რას ვსწავლობთ ლოცვიდან „მამაო ჩვენო“?
ბიბლია გვპასუხობს:
ლოცვა „მამაო ჩვენო“ ცნობილია აგრეთვე როგორც „საუფლო ლოცვა“. იესომ ეს ლოცვა მაშინ წარმოთქვა, როცა მოწაფეებმა სთხოვეს, ესწავლებინა მათთვის, როგორ ელოცათ (ლუკა 11:1). რა თქმა უნდა, ეს არ არის ღვთისთვის მისაღები ერთადერთი ლოცვა.a სინამდვილეში, „მამაო ჩვენო“ არის იმის ნიმუში, თუ როგორ და რის შესახებ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები.
ამ სტატიაშია:
რა არის ნათქვამი ლოცვაში „მამაო ჩვენო“?
„მამაო ჩვენო“, რომელიც მათეს 6:9—13-შია ჩაწერილი, ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში სხვადასხვა სიტყვებითაა გადმოცემული. ქვემოთ მოცემულია ორი ნიმუში:
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო. შესრულდეს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური. გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს. დაგვეხმარე, არ ავყვეთ ცდუნებას და გვიხსენი ბოროტისგან“.
საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან“.b
როგორ განიმარტება ეს ლოცვა?
რასაც იესო ასწავლიდა, სრულ თანხმობაშია წმინდა წერილებთან. ამიტომ „მამაო ჩვენოს“ მნიშვნელობის უკეთ გაგებაში ისევ და ისევ ბიბლიის სხვადასხვა მონაკვეთი დაგვეხმარება.
„ჩვენო ზეციერო მამა“
მართებულია, ღმერთს „ჩვენი მამა“ ვუწოდოთ, რადგან მან გვიბოძა სიცოცხლე (ესაია 64:8).
„განიწმინდოს შენი სახელი“
ღვთის სახელი „იეჰოვა“ სათანადო პატივისცემასა და მოწიწებას იმსახურებს, მას წმინდად უნდა მივიჩნევდეთ. ღვთის სახელის განწმენდაში იმ შემთხვევაში ვიღებთ მონაწილეობას, თუ სხვებს იეჰოვას თვისებებისა და განზრახვების შესახებ ვამცნობთ (ფსალმუნი 83:18; ესაია 6:3).
„მოვიდეს შენი სამეფო“
ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას. იესომ გვასწავლა, ვილოცოთ, რომ ამ სამეფოს მმართველობა მთელ დედამიწაზე გავრცელდეს (დანიელი 2:44; გამოცხადება 11:15).
„შესრულდეს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“
ზეცაში არც სიკვდილი არსებობს და არც ბოროტება. ღვთის ნებაა, რომ ადამიანებმაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ მარადიულად დედამიწაზე (ფსალმუნი 37:11, 29).
„მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“
იესოს დროს პური ძირითად საკვებად ითვლებოდა. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ყველანი შემოქმედზე ვართ დამოკიდებული, და რომ საარსებო საშუალებებიც მისი წყალობით გვაქვს (საქმეები 17:24, 25).
„გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს“
ამ კონტექსტში სიტყვა „ვალებში“ ცოდვები იგულისხმება (ლუკა 11:4). ყველა ადამიანი სცოდავს და საჭიროებს მიტევებას. თუ გვინდა, რომ ღმერთმა გვაპატიოს ცოდვები, ჩვენც უნდა შეგვეძლოს, ვაპატიოთ სხვებს ჩვენ მიმართ დაშვებული შეცდომები (მათე 6:14, 15).
„დაგვეხმარე, არ ავყვეთ ცდუნებას და გვიხსენი ბოროტისგან“
იეჰოვა არასოდეს გვცდის ბოროტებით (იაკობი 1:13). თუმცა ყველას გვცდის ბოროტი სულიერი ქმნილება, სატანა ეშმაკი, რომელსაც ბიბლიაში „მაცდურიც“ ეწოდება (1 იოანე 5:19; მათე 4:1—4). ცდუნების წინაშე ყოფნისას, იეჰოვას ვთხოვთ, ძალა მოგვცეს ერთგულების ბოლომდე შესანარჩუნებლად.
ზეპირად უნდა წარმოვთქვათ „მამაო ჩვენო“?
იესომ „მამაო ჩვენო“ ლოცვის ნიმუშად მოგვცა. ის სიტყვასიტყვით არ უნდა გავიმეოროთ. სანამ ამ ლოცვას წარმოთქვამდა, იესომ მოწაფეებს უთხრა: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად“ (მათე 6:7). სხვა დროს, როცა იესომ ილოცა, განსხვავებული სიტყვები გამოიყენა (ლუკა 11:2—4).
ღვთისთვის მისაღები სახით მაშინ ვლოცულობთ, როცა მას გულწრფელად, ჩვენი სიტყვებით ველაპარაკებით (ფსალმუნი 62:8).
როგორ უნდა ვილოცოთ?
იესოს მიერ წარმოთქმული ლოცვის ნიმუშიდან ჩანს, როგორ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოგვისმინოს. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ეთანხმება იესოს ლოცვა ბიბლიის სხვადასხვა ადგილას მოცემულ რჩევებს ლოცვასთან დაკავშირებით.
მხოლოდ ღმერთს მიმართეთ ლოცვით
ბიბლიური პრინციპი: „ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ და მადლიერებით მიმართეთ“ (ფილიპელები 4:6).
რას ნიშნავს ეს სიტყვები: ლოცვით მხოლოდ ღმერთს უნდა მივმართოთ და არა იესოს, მარიამს ან წმინდანებს. იესომ ლოცვის ნიმუში დაიწყო სიტყვებით, „ჩვენო ზეციერო მამა“, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ლოცვით მხოლოდ იეჰოვას უნდა მივმართოთ.
ილოცეთ ღვთის ნების შესაბამისად
ბიბლიური პრინციპი: „რაც არ უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14).
რას ნიშნავს ეს სიტყვები: შეგვიძლია ვილოცოთ ნებისმიერ საკითხზე, რაც არ ეწინააღმდეგება ღვთის ნებას. იესოს სიტყვებიდან, „შესრულდეს შენი ნება“, ვიგებთ, რომ ღვთის ნების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ბიბლიის შესწავლის შედეგად შესაძლებელია იმის გაგება, თუ რა არის ღვთის ნება დედამიწასთან და ადამიანებთან დაკავშირებით.
ილოცეთ პირად საწუხარზე
ბიბლიური პრინციპი: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22).
რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღვთისთვის სულერთი არ არის ჩვენი საწუხარი, მას ძალიან აღელვებს ჩვენი მდგომარეობა. იესოს ლოცვის ნიმუშის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ ყოველდღიური ფიზიკური საჭიროებებისთვის, აგრეთვე, ღვთის ხელმძღვანელობისთვის, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები და მისი მხარდაჭერისთვის, როცა განსაცდელში ვიმყოფებით. ღმერთს შეგვიძლია ცოდვების პატიებაც ვთხოვოთ.c
a მაგალითად, იესომ და მისმა მოწაფეებმა სხვა დროს წარმოთქმულ ლოცვებში არ გამოიყენეს ზუსტად ის სიტყვები, რაც იესომ გამოიყენა ლოცვის ნიმუშში (ლუკა 23:34; ფილიპელები 1:9).
b ზოგ თარგმანში „მამაო ჩვენო“ სახოტბო სიტყვებით ანუ დოქსოლოგიით სრულდება: „შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია: „დოქსოლოგია სანდო [ხელნაწერთა] უმეტესობაში არ არის მოცემული“ (The Jerome Biblical Commentary).
c ზოგი შეიძლება იმდენად წუხს ჩადენილი ცოდვის გამო, რომ ლოცვის წარმოთქმის ღირსადაც არ მიიჩნევს თავს. ასეთ ადამიანებს იეჰოვა შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „მოდით და მოვაგვაროთ საქმეები“ (ესაია 1:18). ის ნამდვილად არ უკეტავს გზას მათ, ვინც გულწრფელად ინანიებს ცოდვებს.