იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გამოცხადება“ — II
რა ელით იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც არ სცემს მას თაყვანს? რა მოელით სატანასა და მის დემონებს? რა კურთხევებს მიიღებენ მორჩილი ადამიანები ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს გვცემს გამოცხადების 13:1—22:21a. ამ თავებში მოცემულია მოციქული იოანეს 16 ხილვიდან ბოლო ცხრა, რომლებიც ღმერთმა მას ახ. წ. I საუკუნის ბოლოს ახილვინა.
„ბედნიერია, ვინც ხმამაღლა კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და ვინც იცავს მასში დაწერილს“, — დაწერა იოანემ (გამოცხ. 1:3; 22:7). წიგნ „გამოცხადების“b წაკითხვა და წაკითხულის გაანალიზება გვეხმარება, რომ მთელი გულით შევასრულოთ ღვთის ნება, გავიღრმაოთ რწმენა ღვთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს მიმართ, და მომავლის ნათელი იმედი გვქონდეს (ებრ. 4:12).
ღვთის რისხვის შვიდი თასის გადმოღვრა
‘ხალხები განრისხდნენ, მოვიდა ღვთის რისხვა და დანიშნული დრო, რათა მოსპოს დედამიწის მომსპობნი’, — ნათქვამია გამოცხადების 11:18-ში. „ათრქიანი და შვიდთავიანი მხეცის“ საქმეები აღწერილია მერვე ხილვაში, რომელიც იმის დანახვაში გვეხმარება, თუ რატომ გადმოიღვრება ღვთის რისხვის თასი (გამოცხ. 13:1).
მეცხრე ხილვაში იოანე ხედავს სიონის მთაზე მდგომ კრავს და მასთან ას ორმოცდაოთხ ათასს. ისინი ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი (გამოცხ. 14:1, 4). ამის მერე იოანეს ესმის, რას აცხადებენ ანგელოზები, შემდეგ ხილვაში კი ხედავს „შვიდ ანგელოზს შვიდი . . . წყლულით“. როგორც ჩანს, იეჰოვა თვითონ აძლევს ანგელოზებს ბრძანებას, რომ „ღვთის რისხვის შვიდი თასი“ გადააღვარონ სატანის ქვეყნიერებას. ამ თასების გადმოღვრა იმას მოასწავებს, რომ ღვთის განაჩენი აღსრულდება (გამოცხ. 15:1; 16:1). ეს ბოლო ორი ხილვა დეტალურად აღგვიწერს განაჩენს, რომელსაც სამეფო აღასრულებს და რომელიც მესამე ვაისა და მეშვიდე საყვირის დაყვირებას მოჰყვება (გამოცხ. 11:14, 15).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
13:8. რა არის ‘სიცოცხლის გრაგნილი, რომელიც კრავისაა’? ამ „გრაგნილში“ ჩაწერილია მხოლოდ მათი სახელები, ვინც იესო ქრისტესთან მეფობს ზეციერ სამეფოში. მასში ჩაწერილია იმ ცხებული ქრისტიანების სახელებიც, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე იმყოფებიან და ზეციური ჯილდოს მიღების იმედი აქვთ.
13:11—13. როგორ მოქმედებს ორრქიანი მხეცი დრაკონივით და როგორ ჩამოაქვს ზეციდან ცეცხლი? ის ფაქტი, რომ ორრქიანი მხეცი — ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი — დრაკონის მსგავსად ლაპარაკობს, იმაზე მიანიშნებს, რომ ის მუქარით, ზეწოლითა და ძალადობით აიძულებს ხალხს, მისი მმართველობის ფორმა აღიარონ. მას იმ გაგებით ჩამოაქვს ციდან ცეცხლი, რომ საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებს და აცხადებს, რომ მეოცე საუკუნეში მომხდარ ორ მსოფლიო ომში ბოროტი ძალები დაამარცხა და კომუნიზმზე გაიმარჯვა.
16:17. რა არის „ჰაერი“, რომელსაც ანგელოზმა მეშვიდე თასი გადააღვარა? „ჰაერში“ იგულისხმება სატანისთვის დამახასიათებელი აზროვნება, „იმ სულის [აზროვნების] გავლენა, რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს“. სწორედ ამ მოწამლული ჰაერით არის გაჟღენთილი სატანის ქვეყნიერება (ეფეს. 2:2).
რას ვსწავლობთ:
13:1—4, 18. „მხეცი“ განასახიერებს ‘ზღვიდან ამომავალ’ ადამიანთა მთავრობებს, ზღვა კი — ხალხთა მღელვარე მასებს (ეს. 17:12, 13; დან. 7:2—8, 17). მხეცის სულისჩამდგმელი სატანაა. ამ მხეცის რიცხვია 666, რაც მის არასრულყოფილებაზე მიუთითებს. იმის ცოდნა, თუ ვის განასახიერებს მხეცი, გვეხმარება, რომ არც აღტაცებული გავყვეთ მას და არც თაყვანი ვცეთ, როგორც ამას ხალხი აკეთებს (იოან. 12:31; 15:19).
13:16, 17. იმ სირთულეების მიუხედავად, რომლებსაც შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში წავაწყდეთ, მაგალითად „ყიდვა-გაყიდვის“ დროს, უფლება არ უნდა მივცეთ მხეცს, რომ გვმართოს. მხეცის „ნიშნის მარჯვენა ხელზე ან შუბლზე“ მიღება იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ყველაფერს მისი სურვილისამებრ გავაკეთებდით.
14:6, 7. ის, რომ ანგელოზი დედამიწის მკვიდრთ სასიხარულო ცნობას ახარებს, იმას გვასწავლის, რომ ზეცაში დამყარებული ღვთის სამეფოს შესახებ ცნობა გადაუდებლად ვიქადაგოთ. ვისაც ბიბლიას ვასწავლით, უნდა დავეხმაროთ, რომ ღვთისადმი ჯანსაღი შიში განივითარონ და განადიდონ ის.
14:14—20. როდესაც მოაწევს „სამკალი დედამიწაზე“ ანუ დადგება მათი შეგროვების დრო, ვინც უნდა გადარჩეს, ანგელოზი ‘დედამიწის ვაზს ჩაყრის ღვთის რისხვის დიდ საწნახელში’. ეს ვაზი, რომელიც წარმოადგენს სატანის გახრწნილ ხილულ სისტემას, სადაც ადამიანები მმართველობენ, თავისი „მტევნებით“, ანუ მის მიერ გამოღებული დემონური ნაყოფით, სამუდამოდ განადგურდება. არ უნდა დავუშვათ, რომ დედამიწის ვაზმა ჩვენზე გავლენა მოახდინოს.
16:13—16. „უწმინდურ შთაგონებულ სიტყვაში“ იგულისხმება დემონური პროპაგანდა, რომელიც მეფეებს იეჰოვა ღმერთის წინააღმდეგ განაწყობს, რათა შვიდი თასის გადმოღვრისას ისინი არ შეიცვალონ (მათ. 24:42, 44).
16:21. რადგან ამ სისტემის აღსასრული ახლოვდება, სატანის ბოროტი ქვეყნიერებისთვის იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენის მოსმენა ყინულად ქცეული წყლის თავსხმასავით მტკივნეულია. მიუხედავად ამისა, უმეტესობა კვლავ განაგრძობს ღვთის გმობას.
ძლევამოსილი მეფე მეფობს
„დიდი ბაბილონი“, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი, სატანის ბოროტი ქვეყნიერების ერთი-ერთი საზიზღარი ნაწილია. მეთერთმეტე ხილვაში ის აღწერილია, როგორც „მეძავი“ — უზნეო ქალი, ‘რომელიც ალისფერ მხეცზე ზის’. მას სწორედ ეს „ათრქიანი მხეცი“ გაანადგურებს (გამოცხ. 17:1, 3, 5, 16). შემდეგ ხილვაში მეძავი შედარებულია „დიდ ქალაქთან“, რომლის დაცემასაც აცხადებენ და ღვთის ხალხს მოუწოდებენ, რომ ‘გამოვიდნენ მისგან’. დიდი ქალაქის დაცემას ბევრი გლოვობს, თუმცა ზეცაში დიდი სიხარულია „კრავის ქორწილის“ გამო (გამოცხ. 18:4, 9, 10, 15—19; 19:7). მეცამეტე ხილვაში ‘თეთრ ცხენზე’ ამხედრებული მხედარი ხალხების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოდის. ის ანადგურებს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას (გამოცხ. 19:11—16).
რა ემართება „ძველ გველს, რომელიც არის ეშმაკი და სატანა“? როდის ჩააგდებენ მას ‘ცეცხლის ტბაში’? ამას მეთოთხმეტე ხილვიდან გავიგებთ (გამოცხ. 20:2, 10). ბოლო ორ ხილვაში იოანე ხედავს, როგორი ცხოვრება იქნება ათასწლიანი მეფობის დროს. „გამოცხადების“ დასასრულს კი მოციქული ხედავს ‘სიცოცხლის წყლის მდინარეს, რომელიც ქალაქის მთავარი ქუჩის შუაში მიედინება’ და ესმის, როგორ იწვევენ „მწყურვალთ“ მის დასალევად (გამოცხ. 1:1; 22:1, 2, 17).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
17:16; 18:9, 10. რატომ გლოვობენ „დედამიწის მეფეები“ იმას, რაც თვითონ გაანადგურეს? ისინი საკუთარ თავს დასტირიან. დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგ დედამიწის მეფეები აშკარად დაინახავენ, რამხელა მხარდაჭერა ჰქონდათ დიდი ბაბილონისგან, რომელიც ყოველთვის ამართლებდა მათ სისასტიკეს; ის ეხმარებოდა დედამიწის მეფეებს, რომ ახალგაზრდები ომში გაეწვიათ. გარდა ამისა, მეფეებს რომ ხალხი მორჩილებაში ჰყოლოდათ, ცრუ რელიგიას ლომის წილი მიუძღოდა.
19:12. რატომ არავინ იცის იესოს გარდა მისი სახელი? როგორც ჩანს, ეს სახელი იმ განსაკუთრებულ მდგომარეობასა და უპირატესობაზე მიუთითებს, რომელიც იესოს უფლის დღის განმავლობაში აქვს, როგორც ამას ესაიას 9:6-ში ვკითხულობთ. მის გარდა არავინ იცის მისი სახელი, რადგან მისი როლი განსაკუთრებულია და მხოლოდ მას ესმის, რას ნიშნავს ასეთი მაღალი მდგომარეობის დაკავება. თუმცა იესო თავის პატარძალსაც აძლევს გარკვეულ უპირატესობას. აი, რას ჰპირდება იესო თავის პატარძალს: „დავაწერ მას . . . ჩემს ახალ სახელს“ (გამოცხ. 3:12).
19:14. ვინ იომებს იესოსთან ერთად არმაგედონში? „ზეციერ ლაშქარში“, რომელიც ღვთის ომის დროს შეუერთდება იესოს, იქნებიან ანგელოზები და ის ცხებული მძლეველები, რომლებმაც უკვე მიიღეს თავიანთი ზეციერი ჯილდო (მათ. 25:31, 32; გამოცხ. 2:26, 27).
20:11—15. ვისი სახელებია ჩაწერილი „სიცოცხლის გრაგნილში [ანუ წიგნში]“? ამ გრაგნილში ჩაწერილია მათი სახელები, ვინც მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს. მათ შორის არიან ცხებულები, უამრავი ხალხი და ის ერთგული მსახურები, რომლებიც ‘მართალთა აღდგომისას აღდგებიან’ (საქ. 24:15; გამოცხ. 2:10; 7:9). მათი სახელები, ვინც „უმართლოთა აღდგომისას“ აღდგება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ჩაწერილი „სიცოცხლის გრაგნილში“, თუ მასში მოცემული მითითებების თანახმად მოიქცევიან. გრაგნილებში ჩაწერილი სახელები შეიძლება ამოიშალოს. მაგრამ იმ ცხებულთა სახელები, რომლებიც სიკვდილამდე ერთგულები დარჩნენ, არ ამოიშლება ამ გრაგნილებიდან (გამოცხ. 3:5). მათი სახელები კი, რომლებიც არმაგედონს გადაიტანენ, გრაგნილში მარადიულად მაშინ ჩაიწერება, როცა ათასი წლის ბოლოს საბოლოო გამოცდას გაუძლებენ (გამოცხ. 20:7, 8).
რას ვსწავლობთ:
17:3, 5, 7, 16. „ზემოდან მომავალი სიბრძნის“ დახმარებით ვიგებთ ‘ქალისა და [ალისფერი] მხეცის საიდუმლოს’ (იაკ. 3:17). ამ სიმბოლურ მხეცს თავდაპირველად ერთა ლიგა წარმოადგენდა, შემდეგ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. რადგან ამ საიდუმლოს ჩვენთვის ნათელი მოეფინა, განა გულმოდგინედ არ უნდა ვიქადაგოთ ღვთის სამეფოს შესახებ და გავაცხადოთ, რომ იეჰოვას განაჩენის აღსრულების დღე ახლოსაა?!
21:1—6. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ყველა ნაწინასწარმეტყველები კურთხევა ღვთის სამეფოს მმართველობის დროს რეალობად იქცევა, რადგან ბიბლიაში ნათქვამია: „აღსრულდა!“.
22:1, 17. „სიცოცხლის წყლის მდინარეში“ იგულისხმება ყველაფერი, რასაც იეჰოვა იესოს მსხვერპლის საფუძველზე აკეთებს ცოდვისა და სიკვდილისგან მორჩილი ადამიანების გასათავისუფლებლად. სიცოცხლის წყალი გარკვეულწილად დღეს უკვე ხელმისაწვდომია. მადლიერებით გამოვეხმაუროთ მოწოდებას, ‘უსასყიდლოდ ავიღოთ სიცოცხლის წყალი’ და სხვებსაც მთელი გულით გავუზიაროთ!
[სქოლიოები]
a გამოცხადების 1:1—12:17 განხილულია 2009 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში «მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გამოცხადება“ — I».
b „გამოცხადების“ თითოეული მუხლი განხილულია წიგნში „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“.
[სურათი 5 გვერდზე]
მორჩილი ადამიანები ღვთის სამეფოს მმართველობის დროს უხვ კურთხევებს მიიღებენ