საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „არმაგედონი“
  • არმაგედონი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • არმაგედონი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • არმაგედონი
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • მეგიდო
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მეგიდო
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „არმაგედონი“

ᲐᲠᲛᲐᲒᲔᲓᲝᲜᲘ

[ებრ.-დან ნიშნავს მეგიდოს მთას]

ეს სახელი პირდაპირ უკავშირდება ომს, რომელიც „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ მოხდება. ეს სიტყვა მიუთითებს მდგომარეობაზე ან ვითარებაზე, რომლის დროსაც „მთელი მსოფლიოს მეფეები“ იკრიბებიან იეჰოვასა და მისი სამეფოს წინააღმდეგ, რომელსაც იესო ქრისტე უდგას სათავეში. ზოგიერთ თარგმანში ის გადმოტანილია როგორც ჰარ-მეგიდონი (გმც. 16:14, 16, აფ). ებრაულიდან ნაწარმოები სიტყვა „არმაგედონი“ ნიშნავს მეგიდოს მთას.

ხილვის დამწერი მოციქული იოანეს დროს ან მანამდე აღთქმულ მიწაზე ან მის საზღვრებს გარეთ, როგორც ჩანს, არ არსებობდა მეგიდოს მთად ცნობილი ადგილი. ასე რომ, სავარაუდოდ ძველ ქალაქ მეგიდოსთან დაკავშირებული მოვლენები გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა იგულისხმება არმაგედონში.

მეგიდო მდებარეობდა ქარმელის მთის სამხრ.-აღმ-ით რამდენიმე კილომეტრში. ის გადაჰყურებდა ეზდრაელონის (იზრეელი) ველს და იცავდა ჩრდ.-სამხრ-ის და აღმ.-დას-ის სავაჭრო და სამხედრო გზებს. თავიდან ეს ქანაანური ქალაქი იესო ნავეს ძემ დაიპყრო (იეს. 12:7, 8, 21). მოგვიანებით ამ ადგილთან ახლოს განადგურდა იაბინის ჯარი, რომელსაც სისერა მეთაურობდა. იეჰოვამ ბუნების ძალები გამოიყენა ისრაელთა ჯარის დასახმარებლად, რომელსაც ბარაკი ედგა სათავეში. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჩამოვიდა ბარაკი თაბორის მთიდან, უკან ათი ათასი კაცი მოჰყვებოდა. თავ-გზა აუბნია იეჰოვამ სისერას, მთელ მის საომარ ეტლებსა და მთელ მის ბანაკს ბარაკის მახვილით; გადმოხტა სისერა ეტლიდან და გაიქცა. ხაროშეთამდე სდია ბარაკმა საომარ ეტლებსა და ბანაკს, სანამ სისერას მთელი ბანაკი მახვილით არ დასცა; არავინ გადარჩენილა“ (მსჯ. 4:14—16).

გამარჯვების შემდეგ ბარაკმა და წინასწარმეტყველმა ქალმა დებორამ იმღერეს: „მოვიდნენ მეფენი და იბრძოლეს. მაშინ იბრძოლეს ქანაანის მეფეებმა თაანახში მეგიდოს წყლებთან. მცირედი ვერცხლიც ვერ წაიღეს. ციდან ვარსკვლავები იბრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისერას. კიშონის ხევმა წალეკა ისინი, ძველ დღეთა ხევმა, კიშონის ხევმა. ჩემო სულო, თელავდი ძლიერებას. ფლოქვებს სცემდნენ ცხენები და ჭენებ-ჭენებით მიქროდნენ ულაყები“ (მსჯ. 5:19—22).

იუდას მეფე ახაზია, რომელიც იეჰუს ბრძანებით სასიკვდილოდ დაჭრეს, მეგიდოში მოკვდა (2მფ. 9:27). იქ მოკვდა იუდას მეფე იოშიაც ფარაონ ნექოსთან ბრძოლაში (2მფ. 23:29, 30). როგორც საერო ისტორიიდან ვიგებთ, მრავალი ერი მეგიდოს მახლობლად მართავდა ბრძოლებს მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო. როგორც ერთ ბიბლიურ ნაშრომში წერია, იუდეველები, უცხოტომელები, სარკინოზები, ეგვიპტელები, სპარსელები, დრუზები, თურქები, არაბები და ჯვაროსნები ეზდრაელონის ველზე შლიდნენ კარვებს (Word Studies in the New Testament, მ. რ. ვინსენტი, 1957, ტ. II, გვ. 542).

წიგნ „გამოცხადების“ თანახმად, დედამიწის მეფეთა გაერთიანებული ჯარები იკრიბება „ადგილზე [ბერძ. სიტყვა ტოპოსის ერთ-ერთი ფორმა], რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია“ (გმც. 16:16). ბიბლიაში სიტყვა ტოპოს შეიძლება მიანიშნებდეს კონკრეტულ ადგილზე (მთ. 14:13, 15, 35), შესაძლებლობაზე ანუ საშუალებაზე (სქ. 25:16), ან ფიგურალურ სამყოფელსა და მდგომარეობაზე ანუ ვითარებაზე (გმც. 12:6, 14). კონტექსტიდან ჩანს, რომ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა შეესაბამება „ადგილს“, სადაც დედამიწის გაერთიანებული სამხედრო ძალები იკრიბებიან.

როგორც „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ გამართულ არმაგედონის ომში წარსულში მომხდარი მოვლენა კი არა, იოანეს ხილვიდან შორეულ მომავალში მოსახდენი მოვლენა იგულისხმება. არმაგედონში მეფეები იკრიბებიან შვიდი თასიდან მეექვსე თასის გადმოღვრის შედეგად. შვიდი თასი შეიცავს უკანასკნელ წყლულებს, რომლებითაც ღვთის რისხვა მთავრდება (გმც. 15:1; 16:1, 12). გარდა ამისა, არმაგედონის ომსა და ქრისტეს მოსვლას შორის კავშირზე მიუთითებს ქრისტეს გაფრთხილება, რომ მოვიდოდა როგორც ქურდი, რაც „გამოცხადების“ მე-16 თავის მე-14 და მე-16 მუხლებს შორის არის მოხსენიებული.

კონტექსტიდან ჩანს, რომ ეს ომი მსოფლიო მასშტაბით მოხდება. მასში იეჰოვას მტრები მოხსენიებულნი არიან „მთელი მსოფლიოს მეფეებად“, რომელთაც ომისკენ „დემონების მიერ შთაგონებული სიტყვები“ უბიძგებს (გმც. 16:14).

მოგვიანებით იოანე ამბობს: „ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულისა და მისი ლაშქრის წინააღმდეგ საომრად შეკრებილიყვნენ“ (გმც. 19:19). ამ თავში თეთრ ცხენზე ამხედრებულ ზეციერი ლაშქრის მეთაურს ეწოდება „ერთგული და ჭეშმარიტი“ და „ღვთის სიტყვა“ (გმც. 19:11—13). ამგვარად, ის არის იესო ქრისტე, „სიტყვა“ (ინ. 1:1; გმც. 3:14). ქრისტეს ზეციერი ლაშქრის მეთაურობაზე მიუთითებს ისიც, რომ ადამიანთა ჯარები „შეებრძოლებიან კრავს [რომელიც იესო ქრისტეა (ინ. 1:29)], მაგრამ კრავი სძლევს მათ, რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე. სძლევენ ისინიც, რომლებიც მასთან არიან — მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“ (გმც. 17:13, 14).

ვინაიდან „გამოცხადების“ მე-19 თავის თანახმად, ამ ომში იესო ქრისტესთან, ღვთის სიტყვასთან ერთად იბრძვის მხოლოდ ზეციერი ლაშქარი, მასში მონაწილეობას არ მიიღებენ იეჰოვას მიწიერი მსახურები. ეს ეთანხმება მათეს 26:52-ში ჩაწერილ სიტყვებს, რომ იესო ქრისტეს მოწაფეებმა ხელში არ უნდა აიღონ იარაღი (შდრ. გმ. 14:13, 14; 2მტ. 20:15, 17, 22, 23; ფს. 2:4—9). ომში დახოცილთა გვამებს ცის ფრინველები შეჭამენ (გმც. 19:11—21).

ასე რომ, არმაგედონი ადამიანებს შორის ომი არ არის. მასში ღვთის უხილავი ჯარები მიიღებენ მონაწილეობას. ის გარდაუვალია და მოხდება იეჰოვას მიერ დადგენილ დღეს, რომელიც „თავისი ნებისამებრ ექცევა ზეციერ ლაშქარსა და დედამიწის მკვიდრთ“ (დნ. 4:35; იხ. აგრეთვე მთ. 24:36).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება