თავი 41
ღვთის სასამართლო დღის სასიხარულო შედეგები
ხილვა 15 გამოცხადება 20:11—21:8
თემა: აღდგომა; სასამართლოს დღე; რა კურთხევები მოჰყვება ახალი ცისა და ახალი დედამიწის დამყარებას.
შესრულების დრო: ათასწლიანი მეფობის პერიოდი.
1. ა) რა დაკარგა კაცობრიობამ ადამისა და ევას ცოდვის გამო? ბ) რა განზრახვა არ შეუცვლია ღმერთს და საიდან ვიცით ეს?
ადამიანები მარადიული სიცოცხლისთვის ვართ შექმნილნი. ადამი და ევა ღმერთს რომ დამორჩილებოდნენ, არასდროს დაიხოცებოდნენ (დაბადება 1:28; 2:8, 16, 17; ეკლესიასტე 3:10, 11). ცოდვის გამო როგორც მათ, ისე მათმა შთამომავლებმა სრულყოფილება და სიცოცხლე დაკარგეს; და კაცობრიობაზე გამეფდა სიკვდილი, შეუბრალებელი მტერი (რომაელები 5:12, 14; 1 კორინთელები 15:26). ამის მიუხედავად, ღმერთს განზრახვა არ შეუცვლია. მას კვლავ სურდა, რომ სრულყოფილ ადამიანებს მარადიულად ეცხოვრათ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე. მან კაცობრიობის სიყვარულით თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო გამოგზავნა დედამიწაზე და იესომ ადამის შთამომავალთა, „მრავალთა გამოსასყიდად“ თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო (მათე 20:28; იოანე 3:16). აქედან გამომდინარე, იესოს კანონიერი უფლება აქვს, რომ თავისი მსხვერპლით მორწმუნე ადამიანები გაასრულყოფილოს სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე (1 პეტრე 3:18; 1 იოანე 2:2). კაცობრიობას ნამდვილად საფუძვლიანი მიზეზი აქვს, რომ ‘იხაროს და იმხიარულოს’ (ესაია 25:8, 9).
2. რას გვამცნობს იოანე გამოცხადების 20:11-ში და რა არის „დიდი თეთრი ტახტი“?
2 სატანის უფსკრულში ჩაგდების შემდეგ იესოს დიდებული ათასწლიანი მეფობა დაიწყება. ღმერთმა დანიშნა ეს დღე, რომ „თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით“ (საქმეები 17:31; 2 პეტრე 3:8). იოანე ამბობს: „ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომი. მისგან გარბოდა ცა და დედამიწა და აღარ იყო ადგილი მათთვის“ (გამოცხადება 20:11). რა არის „დიდი თეთრი ტახტი“? ეს „ღვთის — ყველას მოსამართლის“ სასამართლო ტახტია (ებრაელები 12:23). ის გაასამართლებს კაცობრიობას, რათა განსაზღვროს, ვის სასიკეთოდ გამოიყენებს იესოს გამოსასყიდს (მარკოზი 10:45).
3. ა) რა გაგებით არის იეჰოვას ტახტი დიდი და თეთრი? ბ) ვინ იქნება მოსამართლე სასამართლო დღის განმავლობაში და რის საფუძველზე მოხდება გასამართლება?
3 ღვთის ტახტი დიდია, რაც იეჰოვას, როგორც უზენაესი უფლის, სიდიადის მაჩვენებელია; მისი ტახტის სითეთრე კი მის სრულყოფილ სამართლიანობაზე მეტყველებს. ის არის კაცობრიობის უზენაესი მოსამართლე (ფსალმუნი 19:7—11; ესაია 33:22; 51:5, 8). მიუხედავად ამისა, მან გასამართლების უფლება იესო ქრისტეს გადასცა: „მამა არავის ასამართლებს, არამედ მთელი სასამართლო ძეს გადასცა“ (იოანე 5:22). იესოს 144 000 შემწე ჰყავს, რომლებსაც ათასი წლით „გასამართლების უფლებამოსილება“ მიეცათ (გამოცხადება 20:4). სასამართლოს დღის განმავლობაში ისინი თითოეულ ადამიანს იეჰოვას სამართლიანი ნორმებით გაასამართლებენ.
4. რას ნიშნავს „გარბოდა ცა და დედამიწა“?
4 რა გაგებით „გარბოდა ცა და დედამიწა“? ეს იგივე ცაა, რომელიც მეექვსე ბეჭდის ახსნის დროს გრაგნილივით დაიხვა. ის განასახიერებს ადამიანთა მმართველობას, რომელიც „ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (გამოცხადება 6:14; 2 პეტრე 3:7); დედამიწა კი იმ ორგანიზებულ საზოგადოებას განასახიერებს, რომელიც ამ მმართველობას ემორჩილება (გამოცხადება 8:7). ცა და დედამიწა მაშინ გაიქცევა, როცა მხეცი, დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები, მხეცის ნიშნის მატარებელნი და მისი ქანდაკების თაყვანისმცემელნი განადგურდებიან (გამოცხადება 19:19—21). მას შემდეგ, რაც სატანის დედამიწა და ცა გასამართლდება, დიდებული მოსამართლე სხვა სასამართლო დღის დაწყებას გამოაცხადებს.
ათასწლიანი სასამართლოს დღე
5. ვინ გასამართლდება ძველი ცისა და დედამიწის განადგურების შემდეგ?
5 თუკი ძველი ცა და დედამიწა აღარ იარსებებს, მაშ ვინღა გასამართლდება? 144 000 ცხებულის დარჩენილი ნაწილი არ გასამართლდება, რადგან ისინი უკვე გასამართლებულნი და ბეჭედდასმულნი არიან. თუ არმაგედონის შემდეგ ცხებულები ჯერ კიდევ დედამიწაზე იქნებიან, ისინი მალევე დაასრულებენ მიწიერ ცხოვრებას და ზეციერი ჯილდოს მისაღებად აღდგებიან (1 პეტრე 4:17; გამოცხადება 7:2—4). ხილვაში „ტახტის წინ“ დიდი გასაჭირის დროს გადარჩენილი უამრავი ხალხის მილიონობით წარმომადგენელი იდგა. იესოს დაღვრილი სისხლისადმი რწმენის გამო ისინი მართლებად ჩაითვალნენ და ამიტომაც გადარჩნენ. მიუხედავად ამისა, მათი გასამართლება ათას წელს გასტანს, როცა იესო მათ „სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ“ წაუძღვება. ისინი გასრულყოფილდებიან და გამოიცდებიან, რის შემდეგაც ყოველმხრივ მართლებად იქნებიან აღიარებულნი (გამოცხადება 7:9, 10, 14, 17). ათასი წლის განმავლობაში გასამართლდებიან როგორც დიდი გასაჭირის დროს გადარჩენილი ბავშვები, ისე უამრავი ხალხის შვილები, რომლებიც ათასი წლის განმავლობაში დაიბადებიან (შეადარეთ დაბადების 1:28; 9:7; 1 კორინთელების 7:14).
6. ა) ვის ხედავს იოანე და რა იგულისხმება სიტყვებში: „დიდები და პატარები“? ბ) როგორ აღდგება ღვთის მეხსიერებაში მყოფი მილიონობით ადამიანი?
6 იოანე ხედავს ადამიანთა სხვა ჯგუფსაც, რომელიც დიდი გასაჭირის დროს გადარჩენილ უამრავ ხალხზე მრავალრიცხოვანია. მათი რიცხვი მილიარდებს აღწევს. „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები“ (გამოცხადება 20:12ა). „დიდებში და პატარებში“ იგულისხმება წარჩინებული თუ უბრალო ადამიანები, რომლებსაც დედამიწაზე გასული 6 000 წლის განმავლობაში უცხოვრიათ და დახოცილან. იოანეს სახარებაში, რომელიც მან „გამოცხადების“ შემდეგ მალევე დაწერა, ჩაწერილია, რას ამბობს იესო მამის შესახებ: „მას [იესოს] გასამართლების უფლებამოსილებაც მისცა, რადგან კაცის ძეა იგი. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:27—29). რა გრანდიოზული საქმეა კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დახოცილი და დასაფლავებული ადამიანებისთვის სიცოცხლის დაბრუნება! უეჭველია, ღვთის მეხსიერებაში მყოფი მილიონობით ადამიანი თანდათანობით აღდგება. ეს შედარებით მცირერიცხოვან უამრავ ხალხს ყველა იმ სირთულესთან გამკლავების საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება აღდგენილების გამო წარმოიშვას. გასაკვირი არ იქნება, რომ თავიდან მათზე ძველი ცხოვრების წესმა, ხორციელმა სისუსტეებმა და აზროვნებამ იმოქმედოს.
ვინ აღდგება და ვინ გასამართლდება?
7, 8. ა) რა გრაგნილი გაიშალა და რა მოხდა ამის შემდეგ? ბ) ვინ არ აღდგება?
7 იოანე განაგრძობს: „გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი. მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ. ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა“ (გამოცხადება 20:12ბ, 13). მართლაც გამაოგნებელი სანახაობაა! აღსანიშნავია, რომ მოხსენიებული ზღვა, სიკვდილი და სამარე ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობის მქონე სიტყვები არ არისa. მაგალითად, თევზის მუცელში და, შესაბამისად, შუა ზღვაში მყოფმა იონამ საკუთარ თავზე თქვა, რომ სამარეში იმყოფებოდა (იონა 2:2). თუ ადამიანი ადამის გამო სიკვდილის ტყვეობაშია, ფაქტობრივად, ის სამარეშია. იოანეს წინასწარმეტყველური სიტყვები იმაში გვარწმუნებს, რომ უყურადღებოდ არავინ დარჩება.
8 იქნებიან ისეთებიც, რომლებიც არ აღდგებიან, თუმცა მათი რიცხვი უცნობია. მათ შორის იქნებიან იესოსა და მისი მოციქულების უარმყოფელი მოუნანიებელი მწიგნობრები და ფარისევლები, „უკანონობის კაცი“ და რწმენას ჩამოშორებული ცხებული ქრისტიანები (2 თესალონიკელები 2:3; ებრაელები 6:4—6; მათე 23:29—33). იესო საუბრობდა თხისმაგვარ ადამიანებზე, რომლებიც ქვეყნიერების აღსასრულის დროს წავლენ „მარადიულ ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის არის გამზადებული“, ანუ „მარადიულად მოიკვეთებიან“ (მათე 25:41, 46). ისინი არ აღდგებიან.
9. როგორ აღნიშნა მოციქულმა პავლემ, რომ ზოგიერთს განსაკუთრებული აღდგომა ელის, და ვინ იქნებიან ისინი?
9 ზოგიერთების აღდგომა განსაკუთრებული იქნება. ამაზე მოციქულმა პავლემაც გაამახვილა ყურადღება: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). დედამიწაზე აღდგენილ მართლებს შორის იქნებიან ძველად მცხოვრები ერთგული მამაკაცები და ქალები, მაგალითად, აბრაამი და რახაბი. როგორც ღვთის მეგობრები, ისინი მართლებად იყვნენ აღიარებულნი (იაკობი 2:21, 23, 25). აღდგენილთა შორის იქნებიან მართალი სხვა ცხვრები, რომლებიც იეჰოვას ერთგულები დაიხოცნენ ჩვენს დროში. როგორც ჩანს, ეს ერთგული ადამიანები იესოს ათასწლიანი მეფობის დასაწყისში აღდგებიან (იობი 14:13—15; 27:5; დანიელი 12:13; ებრაელები 11:35, 39, 40). უეჭველია, აღდგენილ მართალთაგან მრავალს განსაკუთრებული უპირატესობა მიეცემა, რომ უხელმძღვანელოს დედამიწის სამოთხედ გადაქცევის გრანდიოზულ საქმეს (ფსალმუნი 45:16; შეადარეთ ესაიას 32:1, 16—18; 61:5; 65:21—23).
10. ვინ იქნებიან აღდგენილ უმართლოთა შორის?
10 ვინ არიან საქმეების 24:15-ში მოხსენიებული უმართლოები? მათ შორის იქნება კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დახოცილი უამრავი ადამიანი; განსაკუთრებით კი ისინი, ვინც „უმეცრების დროს“ ცხოვრობდნენ (საქმეები 17:30). შესაძლოა ისინი ისეთ ადგილას დაიბადნენ და ისეთ დროს ცხოვრობდნენ, რომ შეუძლებელი იყო, იეჰოვას მორჩილება ესწავლათ. გარდა ამისა, მათ შორის შეიძლება იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მოისმინეს ხსნის შესახებ ცნობა, მაგრამ იმ დროს სათანადოდ არ გამოეხმაურნენ მას ან მანამდე დაიხოცნენ, ვიდრე თავს მიუძღვნიდნენ ღმერთს და მოინათლებოდნენ. აღდგომის შემდეგ ასეთ ადამიანებს კვლავ მოუწევთ აზროვნების და ცხოვრების წესის შეცვლა, რათა ხელიდან არ გაუშვან მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა.
სიცოცხლის გრაგნილი
11. ა) რა არის „სიცოცხლის გრაგნილი“ და ვისი სახელებია ჩაწერილი მასში? ბ) რატომ იქნება გაშლილი სიცოცხლის გრაგნილი ათასწლიანი მეფობის განმავლობაში?
11 იოანემ მოიხსენია „სიცოცხლის გრაგნილი“. ამ გრაგნილში ჩაწერილნი არიან ის ადამიანები, რომლებიც იეჰოვასგან მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ. მასში ჩაიწერა იესოს ცხებული ძმების, უამრავი ხალხისა და ძველ დროს მცხოვრები ერთგული ადამიანების, მოსესა და სხვების სახელები (გამოსვლა 32:32, 33; დანიელი 12:1; გამოცხადება 3:5). იმ უმართლოთა სახელები, რომლებიც მომავალში აღდგებიან, სიცოცხლის გრაგნილში ჯერ არ ჩაწერილა. ამიტომ ათასწლიანი მეფობის განმავლობაში გაშლილი იქნება სიცოცხლის გრაგნილი იმ ადამიანთა სახელების ჩასაწერად, რომლებიც დაიმსახურებენ სიცოცხლეს. ვისი სახელიც გრაგნილში ანუ სიცოცხლის წიგნში არ ჩაიწერება, მათზე ნათქვამია, რომ „ცეცხლის ტბაში იქნენ ჩაყრილი“ (გამოცხადება 20:15; შეადარეთ ებრაელების 3:19).
12. რის საფუძველზე ჩაიწერება ადამიანის სახელი სიცოცხლის გრაგნილში და რა მაგალითი დაგვიტოვა იეჰოვას დანიშნულმა მოსამართლემ?
12 რის საფუძველზე ჩაიწერება იმ დროს ადამიანის სახელი სიცოცხლის გრაგნილში? გადამწყვეტი ფაქტორი, ისევე როგორც ადამისა და ევას შემთხვევაში, იეჰოვას მორჩილება იქნება. ეს შეესაბამება მოციქულ იოანეს სიტყვებს, რომლებიც მან საყვარელ თანაქრისტიანებს მისწერა: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:4—7, 17). იეჰოვას მიერ დანიშნულმა მოსამართლემ ღვთის მორჩილების მაგალითი დაგვიტოვა: „თუმცა [იესო] ძე იყო, მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა, და მას შემდეგ, რაც სრულყოფილი გახდა, თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე გახდა პასუხისმგებელი“ (ებრაელები 5:8, 9).
იშლება სხვა გრაგნილებიც
13. როგორ უნდა ცხადყონ აღდგენილებმა ღვთის მორჩილება და რა პრინციპები უნდა დაიცვან?
13 როგორ უნდა ცხადყონ აღდგენილებმა ღვთისადმი მორჩილება? იესომ ორ უდიდეს მცნებაზე გაამახვილა ყურადღება: «პირველია: „ისმინე, ისრაელო, იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა, გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“. მეორე კი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ » (მარკოზი 12:29—31). ისინი აგრეთვე უნდა დაემორჩილონ იეჰოვას უცვლელ პრინციპებს, მაგალითად, არ იქურდონ, არ იცრუონ, არ მოკლან და უზნეობა არ ჩაიდინონ (1 ტიმოთე 1:8—11; გამოცხადება 21:8).
14. რა გრაგნილები იშლება და რა არის ჩაწერილი მათში?
14 იოანე მოიხსენიებს სხვა გრაგნილებსაც, რომლებიც ათასწლიანი მეფობის დროს გაიშლება (გამოცხადება 20:12). რა გრაგნილებია ეს? ზოგჯერ იეჰოვა კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტულ მითითებებს იძლეოდა. მაგალითად, მოსეს დროს მან ისრაელებს არაერთი კანონი მისცა, რომელთა მორჩილებაც სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა მათ (მეორე კანონი 4:40; 32:45—47). I საუკუნეში ერთგულ ქრისტიანებს ახალი მითითებები მიეცათ, რაც მათ, როგორც ქრისტიანული კრების წევრებს, იეჰოვას პრინციპების დაცვაში დაეხმარებოდა (მათე 28:19, 20; იოანე 13:34; 15:9, 10). იოანე გვამცნობს, რომ მკვდრები „გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ“. როგორც ჩანს, ამ გრაგნილებში ჩაწერილი იქნება, კონკრეტულად, რა მოთხოვნები ექნება იეჰოვას კაცობრიობისთვის ათასი წლის განმავლობაში. თუ ადამიანები დაემორჩილებიან ამ გრაგნილებში ჩაწერილ მითითებებსა და წესებს, ისინი სიცოცხლეს გაიხანგრძლივებენ და საბოლოოდ მარადიულობას მიაღწევენ.
15. რა სასწავლო პროგრამა ჩატარდება აღდგომის დროს და, როგორც ჩანს, რა თანამიმდევრობით მოხდება აღდგომა?
15 წარმოიდგინეთ, რა გრანდიოზული თეოკრატიული სწავლება დაიწყება მაშინ! 2005 წელს იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში საშუალოდ 6 061 534 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ, აღდგომის შემდეგ კი, უდავოა, რომ მილიონობით შესწავლა ჩატარდება ბიბლიისა და ახალი გრაგნილების გამოყენებით. ღვთის ხალხიდან ყველა უნდა გახდეს მასწავლებელი და ამ საქმისთვის ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს. სულიერი წინსვლის შემდეგ აღდგენილებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ გრანდიოზულ სასწავლო პროგრამაში. როგორც ჩანს, აღდგომა ასეთი თანამიმდევრობით მოხდება: გადარჩენილები შეეგებებიან და ასწავლიან აღდგენილ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ისინი კი, თავის მხრივ, სხვებს შეეგებებიან და ასწავლიან (შეადარეთ 1 კორინთელების 15:19—28, 58). ექვს მილიონზე მეტი მოწმე დღეს აქტიურად მონაწილეობს ჭეშმარიტების გავრცელებაში, ეს კი კარგი საფუძველია საიმისოდ, რომ მათ მკვდრეთით აღდგომის დროს მრავალი უპირატესობა მიიღონ (ესაია 50:4; 54:13).
16. ა) ვისი სახელები არ ჩაიწერება გრაგნილში, ანუ სიცოცხლის წიგნში? ბ) ვინ აღდგება „სიცოცხლის აღდგომისთვის“?
16 დედამიწაზე მკვდრების აღდგომასთან დაკავშირებით იესომ თქვა, რომ „კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ გამოვიდოდნენ. აქ სიცოცხლე და სასამართლო ერთმანეთს უპირისპირდება. ისინი, ვინც აღდგომის შემდეგ ბოროტების კეთებას გააგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნასწავლი ექნებათ წმინდა წერილები და გრაგნილში ჩაწერილი მითითებები, გასამართლებისას სიცოცხლეს ვერ დაიმსახურებენ და მათი სახელები გრაგნილში ანუ სიცოცხლის წიგნში არ ჩაიწერება (იოანე 5:29). იგივე დაემართება მასაც, ვინც ერთ დროს ერთგული იყო, მაგრამ განდგება ათასწლიანი მეფობის დროს. გრაგნილიდან სახელების ამოშლაც შეიძლება (გამოსვლა 32:32, 33). მათი სახელები, ვინც დაემორჩილება გრაგნილებში ჩაწერილ მითითებებს, არ ამოიშლება სიცოცხლის გრაგნილიდან; ისინი იცოცხლებენ. მათი აღდგომა სიცოცხლის აღდგომა იქნება.
სიკვდილისა და სამარის მოსპობა
17. ა) რა გასაოცარი სანახაობა იშლება იოანეს თვალწინ? ბ) როდის დაცარიელდება სამარე? გ) როდის იქნება ჩაგდებული „ცეცხლის ტბაში“ ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი?
17 ახლა იოანეს თვალწინ გასაოცარი სანახაობა იშლება: „სიკვდილი და სამარე ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილს ნიშნავს. ცეცხლის ტბაში იქნენ ჩაყრილი ისინიც, ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყო ჩაწერილი“ (გამოცხადება 20:14, 15). ათასწლიანი სასამართლო დღის ბოლოს „სიკვდილი და სამარე“ საბოლოოდ მოისპობა. რა საჭიროა ამისთვის ათასი წელი? კაცობრიობის საერთო სამარე მხოლოდ მაშინ დაცარიელდება, როცა ღვთის მეხსიერებაში მყოფი უკანასკნელი მიცვალებული აღდგება. მაგრამ, ვიდრე ადამიანებზე თანდაყოლილი ცოდვა იმოქმედებს, ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი ძალას არ დაკარგავს. დედამიწაზე აღდგენილები, არმაგედონში გადარჩენილ უამრავ ხალხთან ერთად გრაგნილებში ჩაწერილ მითითებებს უნდა დაემორჩილონ, ვიდრე იესოს გამოსასყიდი საბოლოოდ არ დაიხსნის მათ ავადმყოფობისგან, სიბერისა და სხვა თანდაყოლილი უძლურებებისგან. მაშინ ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი და სამარე ერთად ჩაიყრება „ცეცხლის ტბაში“, და ორივე სამუდამოდ მოისპობა.
18. ა) როგორ აღწერს პავლე მოციქული იმ წარმატებას, რასაც მეფე იესო მიაღწევს თავისი მმართველობის დროს? ბ) რას გააკეთებს იესო ადამიანების გასრულყოფილების შემდეგ? გ) კიდევ რა მოხდება ათასი წლის ბოლოს?
18 მაშინ საბოლოოდ შესრულდება მოციქულ პავლეს მიერ კორინთელებისთვის მიწერილი სიტყვები: „მან [იესომ] უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს. უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია [ადამის მიზეზით გამოწვეული]“. რა მოხდება ამის შემდეგ? „როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესო „თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს“ (1 კორინთელები 15:24—28). იესო, რომელმაც გამოსასყიდით დაამარცხა ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი, გასრულყოფილებულ ადამიანებს თავის მამას, იეჰოვას წარუდგენს. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ, ათასი წლის ბოლოს გათავისუფლდება სატანა და ბოლო გამოცდის დროს გადაწყდება, ვისი სახელები დარჩება სიცოცხლის წიგნში მარადიულად. „ძალ-ღონე არ დაიშუროთ“, რათა თქვენი სახელიც ჩაიწეროს ამ გრაგნილში (ლუკა 13:24; გამოცხადება 20:5).
[სქოლიოები]
a ზღვაში დაღუპულთაგან აღდგენილებს შორის არ იქნებიან ნოეს წარღვნის დროს დახოცილი გახრწნილი ადამიანები. ის საბოლოო განადგურება იყო, ისევე როგორც იეჰოვას გამოტანილი განაჩენის აღსრულება იქნება საბოლოო დიდი გასაჭირის დროს (მათე 25:41, 46; 2 პეტრე 3:5—7).
[სურათი 298 გვერდზე]
მკვდრეთით აღდგენილი იმ უმართლოების სახელები, რომლებიც ათასწლიანი მეფობის დროს გაშლილ გრაგნილებში ჩაწერილ მითითებებს დაემორჩილებიან, სიცოცხლის გრაგნილში ჩაიწერება.