ᲗᲐᲕᲘ 30
გიყვარდეთ!
1—3. რას ვგრძნობთ, როდესაც იეჰოვას ვბაძავთ სიყვარულის გამოვლენაში?
„ᲒᲐᲪᲔᲛᲐᲡ უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). იესოს ეს სიტყვები ადასტურებს ფაქტს, რომ უანგარო სიყვარულს კურთხევა მოაქვს. ცხადია, ბედნიერებაა სიყვარულის „მიღება“, მაგრამ უფრო დიდი ბედნიერება მოაქვს სიყვარულის „გაცემას“ ანუ გამოვლენას.
2 ყველაზე კარგად ეს ჩვენმა ზეციერმა მამამ იცის. როგორც ამ ნაწილის წინა თავებიდან დავინახეთ, იეჰოვა სიყვარულის გამოვლენის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. მასზე მეტად და მასზე დიდხანს არავის გამოუვლენია სიყვარული. მაშ, განა გასაკვირია, რომ იეჰოვას „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება?! (1 ტიმოთე 1:11).
3 ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს სურს, რომ განსაკუთრებულად შევეცადოთ, მას მივბაძოთ სიყვარულის გამოვლენაში. ეფესოელების 5:1, 2-ში ნათქვამია: „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც მისმა საყვარელმა შვილებმა, და ისეთივე სიყვარული გქონდეთ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა“. როდესაც იეჰოვას ვბაძავთ სიყვარულის გამოვლენაში, ვგრძნობთ დიდ ბედნიერებას, რომელიც გაცემას მოჰყვება. აგრეთვე შინაგანად კმაყოფილები ვართ, რადგან ვიცით, რომ ვასიამოვნებთ იეჰოვას, რომელიც ერთმანეთის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს (რომაელები 13:8). მაგრამ მხოლოდ ამის გამო როდი უნდა გვიყვარდეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი სიყვარულის გამოვლენა?
4, 5. რატომ არის მნიშვნელოვანი თანამორწმუნეთა მიმართ უანგარო სიყვარულის გამოვლენა?
4 რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თანამორწმუნეებისადმი სიყვარული გამოვავლინოთ? მარტივად რომ ვთქვათ, სიყვარული ჭეშმარიტი ქრისტიანობის არსია. სიყვარულის გარეშე მჭიდრო ურთიერთობა ვერ გვექნება თანაქრისტიანებთან და არაფრად ვეღირებით იეჰოვას თვალში. განვიხილოთ, რა არის ამის შესახებ ნათქვამი ღვთის სიტყვაში.
5 დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ ღამეს იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი! ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35). „როგორც მე შეგიყვარეთ“ — დიახ, იესო მოგვიწოდებს, ისეთივე სიყვარული გამოვავლინოთ, როგორც თავად გამოავლინა. 29-ე თავში განვიხილეთ, რომ იესომ თავგანწირვის სულით, ანუ სხვისი ინტერესების პირად ინტერესებზე წინ დაყენებით, სიყვარულის გამოვლენის დიდებული მაგალითი მოგვცა. ჩვენც უნდა გამოვავლინოთ უანგარო სიყვარული, იმდენად აშკარად, რომ ის იმ ადამიანებმაც კი შენიშნონ, რომლებიც ქრისტიანულ კრებაში არ არიან. უანგარო ძმური სიყვარული სწორედ ის ნიშანია, რომლითაც ხალხი ხედავს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები ვართ.
6, 7. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვას სიტყვაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიყვარულს? ბ) რა სიყვარულზეა ყურადღება გამახვილებული პავლეს სიტყვებში, რომლებსაც 1 კორინთელების 13:4—8-ში ვკითხულობთ?
6 რა მოხდება, თუ სათანადოდ ვერ გამოვავლენთ სიყვარულს? პავლე მოციქულმა დაწერა: «სიყვარული [რომ] არ გამაჩნდეს, ისეთი საკრავივით ვიქნებოდი, გამაყრუებელ და შემაწუხებელ ხმას რომ გამოსცემს [„მოჟღარუნე თითბერი ანდაც ხმაურიანი წინწილა ვიქნებოდი“]» (1 კორინთელები 13:1, სქოლიო). თითბერი და წინწილა უხეშ და არასასიამოვნო ხმას გამოსცემენ. რა კარგი შედარებაა! ადამიანი, რომელიც სხვების მიმართ სიყვარულს არ ავლენს, იმ მუსიკალურ საკრავს ჰგავს, რომელიც ყურთასმენის წამღებ, მჭახე ხმას გამოსცემს და ადამიანში არასასიამოვნო გრძნობებს იწვევს. როგორ ექნება ასეთ ადამიანს ვინმესთან ახლო ურთიერთობა? გარდა ამისა, პავლემ თქვა: „მთების გადაადგილება [რომ] შემეძლოს, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი“ (1 კორინთელები 13:2). წარმოიდგინე, სიყვარულის გარეშე ადამიანი „არარაობაა“ იმისდა მიუხედავად, თუ რა შეუძლია გააკეთოს! განა ნათელი არ არის, რომ იეჰოვას სიტყვა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიყვარულის გამოვლენას?!
7 როგორ უნდა გამოვავლინოთ ეს თვისება სხვებთან ურთიერთობაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ პავლეს სიტყვები, რომლებიც 1 კორინთელების 13:4—8-შია ჩაწერილი. ამ სიტყვებში არც ჩვენდამი ღვთის სიყვარულზეა ყურადღება გამახვილებული და არც ღვთისადმი ჩვენს სიყვარულზე. პავლე იმაზე ლაპარაკობს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ის აღწერს, თუ რა ახასიათებს და რა არ ახასიათებს სიყვარულს.
რა ახასიათებს სიყვარულს
8. როგორ გვეხმარება ერთმანეთთან ურთიერთობაში სულგრძელობა?
8 „სიყვარული სულგრძელია“. სიყვარული მთელი გულით პატიებას გულისხმობს (კოლოსელები 3:13). განა არ გვჭირდება პატიება?! ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს, მხარდამხარ გვიწევს მსახურება. ამიტომაც, ბუნებრივია, დროდადრო ან ჩვენ გაგვაღიზიანებენ თანაქრისტიანები, ან ჩვენ გავაღიზიანებთ მათ. პატიება კი იმ მცირე უსიამოვნებების მოგვარებაში დაგვეხმარება, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობისას გვხვდება, და კრებაში სიმშვიდეს შეგვანარჩუნებინებს.
9. როგორ შეგვიძლია სიკეთის გაკეთება?
9 „სიყვარული კეთილია“. სიკეთე პრაქტიკულ დახმარებასა და კეთილ სიტყვებში ვლინდება. სიყვარული აღგვძრავს, სიკეთის კეთების შესაძლებლობები ვეძებოთ, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. მაგალითად, შეიძლება ხანდაზმულ მარტოხელა თანამორწმუნეს სჭირდებოდეს გამხნევება. მარტოხელა დედას და ურწმუნო ნათესავებთან ერთად მცხოვრებ დასაც დასჭირდება მხარდაჭერა. ავადმყოფს ან სხვა გასაჭირში მყოფსაც დაეხმარება ერთგული მეგობრის კეთილი სიტყვები (იგავები 12:25; 17:17). როდესაც საკუთარი ინიციატივით ვაკეთებთ სიკეთეს, წრფელ სიყვარულს ვავლენთ (2 კორინთელები 8:8).
10. როგორ გვეხმარება სიყვარული, სიმართლე ვილაპარაკოთ მაშინაც კი, როდესაც ეს არც ისე ადვილია?
10 „სიყვარულს . . . სიმართლე ახარებს“. ერთ თარგმანში ნათქვამია, რომ „სიყვარული სიხარულით ემხრობა სიმართლეს“. სიყვარული აღგვძრავს, სიმართლეს დავუჭიროთ მხარი და სიმართლე ველაპარაკოთ ერთმანეთს (ზაქარია 8:16). მაგალითად, თუ ახლობელმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, იეჰოვას სიყვარული და თავად იმ ადამიანის სიყვარული, ვინც შეცდომა დაუშვა, აღგვძრავს, ღვთის ნორმები დავიცვათ და არ შევეცადოთ ცოდვის დამალვას, გამართლებას ან ამასთან დაკავშირებით რაიმე სიცრუის თქმას. მართალია, ასე მოქცევა ადვილი არ არის, მაგრამ ამ ადამიანის სიყვარული აღგვძრავს, დავეხმაროთ, გამოსწორდეს და იეჰოვასთან ურთიერთობა აღადგინოს. (იგავები 3:11, 12). როგორც მოსიყვარულე ქრისტიანებს, იმის სურვილიც გვექნება, რომ „ყოველმხრივ პატიოსნად ვიქცეოდეთ“ (ებრაელები 13:18).
11. იქიდან გამომდინარე, რომ სიყვარული „ყველაფერს იტანს“, რას უნდა შევეცადოთ, როდესაც თანამორწმუნეები შეცდომებს უშვებენ?
11 „სიყვარული . . . ყველაფერს იტანს“. ეს ფრაზა სიტყვასიტყვით ნიშნავს, „ყოველივეს ფარავს“ („სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“). 1 პეტრეს 4:8-ში ნათქვამია: „სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“. დიახ, ქრისტიანი თუ სიყვარულს ავლენს, არ შეეცდება, სააშკარაოზე გამოიტანოს თანაქრისტიანების არასრულყოფილება და ნებისმიერი არასწორი საქციელი. ხშირ შემთხვევაში, თანამორწმუნეთა შეცდომები უმნიშვნელოა და შესაძლებელია სიყვარულით „დაფარვა“ (იგავები 10:12; 17:9).
12. როგორ გამოხატა პავლემ რწმენა, რომ ფილიმონი საუკეთესოდ მოიქცეოდა და რა შეგვიძლია ვისწავლოთ პავლეს მაგალითიდან?
12 „სიყვარულს . . . ყველაფერი სწამს“. მოფატის თარგმანში ნათქვამია, რომ სიყვარულს „ყოველთვის სწადია, საუკეთესო სწამდეს“. ჩვენ ეჭვის თვალით არ ვუყურებთ თანამორწმუნეებს და მათ ყოველგვარ მოქმედებას. სიყვარული გვეხმარება, ვენდოთ ძმებს და გვწამდეს, რომ ისინი საუკეთესოდ მოიქცევიან.a მაგალითად, განვიხილოთ პავლეს წერილი, რომელიც ფილიმონს მისწერა. წერილის მიზანი იყო, რომ ფილიმონი კარგად შეხვედროდა ერთ დროს მისგან გაქცეულ მონას, ონისიმეს, რომელიც უკვე ქრისტიანი გამხდარიყო. პავლემ კი არ აიძულა ფილიმონი, არამედ სიყვარულით სთხოვა ეს. მან გამოხატა რწმენა, რომ ფილიმონი სწორად მოიქცეოდა. „იმიტომ გწერ, რომ გაითვალისწინებ ამას და ვიცი, იმაზე მეტს გააკეთებ, ვიდრე გთხოვ“ — დაწერა პავლემ (მუხლი 21). როდესაც სიყვარულით ვავლენთ ძმებისადმი ასეთ რწმენას, შესაძლებლობას ვაძლევთ, საუკეთესო თვისებები გამოავლინონ.
13. როგორ ცხადვყოფთ, რომ და-ძმებზე დადებითად ვფიქრობთ?
13 „სიყვარულს . . . ყველაფრის იმედი აქვს“. ნდობასთან ერთად სიყვარულს იმედიც აქვს. სიყვარული აღგვძრავს, რომ და-ძმებზე დადებითად ვიფიქროთ და მათ მოტივებში ეჭვი არ შევიტანოთ. მაგალითად, თუ ვინმე „გაუაზრებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს“, იმედი გვექნება, რომ გონს მოეგება, სათანადო რეაგირებას მოახდენს სიყვარულით გაწეულ დახმარებაზე და გამოასწორებს შეცდომას (გალატელები 6:1). აგრეთვე არ უნდა დავკარგოთ იმედი, რომ სულიერად სუსტები გაძლიერდებიან. მოთმინება უნდა გამოვავლინოთ მათ მიმართ და ყოველმხრივ უნდა დავეხმაროთ, რომ რწმენა განიმტკიცონ (რომაელები 15:1; 1 თესალონიკელები 5:14). იმ შემთხვევაშიც კი, თუ საყვარელი ადამიანი გზას ასცდა, იმედი არ უნდა დავკარგოთ, რომ ერთხელაც გონს მოეგება და იეჰოვას დაუბრუნდება, როგორც იესოს იგავში მოხსენიებული გზასაცდენილი შვილი (ლუკა 15:17, 18).
14. რა შემთხვევაში შეიძლება გამოიცადოს ჩვენი მოთმინება კრებაში და როგორ დაგვეხმარება ამ დროს სიყვარული?
14 „სიყვარული . . . ყველაფერს ითმენს“. მოთმინება გვეხმარება, როდესაც იმედი გვიცრუვდება ან რაიმე პრობლემა გვექმნება. ჩვენს მოთმინებას მხოლოდ წუთისოფელი როდი სცდის. მოთმინება ზოგჯერ კრებაშიც კი იცდება. არასრულყოფილების გამო მოსალოდნელია, დროდადრო ძმებმაც გაგვანაწყენონ. შესაძლებელია, გული გვატკინოს ვინმეს დაუფიქრებელმა სიტყვებმა (იგავები 12:18). შეიძლება, კრებაში ისე არ გაკეთდეს რამე, როგორც ჩვენ ვფიქრობდით, რომ უნდა გაკეთებულიყო, ან პასუხისმგებელი ძმის მოქმედება არ მოგვწონდეს და ვფიქრობდეთ, რომ ქრისტიანისთვის შეუფერებლად იქცევა. ნუთუ ასეთ შემთხვევებში უნდა მივატოვოთ კრება და შევწყვიტოთ იეჰოვას მსახურება?! თუ სიყვარულის არსი გვესმის, ასე არ მოვიქცევით! სწორედ სიყვარული გვიცავს, ისე არ დაგვაბრმავოს ძმის შეცდომამ, რომ კარგი ვეღარაფერი შევნიშნოთ პირადად მასში და მთელ კრებაში. სიყვარული შესაძლებლობას გვაძლევს, ერთგულად განვაგრძოთ ღვთისთვის მსახურება და ვითანამშრომლოთ კრებასთან იმისდა მიუხედავად, თუ რას იტყვის ან რას გააკეთებს რომელიმე არასრულყოფილი ადამიანი (ფსალმუნი 119:165).
რა არ ახასიათებს სიყვარულს
15. რა არის შური და როგორ დაგვეხმარება სიყვარული, არ გაგვიჩნდეს ეს გამანადგურებელი გრძნობა?
15 „სიყვარულს არ შურს“. შური დაგვამწუხრებს იმის გამო, რაც სხვებს აქვთ — იქნება ეს ნივთები, ღვთის კურთხევა თუ რაღაც განსაკუთრებული უნარი. შური ეგოისტური და გამანადგურებელი გრძნობაა, რომელსაც კრებაში სიმშვიდის დარღვევა შეუძლია. რა დაგვეხმარება შურისკენ მიდრეკილების აღმოფხვრაში? (იაკობი 4:5). სიყვარული. ეს ძვირფასი თვისება შეგვაძლებინებს, ვიხაროთ მასთან ერთად, ვინც ჩვენზე მეტს აღწევს (რომაელები 12:15). სიყვარული დაგვეხმარება, ღირსება არ შეგველახოს, როდესაც ვინმეს აქებენ.
16. რატომ მოვერიდებით იეჰოვასთვის მსახურებაში მიღწეული წარმატებით კვეხნას, თუ ნამდვილად გვიყვარს ძმები?
16 „სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს“. სიყვარულის გამო თავს ვიკავებთ საკუთარი ნიჭითა და მიღწევებით ტრაბახისგან. თუ ნამდვილად გვიყვარს ძმები, არ ვიტრაბახებთ სამქადაგებლო მსახურებაში მიღწეული წარმატებითა და კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობით. ასეთი კვეხნა ძმებს გულს გაუტეხს და დაამცირებს. სიყვარული ნებას არ გვრთავს, ვიტრაბახოთ იმით, რასაც ღვთის ნებით ვაკეთებთ მისთვის (1 კორინთელები 3:5—9). სიყვარული ხომ „არ ყოყოჩობს“ ანუ, როგორც ერთ თარგმანშია ნათქვამი, სიყვარულს ხომ „საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არა აქვს“. სიყვარული გვეხმარება, თავი დიდ ვინმედ არ მოგვქონდეს (რომაელები 12:3).
17. როგორ ვექცევით სხვებს, თუ მათ მიმართ სიყვარულს ვავლენთ, და როგორ საქციელს ვერიდებით?
17 „სიყვარული . . . უწესოდ არ იქცევა“. უწესობის ჩამდენი მიუღებლად და შეურაცხმყოფლად იქცევა. ასეთი ადამიანი სიყვარულს არ ამჟღავნებს, რადგან არაფრად მიიჩნევს სხვების გრძნობებსა და კეთილდღეობას. ამის საპირისპიროდ, სიყვარული კეთილშობილური გრძნობაა, რომელშიც სხვების მხედველობაში მიღებაც იგულისხმება. სიყვარული აღგვძრავს, კარგი მანერები შევიძინოთ, ღვთისმოსაწონად მოვიქცეთ და პატივი ვცეთ თანამორწმუნეებს. ამგვარად, სიყვარული დაგვეხმარება, მოვერიდოთ „სამარცხვინო საქციელს“ — ნებისმიერ რამეს, რაც გაანაწყენებდა და შეურაცხყოფდა თანაქრისტიანს (ეფესოელები 5:3, 4).
18. რატომ არ მოითხოვს ადამიანი, რომელიც სიყვარულს ავლენს, რომ ყველაფერი თავისი სურვილისამებრ გაკეთდეს?
18 „სიყვარული . . . მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს“. „გადამუშავებულ სტანდარტულ თარგმანში“ ნათქვამია, რომ „სიყვარული არ ცდილობს, თავისი გაიტანოს“. ადამიანი, რომელიც სიყვარულს ავლენს, არ მოითხოვს, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც თავად სურს, თითქოს მისი აზრი ყოველთვის სწორი იყოს. ის სხვებს თავის ჭკუაზე არ ატარებს და არ ცდილობს, მათ აზრი შეაცვლევინოს. სიჯიუტე სიამაყის ნიშანია; ბიბლიაში კი ნათქვამია, რომ „სიამაყე წინ უძღვის დაცემას“ (იგავები 16:18). თუ ნამდვილად გვიყვარს ძმები, პატივს ვცემთ მათ თვალსაზრისს და დავუთმობთ კიდეც, როდესაც საჭიროა. ამას მოგვიწოდებს პავლე მოციქულის სიტყვებიც: „თითოეულმა ის კი არ აკეთოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).
19. როგორ დაგვეხმარება სიყვარული, როდესაც ვინმე გვაწყენინებს?
19 „სიყვარული . . . არ ღიზიანდება და წყენას გულში არ იდებს“. სიყვარული ადვილად არ რისხდება სხვისი ნათქვამის ან მოქმედების გამო. ბუნებრივია, თუ ვინმე გვაწყენინებს, შეიძლება გავღიზიანდეთ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სრულიად სამართლიანად გავბრაზდით, სიყვარული ნებას არ დაგვრთავს, განრისხებული დავრჩეთ (ეფესოელები 4:26, 27). არ შევეცდებით საწყენი სიტყვებისა და საქციელის დამახსოვრებას, თითქოს დავთარში ვიწერდეთ ყველაფერს, რომ არ დაგვავიწყდეს. სიყვარული აღგვძრავს, მოსიყვარულე ღმერთს მივბაძოთ. როგორც 26-ე თავში დავინახეთ, იეჰოვა გვპატიობს შეცდომებს, როდესაც ამის საფუძველი აქვს. ის გვპატიობს და ივიწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში პასუხს აღარ გვაგებინებს ამ ცოდვების გამო. განა მადლობელი არა ვართ, რომ იეჰოვა არ იმახსოვრებს წყენას?!
20. რა რეაგირება უნდა მოვახდინოთ, თუ თანამორწმუნე ჩადენილი ცოდვის შედეგად იტანჯება?
20 „სიყვარული . . . უმართლობით არ ხარობს“. „ახალ ინგლისურ ბიბლიაში“ ნათქვამია, რომ სიყვარულს „არ ახარებს სხვისი ცოდვები“. მოფატის თარგმანში კი ვკითხულობთ: „სიყვარული არასდროს ხარობს, როდესაც სხვები ცდებიან“. სიყვარულს სიამოვნებას არ ანიჭებს უსამართლობა, ამიტომაც ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ უზნეობაზე. როგორ ვრეაგირებთ, როდესაც თანამორწმუნე სცოდავს და ცოდვის შედეგად იტანჯება? სიყვარული ნებას არ დაგვრთავს, გაგვიხარდეს და ვიფიქროთ, რომ ის დაემართა, რასაც იმსახურებდა (იგავები 17:5). მაგრამ ვხარობთ მაშინ, როდესაც ცოდვის ჩამდენი სწორ ნაბიჯებს დგამს სულიერად გამოსაჯანმრთელებლად.
„აღმატებული გზა“
21—23. ა) რა იგულისხმა პავლემ სიტყვებში „სიყვარული არასოდეს მთავრდება“? ბ) რას განვიხილავთ ბოლო თავში?
21 „სიყვარული არასოდეს მთავრდება“. რა იგულისხმა პავლემ ამ სიტყვებში? როგორც კონტექსტიდან ვხედავთ, პავლე მსჯელობდა სხვადასხვაგვარ სულიერ ძღვენზე, რომლებიც პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ. სულიერი ძღვენი იმის ნიშანი იყო, რომ ახლადჩამოყალიბებული კრება ღვთის კეთილგანწყობილებას იმსახურებდა. მაგრამ ყველა ქრისტიანს როდი შეეძლო განკურნება, წინასწარმეტყველება ან სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი. ამას დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა, რადგან საბოლოოდ სასწაულებრივი ძღვნის ბოძება შეწყდებოდა. კვლავაც იარსებებდა მხოლოდ ერთი რამ — ის, რაც თითოეულ ქრისტიანს შეეძლო ჰქონოდა; რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი, ვიდრე ნებისმიერი სასწაულებრივი ძღვენი. პავლემ მას „აღმატებული გზა“ უწოდა (1 კორინთელები 12:31). რა იყო ეს „აღმატებული გზა“? ეს სიყვარულის გზა იყო.
22 ქრისტიანული სიყვარული, რომელიც პავლემ აღწერა, ნამდვილად „არასოდეს მთავრდება“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის იარსებებს. უანგარო ძმური სიყვარული დღეს იესოს ჭეშმარიტი მიმდევრების ამოსაცნობი ნიშანია. განა ასეთ სიყვარულს არ ვხედავთ მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებებში?! ასეთი სიყვარული მარადიულად იარსებებს, რადგან იეჰოვა მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდება თავის ერთგულ მსახურებს (ფსალმუნი 37:9—11, 29). მოდი ყოველმხრივ შევეცადოთ, რომ სიყვარული გამოვავლინოთ. ამგვარად, ვიგრძნობთ დიდ ბედნიერებას, რომელიც გაცემას მოაქვს და უფრო მეტიც, მარადიულად ვიცხოვრებთ და მარადიულად გამოვავლენთ სიყვარულს ჩვენი მოსიყვარულე ღვთის, იეჰოვას მსგავსად.
ძმური სიყვარული იეჰოვას ხალხის ამოსაცნობი ნიშანია.
23 ამ თავით დავასრულეთ ნაწილი, რომელშიც სიყვარული განიხილებოდა და დავინახეთ, თუ როგორ უნდა გამოვავლინოთ ერთმანეთისადმი სიყვარული. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ჩვენთვის მრავალმხრივ მოაქვს სარგებლობა იეჰოვას სიყვარულს, აგრეთვე ძალას, სამართლიანობასა და სიბრძნეს, დროული იქნება დავფიქრდეთ: როგორ უნდა დავანახვოთ იეჰოვას, რომ ის ნამდვილად გვიყვარს? ამ საკითხს ბოლო თავში განვიხილავთ.
a ცხადია, ქრისტიანული სიყვარული გულუბრყვილობას არ ნიშნავს. ბიბლია მოგვიწოდებს: „თვალი გეჭიროთ მათზე, ვინც განხეთქილებებს იწვევს და აბრკოლებს სხვებს. . . ერიდეთ ასეთებს“ (რომაელები 16:17).