თავი 42
ახალი ცა და ახალი დედამიწა
1. როგორ აღწერს იოანე იმას, რაც ათასწლიანი მეფობის დასაწყისში უნდა მოხდეს?
ეს დიდებული ხილვა კვლავ გრძელდება. ანგელოზი იოანეს იმას აჩვენებს, რაც ათასწლიანი მეფობის დასაწყისში უნდა მოხდეს. რას ხედავს იოანე? „ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, რადგან წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა მოისპო და ზღვა აღარ არის“ (გამოცხადება 21:1). ჩვენ თვალწინ შთამბეჭდავი სურათი იშლება.
2. ა) როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება ახალი ცისა და ახალი დედამიწის შესახებ ძვ. წ. 537 წელს დაბრუნებულ იუდეველებზე? ბ) საიდან ვიცით, რომ ესაიას წინასწარმეტყველება კვლავ უნდა შესრულდეს, და როგორ შესრულდება?
2 იოანეს დრომდე ასობით წლით ადრე იეჰოვამ ესაიას უთხრა: „აი, ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას; აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ესაია 65:17; 66:22). ეს წინასწარმეტყველება თავდაპირველად ძვ. წ. 537 წელს შესრულდა, როცა ერთგული იუდეველები 70 წლიანი ტყვეობის შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდნენ. მაშინ მათ შექმნეს ახალი, განწმენდილი საზოგადოება, ანუ „ახალი დედამიწა“, რომელიც ახალ მმართველობას ანუ „ახალ ცას“ ემორჩილებოდა. მოციქულმა პეტრემ ამ წინასწარმეტყველების კიდევ ერთ შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). იოანე გვიხსნის, რომ ეს დანაპირები უფლის დღის განმავლობაში სრულდება. „წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა“ ანუ სატანის ქვეყნიერება და მმართველობის სისტემა, რომელზეც სატანა და მისი დემონები ახდენდნენ გავლენას, მოისპობა. ბოროტ და ურჩ ადამიანთა მღელვარე „ზღვა“ აღარ იარსებებს. მათ ადგილს დაიკავებს „ახალი ცა და ახალი დედამიწა“, ანუ ადამიანთა ახალი საზოგადოება, რომელსაც ახალი მთავრობა, ღვთის სამეფო უხელმძღვანელებს (შეადარეთ გამოცხადების 20:11).
3. ა) რას აღწერს იოანე და რას წარმოადგენს ახალი იერუსალიმი? ბ) რა გაგებით ჩამოდის ზეციდან ახალი იერუსალიმი?
3 იოანე განაგრძობს: „ვიხილე აგრეთვე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ზეციდან, ღვთისგან ჩამომავალი და გამზადებული, როგორც ქმრისთვის მორთული პატარძალი“ (გამოცხადება 21:2). ახალი იერუსალიმი იესოს პატარძალია, რომელიც სიკვდილამდე ერთგული ცხებული ქრისტიანებისგან შედგება. ისინი აღდგენილნი არიან, რათა განდიდებულ იესოსთან ერთად მეფეებად და მღვდლებად იმსახურონ (გამოცხადება 3:12; 20:6). მიწიერი იერუსალიმი ძველი ისრაელის სატახტო ქალაქი იყო; შესაბამისად, დიდებული ახალი იერუსალიმი და მისი ნეფე ახალი ქვეყნიერების მთავრობას ანუ ახალ ცას წარმოადგენენ. პატარძალი ყურადღებას აქცევს დედამიწას და სწორედ ამ გაგებით ჩამოდის ზეციდან. ის ერთგულად დაეხმარება კრავს კაცობრიობის სამართლიანად მართვაში. ახალი დედამიწისთვის ეს დიდი კურთხევაა!
4. ღვთის რომელი აღთქმა ჰგავს ახლად ჩამოყალიბებული ისრაელისთვის მიცემულ აღთქმას?
4 იოანე აგრძელებს: «გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება“ » (გამოცხადება 21:3). როცა იეჰოვამ კანონის შეთანხმება დაუდო ახლად ჩამოყალიბებულ ისრაელს, ასეთი აღთქმაც მისცა: „თქვენ შორის დავდგამ ჩემს კარავს და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული. ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით“ (ლევიანები 26:11, 12). იეჰოვა ამჯერადაც მსგავს აღთქმას აძლევს ერთგულ ხალხს. ათასწლიანი სასამართლოს დღის დროს ისინი ღვთისთვის განსაკუთრებული ხალხი გახდებიან.
5. ა) რა გაგებით დამკვიდრდება ღმერთი ადამიანებთან ათასწლიანი მეფობის დროს? ბ) როგორ დამკვიდრდება ღმერთი ადამიანებთან ათასწლიანი მეფობის შემდეგ?
5 ათასწლიანი მეფობის დროს იეჰოვა ადამიანებთან იმ გაგებით დამკვიდრდება, რომ მისი წარმომადგენელი გამეფებული ძე, იესო ქრისტე იქნება. მაგრამ ათასწლიანი მეფობის ბოლოს, როცა იესო სამეფოს გადასცემს მამას, არც შუამავალი და არც წარმომადგენელი აღარ იქნება საჭირო. იეჰოვა სულიერი გაგებით თავად დამკვიდრდება თავის ხალხთან სამარადისოდ (შეადარეთ იოანეს 4:23, 24). ეს დიდი პატივი იქნება გასრულყოფილებული ადამიანებისთვის!
6, 7. ა) რა დიდებულ დანაპირებს გვიმხელს იოანე და ვინ მიიღებს კურთხევებს? ბ) როგორ აღწერს ესაია სულიერ და ფიზიკურ სამოთხეს?
6 იოანე განაგრძობს თხრობას: „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4). ეს კვლავ გვახსენებს ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაწერილ დაპირებებს. ესაია მოელოდა იმ დროს, როცა სიკვდილი და გლოვა აღარ იქნებოდა და მწუხარებას სიხარული შეცვლიდა (ესაია 25:8; 35:10; 51:11; 65:19). იოანე ადასტურებს, რომ ეს დანაპირები ათასწლიანი სასამართლოს დღის განმავლობაში შესრულდება. ჯერ უამრავი ხალხი მიიღებს კურთხევებს. „ტახტთან მყოფი კრავი დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება მათ. და მოსწმენდს მათ ღმერთი ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხადება 7:9, 17). საბოლოოდ ყველა, ვინც მკვდრეთით აღდგება და რწმენას გამოავლენს ყველაფრისადმი, რაც იეჰოვას მოუმოქმედებია, მათთან ერთად იქნება და როგორც სულიერი, ისე ფიზიკური სამოთხით გაიხარებს.
7 ესაია ამბობს: „მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“ (ესაია 35:5, 6). მაშინ „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება და სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22). ისინი არ მოისპობიან.
8. როგორ ადასტურებს თავად იეჰოვა, რომ ეს დიდებული დანაპირები სანდოა?
8 ამ დანაპირებზე ფიქრისას შესანიშნავი სურათი წარმოგვიდგება თვალწინ. არაჩვეულებრივი კურთხევები ელით ერთგულ ადამიანებს, რომლებსაც სიყვარულით უხელმძღვანელებს ზეციერი მთავრობა. ზღაპრად ხომ არ გვეჩვენება ეს დანაპირები? იქნებ ეს მხოლოდ კუნძულ პატმოსზე გადასახლებული მოხუცებულის ოცნებაა? იეჰოვა თავად გცემს პასუხს: «ტახტზე მჯდომმა თქვა: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“. შემდეგ თქვა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული“ » (გამოცხადება 21:5, 6ა).
9. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მომავალი კურთხევები რეალობად იქცევა?
9 იეჰოვა თითქოსდა ხელს აწერს საგარანტიო ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც ერთგული ადამიანები კურთხეულნი იქნებიან. ვის შეეპარება ეჭვი მის დანაპირებში?! იეჰოვა თავის დანაპირებზე ისე ლაპარაკობს, როგორც უკვე შესრულებულზე: „აღსრულდა!“ განა იეჰოვა არ არის „ალფა და ომეგა, . . ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლისშემძლე“?! (გამოცხადება 1:8). რა თქმა უნდა. ის თავად ამბობს: „მე ვარ პირველი და უკანასკნელი, ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი!“ (ესაია 44:6). ამიტომ მას შეუძლია შთაგონებით დააწერინოს ადამიანს წინასწარმეტყველებები და შემდეგ ზედმიწევნით შეასრულოს. როგორ გვიმტკიცებს ეს რწმენას! ღმერთი გვპირდება: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“! ნაცვლად იმისა, რომ ეჭვის თვალით ვუყუროთ ამ საოცრებას, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რისი გაკეთება გვმართებს, ეს კურთხევები რომ მივიღოთ.
წყალი მწყურვალთათვის
10. რა „წყალს“ გვთავაზობს იეჰოვა და რა იგულისხმება ამაში?
10 თავად იეჰოვა აცხადებს: „მწყურვალს უსასყიდლოდ მივცემ სიცოცხლის წყლის წყაროდან“ (გამოცხადება 21:6ბ). ადამიანი სულიერს უნდა იყოს მოწყურებული და თუ წყურვილის მოკვლა სურს, მზად უნდა იყოს იეჰოვასგან ბოძებული „წყლის“ მისაღებად (ესაია 55:1; მათე 5:3). რა იგულისხმება ამ წყალში? იესომ პასუხი გასცა ამ კითხვას, როცა ჭასთან ერთ სამარიელ ქალს უქადაგა. მან უთხრა ქალს: „ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“. „სიცოცხლის წყლის წყარო“ ღვთისგან მოედინება ქრისტეს მეშვეობით. ღმერთი მას კაცობრიობისთვის სრულყოფილი სიცოცხლის დასაბრუნებლად გამოიყენებს. სამარიელი ქალის მსგავსად ჩვენც ძლიერი სურვილი უნდა გვქონდეს, რომ დავეწაფოთ ამ წყაროს; ჩვენ ქვეყნიურ სურვილებს კი არ უნდა ავყვეთ, არამედ სასიხარულო ცნობა უნდა ვაუწყოთ ხალხს (იოანე 4:14, 15, 28, 29).
‘მძლეველები’
11. რა დანაპირებს იძლევა იეჰოვა და პირველ რიგში ვის ეხება ეს სიტყვები?
11 ამ გამომაცოცხლებელი წყლის მსმელი „მძლეველი“ უნდა იყოს, რადგან იეჰოვა ამბობს: „მძლეველი დაიმკვიდრებს ამ ყოველივეს, მე ვიქნები მისი ღმერთი და ის იქნება ჩემი ძე“ (გამოცხადება 21:7). ეს იმ დანაპირებს ჰგავს, რომელსაც შვიდი კრებისთვის მიწერილ ცნობებში ვხვდებით. ასე რომ, ეს სიტყვები პირველ რიგში ცხებულ მოწაფეებს ეხებათ (გამოცხადება 2:7, 11, 17, 26—28; 3:5, 12, 21). საუკუნეების განმავლობაში ქრისტეს სულიერი ძმები მოუთმენლად ელოდნენ იმ დროს, როცა ახალი იერუსალიმის მკვიდრნი გახდებოდნენ. თუ იესოს მსგავსად ისინიც ‘მძლეველები’ გახდებიან, მათი იმედები განხორციელდება (იოანე 16:33).
12. როგორ შესრულდება გამოცხადების 21:7-ში ჩაწერილი დანაპირები უამრავ ხალხზე?
12 ამ დანაპირებით ყველა ერიდან გამოკრებილი უამრავი ხალხიც ინტერესდება. ისინიც უნდა გახდნენ ‘მძლეველები’, ერთგულად უნდა ემსახურონ ღმერთს, ვიდრე დიდ გასაჭირს არ გადაიტანენ. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ ისინი სამკვიდროს დედამიწაზე, „ქვეყნიერების შექმნიდან მათთვის გამზადებულ სამეფოს“ (მათე 25:34). როგორც მათ, ისე უფლის დანარჩენ ცხვრებს, რომლებიც ათასი წლის ბოლოს გადაიტანენ გამოცდას, „წმინდები“ ეწოდებათ (გამოცხადება 20:9). მათ წმინდა და მამაშვილური ურთიერთობა ექნებათ შემოქმედთან, იეჰოვა ღმერთთან, როგორც მისი ერთიანი ორგანიზაციის წევრებს (ესაია 66:22; იოანე 20:31; რომაელები 8:21).
13, 14. თუ გვსურს, რომ ღვთის დიდებული დანაპირები მივიღოთ, რას უნდა მოვერიდოთ და რატომ?
13 იეჰოვას მოწმეებს დიდებული იმედი აქვთ. ამიტომ რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის სატანის ქვეყნიერების გამხრწნელი ზეგავლენისგან თავის დაცვა. ჩვენ სიმტკიცე, გაბედულება და მონდომება გვმართებს, რათა ეშმაკმა ისეთი ადამიანების წრეში არ დაგვაბრუნოს, რომლებზეც იეჰოვა ამბობს: „მხდალებისა და ურწმუნოების, ბინძურებისა და მკვლელების, მეძავების, სპირიტიზმის მიმდევრების, კერპთაყვანისმცემლებისა და ყველა მატყუარას ხვედრი ტბაშია, რომელიც ცეცხლითა და გოგირდით იწვის. ეს მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გამოცხადება 21:8). ის, ვისაც სამოთხეში ცხოვრება სურს, უნდა მოერიდოს ამ დრომოჭმული ქვეყნიერების ბილწ საქმეებს, ნებისმიერი ზეწოლისა თუ ცდუნების მიუხედავად ერთგული უნდა დარჩეს და ამგვარად უნდა გახდეს „მძლეველი“ (რომაელები 8:35—39).
14 ქრისტიანული სამყარო ქრისტეს პატარძლად აცხადებს თავს, მაგრამ ისეთ სისაძაგლეებს სჩადის, როგორიც იოანემ აღგვიწერა. ამის გამო ის ერთხელ და სამუდამოდ განადგურდება დიდი ბაბილონის სხვა რელიგიებთან ერთად (გამოცხადება 18:8, 21). მათ მსგავსად, მარადიულად განადგურდება ის ცხებული ქრისტიანი თუ უამრავი ხალხის წარმომადგენელი, რომელიც ამგვარ ბოროტებას დაუბრუნდება ან ხელს შეუწყობს მას. ვინც ჯიუტად განაგრძობს ბოროტი საქმეების კეთებას, ვერ მიიღებს დაპირებულს. ახალ დედამიწაზე ნებისმიერი, ვინც ასეთი საქმეების კეთებას შეეცდება, მაშინვე განადგურდება და მეორე სიკვდილით მოკვდება, ანუ აღარასოდეს აღდგება (ესაია 65:20).
15. ვინ არიან სამაგალითო „მძლეველები“ და რა ხილვით აღწევს „გამოცხადება“ დიდებულ აპოგეას?
15 კრავი, იესო ქრისტე, და მისი პატარძალი, 144 000-გან შემდგარი ახალი იერუსალიმი, სამაგალითო „მძლეველები“ არიან. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ „გამოცხადება“ თავის დიდებულ აპოგეას აღწევს და ჩვენ ბრწყინვალე ახალ იერუსალიმს ვხედავთ. იოანე ახლა ბოლო ხილვას აღგვიწერს.
[სურათები 302 გვერდზე]
„ახალი დედამიწა“ — ადამიანთა ახალი საზოგადოება სასიამოვნო სამუშაოთი და მეგობრული ურთიერთობით გაიხარებს.