მორჩილება
ძალაუფლების მქონეთა ბრძანების შესრულება, ამა თუ იმ მოთხოვნის დაცვა და თავის შეკავება იმისგან, რაც აკრძალულია, მზადყოფნა უფლებამოსილთა ნების შესასრულებლად და კანონის დასაცავად. ბიბლიაში სხვადასხვა სახის მორჩილებას ვხვდებით, მაგალითად, იესოს მორჩილებას თავისი მამისადმი (1კრ. 15:27, 28), ქრისტიანული კრების მორჩილებას იესოსა (ეფ. 5:24) და ღვთის მიმართ (ებ. 12:9; იაკ. 4:7), ცალკეული ქრისტიანების მორჩილებას მათ მიმართ, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრია (1კრ. 16:15, 16; ებ. 13:17; 1პტ. 5:5), ქრისტიანი ქალების მორჩილებას კრებაში სწავლებასთან დაკავშირებით (1ტმ. 2:11), მონების მორჩილებას თავიანთი ბატონებისადმი (ტიტ. 2:9; 1პტ. 2:18), ცოლების მორჩილებას ქმრებისადმი (ეფ. 5:22; კლ. 3:18; ტიტ. 2:5; 1პტ. 3:1, 5), შვილების მორჩილებას მშობლებისადმი (1ტმ. 3:4; ლკ. 2:51; ეფ. 6:1) და ადამიანების მორჩილებას უმაღლეს ხელისუფალთა მიმართ (რმ. 13:1, 5; ტიტ. 3:1; 1პტ. 2:13; იხ. მეთაურობა; უმაღლესი ხელისუფალნი).
ებრაულ წერილებში მორჩილება გადმოიცემა სიტყვით შამაʽ, რაც ძირითადად გაგონებას, მოსმენას ნიშნავს. შამაʽ ზოგჯერ გულისხმობს ამა თუ იმ ინფორმაციას მიღებას სმენის ორგანოს მეშვეობით (დბ. 3:10; 21:26; 34:5). მაგრამ, როცა მოსაუბრე გამოხატავს თავის ნება-სურვილს, იძლევა მითითებას ან ბრძანებას, ეს ებრაული სიტყვა იძენს გათვალისწინებისა და მორჩილების მნიშვნელობას. ადამმა მოუსმინა თავისი ცოლის ხმას, ანუ დაჰყვა მის სურვილს და აკრძალული ხის ნაყოფი მანაც შეჭამა (დბ. 3:17; შდრ. 21:12). იოსებმა არ მოუსმინა ფოტიფარის ცოლს და არ დაწვა მასთან (დბ. 39:10). მეფე საულმა, როცა ხალხისა შეეშინდა, თქვა: „მათ ხმას მოვუსმინე“ (1სმ. 15:24). შთამომავლის შესახებ დაპირება იეჰოვამ აბრაამს იმის გამო მისცა, რომ მან მოუსმინა იეჰოვას ხმას, ანუ დაემორჩილა მის ბრძანებებს (დბ. 22:18; 26:4, 5; შდრ. ებ. 11:8; იხ. ყური).
ეს ებრაული სიტყვა მაშინაც გამოიყენება, როცა საუბარია იმაზე, რომ ღმერთი უსმენს ადამიანებს. ცხადია, აქ მორჩილება არ იგულისხმება, რადგან ადამიანი ვერაფერს უბრძანებს ღმერთს; მას შეუძლია მხოლოდ სთხოვოს ან ევედროს იეჰოვას. ღმერთმა აბრაამს უთხრა: „ისმაელის შესახებაც მოვისმინე შენი თხოვნა“. აქ იეჰოვა იმას გულისხმობდა, რომ მან გაითვალისწინა აბრაამის თხოვნა და მის შესრულებასაც დაჰპირდა (დბ. 17:20). მსგავსად, ღმერთი ისმენდა ანუ ითვალისწინებდა გაჭირვებაში მყოფთა თხოვნას და შველოდა კიდეც მათ, როცა ამის საფუძველს ხედავდა (დბ. 16:11; 29:33; 21:17; გმ. 3:7—9; შდრ. კნ. 1:45).
შამას მსგავსად, მორჩილების გამომხატველი ერთ-ერთი ბერძნული ზმნა (ჰიპაკუო; არსებითი სახელი — ჰიპაკოე) სიტყვასიტყვით ნიშნავს „ქვემოდან მოსმენას“, რაც გულისხმობს მოქმედებას მოსმენის შემდეგ (სქ. 12:13). მორჩილების გამომხატველი კიდევ ერთი სიტყვაა პითო, რაც დარწმუნებას ნიშნავს (მთ. 27:20). ვნებით და საშუალ გვარში ეს სიტყვა გულისხმობს არა მხოლოდ დარწმუნებას (ლკ. 16:31), მინდობასა (მთ. 27:43) და რწმენას (სქ. 17:4), არამედ დაჯერებასა (სქ. 5:40) და მორჩილებას (სქ. 5:36, 37). ამავე სიტყვიდან წარმოდგება უარყოფითი დატვირთვის მქონე სიტყვა აპითეო (ნიშნავს: არ ირწმუნებს [სქ. 14:2, 19:9] ან არ დაემორჩილება [ინ. 3:36]) და სხვა მონათესავე სიტყვები.
როგორც ვხედავთ, ბიბლიის დედნისეულ ენებზე სიტყვა მორჩილება გულისხმობს ჯერ მოსმენას, ანუ ინფორმაციის ან ცოდნის მიღებას (შდრ. ლკ. 12:47, 48; 1ტმ. 1:13) და შემდეგ ამა თუ იმ სახით გამოხატული ნება-სურვილის გათვალისწინებას. მორჩილება დამოკიდებულია იმაზე, აღიარებს თუ არა ადამიანი მოსაუბრის უფლებამოსილებას, წამოაყენოს ესა თუ ის მოთხოვნა, და აგრეთვე მსმენელის სურვილზე, შეასრულოს უფლებამოსილის ნება. როგორც ზემოხსენებული ბერძნული სიტყვები პითო და აპითეო მიანიშნებს, მორჩილების გამოსავლენად აგრეთვე საჭიროა რწმენა და ნდობა.
ღვთისადმი მორჩილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ღმერთს სრული უფლება აქვს, რომ ყველა თავისი ქმნილებისგან მორჩილება მოითხოვოს. ისინი ვალდებულნი არიან, ყველაფერში დაემორჩილონ თავიანთ შემოქმედს, რომელმაც მათ არა მხოლოდ მისცა სიცოცხლე, არამედ უნარჩუნებს კიდეც მას (ფს. 95:6—8). ვინაიდან ის ყოვლადბრძენი და ყოვლისშემძლეა, მისი თითოეული სიტყვა დიდ ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებს. როდესაც მამა შვილს რაიმეს ეუბნება, მისგან სამართლიანად მოელის მორჩილებას, მაგრამ თუ შვილი არ უგონებს, მამამ შეიძლება მკაცრად უთხრას: „არ გესმის?!“. თუკი მამა მოელის შვილისგან მორჩილებას, მით უმეტეს ჩვენი ზეციერი მამა მოელის ჩვენგან სამართლიანად, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ მის თითოეულ სიტყვას და შევასრულოთ ის (შდრ. კნ. 21:18—21; იგ. 4:1; ეს. 64:8; 1პტ. 1:14).
მორჩილების გარეშე ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება შეუძლებელია. სამუელმა მეფე საულს უთხრა: „ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი შესაწირავი და მსხვერპლი, როგორც იეჰოვას მოსმენა [შამას ერთ-ერთი ფორმა]? მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია და მორჩილება — ვერძის ქონზე!“ (1სმ. 15:22). იეჰოვასადმი ურჩობა მისი სიტყვის უგულებელყოფას ნიშნავს. ამ დროს ადამიანი უნდობლობას ავლენს ღვთისა და მისი სიტყვის მიმართ, რაც რწმენის უქონლობაზე მეტყველებს. ამგვარად, ურჩობა არაფრით განსხვავდება მკითხაობისა და კერპების გამოყენებისგან (1სმ. 15:23; შდრ. რმ. 6:16). სიტყვიერ თანხმობას ფასი არ აქვს, თუ მას თან არ სდევს შესაბამისი მოქმედება; მითითებების უგულებელყოფა მიანიშნებს იმ პიროვნებისადმი რწმენის ნაკლებობასა და უპატივცემულობაზე, რომელიც ამ მითითებებს იძლევა (მთ. 21:28—32). ის, ვინც მხოლოდ ისმენს ღვთის სიტყვას და ეთანხმება მას, მაგრამ არ მოქმედებს მისი მოთხოვნების შესაბამისად, თავს იტყუებს მცდარი აზროვნებით და ვერ მიიღებს კურთხევებს (იაკ. 1:22—25). პავლე და ბარნაბა არ დაემორჩილნენ ცრუ ძმებს, რომლებიც ღვთის მიერ გაცხადებული ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ — ემხრობოდნენ წინადაცვეთას და ამტკიცებდნენ, რომ გადასარჩენად მოსეს კანონის დაცვა იყო საჭირო (გლ. 2:3—5; შდრ. სქ. 15:1, 24—29).
დაუმორჩილებლობასთან ბრძოლა თანდაყოლილი ცოდვის გამო. ღმერთმა ადამიანი თავიდანვე გააფრთხილა, რომ მორჩილება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო (დბ. 2:16, 17). ეს მოთხოვნა ღვთის სულიერ ძეებზეც ვრცელდება (1პტ. 3:19, 20; იუდ. 6; მთ. 25:41). სრულყოფილმა კაცმა, ადამმა, რომელიც ევას თავი იყო და რომლისგანაც კაცობრიობა უნდა გამრავლებულიყო, ნებაყოფლობითი დაუმორჩილებლობით მთელ თავის შთამომავლობას ცოდვა და სიკვდილი მოუტანა (რმ. 5:12, 19). სწორედ ამიტომ ადამიანები თავიანთი ბუნებით „ურჩობის ძეები“ და „რისხვის შვილები“ არიან, და ვინაიდან ისინი ღვთის სამართლიან ნორმებს არღვევენ, მის კეთილგანწყობას არ იმსახურებენ. თუ ისინი არ შეებრძოლებიან დაუმორჩილებლობისკენ მემკვიდრეობით მიღებულ მიდრეკილებას, სამუდამოდ განადგურდებიან (ეფ. 2:2, 3; 5:6—11; შდრ. გლ. 6:7—9).
გულმოწყალე ღმერთი, იეჰოვა სხვადასხვა საშუალებით გვეხმარება, რომ შევებრძოლოთ ჩვენში არსებულ ცოდვას და გვეპატიოს არასწორი საქციელი, რომელსაც არასრულყოფილების გამო ჩავდივართ და არა განზრახ ურჩობის გამო. თავისი წმინდა სულით ღმერთი გვაძლევს ძალას, რომ სიმართლის მხარეს ვიყოთ, და მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილები ვართ, კარგი ნაყოფი გამოვიღოთ (გლ. 5:16—24; ტიტ. 3:3—7). ცოდვების პატიების წინაპირობა ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენაა. ასეთი რწმენა არასწორი საქციელის ჩადენისგან გვაკავებს და მორჩილებისკენ გვიბიძგებს (1პტ. 1:2). ამიტომ საუბრობს პავლე რწმენით გამოვლენილ მორჩილებაზე [მოქმედება მოსმენის შემდეგ] (რმ. 16:26; 1:16; შდრ. სქ. 6:7). რომაელების 10:16—21-ში ის აღნიშნავს, რომ მორჩილებისთვის აუცილებელია მოსმენა და რწმენა, და რომ ისრაელების ურჩობის (ურწმუნოების [აპითეო]) მიზეზი რწმენის უქონლობა იყო (შდრ. ებ. 3:18, 19). ნამდვილი „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“. რწმენის მქონე ადამიანს „უნდა სწამდეს, რომ ის [ღმერთი] არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“. ასეთი ადამიანი მზად არის მორჩილებისთვის და დარწმუნებულია, რომ მორჩილება მას კურთხევებს მოუტანს (ებ. 11:1, 6).
ღმერთი ადამიანებს დიქტატორივით არ ექცევა, რომელიც მხოლოდ ბრძანებებს იძლევა. მას არ უნდა, რომ ისე ვემორჩილებოდეთ, როგორც ლაგამამოდებული ცხენი — პატრონს (შდრ. იაკ. 3:3; ფს. 32:8, 9), უგულოდ და ნაძალადევად, როგორც დემონები ემორჩილებოდნენ ქრისტესა და მის მოწაფეებს (მრ. 1:27; ლკ. 10:17, 20). ღმერთს სურს, რომ მადლიერი გულით ვემორჩილებოდეთ (ფს. 112:1; 119:11, 112; რმ. 6:17—19). ამიტომაც იეჰოვა თავის ნებასა და განზრახვას ისე გვაცნობს, რომ სიმართლისა და სამართლიანობის განცდა გვეუფლება, და მათში სიყვარულს, სიკეთეს, გონიერებას და სიბრძნეს ვხედავთ (კნ. 10:12, 13; ლკ. 1:17; რმ. 12:1, 2). მართალი გულისანი ღმერთს სიყვარულით ემორჩილებიან (1ინ. 5:2, 3; 2ინ. 6). ღვთის მსახურების მიერ გადაცემული ცნობის ჭეშმარიტება მსმენელებს მორჩილებისკენ აღძრავს. ამიტომაც საუბრობს პეტრე მოციქული „ჭეშმარიტებისადმი მორჩილებაზე“, რასაც „უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობა“ მოჰყვება (1პტ. 1:22; შდრ. რმ. 2:8, 9; გლ. 5:7, 8). ყველა ქრისტიანის მოვალეობაა გაჭირვებაში მყოფი თანამორწმუნეების დახმარება და როგორც 2 კორინთელების 9:13-დან ჩანს, მათთვის შესაწირავების გაღება სასიხარულო ცნობისადმი მორჩილებაზე მეტყველებს (იაკ. 1:26, 27; 2:14—17).
იეჰოვა დიდ მოთმინებას ავლენდა ისრაელის მიმართ. ის შეაგონებდა და რჩევა-დარიგებებს აძლევდა მას. იგი თავის თავზე ამბობდა: „ყოველდღე ადრე ვდგებოდი“ და „გიგზავნიდით...წინასწარმეტყველებს“, „მთელი დღე გაწვდილი მქონდა ხელი ხალხისკენ, რომელიც მეურჩება და სიტყვას მიბრუნებს“. ისრაელი კი გულს იქვავებდა და ჯიუტად არ იღებდა დარიგებას (იერ. 7:23—28; 11:7, 8; ზქ. 7:12; რმ. 10:21). მესიის მოსვლის შემდეგაც კი არ წყვეტდნენ კანონის მეშვეობით საკუთარი სიმართლის დადგენას. რწმენის უქონლობა და ქრისტეს მეშვეობით გადაცემული ღვთის მითითებებისადმი დაუმორჩილებლობა უმრავლესობას ღვთის სამეფოში ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა, მრავალ არაიუდეველს კი შესაძლებლობა მიეცა, რჩეული ერის, სულიერი ისრაელის წევრი გამხდარიყო (რმ. 10:1—4; 11:13—23, 30—32).
მორჩილების გამოსავლენად საჭიროა ღვთისადმი ჯანსაღი შიშიც. ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ღმერთი ყოვლადძლიერია, მას უპატივცემულოდ ვერავინ მოექცევა და ვერავინ დასცინებს, რადგან ის ყველას თავისი საქმეებისამებრ მიუზღავს (შდრ. ფლ. 2:12, 13; გლ. 6:7, 8; ებ. 5:7). ღვთის ნებისადმი განზრახ დაუმორჩილებლობა ან უპატივცემულობა „სასამართლოს შიშის მომგვრელ მოლოდინს“ იწვევს (ებ. 10:26—31).
ბიბლიაში მრავლად არის იმ ადამიანთა შემთხვევები, რომლებიც ღმერთს მთელი გულით ემორჩილებოდნენ ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად. საუკეთესო მაგალითი ღვთის ძემ დაგვიტოვა, რომელმაც „თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“ (ფლ. 2:8; ებ. 5:8). ის თავისი მორჩილებით, თავისი საქმეებით მართლად იქნა აღიარებული და აქედან გამომდინარე, ცოდვისა და სიკვდილისგან კაცობრიობის სახსნელად სრულყოფილი მსხვერპლის გაღება შეეძლო (რმ. 5:18—21).
მორჩილება უფლებამოსილთა მიმართ. ვინაიდან იესო ღვთის მიერ დანიშნული მეფეა, მას ყველა უნდა ემორჩილებოდეს (დნ. 7:13, 14). ის არის „შილო“ იუდას ტომიდან, რომელსაც ემორჩილებიან ხალხები (დბ. 49:10), და მოსესნაირი წინასწარმეტყველი, რომელსაც ყველამ უნდა მოუსმინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურდებიან (სქ. 3:22, 23), აგრეთვე ერების „წინამძღოლი და მეთაური“, „ყველა მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ძალაზე“ მაღლა დაყენებული (ეფ. 1:20, 21), რომლის წინაშეც ყველამ უნდა მოიდრიკოს მუხლი და აღიაროს ღვთის მიერ მისთვის ბოძებული ძალაუფლება (ფლ. 2:9—11). ის აგრეთვე არის მღვდელმთავარი, და ყველა, ვინც მის მითითებებს დაემორჩილება, განიკურნება და მარადიულად იცოცხლებს (ებ. 5:9, 10; ინ. 3:36). როგორც ღვთის მთავარ წარმომადგენელს, იესოს თამამად შეეძლო ეთქვა, რომ მისი სიტყვისადმი მორჩილება იყო ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელზეც მომავლის იმედის დაფუძნება შეიძლებოდა (მთ. 7:24—27). მორჩილებით იესოს თავისი მიმდევრები სიყვარულს უმტკიცებენ (ინ. 14:23, 24; 15:10). ვინაიდან ღმერთმა ყველა თავისი განზრახვის შესრულებაში უმთავრესი როლი თავის ძეს დააკისრა (რმ. 16:25—27), შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებულია „ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ სასიხარულო ცნობისადმი მორჩილებაზე, რაც მისადმი ჩვენი რწმენის შესახებ საჯაროდ გაცხადებას მოიცავს (2თს. 1:8; რმ. 10:8—10, 16; 1პტ. 4:17).
როგორც ქრისტიანული კრების თავი, იესო ქრისტე უფლებამოსილებას კრებაში მსახურ მამაკაცებს ანიჭებს, როგორც ეს თავის დროზე მოციქულების შემთხვევაში გააკეთა (2კრ. 10:8). ეს მამაკაცები კრების თავისგან მიღებულ მითითებებს კრების წევრებს გადასცემენ, ამიტომ მათდამი მორჩილება მართებულიც არის და აუცილებელიც (2კრ. 10:2—6; ფლ. 2:12; 2თს. 3:4, 9—15), რადგან ისინი, როგორც სულიერი მწყემსები, „ფხიზლობენ [მათ] სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი“ (ებ. 13:17; 1პტ. 5:2—6; შდრ. 1მფ. 3:9). ეს ძმები ხარობენ, როცა მათ კრების წევრები ემორჩილებიან რომაელი და ფილიპელი ქრისტიანებისა და ფილიმონის მსგავსად, რომელსაც პავლემ მისწერა: „იმ იმედით გწერ, რომ ... ვიცი, იმაზე მეტსაც გააკეთებ, რასაც გეუბნები“ (რმ. 16:19; ფლ. 2:12, 17; ფლმ. 21).
მშობლებისა და ქმრებისადმი მორჩილება. მშობლებს ღმერთმა მისცა უფლება, რომ შვილებისგან მორჩილება მოითხოვონ (იგ. 23:22). უდავოა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიყვარა იეჰოვამ იაკობი და რატომ შეიძულა ესავი, მშობლებისადმი იაკობის მორჩილება იყო (მლ. 1:2, 3; დბ. 28:7). თავის მიწიერ მშობლებს იესოც ემორჩილებოდა (ლკ. 2:51). პავლე მოციქულმა ბავშვებს მოუწოდა: „დაემორჩილეთ მშობლებს ყველაფერში“. აღსანიშნავია, რომ პავლემ ეს წერილი ქრისტიანებს მისწერა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია სიტყვაში „ყველაფერი“ იგულისხმებოდეს იმ მითითებებისადმი მორჩილება, რომელთა შესრულებაც ავტომატურად გამოიწვევდა ზეციერი მამის, იეჰოვა ღმერთის სიტყვისადმი დაუმორჩილებლობას, რაც არ იქნებოდა მოსაწონი უფლისთვის (კლ. 3:20; ეფ. 6:1). მშობლებისადმი დაუმორჩილებლობას ბიბლია გმობს. მოსეს კანონის თანახმად, შვილი, რომელიც არ წყვეტდა ურჩობას, უნდა მოეკლათ (კნ. 21:18—21; იგ. 30:17; რმ. 1:30, 32; 2ტმ. 3:2).
ბიბლია ცოლებსაც მოუწოდებს, რომ ქმრებს, როგორც მათ თავებს, „დაემორჩილონ ... ყველაფერში“. ამაში მათ მისაბაძ მაგალითს სარა აძლევთ (ეფ. 5:21—33; 1პტ. 3:1—6). ამ შემთხვევაშიც ქმრის მეთაურობასა და უფლებამოსილებაზე მაღლა ღვთისა და ქრისტეს მეთაურობა და უფლებამოსილება დგას (1კრ. 11:3).
ბატონებისა და მთავრობებისადმი მორჩილება. ბიბლია მონებსაც მოუწოდებდა, ყველაფერში დამორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ოღონდ არა მოსაჩვენებლად, არამედ იეჰოვას შიშით, როგორც ქრისტეს მონები (კლ. 3:22—25; ეფ. 6:5—8). მონებს, რომლებსაც ტანჯვა მოუწევდათ, ქრისტესთვის უნდა მიებაძათ, ისევე როგორც ქრისტიან ცოლებს, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ (1პტ. 2:18—25; 3:1), თუმცა მათი ბატონების უფლებამოსილება არ იყო აბსოლუტური. ამიტომ ქრისტიანი მონები უნდა დამორჩილებოდნენ მათ ყველაფერში, რაც ღვთის ნებასა და მითითებებს არ ეწინააღმდეგებოდა.
მთავრობებისა და მმართველების მიმართ მორჩილებაც მნიშვნელოვანია (ტიტ. 3:1), რადგან მმართველობის უფლება მათ ღმერთმა მისცა და მათ მიერ გაწეული სხვადასხვა მომსახურებით მისი ხალხიც სარგებლობს. ამიტომ ქრისტიანებს მოეთხოვებათ, რომ „კეისრისა კეისარს“ მისცენ (მრ. 12:14—17). ქრისტიანს კეისრის კანონების მორჩილებისა და გადასახადების გადახდისკენ უმთავრესად აღძრავს არა კეისრის მახვილით დასჯის შიში, არამედ ქრისტიანული სინდისი (რმ. 13:1—7). ვინაიდან მორჩილებისკენ აღმძვრელი ძალა სინდისია, ქრისტიანები მთავრობებს იქამდე ემორჩილებიან, სანამ ღვთის კანონი არ ირღვევა. სწორედ ამიტომ, მოციქულებმა იმ მმართველებს, რომლებმაც მათ ღვთის მიერ მიცემული დავალების — ქადაგების შეწყვეტა მოსთხოვეს, მტკიცედ განუცხადეს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (სქ. 5:27—29, 32; 4:18—20).