თავი 12
„ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“
1. რომელი ქალაქის კრებას მიმართა იესომ და რას ნიშნავს ამ ქალაქის სახელწოდება?
ძმათმოყვარეობა მართლაც სასურველი თვისებაა! იესოს აშკარად ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა მეექვსედ მიმართა ახლა უკვე ფილადელფიის კრებას, რადგან ეს სიტყვა „ფილადელფია“ ძმათმოყვარეობას ნიშნავს. მოხუცებულ იოანეს ჯერ კიდევ ემახსოვრებოდა ის შემთხვევა, როცა 60 წელზე მეტი ხნით ადრე პეტრემ სამჯერ უთხრა იესოს, რომ ძალიან უყვარდა თავისი უფალი (იოანე 21:15—17). ავლენდნენ ფილადელფიელი ქრისტიანები ძმათმოყვარეობას? როგორც ჩანს, ავლენდნენ!
2. როგორი ქალაქი იყო ფილადელფია, როგორი კრება იყო იქ და რას ეუბნება იესო ამ კრების ანგელოზს?
2 ფილადელფია, რომელიც სარდისის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით ორმოცდაათ კილომეტრში მდებარეობდა (თურქეთის თანამედროვე ქალაქ ალაშეჰირის ადგილზე), იოანეს დროს აყვავებული ქალაქი იყო. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აქ ქრისტიანული კრებაც ყვაოდა. ადვილი წარმოსადგენია, რა დიდი სიხარულით შეხვდებოდნენ ფილადელფიელი ქრისტიანები იმ მსახურს, რომელიც მათთან ალბათ სარდისის გავლით მივიდოდა. მსახური რჩევით მიდის მათთან, რათა მოქმედებისკენ აღძრას ისინი. მაგრამ ეს რჩევა მისი სახელოვანი ავტორის ძალაუფლებაზე საუბრით იწყება: „ფილადელფიის კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო წმინდა და ჭეშმარიტი, ვისაც აქვს დავითის გასაღები და ვინც ისე აღებს, რომ ვერავინ დაკეტავს და ისე კეტავს, რომ ვერავინ გააღებს“ (გამოცხადება 3:7).
3. რატომ არის მართებული, იესოს ვუწოდოთ „წმინდა“ და „ჭეშმარიტი“?
3 იოანეს გაგონილი ჰქონდა, როგორ უთხრა პეტრემ დედამიწაზე მყოფ იესო ქრისტეს: „შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები. ჩვენ ვირწმუნეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ღვთის წმინდა“ (იოანე 6:68, 69). იეჰოვა ღმერთი სიწმინდის განსახიერებაა და მისი მხოლოდშობილი ძეც „წმინდაა“ (გამოცხადება 4:8). იესო „ჭეშმარიტიცაა“. აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა ალეთინოს უტყუარობაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, იესო ჭეშმარიტი სინათლეცაა და ჭეშმარიტი პურიც, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა (იოანე 1:9; 6:32). ის არის ჭეშმარიტი ვაზიც (იოანე 15:1). იესო იმ გაგებითაც არის ჭეშმარიტი, რომ სანდოა. ის ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობს (იხილეთ იოანეს 8:14, 17, 26). ღვთის ძე ნამდვილად ღირსია, იყოს მეფე და მოსამართლე (გამოცხადება 19:11, 16).
„დავითის გასაღები“
4, 5. რა შეთანხმებას უკავშირდებოდა „დავითის გასაღები“?
4 იესოს „დავითის გასაღები“ აქვს, რომლითაც „ისე აღებს, რომ ვერავინ დაკეტავს და ისე კეტავს, რომ ვერავინ გააღებს“. რა არის „დავითის გასაღები“?
5 იეჰოვამ ისრაელის მეფე დავითთან დადო შეთანხმება მარადიულ სამეფოზე (ფსალმუნი 89:1—4, 34—37). ძვ. წ. 1070 წლიდან ძვ. წ. 607 წლამდე მეფობდნენ დავითი და მისი შთამომავლობები და იეჰოვას ტახტზე ისხდნენ იერუსალიმში. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ამ სამეფოში ბოროტებამ მოიკიდა ფეხი, ღმერთმა განაჩენი გამოუტანა ისრაელებს და დასაჯა ისინი. ასე დაიწყო იეჰოვამ ეზეკიელის 21:27-ში ჩაწერილი თავისი წინასწარმეტყველების შესრულება: „ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას [მიწიერ იერუსალიმს]! არავისი არ იქნება ის [დავითის სამეფო ხაზის კვერთხი], სანამ არ მოვა კანონით უფლებამოსილი, — მას გადავცემ“.
6, 7. როდის და როგორ გამოჩნდებოდა „კანონით უფლებამოსილი“?
6 როდის და როგორ გამოჩნდა „კანონით უფლებამოსილი“? როგორ მიეცემა მას დავითის კვერთხი?
7 დაახლოებით 600 წლის შემდეგ მეფე დავითის შთამომავალი იუდეველი ქალწული მარიამი წმინდა სულით დაორსულდა. ღმერთმა ანგელოზი გაბრიელის მეშვეობით მარიამს შეატყობინა, რომ ეყოლებოდა ვაჟი, რომელსაც იესოს დაარქმევდნენ. გაბრიელმა თქვა: „ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:31—33).
8. როგორ დაამტკიცა იესომ, რომ დავითის ტახტის ღირსეული მემკვიდრე იქნებოდა?
8 ახ. წ. 29 წელს იესო მდინარე იორდანეში მოინათლა და მასზე წმინდა სული გადმოვიდა. მაშინ ცხო ღმერთმა იგი, როგორც მომავალი მეფე დავითის ხაზიდან. ის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას სამაგალითო გულმოდგინებით ქადაგებდა, რისი კეთებაც თავის მოწაფეებსაც დაავალა (მათე 4:23; 10:7, 11). იესომ თავი დაიმდაბლა და წამების ძელზეც კი მოკვდა, რითაც დაამტკიცა, რომ დავითის ტახტის ღირსეული მემკვიდრე იქნებოდა. იეჰოვამ იესო მკვდრეთით აღადგინა, როგორც უკვდავი სული, აღამაღლა და ზეცაში თავის მარჯვნივ დასვა; დანიშნულ დროს კი იესო თავისი უფლებით ისარგებლებდა, რათა ‘ებატონა თავის მტრებს შორის’ (ფსალმუნი 110:1, 2; ფილიპელები 2:8, 9; ებრაელები 10:13, 14).
9. როგორ გააღებდა და როგორ დაკეტავდა კარს იესო დავითის გასაღებით?
9 იესო გამეფებამდე დაიწყებდა დავითის გასაღების გამოყენებას და ღვთის სამეფოს კარს გახსნიდა. იეჰოვა იესოს მეშვეობით გაათავისუფლებდა დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს „სიბნელის ძალაუფლებისგან“ და „თავისი საყვარელი ძის სამეფოში“ გადაიყვანდა (კოლოსელები 1:13, 14). იესო გასაღებს იმისთვისაც გამოიყენებდა, რომ ორგულთათვის კარი დაეკეტა (2 ტიმოთე 2:12, 13). რაკი იესოს, დავითის ტახტის უცვლელ მემკვიდრეს, იეჰოვა უჭერს მხარს, ვერავინ შეუშლის ხელს თავისი საქმის შესრულებაში (შეადარეთ მათეს 28:18—20).
10. როგორ ამხნევებს იესო ფილადელფიის კრებას?
10 ძალაუფლების მქონე იესოს სიტყვები ფილადელფიელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებით გამამხნევებელი იქნებოდა. იესო მათ აქებს: „ვიცი შენი საქმეები (აი, დავდგი შენ წინაშე ღია კარი, რომელსაც ვერავინ დაკეტავს), რომ გაქვს გარკვეული ძალა, დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი“ (გამოცხადება 3:8). ეს კრება აქტიურია და მისთვის მსახურების კარიც ფართოდ არის ღია (შეადარეთ 1 კორინთელების 16:9; 2 კორინთელების 2:12). ამიტომ მოუწოდებს იესო კრებას, რომ სრულად ისარგებლოს ქადაგების შესაძლებლობით. კრების წევრებმა ბევრი განსაცდელი გადაიტანეს და დაამტკიცეს, რომ ღვთის სულის დახმარებით საკმარისი ძალა ჰქონდათ იეჰოვასთვის მსახურებაში უფრო მეტი „საქმის“ გასაკეთებლად (2 კორინთელები 12:10; ზაქარია 4:6). ისინი დაემორჩილნენ იესოს მითითებებს და არ უარყვეს ქრისტე არც სიტყვით და არც საქმით.
„მდაბლად თაყვანს გცემენ“
11. რა კურთხევას დაჰპირდა იესო ქრისტიანებს და როგორ შესრულდა ეს დანაპირები?
11 იესო ჰპირდება ფილადელფიელ ქრისტიანებს, რომ მათი საქმეები უკვალოდ არ ჩაივლის: „აი, მოგცემ მათ, ვინც სატანის სინაგოგიდან არიან და ამბობენ, იუდეველები ვართო, როცა არ არიან და ცრუობენ. ვაიძულებ, მოვიდნენ და შენს ფეხებთან დაემხონ, რომ მდაბლად თაყვანი გცენ და გავაგებინებ, რომ მე შეგიყვარე“ (გამოცხადება 3:9). შესაძლოა, სმირნელი ქრისტიანების მსგავსად ფილადელფიელ ქრისტიანებსაც უქმნიდნენ პრობლემებს ადგილობრივი იუდეველები, რომლებსაც იესო „სატანის სინაგოგას“ უწოდებს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი იუდეველი მალე მიხვდა, რომ რასაც ქრისტიანები იესოს შესახებ ქადაგებდნენ, ჭეშმარიტება იყო. როგორც ჩანს, ისინი ‘მდაბლად თაყვანს სცემდნენ’ ქრისტიანებს ისე, როგორც ეს პავლემ აღწერა 1 კორინთელების 14:24, 25-ში. ისინი მოინანიებდნენ, თვითონაც ქრისტიანები გახდებოდნენ და სრულად დააფასებდნენ იესოს უდიდეს სიყვარულს, რომელიც მან თავისი მოწაფეებისთვის საკუთარი სულის გაწირვით გამოხატა (იოანე 15:12, 13).
12. რატომ გააოცებდათ ფილადელფიის იუდეველთა სინაგოგის წევრებს იმის გაგება, რომ ზოგიერთ მათგანს ‘მდაბლად თაყვანი უნდა ეცა’ ქრისტიანებისთვის?
12 ფილადელფიის იუდეველთა სინაგოგის წევრებს გააოცებდათ იმის გაგება, რომ ზოგიერთ მათგანს ადგილობრივი ქრისტიანებისთვის ‘მდაბლად თაყვანისცემა’ მოუწევდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კრებაში ბევრი ქრისტიანი არაიუდეველი იყო, ფილადელფიელ იუდეველებს იმედი ექნებოდათ, რომ სრულიად საპირისპირო რამ მოხდებოდა. რატომ? ესაიამ იწინასწარმეტყველა: „[არაიუდეველი] მეფეები გიპატრონებენ [ისრაელის ხალხო] და დედოფლები გეყოლება ძიძებად. პირქვე დამხობილნი მდაბლად თაყვანს გცემენ“ (ესაია 49:23; 45:14; 60:14). მსგავსი რამ ზაქარიამაც იწინასწარმეტყველა: «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „იმ დროს ყველა ენის ხალხიდან ათი [არაიუდეველი] კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ » (ზაქარია 8:23). მართლაც, არაიუდეველებს უნდა ეცათ თაყვანი იუდეველებისთვის და არა პირიქით!
13. რომელ იუდეველებზე შესრულდებოდა ძველ ისრაელზე ნაწინასწარმეტყველები?
13 ეს ნაწინასწარმეტყველები სიტყვები მართლაც ღვთის რჩეულ ხალხს ეხებოდა. ამ სიტყვების წარმოთქმისას ამ საპატიო მდგომარეობით მხოლოდ ხორციელი ისრაელი სარგებლობდა, მაგრამ როცა ისრაელმა უარყო მესია, იეჰოვამ ჩამოართვა მათ ეს უპირატესობა (მათე 15:3—9; 21:42, 43; ლუკა 12:32; იოანე 1:10, 11). ძვ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მან იუდეველების ნაცვლად ღვთის ჭეშმარიტი ისრაელი — ქრისტიანული კრება აირჩია, რომლის წევრებიც გულით წინადაცვეთილი სულიერი იუდეველები იყვნენ (საქმეები 2:1—4, 41, 42; რომაელები 2:28, 29; გალატელები 6:16). მას შემდეგ ხორციელი იუდეველებისთვის იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენის ერთადერთ საშუალებად იესოსადმი, როგორც მესიისადმი, რწმენის გამოვლენა რჩებოდა (მათე 23:37—39). როგორც ჩანს, ზოგი ფილადელფიელი ასეც მოიქცეოდაa.
14. როგორ სრულდება ესაიას 49:23 და ზაქარიას 8:23 დღეს?
14 ესაიას 49:23 და ზაქარიას 8:23 ჩვენს დროში დიდი მასშტაბით სრულდება. იოანეს კლასის მიერ შესრულებული სამქადაგებლო საქმიანობის წყალობით უამრავმა ხალხმა ღია კარში შეაბიჯა და სამეფოსთვის მსახურება დაიწყოb. მათგან უმეტესობამ დატოვა ქრისტიანული სამყარო, რომლის მიმდინარეობებსაც სულიერ ისრაელად მოაქვთ თავი (შეადარეთ რომაელების 9:6). ისინი, უამრავი ხალხი, იესოს დაღვრილი სისხლისადმი რწმენით ირეცხავენ და ითეთრებენ სამოსელს (გამოცხადება 7:9, 10, 14). ისინი იმედოვნებენ, რომ ქრისტეს სამეფოს მორჩილებით კურთხევებს მიიღებენ დედამიწაზე. უამრავი ხალხი იესოს ცხებულ ძმებთან მიდის და სულიერი გაგებით ‘მდაბლად თაყვანს სცემს მათ’, რადგან ‘სმენიათ, რომ მათთან არის ღმერთი’. ისინი ემსახურებიან ცხებულებს, რომლებთან ერთადაც მსოფლიო საძმოდ არიან გაერთიანებულნი (მათე 25:34—40; 1 პეტრე 5:9).
„გამოცდის საათი“
15. ა) რას დაჰპირდა იესო ფილადელფიელ ქრისტიანებს და რისკენ მოუწოდა მათ? ბ) რა „გვირგვინის“ მიღებას ელოდებიან ქრისტიანები?
15 იესო განაგრძობს: „რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინების შესახებ, მეც დაგიცავ გამოცდის საათისგან, რომელიც მთელ მსოფლიოზე მოვა, რათა გამოიცადონ დედამიწის მცხოვრებნი. მალე მოვალ. ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას გვირგვინი“ (გამოცხადება 3:10, 11). მართალია იოანეს დროს მცხოვრები ქრისტიანები ვერ მოესწრებოდნენ უფლის დღეს, რომელიც 1914 წელს დაიწყო, მაგრამ რწმენა იმისა, რომ იესო მოვიდოდა, მათ მსახურების გაგრძელების ძალებს მისცემდა (გამოცხადება 1:10; 2 ტიმოთე 4:2). ზეცაში მათ „გვირგვინი“ ანუ მარადიული სიცოცხლის ჯილდო ელოდათ (იაკობი 1:12; გამოცხადება 11:18). თუ ისინი ერთგულებას სიკვდილამდე შეინარჩუნებდნენ, ვეღარავინ წაართმევდა მათ ამ ჯილდოს (გამოცხადება 2:10).
16, 17. ა) რა არის გამოცდის საათი, „რომელიც მთელ მსოფლიოზე მოვა“? ბ) რა მდგომარეობაში იყვნენ ცხებულები „გამოცდის საათის“ დაწყებისას?
16 რა „გამოცდის საათზეა“ საუბარი? უეჭველია, რომ ამ აზიელ ქრისტიანებს რომის იმპერიისგან საშინელი დევნის ახალ ტალღასთან უწევდათ გამკლავებაc. მაგრამ ეს წინასწარმეტყველება გაცილებით დიდი მასშტაბით სრულდება უფლის დღის დადგომიდან, როდესაც გაცხრილვისა და სასამართლოს საათი დაიწყო, ხოლო 1918 წლიდან მოყოლებული ამ წინასწარმეტყველების შესრულება კულმინაციას აღწევს. გამოცდა გამოავლენს, ვინ დგას ღვთის სამეფოს მხარეს და ვინ — სატანის ქვეყნიერების მხარეს. ეს გამოცდა შედარებით მცირე ხანს — „საათს“ გრძელდება და ჯერ არ დამთავრებულა. ვიდრე ეს დრო არ გასულა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ „გამოცდის საათის“ პერიოდში ვცხოვრობთ (ლუკა 21:34—36).
17 იოანეს კლასი ანუ ცხებული ქრისტიანები ფილადელფიის ერთგული კრების მსგავსად 1918 წელს შეხვდებოდნენ წინააღმდეგობას დღევანდელი „სატანის სინაგოგისგან“. ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები, რომლებსაც თავი სულიერ იუდეველებად მოჰქონდათ, ცბიერებით აიძულებდნენ სახელმწიფო მოხელეებს, რომ ქრისტიანები შეევიწროებინათ. მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა, ცხებულები ‘იცავდნენ სიტყვას ქრისტეს მოთმინების შესახებ’. სულიერი დახმარების ანუ მნიშვნელოვანი „გარკვეული ძალის“ წყალობით ისინი გადარჩნენ და აღიძრნენ მათ წინაშე გაღებულ კარში შესასვლელად. როგორ?
„ღია კარი“
18. ვინ დანიშნა იესომ 1919 წელს და რა მსგავსება იყო მათსა და ხიზკიას ერთგულ გამგებელს შორის?
18 იესომ 1919 წელს შეასრულა თავისი დანაპირები და ამოიცნო ჭეშმარიტი ცხებული ქრისტიანების ჯგუფი — „ერთგული და გონიერი მონა“ (მათე 24:45—47). მათ ისეთივე ახალ კარში შეაბიჯეს, როგორშიც — მეფე ხიზკიასd დროს მცხოვრებმა ერთგულმა გამგებელმა ელიაკიმმა. იეჰოვამ ელიაკიმს უთხრა: „მხარზე ჩამოვკიდებ დავითის სახლის გასაღებს და ისე გააღებს, რომ ვერავინ დაკეტავს, და ისე დაკეტავს, რომ ვერავინ გააღებს“. ელიაკიმმა იტვირთა ხიზკიას, დავითის ტახტის შთამომავლის სერიოზული პასუხისმგებლობები. მსგავსად ამისა, დღეს იოანეს კლასს, ცხებულ ქრისტიანებს, მხარზე აქვთ ჩამოკიდებული „დავითის სახლის გასაღები“, ანუ მათ ავალიათ დედამიწაზე მესიის სამეფოს ინტერესების განხორციელება. იეჰოვამ განამტკიცა თავისი ხალხი ამ საპატიო მსახურების შესასრულებლად და მათი „გარკვეული ძალა“ ისე გაზარდა, რომ მთელ მსოფლიოში შესძლებოდათ ქადაგება (ესაია 22:20, 22; 40:29).
19. როგორ გაართვა თავი იოანეს კლასმა იესოს მიერ 1919 წელს დაკისრებულ მოვალეობას, და რა მოჰყვა ამას შედეგად?
19 ცხებულთა დარჩენილმა ნაწილმა 1919 წლიდან იესოს მაგალითს მიჰბაძა და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას გულმოდგინედ შეუდგა, რათა ეს ცნობა ყველა ადამიანის ყურამდე მიეწვდინა (მათე 4:17; რომაელები 10:18). შედეგად სატანის დღევანდელი სინაგოგის, ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი წევრი ცხებულებთან მივიდა, მოინანია, ‘მდაბლად თაყვანი სცა’ და „მონის“ უფლებამოსილება აღიარა; მათაც დაიწყეს იოანეს კლასის ასაკოვან წევრებთან ერთად მსახურება. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ სრულად არ შეგროვდნენ იესოს ცხებული ძმები. ამის შემდეგ „უამრავი ხალხი. . . ყველა ერიდან“ მივიდა, რათა ‘მდაბლად თაყვანი ეცათ’ ცხებული მონისთვის (გამოცხადება 7:3, 4, 9). მას შემდეგ ცხებულები და უამრავი ხალხი ერთად მსახურობენ, როგორც იეჰოვას მოწმეთა ერთი ფარა.
20. რატომ უნდა ჰქონდეთ იეჰოვას მოწმეებს დღეს განსაკუთრებით ძლიერი რწმენა და რატომ არ უნდა იშურებდნენ ძალ-ღონეს, რომ ღმერთს ემსახურონ?
20 ძმური სიყვარულით გაერთიანებული ფილადელფიელი ქრისტიანების მსგავსად იეჰოვას მოწმეებსაც ესმით, რომ სამქადაგებლო საქმიანობა დაუყოვნებლივ უნდა სრულდებოდეს. მალე დიდი გასაჭირი ბოლოს მოუღებს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას. დაე, იმ დროისთვის თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს ძლიერი რწმენა და ძალ-ღონეს არ იშურებდეს ღვთის მსახურებისთვის, რათა არ ამოიშალოს ჩვენი სახელები იეჰოვას სიცოცხლის წიგნიდან! (გამოცხადება 7:14). მოდი, სერიოზულად მოვეკიდოთ იესოს მიერ ფილადელფიის კრებისთვის მიცემულ შეგონებას, რათა მტკიცედ ჩავეჭიდოთ მონდობილ მსახურებას და შედეგად მარადიული სიცოცხლე მივიღოთ!
‘მძლეველთა’ კურთხევები
21. როგორ იცავენ დღეს ცხებული ქრისტიანები ‘სიტყვას ქრისტეს მოთმინების შესახებ’ და რა ელის მათ?
21 დღეს იოანეს კლასი ‘იცავს სიტყვას ქრისტეს მოთმინების შესახებ’, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჰბაძავენ იესოს და მოთმინებას ავლენენ (ებრაელები 12:2, 3; 1 პეტრე 2:21). მათ ამხნევებს ის სიტყვები, რომლებითაც იესომ ფილადელფიის კრებას მიმართა: „მძლეველს სვეტად ვაქცევ ჩემი ღვთის ტაძარში და ის აღარასოდეს გავა გარეთ“ (გამოცხადება 3:12ა).
22. ა) რა იგულისხმება იესოს ღვთის ტაძარში? ბ) როგორ გახდებიან ცხებული ქრისტიანები სულიერი ტაძრის სვეტები?
22 როგორი პატივია, იყო სვეტი იეჰოვას ტაძარში! ძველად იერუსალიმში იეჰოვას თაყვანისმცემლობის ცენტრი ტაძარი იყო. ამ ტაძარში მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ სწირავდა მსხვერპლად მიყვანილ ცხოველთა სისხლს წმინდათაწმინდაში სასწაულებრივად მოვლენილი სინათლის წინაშე, რომელიც იეჰოვას იქ ყოფნაზე მიანიშნებდა (ებრაელები 9:1—7). იესოს მონათვლის შემდეგ კი საფუძველი ჩაეყარა იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ ახალ, უფრო დიდ სულიერ ტაძარს. ამ ტაძრის წმინდათაწმინდა ზეცაშია, სადაც იესო ღირსეულად წარდგა „ღვთის სახის წინაშე“ (ებრაელები 9:24). მღვდელმთავარი იესოა და ცოდვების ერთხელ და სამუდამოდ გამოსასყიდი მსხვერპლიც ერთია — სრულყოფილი ადამიანის, იესოს დაღვრილი სისხლი (ებრაელები 7:26, 27; 9:25—28; 10:1—5, 12—14). ვიდრე ერთგულებას ინარჩუნებენ, ცხებული ქრისტიანები ტაძრის მიწიერ ეზოებში მსახურობენ იესოს დამხმარე მღვდლებად (1 პეტრე 2:9). როგორც კი ‘მძლეველები’ გახდებიან, ისინიც შევლენ ზეციერ წმინდათაწმინდაში და თაყვანისცემისთვის განკუთვნილი სულიერი ტაძრის ურყევ სვეტებად იქცევიან (ებრაელები 10:19; გამოცხადება 20:6). მაშინ მათ იქიდან ‘გარეთ გასვლის’ საშიშროება აღარ დაემუქრებათ.
23. ა) კიდევ რას შეჰპირდა იესო ცხებულ მძლეველ ქრისტიანებს? ბ) რას ნიშნავს ის, რომ ქრისტიან ‘მძლეველებს’ იეჰოვასა და ახალი იერუსალიმის სახელი აწერიათ?
23 იესო განაგრძობს: „დავაწერ მას ჩემი ღვთის სახელს და ჩემი ღვთის ქალაქის სახელს — ახალ იერუსალიმს, რომელიც ზეციდან ჩამოდის ჩემი ღვთისგან, და ჩემს ახალ სახელს“ (გამოცხადება 3:12ბ). ამ ‘მძლეველებს’ აწერიათ იეჰოვას — თავიანთი და იესოს ღვთის — სახელი. ეს ნათლად აჩვენებს, რომ იეჰოვა და იესო ორი სხვადასხვა პიროვნებაა და არა სამპიროვანი ღვთის ანუ სამების ორი ნაწილი (იოანე 14:28; 20:17). საბოლოოდ ყველა ქმნილება იხილავს, რომ ეს ცხებულები იეჰოვას ეკუთვნიან. ისინი მისი მოწმეები არიან. მათ აწერიათ იმ ზეციერი ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელიც, რომლის ‘ზეციდან დაშვებაც’ სასიკეთო მმართველობის ყველა ერთგულზე გავრცელებას ნიშნავს (გამოცხადება 21:9—14). ამგვარად, მიწიერი იმედის მქონე ყველა ქრისტიანი გაიგებს, რომ ეს ცხებული მძლეველები ღვთის სამეფოს, ზეციერი იერუსალიმის მოქალაქეები არიან (ფსალმუნი 87:5, 6; მათე 25:33, 34; ფილიპელები 3:20; ებრაელები 12:22).
24. რაზე მიუთითებს იესოს ახალი სახელი, და რა გაგებით აწერია ეს სახელი ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს?
24 დაბოლოს, ცხებულ ‘მძლეველებს’ იესოს ახალი სახელიც აწერიათ. ეს მიუთითებს იესოს ახალ მდგომარეობაზე და იეჰოვასგან დაკისრებულ საპატიო მოვალეობებზე (ფილიპელები 2:9—11; გამოცხადება 19:12). სხვას არავის ეცოდინება ეს სახელი, რადგან ეს საპატიო მოვალეობები სხვას არავის დაეკისრება. როდესაც იესო თავის ერთგულ ძმებს თავის სახელს აწერს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იესოსთან ზეციერ სამეფოში განსაკუთრებულ ურთიერთობას ამყარებენ და მას საპატიო მოვალეობების შესრულებაში ეხმარებიან (ლუკა 22:29, 30). ამიტომ, გასაკვირი არ არის, თუ რატომ ამთავრებს იესო თავის მიმართვას შემდეგი მოწოდებით: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“ (გამოცხადება 3:13).
25. რა პრინციპის გამოყენება შეუძლია თითოეულ ქრისტიანს იმ რჩევიდან, რომელიც იესომ ფილადელფიის კრებას მისცა?
25 რა გამამხნევებელი იქნებოდა ეს სიტყვები ფილადელფიელი ერთგული ქრისტიანებისთვის! იოანეს კლასი ახლაც, უფლის დღის განმავლობაში, ბევრს სწავლობს ამ სიტყვებიდან, თუმცა აქ მოცემული პრინციპები მნიშვნელოვანია როგორც ცხებული ქრისტიანებისთვის, ისე სხვა ცხვრებისთვის (იოანე 10:16). მაშ, ფილადელფიელი ქრისტიანების მსგავსად, თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიღოთ „სამეფოს ნაყოფი“. „გარკვეული ძალა“ ყველას გვაქვს. ყველას შეუძლია რაღაცის კეთება იეჰოვასთვის მსახურებაში. ნუ დავზოგავთ ამ ძალას! თუ მოგვეცემა სამეფოსთვის მსახურების გაფართოების საშუალება, ნუ დავაყოვნებთ ჩვენ წინაშე გაღებულ ნებისმიერ კარში შესვლას. შეგვიძლია ვილოცოთ კიდეც, რომ იეჰოვამ ასეთი კარი გაგვიღოს (კოლოსელები 4:2, 3). თუ მივყვებით იესოს სიმტკიცის მაგალითს და დავრჩებით მისი სახელის ერთგულები, ცხადვყოფთ, რომ ყური მზად გვაქვს იმის მოსასმენად, რასაც ღვთის წმინდა სული ეუბნება კრებებს.
[სქოლიოები]
a პავლეს დროს კორინთოს სინაგოგის წინამძღვარი სოსთენე ქრისტიანი გახდა (საქმეები 18:17; 1 კორინთელები 1:1).
b იოანეს კლასის მიერ გამოცემული ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ განუწყვეტლივ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო საქმეში. მაგალითად, იხილეთ 2004 წლის 1 იანვრის ნომერში გამოქვეყნებული სტატიები „ყველამ განვადიდოთ იეჰოვა!“ და „მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა“. 2004 წლის 1 ივნისის ნომერში დაბეჭდილი სტატია „კურთხეულია ყველა, ვინც ღმერთს განადიდებს“ ხაზს უსვამს სრული დროით მსახურებისთვის ‘ღია კარში’ შესვლის შესაძლებლობას. 2005 წელს პიონერების რიცხვმა 1 093 552-ს მიაღწია.
c მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში (ტომი X, გვერდი 519) ნათქვამია: „ქურუმებმა ხალხი ააბუნტეს, რადგან ხედავდნენ, როგორ სწრაფად ვრცელდებოდა ქრისტიანობა. ამან იმპერატორთა ყურადღება მიიპყრო. ტრაიანე [ახ. წ. 98—117 წწ.] იძულებული გახდა, გამოეცა ბრძანებები იმ ახალი სწავლების მოსაშთობად, რომელიც ხალხს ღვთაებებს აძულებდა. რომის აზიური პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე ბითინიის გამგებელ პლინიუს უმცროსის წარმატებულ მმართველობას ხელს უშლიდა ქრისტიანობის სწრაფი გავრცელებით გამოწვეული წარმართი მოსახლეობის უკმაყოფილება“.
d სახელი ხიზკია ნიშნავს „იეჰოვა განამტკიცებს“.
[ჩარჩო 63 გვერდზე]
დახმარება მდაბლად თაყვანისსაცემად
144 000 ცხებულიდან, რომლებიც ზეციერ სამეფოს დაიმკვიდრებენ, დარჩენილ ნაწილს ანუ იოანეს კლასს, რომლის წევრთა რიცხვიც 9000-მდეა, ჯერ კიდევ დასასრულებელი აქვს მიწიერი ცხოვრების გზა. იმავდროულად, უამრავი ხალხის რაოდენობამ 6 600 000-ს გადააჭარბა (გამოცხადება 7:4, 9). რამ გამოიწვია ეს არნახული ზრდა? ამაში დიდი წვლილი შეიტანა იეჰოვას მოწმეების მიერ დაარსებულმა სხვადასხვა სკოლამ. ქრისტიანული სამყაროს სემინარიებისგან განსხვავებით, რომლებიც ქვეყნიურ ფილოსოფიას ასწავლიან და ბიბლიის მნიშვნელობას ამცირებენ, იეჰოვას მოწმეთა ეს სკოლები ღვთის მსახურებს ღვთის სიტყვისადმი რწმენას უმტკიცებს, რასაც ისინი ზნეობრივი ცხოვრებითა და ღვთისადმი ერთგული მსახურებით ცხადყოფენ. 1943 წლიდან მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა ყველა კრება სამეფო დარბაზში „თეოკრატიული სამსახურის სკოლას“ ატარებს. ყოველკვირეულად მილიონობით ადამიანი ესწრება ამ სკოლას და ერთიან საგანმანათლებლო ბიბლიურ პროგრამას მიჰყვება.
1959 წლიდან იეჰოვას მოწმეებმა დააარსეს „სამეფო მსახურების სკოლა“ კრების უხუცესებისა და მომსახურეების დასახმარებლად. 1977 წლიდან კი ტარდება „პიონერული მსახურების სკოლა“. ეს სკოლა ასობით ათასმა და-ძმამ გაიარა. ისინი ფილადელფიელი ქრისტიანების მსგავს სულს ავლენენ, იეჰოვას სრული დროით ემსახურებიან და ქადაგებენ. 1987 წელს დაარსდა „მსახურებაში დახელოვნების სკოლა“, რაც იეჰოვას მოწმეებს, მხოლოდ მამაკაცებს, განსაკუთრებული მსახურებისთვის ამზადებს.
იეჰოვას მოწმეთა მიერ დაარსებულ სკოლებს შორის გამორჩეულია „საგუშაგო კოშკის ბიბლიური სკოლა გალაადი“. 1943 წლიდან მისიონერთა სკოლას, რომელიც ნიუ-იორკშია, ყოველწლიურად ორი კლასი ამთავრებს. სულ იეჰოვას 7000-ზე მეტ მსახურს აქვს გავლილი ეს კურსი საზღვარგარეთ მისიონერად მსახურებისთვის. ამ სკოლის კურსდამთავრებულები ასზე მეტ ქვეყანაში მსახურობენ; ბევრ ქვეყანაში ისინი პირველები იყვნენ სამეფოს შესახებ მქადაგებელთა შორის. მას შემდეგ დაახლოებით 60 წელი გავიდა და რამდენიმე პირველი კურსდამთავრებული ჯერ კიდევ მისიონერად მსახურობს; ახალ მისიონერებთან ერთად ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ მთელ მსოფლიოში იეჰოვას ორგანიზაციის საქმიანობის გასაფართოებლად. მართალაც გრანდიოზულია ეს საქმე!
[ცხრილი 64 გვერდზე]
1919 წელს მეფე იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს მსახურების კარი გაუღო. ამ გაღებულ კარში სულ უფრო და უფრო მეტი ერთგული ქრისტიანი შედის.
ქადაგება
1918 14 3 868 591
1928 32 23 988 1 883
1938 52 47 143 4 112
1948 96 230 532 8 994
1958 175 717 088 23 772
1968 200 1 155 826 63 871
1978 205 2 086 698 115 389
1988 212 3 430 926 455 561
1998 233 5 544 059 698 781
2005 235 6 390 022 843 234
[სქოლიოები]
e საშუალოდ ყოველთვიურად.
f საშუალოდ ყოველთვიურად.
[ცხრილი 65 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები მთელი გულით მსახურობენ. თვალი გადავავლოთ ქადაგებისა და სწავლების საქმისთვის დათმობილი დროის ანგარიშს და ვნახოთ ბიბლიის რამდენი უფასო საშინაო შესწავლა ჩატარდა.
წელი ქადაგებისთვის ბიბლიის
დათმობილი შესწავლების რიცხვი
საათების რაოდენობა (საშუალოდ ყოველთვიურად)
(ერთ წელიწადში)
1918 19 116 უცნობია
1928 2 866 164 უცნობია
1938 10 572 086 უცნობია
1948 49 832 205 130 281
1958 110 390 944 508 320
1968 208 666 762 977 503
1978 307 272 262 1 257 084
1988 785 521 697 3 237 160
1998 1 186 666 708 4 302 852
2005 1 278 235 504 6 061 534
[სურათი 59 გვერდზე]
რომაული გასაღები (I საუკუნე).