თავი 38
როგორ ვემსახურო ღმერთს სიხარულით?
ჯოში მხარ-თეძოზეა წამოწოლილი თავის საძინებელში. დედამისი ოთახის კართან დგას და მკაცრად ეუბნება: „ჯოშ, ადექი! ხომ იცი, რომ ამ საღამოს კრების შეხვედრა გვაქვს?!“ ჯოში 16 წლისაა; ის იეჰოვას მოწმეების ოჯახში იზრდება. ისინი ქრისტიანულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან. თუმცა ამ ბოლო დროს ჯოშს შეხვედრებისკენ გული მაინცდამაინც აღარ მიუწევს.
— აუ, დე! აუცილებელია წამოვიდე? — ბუზღუნებს ჯოში.
— გეყოფა ბუზღუნი, დროზე ჩაიცვი! არ მინდა, ისევ დაგვიანებით მივიდე კრებაზე! — ეუბნება ჯოშს დედამისი და მიდის.
— იცი, რა დედა, ეგ უფრო შენი რელიგიაა, ვიდრე ჩემი! — დაუფიქრებლად ამბობს ჯოში, როცა დედამისი ჯერ კიდევ შორიახლოსაა. ნაბიჯების ხმა წყდება და ჯოში ხვდება, რომ დედამ გაიგო მისი ნათქვამი. მაგრამ დედა არაფერს ეუბნება და სვლას განაგრძობს.
ჯოში ნანობს, რომ ასეთი რამ თქვა. მას ნამდვილად არ უნდა დედის წყენინება, მაგრამ არც ბოდიშის მოხდის სურვილი აქვს. ჯოშს ისღა დარჩენია, რომ შეხვედრაზე წავიდეს.
ჯოში ოხვრით დგება საწოლიდან და იცვამს. ის თავისთვის ბურტყუნებს, ისე რომ დედამ არ გაიგონოს: „ადრე თუ გვიან მაინც იმას გავაკეთებ, რაც მე მინდა. მე კრების სხვა წევრებივით არა ვარ. ქრისტიანობა ჩემი მოწოდება არ არის!“
ნაცნობია შენთვის ეს სიტუაცია? ხომ არ გეუფლება დროდადრო ისეთი გრძნობა, რომ უხალისოდ ემსახურები ღმერთს, მაშინ როცა სხვები ამას სიხარულით აკეთებენ? მაგალითად:
● ბიბლიის შესწავლა შენთვის მორიგი საშინაო დავალების მომზადების მსგავსი ხომ არ არის?
● ფეხს ხომ არ ითრევ კარდაკარ მსახურებაში წასასვლელად?
● ხშირად უინტერესო ხომ არ არის შენთვის ქრისტიანული შეხვედრები?
თუ ასეა, გულს ნუ გაიტეხ. სრულიად შესაძლებელია, რომ ღვთის მსახურებაში სიხარული იგრძნო. ვნახოთ, როგორ.
სირთულე 1 ბიბლიის შესწავლა
რატომ არ არის ადვილი? შეიძლება სწავლა მაინცდამაინც არ გეხალისება. შესაძლოა გიჭირს ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა და გონების მოკრება. ბოლოს და ბოლოს, საშინაო დავალებებიც გეყოფა.
რატომ უნდა შეისწავლო ბიბლია? არა მარტო იმიტომ, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებითაა დაწერილი, არამედ იმიტომაც, რომ ის „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16). ბიბლიის კითხვა და წაკითხულის გაანალიზება თვალსაწიერს გაგიფართოებს. ბოლოს და ბოლოს, უშრომლად რა მიიღწევა?! მაგალითად, თუ გინდა, რომ შენგან კარგი სპორტსმენი დადგეს, უნდა ისწავლო თამაშის წესები და ვარჯიში არ უნდა დაგეზაროს. ან თუ გინდა, რომ ჯანმრთელი იყო, უნდა ივარჯიშო. შესაბამისად, მეტი რომ გაიგო შემოქმედის შესახებ, ღვთის სიტყვა უნდა შეისწავლო.
რას ამბობენ შენი თანატოლები? „მაღალ კლასებში რომ გადავედი, არჩევნის წინაშე დავდექი. სკოლაში ბავშვები ათას ცუდ რამეს აკეთებდნენ. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: მეც ამათნაირად ხომ არ მოვიქცე? მართლა ჭეშმარიტებაა ის, რასაც მშობლები მასწავლიან? არჩევანი აუცილებლად უნდა გამეკეთებინა“ (მონიკა).
„ვიცოდი, რა იყო ჭეშმარიტება, მაგრამ ამაში თავად უნდა დავრწმუნებულიყავი. არჩევანი მე უნდა გამეკეთებინა და არა ჩემს მშობლებს“ (ნელისა).
რა უნდა გააკეთო? შეადგინე პირადი შესწავლის გრაფიკი შენი ინტერესების გათვალისწინებით. თვითონ შეარჩიე, რა საკითხს გამოიკვლევ. რით დაიწყებ? კარგი იქნება, თუ საფუძვლიანად შეისწავლი ბიბლიას და კიდევ ერთხელ გადაამოწმებ იმას, რაც გწამს. ამისათვის შეგიძლია გამოიყენო თუნდაც წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“a.
სამოქმედო გეგმა. ამ ნიშნით ✔ აღნიშნე მომდევნო გვერდზე მოყვანილი ბიბლიური თემებიდან ორი ან სამი, რომელთა შესახებაც მეტის გაგება გინდა; შეგიძლია თვითონაც ჩამოწერო შენთვის სასურველი თემები.
□ არსებობს ღმერთი?
□ საიდან ვიცი, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნია?
□ რის საფუძველზე მჯერა, რომ სამყარო შემოქმედების გზით გაჩნდა და არა ევოლუციის გზით?
□ რა არის ღვთის სამეფო და როგორ შემიძლია დავამტკიცო მისი არსებობა?
□ როგორ ავუხსნიდი სხვას, რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
□ რატომ ვარ დარწმუნებული, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა?
□ როგორ დავრწმუნდე, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?
․․․․․
სირთულე 2 ქადაგება
რატომ არ არის ადვილი? შეიძლება გაშინებს სხვებთან ბიბლიაზე საუბარი ან იმაზე ფიქრი, რომ ქადაგების დროს კლასელს შეხვდები.
რატომ უნდა იქადაგო? იესომ თავის მოწაფეებს ასეთი დავალება მისცა: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20). მაგრამ არსებობს კიდევ სხვა მიზეზებიც, რის გამოც უნდა ვიქადაგოთ. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ზოგ ქვეყანაში მოზარდების უმრავლესობას სწამს ღმერთი და სჯერათ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, მაგრამ არა აქვთ ნათელი მომავლის იმედი. ბიბლიის გულმოდგინე შესწავლით შენ იღებ პასუხებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ბევრ შენს თანატოლს აინტერესებს. თუ იქადაგებ მათთან, შინაგანად უკეთ იგრძნობ თავს და რაც მთავარია, იეჰოვას გაუხარებ გულს (იგავები 27:11).
რას ამბობენ შენი თანატოლები? „მე და ჩემმა მეგობარმა მოვამზადეთ საინტერესო შეთავაზებები; ჩვენ ვისწავლეთ, როგორ გაგვებათილებინა საპირისპირო აზრი დამაჯერებელი არგუმენტებით და როგორ გაგვეკეთებინა განმეორებითი მონახულებები. როგორც კი მსახურებისთვის მომზადება დავიწყე, ჩემთვის უფრო საინტერესო გახდა ქადაგება“ (ნელისა).
„მხარში მიდგას ერთი ქრისტიანი და, რომელიც ჩემზე ექვსი წლით უფროსია. მას მსახურებაში გავყავარ ხოლმე, ზოგჯერ ერთადაც ვსაუზმობთ. მან მაჩვენა ბიბლიური მუხლები, რომლებიც დამეხმარა, სწორი თვალსაზრისი მქონოდა ზოგიერთ საკითხზე. ამ დის მაგალითმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ ახლა უფრო მეტად ვინტერესდები ადამიანების კეთილდღეობით. ძალიან ვემადლიერები!“ (შანტა).
რა უნდა გააკეთო? მშობლების ნებართვით კრებაში რომელიმე თანამორწმუნეს, რომელიც შენზე უფროსია, სთხოვე, შენთან ერთად იმსახუროს (საქმეები 16:1—3). ბიბლიაში ნათქვამია: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“ (იგავები 27:17). უფროსი ასაკის და-ძმებთან ურთიერთობა ბევრ რამეში წაგადგება, რადგან მათ მდიდარი გამოცდილება აქვთ. „მათ გვერდით ყოფნა დიდი შვებაა“, — ამბობს 19 წლის ალექსისი.
სამოქმედო გეგმა. გარდა მშობლებისა, დაწერე, შენი კრების რომელი წევრი დაგეხმარებოდა მსახურებაში.
․․․․․
სირთულე 3 ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება
რატომ არ არის ადვილი? მთელი დღე სკოლაში ყოფნა და შემდეგ ერთი ან ორი საათის განმავლობაში ბიბლიური მოხსენებების მოსმენა შეიძლება არც ისე ადვილი იყოს.
რატომ უნდა დაესწრო შეხვედრებს? ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელები 10:24, 25).
რას ამბობენ შენი თანატოლები? „შეხვედრებისთვის მომზადება აუცილებელია. ზოგჯერ რაღაცნაირად უნდა წაახალისო შენი თავი. როცა მომზადებული ვარ, ჩემთვის შეხვედრები უფრო საინტერესოა, რადგან წინასწარ ვიცი, რა იქნება განხილული და თავადაც ვმონაწილეობ“ (ელდა).
„როგორც დავაკვირდი, როდესაც კომენტარებს ვაკეთებ, ჩემთვის უფრო საინტერესო ხდება შეხვედრები“ (ჯესიკა).
რა უნდა გააკეთო? წინასწარ მოემზადე შეხვედრებისთვის და თუ შეგიძლია, კომენტარიც გააკეთე. ეს დაგეხმარება, რომ ჩაება კრების შეხვედრებში.
მაგალითად, რა უფრო სასიამოვნოა — სპორტული თამაშის ყურება ტელევიზორში თუ თვითონ თამაში? რასაკვირველია, ბევრად სასიამოვნოა თამაში, ვიდრე უბრალოდ ყურება. კარგი იქნება, თუ ასეთივე დამოკიდებულება გექნება კრების შეხვედრების მიმართაც.
სამოქმედო გეგმა. ქვემოთ დაწერე, კონკრეტულად როდის შეგიძლია ყოველკვირეულად, სულ რაღაც, 30 წუთი გამოუყო კრების შეხვედრისთვის მომზადებას.
․․․․․
ბევრი ახალგაზრდა თავად დარწმუნდა ფსალმუნის 34:8-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“ რა უფრო სასიამოვნოა — როცა ვიღაცა მადის აღმძვრელი კერძის შესახებ გელაპარაკება თუ როცა გემოს უსინჯავ ამ კერძს? იმავეს თქმა შეიძლება ღვთის თაყვანისმცემლობაზეც. შენც „იგემე“ და დარწმუნდი, რომ სულიერ ღონისძიებებში მონაწილეობას სიხარული მოაქვს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ბედნიერი იქნება“ არა უბრალოდ მსმენელი, არამედ „საქმის შემსრულებელი“ (იაკობი 1:25).
გაიგე, როგორ დაისახო მიზნები და როგორ მიაღწიო.
[სქოლიო]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2).
რჩევა
აიღე ბლოკნოტი და კრების შეხვედრებზე მთავარი აზრები ჩაიწერე ხოლმე. ასე დროც უფრო სწრაფად გავა და მოსმენაც გაგიადვილდება!
იცოდი, რომ . . . ?
არასწორი არაფერია იმაში, რომ შენი რელიგიური შეხედულებები გამოიკვლიო. კითხვების დასმა და შემდეგ გამოკვლევა კარგი საშუალებაა იმაში დასარწმუნებლად, არის თუ არა ჭეშმარიტება ის, რაც ღვთის შესახებ იცი (საქმეები 17:11).
რა უნდა გავაკეთო
ყოველდღიურად ბიბლიის კითხვას ․․․․․ წუთს დავუთმობ, ხოლო ყოველკვირა კრების შეხვედრებისთვის მომზადებას დავუთმობ ․․․․․
კრების შეხვედრებზე ყურადღება ნაკლებად რომ გამეფანტოს, მე ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე?
როგორ ფიქრობ?
● რატომ შეიძლება სულიერი საქმეები მოზარდისთვის მოსაწყენი იყოს?
● ამ თავში განხილული იყო თაყვანისმცემლობის სამი მხარე. აქედან შენ რომელზე აპირებ მუშაობას?
[ჩანართი 278 გვერდზე]
„ჩემი რწმენა ახლა უკვე აღარ არის ჩემი მშობლებისგან მიღებული მემკვიდრეობა. მე თავად დავრწმუნდი მის სისწორეში. იეჰოვა ჩემი ღმერთია, და მასთან ურთიერთობას არაფერზე გავცვლი“ (სამანტა).
[ჩარჩო/სურათები 280, 281 გვერდებზე]
მათ დაისახეს მიზნები
ბიბლიაში ვკითხულობთ: „არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე“ (იაკობი 4:14). ზოგჯერ ადამიანი მოულოდნელად და ზოგჯერ ახალგაზრდა კვდება. კატრინასა და კაილის ამბის კითხვისას ყურადღება მიაქციე იმას, თუ ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, როგორი სახელი მოიპოვეს მათ იეჰოვა ღმერთის წინაშე, რა სულიერი მიზნები დაისახეს და რას მიაღწიეს (ეკლესიასტე 7:1).
კატრინა 18 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ 13 წლისას უკვე დასახული ჰქონდა „ცხოვრების მიზანი“ — შედგენილი ჰქონდა იმ მიზნების სია, რომელთა მიღწევაც უნდოდა. მათ შორის იყო სრული დროით მსახურების დაწყება, იმ ტერიტორიაზე ქადაგება, სადაც ბიბლიის მასწავლებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, მამამისთან ერთად სამეფო დარბაზების მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. ის წერდა: „მე ჩემი სიცოცხლე იეჰოვა ღმერთს მივუძღვენი“. კატრინას სურვილი იყო, რომ ყოველთვის ‘ღვთის კანონებით ეცხოვრა და მისთვის გული გაეხარებინა’. დაკრძალვის მოხსენებაში კატრინა მომხსენებელმა დაახასიათა, როგორც „ახალგაზრდა ლამაზი გოგონა, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული, რომ მთელი ცხოვრება ხსომებოდა იეჰოვა“.
კაილს პატარაობიდანვე ასწავლეს, რომ ცხოვრებაში მიზნები უნდა დაესახა. სამწუხაროდ, 20 წლის ასაკში იგი ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. მისმა ნათესავებმა იპოვეს „მიზნების კრებული“, რომლის შედგენაშიც მას დედა ეხმარებოდა. მაშინ კაილი ოთხი წლის იყო. მის მიზნებს შორის იყო მონათვლა, სამეფო დარბაზში მოხსენებებით გამოსვლა, იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში მსახურება, სადაც ის მონაწილეობას მიიღებდა ლიტერატურის დამზადებაში, რომელთა საშუალებითაც ადამიანები ღმერთს ეცნობიან. როცა დედამისმა კაილის მიერ წლების წინათ შედგენილ „მიზნების კრებულს“ გადახედა, თქვა, რომ კაილიმ აქედან ყველა მიზანს მიაღწია.
შენ რა მიზნები გაქვს დასახული? ვინაიდან არ იცი, რას მოგიტანს ხვალინდელი დღე, არც ერთი დღე უქმად არ გაატარო. კატრინასა და კაილის მსგავსად, დაკავდი იმით, რაც დიდ სიკეთეს მოგიტანს. მიჰბაძე მოციქულ პავლეს, რომელმაც თავისი სიცოცხლის ბოლო დღეებში ასეთი სიტყვები თქვა: „ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმოთე 4:7). მომდევნო თავი დაგეხმარება, რომ შენც ასე მოიქცე.
[სურათი 275 გვერდზე]
თუ გინდა, რომ ფიზიკურად ძლიერი იყო, უნდა ივარჯიშო. და თუ გინდა, რომ სულიერად იყო ძლიერი, ღვთის სიტყვა უნდა შეისწავლო.