პატივისცემა
განსაკუთრებული ყურადღებისა და თავაზიანობის გამოჩენა მის მიმართ, ვინც დაფასებას იმსახურებს. რაღაცის მნიშვნელოვნად მიჩნევა ან ვიღაცის დაფასება მისი თვისებების, მიღწევების, მდგომარეობისა თუ ძალაუფლების გამო. ბიბლიაში სხვათა პატივისცემისა და მათდამი ჯანსაღი შიშის აზრს რამდენიმე ებრაული და ბერძნული სიტყვა გადმოსცემს (იხ. შიში; პატივი).
იეჰოვასა და მისი წარმომადგენლების პატივისცემა. ვინაიდან იეჰოვა ღმერთი შემოქმედია, ის თავისი მოაზროვნე ქმნილებებისგან უდიდეს პატივისცემას იმსახურებს (გმც. 4:11). ღვთის პატივისცემაში მოიაზრება სიყვარულით მორჩილება და იმის დაფასება, რასაც ღმერთი თავისი ქმნილებებისთვის აკეთებს (მლ. 1:6; 1ინ. 5:3). ამაში აგრეთვე იგულისხმება საკუთარი ქონების გამოყენება წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად (იგ. 3:9).
ვინც იმას ისაკუთრებს, რაც შემოქმედს ეკუთვნის, უპატივცემულობას იჩენს იმის მიმართ, რაც წმინდაა. ასე იქცეოდნენ ხოფნი და ფინხასი, მღვდელმთავარ ელის ვაჟები. ისინი იეჰოვასთვის შეწირული მსხვერპლის საუკეთესო ნაჭრებს ისაკუთრებდნენ. ელის მკაცრი ზომებისთვის არ მიუმართავს, რადგან თავის ვაჟებს უფრო მეტ პატივს სცემდა, ვიდრე იეჰოვას (1სმ. 2:12—17, 27—29).
ადამიანი პატივს მიაგებს იეჰოვა ღმერთს, როცა ემორჩილება მას და მხარს უჭერს მის თაყვანისმცემლობას, ღმერთი კი ადამიანს პატივს კურთხევითა და ჯილდოთი მიაგებს (1სმ. 2:30). იეჰოვამ აკურთხა ანუ პატივი მიაგო მეფე დავითს და შეთანხმება დაუდო სამეფოსთვის, რადგან ის ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას და სურდა მისთვის ტაძრის აშენება შეთანხმების წმინდა კიდობნის დასავანებლად (2სმ. 7:1—16; 1მტ. 17:1—14).
პატივისცემას იმსახურებდნენ ღვთის წარმომადგენლებიც — წინასწარმეტყველები, განსაკუთრებით კი ღვთის ძე იესო ქრისტე. მაგრამ ამის საპირისპიროდ ისრაელები მათ სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ, ზოგს კლავდნენ კიდეც. მათი მხრიდან უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლენა ღვთის ძის, იესო ქრისტეს მკვლელობა იყო. ამის გამო ახ. წ. 70 წელს იეჰოვამ ორგულ იერუსალიმზე რომაელების მეშვეობით იძია შური (მთ. 21:33—44; მრ. 12:1—9; ლკ. 20:9—16; შდრ. ინ. 5:23).
ქრისტიანულ კრებაში. ის მამაკაცები, რომლებსაც ქრისტიანულ კრებაში დამოძღვრა ევალებოდათ, თანამორწმუნეთა მხარდაჭერასა და თანამშრომლობას იმსახურებდნენ (ებ. 13:7, 17). ისინი „ორმაგი პატივის“ ღირსად ითვლებოდნენ და ვინაიდან კრებისთვის ირჯებოდნენ, მათ მატერიალურადაც უჭერდნენ მხარს (1ტმ. 5:17, 18; იხ. უხუცესი).
ყველა ქრისტიანი იმსახურებს თანამორწმუნეების მხრიდან პატივისცემას. მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რმ. 12:10). ვინაიდან თითოეულმა სხვაზე უკეთ იცის საკუთარი ნაკლი და სისუსტეები, გონივრულია, თუ ის სხვებს საკუთარ თავზე წინ დააყენებს და დააფასებს მათ ერთგულ შრომას (ფლ. 2:1—4). ღირსეულ ღარიბ ქვრივებს კრება მატერიალურ დახმარებას უწევდა და ამგვარად მიაგებდა პატივს (1ტმ. 5:3, 9, 10).
ოჯახში. ცოლი დიდ პატივს მიაგებს ქმარს ანუ ჯანსაღ შიშს ავლენს ოჯახის თავის მიმართ (ეფ. 5:33). ღმერთმა ოჯახის თავად ყოფნის უპირატესობა კაცს მიანიჭა. პირველად კაცი შეიქმნა „ღვთის ანარეკლად და დიდებად“ და არა ქალი (1კრ. 11:7—9; 1ტმ. 2:11—13). სარა, რომელიც დიდ პატივს სცემდა ქმარს, შესანიშნავ მაგალითს აძლევს ცოლებს. ის მთელი გულით სცემდა ქმარს პატივს, რადგან მას ბატონს გულში უწოდებდა და არა მარტო სხვების გასაგონად (1პტ. 3:1, 2, 5, 6; შდრ. დბ. 18:12).
მეორე მხრივ, ქმრებს ასეთი მითითება ეძლევათ: „შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს ... რადგან თქვენც მათთან ერთად ხართ სიცოცხლის დაუმსახურებელი საჩუქრის თანამემკვიდრეები“ (1პტ. 3:7). ცხებულ ქრისტიან ქმრებს უნდა ხსომებოდათ, რომ მათი ცოლებიც მათსავით ქრისტეს თანამემკვიდრეები იყვნენ (შდრ. რმ. 8:17; გლ. 3:28) და ღირსეულად უნდა მოპყრობოდნენ მათ, როგორც კაცზე სუსტ არსებებს.
მშობლებს, როგორც ღვთის მიერ უფლებამოსილთ, შვილების აღზრდა, დამოძღვრა და მათთვის სწორი მიმართულების მიცემა ევალებათ. ისინი შვილების პატივისცემას იმსახურებენ (გმ. 20:12; ეფ. 6:1—3; ებ. 12:9). თუმცა მშობლის პატივისცემა მხოლოდ მორჩილებას არ გულისხმობს, ზრდასრულმა შვილებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა იზრუნონ კიდეც მშობლებზე (შდრ. მთ. 15:4—6). ქრისტიანული კრების წევრი, რომელიც არ ზრუნავდა მოხუცებულ და გაჭირვებულ მშობელზე, ურწმუნოზე უარესად ითვლებოდა (1ტმ. 5:8). მოციქულმა პავლემ ტიმოთეს მისწერა, რომ კრებას ტვირთად არ უნდა დასწოლოდნენ ის ქვრივები, რომლებსაც შვილები და შვილიშვილები ანუ პატრონი ჰყავდათ (1ტმ. 5:4).
ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ სხვების პატივისცემა. პატივისცემას ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმსახურებენ. მათდამი პატივისცემას ქრისტიანები მათი გულის მოსაგებად კი არ ავლენენ, არამედ იმიტომ, რომ ეს ღმერთს სურს. ისინი შეიძლება უღირსი ადამიანები იყვნენ (შდრ. ლკ. 18:2—6; სქ. 24:24—27), მაგრამ ქრისტიანები მათ მათი მდგომარეობის გამო სცემენ პატივს (რმ. 13:1, 2, 7; 1პტ. 2:13, 14). მსგავსადვე, მონებს ბატონები სრული პატივისცემის ღირსად უნდა ჩაეთვალათ, დაკისრებული საქმე პირნათლად შეესრულებინათ და არავისთვის მიეცათ ღვთის სახელის დაგმობის საბაბი (1ტმ. 6:1).
თუ ქრისტიანს ვინმე იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოსთხოვდა, მას „რბილად და ღრმა პატივისცემით [სიტყვასიტყვით შიშით]“ უნდა ეპასუხა მისთვის. კითხვა შეურაცხმყოფელი ტონითაც რომ ყოფილიყო დასმული, მშვიდად და თავაზიანად უნდა გაეცა პასუხი და არა გაღიზიანებული ან გაბრაზებული ტონით. ხელისუფლების წარმომადგენელთა წინაშე ყოფნისას მას ღრმა პატივისცემა ანუ ჯანსაღი შიში უნდა გამოევლინა და ისეთი განწყობა ჰქონოდა, თითქოს იეჰოვა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს წინაშე იმყოფებოდა (1პტ. 3:14, 15). ამ მხრივ ანგელოზები სამაგალითონი არიან. მართალია „მეტი ძალა და ძლიერება აქვთ“, ისინი „ბრალს შეურაცხმყოფელი სიტყვებით“ არავის სდებენ (2პტ. 2:11).