ახალგაზრდებო, როგორ უნდა მოემზადოთ ნათლობისთვის?
„შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო“ (ფსალმ. 40:8).
1, 2. ა) რატომ არის ნათლობა სერიოზული ნაბიჯი? ბ) რაში უნდა დარწმუნდეს ადამიანი მონათვლამდე და რატომ?
გსურს, მოინათლო? მონათვლა ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება წილად ხვდეს ადამიანს. თუმცა, როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ეს არის საჯარო დადასტურება იმისა, რომ თავი მიუძღვენი იეჰოვას, ანუ მტკიცედ აღუთქვი, რომ მარადიულად ემსახურები მას და ცხოვრებაში ყველაფერზე წინ მისი ნების შესრულებას დააყენებ. მონათვლის გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ უნდა მიიღო, როცა ამისთვის მზად იქნები, როცა ეს უშუალოდ შენი სურვილით იქნება ნაკარნახევი და როცა მიძღვნის მნიშვნელობა გეცოდინება.
2 როგორ უნდა მოიქცე იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხვდები, ხარ თუ არა მზად მონათვლისთვის ან თუ შენი მშობლები ფიქრობენ, რომ ჯერ ადრეა მონათვლა და ჯობია, მეტი გამოცდილება შეიძინო ქრისტიანული ცხოვრების გზაზე? როგორც არ უნდა იყოს, გულს ნუ გაიტეხ! ეს დრო იმისთვის გამოიყენე, რომ ნათლობისთვის მოემზადო და უახლოეს მომავალში მოინათლო. ამისათვის საჭიროა ისეთი მიზნების დასახვა, რომლებიც დაგეხმარება: 1) დარწმუნდე, რომ რაც გწამს, ჭეშმარიტებაა, 2) დაინახო, როგორ იქცევი და 3) იყო ღვთის მადლიერი.
დარწმუნდი, რომ რაც გწამს, ჭეშმარიტებაა
3, 4. რის სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს ტიმოთესგან?
3 როგორ უპასუხებდი შემდეგ კითხვებს: რა მარწმუნებს ღვთის არსებობაში? რის საფუძველზე მჯერა, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნია? რატომ ვფიქრობ, რომ ღვთის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრება სჯობია ქვეყნიური ნორმებით ცხოვრებას? ამ კითხვების დასმის მიზანი ეჭვების ჩათესვა როდია. ეს კითხვები დაგეხმარება, ყურად იღო პავლე მოციქულის რჩევა, რომლის თანახმადაც უნდა დარწმუნდე, „რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომ. 12:2). რატომ უნდა გაითვალისწინო ეს რჩევა?
4 მოვიყვანოთ ბიბლიური პერსონაჟის, ტიმოთეს მაგალითი. მან კარგად იცოდა წმინდა წერილები, რომელიც დედისგან და ბებიისგან ჩვილობიდან ჰქონდა ნასწავლი. თუმცა პავლემ მას მაინც მისცა რჩევა: „კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ“ (2 ტიმ. 3:14, 15). ტიმოთემ გაითავისა ჭეშმარიტება, არა იმიტომ, რომ დედა და ბებია მოუწოდებდნენ ამისკენ, არამედ იმიტომ, რომ თავად დარწმუნდა ამაში (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:21).
5, 6. რატომაა მნიშვნელოვანი, რომ თავიდანვე იხელმძღვანელო რჩევით „ყველაფერში დარწმუნდი“?
5 რა შეიძლება ითქვას შენზე? ჭეშმარიტება შეიძლება დიდი ხანია იცი. მიუხედავად ამისა, კარგი იქნება, თუ გააანალიზებ, რა უდევს საფუძვლად შენს მრწამსს. ეს უფრო გაამყარებს შენს რელიგიურ შეხედულებებს და დაგეხმარება, არ მოექცე თანატოლების გავლენაში, არ წამოეგო ქვეყნიერების პროპაგანდას და არ აჰყვე გულისთქმას.
6 თუ თავიდანვე იხელმძღვანელებ რჩევით „ყველაფერში დარწმუნდი“, მომზადებული იქნები საიმისოდ, რომ გონივრული პასუხები გასცე შენს თანატოლებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: „რა გარწმუნებს იმაში, რომ ღმერთი არსებობს?“, „რატომ უშვებს მოსიყვარულე ღმერთი ბოროტებას?“, „როგორ შეიძლება, რომ ღმერთს ყოველთვის ეარსება?“. როცა მომზადებული იქნები, ასეთი კითხვები რწმენას კი არ შეგირყევს, პირიქით, წაგახალისებს, რომ დამატებით გამოიკვლიო ესა თუ ის საკითხი.
7—9. როგორ დაგეხმარება ონლაინ რუბრიკა „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, დარწმუნდე, რომ რაც გწამს, ჭეშმარიტებაა?
7 საფუძვლიანი პირადი შესწავლა დაგეხმარება კითხვებზე პასუხების გაცემაში, ეჭვების გაქარწყლებასა და რელიგიური შეხედულებების გამყარებაში (საქ. 17:11). პირად შესწავლაში დამხმარე სხვადასხვა საშუალება არსებობს, მაგალითად, ბროშურა „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“ და წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს ჩვენი ვებ-გვერდის jw.org ონლაინ რუბრიკით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ (ბიბლიური სწავლებები/ახალგაზრდები). ამ რუბრიკის თემები ისეა შედგენილი, რომ უფრო მეტად დარწმუნდე ამა თუ იმ ბიბლიური საკითხის ჭეშმარიტებაში.
8 იმის გათვალისწინებით, რომ ბიბლია შენთვის ნაცნობი წიგნია, ამ რუბრიკაში დასმულ კითხვებს შეიძლება მაშინვე უპასუხო. მაგრამ რა გარწმუნებს, რომ შენი პასუხები სწორია? ზემოაღნიშნული კითხვები საშუალებას მოგცემს, დაფიქრდე ბიბლიურ მუხლებზე და შემდეგ შენი შეხედულებები წერილობით ჩამოაყალიბო. გარდა ამისა, ეს კითხვები დაგეხმარება, მოიფიქრო, როგორ აუხსნა სხვას შენი ბიბლიური შეხედულებები. რუბრიკა „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ბევრ ახალგაზრდას დაეხმარა, დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ რაც სწამთ, ჭეშმარიტებაა. თუ ამ რუბრიკაზე ხელი მიგიწვდება, ჩართე ის შენი პირადი შესწავლის პროგრამაში.
9 თუ თავად დარწმუნდები, რომ რაც გწამს, ჭეშმარიტებაა, ეს ნათლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ერთმა მოზარდმა დამ აღნიშნა: „ბიბლიის შესწავლამ დამანახვა, რომ ეს ჭეშმარიტი რელიგია იყო, რის შემდეგაც მონათვლა გადავწყვიტე. ყოველდღე ვრწმუნდები იმაში, რომ რაც მწამს, ჭეშმარიტებაა“.
შენი საქციელი
10. რატომ უნდა ვლინდებოდეს მონათლული ქრისტიანის რწმენა მის საქციელში?
10 ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენაც ასეა. თუ საქმეები არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია“ (იაკ. 2:17). თუ დარწმუნებული ხარ იმაში, რომ რაც გწამს, ჭეშმარიტებაა, ეს შენს საქციელშიც უნდა ვლინდებოდეს. როგორი უნდა იყოს შენი საქციელი? ბიბლია მოგიწოდებს „წმინდა საქციელისა და ღვთისადმი ერთგულებისკენ“ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:11).
11. რა იგულისხმება „წმინდა საქციელში“?
11 „წმინდა საქციელში“ ზნეობრივად სუფთა ცხოვრება იგულისხმება. დაფიქრდი საკუთარ ქცევებზე. რა აჩვენა შენმა ცხოვრებამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ გაწაფული გაქვს „აღქმის უნარი“ კარგისა და ცუდის გასარჩევად? (ებრ. 5:14). შეგიძლია გაიხსენო კონკრეტული შემთხვევები, როდესაც არ აჰყევი ამა თუ იმ ცდუნებას ან თანატოლების ზეწოლას გაუძელი? სკოლაში შენი საქციელით როგორ შთაბეჭდილებას უქმნი სხვებს შენს რწმენაზე? იცავ ხოლმე შენს რწმენას, თუ თანაკლასელებს ჰყვები იმის შიშით, რომ არ დაგცინონ? (1 პეტ. 4:3, 4). ფაქტია, სრულყოფილი არავინ არის. რწმენის საჯაროდ დაცვა ზოგჯერ შეიძლება მათაც კი გაუჭირდეთ, ვინც დიდი ხანია იეჰოვას ემსახურება. თუმცა ის, ვინც თავს უძღვნის იეჰოვას, იამაყებს იმით, რომ ღვთის სახელს ატარებს, და ამას თავისი საქციელით ცხადყოფს.
12. რა იგულისხმება „ღვთისადმი ერთგულებაში“ და როგორი განწყობა უნდა გქონდეს სულიერი საქმეების მიმართ?
12 რა იგულისხმება „ღვთისადმი ერთგულებაში“? სულიერი საქმეები, მათ შორის, კრების შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება. მასში აგრეთვე შედის ლოცვა და პირადი შესწავლა, რასაც, სხვები, როგორც წესი, ვერ ხედავენ. ვინც თავს მიუძღვნის იეჰოვას, ეს საქმეები მას ტვირთად კი არ ექცევა, არამედ სიხარულს მოჰგვრის. მას ისეთივე განწყობა ექნება, როგორიც მეფე დავითს ჰქონდა, რომელმაც დაწერა: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“ (ფსალმ. 40:8).
13, 14. ა) რა დაგეხმარება „ღვთისადმი ერთგულებისკენ“ სწრაფვაში? ბ) როგორ ეხმარება „სამუშაო ფურცელი“ ახალგაზრდებს?
13 სულიერი მიზნების დასახვაში დაგეხმარება „სამუშაო ფურცელი“, რომელიც მოცემულია წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 2, გვერდები 308, 309). „სამუშაო ფურცელში“ შეგიძლია პასუხი გასცე ისეთ კითხვებს როგორიცაა: „ლოცულობ ხოლმე კონკრეტულ საკითხებზე?“, „როგორ გამოხატავ ლოცვებში იეჰოვასადმი სიყვარულს?“, „რას იკვლევ ხოლმე პირადი შესწავლის დროს?“, „დადიხარ საქადაგებლად მაშინაც კი, თუ შენი მშობლები არ ქადაგებენ?“. „სამუშაო ფურცელში“ აგრეთვე შეგიძლია ჩამოწერო, რომელი მიზნების დასახვა დაგეხმარება ლოცვების, პირადი შესწავლისა თუ მსახურების გაუმჯობესებაში.
14 „სამუშაო ფურცელი“ ნათლობის მსურველ არაერთ ახალგაზრდას დაეხმარა. ერთ-ერთი მათგანია და ტილდა, რომელიც ამბობს: «„სამუშაო ფურცელზე“ ჩემს მიზნებს ვწერდი ხოლმე. შემდეგ ვცდილობდი, თითოეული მიზნისთვის მიმეღწია. დაახლოებით ერთ წელიწადში უკვე მზად ვიყავი მოსანათლად». „სამუშაო ფურცელი“ ახალგაზრდა ძმას, პატრიკსაც დაეხმარა. იგი იხსენებს: „მიზნები დასახული მქონდა, მაგრამ როდესაც ჩამოვწერე, უფრო მოვინდომე, რომ მიმეღწია ამ მიზნებისთვის“.
15. რატომ უნდა იყოს მიძღვნა შენი პირადი გადაწყვეტილება?
15 „სამუშაო ფურცელში“ ერთი მეტად საყურადღებო შეკითხვაა დასმული: „გააგრძელებ იეჰოვასადმი მსახურებას მაშინაც კი, თუ შენი მშობლები და მეგობრები მიატოვებენ მას?“. გახსოვდეს, რომ როგორც მიძღვნილი და მონათლული ქრისტიანი, ღვთის წინაშე პირადად ხარ ანგარიშვალდებული. შენ იმის გამო არ უნდა ემსახურებოდე იეჰოვას, რომ შენი მშობლები ან შენი მეგობრები ემსახურებიან მას. „წმინდა საქციელითა და ღვთისადმი ერთგულებით“ შეგიძლია აჩვენო, რომ გათავისებული გაქვს ჭეშმარიტება და ნათლობისთვის ემზადები.
იყავი მადლიერი
16, 17. ა) რამ უნდა აღგძრას მონათვლისკენ? ბ) მაგალითის მეშვეობით ახსენით, რატომ უნდა ვიყოთ გამოსასყიდისთვის მადლიერნი?
16 ერთხელ მოსეს კანონის მცოდნემ იესოს ჰკითხა: „მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება კანონში?“. იესომ მიუგო: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათ. 22:35—37). იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ქრისტიანის საქმეებს იეჰოვას მთელი გულით სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად. იმავეს თქმა შეიძლება ნათლობაზეც. ღვთისადმი სიყვარულის გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმაზე ფიქრია, თუ რაოდენ დიდი მსხვერპლი გაიღო იეჰოვამ, როდესაც თავისი ძე შემოგვწირა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:14, 15; 1 იოანეს 4:9, 19). გამოსასყიდსა და მის მნიშვნელობაზე ფიქრი უდავოდ აღგიძრავს მადლიერებას, რაც შენს საქმეებში აისახება.
17 წარმოიდგინე, რომ ვიღაცამ დახრჩობას გადაგარჩინა. სახლში მისვლისთანავე დაგავიწყდებოდა, რა გააკეთა მან შენთვის? რა თქმა უნდა, არა. პირიქით, მისგან ძალიან დავალებულად იგრძნობდი თავს! მან ხომ სიცოცხლე გაჩუქა! იეჰოვასა და იესოსგან უფრო მეტად ვართ დავალებულნი. რომ არა გამოსასყიდი, თითოეულ ჩვენგანს ცოდვა და სიკვდილი გვშთანთქავდა. მაგრამ ღმერთმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა ჩვენდამი და დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მოგვცა.
18, 19. ა) რატომ არ უნდა გეშინოდეს იეჰოვასთვის თავის მიძღვნის? ბ) როგორ გაგიუმჯობესებს იეჰოვასადმი მსახურება ცხოვრებას?
18 მადლიერი ხარ იეჰოვასი იმის გამო, რაც მან შენთვის გააკეთა? მაშინ მიუძღვენი თავი ღმერთს და მოინათლე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიძღვნა ნიშნავს იეჰოვასთვის პირობის მიცემას, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის შეასრულებ მის ნებას. უნდა გეშინოდეს ამ აღთქმის დადების? რა თქმა უნდა, არა. გახსოვდეს, რომ იეჰოვას შენთვის საუკეთესო სურს; იგი „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრ. 11:6). იეჰოვასთვის თავის მიძღვნა, მონათვლა და მსახურება ცხოვრებას არ გაგიუარესებს, პირიქით, გაგიუმჯობესებს. 24 წლის ძმა, რომელიც ათი წლისაც არ იყო, რომ მოინათლა, ამბობს: „უფრო დიდი რომ ვყოფილიყავი, უფრო მეტი მეცოდინებოდა, მაგრამ პატარაობაშივე რომ მივუძღვენი თავი იეჰოვას, ამან ქვეყნიერებისგან დამიცვა“.
19 როგორ განსხვავდება იეჰოვა სატანისგან, რომელსაც სურს, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოს! სატანა თავის მხარდამჭერებს ისეთს არაფერს სთავაზობს, რაც მათ მარადიულ კეთილდღეობას მოუტანს, და ვერც შესთავაზებს. მას არანაირი სასიხარულო ამბავი და არანაირი იმედი არ გააჩნია. რაც არა აქვს, რას შემოგთავაზებს?! ის შენ უიმედო მომავლის მეტს ვერაფერს დაგპირდება, რადგან ასეთი მომავალი თავად მას ელის (გამოცხ. 20:10).
20. რა უნდა გააკეთოს ახალგაზრდამ, რომ მოემზადოს მიძღვნისა და ნათლობისთვის? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „სულიერ ზრდაში დაგეხმარება . . .“)
20 მართლაც, იეჰოვასთვის თავის მიძღვნა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. მზად ხარ ამ ნაბიჯის გადასადგმელად? თუ დიახ, ნუ დააყოვნებ. მაგრამ თუ გადაწყვეტილების მისაღებად მეტი დრო გჭირდება, იხელმძღვანელე ამ სტატიაში მოცემული რჩევებით. პავლე მოციქულმა ფილიპელ ქრისტიანებს მისწერა: „რაც არ უნდა იყოს, რასაც მივაღწიეთ, ისევე ვიაროთ“ (ფილ. 3:16). თუ ამ მითითებას გაითვალისწინებ, მალე მიუძღვნი თავს იეჰოვას და მოინათლები.