უკანასკნელი დრო
ეს გამოთქმა დანიელის წიგნში ექვსჯერ გვხვდება. ის ქვეყნიერების აღსასრულის პერიოდზე მიუთითებს. წინასწარმეტყველ დანიელს შორეულ მომავალში მოსახდენი მოვლენების შესახებ ხილვა მიეცა. დასასრულ მას ეთქვა: „შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და ბეჭედი დაადე წიგნს უკანასკნელ დრომდე. ბევრი დაიწყებს ძიებას და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“ (დნ. 12:4).
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები ბიბლეისტი ტომას სკოტი თავის ნაშრომში ამ მუხლის შესახებ აღნიშნავდა: „ბოლოს ანგელოზმა დანიელს უთხრა, რომ ეს წინასწარმეტყველება ბეჭედდასმული წიგნივით უცნობი დარჩებოდა და უკანასკნელ დრომდე მას თითქმის ვერავინ გაიგებდა ... ფაქტები ცხადყოფს, რომ დანიელის წიგნიდან ბევრი წინასწარმეტყველების გაგება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ისინი ზოგადად მორწმუნეებისთვისაც კი დაფარული იყო ... ბოლო პერიოდში ბევრმა დიდი ძალისხმევა მოახმარა ისტორიის გამოკვლევას, რათა წინასწარმეტყველების შესრულებული მონაკვეთები აეხსნა, შეედარებინა სხვა ბიბლიურ მუხლებთან და გაერკვია, კიდევ რა უნდა შესრულებულიყო. ამგვარად, ამ წინასწარმეტყველებებს მეტი ნათელი მოეფინა. თანდათანობით რაც მეტი შესრულდება, მით მეტად გასაგები გახდება ისინი და ჩვენთან შედარებით მეტად გააოცებს და ბევრ რამეს ასწავლის მომავალ თაობებს“ (Explanatory Notes, 1832). მე-19 საუკუნის დასაწყისში ხალხს ბოლომდე არ ესმოდა დანიელის წინასწარმეტყველება, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ნაწინასწარმეტყველები „უკანასკნელი დრო“ ჯერ არ იყო დამდგარი, რადგან „წვდომის უნარის მქონენი“ ანუ ღვთის ჭეშმარიტი მსახურები, ამ წინასწარმეტყველებას „უკანასკნელ დროს“ გაიგებდნენ (დნ. 12:9, 10).
გამოთქმა „უკანასკნელი დრო“ აგრეთვე გამოიყენება ადამიანურ მთავრობებთან დაკავშირებით განვითარებულ გარკვეულ მოვლენებზე საუბრისას. დანიელის 11:40-ში ვკითხულობთ: „უკანასკნელ დროს სამხრეთის მეფე შეუტევს მას [ჩრდილოეთის მეფეს], ჩრდილოეთის მეფე კი ეტლებით, მხედრებითა და მრავალი ხომალდით შეებმება“. წინასწარმეტყველებაში შემდეგ აღწერილია „ჩრდილოეთის მეფის“ მოქმედება და აღნიშნულია, რომ ის „მიაღწევს თავის აღსასრულს“ (დნ. 11:41—45). ამ შემთხვევაში „უკანასკნელ დროში“, როგორც ჩანს, იგულისხმება დროის პერიოდი, რომლის კულმინაციაც „ჩრდილოეთის მეფის“ განადგურება იქნება. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ „ჩრდილოეთის მეფე“ ღვთის მსახურთა, „წვდომის უნარის მქონეთა“ მდევნელად მოიხსენიება „უკანასკნელ დრომდე“ ანუ მისი „აღსასრულის დრომდე“ (დნ. 11:33—35).
აღსანიშნავია ისიც, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, „აღსასრულის დროს“ აღსდგება „პირქუში მეფე“, გამოვა „მთავართა მთავრის“ წინააღმდეგ და საბოლოოდ მოისპობა. ეს მეფე უნდა აღმდგარიყო იმ მმართველობების დასასრულს, რომლებიც საბერძნეთის იმპერიის ოთხ ნაწილად დაშლის შედეგად წარმოიქმნა (დნ. 8:8—25). ვინაიდან „ჩრდილოეთის მეფესა“ და „სამხრეთის მეფეს“ საერთო წარმოშობა აქვთ, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ „პირქუში მეფე“ ერთ-ერთი მათგანი იქნება თავისი „აღსასრულის დროს“.
გამოთქმა „აღსასრულის დრო“ დროის დასასრულს კი არ ნიშნავს, არამედ მიანიშნებს დროის პერიოდზე, რომელიც დასრულდება არა ყველაფრის განადგურებით, არამედ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულის განადგურებით. ბიბლიიდან ჩანს, რომ თავად დრო არასდროს დასრულდება. მაგალითად, ფსალმუნმომღერალი დედამიწის შესახებ წერდა, რომ ის „არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფს. 104:5). ვინაიდან დედამიწა ყოველთვის იარსებებს, დროც, როგორც საზომი ერთეული, არასდროს შეწყვეტს არსებობას. მართალია, გამოცხადების 10:6-ის თარგმნა ისეც შეიძლება, რომ „უკვე აღარ იქნება დრო“ (სსგ), მაგრამ კონტექსტის მიხედვით ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ მეტი დრო აღარ იქნება მიცემული, ანუ განკუთვნილი პერიოდი დასრულდება. სხვა თარგმანში ვკითხულობთ: „აღარ დაყოვნდება“ (აქ). ამ მუხლის კომენტირებისას ბიბლეისტი ა. თ. რობერტსონი ამბობს: «ეს არ ნიშნავს, რომ ქრონოსი (დრო) შეწყვეტს არსებობას ... ეს ნიშნავს, რომ არ დაყოვნდება იმის შესრულება, რაც მეშვიდე საყვირის (მე-7 მუხლი) დროს 6:10-ში დასმული კითხვის („როდემდე?“) საპასუხოდ გაცხადდება» (Word Pictures in the New Testament, 1933, ტ. VI, გვ. 372).