სასწავლო სტატია 39
„აი, უამრავი ხალხი“
„აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო . . . იდგნენ ტახტისა და კრავის წინ“ (გამოცხ. 7:9).
სიმღერა 60 სიცოცხლის მომტანი ცნობა
მოკლე შინაარსიa
1. რა მდგომარეობაში იყო მოციქული იოანე პირველი საუკუნის მიწურულს?
პირველი საუკუნის მიწურულს მოციქულ იოანეს, რომელიც კუნძულ პატმოსზე იყო გადასახლებული, მძიმე პერიოდი ედგა. იმ დროისთვის ხანში შესული იოანეს გარდა, სავარაუდოდ, არცერთი მოციქული აღარ იყო ცოცხალი (გამოცხ. 1:9). მან იცოდა, რომ განდგომილები ცრუ სწავლებებს ავრცელებდნენ, რაც კრებების დაყოფას იწვევდა. შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მალე ქრისტიანობა საერთოდ აღარ იარსებებდა (იუდ. 4; გამოცხ. 2:15, 20; 3:1, 17).
2. გამოცხადების 7:9—14-ის თანახმად, რა ამაღელვებელი ხილვა ნახა იოანემ? (იხილეთ სურათი გარეკანზე)
2 ასეთ დამთრგუნველ მდგომარეობაში მყოფმა მოციქულმა ამაღელვებელი ხილვა ნახა, რასაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. ხილვაში ანგელოზებმა ბრძანება მიიღეს, შეეკავებინათ დიდი გასაჭირის გამანადგურებელი ქარები, სანამ ღვთის მონებს საბოლოო ბეჭედი არ დაესმებოდათ (გამოცხ. 7:1—3). ეს ჯგუფი 144 000 სულითცხებულისგან შედგება, რომლებიც იესოსთან ერთად იმეფებენ ზეცაში (ლუკ. 12:32; გამოცხ. 7:4). შემდეგ იოანე მოიხსენიებს სხვა, უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფს, და ამბობს: „ამის შემდეგ გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, იდგნენ ტახტისა და კრავის წინ“ (წაიკითხეთ გამოცხადების 7:9—14). წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა იოანეს იმის დანახვა, რომ მომავალში ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ურიცხვი ადამიანი შეუერთდებოდა!
3. ა) რატომ უნდა განგვიმტკიცოს რწმენა იოანეს ხილვამ? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ცხადია, ნანახი მოციქულს რწმენას განუმტკიცებდა. მისი ხილვა დღეს მცხოვრები ღვთის მსახურებისთვის განსაკუთრებით გამამხნევებელია, რადგან ჩვენს დროს ეხება?! დღეს მილიონობით ადამიანი ემსახურება იეჰოვას. ისინი იმედოვნებენ, რომ გადაურჩებიან დიდ გასაჭირს და დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებენ. ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ გაუმჟღავნა 80-ზე მეტი წლის წინ იეჰოვამ თავის მსახურებს უამრავი ხალხის ვინაობა. შემდეგ ვისაუბრებთ ორ მხარეზე, რითაც ეს ჯგუფი გამოირჩევა: 1) უამრავი ხალხი უთვალავ ადამიანს აერთიანებს და 2) ამ ჯგუფს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანი უერთდება. ამ აზრებზე მსჯელობა რწმენას განუმტკიცებს ყველას, ვინც ამ კურთხეულ ჯგუფს მიეკუთვნება.
სად იცხოვრებს უამრავი ხალხი?
4. ა) რომელი ბიბლიური ჭეშმარიტება არ ესმის ქრისტიანულ სამყაროს? ბ) რა განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდათ ამ საკითხზე ბიბლიის მკვლევრებს?
4 ქრისტიანული სამყარო არ ასწავლის, რომ ბიბლიის თანახმად, ღვთის მორჩილი ადამიანები დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებენ (2 კორ. 4:3, 4). ქრისტიანული რელიგიების უმეტესობა ხალხს არწმუნებს, რომ ყველა კარგი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ზეცაში მიდის. თუმცა ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფს, რომლებიც „საგუშაგო კოშკს“ 1879 წლიდან აქვეყნებდნენ, ამ საკითხზე განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა. მათ ესმოდათ, რომ ღმერთი დედამიწაზე სამოთხეს აღადგენდა და მილიონობით ღვთის მორჩილი ადამიანი სწორედ დედამიწაზე იცხოვრებდა და არა ზეცაში. თუმცა ბიბლიის მკვლევრებს დრო დასჭირდათ იმის ნათლად გასაგებად, თუ ვინ იქნებოდნენ ეს მორჩილი ადამიანები (მათ. 6:10).
5. რას მიხვდნენ ბიბლიის მკვლევრები 144 000-თან დაკავშირებით?
5 ღვთის სიტყვის შესწავლის შედეგად ბიბლიის მკვლევრები იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი „დედამიწიდან [იქნებოდა] ნაყიდი“, რათა მათ ქრისტესთან ერთად ემეფათ ზეცაში (გამოცხ. 14:3). ისინი მიხვდნენ, რომ ეს ჯგუფი 144 000 ღვთის მიძღვნილი და გულმოდგინე ქრისტიანისგან შედგებოდა, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე ღმერთს უერთგულებდნენ. მაგრამ, რას ფიქრობდნენ ისინი უამრავ ხალხზე?
6. რას ფიქრობდნენ ბიბლიის მკვლევრები უამრავ ხალხზე?
6 იოანემ ხილვაში ხალხთა ჯგუფი იხილა, რომლებიც „იდგნენ ტახტისა და კრავის წინ“ (გამოცხ. 7:9). ამ სიტყვების საფუძველზე ბიბლიის მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ უამრავი ხალხი 144 000-თან ერთად ზეცაში იცხოვრებდა. თუ ეს მართლა ასე იქნებოდა, რა განასხვავებდა ამ ორ ჯგუფს ერთმანეთისგან? ბიბლიის მკვლევრები მიიჩნევდნენ, რომ უამრავი ხალხი შედგებოდა იმ ქრისტიანებისგან, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრების დროს ბოლომდე არ ემორჩილებოდნენ ღმერთს. გარდა ამისა, მათ მიაჩნდათ, რომ უამრავ ხალხს ქრისტიანული ეკლესიების ის წევრებიც განეკუთვნებოდნენ, რომლებიც ზნეობრივი ნორმებით ცხოვრობდნენ. ბიბლიის მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ ასეთ ადამიანებს კი უყვარდათ ღმერთი, მაგრამ არა იმდენად, რომ იესოს თანამმართველები ყოფილიყვნენ. ვინაიდან ღვთისადმი მათი სიყვარული არც ისე ძლიერი იყო, ისინი ტახტებზე კი არ ისხდებოდნენ, არამედ ტახტის წინ იდგებოდნენ.
7. ბიბლიის მკვლევართა აზრით, ვინ იცხოვრებდა დედამიწაზე ათასწლიანი მმართველობის დროს და რა მომავალი ელოდათ ძველ დროში მცხოვრებ ერთგულ მამაკაცებს?
7 მაშ, ვინ იცხოვრებდა დედამიწაზე? ბიბლიის მკვლევრებს სჯეროდათ, რომ მას შემდეგ, რაც 144 000 და უამრავი ხალხი ზეცაში შეიკრიბებოდნენ, მილიონობით ადამიანს დედამიწაზე ცხოვრებისა და ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს კურთხევების მიღების შესაძლებლობა მიეცემოდა. მათი აზრით, ეს ადამიანები ქრისტეს მმართველობის დაწყებამდე კი არ იქნებოდნენ იეჰოვას მსახურები, არამედ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის პერიოდში მიიღებდნენ ცოდნას ჭეშმარიტი ღვთის შესახებ. ისინი, ვინც იეჰოვას ნორმებით იცხოვრებდნენ, დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით დაჯილდოვდებოდნენ, ხოლო ღვთის ნორმების უგულებელმყოფელნი განადგურდებოდნენ. ბიბლიის მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ ზოგი დედამიწის „მთავარი“, რომელშიც ქრისტემდე მცხოვრები ზოგიერთი ერთგული მამაკაციც იგულისხმებოდა, ათასწლიანი მმართველობის ბოლოს ზეციერ ჯილდოს მიიღებდა (ფსალმ. 45:16).
8. რომელი სამი ჯგუფი არსებობდა ბიბლიის მკვლევრების აზრით?
8 ამგვარად, ბიბლიის მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ არსებობდა სამი ჯგუფი: პირველ ჯგუფში შედიოდა 144 000, რომელიც ქრისტესთან ერთად იმმართველებდა ზეცაში, მეორე ჯგუფში — უამრავი ხალხი, რომლებიც ღვთისადმი დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდნენ, ამიტომ იესოს ზეციერი ტახტის წინ იდგებოდნენ. ხოლო მესამე ჯგუფს მილიონობით ადამიანი მიეკუთვნებოდა, რომლებიც იეჰოვას შესახებ ცოდნას ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს მიიღებდნენ.b თუმცა დანიშნულ დროს იეჰოვამ ამ საკითხს მეტი ნათელი მოჰფინა (იგავ. 4:18).
ჭეშმარიტების სინათლე უფრო კაშკაშა ხდება
9. ა) რა გაგებით იდგებოდა დედამიწაზე მცხოვრები უამრავი ხალხი „ტახტისა და კრავის წინ“? ბ) რატომ არის გამოცხადების 7:9-ის ახლებური გაგება ლოგიკური?
9 უამრავი ხალხის ვინაობას ნათელი 1935 წელს მოეფინა. იეჰოვას მოწმეებმა ნათლად დაინახეს, რომ უამრავი ხალხი პირდაპირი გაგებით ზეცაში არ უნდა მდგარიყო „ტახტისა და კრავის წინ“. დედამიწაზე მცხოვრები უამრავი ხალხი „ტახტის . . . წინ“ იმ გაგებით იდგებოდა, რომ აღიარებდა იეჰოვას უზენაესობას და დაემორჩილებოდა მას (ეს. 66:1). ისინი „კრავის წინ“ იმ გაგებით იდგებოდნენ, რომ რწმენას გამოავლენდნენ იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ. გამოცხადების 7:9-ში ჩაწერილ სიტყვებს რომ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ამას სხვა ბიბლიური მონაკვეთიც ადასტურებს. მაგალითად, მათეს 25:31, 32-ში ნათქვამია, რომ „ყველა ხალხი“, მათ შორის ბოროტები, იესოს დიდებული ტახტის წინ შეიკრიბება. აშკარაა, რომ ამ მუხლში მოხსენიებული „ყველა ხალხი“ დედამიწაზე იკრიბება და არა ზეცაში. ეს ახლებური გაგება ლოგიკური და გონივრულია. ახლა უკვე გასაგებია, რატომ არ ამბობს ბიბლია, რომ უამრავი ხალხი ზეცაში იცხოვრებს. ზეცაში მარადიულ სიცოცხლეს ღმერთი მხოლოდ ერთ ჯგუფს დაჰპირდა, რომელშიც 144 000 ცხებული ქრისტიანი შედის. ისინი იესოსთან ერთად „დედამიწის მმართველები“ იქნებიან (გამოცხ. 5:10).
10. რატომ არის აუცილებელი, რომ უამრავმა ხალხმა იეჰოვას შესახებ ცოდნა ათასწლიანი მმართველობის დაწყებამდე მიიღოს?
10 იეჰოვას მოწმეები 1935 წლიდან ასწავლიან, რომ იოანეს ხილვაში ნანახი უამრავი ხალხი ერთგული ქრისტიანებისგან შედგება, რომელთაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი აქვთ. უამრავმა ხალხმა იეჰოვას შესახებ ცოდნა ათასწლიანი მმართველობის დაწყებამდე უნდა მიიღოს, რათა დიდ გასაჭირს გადაურჩეს. მათ ძლიერი რწმენა უნდა გამოავლინონ, რომ თავი დააღწიონ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დაწყებამდე განვითარებულ მოვლენებს (ლუკ. 21:34—36).
11. რის საფუძველზე დაასკვნეს ბიბლიის მკვლევრებმა, რომ ათასი წლის ბოლოს ზოგი ზეცაში წავიდოდა?
11 რის თქმა შეიძლება იმ მოსაზრებაზე, რომ ათასწლიანი მმართველობის ბოლოს ზოგი სამაგალითო ადამიანი ზეცაში წავიდოდა? ამ აზრმა 1913 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ გაიჟღერა. ასეთ დასკვნამდე ბიბლიის მკვლევრები შემდეგი მსჯელობით მივიდნენ: რატომ უნდა მიიღოს ძველ დროში მცხოვრებმა ზოგმა ღვთის ერთგულმა მამაკაცმა ჯილდოდ მხოლოდ დედამიწაზე ცხოვრება, მაშინ როცა ქრისტიანული რელიგიების მიმდევრები, რომლებიც ღვთისადმი დიდი ერთგულებით არ გამოირჩევიან, ზეციერ ჯილდოს მიიღებენ. ფაქტია, ასეთ მოსაზრებას ორი არასწორი შეხედულება ედო საფუძვლად: 1) უამრავი ხალხი ზეცაში იცხოვრებდა, და 2) ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ქრისტიანული რელიგიების მიმდევრები, რომლებიც ნაკლებად ავლენდნენ ღვთისადმი ერთგულებას.
12, 13. რას აცნობიერებენ ცხებული ქრისტიანები და უამრავი ხალხი?
12 როგორც დავინახეთ, 1935 წლიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეებს კარგად ესმით, რომ უამრავი ხალხი არმაგედონგადატანილები არიან. ისინი დიდი გასაჭირის შემდეგ აქ, დედამიწაზე, იქნებიან და ხმამაღლა იტყვიან: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“ (გამოცხ. 7:10, 14). მეტიც, წმინდა წერილების თანახმად, ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილნი ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებზე უკეთეს ჯილდოს მიიღებენ. იეჰოვას მოწმეები მიხვდნენ, რომ ამ ორ ჯგუფს სხვადასხვა იმედი ჰქონდა (ებრ. 11:40). ახლებური გაგების შემდეგ და-ძმები გულმოდგინედ უზიარებდნენ სხვებს დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს.
13 უამრავი ხალხი ხარობს მომავლის იმედით. მათ ესმით, რომ იეჰოვა წყვეტს, თავისი ერთგული მსახურებიდან ვინ იმსახურებს ზეცაში და ვინ — დედამიწაზე. ცხებული ქრისტიანებიც და უამრავი ხალხიც აცნობიერებენ, რომ ჯილდოს დამსახურების გამო კი არ იღებენ, არამედ ღვთის წყალობის გამო, რომელიც ქრისტეს მსხვერპლმა გახადა შესაძლებელი (რომ. 3:24).
„უამრავი ხალხი“ უთვალავ ადამიანს აერთიანებს
14. რატომ აფიქრებდა ბევრს 1935 წლის შემდეგ უამრავ ხალხთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების შესრულება?
14 მას შემდეგ, რაც 1935 წელს უამრავი ხალხის ვინაობას ნათელი მოეფინა, ბევრს აფიქრებდა, როგორ იქცეოდა მიწიერი იმედის მქონე ადამიანთა ჯგუფი უამრავ ხალხად. მაგალითად, რონალდ პარკინი 12 წლის იყო, როცა უამრავი ხალხის ვინაობა სწორად აიხსნა. ის იხსენებს: „იმ დროს მსოფლიოში დაახლოებით 56 000 მაუწყებელი იყო. მათგან ბევრს, შეიძლება უმეტესობასაც კი, ზეციერი იმედი ჰქონდა. ასე რომ, უამრავი ხალხი არც ისე უამრავი ჩანდა“.
15. როგორ იკრიბება უამრავი ხალხი?
15 მომდევნო ათწლეულების მანძილზე ბევრ ქვეყანაში ორგანიზაციამ მისიონერები გაგზავნა, რამაც იეჰოვას მოწმეების რიცხობრივ ზრდას შეუწყო ხელი. 1968 წელს მოწმეებმა ბიბლიის შესწავლების ჩატარება დაიწყეს წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. ამ წიგნში ბიბლიური სწავლებები იმდენად მარტივად იყო ახსნილი, რომ ჭეშმარიტებას უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. ოთხ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მოინათლა. მას შემდეგ, რაც კათოლიკურმა ეკლესიამ ლათინურ ამერიკასა და სხვა ქვეყნებზე გავლენა დაკარგა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკის ზოგ ქვეყანაში ჩვენს საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნა, კიდევ მილიონებმა მიუძღვნეს თავი ღმერთს (ეს. 60:22). ბოლო დროს იეჰოვას ორგანიზაცია არაერთ საშუალებას იყენებს, რომ ხალხს ბიბლიური სწავლებების გაგებაში დაეხმაროს. აშკარაა, რომ იეჰოვა კრებს უამრავ ხალხს, რომლის რიცხვიც დღეს რვა მილიონს აჭარბებს.
„უამრავი ხალხი“ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანს აერთიანებს
16. საიდან იკრიბება უამრავი ხალხი?
16 მოციქულმა იოანემ უამრავ ხალხზე თქვა, რომ ისინი „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ იქნებოდნენ. საუკუნეებით ადრე წინასწარმეტყველმა ზაქარიამაც მსგავსი რამ იწინასწარმეტყველა: „იმ დროს ყველა ენის ხალხიდან ათი კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:23).
17. რა კეთდება იმისათვის, რომ ყველა ენისა და ეროვნების ადამიანს დავეხმაროთ?
17 იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ სასიხარულო ცნობა რაც შეიძლება მეტ ენაზე უნდა იქადაგონ, რათა ჭეშმარიტებას ყველა ენაზე მოსაუბრე ადამიანი გამოეხმაუროს. 130 წელზე მეტია, რაც ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები ასობით ენაზე ითარგმნება. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. აშკარაა, ჩვენ თანამედროვე სასწაულის მომსწრენი ვართ — იეჰოვა უამრავ ხალხს ყველა ერიდან კრებს. ვინაიდან სულიერი საზრდო უფრო და უფრო მეტ ენაზე ხდება ხელმისაწვდომი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ხალხი გაერთიანებულად სცემს ღმერთს თაყვანს. იეჰოვას მოწმეები გულმოდგინე ქადაგებითა და ძმათმოყვარეობით გამოირჩევიან. ამის დანახვა რწმენას გვიძლიერებს (მათ. 24:14; იოან. 13:35).
რას ნიშნავს ეს ხილვა ჩვენთვის?
18. ა) ესაიას 46:10, 11-დან გამომდინარე, რატომ არ გვიკვირს, რომ იეჰოვა ასრულებს უამრავ ხალხთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებას? ბ) რატომ არ სწყდებათ გული მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ?
18 არაერთი მიზეზი გვაქვს, რომ უამრავ ხალხზე წარმოთქმულმა წინასწარმეტყველებამ სიხარული მოგვანიჭოს. არ გვიკვირს, რომ იეჰოვა ასე საოცრად ასრულებს ამ წინასწარმეტყველებას (წაიკითხეთ ესაიას 46:10, 11). უამრავი ხალხი მადლიერია იმ იმედისთვის, რომელიც იეჰოვამ მისცა. მათ გული არ სწყდებათ და თავს დაჩაგრულად არ გრძნობენ იმის გამო, რომ ღმერთმა წმინდა სულით არ სცხო და იესოსთან ერთად ზეცაში მსახურების პატივი არ არგუნა. ბიბლია არაერთი ღვთის მსახურის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც ღმერთი წმინდა სულით ხელმძღვანელობდა, თუმცა ისინი არ მიეკუთვნებიან 144 000-ს. ამის მაგალითები არიან იოანე ნათლისმცემელი და მეფე დავითი (მათ. 11:11; საქ. 2:34). ისინი იმ უთვალავ მკვდრეთით აღდგენილს შორის იქნებიან, რომლებიც დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ. ყველას, მათ შორის უამრავ ხალხს, შესაძლებლობა მიეცემა, უერთგულოს იეჰოვას და მხარი დაუჭიროს მის უზენაესობას.
19. რისკენ აღგვძრავს იმის ცოდნა, რომ უამრავ ხალხთან დაკავშირებული იოანეს ხილვა ჩვენს დროში სრულდება?
19 ისტორიას არ ახსოვს, რომ იეჰოვას „ყველა ერიდან“ მილიონობით ადამიანი გაეერთიანებინოს. დედამიწაზე ცხოვრების იმედი გვაქვს თუ ზეცაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეუერთდეს უამრავ ხალხს, რომელიც „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნება (იოან. 10:16). მალე იეჰოვა ნაწინასწარმეტყველები დიდი გასაჭირის დროს გაანადგურებს მთავრობებსა და რელიგიებს, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენეს კაცობრიობას. უამრავ ხალხს შესაძლებლობა ექნება, მარადიულად ემსახუროს იეჰოვას დედამიწაზე, რაც ნამდვილად დიდი პატივია! (გამოცხ. 7:14).
სიმღერა 139 წარმოიდგინე საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში
a ამ სტატიაში განვიხილავთ იოანეს წინასწარმეტყველურ ხილვას, რომელიც „უამრავი ხალხის“ შეკრებას ეხება. ეჭვგარეშეა, ეს რწმენას განუმტკიცებს ყველას, ვინც ამ კურთხეულ ჯგუფს მიეკუთვნება.