ღმერთი არ აყოვნებს — დანაპირების შესრულებას
„როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე?“ ეს სიტყვები ეკუთვნის ებრაელ წინასწარმეტყველ აბაკუმს, რომელიც ძვ. წ. მეშვიდე საუკუნეში ცხოვრობდა. მაგრამ რა ნაცნობი სიტყვებია, არა? ადამიანის ბუნებაშია სურვილი — მაშინვე ან რაც შეიძლება მალე მიიღოს ის, რაც მისთვის ძვირფასია. და ეს განსაკუთრებით ჩვენს დროს ეხება, როცა ადამიანებს სურთ, დაუყოვნებლივ დაიკმაყოფილონ სურვილები (აბაკუმი 1:2).
პირველ საუკუნეში ზოგს, როგორც ჩანს, მიაჩნდა, რომ ღმერთს უფრო მალე უნდა შეესრულებინა თავისი დანაპირები. ისინი იმდენად მოუთმენლები გახდნენ, იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ღმერთი აყოვნებდა, ანუ აგვიანებდა. ამიტომ მოციქულ პეტრეს მოუწია მათთვის იმის შეხსენება, რომ დროსთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისი დიდად განსხვავდება ჩვენისგან. პეტრე წერს: „ეს ერთი არ უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისათვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე“ (2 პეტრე 3:8).
დროის ასეთნაირად გამოთვლის თანახმად, 80 წლის ადამიანმა სულ რაღაც ორი საათი იცოცხლა, მთელი კაცობრიობის ისტორია კი მხოლოდ ექვსიოდე დღეს მოიცავს. როცა ყველაფერს ამ კუთხით ვუყურებთ, უფრო ადვილი გასაგები ხდება, როგორ გვეპყრობა ღმერთი.
მაგრამ ღვთისთვის სულერთი არ არის, როგორ გადის დრო. პირიქით, მას კარგად ესმის დროის მნიშვნელობა (საქმეები 1:7). ამიტომ პეტრე განაგრძობს: „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). ადამიანისგან განსხვავებით, ღმერთი არ ჩქარობს რაიმეს გაკეთებას, თითქოს დრო ეწურებოდეს. როგორც „საუკუნეთა მეფეს“, მას არაჩვეულებრივი ხედვა აქვს და შეუძლია გადაწყვიტოს, დროის რომელ მონაკვეთში მოუტანს მისი მოქმედება საუკეთესოს ყველას (1 ტიმოთე 1:17).
ღვთის, ერთი შეხედვით, დაყოვნების მიზეზის ახსნის შემდეგ პეტრე გაფრთხილებას იძლევა: «უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე ქურდივით მოვა». ესე იგი ანგარიშსწორების დღე სწორედ მაშინ მოვა, როცა არავინ მოელის. შემდეგ, მომდევნო მუხლებში, პეტრე ლაპარაკობს იმათ სასწაულებრივ პერსპექტივაზე, ვინც „წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობას“ ავლენს, სახელდობრ კი, რომ ისინი მოესწრებიან ღვთის მიერ დანაპირებ „ახალ ცასა და ახალ მიწას“ (2 პეტრე 3:10-13).
ამან მით უფრო მადლიერები უნდა გაგვხადოს, რომ ღვთის სამსჯავრო ჯერ არ მოდის. მისი მოთმინება საშუალებას გვაძლევს, გავეცნოთ მის განზრახვას და ცვლილებები შევიტანოთ ცხოვრებაში, რათა მის მიერ აღთქმული კურთხევები მივიღოთ. ნუთუ არ უნდა მივიჩნიოთ „ჩვენი უფლის სულგრძელობა . . . ხსნად“, როგორც პეტრე გვირჩევს? (2 პეტრე 3:15). მაგრამ ღვთის მოთმინება მეორე ფაქტორსაც მოიცავს.
ცოდვის საწყაულის ავსება
როდესაც ვსწავლობთ, როგორ ეპყრობოდა ღმერთი წარსულში კაცობრიობას, ვხედავთ, რომ ის არ ჩქარობდა დასჯას, სანამ გამოსწორების ოდნავი იმედი მაინც არსებობდა. მაგალითად, ქანაანელების შემთხვევა რომ ავიღოთ, იეჰოვამ მათ დასჯამდე დიდი ხნით ადრე ამცნო აბრაამს მათი ცოდვების შესახებ. მაგრამ მაშინ არ იყო განაჩენის სისრულეში მოყვანის დრო. რატომ? იმიტომ რომ, ბიბლიის თანახმად, ჯერ არ იყო ‘ავსებული ამორეველების [ქანაანელების] უკეთურებათა საწყაული’ ან, როგორც ნოქსის (Knox) თარგმანშია, ‘ამორეველთა სიბოროტე ჯერ სრულად არ იყო გამოვლენილი’ (დაბადება 15:16)a.
მაგრამ დაახლოებით 400 წლის შემდეგ ღვთის სამსჯავროს დღე დადგა და აბრაამის შთამომავლებმა, ისრაელებმა, დაიპყრეს ეს ქვეყანა. ქანაანელთაგან ცოტანი გადარჩნენ, მაგალითად რახაბი და გაბაონელები, ისიც თავიანთი პოზიციისა და საქმეების გამო, უმეტესობამ კი, როგორც თანამედროვე არქეოლოგიური გათხრებიდან ჩანს, უწმინდურების უკიდურეს დონეს მიაღწია. ისინი მონაწილეობდნენ ფალოსის კულტში, პროსტიტუციას ეწეოდნენ ტაძარში და მსხვერპლად სწირავდნენ ბავშვებს. ჰალეის ბიბლიურ ცნობარში (Halley’s Bible Handbook) ნათქვამია: „არქეოლოგებს, რომლებიც ქანაანელთა ქალაქების გათხრებს აწარმოებდნენ, უკვირდათ, რომ ღმერთმა ადრევე არ გაანადგურა ისინი“. საბოლოოდ, ქანაანელთა ‘ცოდვის საწყაული აივსო’; მათი სიბოროტე ‘სრულად გამოვლინდა’. ვერავინ დაადანაშაულებდა ღმერთს, რომ ის უსამართლოდ მოიქცა, როცა განწმინდა მიწა და მხოლოდ ისინი დატოვა, ვისაც სწორი განწყობილება ჰქონდა.
მსგავს სურათს ვხედავთ ნოეს დღეებშიც. მიუხედავად იმისა, რომ წარღვნამდე ხალხი ბოროტი იყო, ღმერთმა გულმოწყალედ გადაწყვიტა, კიდევ 120 წელი მიეცა მათთვის. ამ დროის გარკვეულ მონაკვეთში ნოე „სიმართლის მქადაგებლად“ მსახურობდა (2 პეტრე 2:5). დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, ხალხის ბოროტება მომწიფდა. „გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე“ (დაბადება 6:3, 12). მათი ‘ცოდვის საწყაული აივსო’; დროთა განმავლობაში მათმა არასწორმა მიდრეკილებებმა უკიდურეს წერტილს მიაღწია. როდესაც ღმერთმა დასაჯა ისინი, მას სრული საფუძველი ჰქონდა. ღვთის თვალში მხოლოდ რვა პიროვნება აღმოჩნდა მართალი და მან დაიცვა ისინი.
იგივე ჩანს ისრაელისადმი ღვთის დამოკიდებულებაშიც. მათი ორგული და გახრწნილი მოქმედებების მიუხედავად, ღმერთი მათ ასობით წლის განმავლობაში უთმენდა. ცნობაში ნათქვამია: „უფალი . . . უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა ხელით, რადგან ებრალებოდა მას თავისი ერი. . . მაგრამ ისინი . . . არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა“ (მეორე ნეშტთა 36:15, 16). ხალხი იქამდე მივიდა, რომ გამოსწორება უკვე შეუძლებელი იყო. მხოლოდ იერემია და რამდენიმე სხვა შეიძლებოდა გადარჩენილიყვნენ. ღმერთს ვერავინ უწოდებდა უსამართლოს იმის გამო, რომ, საბოლოოდ, დასაჯა დანარჩენები.
ღვთის მოქმედების დრო ახლაა
ამ მაგალითებიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღმერთი თავს იკავებს თანამედროვე სისტემის დასჯისგან მხოლოდ მანამ, სანამ დრო მოაწევს. ეს გამოხატულია ბრძანებაში, რომელიც ღვთის განაჩენის სიმბოლურ აღმსრულებელს მიეცა: „გაგზავნე შენი ბასრი ნამგალი და მოკრიფე მიწის ვაზის მტევნები, ვინაიდან დამწიფდა მათი მარცვლები. გადმოაგ[დ]ო ანგელოზმა თავისი ნამგალი მიწაზე და მოკრიფა მიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში“. შენიშნეთ, რომ კაცობრიობის ბოროტება „დამწიფდა“ ანუ იქამდე მივიდა, რომ გამოსწორება შეუძლებელია. როდესაც ღმერთი სისრულეში მოიყვანს განაჩენს, არავითარი ეჭვი არ იარსებებს, რომ მისი ჩარევა საფუძვლიანია (გამოცხადება 14:18, 19).
ზემოთ განხილული ცხადყოფს, რომ ღვთის მიერ წუთისოფლის დასჯის დღე ახლოს უნდა იყოს, რადგან წუთისოფელმა ისეთი თვისებები შეიძინა, რომლებიც წარსულში აუცილებლად იწვევდა ღვთის სამსჯავროს. სადაც უნდა გავიხედოთ, დედამიწა სავსეა ძალადობით, ისევე როგორც ნოეს დროინდელ წარღვნამდე იყო. ხალხის განწყობილება სულ უფრო და უფრო ისეთი ხდება, როგორიც დაბადების 6:5-შია აღწერილი: „უკეთური იყო მუდამჟამს მათი [ადამიანთა] ყოველი გულისთქმა“. ისეთი უხეში ცოდვებიც კი, რომელთა გამოც ღმერთმა ქანაანელები დასაჯა, დღეს ჩვეულებრივია.
განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომის დროიდან კაცობრიობა შემაძრწუნებლად შეიცვალა. დედამიწა მილიონობით ადამიანის სისხლით არის გაჟღენთილი. ომმა, გენოციდმა, ტერორიზმმა, დამნაშავეობამა და უკანონობამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ჩვენს პლანეტაზე გავრცელდა შიმშილობა, ავადმყოფობა და უზნეობა. ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ იმ ბოროტ მოდგმას შორის ვცხოვრობთ, რომელზეც იესომ თქვა: „არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება“ (მათე 24:34). წუთისოფელი ახლა ავსებს „ცოდვის საწყაულს“. „მიწის ვაზის მტევნები“ დასაკრეფად მწიფდება.
თქვენი მოქმედების დრო
მოციქულმა იოანემ მოისმინა, რომ სამსჯავროს მოახლოებისას დამწიფება ორ შედეგს გამოიღებდა. ერთი მხრივ, „უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს“. მეორე მხრივ კი, „მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს“ (გამოცხადება 22:10, 11). ეს უკანასკნელი მოვლენა ეხება ბიბლიის საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ეწევიან მთელ მსოფლიოში. ამ საქმიანობის მიზანია, რომ ხალხმა ისწავლოს, რას მოითხოვს ღმერთი მათგან, რათა ისინიც მათ შორის იყვნენ, ვინც მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს. ამჟამად ამ საქმეს დაახლოებით 87 000 კრება ახორციელებს 233 ქვეყანაში.
ღმერთი არ აყოვნებს. ის მოთმინებით აძლევს ყველას დროს, რომ ‘შეიმოსონ ახალი კაცი’, რათა იხილონ მისი აღთქმების შესრულება (ეფესელთა 4:24). დღეს ღმერთი ჯერ კიდევ იცდის, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მდგომარეობის გაუარესებას ბოლო არ უჩანს. იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებენ, რომ მოყვასს მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება გაუზიარონ (იოანე 17:3, 17). საბედნიეროდ, ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ადამიანი ეხმაურება ამას და ინათლება.
თუ მხედველობაში მივიღებთ მარადიულ სიცოცხლეს, ახლა ლოდინის კი არა, მოქმედების დროა, რადგან უახლოეს მომავალში ვიხილავთ იესოს დანაპირების შესრულებას: „ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და ვისაც სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე“ (იოანე 11:26).
[სქოლიოები]
a „სონსინო ხუმაშში“ (The Soncino Chumash) ამ მუხლის სქოლიოში ნათქვამია: „. . . რადგან ღმერთი არ სჯის ერს, ვიდრე ცოდვის საწყაული არ აივსება“.
[სურათი 6 გვერდზე]
როცა მიწის ვაზი დამწიფდა, ღვთის განაჩენის აღმსრულებელს ებრძანა, ნამგალი გადმოეგდო.
[სურათი 7 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ეხმარებიან ხალხს, მიიღონ ღვთის მარადიული კურთხევები.