თავი 19
ღვთის ისრაელი ბეჭედდასმულია
ხილვა 4 გამოცხადება 7:1—17
თემა: ბეჭედდასმულია 144 000 და უამრავი ხალხი დგას იეჰოვას ტახტისა და კრავის წინაშე.
შესრულების დრო: 1914 წელს იესო ქრისტეს გამეფებიდან მისი ათასწლიანი მეფობის განმავლობაში.
1. „ვინ გაუძლებს“ ღვთის რისხვის დიდ დღეს?
„ვინ გაუძლებს?“ (გამოცხადება 6:17). ეს ჩვენც გვაინტერესებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს კითხვა გაუჩნდეს როგორც მთავრობის წარმომადგენელს, ისე ნებისმიერ ადამიანს, როდესაც ღვთის რისხვის დიდი დღე დაატყდება სატანის ქვეყნიერებას. მათი აზრით, მოახლოებული კატაკლიზმი მთელ კაცობრიობას გაანადგურებს. მაგრამ მართლა ასე მოხდება? საბედნიეროდ არა, რადგან ღვთის წინასწარმეტყველი გვარწმუნებს: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელი 2:32). ამას მოციქულები პეტრე და პავლეც ადასტურებდნენ (საქმეები 2:19—21; რომაელები 10:13). აქედან გამომდინარე, გადარჩებიან ისინი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობენ. ვინ არიან ისინი? ამას მომდევნო ხილვიდან გავიგებთ.
2. რატომ არის საოცარი ის ფაქტი, რომ ზოგიერთები იეჰოვას სასამართლოს დღეს გადაურჩებიან?
2 საოცარია ის ფაქტი, რომ ზოგიერთები გადაურჩებიან იეჰოვას სასამართლოს დღეს, რადგან ღვთის ერთ-ერთი წინასწარმეტყველი ამ დღეს ასე აღწერს: „აი, ქარიშხალივით, ყველაფრის აღმგველი გრიგალივით გამოდის იეჰოვას რისხვა; ბოროტთა თავზე დატრიალდება ის. არ დაცხრება იეჰოვას მრისხანება, სანამ არ აღასრულებს, სანამ ბოლომდე არ მიიყვანს იმას, რაც გულში განიზრახა“ (იერემია 30:23, 24). ეს ქარიშხალი რომ გადავიტანოთ, გულხელდაკრეფილები არ უნდა ვისხდეთ (იგავები 2:22; ესაია 55:6, 7; სოფონია 2:2, 3).
ოთხი ქარი
3. ა) რა დავალებას ასრულებენ ანგელოზები, როგორც ამას იოანე ხედავს? ბ) რა არის წარმოდგენილი „ოთხი ქარით“?
3 სანამ იეჰოვა რისხვით აენთება, ზეციერი ანგელოზები ერთ დავალებას ასრულებენ. აი რას ხედავს იოანე ხილვაში: „ამის შემდეგ ვიხილე დედამიწის ოთხ კუთხეში მდგომი ოთხი ანგელოზი, რომლებსაც მაგრად ეჭირათ დედამიწის ოთხი ქარი, რათა არ ექროლა ქარს არც მიწაზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხეზე“ (გამოცხადება 7:1). რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ამ „ოთხი ქარით“ წარმოდგენილია ის გამანადგურებელი განაჩენი, რომელიც მალე აღსრულდება ამ ბოროტ მიწიერ საზოგადოებაზე, ზღვასავით აბობოქრებულ უკანონო ხალხსა და მაღალი ხეების მსგავს მმართველებზე, რომლებიც ხალხის მხარდაჭერით არსებობენ (ესაია 57:20; ფსალმუნი 37:35, 36).
4. ა) რას განასახიერებს ოთხი ანგელოზი? ბ) რა დაემართება სატანის მიწიერ ორგანიზაციას, როცა ოთხი ქარი დაუბერავს?
4 ეს ოთხი ანგელოზი ანგელოზთა ოთხ ჯგუფს განასახიერებს, რომლებიც იეჰოვას ნებით დანიშნულ დრომდე აკავებენ განაჩენის აღსრულებას. როცა ეს ანგელოზები აღარ შეაკავებენ ღვთის რისხვის ქარს და ის ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან დაუბერავს, შედეგები მართლაც გამანადგურებელი იქნება, როგორც მაშინ, როცა იეჰოვამ ოთხი ქარის მეშვეობით გაფანტა, შეაძრწუნა და შემუსრა ელამელები; ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად განადგურება მთელ ქვეყნიერებას დაატყდება (იერემია 49:36—38). ეს იქნება უძლიერესი ქარიშხალი, იმ ქარიშხალზე გამანადგურებელი, რომლითაც იეჰოვამ ამონელები ამოწყვიტა (ამოსი 1:13—15). სატანის მიწიერი ორგანიზაციის ვერც ერთი ნაწილი ვერ გაუძლებს იეჰოვას რისხვის დღეს, როდესაც ის ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცებს თავის უზენაესობას (ფსალმუნი 83:15, 18; ესაია 29:5, 6).
5. როგორ გვარწმუნებს იერემიას წინასწარმეტყველება, რომ ღვთის განაჩენი მთელ დედამიწაზე აღსრულდება?
5 მართლა აოხრდება მთელი დედამიწა ღვთის განაჩენის აღსრულების დროს? მოდი, კვლავ დავუგდოთ ყური წინასწარმეტყველ იერემიას: „აი, ხალხიდან ხალხში გადადის უბედურება; დიდი ქარიშხალი ამოვარდება დედამიწის კიდეებიდან. იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან“ (იერემია 25:32, 33). ამ საშინელი ქარიშხლის დროს მთელ მსოფლიოს წყვდიადი მოიცავს და ყველა მთავრობა წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხადება 6:12—14). მაგრამ ყველა ადამიანი როდი გაიზიარებს ამ ხვედრს. მაშ, ვისი გულისთვის უჭირავთ ანგელოზებს ოთხი ქარი?
ღვთის მონებს ბეჭედი ესმებათ
6. ვისი ნებით იჭერენ ანგელოზები ოთხ ქარს და რისი დრო რჩება ამის წყალობით?
6 იოანე მოგვითხრობს, როგორ დაედებათ ნიშანი მათ, ვინც უნდა გადარჩეს: «ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის ამოსავლიდან ამომავალი, რომელსაც ცოცხალი ღვთის ბეჭედი ჰქონდა. მან ხმამაღლა მიმართა ოთხ ანგელოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ მიწისა და ზღვისთვის: „ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას და ნურც ხეებს, სანამ ბეჭედს არ დავასვამთ შუბლზე ჩვენი ღვთის მონებს“ » (გამოცხადება 7:2, 3).
7. ვინ არის მეხუთე ანგელოზი და რა გვეხმარება მისი ვინაობის ამოცნობაში?
7 მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე ანგელოზი სახელით არ მოიხსენიება, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს განდიდებული უფალი იესო უნდა იყოს. იესო მთავარანგელოზია და როგორც დავინახეთ, მას ძალაუფლება აქვს სხვა ანგელოზებზე (1 თესალონიკელები 4:16; იუდა 9). ეს ანგელოზი აღმოსავლეთიდან მოდის, როგორც „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“ — იეჰოვა და ქრისტე. ისინი განაჩენის აღსასრულებლად მოდიან დარიოსისა და კიროსის მსგავსად, რომლებმაც ერთ დროს ძველი ბაბილონი დასცეს (გამოცხადება 16:12; ესაია 45:1; იერემია 51:11; დანიელი 5:31). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ანგელოზი უფლებამოსილია, ბეჭედი დაასვას ცხებულ ქრისტიანებს (ეფესოელები 1:13, 14). გარდა ამისა, როდესაც ოთხი ქარი დაუბერავს, მაშინ სწორედ იესო წაუძღვება ზეციერ ლაშქარს ერებზე განაჩენის აღსასრულებლად (გამოცხადება 19:11—16). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესოა ის, ვინც ბრძანება გასცა, არ განადგურებულიყო სატანის მიწიერი ორგანიზაცია, ვიდრე ღვთის მონებს ბეჭედი არ დაესმებოდათ.
8. რა იგულისხმება ბეჭდის დასმაში და როდის დაიწყო ბეჭდის დასმა?
8 რა იგულისხმება ბეჭდის დასმაში და ვინ არიან ღვთის ეს მონები? ბეჭდის დასმა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაიწყო, როდესაც პირველი იუდეველი ქრისტიანები წმინდა სულით იქნენ ცხებული. მოგვიანებით ღმერთმა გამოიხმო უცხოტომელები და ისინიც სცხო (რომაელები 3:29; საქმეები 2:1—4, 14, 32, 33; 15:14). მოციქულმა პავლემ დაწერა ცხებულ ქრისტიანებზე, რომ ისინი ქრისტესნი არიან, და დასძინა, რომ ღმერთმა თავისი ბეჭედი დაასვა და მისცა სული მათ გულებში, რაც მომავლის საწინდარია (2 კორინთელები 1:21, 22; შეადარეთ გამოცხადების 14:1). ამგვარად, როდესაც ღმერთი ამ მონებს თავის სულიერ ძეებად აღიარებს, მათ ბეჭედი ესმებათ, რაც მათთვის ზეციერი მემკვიდრეობის მიღების გარანტიაა (2 კორინთელები 5:1, 5; ეფესოელები 1:10, 11). მათ შეუძლიათ თქვან: „ეს სული თვითონვე მოწმობს ჩვენს სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ. და თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიც ვართ — ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვიტანჯებით, რომ მასთან ერთად განვდიდდეთ კიდეც“ (რომაელები 8:15—17).
9. ა) რას უნდა გაუძლონ ღვთის სულითცხებულმა ძეებმა? ბ) რამდენ ხანს გასტანს ცხებულების შემოწმება?
9 რას ნიშნავს „თუკი მასთან ერთად ვიტანჯებით“? სიცოცხლის გვირგვინის მისაღებად ცხებულმა ქრისტიანებმა განსაცდელებს უნდა გაუძლონ და სიკვდილამდე ერთგულება უნდა შეინარჩუნონ (გამოცხადება 2:10). ისინი არ ცხოვრობენ იმ პრინციპით, რომ „ერთხელ გადარჩენილი სამუდმოდ გადარჩენილია“ (მათე 10:22; ლუკა 13:24). ბიბლია მათ მოუწოდებს: „უფრო მეტად ეცადეთ, რომ განმტკიცდეთ თქვენს მოწოდებასა და რჩეულობაში“. ბოლოს ისინიც იტყვიან იმას, რაც მოციქულმა პავლემ თქვა: „ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე“ (2 პეტრე 1:10, 11; 2 ტიმოთე 4:7, 8). დღეს მცხოვრები სულითცხებულების, ღვთის ძეების შემოწმება და გაცხრილვა მანამდე გასტანს, სანამ იესო და მისი ანგელოზები თითოეულ მათგანს საბოლოოდ არ დაადებენ შუბლზე ბეჭედს, რაც ერთხელ და სამუდამოდ დაადასტურებს იმას, რომ ისინი არიან ღვთის ერთგული და განსაცდელგამოვლილი მონები. ეს ბეჭედი სამუდამო ბეჭედია. როგორც ჩანს, როდესაც დიდი გასაჭირის მომასწავებელი ოთხი ქარი დაუბერავს, სულიერი ისრაელიდან ყველა საბოლოოდ იქნება ბეჭედდასმული, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ჯერ კიდევ დედამიწაზე იქნებიან (მათე 24:13; გამოცხადება 19:7). ამგვარად, დასრულდება სულიერი ისრაელის შეკრება (რომაელები 11:25, 26).
რამდენია ბეჭედდასმული?
10. ა) რომელი ბიბლიური მუხლებიდან ვიგებთ, რომ ბეჭედდასმულთა რიცხვი შეზღუდულია? ბ) სულ რამდენია ბეჭედდასმული და რა თანმიმდევრობით არიან ისინი ჩამოთვლილი?
10 იესომ მათ, ვისაც ბეჭედი დაესმებოდა, უთხრა: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ (ლუკა 12:32). გამოცხადების 6:11 და რომაელების 11:25 აჩვენებს, რომ მცირე სამწყსოს წევრთა რიცხვი შეზღუდულია და წინასწარ არის განსაზღვრული. ამაში იოანეს შემდეგი სიტყვებიც გვარწმუნებს: „გავიგონე ბეჭედდასმულთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი, ბეჭედდასმულნი ისრაელის ძეთა ყველა ტომიდან: იუდას ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული; რეუბენის ტომიდან თორმეტი ათასი; გადის ტომიდან თორმეტი ათასი; აშერის ტომიდან თორმეტი ათასი; ნაფთალის ტომიდან თორმეტი ათასი; მენაშეს ტომიდან თორმეტი ათასი; სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი; ლევის ტომიდან თორმეტი ათასი; ისაქარის ტომიდან თორმეტი ათასი; ზებულონის ტომიდან თორმეტი ათასი; იოსების ტომიდან თორმეტი ათასი; ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული“ (გამოცხადება 7:4—8).
11. ა) რატომ არ იგულისხმება ხორციელი ისრაელი „გამოცხადებაში“ ჩამოთვლილ 12 ტომში? ბ) რატომ არის „გამოცხადებაში“ ჩამოთვლილი 12 ტომი? გ) რატომ უნდა შეასრულოს ღვთის ისრაელის ყველა ტომმა სამეფო და სამღვდელო საქმე?
11 აქ ხორციელ ისრაელზე არ მიდის საუბარი, რადგან გამოცხადების 7:4—8-ში ჩამონათვალი არ შეესაბამება ტომების ჩვეულებრივ ჩამონათვალს (რიცხვები 1:17, 47). ეს ჩამონათვალი მოცემულია არა ხორციელი ისრაელის ამოცნობის მიზნით, არამედ იმის საჩვენებლად, რომ სულიერი ისრაელიც მსგავსად არის ორგანიზებული. ამ ჩამონათვალში წესრიგი ჩანს. ამ ახალ ერს ზუსტად 144 000 წევრი წარმოადგენს — თორმეტივე ტომიდან თორმეტ-თორმეტი ათასი. ღვთის ისრაელში არც ერთი ტომი არ არის მხოლოდ სამეფო ან სამღვდელო, მთელმა ერმა უნდა იმეფოს და ერის ყველა წარმომადგენელმა უნდა იმსახუროს მღვდლად (გალატელები 6:16; გამოცხადება 20:4, 6).
12. რატომ არ არის გასაკვირი, რომ 24 უხუცესი კრავის წინაშე მღერის, როგორც ეს გამოცხადების 5:9, 10-ში წერია?
12 სულიერ ისრაელში გაერთიანების შესაძლებლობა თავდაპირველად იუდეველებსა და იუდეველ პროზელიტებს მიეცათ, მაგრამ მათგან მხოლოდ მცირედმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა. ამიტომ იეჰოვამ უცხოტომელებიც მიიწვია სულიერ ისრაელში გასაერთიანებლად (იოანე 1:10—13; საქმეები 2:4, 7—11; რომაელები 11:7). როგორც ერთ დროს ისრაელისგან გაუცხოებული ეფესოელების შემთხვევაში მოხდა, არაიუდეველებსაც დაესვათ ღვთის სულით ბეჭედი და ისინი ცხებული ქრისტიანების კრებას შეუერთდნენ (ეფესოელები 2:11—13; 3:5, 6; საქმეები 15:14). ამიტომ არ არის გასაკვირი, რატომ მღერის 24 უხუცესი კრავის წინაშე: „შენი სისხლით იყიდე ადამიანები ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან, ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად გახადე ისინი და მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:9, 10).
13. რატომ მიმართავს იესოს ნახევარძმა იაკობი „მიმოფანტულ თორმეტ ტომს“?
13 ქრისტიანული კრება „რჩეული მოდგმა“, „სამეფო სამღვდელოება“ და „წმინდა ერია“ (1 პეტრე 2:9). ღვთის ერი, ძველი ისრაელი, შეცვალა ახალმა ისრაელმა, რომელიც „ნამდვილი ისრაელია“ (რომაელები 9:6—8; მათე 21:43)a. გასაკვირი არ არის, თუ რატომ სწერს იესოს ნახევარძმა იაკობი თავის წერილს „მიმოფანტულ თორმეტ ტომს“, ანუ ცხებულ ქრისტიანთა მსოფლიო კრებას, რომლის შემადგენლობაშიც დროთა განმავლობაში 144 000 სულით ცხებული შევიდოდა (იაკობი 1:1).
ღვთის ისრაელი დღეს
14. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას მოწმეებს ცხებულ ქრისტიანთა რიცხვი — 144 000 ყოველთვის პირდაპირი გაგებით ესმოდათ?
14 ჩარლზ ტეიზ რასელისთვის ცხადი გახდა, რომ სულიერ ისრაელში პირდაპირი გაგებით 144 000 ადამიანი შევიდოდა. 1904 წელს გამოცემული წიგნის „საღვთო წერილის გამოკვლევა“ VI ტომში, რომლის სახელწოდებაცაა „ახალი ქმნილება“, მან დაწერა: «ჩვენ ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ რჩეულ ცხებულთა განსაზღვრული რიცხვი შეესაბამება „გამოცხადებაში“ (7:4; 14:1) რამდენჯერმე მოხსენიებულ რიცხვს; ისინი არიან 144 000, „კაცთაგან. . . გამოსყიდულნი“ ». მსგავსი რამ არის ნათქვამი ბიბლიის მკვლევარების მიერ 1930 წელს გამოცემულ წიგნში „სინათლე“ (ტომი I): „ამგვარად ქრისტეს სხეულის 144 000-ვე წევრი რჩეული, ცხებული და ბეჭედდასმულია“. იეჰოვას მოწმეებს ყოველთვის სწამდათ, რომ ცხებულ ქრისტიანთა — სულიერი ისრაელის — რიცხვი პირდაპირი გაგებით 144 000 იყო.
15. ბიბლიის მკვლევარების აზრით, რომლებიც უფლის დღის დადგომამდე ცხოვრობდნენ, რა პერსპექტივა ელოდა ხორციელ ისრაელს უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასასრულს?
15 სარგებლობს ხორციელი ისრაელი რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობით? უფლის დღის დადგომამდე, როცა ბიბლიის გულწრფელი მკვლევარები ღვთის სიტყვის კვლევას განაგრძობდნენ, მათ სჯეროდათ, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროების გასვლის შემდეგ იუდეველები კვლავ მოიპოვებდნენ ღვთის კეთილგანწყობას. ჩ. ტ. რასელი თავის წიგნში „დრო ახლოსაა“ („საღვთო წერილის გამოკვლევა“, ტომი II, 1889 წელი) იერემიას 31:29—34-ის განხილვისას ხორციელ იუდეველებზე საუბრობდა: «მსოფლიო მოვლენები ადასტურებს, რომ ისრაელი დასჯილია ძვ. წ. [607 წლიდან] და უცხოტომელთა უღელქვეშაა; ის მანამ არ აღორძინდება, სანამ ახ. წ. 1914 წელს არ ამოიწურება „შვიდი დრო“ — 2520 წელი». იმ დროს ეგონათ, რომ ისრაელი აღორძინდებოდა როგორც ერი. ეს პერსპექტივა 1917 წელს უფრო რეალური გახდა, როდესაც ეგრეთ წოდებული „ბალფურის დეკლარაციის“ თანახმად ბრიტანეთის მხარდაჭერით პალესტინაში იუდეველთა „ეროვნული კერა“ უნდა ჩამოყალიბებულიყო.
16. რას აკეთებდნენ იეჰოვას მოწმეები იმისათვის, რომ ქრისტიანული ცნობა ხორციელი ისრაელის ყურამდე მისულიყო და რა შედეგით?
16 პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პალესტინა დიდი ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორია გახდა და ბევრ ისრაელს გზა გაეხსნა სამშობლოში დასაბრუნებლად. 1948 წელს ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა. იყო ეს იმის მაჩვენებელი, რომ ისრაელებს ღმერთი აკურთხებდა? მრავალი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს ასეც სჯეროდათ. ამიტომ 1925 წელს მათ გამოსცეს 128-გვერდიანი წიგნი „ნუგეში იუდეველებისთვის“. 1929 წელს კი გამოსცეს 360-გვერდიანი წიგნი „სიცოცხლე“, რომელიც ებრაელებისთვის იყო გამოცემული; მასში ბიბლიური წიგნი „იობიც“ განიხილებოდა. განსაკუთრებით ნიუ-იორკში დიდი ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ ცნობა მესიის შესახებ ებრაელების ყურამდე მისულიყო. საბედნიეროდ, ცოტანი მაინც გამოეხმაურნენ ამ ცნობას. I საუკუნეში მცხოვრებ წინაპართა მსგავსად კი ებრაელების უმეტესობამ არ აღიარა მესიის მოსვლა.
17, 18. რა გაიგეს ღვთის მონებმა ახალი შეთანხმებისა და იმ ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესახებ, რომლებიც აღორძინებას ეხება?
17 ცხადია, ისრაელი, როგორც ერი, არ იყო ის ისრაელი, რომელზეც გამოცხადების 7:4—8-ში ან უფლის დღესთან დაკავშირებულ სხვა წინასწარმეტყველებებშია საუბარი. ებრაელები ტრადიციულად თავს არიდებდნენ ღვთის სახელის გამოყენებას (მათე 15:1—3, 7—9). იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ წიგნში „იეჰოვა“ (1934 წელი), რომელშიც იერემიას 31:31—34 განიხილება, ერთმნიშვნელოვნად იყო აღნიშნული: „ახალ შეთანხმებას არაფერი აქვს საერთო ისრაელის ხორციელ შთამომავლებთან და არც ზოგადად კაცობრიობასთან. . . ის მხოლოდ სულიერ ისრაელს ეხება“. ბიბლიური წინასწარმეტყველებები აღორძინების შესახებ არ უკავშირდება არც ხორციელ ისრაელს და არც პოლიტიკურ ისრაელს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი და იმ ქვეყნიერების ნაწილია, რომელზეც იესო იოანეს 14:19, 30-სა და 18:36-ში ლაპარაკობდა.
18 დედამიწაზე ღვთის მონებმა 1931 წელს დიდი სიხარულით მიიღეს სახელი „იეჰოვას მოწმეები“. ისინი მთელი გულით შეუერთდნენ ფსალმუნის 97:11-ში ჩაწერილ სიტყვებს: „სინათლემ გამოანათა მართალთათვის და მხიარულებამ — გულმართალთათვის“. მათ გაიგეს, რომ ახალი შეთანხმება მხოლოდ სულიერ ისრაელთანაა დადებული (ებრაელები 9:15; 12:22, 24). ამ შეთანხმებაში წილი არა აქვს არც ხორციელ ისრაელს, რომელმაც არ მიიღო ცნობა მესიის შესახებ, და არც ზოგადად კაცობრიობას. საკითხის სწორად გაგებამ გზა მისცა ღვთის კაშკაშა სინათლეს, რითაც თეოკრატიის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. მაშინ ცხადი გახდა, რა გულუხვად ავლენს იეჰოვა წყალობას, სიკეთეს და როგორ უზიარებს ჭეშმარიტებას ყველას, ვინც მას უახლოვდება (გამოსვლა 34:6; იაკობი 4:8). ღვთის ისრაელის გარდა სხვებიც მიიღებდნენ სარგებლობას იმით, რომ ოთხი ანგელოზი გამანადგურებელ ოთხ ქარს აკავებს. ვინ შეიძლება იყვნენ ეს სხვები? ხართ თქვენც ერთ-ერთი მათგანი? ვნახოთ.
[სქოლიოები]
a სახელი ისრაელი ნიშნავს: ღმერთი დაეჭიდა; ღმერთთან მოჭიდავე (შეუპოვარი) (დაბადება 32:28), ახალი ქვეყნიერების თარგმანი, სქოლიო.
[გვერდი 114 დათმობილი აქვს სურათს]
[სურათები 116, 117 გვერდებზე]
ღვთის ისრაელის არჩევა მიმდინარეობდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან 1935 წლამდე, როცა ვაშინგტონში, იეჰოვას მოწმეთა ისტორიულ კონგრესზე აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა უამრავი ხალხის შეკრებას, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი ჰქონდათ (გამოცხადება 7:9).