„სიფხიზლე შეინარჩუნეთ“
„მოახლოვდა ყველაფრის დასასრული . . . ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ“ (1 პეტ. 4:7).
1. ძირითადად რაზე ქადაგებდა იესო?
დედამიწაზე ყოფნისას იესო ძირითადად ღვთის სამეფოზე ქადაგებდა. სამეფოს მეშვეობით იეჰოვა დაამტკიცებს თავის უზენაესობას და განწმენდს თავის სახელს. ამიტომ იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა ასე მიემართათ ღმერთისთვის: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათ. 4:17; 6:9, 10). ეს სამეფო მალე ბოლოს მოუღებს სატანის ქვეყნიერებას და იზრუნებს იმაზე, რომ ღვთის ნება მთელ დედამიწაზე შესრულდეს. დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ ღვთის სამეფო „დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ [დღეს არსებულ] სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დან. 2:44).
2. ა) როგორ გაიგებდნენ იესოს მიმდევრები, როდის მოვიდოდა ის სამეფო ძალაუფლებით? ბ) კიდევ რისი ნიშანი იქნებოდა ეს?
2 იესოს მიმდევრებს იმდენად აინტერესებდათ, როდის მოვიდოდა ღვთის სამეფო, რომ იესოს ჰკითხეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათ. 24:3). რადგან ქრისტეს ზეცაში გამეფებას დედამიწაზე მყოფნი ვერ დაინახავდნენ, საჭირო იყო ამ ფაქტის დამამტკიცებელი ხილული ნიშანი. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია მოვლენები, რომლებსაც ეს ნიშანი მოიცავს. ნიშანი იესოს მიმდევრებს დაეხმარებოდა იმის გაგებაში, თუ როდის დაიწყო მან ზეცაში მმართველობა. გარდა ამისა, ეს ბოროტი ქვეყნიერების „ბოლო დღეების“ დაწყების ნიშანიც იქნებოდა (2 ტიმ. 3:1—5, 13; მათ. 24:7—14).
შეინარჩუნეთ სიფხიზლე ბოლო დღეებში
3. რატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები ფხიზლად?
3 პეტრე მოციქული წერდა: „მოახლოვდა ყველაფრის დასასრული. ამიტომ საღად იაზროვნეთ და ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ“ (1 პეტ. 4:7). იესოს მიმდევრები ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ და თვალყური ედევნებინათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისთვის, რომლებიც იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ ქრისტემ მეფობა დაიწყო. ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებასთან ერთად, მათ უფრო მეტად უნდა შეენარჩუნებინათ სიფხიზლე. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი [სატანის ქვეყნიერების გასანადგურებლად]“ (მარ. 13:35, 36).
4. რით განსხვავდება იეჰოვას მსახურების თვალსაზრისი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე სხვების თვალსაზრისისგან? (იხილეთ ჩარჩო).
4 ადამიანები სატანის გავლენაში არიან, ამიტომ ვერ ხვდებიან, რისი მომასწავებელია მსოფლიო მოვლენები. მათ არც ის იციან, რომ ქრისტე უკვე მეფეა. მაგრამ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები სწვდებიან გასულ საუკუნეში მომხდარი მოვლენების მნიშვნელობას. 1925 წლიდან იეჰოვას მოწმეები ღრმად არიან დარწმუნებულნი ერთ რამეში — პირველი მსოფლიო ომი და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები იმაზე მოწმობს, რომ ქრისტე 1914 წლიდან მეფობს ზეცაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცხოვრობთ სატანის ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში. ისინიც კი, ვისაც არ ესმის ამ ყველაფრის მნიშვნელობა, აღიარებენ, რომ პირველმა მსოფლიო ომმა ძირეულად შეცვალა მსოფლიო (იხილეთ ჩარჩო „მშფოთვარე საუკუნე“).
5. რატომ არის აუცილებელი სიფხიზლე?
5 თითქმის საუკუნეა, რაც მსოფლიოში შემზარავი მოვლენები ხდება. ეს კი აშკარა მტკიცებაა იმისა, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ძალიან მალე იეჰოვას ბრძანებით ქრისტე ანგელოზთა ლაშქარს სატანის ქვეყნიერების წინააღმდეგ გაუძღვება (გამოცხ. 19:11—21). ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებასთან ერთად, ქრისტიანებს უფრო მეტად მართებთ სიფხიზლის შენარჩუნება (მათ. 24:42). მანამდე კი, ქრისტეს ხელმძღვანელობით მათ მნიშვნელოვანი დავალება უნდა შეასრულონ.
საქმე, რომელიც მთელ მსოფლიოში სრულდება
6, 7. როგორ წაიწია წინ სამქადაგებლო საქმიანობამ ბოლო დღეებში?
6 ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, თუ რა საქმეს შეასრულებდნენ იეჰოვას მსახურები. ეს იქნებოდა ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მოვლენა. იესომ ეს მსოფლიო მნიშვნელობის საქმე მოიხსენია იმ მოვლენებთან ერთად, რომლებიც უკანასკნელ დროს მოხდებოდა. მან იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:14).
7 განვიხილოთ ამ წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი. 1914 წელს სასიხარულო ცნობას ერთეულები ქადაგებდნენ. დღეს მათმა რიცხვმა მთელ მსოფლიოში 7 000 000-ს გადააჭარბა, კრებების რიცხვმა კი — 100 000-ს. 2008 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს იეჰოვას მოწმეების გარდა 10 000 000 ადამიანი დაესწრო, რაც გასულ წელთან შედარებით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
8. რატომ ვერ აბრკოლებს წინააღმდეგობა სამქადაგებლო საქმის წინსვლას?
8 სასიხარულო ცნობის ქადაგება ღვთის სამეფოს შესახებ ყველა ხალხისთვის წარმატებით მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ „ამ ქვეყნიერების ღმერთი“ სატანაა (2 კორ. 4:4). მის ხელშია პოლიტიკური, რელიგიური თუ კომერციული სამყარო, აგრეთვე პროპაგანდის ყველა საშუალება. მაშ, რისი წყალობით მიიწევს წინ სამქადაგებლო საქმიანობა? იეჰოვას ძალით! სატანის მცდელობის მიუხედავად, სამეფოს შესახებ ქადაგების საქმე არ ჩერდება.
9. რატომ შეიძლება ეწოდოს სასწაული ჩვენს სულიერ კეთილდღეობას?
9 სამეფოს შესახებ ქადაგების საქმის წინსვლა და იეჰოვას ხალხის სულიერი კეთილდღეობა სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს. ღვთის მხარდაჭერისა და მფარველობის გარეშე სამქადაგებლო საქმე ვერ შესრულდებოდა (წაიკითხეთ მათეს 19:26). ღვთის სული მოქმედებს მათზე, ვისაც მსახურება სურს. ღვთის სულის წყალობით ეს საქმე ბოლომდე შესრულდება და „მაშინ მოვა აღსასრული“. ეს დრო სწრაფად გვიახლოვდება.
„დიდი გასაჭირი“
10. როგორ აღწერა იესომ დიდი გასაჭირი?
10 ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული „დიდი გასაჭირის“ დროს დადგება (გამოცხ. 7:14). ბიბლია არ აკონკრეტებს, რამდენ ხანს გასტანს ის, მაგრამ იესომ თქვა: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათ. 24:21). თუ გავითვალისწინებთ იმას, რა გასაჭირს გაუძლო ხალხმა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა დაახლოებით 50-60 მილიონი ადამიანი დაიღუპა, ფაქტია, რომ მომავალი დიდი გასაჭირი მართლაც მძიმე იქნება. დიდი გასაჭირი არმაგედონით დასრულდება. მაშინ იეჰოვა ზეციერ ლაშქარს გამოიყენებს სატანის ქვეყნიერების ყოველგვარი კვალის წასაშლელად (გამოცხ. 16:14, 16).
11, 12. რა უნდა მოხდეს დიდი გასაჭირის დასაწყისში?
11 ბიბლიაში არ არის დაკონკრეტებული დიდი გასაჭირის დაწყების თარიღი. თუმცა მასში აღწერილია, თუ რით დაიწყება ის. პოლიტიკური ძალები გაანადგურებენ ყველა ცრუ რელიგიას. „გამოცხადების“ მე-17 და მე-18 თავებში ჩაწერილ წინასწარმეტყველებებში ცრუ რელიგია შედარებულია მეძავთან, რომელიც პოლიტიკასთან მეძაობს. გამოცხადების 17:16-დან ჩანს, რომ მალე პოლიტიკური ძალები „შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“.
12 დანიშნულ დროს ღმერთი „მათ [პოლიტიკოსებს] გულებში ჩაუდებს, რომ განახორციელონ მისი აზრი“ და გაანადგურონ ყველა ცრუ რელიგია (გამოცხ. 17:17). ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ განადგურება ღვთისგან იქნება. ასე აღსრულდება განაჩენი რელიგიებზე, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ღვთის ნების საწინააღმდეგო მოძღვრებებს ასწავლიდნენ ხალხს და დევნიდნენ ღვთის მსახურებს. რელიგიების განადგურება მსოფლიოსთვის მოულოდნელი იქნება, მაგრამ არა იეჰოვას ერთგული მსახურებისთვის, რომლებიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში აფრთხილებენ ხალხს ამის შესახებ.
13. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ცრუ რელიგია სწრაფად განადგურდება?
13 ხალხს გააოგნებს ცრუ რელიგიის განადგურება. ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ დედამიწის მეფეებიდან ზოგიერთი ამ განადგურების შესახებ იტყვის: „ვაი, ვაი . . . ერთ საათში მოვიდა შენი გასამართლება!“ (გამოცხ. 18:9, 10, 16, 19). „ერთი საათი“ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს მოვლენა საკმაოდ სწრაფად მოხდება.
14. როგორ გასცემს იეჰოვა პასუხს თავის მტრებს, როცა ისინი მის მსახურებზე გაილაშქრებენ?
14 ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ ღვთის მტრები თავს დაესხმიან იეჰოვას მსახურებს, რომლებიც ხალხს ღვთის განაჩენს ამცნობენ (ეზეკ. 38:14—16). მაგრამ თავდამსხმელებს ფაქტობრივად დაპირისპირება მოუწევთ იეჰოვასთან, რომელიც დაიცავს თავის ერთგულ ხალხს. იეჰოვა ამბობს: „რისხვითა და მრისხანების ცეცხლით ვილაპარაკებ . . . და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:18—23). თავის ერთგულ მსახურებს ღმერთი ასეთი სიტყვებით მიმართავს: „თქვენი შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია“ (ზაქ. 2:8). ასე რომ, იეჰოვა თავად გასცემს პასუხს მტრებს, რომლებიც მის მსახურებზე გაილაშქრებენ. ეს მოხდება დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპზე, არმაგედონში. ქრისტეს ხელმძღვანელობით ანგელოზთა ძლიერი ლაშქარი იეჰოვას განაჩენს აღასრულებს სატანის ქვეყნიერებაზე.
რისი გაკეთება გვმართებს
15. რისი გაკეთება გვმართებს ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებისას?
15 როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იმის ცოდნამ, რომ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული სწრაფად ახლოვდება? მოციქული პეტრე წერდა: „თუ ყველაფერი ასე დაიშლება, მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში“ (2 პეტ. 3:11). აქედან გამომდინარე, გულდასმით უნდა დავუკვირდეთ ჩვენს საქციელს, რომ ყოველთვის ღვთის მოთხოვნების თანახმად ვიქცეოდეთ. უნდა ვაკეთოთ ღვთისადმი ერთგულებისა და სიყვარულის დამამტკიცებელი საქმეები. ასეთ საქმეებში აღსასრულის დადგომამდე ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გულმოდგინედ ქადაგებაც შედის. პეტრემ აგრეთვე თქვა: „მოახლოვდა ყველაფრის დასასრული . . . ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ“ (1 პეტ. 4:7). თუ გამუდმებით ვლოცულობთ და იეჰოვას ვთხოვთ, წმინდა სულითა და კრების მეშვეობით გვიხელმძღვანელოს, უფრო დავუახლოვდებით მას და მისდამი სიყვარულიც უფრო გაგვიძლიერდება.
16. რატომ არის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ზუსტად მივყვეთ ღვთის ხელმძღვანელობას?
16 დღეს, ამ მძიმე დროში განსაკუთრებით საყურადღებოა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი რჩევა: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო, რადგან დღეები ბოროტია“ (ეფეს. 5:15, 16). ამდენი ბოროტება დედამიწაზე არასდროს ყოფილა. სატანამ მრავალი რამ მოიფიქრა იმისათვის, რომ ხალხს ხელი შეუშალოს იეჰოვას ნების შესრულებაში და ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს. ღვთის მსახურებმა ეს კარგად ვიცით და ყველანაირად ვცდილობთ, ერთგულება არაფერმა შეგვირყიოს. ჩვენ ისიც ვიცით, რა უნდა მოხდეს მალე და ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დანაპირებს (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15—17).
17. აღწერეთ, როგორ შეხვდებიან არმაგედონგადატანილები მკვდრეთით აღდგენილებს.
17 შესრულდება ღვთის კიდევ ერთი დიდებული განზრახვა: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქ. 24:15). ამ სიტყვებში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რადგან ამას იეჰოვა გვპირდება. ესაიას 26:19-ში ნათქვამია: „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები . . . გაიღვიძეთ და სიხარულით შესძახეთ, მტვერში დამკვიდრებულებო!.. დედამიწა გააჩენს უსიცოცხლოებს“. პირველად ეს სიტყვები მაშინ შესრულდა, როცა ისრაელები ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდნენ; ეს კი გვარწმუნებს, რომ პირდაპირი გაგებით ეს წინასწარმეტყველება ახალ ქვეყნიერებაშიც შესრულდება. რამხელა სიხარული იქნება, როცა მკვდრეთით აღდგენილები შეხვდებიან თავიანთ ახლობლებს! სატანის ქვეყნიერების აღსასრული ნამდვილად ახლოსაა და შესაბამისად ახალი ქვეყნიერებაც. ამიტომ სიფხიზლის შენარჩუნება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია!
გახსოვთ?
• რის შესახებ ქადაგებდა ძირითადად იესო?
• რა მასშტაბებს აღწევს დღეს სამქადაგებლო საქმიანობა?
• რატომ არის მნიშვნელოვანი სიფხიზლის შენარჩუნება?
• რატომ არის თქვენთვის გამამხნევებელი საქმეების 24:15-ში ჩაწერილი ღვთის დაპირება?
[ჩარჩო⁄სურათი 16, 17 გვერდებზე]
მშფოთვარე საუკუნე
ალან გრინსპენი 20 წლის განმავლობაში თავჯდომარეობდა შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის საბჭოს, რომელიც აკონტროლებს ქვეყნის ცენტრალურ საბანკო სისტემას. 2007 წელს გამოცემულ თავის წიგნში (The Age of Turbulence: Adventures in a New World) მან აღნიშნა, თუ რა განსხვავებული მდგომარეობა იყო მსოფლიოში 1914 წლამდე. აი, რას ამბობს ის:
„იმდროინდელი მონაცემებით ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ 1914 წლამდე ცივილიზაცია წინ მიიწევდა. საზოგადოება თითქოს სრულყოფილებისკენ ისწრაფვოდა. მეცხრამეტე საუკუნეში წერტილი დაესვა მონებით ვაჭრობის სამარცხვინო ისტორიას. სულ უფრო მცირდებოდა არაადამიანურ დანაშაულთა რიცხვი . . . მეცხრამეტე საუკუნე ტექნიკური პროგრესის ხანაც იყო. რკინიგზა, ტელეფონი, ელექტროენერგია, კინო, ავტომობილი, საოჯახო ტექნიკა — ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ამ ეპოქამ მოიტანა. მედიცინის განვითარებამ, სრულფასოვანმა საკვებმა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებამ სიცოცხლის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი . . . ყველა იმედოვნებდა, რომ პროგრესი ამით არ დასრულდებოდა“.
მაგრამ . . . „პირველმა მსოფლიო ომმა უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენა ცივილიზაციას, ვიდრე უფრო გამანადგურებელმა მეორე მსოფლიო ომმა: პირველმა ომმა იდეალები დაამსხვრია. დღემდე მიჭირს პირველ მსოფლიო ომამდელი პერიოდის დავიწყება, როცა ისე ჩანდა, თითქოს საყოველთაო პროგრესს ხელს ვერაფერი შეუშლიდა. დღეს მოვლენებს სულ სხვაგვარად ვაფასებთ, ვიდრე საუკუნის წინ, მაგრამ ეს შეფასება უფრო ახლოა რეალობასთან. დაატყობს ტერორიზმი, გლობალური დათბობა ან მომძლავრებული პოპულიზმი გლობალიზაციის თანამედროვე ეპოქას ისეთივე კვალს, როგორიც პირველმა მსოფლიო ომმა დააჩნია გასულ საუკუნეს? დღეს რთულია ამ კითხვაზე პასუხის პოვნა“.
გრისპენმა გაიხსენა თავისი სტუდენტობის წლები და პროფესორ ბენჯამინ ანდერსონის (1886—1949) სიტყვები: „ვისაც ახსოვს და ესმის, როგორი იყო მსოფლიო პირველ მსოფლიო ომამდე, დღემდე ნოსტალგიას განიცდის. მას მერე თავი უსაფრთხოდ აღარ გვიგრძნია“ (Economics and the Public Welfare).
მსგავს დასკვნას ვხვდებით ჯ. მაიერის წიგნში, რომელიც 2006 წელს გამოიცა: „მრავალ მოვლენაზე ხშირად ამბობენ, რომ მათ ისტორია შეცვალეს. ამის თქმა თამამად შეიძლება პირველ მსოფლიო ომზე (1914—1918). ამ ომმა ყველაფერი შეცვალა — საზღვრები, მთავრობები, ერების ბედ-იღბალი; ამასთანავე სხვა თვალით დაგვანახვა მსოფლიო და საკუთარი თავი ამ მსოფლიოში. მან თითქოს სიცარიელე დატოვა დროში და ომამდელი პერიოდი სამუდამოდ გამოთიშა ომის შემდგომი პერიოდისგან“ (A World Undone).
[სურათი 18 გვერდზე]
არმაგედონში იეჰოვა ზეციერ ლაშქარს გამოიყენებს