დაე თქვენი ღმერთიც იყოს იეჰოვა
ბიბლიურ დროში ცალკეულ პიროვნებებს იეჰოვასთან ისეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რომ ის მათ ღმერთად არის მოხსენიებული. მაგალითად, წმინდა წერილებში იეჰოვას შესახებ ნათქვამია, როგორც „ღმერთი აბრაამისა“, „დავითის . . . ღმერთი“ და „ელიას ღმერთი“ (დაბადება 31:42; 4 მეფეთა 2:14; 20:5).
როგორ შეძლო თითოეულმა მათგანმა ღმერთთან ახლო ურთიერთობის დამყარება? რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან, რათა ჩვენც შევძლოთ შემოქმედთან მტკიცე პირადი ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება?
აბრაამი „ერწმუნა . . . უფალს“
აბრაამი ბიბლიაში პირველი მოიხსენიება მათ შორის, რომელთა შესახებაც ნათქვამია, რომ იეჰოვასი სწამდათ. რწმენა იყო ის ძირითადი თვისება, რის გამოც მან ღვთის მოწონება დაიმსახურა. აბრაამი იმდენად მოსწონდა ღმერთს, რომ მოგვიანებით შემოქმედი მოსეს გაეცნო როგორც „ღმერთი აბრაამისა“, ღმერთი მისი ძის ისაკისა და შვილიშვილის — იაკობისა (დაბადება 15:6; გამოსვლა 3:6).
როგორ განივითარა აბრაამმა ღვთისადმი ასეთი რწმენა? უპირველესად აღსანიშნავია ის, რომ მის რწმენას მყარი საფუძველი ჰქონდა. შესაძლოა, აბრაამმა ღვთის გზები ნოეს შვილისგან, სემისგან, ისწავლა, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა, რომ იეჰოვა მხსნელი ღმერთია. სემი იმის ცოცხალი დადასტურება იყო, რომ იეჰოვამ „ნოე . . . სხვა შვიდთან ერთად გადაარჩინა, როცა უღმერთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს“ (2 პეტრე 2:5). აბრაამმა, შესაძლოა, სემისგან ისწავლა, რომ იეჰოვას დანაპირები უეჭველად სრულდება. ასე იყო თუ ისე, როდესაც აბრაამმა ღვთისგან დაპირება მიიღო, მას გაუხარდა, და საკუთარი ცხოვრება იმ ცოდნის საფუძველზე წარმართა, რომ ღვთის დანაპირები აუცილებლად სრულდება.
აბრაამის რწმენა, რომელიც მყარ საძირკველზე იყო დაფუძნებული, საქმეებით განმტკიცდა. პავლე მოციქულმა დაწერა: „რწმენით აბრაამი დაემორჩილა მოწოდებას, წასულიყო ადგილას, რომელიც მემკვიდრეობად უნდა მიეღო, და წავიდა, თუმცა არ იცოდა, სად მიდიოდა“ (ებრაელები 11:8). მორჩილების ამგვარად გამოვლენამ აბრაამის რწმენა გააძლიერა, რის შესახებაც მოწაფე იაკობმა დაწერა: „როგორც ხედავ, აბრაამის რწმენას საქმეები ახლდა და რწმენა მას საქმეებმა გაუსრულყოფილა“ (იაკობი 2:22).
გარდა ამისა, იეჰოვამ დაუშვა, რომ აბრაამის რწმენა გამოცდილიყო და უფრო მტკიცე გამხდარიყო. პავლემ განაგრძო: „რწმენით აბრაამი, როცა გამოიცადა, ისაკს სწირავდა“. გამოცდა ხვეწს და განამტკიცებს რწმენას, და იგი ‘ოქროზე ბევრად ძვირფასი’ ხდება (ებრაელები 11:17; 1 პეტრე 1:7).
აბრაამი ვერ მოესწრო ღვთის მიერ ყველა დაპირებული აღთქმის შესრულებას, მაგრამ მას სიხარულს ანიჭებდა იმის დანახვა, თუ როგორ ბაძავდნენ სხვები მის მაგალითს. აბრაამის ცოლი სარა და მისი ოჯახის კიდევ სამი წევრი — ისაკი, იაკობი და იოსები — სამაგალითოდ არიან მოხსენიებულნი თავიანთი გამორჩეული რწმენის გამო (ებრაელები 11:11, 20—22).
ისეთივე რწმენის გამოვლენა, როგორიც აბრაამს ჰქონდა
ყველამ, ვისაც სურს, რომ მისი ღმერთი იეჰოვა იყოს, რწმენა უნდა გამოავლინოს. „რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“, — წერდა პავლე მოციქული (ებრაელები 11:6). როგორ შეუძლიათ იეჰოვას დღევანდელ მსახურებს განივითარონ ისეთივე ძლიერი რწმენა, როგორიც აბრაამს ჰქონდა?
აბრაამის რწმენის მსგავსად, ჩვენს რწმენასაც მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს. ამის საუკეთესო საშუალება ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის რეგულარული შესწავლაა. ბიბლიის კითხვა და წაკითხულზე დაფიქრება დაგვარწმუნებს, რომ ღვთის აღთქმები ნამდვილად შესრულდება. ეს კი აღგვძრავს, რომ ჩვენი ცხოვრება ამ უტყუარ იმედზე დავაფუძნოთ. ჩვენი რწმენა გაძლიერდება საქმეებით, რაშიც შედის მსახურებაში მონაწილეობა და კრების შეხვედრებზე დასწრება (მათე 24:14; 28:19, 20; ებრაელები 10:24, 25).
ჩვენი რწმენა აუცილებლად გამოიცდება და ეს გამოცდა შეიძლება იყოს წინააღმდეგობა, სერიოზული ავადმყოფობა, ძვირფასი ადამიანის სიკვდილი ან სხვა რამ. გამოცდების დროს იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება ჩვენს რწმენას გააძლიერებს და ოქროზე ძვირფასს გახდის. იმის მიუხედავად, მოვესწრებით თუ არა ღვთის ყველა აღთქმის შესრულებას, ჩვენი რწმენა უფრო დაგვაახლოებს იეჰოვასთან. გარდა ამისა, ჩვენი მაგალითი აღძრავს სხვებს, მიბაძონ ჩვენს რწმენას (ებრაელები 13:7). მოვიყვანოთ რალფის შემთხვევა, რომელიც აკვირდებოდა და ბაძავდა მშობლების რწმენას. ის ყვება:
„როდესაც ერთად ვცხოვრობდით, ჩემი მშობლები აღგვძრავდნენ მთელ ოჯახს, რომ დილით ადრე ავმდგარიყავით, რათა შეგვძლებოდა ბიბლიის ერთად კითხვა. ასეთი სახით მთელი ბიბლია წავიკითხეთ“. რალფი ახლაც ყოველ დილით კითხულობს ბიბლიას, ეს კი დღის კარგი დასაწყისია. რალფი, ჩვეულებისამებრ, კვირაში ერთხელ მამასთან ერთად მსახურობდა. „ამან მასწავლა, თუ როგორ გამეკეთებინა განმეორებითი მონახულებები და დამეწყო ბიბლიის საშინაო შესწავლები“. ახლა რალფი ევროპაში იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ ფილიალში მოხალისედ მსახურობს. რა შესანიშნავად დაფასდა მისი მშობლების რწმენა!
იეჰოვას გულის სასურველი კაცი
დავითი აბრაამის დღეებიდან დაახლოებით 900 წლის შემდეგ დაიბადა. იგი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა წმინდა წერილებში მოხსენიებულ იეჰოვას მსახურთა შორის. მომავალ მეფედ დავითის არჩევასთან დაკავშირებით წინასწარმეტყველმა სამუელმა თქვა: „გამოძებნის უფალი თავის სასურველ კაცს“. იეჰოვასა და დავითს შორის ისეთი ახლო ურთიერთობა არსებობდა, რომ მოგვიანებით ესაია წინასწარმეტყველმა მეფე ხიზკიაჰუს უთხრა: „ასე თქვა უფალმა, დავითის, შენი მამის, ღმერთმა“ (1 მეფეთა 13:14; 4 მეფეთა 20:5; ესაია 38:5).
მიუხედავად იმისა, რომ დავითი იეჰოვას გულის სასურველი კაცი, იყო შემთხვევები, როდესაც ის საკუთარმა სურვილებმა აცდუნა. მან სამჯერ ჩაიდინა სერიოზული შეცდომა: დავითმა დაუშვა, რომ შეთანხმების კიდობანი არასწორი სახით გადაეტანათ იერუსალიმში; მან იმრუშა ბათშებაყთან, ხოლო მისი ქმარი ურია ვერაგულად მოაკვლევინა; დავითმა აღრიცხა ისრაელი და იუდა, რაც იეჰოვას არ დაუვალებია. თითოეულ შემთხვევაში მან ღვთის კანონი დაარღვია (2 მეფეთა 6:2—10; 11:2—27; 24:1—9).
მაგრამ, როდესაც დავითი მხილებულ იქნა, მზად იყო, პასუხი ეგო და სხვებისთვის არაფერი გადაუბრალებია. მან აღიარა, რომ კიდობნის გადატანასთან დაკავშირებით არასწორად მოიქცა, და თქვა: „წესისამებრ არ ვეკითხებოდით [იეჰოვას]“. როცა წინასწარმეტყველმა ნათანმა მრუშობაში ამხილა, დავითმა უპასუხა: „შევცოდე უფალს“. და როგორც კი დავითმა დაინახა, რომ უგუნურად მოიქცა იმით, რომ ხალხი აღრიცხა, მაშინვე აღიარა: „დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე“. დავითმა მოინანია ცოდვები და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნა (1 ნეშტთა 15:13; 2 მეფეთა 12:13; 24:10).
როცა შეცდომები მოგვდის
ძალიან გვამხნევებს დავითის მაგალითი, როდესაც ვცდილობთ, რომ იეჰოვა ჩვენს ღმერთად გავიხადოთ. გული არ უნდა გაგვიტყდეს, თუ ჩვენი მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, ზოგჯერ ვცდებით ან სერიოზულ შეცდომასაც კი ჩავდივართ, რადგან იეჰოვასთვის ძალიან სასურველმა კაცმა დავითმაც კი სერიოზული ცოდვები ჩაიდინა (ეკლესიასტე 7:20). შეგვიძლია თავი იმ ფაქტით ვინუგეშოთ, რომ დავითმა როცა მოინანია, ცოდვები მიეტევა. ასეთი რამ შეემთხვა იუვესa რამდენიმე წლის წინ.
იუვე იეჰოვას მოწმეების კრებაში უხუცესად მსახურობდა. ერთხელ ის აჰყვა არასწორ სურვილებს და უზნეობა ჩაიდინა. თავდაპირველად იუვემ, მეფე დავითის მსგავსად, სცადა ამის დამალვა იმ იმედით, რომ იეჰოვა თვალს დახუჭავდა მის შეცდომაზე. მაგრამ ბოლოს სინდისმა ისე შეაწუხა, რომ მან თანაქრისტიან უხუცესთან აღიარა თავისი საქციელი; ეს კი სულიერ გამოჯანსაღებაში დაეხმარა.
იუვემ მოინანია ცოდვები და იეჰოვასა და მის ორგანიზაციასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნა. იუვე დიდად მადლიერი იყო მიღებული დახმარებისთვის. რამდენიმე კვირის შემდეგ მან უხუცესს წერილი მისწერა, რომელშიც გულწრფელი მადლიერება გამოხატა. მან დაწერა: „თქვენ დამეხმარეთ, რომ იეჰოვას სახელისთვის ჩირქი მომეწმინდა“. იუვემ შეძლო იეჰოვასთან ურთიერთობის შენარჩუნება და გარკვეული დროის შემდეგ იმავე კრებაში კვლავ დაეკისრა პასუხისმგებლობები.
„ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი“
ელია, რომელიც დავითიდან ერთი საუკუნის შემდეგ ცხოვრობდა, ისრაელის ერთ-ერთი ცნობილი წინასწარმეტყველი იყო. ის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დამცველი იყო იმ დროს, როცა გახრწნილება და უზნეობა ბატონობდა ისრაელში და მას არასოდეს შერყევია იეჰოვასადმი ერთგულება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისი საქმის გამგრძელებელმა ელისემ, იეჰოვას „ელიას ღმერთი“ უწოდა (4 მეფეთა 2:14).
და მაინც, ელია ზეადამიანი არ იყო. იაკობმა დაწერა: „ელიაც ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (იაკობი 5:17). მაგალითად, მას შემდეგ, რაც ელიამ ბაალის თაყვანისმცემლები დახოცა, მას დედოფალი იზებელი მოკვლით დაემუქრა. რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ელიას? ის შეშინდა და უდაბურ ადგილას გაიქცა; დაჯდა ერთი ხის ქვეშ და ჩივილი დაიწყო: „ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამებზე უკეთესი არა ვარ“. ელიას აღარ უნდოდა, წინასწარმეტყველი ყოფილიყო; მას სიკვდილი ერჩია (3 მეფეთა 19:4).
მაგრამ იეჰოვამ დაანახვა ელიას, რომ ესმოდა, თუ რას გრძნობდა ის. ღმერთმა გააძლიერა წინასწარმეტყველი და დაარწმუნა, რომ ის მარტო არ იყო, არამედ კიდევ იყვნენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ერთგული მხარდამჭერები. გარდა ამისა, იეჰოვამ კვლავაც ნდობა გამოუცხადა მას და დავალება მისცა (3 მეფეთა 19:5—18).
ასეთ ცუდ ემოციურ მდგომარეობაში ელიას ყოფნა იმის მაჩვენებელი არ იყო, რომ მან იეჰოვას კეთილგანწყობა დაკარგა. დაახლოებით 1000 წლის შემდეგ, როდესაც იესო ქრისტე პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე გარდაიქმნა, ვინ ამოირჩია იეჰოვამ, ხილვაში იესოს გვერდით რომ გამოჩენილიყო? მოსე და ელია (მათე 17:1—9). ნათელია, იეჰოვას თვალში ელია სამაგალითო წინასწარმეტყველი იყო. თუმცა „ელია ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“, იეჰოვამ დააფასა მისი მძიმე შრომა, რომელიც მან წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად და ღვთის სახელის განსაწმენდად გასწია.
გრძნობებთან გამკლავება
იეჰოვას დღევანდელ მსახურებს, შესაძლოა, გული გაუტყდეთ ან რაღაც აწუხებდეთ. რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ელიასაც იგივე გრძნობები ჰქონდა! და როგორი დამამშვიდებელია, რომ იეჰოვას როგორც ელიას ემოციური მდგომარეობა ესმოდა, ასევე ესმის ჩვენიც! (ფსალმუნები 102:14).
ერთი მხრივ, ჩვენ გვიყვარს ღმერთი და მოყვასი, და ძლიერი სურვილი გვაქვს, შევასრულოთ იეჰოვას საქმე — ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ. მეორე მხრივ, შესაძლოა, მსახურებაში ხალხის მხრიდან გულგრილობის გამოვლენამ ან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტრების მუქარამ გული გაგვიტეხოს. მიუხედავად ამისა, იეჰოვა როგორც ელიას დაეხმარა მსახურების გაგრძელებაში, ისე ჩვენც გვეხმარება. მოვიყვანოთ ჰერბერტისა და გერტრუდის მაგალითი.
ჰერბერტი და გერტრუდი, იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად 1952 წელს მოინათლნენ ლაიფციგში, გერმანიის ყოფილ დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ეს პერიოდი ღვთის მსახურებისთვის რთული დრო იყო, რადგან მათი მსახურება ოფიციალურად აკრძალული იყო. რას გრძნობდა ჰერბერტი კარდაკარ მსახურებასთან დაკავშირებით?
„ზოგჯერ ძალიან ვღელავდით. როდესაც კარდაკარ მსახურებაში მივდიოდით, შეიძლებოდა მოულოდნელად ხელისუფლების წარმომადგენლები გამოჩენილიყვნენ და დავეპატიმრებინეთ“. რა დაეხმარა ჰერბერტსა და სხვებს შიშის დაძლევაში? „ჩვენ ბიბლიის კარგი პირადი შესწავლები გვქონდა და იეჰოვამ ძალები მოგვცა, რომ სამქადაგებლო საქმიანობა გაგვეგრძელებინა“. ასეთი მსახურებისას ჰერბერტს ბევრი შემთხვევა ჰქონია, რაც არა მარტო აძლიერებდა, არამედ კურიოზულიც კი იყო.
ჰერბერტი შეხვდა შუახნის ქალბატონს, რომელმაც ბიბლიისადმი ინტერესი გამოავლინა. როდესაც ჰერბერტი რამდენიმე დღის მერე განმეორებით მონახულებაზე მივიდა, საუბარს ახალგაზრდა მამაკაცი დაესწრო, რომელმაც მოუსმინა მათ. რამდენიმე წუთის შემდეგ ჰერბერტმა თვალი ისეთ რამეს მოჰკრა, რის დანახვაზეც მას ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ოთახის კუთხეში მდგარ სკამზე პოლიციელის ქუდი იდო. ეს ქუდი ეკუთვნოდა ამ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც აშკარად პოლიციელი იყო და მისი დაპატიმრება ჰქონდა გადაწყვეტილი.
„თქვენ იეჰოვას მოწმე ხართ, — წამოიძახა მამაკაცმა. — მაჩვენეთ პირადობის მოწმობა“. ჰერბერტმა პირადობის მოწმობა მიაწოდა. შემდეგ კი სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა. ქალი მიუბრუნდა მამაკაცს და გააფრთხილა: „იცოდეთ, თუ რამეს შეამთხვევთ ამ ღვთის კაცს, თქვენ ამ სახლში მეტად ფეხს ვეღარ შემოდგამთ“.
ახალგაზრდა მცირე ხნით შეყოვნდა, შემდეგ კი ჰერბერტს პირადობის მოწმობა უკან დაუბრუნა და წასვლის საშუალება მისცა. მოგვიანებით ჰერბერტმა გაიგო, რომ ამ პოლიციელს მასპინძლის ქალიშვილის ცოლად შერთვა სურდა. აშკარაა, პოლიციელმა ამჯობინა, რომ ისევ მასპინძლის გოგოსთან გაეგრძელებინა ურთიერთობა, ვიდრე ჰერბერტი დაეპატიმრებინა.
დაე თქვენი ღმერთიც იყოს იეჰოვა
რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ შემთხვევებიდან? აბრაამის მსგავსად, ჩვენც მტკიცედ უნდა გვწამდეს იეჰოვას დაპირებების. შეცდომების დაშვების შემთხვევაში, დავითის მსგავსად, გულწრფელად უნდა მოვინანიოთ. და ელიას მსგავსად, რთულ მომენტებში საჭიროა დავენდოთ იეჰოვას ძალას. ამგვარად მოქმედებით იეჰოვას გავიხდით ჩვენს ღმერთად ახლაც და მარადიულადაც, რადგან ის არის ‘ცოცხალი ღმერთი, რომელიც ყველანაირი ადამიანის, განსაკუთრებით კი ერთგულთა, მხსნელია’ (1 ტიმოთე 4:10).
[სქოლიოები]
a სახელი შეცვლილია.
[სურათები 25 გვერდზე]
მორჩილებამ აბრაამს რწმენა განუმტკიცა.
[სურათი 26 გვერდზე]
დავითის მსგავსად, როდესაც შევცოდავთ, უნდა მოვინანიოთ.
[სურათი 28 გვერდზე]
იეჰოვას ესმოდა, თუ რას გრძნობდა ელია, ასე რომ ჩვენიც ესმის.