თავი 28
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირება
ხილვა 8 გამოცხადება 13:1—18
თემა: შვიდთავიანი მხეცი, ორრქიანი მხეცი და მხეცის ქანდაკება.
შესრულების დრო: ნიმროდის დროიდან დიდ გასაჭირამდე.
1, 2. ა) რას გვეუბნება იოანე დრაკონზე? ბ) როგორ აღწერს იოანე დრაკონის ხილულ ორგანიზაციას სიმბოლური ენით?
დიდი დრაკონი გადმოგდებულია დედამიწაზე. „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ გველი, სატანა, და მისი დემონები ვეღარასოდეს დაბრუნდებიან ზეცაში, თუმცა ჯერ ამით არ დაგვისრულებია საუბარი იმის შესახებ, ვისაც „ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“. მომდევნო ხილვიდან უფრო დაწვრილებით გავიგებთ, რა ხრიკებს იყენებს სატანა ქალსა და მის შთამომავლობასთან საბრძოლველად (გამოცხადება 12:9, 17). იოანე ამ ცბიერ დრაკონზე ამბობს: „ის ზღვის ქვიშაზე დადგა“ (გამოცხადება 13:1ა). მოდი, ახლა დრაკონის მეთოდები განვიხილოთ.
2 ზეცა მეტად აღარ არის შებღალული სატანისა და მისი დემონებისგან. ეს ბოროტი სულები განიდევნენ ზეციდან და ახლა მხოლოდ დედამიწაზე შეუძლიათ მოქმედება. ამით აიხსნება, თუ რატომაა ჩვენს დროში სპირიტიზმი ასე ფართოდ გავრცელებული. ეს ცბიერი გველი დღემდე იყენებს ბოროტი სულებისგან შემდგარ უხილავ ორგანიზაციას. მაგრამ იყენებს თუ არა ის ხილულ ორგანიზაციასაც ადამიანების შეცდომაში შესაყვანად? იოანე გვეუბნება: „ვიხილე ზღვიდან ამომავალი ათრქიანი და შვიდთავიანი მხეცი, რომელსაც რქებზე ათი გვირგვინი და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები ჰქონდა. მხეცი, რომელიც ვიხილე, ჯიქს ჰგავდა, მაგრამ ფეხები დათვის ფეხებს მიუგავდა, პირი კი — ლომის ხახას. დრაკონმა მხეცს მისცა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება“ (გამოცხადება 13:1ბ, 2).
3. ა) რომელი მძვინვარე მხეცები იხილა წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვებში? ბ) რას განასახიერებდნენ დანიელის მე-7 თავში აღწერილი უზარმაზარი მხეცები?
3 რას განასახიერებს ეს უცნაური მხეცი? თავად ბიბლია გვცემს პასუხს ამ კითხვაზე. ძვ. წ. 537 წელს ბაბილონის დაცემამდე, ებრაელმა წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვებში მძვინვარე მხეცები იხილა. დანიელის 7:2—8-ში ის აღწერს ზღვიდან ამომავალ ოთხ მხეცს: პირველი ლომს ჰგავს, მეორე დათვს, მესამე ჯიქს და „აი, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და მეტისმეტად ძლიერი. . . მას ათი რქა ჰქონდა“. ეს მხეცი ძალიან ჰგავს იმ მხეცს, რომელიც იოანემ დაახლოებით ახ. წ. 96 წელს იხილა. ის ლომს, დათვსა და ჯიქს მოგვაგონებს. მას ათი რქა აქვს. რას განასახიერებდნენ დანიელის მიერ ნანახი ეს უზარმაზარი მხეცები? დანიელი გვეუბნება: „ეს ოთხი უზარმაზარი მხეცი ოთხი მეფეა, რომლებიც დედამიწიდან წამოდგებიან“ (დანიელი 7:17). ეს მხეცები მეფეებს ანუ დედამიწის პოლიტიკურ ძალებს განასახიერებენ.
4. ა) რას განასახიერებდნენ დანიელის მე-8 თავში აღწერილი ვერძი და ვაცი? ბ) რას ნიშნავდა ვაცის დიდი რქის მოტეხვა და მის ნაცვლად ოთხი რქის ამოსვლა?
4 სხვა ხილვაში დანიელმა იხილა ორრქიანი ვერძი, რომელიც მიწაზე დაანარცხა ერთრქიანმა ვაცმა. ანგელოზმა გაბრიელმა დანიელს აუხსნა ხილვის მნიშვნელობა: „ვერძი. . . მიდიისა და სპარსეთის მეფეები არიან. ბალნიანი ვაცი საბერძნეთის მეფეა“. გაბრიელი იმასაც წინასწარმეტყველებს, რომ ვაცს დიდი რქა მოსტყდება და მის ნაცვლად ოთხი რქა ამოუვა. ეს ორას წელზე მეტი ხნის შემდეგ შესრულდა, როცა ალექსანდრე მაკედონელი მოკვდა და მისმა ოთხმა მხედართმთავარმა ოთხად გაინაწილა მისი სამეფო (დანიელი 8:3—8, 20—25)a.
5. ა) რა იგულისხმება მხეცად ნათარგმნ ბერძნულ სიტყვაში? ბ) რა არის წარმოდგენილი გამოცხადების 13:1, 2-ში მოხსენიებული მხეცითა და მისი შვიდი თავით?
5 აშკარაა, რომ ბიბლიის ავტორი დედამიწაზე არსებულ პოლიტიკურ ძალებს მხეცებად მიიჩნევს. როგორები არიან ეს მხეცები? ერთი კომენტატორი გამოცხადების 13:1, 2-ში მოხსენიებულ მხეცს „დაუნდობელს“ უწოდებს და ამბობს: „ჩვენ ვეთანხმებით, რომ სიტყვა თერიონ [ბერძ. θηρίον, ნიშნავს მხეცს] გულისხმობს სასტიკს, გამანადგურებელს, შემზარავს, გაუმაძღარს და ა.შ. მხეცს“b. მართლაც რომ კარგად აღწერს სისხლიან პოლიტიკურ სისტემას, რომლითაც სატანა კაცობრიობას მართავს. ამ მხეცის შვიდი თავით წარმოდგენილია ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი და რომი — ექვსი ძირითადი მსოფლიო მპყრობელი, რომლებიც ბიბლიურ დროში იოანეს დრომდე არსებობდნენ; წინასწარმეტყველების თანახმად მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი მოგვიანებით უნდა გამოჩენილიყო (შეადარეთ გამოცხადების 17:9, 10).
6. ა) რა არის წარმოდგენილი მხეცის შვიდი თავით? ბ) როგორ აღძრა იეჰოვამ რომი იუდეველთა სისტემაზე თავისი განაჩენის აღსასრულებლად, და როგორ მოიქცნენ იერუსალიმში მცხოვრები ქრისტიანები?
6 რა თქმა უნდა, ისტორიის განმავლობაში ამ შვიდის გარდა სხვა მსოფლიო მპყრობელებიც არსებობდნენ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ იოანეს მიერ ნანახ მხეცს შვიდი თავისა და ათი რქის გარდა ტანიც ჰქონდა. ამ შვიდი თავით ღვთის ხალხის მჩაგვრელი შვიდი მსოფლიო მპყრობელია წარმოდგენილი. ახ. წ. 33 წელს, რომის იმპერიის მმართველობის დროს, სატანამ მხეცის ერთ-ერთი თავი ღვთის ძის მოსაკლავად აღძრა. მაშინ ღმერთმა უარყო ორგულ იუდეველთა რელიგია და მოგვიანებით, ახ. წ. 70 წელს, რომაელებს იუდეველებზე თავისი განაჩენის აღსრულების ნება დართო. საბედნიეროდ, ცხებულ ქრისტიანთა კრება, ღვთის ისრაელი, გაფრთხილებული იყო, და ამიტომ იერუსალიმსა და იუდეაში მყოფმა ქრისტიანებმა იორდანის გაღმა გადასვლით უშველეს თავს (მათე 24:15, 16; გალატელები 6:16).
7. ა) რა უნდა მომხდარიყო ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებისას და უფლის დღის დაწყებისას? ბ) ვინ აღმოჩნდა გამოცხადების 13:1, 2-ში მოხსენიებული მხეცის მეშვიდე თავი?
7 ახ. წ. I საუკუნის მიწურულს პირველი კრების მრავალი წევრი განუდგა ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტ ქრისტიანთა „ხორბალი“ ანუ „სამეფოს ძეები“ „სარეველამ“ ანუ „ბოროტის ძეებმა“ თითქმის მოაშთო. ამ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებისას კვლავ გამოჩნდა ცხებულ ქრისტიანთა ორგანიზებული ჯგუფი. უფლის დღის განმავლობაში მართლები ‘მზესავით გაანათებდნენ’. ქრისტიანული კრება მზად იყო ღვთის საქმის შესასრულებლად (მათე 13:24—30, 36—43). იმ დროს უკვე აღარ არსებობდა რომის იმპერია. ბრიტანეთის უზარმაზარი იმპერია ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ სახელმწიფოსთან ერთად მთავარ როლებს ასრულებდნენ მსოფლიო სცენაზე. სწორედ ეს გაერთიანებული მსოფლიო მპყრობელი იყო მხეცის მეშვიდე თავი.
8. რატომ არ არის შეურაცხმყოფელი ინგლის-ამერიკის გაერთიანებული მსოფლიო მპყრობლის შედარება მხეცთან?
8 განა შეურაცხმყოფელი არ არის წამყვანი პოლიტიკური ძალების მხეცად მოხსენიება? ამას ამბობდნენ მოწინააღმდეგეები მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებში კამათი მიდიოდა იეჰოვას მოწმეების, როგორც ორგანიზაციის, ისე ცალკეული პირების, სტატუსის შესახებ. მაგრამ დაფიქრდით, განა თავად ერები არ ირჩევენ სახელმწიფო სიმბოლოებად მხეცებს? მაგალითად, ბრიტანეთის სიმბოლო ლომია, შეერთებული შტატების — არწივი, ჩინეთის კი — დრაკონი. მაშ, რატომ უნდა აღაშფოთოს ვინმე იმან, რომ ღმერთი, წმინდა ბიბლიის ავტორი, მსოფლიო მპყრობელების სიმბოლოდ მხეცებს იყენებს?
9. ა) რატომ უნდა დავეთანხმოთ ბიბლიას, რომ სატანა აძლევს მხეცს დიდ ძალაუფლებას? ბ) როგორ არის სატანა აღწერილი ბიბლიაში, და რა გავლენას ახდენს ის მთავრობებზე?
9 რატომ უნდა დავეთანხმოთ ბიბლიაში ნათქვამს, რომ ამ მხეცს სატანა აძლევს დიდ ძალაუფლებას? ამას თავად ღმერთი ამბობს, რომლის წინაშეც „ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის ერთ წვეთს ჰგვანან და. . . მტვერივით არიან“. ამ ერებისთვის უმჯობესი იქნებოდა ღვთის წყალობის მისაღებად ეღვაწათ, იმის ნაცვლად, რომ განაწყენებულიყვნენ ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვაში ამგვარი აღწერის გამო (ესაია 40:15, 17; ფსალმუნი 2:10—12). სატანა არ არის მითიური არსება, რომელიც სულებს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში აწამებს; ასეთი ადგილი არც კი არსებობს. წმინდა წერილებში სატანა აღწერილია როგორც „სინათლის ანგელოზი“, დახელოვნებული მატყუარა, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე (2 კორინთელები 11:3, 14, 15; ეფესოელები 6:11—18).
10. ა) რაზე მეტყველებს ის, რომ მხეცს ათივე რქაზე აქვს გვირგვინები? ბ) რას წარმოადგენს ათი რქა და ათი გვირგვინი?
10 შვიდთავიან მხეცს ათი რქა აქვს, შესაძლოა, ოთხ თავზე თითო-თითო და სამ თავზე ორ-ორი, რქებზე კი — ათი გვირგვინი. დანიელის წიგნში აღწერილი შიშის მომგვრელი მხეცების რქების რაოდენობა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. მაგალითად, ვერძის ორი რქა წარმოადგენდა მიდიისა და სპარსეთის გაერთიანებულ მსოფლიო მპყრობელს, ხოლო ვაცის ოთხი რქა წარმოადგენდა ერთსა და იმავე დროს არსებულ ოთხ იმპერიას, რომლებიც საბერძნეთის, ალექსანდრე მაკედონელის იმპერიისგან წარმოიქმნენ (დანიელი 8:3, 8, 20—22). მაგრამ იოანეს ნანახი მხეცის რქების რიცხვი, როგორც ჩანს, სიმბოლურია (შეადარეთ დანიელის 7:24; გამოცხადების 17:12). ეს რქები წარმოადგენს ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომლებიც სატანის პოლიტიკურ ორგანიზაციას შეადგენენ. ყველა რქა მოძალადე და აგრესიულია, მაგრამ ყოველი თავი მხეცის შვიდი თავიდან იმაზე მიუთითებს, რომ დროის ცალკეულ მონაკვეთში მხოლოდ ერთ მსოფლიო მპყრობელს უპყრია ხელთ ძალაუფლება. ათი გვირგვინი კი იმის მაჩვენებელია, რომ დროის ცალკეულ მონაკვეთში გაბატონებულ მსოფლიო მპყრობელთან ერთად ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოც ფლობს გარკვეულ ძალაუფლებას.
11. რაზე მიუთითებს ის, რომ მხეცს „თავებზე ღვთისმგმობელი სახელები“ აქვს?
11 მხეცს „თავებზე ღვთისმგმობელი სახელები ჰქონდა“. მხეცი ისეთ რამეს მიაწერს საკუთარ თავს, რაც დიდად შეურაცხყოფს იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს. ის ღვთისა და ქრისტეს სახელებს არის ამოფარებული თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად; ის თითქოს თანამშრომლობს ცრუ რელიგიასთან და სამღვდელოებას პოლიტიკაში მონაწილეობის უფლებასაც კი აძლევს. ინგლისის ლორდთა პალატაში ეპისკოპოსებიც შედიან. კათოლიკე კარდინალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საფრანგეთისა და იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ კი მღვდლები ლათინურ ამერიკაში სახელმწიფოს მართვაში ჩაებნენ. მთავრობები თავიანთ ბანკნოტებზე ისეთ რელიგიურ ლოზუნგებს წერენ, როგორიცაა „ღმერთზე ვართ მინდობილნი“, ხოლო მონეტებზე ისეთ წარწერებს აკეთებენ, თითქოს მმართველები ღვთის მოწონებით სარგებლობდნენ. მაგალითად, ზოგიერთი წარწერის თანახმად ისინი „ღვთის წყალობით“ არიან დანიშნულნი. ეს კი ღვთის გმობაა, რადგან ამგვარად ღმერთს ბინძურ, ნაციონალისტურ პოლიტიკაში რევენ.
12. ა) რას ნიშნავს ის, რომ მხეცი „ზღვიდან“ ამოდის, და როდის დაიწყო მან ამოსვლა? ბ) რაზე მეტყველებს დრაკონის მიერ სიმბოლური მხეცისთვის დიდი ძალაუფლების მიცემა?
12 მხეცი ამოდის „ზღვიდან“, რომელიც სათანადოდ განასახიერებს ხალხთა მღელვარე მასას, საიდანაც მთავრობები იღებენ დასაბამს (ესაია 17:12, 13). თავდაპირველად ეს მხეცი ხალხთა მღელვარე „ზღვიდან“ ნიმროდის დროს (დაახლოებით ძვ. წ. XXI საუკუნეში) ამოვიდა, როცა წარღვნის შემდეგ, პირველად, იეჰოვას მოწინააღმდეგე ქვეყნიერება გამოჩნდა (დაბადება 10:8—12; 11:1—9). მაგრამ ბოლო, მეშვიდე თავი აშკარად მხოლოდ უფლის დღის განმავლობაში გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ დრაკონმა „მხეცს მისცა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება“ (შეადარეთ ლუკას 4:6). მხეცი სატანის პოლიტიკური სისტემაა. სატანა ნამდვილად „ქვეყნიერების მმართველია“ (იოანე 12:31).
სასიკვდილო ჭრილობა
13. ა) რა უბედურება დაატყდა თავს მხეცს უფლის დღის დასაწყისში? ბ) რატომ დაუზიანა მხეცს მთელი სხეული მხოლოდ ერთ თავზე მიყენებულმა ჭრილობამ?
13 უფლის დღის დასაწყისში მხეცს უბედურება ეწია. იოანე ამბობს: „ვიხილე, რომ ერთ თავს სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ სასიკვდილო ჭრილობა შეუხორცდა და მთელი დედამიწა აღტაცებული გაჰყვა მხეცს“ (გამოცხადება 13:3). ამ მუხლში ნათქვამია, რომ მხეცის ერთ თავს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა, თუმცა მე-12 მუხლის თანახმად ჭრილობამ თითქოს მხეცის მთელ სხეულს მიაყენა ზიანი. როგორ? მხეცის ყველა თავი ერთდროულად არ მმართველობს. თითოეული მათგანი დროის გარკვეულ პერიოდში ბატონობდა კაცობრიობაზე, განსაკუთრებით კი ღვთის ხალხზე (გამოცხადება 17:10). ამიტომ უფლის დღის დასაწყისში მხოლოდ ერთი, მეშვიდე თავი მოქმედებს, როგორც მთავარი მსოფლიო მპყრობელი, მაგრამ თავში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა მხეცის მთელ სხეულს აზიანებს.
14. როდის მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა სატანის მხეცს და როგორ აღწერა ერთმა ოფიცერმა ამის შედეგი?
14 რა იყო ეს სასიკვდილო ჭრილობა? მოგვიანებით მას მახვილით მიყენებული ჭრილობა ეწოდა; მახვილი ომის სიმბოლოა. უფლის დღის დასაწყისში მახვილით მიყენებული ჭრილობა პირველ მსოფლიო ომს უნდა უკავშირდებოდეს, რომელმაც გააუბედურა და ძალა გამოაცალა სატანის პოლიტიკურ მხეცს (გამოცხადება 6:4, 8; 13:14). მწერალმა მორის ჟენევუამ, რომელიც ამ ომის დროს ოფიცერი იყო, აღნიშნა: „ყველა დაეთანხმება იმ აზრს, რომ კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე დღე თუ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც 1914 წლის 2 აგვისტო. ჯერ ევროპა და მალე თითქმის მთელი მსოფლიო საშინელ ვითარებაში აღმოჩნდა. ხელშეკრულებები, შეთანხმებები, ზნეობრივი პრინციპები — ყველაფერი დაირღვა; დღითი დღე ყველაფერი ეჭვქვეშ დგებოდა. ეს იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ის, რასაც წინათგრძნობა კარნახობდათ და რასაც რეალურად მოელოდნენ. ამ მასშტაბური, ქაოსური და შემზარავი ომის შედეგებს დღემდე ვიმკით“ (საფრანგეთის აკადემიის წევრის მორის ჟენევუას სიტყვები ციტირებულია წიგნიდან „Promise of Greatness“, 1968 წ.).
15. როგორ მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა მხეცის მეშვიდე თავს?
15 გაბატონებული მეშვიდე თავისთვის ეს ომი დიდი უბედურება იყო. ბრიტანეთმა ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად უამრავი მებრძოლი ახალგაზრდა დაკარგა. მხოლოდ ერთ ბრძოლაში, 1916 წელს, მდინარე სომასთან 420 000 ბრიტანელი, 194 000 ფრანგი და 440 000 გერმანელი, სულ მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა. როგორც ბრიტანეთის, ისე ევროპის სხვა ქვეყნების ეკონომიკამ დიდი ზარალი განიცადა. დარტყმის შედეგად ბრიტანეთის უზარმაზარი იმპერია შეირყა და სრულფასოვნად ვეღარ შეძლო ძალების აღდგენა. ამ ომმა, რომელშიც 28 წამყვანი სახელმწიფო მონაწილეობდა, ისე შეატორტმანა მსოფლიო, თითქოს სასიკვდილოდ დაჭრაო. 1979 წლის 4 აგვისტოს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 65 წლის შემდეგ, ლონდონში გამომავალ ჟურნალ „ეკონომისტში“ ნათქვამი იყო: „1914 წელს მსოფლიომ დაკარგა ერთიანობა, რომლის აღდგენაც დღემდე ვერ მოხერხდა“.
16. პირველი მსოფლიო ომის დროს როგორ დაამტკიცა შეერთებულმა შტატებმა, რომ ორი სახელმწიფოსგან შემდგარი მსოფლიო მპყრობლის ერთი მხარე იყო?
16 იმავე დროს, ამ დიდმა ომმა, როგორც მას მაშინ ეწოდებოდა, შეერთებულ შტატებს, ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის ერთ-ერთ მხარეს, ასპარეზზე გამოსვლის საშუალება მისცა. ომის პირველ წლებში საზოგადოებრივი აზრი აკავებდა შეერთებულ შტატებს კონფლიქტში მონაწილეობისგან. ისტორიკოსი ესმე უინგფილდ-სტრატფორდი წერდა: „ამ უდიდესი კრიზისის დროს ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, მოაგვარებდნენ თუ არა ბრიტანეთი და შეერთებული შტატები უთანხმოებებს და ისარგებლებდნენ თუ არა ერთიანობის უძლეველი ძალითა და ურთიერთნდობით“. მოვლენების განვითარებამ ცხადყო, რომ ისინი ასეც მოიქცნენ. 1917 წელს შეერთებული შტატები თავისი რესურსებითა და სამხედრო ძალით მხარს უჭერდა ანტანტის მოსუსტებულ წევრებს საბრძოლო მოქმედებებში. ამგვარად მეშვიდე თავი — ბრიტანეთი და შეერთებული შტატები, გამარჯვებული გამოვიდა.
17. რა პროგრესი განიცადა სატანის ქვეყნიერებამ ომის შემდეგ?
17 ომმა მსოფლიო ძლიერ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სატანის ქვეყნიერება სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, გამოცოცხლდა და ისე გაძლიერდა, როგორც არასდროს. თვითაღდგენის ასეთი უნარით მან ხალხის აღტაცება გამოიწვია.
18. რატომ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქვეყანა „აღტაცებული გაჰყვა მხეცს“?
18 ისტორიკოსი ჩარლზ მიი უმცროსი წერს: „ძველი წყობის ნგრევა [რაც პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია] აუცილებელი იყო იმისათვის, რომ თვითმმართველობას, ახალი ქვეყნებისა და კლასების გათავისუფლებას, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ფართო მასშტაბებისთვის მიეღწია“. ომის შემდგომი ეპოქის განვითარებაში წამყვანი როლი შეასრულა მხეცის მეშვიდე თავმა, რომელიც განიკურნა. ამჯერად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინა პლანზე გადმოინაცვლა. გაერთიანებული მსოფლიო მპყრობელი პირველი იყო, ვინც მხარს უჭერდა როგორც ერთა ლიგას, ისე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. 2005 წლისთვის შეერთებული შტატები განვითარებულ ქვეყნებს შორის წამყვანი ქვეყანა იყო ცხოვრების მაღალი დონის, დაავადებებთან ბრძოლისა და ტექნიკური პროგრესის თვალსაზრისით. მთვარეზეც კი ავიდა 12 ამერიკელი კოსმონავტი. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მთელი ქვეყანა „აღტაცებული გაჰყვა მხეცს“.
19. ა) მხეცით აღტაცების გარდა კიდევ რას აკეთებს კაცობრიობა? ბ) ვის ძალაუფლებაშია ყველა სამეფო და საიდან ვიცით ეს? გ) როგორ აძლევს სატანა ძალაუფლებას მხეცს და რა გავლენას ახდენს ეს ხალხთა უმრავლესობაზე?
19 კაცობრიობა მხოლოდ მხეცით როდია აღტაცებული. იოანე ამბობს: «მათ თაყვანი სცეს დრაკონს, რადგან მან მისცა ძალაუფლება მხეცს. თაყვანი სცეს მხეცს და თქვეს: „ვინ არის ამ მხეცის მსგავსი და ვის შეუძლია მასთან შებრძოლება?“ » (გამოცხადება 13:4) იესოს დედამიწაზე ყოფნისას სატანამ განაცხადა, რომ ყველა სამეფო მის ძალაუფლებაში იყო. იესოს ეს ფაქტი ეჭვქვეშ არ დაუყენებია; პირიქით, მან სატანა ქვეყნიერების მმართველად მოიხსენია, თავად კი პოლიტიკისგან შორს დაიჭირა თავი. მოგვიანებით იოანემ ჭეშმარიტ ქრისტიანებს მისწერა: „ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19; ლუკა 4:5—8; იოანე 6:15; 14:30). სატანა ნაციონალიზმის გაღვივებით ძალას აძლევს მხეცს. ნაცვლად იმისა, რომ ღვთის მოსაწონი სიყვარულით გაერთიანდნენ, ადამიანებს ეროვნული და რასობრივი სიამაყე აშორებთ ერთმანეთს. ხალხთა უმრავლესობა თაყვანს სცემს მხეცის იმ ნაწილს, რომელიც მათ ქვეყანას მართავს. ამგვარად, მთელი მხეცი იწვევს ხალხის აღტაცებას და იღებს კიდეც თაყვანისცემას.
20. ა) რა გაგებით სცემს თაყვანს ხალხი მხეცს? ბ) რატომ არ სცემენ ქრისტიანები თაყვანს მხეცს და ვის ჰბაძავენ ისინი?
20 რა გაგებით სცემს თაყვანს ხალხი მხეცს? ისინი ღვთის სიყვარულზე წინ თავიანთი ქვეყნის სიყვარულს აყენებენ. უმეტესობას უყვარს თავისი სამშობლო. ჭეშმარიტი ქრისტიანები კარგი მოქალაქეები არიან; ისინი პატივს სცემენ მმართველებს და უპატივცემულოდ არ ეპყრობიან თავიანთი ქვეყნის სიმბოლოებს, ემორჩილებიან კანონებს და ხელს უწყობენ როგორც მთლიანი საზოგადოების, ისე თავიანთი მეზობლების კეთილდღეობას (რომაელები 13:1—7; 1 პეტრე 2:13—17). მაგრამ ისინი ბრმა ერთგულებას ვერ გამოუცხადებენ მხოლოდ ერთ ქვეყანას. „ჩვენი ქვეყანა მაშინაც მართალია, როცა ტყუის“ — ეს გამონათქვამი არ შეესაბამება ქრისტიანულ სწავლებას. ქრისტიანები იეჰოვა ღმერთს სცემენ თაყვანს და ამიტომ ვერ მიიღებენ მონაწილეობას მხეცის ვერც ერთი ნაწილის თაყვანისცემაში, რადგან ეს თვით დრაკონის, ამ მხეცისთვის ძალაუფლების მიმცემის, თაყვანისცემის ტოლფასი იქნებოდა. ისინი არ ამბობენ აღტაცებით: „ვინ არის ამ მხეცის მსგავსი?“ ისინი იეჰოვას უზენაესობას უჭერენ მხარს და ამგვარად მიქაელს ჰბაძავენ, რომლის სახელიც ნიშნავს „ვინ არის ღვთის მსგავსი?“ ღვთის დანიშნულ დროს მიქაელი, ანუ იესო ქრისტე, შეებრძოლება მხეცს და ისეთივე წარმატებით სძლევს მას, როგორი წარმატებითაც მან სატანა ზეციდან გადმოაგდო (გამოცხადება 12:7—9; 19:11, 19—21).
ბრძოლა წმინდების წინააღმდეგ
21. იოანეს სიტყვების თანახმად როგორ აღძრავს სატანა მხეცს?
21 ცბიერმა სატანამ იცის, როგორ აღძრას მხეცი თავისი მიზნებისთვის. იოანე გვიხსნის: „მიეცა მას [შვიდთავიან მხეცს] პირი, რომელიც ამპარტავნულად ლაპარაკობდა და მკრეხელობდა. მიეცა ძალაუფლებაც, რომ ორმოცდაორ თვეს ემოქმედა. გააღო მან პირი ღვთის საგმობად, რათა დაეგმო მისი სახელი, სამკვიდრებელი და ზეცის მკვიდრნი. მას ნება მიეცა, ბრძოლა გაემართა წმინდების წინააღმდეგ და დაეპყრო ისინი. მიეცა მას ძალაუფლება ყოველ ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე. დედამიწის ყველა მკვიდრი თაყვანს სცემს მას. ქვეყნიერების შექმნიდან მოყოლებული არც ერთი მათგანის სახელი არ არის ჩაწერილი სიცოცხლის გრაგნილში, რომელიც დაკლული კრავისაა“ (გამოცხადება 13:5—8).
22. ა) დროის რა მონაკვეთია ნაგულისხმები 42 თვეში? ბ) როგორ იყვნენ „დაპყრობილი“ ცხებული ქრისტიანები 42 თვის განმავლობაში?
22 აქ მოხსენიებული 42 თვე, როგორც ჩანს, ის სამ-ნახევარი წელიწადია, რომლის განმავლობაშიც წმინდებს ავიწროებს დანიელის წინასწარმეტყველებაში აღწერილი ერთ-ერთი მხეცის ერთ-ერთი რქა (დანიელი 7:23—25; იხილეთ აგრეთვე გამოცხადების 11:1—4). 1914 წლის ბოლოდან 1918 წლამდე, როცა ომში ჩაბმული ერები მხეცებივით გლეჯდნენ ერთმანეთს, თავიანთ მოქალაქეებს აიძულებდნენ, თაყვანი ეცათ მხეცისთვის, მონაწილეობა მიეღოთ რელიგიასთან გაიგივებულ ნაციონალიზმში და მომკვდარიყვნენ კიდეც საკუთარი ქვეყნისთვის. ასეთი ზეწოლის გამო მრავალი ცხებული იტანჯებოდა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ პირველ რიგში იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს, იესო ქრისტეს უნდა დამორჩილებოდნენ (საქმეები 5:29). 1918 წლის ივნისში ცხებულები უკიდურესად გამოიცადნენ, როცა ისინი „დაიპყრეს“. შეერთებულ შტატებში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პასუხისმგებელი პირები და სხვა წარმომადგენლები ცრუ ბრალდებების საფუძველზე დააპატიმრეს. ამან სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა ქრისტიანი ძმების ორგანიზებულ ქადაგებას. ვინაიდან მხეცს აქვს ძალაუფლება „ყოველ ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე“, მან მთელ მსოფლიოში შეზღუდა ღვთის საქმე.
23. ა) რას წარმოადგენს „სიცოცხლის გრაგნილი, რომელიც კრავისაა“ და რა უახლოვდება დასასრულს 1918 წლიდან? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ სატანის ხილული ორგანიზაციის გამარჯვება წმინდებზე მხოლოდ მოჩვენებითი იყო?
23 ისე ჩანდა, თითქოს სატანამ და მისმა ორგანიზაციამ გაიმარჯვა. მაგრამ ამას ხანგრძლივი სარგებლობა არ მოუტანია მათთვის, რადგან სატანის ხილული ორგანიზაციის არც ერთი წევრის სახელი არ ჩაწერილა „სიცოცხლის გრაგნილში, რომელიც კრავისაა“. ამ სიმბოლურ გრაგნილში ჩაწერილია მათი სახელები, ვინც იესოსთან ერთად იმეფებს მის ზეციერ სამეფოში. პირველი სახელები ამ გრაგნილში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჩაიწერა. მას შემდეგ გრაგნილს სახელები ემატებოდა. 1918 წლიდან მოყოლებული სამეფოს 144 000 მემკვიდრეთაგან დედამიწაზე მცხოვრებთათვის ბეჭდის დასმა დასასრულს უახლოვდება. მალე ყოველი მათგანის სახელი ერთხელ და სამუდამოდ ჩაიწერება „სიცოცხლის გრაგნილში, რომელიც კრავისაა“. მაგრამ მასში არ ჩაიწერება იმ მოწინააღმდეგეთა სახელები, რომლებიც მხეცს ეთაყვანებიან. ასე რომ მათი გამარჯვება „წმინდებზე“ მხოლოდ მოჩვენებითი და დროებითი იყო.
24. როგორც იოანე ამბობს, რა უნდა მოისმინონ მათ, ვისაც მოსმენის უნარი აქვს, და რას ნიშნავს ეს სიტყვები ღვთის ხალხისთვის?
24 იოანე მოუწოდებს მათ, ვისაც ყურადღებით მოსმენის უნარი აქვს: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს“. შემდეგ კი ამბობს: „ვინც ტყვედ წასაყვანია, ტყვედ მიდის. ვინც სხვას მახვილით მოკლავს, მახვილითვე უნდა მოკვდეს. აქ საჭიროა წმინდათა მოთმინება და რწმენა“ (გამოცხადება 13:9, 10). იერემია მსგავს სიტყვებს წერდა ძვ. წ. 607 წლამდე იმის საჩვენებლად, რომ იეჰოვას განაჩენი ორგულ ქალაქ იერუსალიმზე უეჭველად შესრულდებოდა (იერემია 15:2; იხილეთ აგრეთვე იერემიას 43:11; ზაქარიას 11:9). უმძიმესი გამოცდის დროს იესომ შემდეგი სიტყვებით დაანახვა თავის მიმდევრებს, რომ კომპრომისზე არ უნდა წასულიყვნენ: „ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათე 26:52). დღესაც, უფლის დღის განმავლობაში, ღვთის ხალხმა მტკიცედ უნდა დაიცვას ბიბლიური პრინციპები. მხეცის თაყვანისმცემელი მოუნანიებელი ხალხი ვერ გადარჩება. ყოველ ჩვენგანს სჭირდება მოთმინება და მტკიცე რწმენა, რათა გავუძლოთ დევნასა და გამოცდებს, რომლებიც მომავალში გველოდება (ებრაელები 10:36—39; 11:6).
ორრქიანი მხეცი
25. ა) როგორ აღწერს იოანე მსოფლიო ასპარეზზე გამომავალ კიდევ ერთ სიმბოლურ მხეცს? ბ) რა არის ნაჩვენები ამ მხეცის ორი რქით და მისი მიწიდან ამოსვლით?
25 ახლა კიდევ ერთი მხეცი გამოდის მსოფლიო ასპარეზზე. იოანე გვეუბნება: „ვიხილე სხვა მხეციც, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა ჰქონდა, მაგრამ დრაკონივით ლაპარაკობდა. ის იყენებს პირველი მხეცის მთელ ძალაუფლებას მის თვალწინ და აიძულებს დედამიწასა და მის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა შეუხორცდა. ახდენს დიდ ნიშნებს და ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან დედამიწაზე ადამიანთა თვალწინ“ (გამოცხადება 13:11—13). ამ მხეცს ორი რქა აქვს, რაც ორი პოლიტიკური ძალის თანამშრომლობის სიმბოლოა. მასზე ნათქვამია, რომ ის მიწიდან ამოდის და არა ზღვიდან. ამგვარად ის იმ მიწიერი სისტემიდან გამოდის, რომელიც სატანამ დააფუძნა. ეს უნდა იყოს უკვე არსებული მსოფლიო მპყრობელი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უფლის დღის განმავლობაში.
26. ა) რას წარმოადგენს ორრქიანი მხეცი და რა აქვს საერთო მას პირველ მხეცთან? ბ) რა გაგებით აქვს მას ბატკნის რქების მსგავსი რქები და როგორ ლაპარაკობს დრაკონივით? გ) სინამდვილეში რას ეთაყვანებიან ნაციონალისტები და რასთან არის შედარებული ნაციონალიზმი? (იხილეთ სქოლიო)
26 რას განასახიერებს ის? ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელს, იგივე პირველი მხეცის მეშვიდე თავს, რომელიც ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ამ ხილვაში ის მოხსენიებულია, როგორც ცალკე მდგომი მხეცი იმის დასანახვებლად, რომ ის დამოუკიდებლად მოქმედებს მსოფლიო არენაზე. ეს სიმბოლური ორრქიანი მხეცი ერთსა და იმავე დროს არსებული ორი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალაა, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ. „ბატკნის რქების მსგავსი“ ორი რქა იმაზე მეტყველებს, რომ მხეცს თავი ისე მოაქვს, თითქოს მშვიდი და უწყინარია. ის ფიქრობს, რომ მისი მმართველობის ფორმა იმდენად პროგრესულია, მთელმა მსოფლიომ მას უნდა მიჰბაძოს. მაგრამ ის „დრაკონივით“ ლაპარაკობს, ანუ ყველგან, სადაც მისი მმართველობის ფორმას უარყოფენ, ის ზეწოლას ახდენს ხალხზე და არც მუქარისა და ძალადობისგან იკავებს თავს. ხალხს არ მოუწოდებს, დაემორჩილონ ღვთის სამეფოს, რომელსაც სათავეში ღვთის კრავი უდგას; ის სატანის, დიდი დრაკონის ინტერესებს იცავს, ნაციონალიზმით ყოფს და აძულებს ერებს ერთმანეთს. ამგვარად ის ხელს უწყობს პირველი მხეცის თაყვანისცემასc.
27. ა) რას გვეუბნება ორრქიან მხეცზე ის ფაქტი, რომ მას ცეცხლი ჩამოაქვს ციდან? ბ) როგორ უყურებს ხალხი ორრქიან მხეცს?
27 ეს ორრქიანი მხეცი დიდ ნიშნებს ახდენს, ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან (შეადარეთ მათეს 7:21—23). ეს ბოლო ნიშანი იმ დროს გვახსენებს, როცა ძველად მცხოვრები ღვთის წინასწარმეტყველი ელია ბაალის წინასწარმეტყველებს დაუპირისპირდა. როცა მან იეჰოვას სახელით ზეციდან ცეცხლი ითხოვა და ჩამოვარდა კიდეც, დადასტურდა, რომ ელია, ბაალის წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით, ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო (1 მეფეები 18:21—40). ბაალის წინასწარმეტყველთა მსგავსად, ეს ორრქიანი მხეციც თავს უფლებას აძლევს, რომ იწინასწარმეტყველოს (გამოცხადება 13:14, 15; 19:20). ის აცხადებს, რომ მან ორ მსოფლიო ომში დაამარცხა ბოროტი ძალები და გაიმარჯვა ეგრეთ წოდებულ უღვთო კომუნიზმზე. მრავალი ორრქიან მხეცს თავისუფლების დამცველად და მატერიალური კეთილდღეობის წყაროდ მიიჩნევს.
მხეცის ქანდაკება
28. როგორ გვიჩვენებს იოანე, რომ ორრქიანი მხეცი არც ისეთი უწყინარია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს?
28 ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა იმის მაჩვენებელია, რომ მხეცი უწყინარია? იოანე ამბობს: „შეცდომაში შეჰყავს დედამიწის მკვიდრნი ნიშნებით, რომლებიც მხეცის თვალწინ მოსახდენად მიეცა მას, და ეუბნება დედამიწის მკვიდრთ, გააკეთონ იმ მხეცის ქანდაკება, მახვილით სასიკვდილო ჭრილობა რომ ჰქონდა მიყენებული, მაგრამ გაცოცხლდა. მას ნება მიეცა, მხეცის ქანდაკებისთვის სული ჩაედგა, რათა მხეცის ქანდაკებას ისე ელაპარაკა და ემოქმედა, რომ დახოცილიყო ყველა, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ქანდაკებას“ (გამოცხადება 13:14, 15).
29. ა) რა მიზანს ემსახურება მხეცის ქანდაკება და როდის შეიქმნა ის? ბ) რატომ არ არის მხეცის ქანდაკება უსიცოცხლო?
29 რა არის „მხეცის ქანდაკება“ და რა მიზანი აქვს მას? მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს იმ შვიდთავიანი მხეცის თაყვანისცემას, რომელსაც ჰგავს, და ამგვარად, ასე ვთქვათ, უკვდავყოს ის. ეს ქანდაკება მას შემდეგ იქმნება, რაც შვიდთავიან მხეცს მახვილით მიყენებული ჭრილობა უხორცდება, ანუ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ეს არ ჰგავს ნაბუქოდონოსორის მიერ დურას ველზე აღმართულ უსიცოცხლო ქანდაკებას (დანიელი 3:1). ორრქიანმა მხეცმა სული ჩაუდგა ამ ქანდაკებას, რომ გაცოცხლებულიყო და მსოფლიო ისტორიაში თავისი როლი შეესრულებინა.
30, 31. ა) როგორც ისტორია ცხადყოფს, რას წარმოადგენდა ეს „ქანდაკება“? ბ) დახოცეს თუ არა ვინმე იმის გამო, რომ თაყვანი არ სცეს „ქანდაკებას“? ახსენით.
30 ისტორიამ ცხადყო, რომ ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა „ქანდაკება“, რომელმაც მათივე მხარდაჭერით განაგრძო არსებობა და რომელიც თავდაპირველად ერთა ლიგის სახელით იყო ცნობილი. მოგვიანებით, გამოცხადების მე-17 თავში ის სხვა სიმბოლოთი, ანუ ცოცხალი ალისფერი მხეცის სახით არის წარმოდგენილი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია „ლაპარაკობს“, ანუ იკვეხნის, რომ მხოლოდ მას შეუძლია ქვეყნად მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება. სინამდვილეში ის იქცა ისეთ საკრებულოდ, სადაც გრძელი სიტყვით გამოდიან და ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ის ნებისმიერ ერსა თუ ქვეყანას ემუქრება, რომ მოკვეთს საერთაშორისო საზოგადოებიდან, თუ არ სცნობს მის ძალაუფლებას. მან გარიცხა ის ქვეყნები, რომლებიც არ იზიარებდნენ მის იდეოლოგიას. დიდი გასაჭირის დასაწყისში, მხეცის ქანდაკების მილიტარისტული „რქები“ გამანადგურებლის როლს შეასრულებენ (გამოცხადება 7:14; 17:8, 16).
31 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მხეცის ქანდაკება, რომელიც ამჟამად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახით გვევლინება, პირდაპირი გაგებით ხოცავდა. მაგალითად, 1950 წელს გაეროს შეიარაღებულმა ძალებმა მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის გაჩაღებულ ომში. გაეროს შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ კორეელებთან ერთად დაახლოებით 1 420 000 ჩრდილოეთ კორეელი და ჩინელი დახოცეს. 1960—1964 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯარები აქტიურად იყვნენ ჩაბმული კონგოში (დღევანდელი ზაირი) მიმდინარე კონფლიქტში. მსოფლიო წინამძღოლები, მათ შორის პაპები პავლე VI და იოანე პავლე II, ამტკიცებდნენ, რომ ეს „ქანდაკება“ კაცობრიობის უკანასკნელი და რეალური იმედი იყო მშვიდობის მისაღწევად. ისინი დაჟინებით ამტკიცებენ, რომ კაცობრიობა თავს დაიღუპავს, თუ არ ემსახურება „ქანდაკებას“. ამგვარად ისინი, ასე ვთქვათ, ხოცავენ მათ, ვისაც არ სურს დაემორჩილოს და თაყვანი სცეს ამ „ქანდაკებას“ (მეორე კანონი 5:8, 9).
მხეცის ნიშანი
32. იოანეს სიტყვების თანახმად როგორ იყენებს სატანა თავისი ხილული ორგანიზაციის პოლიტიკურ ნაწილს, რათა ტანჯვა მიაყენოს ღვთის ზეციერი ქალის შთამომავლებს?
32 ახლა იოანე ხედავს, როგორ იყენებს სატანა თავისი ხილული ორგანიზაციის პოლიტიკურ ნაწილს, რათა დიდი ტანჯვა მიაყენოს ღვთის ზეციერი ქალის შთამომავლებს, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობენ (დაბადება 3:15). იოანე განაგრძობს მხეცის აღწერას: „ის იძულებულს ხდის ყველას, დიდებსა და პატარებს, მდიდრებსა და ღარიბებს, თავისუფლებსა და მონებს, რომ დაასვან მათ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე და რომ ვერავინ შეძლოს ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი, მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი. ეს სიბრძნეს მოითხოვს; გონიერმა გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან ეს ადამიანის რიცხვია. მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი“ (გამოცხადება 13:16—18).
33. ა) რა ჰქვია მხეცს? ბ) რას უკავშირდება რიცხვი ექვსი? ახსენით.
33 მხეცს აქვს სახელი, და ეს სახელი არის 666. ექვსიანი იეჰოვას მტრების ნიშანია. მაგალითად, ფილისტიმელ ბუმბერაზს, რეფაიმთა ნაშიერს „ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი“ ჰქონდა (1 მატიანე 20:6). მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა ოქროს ქანდაკება, სიმაღლით 60 წყრთა და სიგანით 6 წყრთა, რათა სამეფოს მოხელეები ერთ თაყვანისმცემლობაში გაეერთიანებინა. მეფემ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა ღვთის მსახურები, რომლებმაც უარი თქვეს მისი ოქროს ქანდაკების თაყვანისცემაზე (დანიელი 3:1—23). ექვსი შვიდზე ნაკლებია. შვიდი ღვთის თვალსაზრისით სისრულის სიმბოლოა. აქედან გამომდინარე, სამი ექვსიანით უკიდურესი არასრულყოფილებაა წარმოდგენილი.
34. ა) რაზე მეტყველებს ის, რომ მხეცის რიცხვი „ადამიანის რიცხვია“? ბ) რატომ შეეფერება სახელი 666 სატანის მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას?
34 სახელი წარმოდგენას გვიქმნის მასზე, ვინც ამ სახელს ატარებს. რას გვეუბნება ეს რიცხვი მხეცის შესახებ? იოანე ამბობს, რომ ეს „ადამიანის რიცხვია“ და არა სულიერი პიროვნების. ამგვარად ვიგებთ, რომ მხეცი მიწიერია; ის ადამიანთა მთავრობას განასახიერებს. ექვსი ვერ უტოლდება შვიდს, ამგვარად 666 ანუ სამმაგი ექვსიანი შესაფერისი სახელია გიგანტური მსოფლიო პოლიტიკური სისტემისთვის, რომელიც ღვთის თვალსაზრისით შორს არის სრულყოფილებისგან. მსოფლიო პოლიტიკური მხეცი, რომელსაც 666 ჰქვია, უდიდესი ძალაუფლებით სარგებლობს. მსოფლიო პოლიტიკა, რელიგია და კომერცია ასულდგმულებს ამ მხეცს, კაცობრიობის მჩაგვრელსა და ღვთის ხალხის მდევნელს.
35. რას ნიშნავს მხეცის სახელი შუბლზე ან მარჯვენა ხელზე?
35 რას ნიშნავს მხეცის სახელი შუბლზე ან მარჯვენა ხელზე? როცა იეჰოვამ ისრაელს კანონი მისცა, უთხრა: „გულსა და სულში ჩაიბეჭდეთ ეს სიტყვები, შეიბით ნიშნად ხელზე და გაიკეთეთ შუბლზე“ (მეორე კანონი 11:18). ეს იმას ნიშნავდა, რომ ისრაელებს ყოველთვის უნდა ხსომებოდათ კანონი, რათა ამ კანონს გავლენა მოეხდინა მათ საქმეებსა და აზროვნებაზე. 144 000 ცხებულზე ნათქვამია, რომ მათ შუბლებზე მამისა და იესოს სახელები აწერიათ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს ეკუთვნიან (გამოცხადება 14:1). მსგავსად ამისა, სატანაც იყენებს მხეცის დემონურ ნიშანს. მათ, ვინც ყოველდღიური საქმიანობით არის დაკავებული, დავუშვათ, ყიდულობს ან ყიდის, აიძულებენ ყველაფერი მხეცის სურვილისამებრ აკეთონ, მაგალითად, მონაწილეობა მიიღონ დღესასწაულებში. მათგან მოელიან, რომ მხეცს სცენ თაყვანი, რათა მხეცმა მართოს მათი ცხოვრება და დაადოს თავისი ნიშანი.
36. რა პრობლემებს ხვდებიან ისინი, ვინც უარს ამბობენ მხეცის ნიშნის მიღებაზე?
36 ვინც უარს ამბობს მხეცის ნიშნის მიღებაზე, მუდამ სირთულეებს ხვდება. მაგალითად, XX საუკუნის 30-იანი წლებიდან, მათ არაერთი სასამართლო პროცესის გამო მოუწიათ ბრძოლა, მოუწიათ ბრბოს სასტიკი თავდასხმებისა და დევნის სხვა ფორმების ატანა. ტოტალიტარულ ქვეყნებში მათ საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ, სადაც მრავალი დაიხოცა. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული მრავალ ახალგაზრდას ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს, ზოგიერთი აწამეს და მოკლეს ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვის გამო. არის ქვეყნები, სადაც ბევრ ქრისტიანს პირდაპირი გაგებით არ შეუძლია ყიდვა-გაყიდვა. მრავალს არა აქვს უფლება, ჰქონდეს კერძო საკუთრება. ზოგს აუპატიურებენ, ხოცავენ ან თავიანთი ქვეყნიდან აძევებენ. რატომ ხდება ეს? მათ სურთ სუფთა სინდისის შენარჩუნება და ამიტომ უარს ამბობენ პოლიტიკური პარტიის ბილეთის ყიდვაზეd (იოანე 17:16).
37, 38. ა) რატომ არის რთული ქვეყნიერებაში ცხოვრება მათთვის, ვინც უარს ამბობს მხეცის ნიშნის მიღებაზე? ბ) ვინ ინარჩუნებს ერთგულებას და რისი კეთება სურთ მათ?
37 დედამიწის ზოგიერთ კუთხეში რელიგია იმდენად ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომ ის, ვინც ბიბლიურ ჭეშმარიტებას უჭერს მხარს, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან უარყოფილია. ამ დროს მოთმინებისთვის საჭიროა დიდი რწმენა (მათე 10:36—38; 17:22). ქვეყნიერებაში, სადაც ხალხის უმრავლესობა თაყვანს სცემს სიმდიდრეს, და სადაც უპატიოსნობას ფეხი აქვს მოკიდებული, ჭეშმარიტი ქრისტიანები ხშირ შემთხვევაში მთელი გულით უნდა მიენდონ იეჰოვას და სიმართლის გზაზე მისი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ (ფსალმუნი 11:7; ებრაელები 13:18). უზნეობით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში დიდი ძალისხმევაა საჭირო სიწმინდის შესანარჩუნებლად. ქრისტიანებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადებით არიან დაავადებული, ხშირად ექიმები და ექთნები აიძულებენ, დაარღვიონ ღვთის კანონი და არ დაიცვან სისხლის სიწმინდე. მათ ზოგჯერ იმ სასამართლო გადაწყვეტილებების წინააღმდეგაც უწევთ ბრძოლა, რომელიც მათ რწმენას ეწინააღმდეგება (საქმეები 15:28, 29; 1 პეტრე 4:3, 4). ახლა, როცა უმუშევართა რიცხვი მატულობს, ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის უფრო რთული ხდება ისეთი სამსახურის პოვნა, რომელიც ღვთისადმი მათ ერთგულებას საფრთხეს არ შეუქმნის (მიქა 4:3, 5).
38 მათთვის, ვისაც მხეცის ნიშანი არა აქვს, ნამდვილად რთულია ქვეყნიერებაში ცხოვრება. იეჰოვას ძალასა და მისგან მომდინარე კურთხევებზე მეტყველებს ის, რომ ქალის შთამომავალთაგან ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრებნი და მათთან ერთად ექვს მილიონზე მეტი უამრავი ხალხი, დიდი ზეწოლის მიუხედავად, ღვთის ერთგულები რჩებიან (გამოცხადება 7:9). გაერთიანებულად, მთელ მსოფლიოში, კვლავაც განვადიდოთ იეჰოვა და მისი სამართლიანი გზები და უარი ვთქვათ მხეცის ნიშნის მიღებაზე (ფსალმუნი 34:1—3).
[სქოლიოები]
a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება“, გვ. 165—179. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
b „წმინდა იოანეს გამოცხადების განმარტება“, რ. კ. ჰ. ლენსკი, გვ. 390, 391.
c ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ნაციონალიზმი სინამდვილეში რელიგიაა. ამგვარად ნაციონალისტი ხალხი თაყვანს სცემს მხეცის იმ ნაწილს, რომლითაც მათი ქვეყანაა წარმოდგენილი. შეერთებულ შტატებში გაბატონებულ ნაციონალიზმზე ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „თუ ნაციონალიზმს შევხედავთ როგორც რელიგიას, მას ბევრი საერთო აღმოაჩნდება ძველი დროის წამყვან რელიგიებთან. . . ადამიანი, რომელიც რელიგიასთან გაიგივებულ ნაციონალიზმს ემსახურება, აღიარებს, რომ დამოკიდებულია თავის ღმერთზე, ანუ სახელმწიფოზე. ის გრძნობს, რომ ამ ღმერთის დახმარება სჭირდება. ის მას მიიჩნევს სრულყოფილებისა და ბედნიერების წყაროდ. ის მორჩილია რელიგიური ფანატიზმის გამო. . . მის თვალში ერი მარადარსებულია და თუ მისი თავდადებული შვილები იხოცებიან, ეს უკვდავყოფს ერის სახელსა და დიდებას“ (კარლტონ ჯ. ფ. ჰეიზი, ციტატა მოყვანილია ჯ. პოლ უილიამზის წიგნიდან „What Americans Believe and How They Worship“, გვ. 359).
d იხილეთ: „იეჰოვას მოწმეთა 1999 წლის წელიწდეული“, გვერდები 171—176, 189 (რუს.). აგრეთვე იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ ნომრები: 1996 წლის 1 სექტემბერი, გვერდები 25—28 (რუს.); 1996 წლის 15 მარტი, გვერდი 7 (რუს.); 1994 წლის 15 იანვარი, გვერდი 5 (რუს.); 2000 წლის 1 აპრილი, გვერდები 25—27.
[სურათი 195 გვერდზე]
მას ნება მიეცა, მხეცის ქანდაკებისთვის სული ჩაედგა.