდელს გადავიტანთ (იაკობი 1:12–15). თუ განსაცდელს რწმენის შეუბღალავად ვიტანთ, შეიძლება ნეტარი გვეწოდოს, რადგან ღვთის თვალში სწორად მოქმედება სიხარულის მომტანია. სიკვდილამდე რწმენაში მტკიცედ დგომის შედეგად სულით ცხებული ქრისტიანები „სიცოცხლის გვირგვინს“, ზეცაში უკვდავებას, ღებულობენ (გამოცხადება 2:10; 1 კორინთელთა 15:50). თუ დედამიწაზე ცხოვრების იმედი გვაქვს და ღვთისადმი რწმენას ვინარჩუნებთ, შეგვიძლია ველოდოთ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულ სიცოცხლეს (რომაელთა 6:23). რა კეთილია იეჰოვა ყველას მიმართ, ვინც მისადმი რწმენას ავლენს!
12. რატომ არ უნდა ვთქვათ გაჭირვებისას „ღვთისგან ვიცდებიო“?
12 შეიძლება რომ იეჰოვამ გაჭირვებით გამოგვცადოს? არა, ჩვენ არ უნდა ვთქვათ: „ღვთისგან ვიცდებიო“. იეჰოვა არ გვიბიძგებს ცოდვისკენ, არამედ, თუ რწმენაში მტკიცედ ვდგავართ, აუცილებლად დაგვეხმარება და განსაცდელის ატანისთვის საჭირო ძალას მოგვცემს (ფილიპელთა 4:13, აფ). ღმერთი წმინდაა, ამიტომ ის არ შეგვიქმნის ისეთ სიტუაციებს, რომლებიც ცუდი საქმეებისადმი ჩვენს მდგრადობას შეასუსტებდა. თუ საკუთარ თავს ისეთ მდგომარეობაში ვიგდებთ, რომელიც ცუდისკენ გვიბიძგებს, და ვცოდავთ, ღმერთი არ უნდა დავადანაშაულოთ და არ ვთქვათ, რომ ის ‘იცდება ბოროტით ან ვინმეს სცდის’. თუმცა ღმერთმა ჩვენს სასიკეთოდ შეიძლება დაუშვას განსაცდელი, მაგრამ ის არასოდეს გვცდის ბოროტით (ებრაელთა 12:7–11). სატანა ცდილობს, რომ გვაცდუნოს, მაგრამ ღმერთს შეუძლია, გვიხსნას ბოროტისგან (მათე 6:13).
13. რა შეიძლება მოხდეს, თუ ცუდ სურვილს არ მოვიშორებთ?
13 საჭიროა, ხშირად ვილოცოთ, რადგან გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება დაგვებადოს ცუდი სურვილი, რომელიც ცოდვისკენ გვიბიძგებს. იაკობი ამბობს: „ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას“. თუ გულში ბიწიერ სურვილებს ვატარებთ, შეუძლებელია ჩვენს ცოდვებში ღმერთი დავადანაშაულოთ. თუ არ აღმოვფხვრით ბიწიერ სურვილს, ის გულში ‘ჩაისახება’ და გაიზრდება, რაც „შობს ცოდვას“. ჩადენილი ცოდვა კი „შობს სიკვდილს“. რასაკვირველია, საჭიროა, დავიცვათ ჩვენი გულები და წინააღვუდგეთ ცოდვილ მიდრეკილებებს (იგავნი 4:23). კაენი გაფრთხილებული იქნა, რომ ის ცოდვის ჩადენის ზღურბლზე იდგა, მაგრამ მან ამ ცოდვილ მიდრეკილებას წინააღმდეგობა არ გაუწია (დაბადება 4:4–8). ამიტომ, როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა არაბიბლიურ გეზს ვიღებთ? ნამდვილად მადლიერები უნდა ვიყოთ, თუ ქრისტიანი უხუცესები ცდილობენ, გამოგვასწორონ, რათა ღვთის წინაშე არ შევცოდოთ (გალატელთა 6:1).
ღმერთი — ყოველგვარი სიკეთის წყარო
14. რა გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ღვთის ყოველი ძღვენი ‘სრულყოფილია’?
14 უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა განსაცდელის კი არა, სიკეთის წყაროა (იაკობი 1:16–18). იაკობი თანამორწმუნეებს მიმართავს: „საყვარელო ძმებო“ და აჩვენებს, რომ ღმერთი არის ‘ყველა კეთილი საბოძვარისა და სრულყოფილი ნიჭის’ მომცემი. იეჰოვას სულიერი და მატერიალური ძღვენი არის „სრულყოფილი“, ანუ სრულქმნილი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე. ის „მაღლიდან მოდის“, ღვთის სამყოფელიდან, ზეციდან (მესამე მეფეთა 8:39). იეჰოვა არის ‘ნათელთა მამა’, ანუ მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მამა. ის აგრეთვე გვაძლევს სულიერ სინათლესა და ჭეშმარიტებას (ფსალმუნი 42:3; იერემია 31:34; 2 კორინთელთა 4:6). მზისგან განსხვავებით, რომელიც მოძრაობისას სხვადასხვა სიგრძის ჩრდილს იძლევა და მხოლოდ შუადღისას აღწევს ზენიტს, ღმერთი ყოველთვის უმაღლეს წერტილზეა სიკეთის კეთებაში. ის აუცილებლად აღგვჭურავს განსაცდელთან გასამკლავებლად, თუ ბოლომდე ვსარგებლობთ მისი სულიერი ღონისძიებით, რომელსაც თავისი სიტყვისა და ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით გვაწვდის (მათე 24:45).
15. რა არის იეჰოვას ერთ-ერთი საუკეთესო ძღვენი?
15 რა არის ღვთის ერთ-ერთი საუკეთესო ძღვენი? სულიერი ძეების შობა სულიწმიდით, რომელიც კეთილ ცნობასთან ანუ ‘ჭეშმარიტების სიტყვასთან’ დაკავშირებით მოქმედებს. ეს სულიერად შობილნი ‘პირველნაყოფნი’ არიან, რომლებიც კაცობრიობიდან არიან ამორჩეული, რათა ზეცაში ‘მეფეებად და მღვდლებად’ იმსახურონ (გამოცხადება 5:10; ეფესელთა 1:13, 14). იაკობი შესაძლოა ქერის პირველნაყოფების შეწირვაზე ფიქრობდა, რომელიც 16 ნისანს მოხდა და ეს იყო ის თარიღი, როცა იესო აღდგა და აგრეთვე შესაძლოა ფიქრობდა ხორბლისგან დამზადებული ორი პურის შეწირვაზე, რომელიც ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდის გადმოფრქვევისას მოხდა (ლევიანნი 23:4–11, 15–17). იმ შემთხვევაში იესო იქნებოდა პირველნაყოფი, ხოლო მისი თანამემკვიდრეები „ვითარცა პირველნაყოფი“. მაგრამ, თუ დედამიწაზე ცხოვრების იმედი გვაქვს? ამ იმედის გონებაში ყოველთვის ცოცხლად წარმოსახვა დაგვეხმარება, ჩავეჭიდოთ იმ ‘ყოველი კეთილი საბოძვარის’ მომცემისადმი რწმენას, რომელმაც სამეფოს საშუალებით შესაძლებელი გახადა მარადიული ცხოვრება.
იყავი ‘სიტყვის შემსრულებელი’
16. რატომ უნდა ვიყოთ „სმენაში მკვირცხლი, სიტყვასა და რისხვაში ნელი“?
16 მიუხედავად იმისა, სწორედ ახლა გავდივართ თუ არა ჩვენი რწმენის გამოცდას, უნდა ვიყოთ „სიტყვის შემსრულებელნი“ (იაკობი 1:19–25). საჭიროა, ვიყოთ ღვთის სიტყვის „სმენაში მკვირცხლი“ და მისი მორჩილად შემსრულებელი (იოანე 8:47). მეორე მხრივ, მოდი ვიყოთ ‘სიტყვაში ნელი’ და გულმოდგინედ ავწონ-დავწონოთ ჩვენი სიტყვები (იგავნი 15:28; 16:23). შესაძლოა იაკობი მოგვიწოდებს, ნაჩქარევად არ გავაკეთოთ დასკვნები, რომ ჩვენი განსაცდელი ღვთისგან მომდინარეობს. აგრეთვე გვირჩევენ, ვიყოთ „რისხვაში ნელი. ვინაიდან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს“. თუ ვიღაცის ნათქვამზე გავბრაზდით, მოდი „დავცხრეთ“, რათა თავი ავარიდოთ ღვარძლიან პასუხს (ეფესელთა 4:26, 27). მრისხანების სულმა, რომელმაც შეიძლება პრობლემები წამოჭრას და სხვებისთვის განსაცდელი გახდეს, შეუძლებელია გამოიღოს ის ნაყოფები, რომლებსაც ჩვენი სამართლიანი ღვთისადმი რწმენა მოითხოვს. გარდა ამისა, თუ ‘გონიერები’ ვართ, ‘სულგრძელები’ ვიქნებით და ამით კი ძმებსა და დებს ჩვენკენ მოვიზიდავთ (იგავნი 14:29).
17. რას ვაღწევთ გულიდან და გონებიდან ბოროტების მოშორებით?
17 ნამდვილად საჭიროა, მოვიშოროთ „ყოველგვარი უწმიდურება“ — ყველაფერი, რაც ღმერთს ეზიზღება და მის რისხვას იწვევს. გარდა ამისა, უნდა ‘მოვიშოროთ ყოველგვარი ბოროტების ნატამალი’. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი ცხოვრება ხორცისა თუ სულის ყოველგვარი სიბილწისგან უნდა განწმინდოს (2 კორინთელთა 7:1; 1 პეტრე 1:14–16; 1 იოანე 1:9). გულიდან და გონებიდან ბოროტების მოშორება ‘ჩვენში ჩანერგილი ჭეშმარიტების სიტყვის მშვიდად მიღებაში’ დაგვეხმარა (საქმეები 17:11, 12). იმის მიუხედავად, თუ რამდენი ხანია, რაც ქრისტიანები ვართ, ბიბლიურ ჭეშმარიტებას ჩვენში უფრო ღრმა ფესვების გადგმის საშუალება უნდა მივცეთ. რატომ? ღვთის სულით ჩანერგილი სიტყვა წარმოშობს ‘ახალ კაცს’, რომელიც გადარჩება (ეფესელთა 4:20–24).
18. რით განსხვავდებიან სიტყვის მხოლოდ მომსმენნი მათგან, ვინც შემსრულებელნიც არიან?
18 როგორ ვაჩვენებთ, რომ ღვთის სიტყვით ვხელმძღვანელობთ? იმით, რომ ვართ „სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“ (ლუკა 11:28). ‘შემსრულებელს’ აქვს რწმენა, რომელსაც ისეთი ნაყოფები გამოაქვს, როგორიცაა: ქრისტიანულ მსახურებაში გულმოდგინება და ღვთის ხალხის შეხვედრებზე რეგულარული მონაწილეობა (რომაელთა 10:14, 15; ებრაელთა 10:24, 25). სიტყვის მხოლოდ მომსმენი „ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს“. ის შეხედავს, შემდეგ მიდის და ავიწყდება, თუ რა შესწორებების შეტანაა საჭირო გარეგნობაში. როგორც „სიტყვის შემსრულებელნი“, ჩვენ გულმოდგინედ ვსწავლობთ და ვემორჩილებით ღვთის „სრულყოფილ რჯულს“, რომელშიც შედის ყველაფერი, რასაც ის ჩვენგან მოითხოვს. თავისუფლება, რომლითაც ასეთი სახით ვსარგებლობთ, სრულიად საპირისპიროა ცოდვისა და სიკვდილის მონობის, რადგან ის სიცოცხლემდე მიმყვანია. ამიტომ, ‘განვაგრძოთ სრულყოფილი რჯულით’ სიარული და ყოველთვის გულდასმით შევისწავლოთ და შევასრულოთ ის. დაფიქრდი! როგორც ‘საქმის შემსრულებელნი და არა გულმავიწყი მომსმენნი’, ვხარობთ და ეს სიხარული ღვთის კეთილგანწყობილებიდან მომდინარეობს (ფსალმუნი 18:8–12).
ფორმალურად მსახურებზე ბევრად მეტი
19, 20. ა) იაკობის 1:26, 27-ის თანახმად, რას მოითხოვს წმინდა თაყვანისმცემლობა ჩვენგან? ბ) მოიყვანე უბიწო თაყვანისცემის ზოგი მაგალითი.
19 თუ გვსურს, ღვთიური კეთილგანწყობილებით ვისარგებლოთ, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მხოლოდ ფორმალობა არ არის (იაკობი 1:26, 27). შესაძლოა ვფიქრობთ, რომ იეჰოვასთვის მისაღებია ჩვენი ასეთი ‘მსახურება’, მაგრამ თითოეულ ჩვენგანზე მის აზრს აქვს ნამდვილი მნიშვნელობა და არა ჩვენსას (1 კორინთელთა 4:4). ერთ-ერთი სერიოზული ნაკლი შეიძლება იყოს ‘ენის აულაგმავობა’. საკუთარ თავს მოვიტყუებდით, თუ ვფიქრობთ, რომ ღვთისთვის მოსაწონია ჩვენი თაყვანისცემა, როდესაც სხვებს ცილს ვწამებთ, ვატყუებთ ან სხვა რაიმე სახით არასწორად ვიყენებთ ენას (ლევიანნი 19:16; ეფესელთა 4:25). ნამდვილად, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, არ გვსურს, რომ ჩვენი ‘მსახურება ფუჭი’ იყოს და ღმერთმა არ მიიღოს.
20 თუმცა იაკობი წმინდა თაყვანისმცემლობის ყველა მხარეს არ აშუქებს, ის ამბობს, რომ მასში ‘ქვრივ-ობლებისადმი მათ გასაჭირში მიხედვაც’ შედის (გალატელთა 2:10; 6:10; 1 იოანე 3:18). ქრისტიანთა კრება განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ქვრივების დასახმარებლად (საქმეები 6:1–6; 1 ტიმოთე 5:8–10). რადგან ღმერთი ქვრივ-ობოლთა მფარველია, ჩვენც ვითანამშრომლოთ მასთან და, რაც შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ მათთვის სულიერი და მატერიალური დახმარების აღმოსაჩენად (მეორე რჯული 10:17, 18). წმინდა თაყვანისმცემლობა სატანის ძალაუფლებაში მყოფი უსამართლო ადამიანებისგან შემდგარი ‘წუთისოფლისგან თავის შეურყვნელად დაცვასაც’ ნიშნავს (იოანე 17:16; 1 იოანე 5:19). ამიტომ დაე კვლავაც გავექცეთ უღვთო წუთისოფლის ქცევებს, რათა იეჰოვას განდიდებისა და მისადმი მსახურებისთვის გამოსადეგი ვიყოთ (2 ტიმოთე 2:20–22).
21. რა შემდგომი კითხვები იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, იაკობის წერილთან დაკავშირებით?
21 ჩვენ მიერ განხილული იაკობის რჩევა უნდა დაგვეხმაროს, გადავიტანოთ განსაცდელი და მტკიცედ ვიდგეთ რწმენაში. მან უნდა გაზარდოს კეთილი საბოძვარის მოსიყვარულე გამცემისადმი ჩვენი მადლიერება. აგრეთვე იაკობის სიტყვები გვეხმარება, მივყვეთ წმინდა თაყვანისმცემლობას. კიდევ რისკენ აპყრობს ის ჩვენს ყურადღებას? რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ, რათა იეჰოვასადმი ჭეშმარიტი რწმენა დავამტკიცოთ?
[სქოლიოები]
a ამ და მომდევნო ორი სტატიის პირადი ან ოჯახური შესწავლისას ნახავ, რომ განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იაკობის წერილიდან მითითებული რწმენის განმამტკიცებელი მუხლების წაკითხვა.
როგორ უპასუხებდი?
◻ რა დაგვეხმარება განსაცდელის გადატანაში?
◻ რატომ ხარობენ ქრისტიანები განსაცდელის მიუხედავად?
◻ როგორ შეგვიძლია, ვიყოთ სიტყვის შემსრულებელი?
◻ რა შედის წმინდა თაყვანისმცემლობაში?
[სურათი 9 გვერდზე]
განსაცდელისას გამოავლინე რწმენა, რომ იეჰოვას შეუძლია უპასუხოს შენს ლოცვებს.
[სურათები 10 გვერდზე]
„სიტყვის შემსრულებელნი“ მთელ მსოფლიოში ქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ.