წინასწარმეტყველება
შთაგონებული ცნობა; ღვთის ნებისა და განზრახვის გაცხადება ან გამოცხადება. წინასწარმეტყველება შეიძლება იყოს ღვთივშთაგონებული რჩევა-დარიგება, ღვთის მითითება ან განაჩენი, ან მომავლის გაცხადება. მომავლის წინასწარმეტყველების აზრს არ ატარებს არც ებრაული ზმნის ფუძე (ნავაʼ) და არც ბერძნული ზმნის ფუძე (პროფეტევო), თუმცა ის ბიბლიის წინასწარმეტყველებების ძირითადი ნაწილია (იხ. წინასწარმეტყველი).
დედნისეული სიტყვების მნიშვნელობა კარგად ჩანს შემდეგი მაგალითებიდან: როცა ეზეკიელს ხილვაში უთხრეს: „უწინასწარმეტყველე ქარს“, მან უბრალოდ ღვთის მითითება გადასცა ქარს (ეზკ. 37:9, 10). როცა იესოს გასამართლების დროს სახეს უფარავდნენ, სილას აწნავდნენ და ეუბნებოდნენ: „იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყაო“, მომავლის წინასწარმეტყველებას კი არ სთხოვდნენ, არამედ იმას, რომ იესოს ღვთის გამოცხადებით გაეგო, ვინ ურტყამდა (ლკ. 22:63, 64; მთ. 26:67, 68). სამარიელმა ქალმა იესოს ჭასთან წინასწარმეტყველი უწოდა, რადგან მისი ცხოვრების ისეთ მხარეებზე ელაპარაკა, რაც ღვთის დახმარების გარეშე არ ეცოდინებოდა (ინ. 4:17—19; შდრ. ლკ. 7:39). ამასთან, მართებულად შეგვიძლია წინასწარმეტყველება ვუწოდოთ ბიბლიის სხვა მონაკვეთებსაც, მაგალითად, იესოს მთაზე ქადაგებას და მწიგნობრებისა და ფარისევლების გაკიცხვას (მთ. 23:1—36), რადგან მათშიც ღვთივშთაგონებით ცხადდებოდა ღვთის თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე, როგორც ესაიას, იერემიასა და სხვა ადრინდელი წინასწარმეტყველებების ცნობებში (ეს. 65:13—16 შდრ. ლკ. 6:20—25-ს).
ბიბლიაში მომავლის წინასწარმეტყველების უამრავ მაგალითს ვხვდებით. ადრინდელი წინასწარმეტყველებებიდან ზოგი ჩაწერილია დაბადების 3:14—19-ში, 9:24—27-ში, 27:27—40-ში, 49:1—28-სა და კანონის 18:15—19-ში.
ჭეშმარიტი წინასწარმეტყველების ავტორი იეჰოვა ღმერთია. წინასწარმეტყველებას ის თავისი წმინდა სულის ან ზოგჯერ ანგელოზების მეშვეობით გადასცემდა, რომელთაც სული ხელმძღვანელობდა (2პტ. 1:20, 21; ებ. 2:1, 2). ებრაულ წერილებში წინასწარმეტყველებები ძირითადად შემდეგი სიტყვებით იწყება: „ისმინეთ იეჰოვას სიტყვა“ (ეს. 1:10; იერ. 2:4). „სიტყვაში“ ხშირად იგულისხმება შთაგონებული ცნობა, ანუ წინასწარმეტყველება (ეს. 44:26; იერ. 21:1; ეზკ. 33:30—33; შდრ. ეს. 24:3).
რა გაგებით იყო იესოს შესახებ დამოწმება წინასწარმეტყველების მიზანი?
ხილვაში ანგელოზმა მოციქულ იოანეს უთხრა, რომ „იესოს შესახებ დამოწმებაა წინასწარმეტყველების მიზანი [სიტყვასიტყვით სული]“ (გმც. 19:10). პავლე მოციქულმა ქრისტეს „ღვთის წმინდა საიდუმლო“ უწოდა და თქვა, რომ „მასში საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“ (კლ. 2:2, 3). ამის მიზეზი ის არის, რომ იეჰოვა ღმერთმა თავის ძეს მთავარი როლი დააკისრა თავისი დიდებული განზრახვის განსახორციელებლად, ანუ თავისი სახელის განსაწმენდად და დედამიწისა და მის მკვიდრთა განსაახლებლად, რათა მის მიერ დადგენილ წყობაში კუთვნილი ადგილი დაიკავონ. ის ამას განაგებს „დანიშნული დროების გასრულებიდან“, ანუ ქრისტეში კვლავ მოუყრის თავს „ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფ. 1:9, 10; შდრ. 1კრ. 15:24, 25). ვინაიდან ღვთის დიდებული განზრახვის შესრულება მთლიანად იესოს უკავშირდება (შდრ. კლ. 1:19, 20), ყველა წინასწარმეტყველება, ანუ ღვთის მსახურების პირით გაცხადებული ყველა ღვთივშთაგონებული ცნობა მასზე მიანიშნებდა. ამგვარად, როგორც გამოცხადების 19:10-შია ნათქვამი, წინასწარმეტყველების „სული“ (მთელი არსი და მიზანი) იესოს შესახებ დამოწმება იყო, რომელიც იეჰოვას ნებით გახდებოდა „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ. 14:6). ეს შეესაბამებოდა არა მხოლოდ იესოს დედამიწაზე მსახურებამდე, არამედ მისი მსახურების შემდეგაც წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებს (სქ. 2:16—36).
ედემის ბაღში პირველი ადამიანების დაუმორჩილებლობისთანავე იეჰოვა ღმერთმა დაიწყო „იესოს შესახებ დამოწმება“ შთამომავალთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებით, რომელიც საბოლოოდ თავს გაუჭეჭყავდა გველს, ღვთის მოწინააღმდეგეს (დბ. 3:15). აბრაამთან დადებული შეთანხმება მიანიშნებდა ამ შთამომავალზე, აგრეთვე იმაზე, რომ ის აკურთხებდა დედამიწის ყველა ოჯახს და დაამარცხებდა ღვთის მოწინააღმდეგესა და მის შთამომავლებს (დბ. 22:16—18; შდრ. გლ. 3:16). აღთქმული შთამომავალი, რომელსაც შილო (ნიშნავს „მისი მფლობელი; ის, ვისიც არის“) ეწოდებოდა, იუდას ტომიდან მოვიდოდა (დბ. 49:10). ისრაელი ერის მეშვეობით იეჰოვამ გაამჟღავნა თავისი განზრახვა, რომ ეყოლებოდა „მღვდლების სამეფო და წმინდა ერი“ (გმ. 19:6; შდრ. 1პტ. 2:9, 10). კანონით გათვალისწინებული შესაწირავები განასახიერებდა ღვთის ძის მსხვერპლს, სამღვდელოება კი — ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს ზეციერ სამეფო სამღვდელოებას (დამხმარე მღვდლებითურთ) (ებ. 9:23, 24; 10:1; გმც. 5:9, 10; 20:6). ამგვარად, კანონი გახდა „ქრისტემდე მიმყვანი ... აღმზრდელი“ (გლ. 3:23, 24).
ისრაელი ერის ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ მოციქულმა აღნიშნა: „რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია [სიმბოლური მნიშვნელობა აქვს] და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია“ (1კრ. 10:11). დავითი, ისრაელი ერის ყველაზე გამორჩეული მეფე, ღვთის ძის წინასწარმეტყველური ნიმუში იყო. იესო ქრისტე გახდა ღვთის მიერ დავითთან დადებული მარადიული სამეფოს შეთანხმების მემკვიდრე (ეს. 9:6, 7; ეზკ. 34:23, 24; ლკ. 1:32; სქ. 13:32—37; გმც. 22:16). ერთგული მეფეების მიერ გამართული ბრძოლები (ჩვეულებრივ, მათ ღვთის წინასწარმეტყველები ხელმძღვანელობდნენ და ამხნევებდნენ) განასახიერებდა სამეფოს მტრების წინააღმდეგ ღვთის ძის ბრძოლას, ღვთის დახმარებით მოპოვებული გამარჯვებები კი — სატანის ძალებზე ქრისტეს გამარჯვებას, რომელიც ღვთის ხალხს ხსნას მოუტანს (ფს. 110:1—5; მქ. 5:2—6; სქ. 4:24—28; გმც. 16:14, 16; 19:11—21).
იმ პერიოდში წარმოთქმული მრავალი წინასწარმეტყველება აღწერდა ღვთის ცხებულის (მესია ანუ ქრისტე) მმართველობასა და მის ქვეშევრდომთა კურთხევებს. მესიასთან დაკავშირებული სხვა წინასწარმეტყველებები „ღვთის მსახურის“ დევნასა და ტანჯვას ეხებოდა (შდრ. ეს. 11:1—10; 53:1—12; სქ. 8:29—35). როგორც მოციქულმა პეტრემ თქვა, ძველი დროის წინასწარმეტყველები „იკვლევდნენ, თუ კონკრეტულად რა და როგორ დროზე მიუთითებდა მათში მყოფი სული ქრისტეს [მესიის] შესახებ, როდესაც წინასწარ ამოწმებდა ქრისტეს ტანჯვისა და შემდგომ დიდებათა შესახებ“. მათ გამოუცხადდათ, რომ ეს ყველაფერი მომავალში შესრულდებოდა (1პტ. 1:10—12; შდრ. დნ. 9:24—27; 12:1—10).
ვინაიდან ეს წინასწარმეტყველებები იესო ქრისტეში სრულდება და ამგვარად დასტურდება მათი ჭეშმარიტება, ნათელია, თუ რა გაგებით გამოჩნდა „ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით“. «რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით» (ინ. 1:17; 2კრ. 1:20; შდრ. ლკ. 18:31; 24:25, 26, 44—46). პეტრეს მართებულად შეეძლო ეთქვა იესოს შესახებ, რომ „მასზე ყველა წინასწარმეტყველი“ მოწმობდა (სქ. 3:20—24; 10:43; შდრ. 28:23).
მიზანი და შესრულების დრო. წინასწარმეტყველებას, იქნებოდა ეს მომავლის წინასწარმეტყველება თუ ღვთივშთაგონებული რჩევა-დარიგება ან შეგონება, სარგებლობა მოჰქონდა მათთვის, ვინც ის პირველად მოისმინა, და მოგვიანებით მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებმაც ირწმუნეს ღვთის დაპირებები. წინასწარმეტყველება არწმუნებდა მათ, ვინც ის პირველად მოისმინა, რომ დროის მსვლელობას არ შეუცვლია ღვთის განზრახვა და ის მტკიცედ იცავდა შეთანხმების პირობებს და ასრულებდა დაპირებებს (შდრ. ფს. 77:5—9; ეს. 44:21; 49:14—16; იერ. 50:5). მაგალითად, დანიელის წინასწარმეტყველება შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვან კავშირს აკეთებდა ებრაული ანუ ქრისტიანობამდელი წერილების დასრულებასა და მესიის მოსვლას შორის. მასში ნაწინასწარმეტყველები მსოფლიო მოვლენები, მათ შორის მსოფლიო იმპერიების აღზევება და დაცემა, სპარსელების, ბერძნებისა და რომაელების ბატონობის დროს მცხოვრებ იუდეველებს (აგრეთვე მოგვიანებით მცხოვრებ ქრისტიანებს) არწმუნებდა, რომ ღმერთს სრულყოფილად შეეძლო მომავლის წინასწარმეტყველება, მას უკვე განჭვრეტილი ჰქონდა მათი დრო და მისი დიდებული განზრახვა აუცილებლად შესრულდებოდა. ამის ცოდნა ეხმარებოდა ღვთის ერთგულებს, იმედი არ დაემყარებინათ წარმავალ მსოფლიო იმპერიებზე, რომელთა ძალაუფლებაც დროებითი იყო. ამასთან, ისინი საკუთარ ცხოვრებას ბრძნულად წარმართავდნენ (შდრ. დნ. 8:20—26; 11:1—20).
მრავალი წინასწარმეტყველების შესრულების ნახვამ გულწრფელი ადამიანები დაარწმუნა, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად ღმერთს თავისი განზრახვის შესრულების ძალა შესწევს. ამით მან დაადასტურა, რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და მხოლოდ მას შეუძლია მოვლენების წინასწარმეტყველება და მათი შესრულება (ეს. 41:21—26; 46:9—11). ამ წინასწარმეტყველებებმა მათ ღვთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მისცა და ნათელი მოჰფინა ღვთის ნებასა და ზნეობრივ ნორმებს, რომლებითაც ის მოქმედებს და ასამართლებს, რათა თავიანთი ცხოვრება ამ ნორმებისთვის შეესაბამებინათ (ეს. 1:18—20; 55:8—11).
წინასწარმეტყველებების დიდი ნაწილი პირველად მათი წარმომთქმელი წინასწარმეტყველების მოღვაწეობის პერიოდში შესრულდა. ბევრი მათგანი ეხებოდა ღვთის განაჩენს ისრაელსა და გარშემო მცხოვრებ ერებზე, აგრეთვე ისრაელისა და იუდას დაცემასა და აღორძინებას. თუმცა მათ არც მომავალი თაობებისთვის დაუკარგავს ფასი და არც ახ. წ. პირველ საუკუნესა თუ ჩვენს დროში არსებული ქრისტიანული კრებისთვის. მოციქული ამბობს: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რმ. 15:4). ღვთის ზნეობრივი ნორმები და განზრახვა არ იცვლება (მლ. 3:6; ებ. 6:17, 18), ამიტომ ისრაელისადმი ღვთის მოპყრობა ცხადყოფს, როგორ მოიქცევა ის სხვა სიტუაციებში. ასე რომ, იესოსა და მის მოწაფეებს საფუძველი ჰქონდათ, საუკუნეებით ადრე შესრულებული წინასწარმეტყველებები თავიანთი დროისთვის მიესადაგებინათ (მთ. 15:7, 8; სქ. 28:25—27). სხვა წინასწარმეტყველებები აშკარად უკავშირდებოდა მომავალს. ზოგი კონკრეტულად იესოს დედამიწაზე მსახურებასა და შემდგომ მოვლენებს ეხებოდა (ეს. 53; დნ. 9:24—27). ეს წინასწარმეტყველებები მესიის დროს მცხოვრებთ საშუალებას აძლევდა, ამოეცნოთ ის და დარწმუნებულიყვნენ მის უფლებამოსილებასა და მისი ცნობის უტყუარობაში (იხ. მესია).
დედამიწაზე იესოს მსახურების დასრულების შემდეგ ებრაული წერილები და მათში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები ავსებდა იესოს სწავლებებს, რადგან შეიცავდა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლის დახმარებითაც ქრისტეს მიმდევრებს შეეძლოთ შემდგომი მოვლენების გაანალიზება, დროისთვის შესაბამება და მათი მნიშვნელობის გაგება. ამან დამაჯერებლობა და ძალა შესძინა მათ ქადაგებასა თუ სწავლებას და შეაძლებინა, წინააღმდეგობებს მტკიცედ და გაბედულად შეხვედროდნენ (სქ. 2:14—36; 3:12—26; 4:7—12, 24—30; 7:48—50; 13:40, 41, 47). ძველად ჩაწერილ ღვთივშთაგონებულ ცნობებში მათ ბევრი რჩევა-დარიგება მოიძიეს „სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2ტმ. 3:16, 17; რმ. 9:6—33; 1კრ. 9:8—10; 10:1—22). პეტრემ, რომელიც იესოს გარდასახვის დროს წინასწარმეტყველებების უტყუარობაში დარწმუნდა, თქვა: „ამან წინასწარმეტყველური სიტყვა ჩვენთვის უფრო სარწმუნო გახადა და კარგს აკეთებთ, რომ ყურადღებას აქცევთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ანათებს სიბნელეში“ (2პტ. 1:16—19; მთ. 16:28—17:9). ამგვარად, ქრისტიანობამდელი წინასწარმეტყველებები ავსებდა იესოს სწავლებას. ამასთან, ღმერთი მათი მეშვეობით ხელმძღვანელობდა ქრისტიანულ კრებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც ეს უცხოტომელ მორწმუნეებთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრის დროს მოხდა (სქ. 15:12—21; რმ. 15:7—12).
წინასწარმეტყველებები აგრეთვე აფრთხილებდა ქრისტიანებს და მათ სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობას ანახვებდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია იესოს გაფრთხილება იერუსალიმის მოახლოებულ განადგურებასა და იმ ვითარების შესახებ, რომელიც მის მიმდევრებს უსაფრთხო ადგილას გაქცევის აუცილებლობაზე მიანიშნებდა (ლკ. 19:41—44; 21:7—21). მსგავსი წინასწარმეტყველური გაფრთხილებები ქრისტეს მოსვლის პერიოდსაც ეხება (შდრ. მთ. 24:36—42).
ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სულის გადმოღვრის შედეგად ქრისტიანებს სხვადასხვა სასწაულებრივი ძღვენი, მათ შორის წინასწარმეტყველებისა და უცხო ენებზე საუბრის ძღვენი მიეცათ. ზოგჯერ, თუმცა არა ყოველთვის, წინასწარმეტყველების ძღვნის მქონენი მომავალ მოვლენებს წინასწარმეტყველებდნენ, როგორც ეს აგაბეს შემთხვევაში იყო (სქ. 11:27, 28; 21:8—11). ამის წყალობით ქრისტიანულ კრებას ან მის ცალკეულ წევრებს შეეძლოთ, მომზადებულები ყოფილიყვნენ ზოგიერთი საგანგებო შემთხვევისა თუ განსაცდელის დროს. მოციქულთა და მოწაფეთა კანონიკური წერილებიც შეიცავდა ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც აფრთხილებდა მოახლოებული განდგომილების შესახებ და ამცნობდა, თუ რა სახით გამოვლინდებოდა ის. აგრეთვე აფრთხილებდა ღვთის სასამართლოსა და განაჩენის აღსრულების შესახებ, ამჟღავნებდა მანამდე დაფარულ სწავლებებს ან განავრცობდა და ნათელს ჰფენდა ადრე გაცხადებულ სწავლებებს (სქ. 20:29, 30; 1კრ. 15:22—28, 51—57; 1თს. 4:15—18; 2თს. 2:3—12; 1ტმ. 4:1—3; 2ტმ. 3:1—13; 4:3, 4; შდრ. იუდ. 17—21). წიგნი „გამოცხადება“ სავსეა წინასწარმეტყველური ცნობებით, რომლებიც აფრთხილებს ადამიანებს და საშუალებას აძლევს, ახსნან „დროის ნიშნები“ (მთ. 16:3) და მიიღონ გადაუდებელი ზომები (გმც. 1:1—3; 6:1—17; 12:7—17; 13:11—18; 17:1—12; 18:1—8).
როგორც კორინთელებისთვის მიწერილი პირველი წერილიდან ვიგებთ, სხვადასხვა სასწაულებრივი ძღვენი, მათ შორის წინასწარმეტყველების ძღვენი, გაუქმდებოდა (1კრ. 13:2, 8—10). ფაქტები ცხადყოფს, რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ ქრისტიანულ კრებაში სხვადასხვა ძღვენი აღარ გადაეცემოდა და საბოლოოდ შეწყდა, რადგან მათ თავიანთი დანიშნულება შეასრულეს. ცხადია, იმ დროისთვის ბიბლიის კანონიც დასრულებული იყო.
იესოს მაგალითები ან იგავები ადრინდელ წინასწარმეტყველთა ალეგორიულ ცნობებს ჰგავდა (შდრ. ეზკ. 17:1—18; 19:1—14; მთ. 7:24—27; 21:33—44). მათი დიდი ნაწილი იესოს დროში გარკვეულწილად შესრულდა. ზოგიერთი მათგანი ზნეობრივ პრინციპებს ეხებოდა (მთ. 18:21—35; ლკ. 18:9—14). ზოგიც იესოს მოსვლისა და „ქვეყნიერების აღსასრულის დროს“ შესრულდებოდა (მთ. 13:24—30, 36—43; 25:1—46).
არაერთი შესრულება. წინასწარმეტყველებებისადმი იესოსა და მისი მოწაფეების მიდგომიდან ჩანს, რომ წინასწარმეტყველება შეიძლება არაერთხელ შესრულდეს. მაგალითად, პავლემ მოიხსენია აბაკუმის წინასწარმეტყველება, რომელიც პირველად ბაბილონის მიერ იუდას განადგურების დროს შესრულდა, და ის თავის დროს მიუსადაგა (აბკ. 1:5, 6; სქ. 13:40, 41). იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ „გამაპარტახებელი სისაძაგლის“ შესახებ დანიელის წინასწარმეტყველება იესოს დროინდელი თაობის დროს შესრულდებოდა. თუმცა დანიელის წინასწარმეტყველებაში გამაპარტახებელი სისაძაგლე „აღსასრულის დროსაც“ უკავშირდებოდა (დნ. 9:27; 11:31—35; მთ. 24:15, 16). ბიბლიური მტკიცებები ცხადყოფს, რომ მიქაელის „აღდგომაში“ იგულისხმება იეჰოვას მსახურების სასიკეთოდ მეფე იესო ქრისტეს მოქმედება (დნ. 12:1; იხ. მიქაელი №1). ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებაში იესო სამეფო ძალაუფლებით თავის მოსვლასაც მოიხსენიებს, რაც ახ. წ. პირველ საუკუნეში არ მომხდარა (მთ. 24:29, 30; ლკ. 21:25—32). ასე რომ, ეს წინასწარმეტყველება მეორედაც უნდა შესრულდეს. მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში წინასწარმეტყველების ორჯერ შესრულებაზე ნათქვამია: „ასეთი შეხედულება წინასწარმეტყველების შესრულებაზე საჭიროა უფლის მიერ მთაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველების გასაგებად, რომელიც ერთდროულად იერუსალიმის განადგურებასა და ქრისტიანული ეპოქის აღსასრულს ეხებოდა“ (Cyclopædia, 1894, ტ. VIII, გვ. 635).
წინასწარმეტყველების ფორმები. გარდა იმისა, რომ იეჰოვა პირდაპირ აცხადებდა თავის სათქმელს წინასწარმეტყველთა პირით (შესაძლოა იყო ალეგორია ან ახლდა სიმბოლური მნიშვნელობის მოქმედებები [1მფ. 11:29—31]), ის წინასწარმეტყველების სხვა ფორმებსაც მიმართავდა. სხვადასხვა ადამიანი განასახიერებდა მესიას, იესო ქრისტეს. ზემოთ მოხსენიებული დავითის გარდა, მათ შორის იყვნენ მეფე-მღვდელი მელქისედეკი (ებ. 7:15—17), წინასწარმეტყველი მოსე (სქ. 3:20—22) და სხვები. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანთა ცხოვრების ყველა დეტალს არ ჰქონდა წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. სამ დღეს იონას ყოფნა დიდი თევზის მუცელში სამარეში იესოს ყოფნას განასახიერებდა, თუმცა დავალებისადმი იონას დამოკიდებულებას და მის სხვა საქციელს ღვთის ძის ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. იესომ საკუთარ თავს „სოლომონზე დიდი“ უწოდა, რადგან სოლომონის მსგავსად იესოს სიბრძნეც აქვს და მისი მმართველობაც მშვიდობიანია, თუმცა მისი სიბრძნე და მშვიდობიანი მმართველობა ბევრად აღემატება სოლომონისას. სოლომონისგან განსხვავებით იესო დაუდევრად არ ეკიდება სულიერ საკითხებს (მთ. 12:39—42).
იეჰოვა ზოგჯერ სხვადასხვა ადამიანის ან ერის ცხოვრების მონაკვეთებს იმის წინასწარმეტყველურ ნიმუშად იყენებდა, თუ როგორ განახორციელებდა თავის განზრახვას. პავლე სიმბოლური მნიშვნელობით მოიხსენიებს აბრაამის ორ ვაჟს, რომელთაგან ერთი სარამ გაუჩინა, მეორე კი აგარმა. ის ამბობს, რომ ეს ორი ქალი ორ შეთანხმებას ნიშნავს. თუმცა ისინი პირდაპირი გაგებით არ წარმოადგენდნენ ამ შეთანხმებებს. ისინი შეესაბამებოდნენ იმ სიმბოლურ ქალებს, რომლებიც ამ შეთანხმებებისთვის აჩენდნენ შვილებს. აგარი განასახიერებდა მიწიერ იერუსალიმს, რომელმაც არ მიიღო კანონის შეთანხმებით ნაწინასწარმეტყველები მხსნელი და ღვთის მიერ კანონის შეთანხმების გაუქმების შემდეგაც კანონს ეჭიდებოდა. ამგვარად, მიწიერი იერუსალიმი და მისი შვილები კანონს ემონებოდნენ. მეორე მხრივ, თავისუფალი ქალი სარა განასახიერებდა „ზედა იერუსალიმს“, ცოლს შედარებულ ღვთის ზეციერ ორგანიზაციას, რომელიც აბრაამის შეთანხმებაში ნაწინასწარმეტყველებ ვაჟებს აჩენს (გლ. 4:21—31; შდრ. ინ. 8:31—36). ნოეს დროინდელი წარღვნა და წარღვნამდელი ვითარება წინასწარმეტყველურად მიუთითებდა ქრისტეს მოსვლის დროს არსებულ ვითარებასა და ღვთის ნორმების უარმყოფელთა აღსასრულზე (მთ. 24:36—39; შდრ. 1კრ. 10:1—11).
გეოგრაფიულ ადგილებსაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგჯერ სიონის მთაზე მდებარე იერუსალიმი გამოიყენება ზეციური ორგანიზაციის სიმბოლოდ, რომელიც სულით ცხებული ქრისტიანების „დედაა“ (გლ. 4:26). „ახალი იერუსალიმი“ ქრისტეს ზეციერი „პატარძლის“ სიმბოლოა, რომელიც შედგება განდიდებული ქრისტიანული კრების წევრებისგან (გმც. 21:2, 9—14; შდრ. ეფ. 5:23—27, 32, 33; გმც. 14:1—4). თუმცა თავის მკვიდრთა ორგულობის გამო იერუსალიმი ზოგჯერ უარყოფითი მნიშვნელობითაც გამოიყენება (გლ. 4:25; შდრ. ეზკ. 16:1—3, 8—15; იხ. იერუსალიმი [ქალაქის სიმბოლური მნიშვნელობა]). ბიბლიაში წინასწარმეტყველური მნიშვნელობით მოიხსენიება აგრეთვე სოდომი, ეგვიპტე, მეგიდო და ჰინომის ველი ანუ გეენა (გმც. 11:8; 16:16; 18:2; მთ. 23:33).
კარავი წარმოადგენდა წინასწარმეტყველურ ნიმუშს, რომელიც მოიცავდა საგნებსა და შესასრულებელ წესებს. მოციქულის სიტყვების თანახმად, კარვის მოწყობილობა, მასში შესრულებული მსახურება და შესაწირავები ზეციერი სინამდვილის ნიმუში ანუ „ზეციურის სიმბოლო და ჩრდილი“ იყო (ებ. 8:5; 9:23, 24).
წინასწარმეტყველების შემოწმება და ახსნა. ცრუწინასწარმეტყველთა საქმიანობის გამო იოანემ გააფრთხილა ქრისტიანები, არ ერწმუნათ ყველა „შთაგონებული სიტყვა“ ანუ წინასწარმეტყველება. ნაცვლად ამისა, მან ქრისტიანებს მოუწოდა: „შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა“ (1ინ. 4:1). იოანემ მოიხსენია ერთ-ერთი სწავლება, ქრისტეს ხორციელად მოსვლა, იმის განსასაზღვრავად, შთაგონებული სიტყვა ღვთისგან იყო თუ არა. თუმცა მას არ უთქვამს, რომ ეს ერთადერთი კრიტერიუმი იყო. როგორც ჩანს, მას მოჰყავდა იმ პერიოდისთვის აქტუალური მაგალითი, რომელზეც შესაძლოა ბევრს კამათობდნენ (1ინ. 4:2, 3). მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს ის, რომ წინასწარმეტყველება ღვთის გაცხადებულ სიტყვასა და ნებასთან სრულად იყოს შეთანხმებული, რათა ის ან მისი ახსნა სწორად ჩაითვალოს (კნ. 13:1—5; 18:20—22; იხ. წინასწარმეტყველი [ცრუ და ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთა ამოცნობა]). პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ზოგ წევრს ჰქონდა „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვების გარჩევის ძღვენი“ (1კრ. 12:10), რითაც დასტურდებოდა წინასწარმეტყველებების უტყუარობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასწაულებრივი ძღვენიც შეწყდა, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ღმერთი წინასწარმეტყველებების ზუსტ გაგებას კვლავაც კრების მეშვეობით ხდის ხელმისაწვდომს, განსაკუთრებით ნაწინასწარმეტყველებ „უკანასკნელ დროს“. თუმცა ეს არ ხდება სასწაულის მეშვეობით, არამედ გულმოდგინე კვლევის, შესწავლისა და წინასწარმეტყველებების ვითარებასა და მოვლენებთან შედარების მეშვეობით (შდრ. დნ. 12:4, 9, 10; მთ. 24:15, 16; 1კრ. 2:12—14; 1ინ. 4:6; იხ. განმარტება, თარგმნა).