თავი 30
„დაეცა დიდი ბაბილონი!“
1. რას აცხადებს მეორე ანგელოზი და რას წარმოადგენს დიდი ბაბილონი?
მოვიდა ღვთის სასამართლოს საათი! ისმინეთ ღვთისგან შთაგონებული ცნობა: «მოჰყვა მას მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: „დაეცა! დაეცა დიდი ბაბილონი, რომელიც თავისი სიძვის მრისხანების ღვინოს ასმევდა ყველა ერს!“ » (გამოცხადება 14:8) „გამოცხადების“ წიგნი პირველად, მაგრამ არა უკანასკნელად, ამახვილებს ყურადღებას „დიდ ბაბილონზე“. მოგვიანებით მე-17 თავში ის აღწერილი იქნება, როგორც ავხორცი მეძავი. ვინ არის ეს მეძავი? როგორც დავინახავთ, ის მსოფლიო ცრუ რელიგიური სამყაროა, რომელიც სატანამ შექმნა და მას ღვთის ზეციერი ქალის შთამომავლობის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს (გამოცხადება 12:17). ამგვარად, „დიდ ბაბილონში“, ცრუ რელიგიურ სამყაროში, ერთიანდება ყველა ის რელიგია, რომელიც ძველი ბაბილონის სწავლებებსა და წეს-ჩვეულებებს იზიარებს და მის სულს ირეკლავს.
2. ა) როგორ გავრცელდა ბაბილონური რელიგია მთელ დედამიწაზე? ბ) რა არის დიდი ბაბილონის ძირითადი ნაწილი და როდის გამოჩნდა ის, როგორც ძლიერი ორგანიზაცია?
2 იეჰოვამ 4 000-ზე მეტი წლის წინათ ბაბილონში ენები აურია ბაბილონის გოდლის მშენებლებს. სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები მთელ დედამიწაზე გაიფანტნენ და თან წაიღეს ის ცრუ სწავლებები და წეს-ჩვეულებები, რაც დღევანდელი რელიგიების უმეტესობას უდევს საფუძვლად (დაბადება 11:1—9). „დიდი ბაბილონი“ სატანის ორგანიზაციის რელიგიური ნაწილია (შეადარეთ იოანეს 8:43—47). მისი ძირითადი ნაწილი განდგომილი ქრისტიანული სამყაროა. ეს უკანონოდ მოქმედი ძლიერი ორგანიზაცია ქრისტეს შემდეგ IV საუკუნეში გამოჩნდა. მისი მრწამსი და ადათ-წესები ძირითადად ბიბლიიდან კი არა, ბაბილონური რელიგიიდან იღებს სათავეს (2 თესალონიკელები 2:3—12).
3. რა გაგებით დაეცა „დიდი ბაბილონი“?
3 შეიძლება დაინტერესდეთ, რატომ აცხადებს ანგელოზი დიდი ბაბილონის დაცემას, როცა რელიგია ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენს დედამიწაზე. რა მოჰყვა ძველი ბაბილონის დაცემას ძვ. წ. 539 წელს? ისრაელი გათავისუფლდა და სამშობლოში დაბრუნდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღსადგენად. ამგვარად 1919 წელს სულიერი ისრაელის გამოცოცხლება და მისი სულიერი კეთილდღეობა, რომელიც სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, იმაზე მეტყველებს, რომ „დიდი ბაბილონი“ ამ წელს დაეცა. ის მეტად ვეღარ აკავებს ღვთის ხალხს და თავის რიგებშიც კი დიდ სირთულეებს ხვდება. 1919 წლიდან მისი გახრწნილება, უპატიოსნობა და უზნეობა გამომზეურდა. ევროპის მრავალ ქვეყანაში ცოტანი თუ დადიან ეკლესიაში. ღვთის სიტყვის მოყვარულთა თვალში დამცირებული „დიდი ბაბილონი“ თავისი სასჯელის აღსრულებას ელოდება, როცა იეჰოვა თავის სამართლიან განაჩენს აღასრულებს მასზე.
ბაბილონის სამარცხვინო დაცემა
4—6. როგორ ასმევდა დიდი ბაბილონი „თავისი სიძვის მრისხანების ღვინოს ყველა ერს“?
4 მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ, რა ვითარებაში მოხდა ბაბილონის სამარცხვინო დაცემა. ანგელოზი გვეუბნება, რომ „დიდი ბაბილონი. . . თავისი სიძვის მრისხანების ღვინოს ასმევდა ყველა ერს“. რას ნიშნავს ეს? ეს დაპყრობას ნიშნავს, რაც იეჰოვას მიერ იერემიას მიმართ ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს: „გამომართვიო რისხვის ღვინით სავსე სასმისი და დაალევინეო ყველა ხალხს, რომელთანაც გგზავნი. დალიონ, იბარბაცონ და შეიშალონო იმ მახვილის გამო, რომელსაც ვუგზავნი“ (იერემია 25:15, 16). ძვ. წ. VII და VI საუკუნეებში იეჰოვა ძველი ბაბილონის ხელით ასმევდა გასაჭირით სავსე სიმბოლურ სასმისს მრავალ ხალხს, მათ შორის განდგომილ იუდას, რის შედეგადაც მისი ხალხი ტყვეობაში ჩავარდა; თუმცა, თავის მხრივ, ბაბილონიც დაეცა, რადგან მისმა მეფემ იეჰოვას, „ზეციერი უფლის“ წინააღმდეგ აღიმაღლა თავი (დანიელი 5:23).
5 „დიდმა ბაბილონმაც“ მიაღწია გამარჯვებებს, მაგრამ ძირითადად, ვერაგულად. ის „ასმევდა ყველა ერს“ და მეძავივით აცდუნებდა მათ. ის სულიერი გაგებით მეძაობდა მათთან. ის აცდუნებდა პოლიტიკურ მმართველებს, კავშირი რომ დაემყარებინათ მასთან და ემეგობრათ. ის თავის მაცდუნებელ ძალას იყენებს, რომ პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და კომერციაზე გავლენა მოახდინოს. ის პოლიტიკური და კომერციული მიზნებიდან გამომდინარე ახორციელებდა რელიგიურ დევნას და აჩაღებდა ომებს, აწყობდა ჯვაროსნულ ლაშქრობებს და ხელს უწყობდა საერთაშორისო კონფლიქტებს. ის ამ ომებს წმინდად აცხადებდა და ამტკიცებდა, რომ ეს ომები ღვთის ნებით მიმდინარეობდა.
6 ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ XX საუკუნეში რელიგია ერეოდა ომებსა და პოლიტიკაში სინტოისტურ იაპონიაში, ინდუისტურ ინდოეთში, ბუდისტურ ვიეტნამში, „ქრისტიანულ“ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ლათინურ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე მსოფლიო ომის დროს არმიის მღვდლები, როგორც ერთი, ისე მეორე მოწინააღმდეგე მხარის ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, დაეხოცათ ერთმანეთი. იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ „ეარშიყებოდა“ პოლიტიკას „დიდი ბაბილონი“, არის მისი მონაწილეობა 1936—1939 წლებში ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში, რომელშიც, სულ მცირე, 600 000 ადამიანი დაიღუპა. ამ სისხლისღვრის მიზეზი გარკვეულწილად ესპანეთის მთავრობის მიერ ეკლესიის ქონებისა და სტატუსისთვის საფრთხის შექმნა იყო, რაც კათოლიკური სამღვდელოების მომხრეებსა და მათ მოკავშირეებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ.
7. ვინ არის „დიდი ბაბილონის“ მთავარი სამიზნე და რა მეთოდებს იყენებს ის მის წინააღმდეგ?
7 „დიდი ბაბილონი“ სატანის შთამომავლობის რელიგიური ნაწილია, ამიტომ იეჰოვას ზეციერი „ქალი“ და „ზედა იერუსალიმი“ მისი მთავარი სამიზნეა. I საუკუნეში ცხადი გახდა, რომ ქალის შთამომავლობას ცხებულ ქრისტიანთა კრება წარმოადგენდა (დაბადება 3:15; გალატელები 3:29; 4:26). „დიდი ბაბილონი“ მთელი ძალით ცდილობდა, სულიერი გაგებით მეძაობაში ჩაეთრია ეს წმინდა კრება და ამგვარად დაეძლია ის. მოციქულები პავლე და პეტრე აფრთხილებდნენ ქრისტიანებს, რომ მრავალი აჰყვებოდა ცდუნებას, რის შედეგადაც დიდი განდგომილება დაიწყებოდა (საქმეები 20:29, 30; 2 პეტრე 2:1—3). იესოს სიტყვებიდან, რომლებითაც მან შვიდ კრებას მიმართა, ჩანს, რომ იოანეს სიცოცხლის ბოლო პერიოდში „დიდი ბაბილონი“ ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას აღწევდა (გამოცხადება 2:6, 14, 15, 20—23). იესოს ადრე ისიც ჰქონდა ნათქვამი, რისი უფლება მიეცემოდა „დიდ ბაბილონს“.
ხორბალი და სარეველა
8, 9. ა) რას ნიშნავდა ხორბალსა და სარეველაზე მოყვანილი იესოს მაგალითი? ბ) რა მოხდა, „როცა ხალხს ეძინა“?
8 თავის მაგალითში ხორბალსა და სარეველაზე, იესო საუბრობდა კაცზე, რომელმაც კარგი თესლი დათესა მინდორში. „როცა ხალხს ეძინა“, მტერი მოვიდა და სარეველა ჩათესა ხორბალში. ასე რომ, ხორბალი სარეველაში ჩაიკარგა. იესომ ასე ახსნა ეს მაგალითი: „კარგი თესლის მთესველი კაცის ძეა, მინდორი ქვეყნიერებაა, კარგი თესლი სამეფოს ძეები არიან, სარეველა — ბოროტის ძეები, მტერი, რომელმაც ის დათესა, ეშმაკია“. მან ახსნა, რომ ხორბალი და სარეველა ერთად გაიზრდებოდა, ვიდრე დადგებოდა „ქვეყნიერების წყობის აღსასრული“, როცა ანგელოზები სიმბოლურ სარეველას მოაგროვებდნენ (მათე 13:24—30, 36—43).
9 ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იესო და მოციქულები, პავლე და პეტრე, ამბობდნენ. „როცა ხალხს ეძინა“ — შესაძლოა მოციქულების სიკვდილის შემდეგ ან მაშინ, როცა ქრისტიანმა ზედამხედველებმა ჩათვლიმეს და უყურადღებოდ დატოვეს ღვთის ფარა — ბაბილონიდან წამოსულმა განდგომილებამ თავი იჩინა კრებაში (საქმეები 20:31). მალე სარეველა ისე გაიზარდა, რომ ხორბალი სულ დაიჩრდილა. საუკუნეების განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს „ქალის შთამომავლობა“ მთლიანად ჩაიკარგა „დიდი ბაბილონის“ კალთებში.
10. რა დაიწყო XIX საუკუნის 70-იან წლებში და როგორ რეაგირებდა ამაზე „დიდი ბაბილონი“?
10 ცხებულმა ქრისტიანებმა XIX საუკუნის 70-იანი წლებისთვის მიზანმიმართულად დაიწყეს დიდი ბაბილონის გახრწნილი გზებიდან ჩამოშორება. მათ მიატოვეს ცრუ სწავლებები, რომლებიც ქრისტიანულმა სამყარომ წარმართობისგან შეისისხლხორცა, და ბიბლიის მეშვეობით გაბედულად ქადაგებდნენ, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროები 1914 წელს დასრულდებოდა. დიდი ბაბილონის მთავარი იარაღი ანუ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ეწინააღმდეგებოდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენის მცდელობას. პირველი მსოფლიო ომის დროს მათ ისარგებლეს ომით გამოწვეული არეულობით ერთგული ქრისტიანების პატარა ჯგუფის მოსასპობად. 1918 წელს, როცა მათი საქმიანობა თითქმის შეჩერდა, ისე ჩანდა, თითქოს „დიდმა ბაბილონმა“ გაიმარჯვაო.
11. რა მოჰყვა ძველი ბაბილონის დაცემას?
11 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამაყი ქალაქი ბაბილონი ძვ. წ. 539 წელს სამარცხვინოდ დაეცა. მაშინ გაისმა ხმა: „დაეცა! დაეცა ბაბილონი!“ მსოფლიო მპყრობლის ეს დიდებული ქალაქი ხელში ჩაუვარდა მიდია-სპარსეთის ჯარს, რომელსაც კიროს დიდი მეთაურობდა. მართალია, ბაბილონი არ გაუნადგურებიათ, მაგრამ მან აშკარად დაკარგა ძალაუფლება. შედეგად იუდეველები ტყვეობიდან გათავისუფლდნენ და წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად იერუსალიმში დაბრუნდნენ (ესაია 21:9; 2 მატიანე 36:22, 23; იერემია 51:7, 8).
12. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ „დიდი ბაბილონი“ დაეცა ჩვენს დროში? ბ) რამ ცხადყო, რომ იეჰოვამ აშკარად უარყო ქრისტიანული სამყარო?
12 ჩვენს დროში გაისმა ხმა, რომ დიდი ბაბილონი დაეცა. 1918 წელს ბაბილონური სწავლებების გავლენაში მოქცეული ქრისტიანული სამყაროს მიერ მიღწეული დროებითი წარმატება აშკარა წარუმატებლობად იქცა 1919 წელს, როცა ცხებულთა დარჩენილი ნაწილი, იოანეს კლასი, სულიერი გაგებით აღდგა. დიდი ბაბილონი იმ გაგებით დაეცა, რომ ის მეტად ვეღარ აკავებდა ღვთის ხალხს ტყვეობაში. ქრისტეს ცხებული ძმები კალიების მსგავსად ამოვიდნენ უფსკრულიდან და მზად იყვნენ საქმის შესასრულებლად (გამოცხადება 9:1—3; 11:11, 12). ისინი წარმოადგენდნენ თანამედროვე „ერთგულ და გონიერ მონას“. ბატონმა მათ მთელი თავისი ქონება ჩააბარა დედამიწაზე (მათე 24:45—47). იეჰოვა ასე იყენებდა მათ, რაც იმას ცხადყოფდა, რომ ღმერთმა უარყო ქრისტიანული სამყარო, მიუხედავად იმისა, რომ მას დედამიწაზე ღვთის წარმომადგენლად მოაქვს თავი. აღდგა წმინდა თაყვანისმცემლობა და შესაძლებელი გახდა ბეჭდის დასმა 144 000-გან ანუ ქალის შთამომავლებისგან დარჩენილებისთვის, დიდი ბაბილონის ძველი მტრებისთვის. ეს სატანის რელიგიური ორგანიზაციის საბოლოო დამარცხებას მოასწავებს.
წმინდათა მოთმინება
13. ა) რას აცხადებს მესამე ანგელოზი? ბ) რა განაჩენს აღასრულებს იეჰოვა მათზე, ვისაც მხეცის ნიშანი აქვს?
13 ახლა მესამე ანგელოზი იწყებს ლაპარაკს. ისმინეთ! «მოჰყვა მათ მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: „თუ ვინმე თაყვანს სცემს მხეცსა და მის ქანდაკებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე, ისიც დალევს ღვთის რისხვის ღვინოს, რომელიც გაუზავებლად ისხმება მისი რისხვის სასმისში“ » (გამოცხადება 14:9, 10ა). როგორც გამოცხადების 13:16, 17-დან გავიგეთ, უფლის დღის განმავლობაში ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ქანდაკებას, დიდ სირთულეებს შეხვდებოდა, ზოგს მოკლავდნენ კიდეც. ახლა კი გავიგებთ, რომ იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს განაჩენის აღსრულება მათზე „ვისაც აქვს ნიშანი, მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი“. მათ მოუწევთ იეჰოვას „რისხვის სასმისის“ შესმა. რას ნიშნავს ეს მათთვის? ძვ. წ. 607 წელს, როცა იეჰოვამ აიძულა იერუსალიმი, შეესვა „მისი რისხვის სასმისიდან“, ქალაქს ბაბილონელების ხელით თავს დაატყდა „ძარცვა და დაქცევა, შიმშილი და მახვილი“ (ესაია 51:17, 19). მსგავსადვე, მათაც, ვინც აკერპებს დედამიწის პოლიტიკურ ძალებსა და მათ „ქანდაკებას“, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, იეჰოვას რისხვის სასმისის დალევა უბედურებას მოუტანს (იერემია 25:17, 32, 33). ისინი საბოლოოდ განადგურდებიან.
14. განადგურებამდე რისი გადატანა მოუწევთ მხეცისა და მისი ქანდაკების თაყვანისმცემლებს და როგორ აღგვიწერს ამას იოანე?
14 ვიდრე ეს მოხდება, ისინი, ვისაც მხეცის ნიშანი აქვს, იეჰოვას უკმაყოფილების გამო დაიტანჯებიან. მხეცისა და მისი ქანდაკების თაყვანისმცემელზე საუბრისას ანგელოზი ეუბნება იოანეს: „ცეცხლითა და გოგირდით დაიტანჯება წმინდა ანგელოზებისა და კრავის თვალწინ. მათი ტანჯვის კვამლი არ შეწყდება მარადიულად; მხეცისა და მისი ქანდაკების თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც მისი სახელის ნიშანს იღებს, მოსვენება არ ექნებათ არც დღისით და არც ღამით“ (გამოცხადება 14:10ბ, 11).
15, 16. რა მნიშვნელობითაა გამოყენებული გამოცხადების 14:10-ში სიტყვები „ცეცხლი და გოგირდი“?
15 ზოგის აზრით, აქ მოხსენიებული ცეცხლი და გოგირდი ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის არსებობას ადასტურებს. მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ ერთ-ერთ მსგავს წინასწარმეტყველებას, მივხვდებით, სინამდვილეში რას ნიშნავს ეს სიტყვები ამ კონტექსტში. ესაიას პირით იეჰოვამ გააფრთხილა ედომი, რომ ისრაელის მტრობისათვის დაისჯებოდა. იეჰოვამ თქვა: „მისი მდინარეები კუპრად იქცევა, მისი მტვერი — გოგირდად, მისი მიწა — მოგიზგიზე კუპრად; არ ჩაქრება დღედაღამ, მარადიულად ავა მისი კვამლი. გადამწვარი იქნება თაობიდან თაობაში. არავინ გაივლის იქ სამარადისოდ“ (ესაია 34:9, 10).
16 ნუთუ მითიურ ჯოჯოხეთში, მარადიულ ცეცხლში მოხვდა ედომი? რა თქმა უნდა, არა. სინამდვილეში ეს ერი გაქრა მსოფლიო სცენიდან, თითქოს ცეცხლმა და გოგირდმა შთანთქაო. ამ სასჯელის საბოლოო შედეგი მარადიული ტანჯვა კი არ იყო, არამედ „სიცარიელე“, „გაპარტახება“ და „არარაობა“ (ესაია 34:11, 12). ამაზე აშკარად მეტყველებს სიტყვები: „კვამლი არ შეწყდება მარადიულად“. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგაც ასდის კვამლი დამწვარი სახლის ნაკვერჩხლებს, რაც იმას ადასტურებს, რომ ის ადგილი ხანძარმა გაანადგურა. ღვთის ხალხს დღემდე ახსოვს, რას გვასწავლის ედომის მაგალითი. ამგვარად, მას სიმბოლური გაგებით კვლავ ასდის კვამლი.
17, 18. ა) რა მოელით მათ, ვინც მხეცის ნიშანს იღებს? ბ) რა გაგებით იტანჯებიან მხეცის თაყვანისმცემლები? გ) რა გაგებით არ შეწყდება „მათი ტანჯვის კვამლი“ მარადიულად?
17 ვისაც მხეცის ნიშანი აქვს, საბოლოოდ განადგურდება, თითქოსდა ცეცხლით. როგორც მოგვიანებით ვიგებთ ამ წინასწარმეტყველებიდან, მათ დაუმარხავ გვამებს ცხოველები და ფრინველები შეჭამენ (გამოცხადება 19:17, 18). ცხადია, ისინი პირდაპირი გაგებით მარადიულად არ დაიტანჯებიან. მაშ, როგორ დაიტანჯებიან „ცეცხლითა და გოგირდით“? ჭეშმარიტების გაცხადება ამხელს მათ და აფრთხილებს ღვთის მოახლოებული სასამართლოს შესახებ. ამიტომ გმობენ ისინი ღვთის ხალხს და, თუკი გამოუვათ, მზაკვრული მეთოდებით არწმუნებენ პოლიტიკურ მხეცს, რომ იეჰოვას მოწმეებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიოს და დახოცოს კიდეც. ამ სამსჯავროს აღსრულების დროს ეს მოწინააღმდეგეები ცეცხლითა და გოგირდით განადგურდებიან. „მათი ტანჯვის კვამლი“ არ შეწყდება მარადიულად, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე აღსრულებული განაჩენი გაფრთხილება იქნება მათთვის, ვინც იეჰოვას უზენაესობას ეჭვქვეშ დააყენებს. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება.
18 ვინ აცხადებს ამ მტანჯველ ცნობას დღეს? გაიხსენეთ, რომ სიმბოლური კალიები უფლებამოსილი იყვნენ, დაეტანჯათ ისინი, ვისაც ღვთის ბეჭედი არ ჰქონდათ შუბლზე (გამოცხადება 9:5). როგორც ჩანს, სწორედ ისინი ტანჯავენ ხალხს ანგელოზების ხელმძღვანელობით. ისინი ისე გამალებით მოქმედებენ, რომ „მხეცისა და მისი ქანდაკების თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც მისი სახელის ნიშანს იღებს, მოსვენება არ ექნებათ არც დღისით და არც ღამით“. საბოლოოდ მათი განადგურების შემდეგ „მათი ტანჯვის კვამლი“ იმის მარადიული მოწმობა იქნება, რომ იეჰოვა უზენაესი ხელისუფალია. იოანეს კლასმა უნდა მოითმინოს, სანამ საბოლოოდ არ დამტკიცდება, რომ იეჰოვა უზენაესი ხელისუფალია. ამიტომ ანგელოზი ამბობს: „აქ საჭიროა წმინდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებსა და იესოს რწმენას“ (გამოცხადება 14:12).
19. რატომ უნდა გამოავლინონ წმინდებმა მოთმინება და იოანეს რომელი სიტყვები განამტკიცებს მათ?
19 „წმინდათა მოთმინება“ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი იესო ქრისტეს მეშვეობით განსაკუთრებული ერთგულებით სცემენ თაყვანს იეჰოვას. ცნობა, რომელსაც ისინი აცხადებენ, ბევრს არ მოსწონს. ამას წინააღმდეგობა, დევნა და წამებით სიკვდილიც კი მოჰყვება. მაგრამ მათ განამტკიცებს ის სიტყვები, რასაც იოანე ამის შემდეგ ამბობს: «გავიგონე ციდან ხმა: „დაწერე: ბედნიერნი არიან ისინი, ვინც ამიერიდან უფალთან ერთობაში კვდებიან. ასე ამბობს სული: დაისვენონ თავიანთი შრომისგან, რადგან მათი საქმეები თან მიჰყვება მათ“ » (გამოცხადება 14:13).
20. ა) იოანეს წარმოთქმული დანაპირები როგორ შეესაბამება იესოს მოსვლის შესახებ პავლეს წინასწარმეტყველებას? ბ) რა განსაკუთრებული უპირატესობა ელით იმ ცხებულებს, რომლებიც ზეციდან სატანის გადმოგდების შემდეგ კვდებიან?
20 ეს დანაპირები შეესაბამება იესოს მოსვლის შესახებ პავლეს წინასწარმეტყველებას: „პირველები ქრისტეში მკვდრები აღდგებიან. შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები [ის ცხებულები, რომლებიც უფლის დღეს ცოცხლები იქნებიან], მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა უფალს შევეგებოთ ჰაერში“ (1 თესალონიკელები 4:15—17). ზეციდან სატანის გადმოგდების შემდეგ პირველები ქრისტეში მკვდრები აღდგნენ (შეადარეთ გამოცხადების 6:9—11). უფლის დღის განმავლობაში დაღუპულ ცხებულებს განსაკუთრებული უპირატესობა აქვთ. ზეცაში სულიერი ცხოვრებისთვის დაუყოვნებლივ, „თვალის დახამხამებაში“ აღდგებიან (1 კორინთელები 15:52). ამ საოცარი მოვლენის წყალობით ისინი სიმართლის ქმნას მაშინვე განაგრძობენ ზეცაში.
სამკალი დედამიწაზე
21. რას ამბობს იოანე დედამიწის სამკალზე?
21 ეს სასამართლოს დღე სხვებსაც მოუტანს სარგებლობას, როგორც ამას იოანე გვეუბნება: «გავიხედე და, აი, თეთრი ღრუბელი. ღრუბელზე ვიღაც, კაცის ძის მსგავსი ზის, თავზე ოქროს გვირგვინი ადგას, ხელში კი ბასრი ნამგალი უჭირავს. ტაძრის საწმინდრიდან გამოვიდა სხვა ანგელოზი [მეოთხე], რომელმაც ხმამაღლა მიმართა ღრუბელზე მჯდომს: „აიღე შენი ნამგალი და მომკე, რადგან მოვიდა მკის საათი და მოიწია სამკალი დედამიწაზე“. ღრუბელზე მჯდომმა მოიქნია თავისი ნამგალი დედამიწისკენ და მოიმკა დედამიწა» (გამოცხადება 14:14—16).
22. ა) ვის ადგას ოქროს გვირგვინი და ვინ ზის თეთრ ღრუბელზე? ბ) როდის აღწევს მკა დასასრულს და როგორ?
22 თეთრ ღრუბელზე მჯდომის ვინაობა ცხადია. თეთრ ღრუბელზე მჯდომი კაცის ძის მსგავსი, რომელსაც ოქროს გვირგვინი ადგას, აშკარად იესოა, მესია და მეფე, რომელიც დანიელმაც იხილა ხილვაში (დანიელი 7:13, 14; მარკოზი 14:61, 62). რომელ მკაზე მიდის ამ წინასწარმეტყველებაში საუბარი? დედამიწაზე ყოფნისას იესომ მოწაფეების მომზადების საქმე მსოფლიო ყანის ანუ ადამიანების მომკას, შეადარა (მათე 9:37, 38; იოანე 4:35, 36). უფლის დღეს ტახტზე მჯდომი იესო მამის სახელით აღასრულებს სამართალს; მაშინ ეს მკა დასასრულს მიაღწევს. ამიტომ 1914 წლიდან, როცა ქრისტეს მმართველობა დაიწყო, სიხარულით მიმდინარეობს მკა (შეადარეთ მეორე კანონის 16:13—15).
23. ა) ვინ იძლევა ბრძანებას მკის დაწყების შესახებ? ბ) რისი მკა მიმდინარეობს 1919 წლიდან დღემდე?
23 მიუხედავად იმისა, რომ იესო მეფე და მოსამართლეა, მკის დასაწყებად იეჰოვას, თავისი ღვთის, ბრძანებას ელოდება. ეს ბრძანება ანგელოზის პირით ცხადდება „ტაძრის საწმინდრიდან“. იესო დაუყოვნებლივ ასრულებს ბრძანებას. პირველ რიგში, 1919 წლიდან ის ანგელოზების ხელით იმკის 144 000-ს (მათე 13:39, 43; იოანე 15:1, 5, 16). ამას მოჰყვა სხვა ცხვრის წარმომადგენელი უამრავი ხალხის შეგროვება (იოანე 10:16; გამოცხადება 7:9). ისტორია ცხადყოფს, რომ 1931—1935 წლებში ბევრი სხვა ცხვარი გამოჩნდა. 1935 წელს იეჰოვამ გააგებინა იოანეს კლასს გამოცხადების 7:9—17-ში მოხსენიებული უამრავი ხალხის ნამდვილი ვინაობა. ამის შემდეგ დიდი ყურადღება გამახვილდა ამ ხალხის შეგროვებაზე. 2005 წელს ისინი ექვს მილიონზე მეტნი იყვნენ, მათი რიცხვი კვლავაც იზრდება. უდავოა, რომ ამ უკანასკნელ დროს კაცის ძის მსგავსი სიხარულით იმკის უხვ მოსავალს (შეადარეთ გამოსვლის 23:16; 34:22).
„დედამიწის ვაზის“ წნეხა
24. რა აქვს მეხუთე ანგელოზს ხელში და რას ამბობს მეექვსე ანგელოზი?
24 როდესაც გადარჩენის მომტანი მკა სრულდება, იწყება სხვა მოსავლის აღება. იოანე გვამცნობს: «სხვა ანგელოზი [მეხუთე] გამოვიდა ზეციური ტაძრის საწმინდრიდან. მასაც ბასრი ნამგალი ჰქონდა. სამსხვერპლოდან გამოვიდა კიდევ ერთი ანგელოზი [მეექვსე], რომელსაც ძალაუფლება ჰქონდა ცეცხლზე, და ხმამაღლა მიმართა ბასრი ნამგლის მქონეს: „აიღე შენი ბასრი ნამგალი და მოაგროვე დედამიწის ვაზის მტევნები, რადგან დამწიფდა მათი მარცვლები“ » (გამოცხადება 14:17, 18). ანგელოზთა დასმა უფლის დღეს დიდი მოსავალი უნდა აიღოს და კარგი ცუდისგან უნდა გამოარჩიოს.
25. ა) რაზე მეტყველებს ის, რომ მეხუთე ანგელოზი ტაძრის საწმინდრიდან გამოდის? ბ) რატომ იძლევა მაინცდამაინც სამსხვერპლოდან გამოსული ანგელოზი ბრძანებას მტევნების მოსაგროვებლად?
25 მეხუთე ანგელოზი ტაძრის საწმინდრიდან გამოდის, იეჰოვას სამყოფლიდან. ამგვარად, ბოლო მოსავლის აღებაც იეჰოვას ნებისამებრ მიმდინარეობს. თავისი საქმის დასაწყებად ანგელოზს ბრძანებას აძლევს სხვა ანგელოზი, რომელიც „სამსხვერპლოდან გამოვიდა“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამსხვერპლოს ძირთან ერთგული სულები ამბობენ: „უზენაესო უფალო, წმინდაო და ჭეშმარიტო, როდემდე უნდა იკავებდე თავს გასამართლებისგან და დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის შურისძიებისგან?“ (გამოცხადება 6:9, 10). დედამიწის ვაზის მტევნების მოგროვების დროს დაკმაყოფილდება მათი ღაღადი, რომ შური იძიოს ღმერთმა.
26. რა არის „დედამიწის ვაზი“?
26 რა არის „დედამიწის ვაზი“? ებრაულ წერილებში ებრაელ ერს იეჰოვას ვაზი ეწოდება (ესაია 5:7; იერემია 2:21). იესო ქრისტეც და ღვთის სამეფოში მასთან ერთად მყოფნიც ვაზად არიან მოხსენიებულნი (იოანე 15:1—8). როგორც კონტექსტიდან ჩანს, ვაზს ნაყოფი გამოაქვს. ჭეშმარიტმა ქრისტიანულმა ვაზმა იეჰოვას განსადიდებლად უხვი ნაყოფი გამოიღო (მათე 21:43). აქედან გამომდინარე „დედამიწის ვაზი“ უნდა იყოს არა ნამდვილი ვაზი, არამედ მისი იმიტაცია, რომელიც სატანამ შექმნა; ეს არის სატანის გახრწნილი ხილული სისტემა, რომელშიც ადამიანები მმართველობენ, თავისი „მტევნებით“ ანუ საუკუნეების განმავლობაში გამოღებული დემონური ნაყოფით. „დიდი ბაბილონი“, რომლის განსაკუთრებული ნაწილიც განდგომილი ქრისტიანობაა, დიდ გავლენას ახდენს ამ შხამიან ვაზზე (შეადარეთ მეორე კანონის 32:32—35).
27. ა) რა ხდება, როცა ანგელოზი „დედამიწის ვაზს“ ნამგლით აგროვებს? ბ) ებრაული წერილების რომელი წინასწარმეტყველებები აღწერს მოსავლის აღების მასშტაბებს?
27 სამართალი უნდა აღსრულდეს. „მოიქნია ანგელოზმა თავისი ნამგალი დედამიწისკენ, მოაგროვა დედამიწის ვაზი და ჩაყარა ღვთის რისხვის დიდ საწნახელში. დაიწნეხა საწნახელი ქალაქგარეთ და სისხლი გამოვიდა საწნახელიდან ცხენის ლაგმის სიმაღლემდე, ათას ექვსას სტადიონზე“ (გამოცხადება 14:19, 20). იეჰოვამ დიდი ხნის წინათ გამოაცხადა, რომ განრისხებულია ამ ვაზზე (სოფონია 3:8). ესაიას წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ცხადყოფს, რომ საწნახელში დაწნეხისას ყველა ერი განადგურდება (ესაია 63:3—6). იოელიც წინასწარმეტყველებდა, რომ დიდი „ბრბოები“ ანუ ერები გაითელებოდა, განადგურდებოდა „საწნახელში“ „განაჩენის ველზე“ (იოელი 3:12—14). ასეთი მასშტაბური მოსავლის აღება აღარ განმეორდება. იოანეს ხილვის თანახმად, არა მარტო მტევნებს, არამედ მთელ სიმბოლურ ვაზს ჭრიან და გასათელად საწნახელში აგდებენ. ასე რომ, „დედამიწის ვაზი“ ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვება.
28. ვინ წნეხს „დედამიწის ვაზს“ და რას ნიშნავს ის, რომ საწნახელი „ქალაქგარეთ“ იწნეხება?
28 ხილვაში ნანახ საწნახელში ცხენები წნეხენ, რადგან მტევნებიდან გამოსული სისხლი „ცხენის ლაგმის სიმაღლემდე“ აღწევს. ხშირად ცხენი ომთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე, აქაც ომზე უნდა იყოს საუბარი. ზეციერ ლაშქარზე, რომელიც სატანის სისტემის წინააღმდეგ საბოლოოდ გასალაშქრებლად მიჰყვება იესოს, ნათქვამია, რომ „ყოვლისშემძლე ღვთის რისხვის მძვინვარების საწნახელს“ წნეხს (გამოცხადება 19:11—16). სწორედ ეს ლაშქარი თელავს „დედამიწის ვაზს“. საწნახელი „ქალაქგარეთ“ ანუ ზეციერი სიონის საზღვრებს გარეთ დაიწნეხა. დედამიწა შესაფერისი ადგილია „დედამიწის ვაზის“ დასაწნეხად. ის „ქალაქგარეთ“ დაიწნეხება; ამგვარად ქალის შთამომავალთაგან დარჩენილებს, დედამიწაზე ზეციერი სიონის წარმომადგენლებს, ზიანს ვერაფერი მიაყენებს. ეს დარჩენილები უამრავ ხალხთან ერთად საიმედოდ იქნებიან დაცული იეჰოვას მიწიერ ორგანიზაციაში (ესაია 26:20, 21).
29. რამდენად ღრმაა საწნახლიდან გამოსული სისხლის მდინარე, რა ტერიტორიას იკავებს და რისი მაჩვენებელია ეს?
29 ეს ხილვა უკავშირდება დედამიწის სამეფოების განადგურებას დანიელის 2:34, 44-ში აღწერილი ქვით, რომელიც სამეფოს განასახიერებს. გლობალური განადგურება გარდაუვალია. საწნახლიდან გამოსული სისხლის მდინარე ძალიან ღრმაა, ცხენის ლაგმის სიმაღლემდეა და 1 600 სტადიონისa ხელა ტერიტორიას იკავებს. ეს უზარმაზარი მასშტაბი, რაც ოთხისა და ათის კვადრატის ნამრავლს (4 x4 x10 x10) შეადგენს, აშკარად იმის მაჩვენებელია, რომ განადგურება მთელ დედამიწას შეეხება (ესაია 66:15, 16). განადგურებას წინ ვერაფერი დაუდგება. სატანის მიერ აღმოცენებული „დედამიწის ვაზი“ ვეღარასდროს გაიდგამს ფესვს! (ფსალმუნი 83:17, 18).
30. რა ნაყოფი გამოაქვს სატანის ვაზს და რას უნდა ვეცადოთ?
30 ამ ორგვარი მოსავლის აღების ხილვას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ვინც აღსასრულის უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. აშკარად ვხედავთ ირგვლივ სატანის ვაზის ნაყოფს. აბორტებისა და მკვლელობის სხვა ფორმების, ჰომოსექსუალიზმის, მრუშობისა და სხვა სახის უზნეობის, უპატიოსნობისა და თბილი გრძნობების ნაკლებობის გამო ეს ქვეყნიერება წაბილწულია იეჰოვას თვალში. სატანის ვაზს „შხამიანი მცენარე და აბზინდა“ გამოაქვს ნაყოფად. თავისი დამღუპველი გზითა და კერპთაყვანისმცემლობით ის კაცობრიობის დიდებულ შემოქმედს შეურაცხყოფს (მეორე კანონი 29:18; 32:5; ესაია 42:5, 8). რამხელა პატივია ჩვენთვის, აქტიურად ვითანამშრომლოთ იოანეს კლასთან და მოვიმკათ კარგი ნაყოფი, რომელიც იესოს გამოაქვს იეჰოვას სადიდებლად (ლუკა 10:2). ყველანაირად ვეცადოთ, არ წავიბილწოთ ამ ქვეყნიერების „ვაზით“, რათა არ გავითელოთ „დედამიწის ვაზთან“ ერთად, როცა იეჰოვა მკაცრ განაჩენს აღასრულებს.
[სქოლიოები]
a 1 600 სტადიონი დაახლოებით 300 კილომეტრია (გამოცხადება 14:20, იხილეთ სქოლიო).
[ჩარჩო 208 გვერდზე]
„მისი სიძვის ღვინო“
დიდი ბაბილონის ძირითადი ნაწილი რომის კათოლიკური ეკლესიაა. ეკლესიას რომის პაპი მართავს, რომელიც თავს პეტრე მოციქულის მემკვიდრედ აცხადებს. ქვემოთ მოცემულია ამ ეგრეთ წოდებულ მემკვიდრეებზე გამოქვეყნებული ფაქტები:
ფორმოზუსი (891—896 წწ.): „ფორმოზუსის სიკვდილიდან ცხრა თვის შემდეგ მისი გვამი პაპების საფლავიდან ამოიღეს და მოუწყვეს სასამართლო, რომელსაც [ახალი პაპი] სტეფანე თავმჯდომარეობდა. გარდაცვლილ პაპს თავისი თანამდებობისკენ ამბიციურ ლტოლვაში დასდეს ბრალი, მისი ყველა გადაწყვეტილება გააუქმეს. . . გვამს გახადეს პაპის მანტია და მარჯვენა ხელის თითები დააჭრეს“ („New Catholic Encyclopedia“).
სტეფან VI (896—897 წწ.): „[ფორმოზუსის გვამის გასამართლებიდან] რამდენიმე თვეში ხალხის მხრიდან მძაფრი რეაქციის შედეგად სტეფანეს პაპობა დასრულდა. მას ჩამოართვეს წარჩინებულობის ნიშნები, დააპატიმრეს და გაგუდეს“(„New Catholic Encyclopedia“).
სერგიუს III (904—911 წწ.): „მისი ორი წინამორბედი. . . საპყრობილეში გაგუდეს. . . რომში მას მხარს უჭერდა თეოფილაქტეს ოჯახი. როგორც ვარაუდობდნენ, თეოფილაქტეს ერთ-ერთი ასულისგან, მაროზიასგან, მას ჰყავდა ვაჟი (მოგვიანებით პაპი იოანე XI)“ („New Catholic Encyclopedia“).
სტეფან VII (928—931 წწ.): „თავისი პაპობის ბოლო წლებში იოანე X მაროზიას, რომის Donna Senatrix-ის რისხვა დაიტეხა თავს. ის დააპატიმრეს და მოკლეს. მაროზიამ პაპობა უბოძა ლეო VI-ს, რომელიც პაპობის დაწყებიდან ექვს-ნახევარ თვეში გარდაიცვალა. სტეფან VII-მ შეცვალა ის, როგორც ჩანს, მაროზიას ხელშეწყობით. . . თავისი 2 წლიანი პაპობის დროს მას ძალაუფლება არ ჰქონია, რადგან მაროზიას ხელში იყო ძალაუფლება“ („New Catholic Encyclopedia“).
იოანე XI (931—935 წწ.): „სტეფან VII-ს სიკვდილის შემდეგ. . , მაროზიამ, თეოფილაქტეს შთამომავალმა, პაპობა თავისი ვაჟისთვის, ოც წელს გადაცილებული იოანესთვის მოიპოვა. . . პაპი იოანე დედამისის ნებისამებრ მოქმედებდა“ („New Catholic Encyclopedia“).
იოანე XII (955—964 წწ.): „ის თვრამეტი წლისაც არ იყო, და როგორც მაშინდელი ცნობებიდან ვიგებთ, მას არანაირი ინტერესი არ ჰქონდა სულიერისადმი, იტაცებდა უხამსი გართობა და ეწეოდა გარყვნილ ცხოვრებას“ („The Oxford Dictionary of Popes“).
ბენედიქტე IX (1032—1044; 1045; 1047—1048 წწ.): „მან იმით გაითქვა სახელი, რომ თავის ნათლიმამასაც მიჰყიდა პაპობა და ორჯერაც დაიბრუნა“ („The New Encyclopædia Britannica“).
ამგვარად, ზემოხსენებული თუ სხვა პაპები არ ბაძავდნენ ერთგულ პეტრეს. ისინი უარყოფით ზეგავლენას ახდენდნენ ხალხზე, ხელს უწყობდნენ სისხლისღვრას და სულიერ თუ ფიზიკურ გარყვნილებას, იზებელის მსგავსად იქცეოდნენ და ხრწნიდნენ ეკლესიას (იაკობი 4:4). ბიბლიის მკვლევართა მიერ 1917 წელს გამოცემულ წიგნში „დასრულებული საიდუმლო“ ეს ფაქტები დაწვრილებით იყო აღწერილი. ეს იყო ერთ-ერთი საშუალება, რითაც მაშინ ბიბლიის მკვლევარებმა ‘ყველანაირი წყლული შეჰყარეს დედამიწას’ (გამოცხადება 11:6; 14:8; 17:1, 2, 5).
[სურათი 206 გვერდზე]
გამეფებული ქრისტე ანგელოზებთან ერთად აღასრულებს სამართალს.
[სურათი 207 გვერდზე]
ძვ. წ. 539 წელს ბაბილონის დაცემის შემდეგ ტყვეები გათავისუფლდნენ.