თავი 39
არმაგედონში მებრძოლი მეფე იმარჯვებს
ხილვა 13 გამოცხადება 19:11—21
თემა: იესო სატანის ქვეყნიერების გასანადგურებლად ზეციერ ლაშქარს მიუძღვის.
შესრულების დრო: დიდი ბაბილონის განადგურების შემდგომი პერიოდი.
1. რა არის არმაგედონი და რა მოვლენები უსწრებს მას წინ?
არმაგედონი ბევრს შიშს ჰგვრის, სიმართლის მოყვარულთათვის კი ნანატრი დღეა, როცა იეჰოვა საბოლოოდ აღასრულებს განაჩენს ერებზე. ეს არის არა ადამიანთა ომი, არამედ ომი „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“. ამ დღეს იეჰოვა შურს იძიებს დედამიწის მმართველებზე (გამოცხადება 16:14, 16; ეზეკიელი 25:17). დიდი გასაჭირი დიდი ბაბილონის განადგურებით დაიწყება. ამის შემდეგ სატანის მიერ აღძრული ალისფერი მხეცი და მისი ათი რქა იეჰოვას ხალხის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. ეშმაკი, რომელიც მაშინ ყველაზე მეტად განრისხდება ქალთან შედარებულ ღვთის ორგანიზაციაზე, მზად იქნება, რომ თავისი ქვეშევრდომების მეშვეობით ბოლომდე შეებრძოლოს დედამიწაზე მცხოვრებ ქალის შთამომავლებს (გამოცხადება 12:17). ეს სატანის ბოლო მცდელობა იქნება.
2. ვინ არის გოგი მაგოგის მიწიდან და როგორ აღძრავს იეჰოვა მას, რომ თავს დაესხას ღვთის ხალხს?
2 ეშმაკის გააფთრებული თავდასხმა კარგად არის აღწერილი „ეზეკიელის“ 38-ე თავში. ამ თავში ზნედაცემულ სატანას ეწოდება „გოგი, რომელიც მაგოგის მიწიდანაა“. იეჰოვა გოგს სიმბოლური გაგებით კავებს ამოსდებს ყბებში და საბრძოლველად გამოიყვანს მის დიდ ლაშქართან ერთად. როგორ გააკეთებს იეჰოვა ამას? ღმერთი ისეთ შთაბეჭდილებას შეუქმნის გოგს, თითქოს იეჰოვას მოწმეები, „ხალხებიდან გამოკრებილი ხალხი, რომელნიც სიმდიდრესა და ქონებას აგროვებენ და დედამიწის შუაგულში ცხოვრობენ“, დაუცველნი არიან. ეს ხალხი ყურადღების ცენტრში მოექცევა, რადგან მხოლოდ ისინი არ ეთაყვანებიან მხეცსა და მის ქანდაკებას. მათი სულიერი ძალა და კეთილდღეობა არისხებს გოგს. გოგი და მისი დიდძალი ლაშქარი, მათ შორის ზღვიდან ამოსული ათრქიანი მხეცი, ნადავლის ხელში ჩასაგდებად იკრიბებიან. დიდი ბაბილონისგან განსხვავებით, ღვთის წმინდა ხალხს იეჰოვა მფარველობს (ეზეკიელი 38:1, 4, 11, 12, 15; გამოცხადება 13:1).
3. როგორ მოიშორებს იეჰოვა თავიდან გოგის ლაშქარს?
3 როგორ მოიშორებს იეჰოვა თავიდან გოგსა და მთელ მის ბრბოს? „მახვილს მოვუხმობ მის წინააღმდეგ მთელ ჩემს მთიან მხარეში, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — ყველა თავისი ძმის წინააღმდეგ მიმართავს მახვილს“. არც ბირთვული იარაღი გამოადგებათ ბრძოლაში და არც სხვა სახის იარაღი, რადგან იეჰოვა ამბობს: „განვსჯი მას ჭირითა და სისხლით; თავსხმას, სეტყვას, ცეცხლსა და გოგირდს ვაწვიმებ მას, მის რაზმებსა და მასთან მყოფ მრავალ ხალხს. განვდიდდები და განვიწმინდები მრავალი ხალხის თვალწინ, თავს გავუმჟღავნებ მათ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზეკიელი 38:21—23; 39:11; შეადარეთ იესო ნავეს ძის 10:8—14; მსაჯულების 7:19—22; 2 მატიანეს 20:15, 22—24; იობის 38:22, 23).
ის, ვისაც „ერთგული და ჭეშმარიტი“ ეწოდება
4. როგორ აღგვიწერს იოანე საომრად აღჭურვილ იესო ქრისტეს?
4 იეჰოვა მოუხმობს მახვილს. ვინ იბრძოლებს ამ მახვილით? ამ კითხვაზე პასუხს „გამოცხადების“ კიდევ ერთი ამაღელვებელი ხილვა გვცემს. იოანეს თვალწინ იხსნება ცა და შიშის მომგვრელი სურათი იშლება; ის საომრად აღჭურვილ იესო ქრისტეს ხედავს. იოანე მოგვითხრობს: „ვიხილე გახსნილი ცა და, აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს ერთგული და ჭეშმარიტი ეწოდება. ის სიმართლით ასამართლებს და სიმართლით იბრძვის. მისი თვალები ცეცხლის ალია, თავზე მრავალი გვირგვინი ადგას“ (გამოცხადება 19:11, 12ა).
5, 6. რას განასახიერებს: ა) თეთრი ცხენი? ბ) სახელი „ერთგული და ჭეშმარიტი“? გ) ცეცხლის ალივით თვალები? დ) მრავალი გვირგვინი?
5 როგორც ოთხი მხედრის შესახებ ხილვაში, „თეთრი ცხენი“ ამჯერადაც სამართლიანი ომის სათანადო სიმბოლოა (გამოცხადება 6:2). ღვთის ძეთაგან ვინ შეიძლება იყოს ამ ძლიერ მეომარზე სამართლიანი?! რადგან მას „ერთგული და ჭეშმარიტი ეწოდება“, ის სხვა ვერავინ იქნება თუ არა „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“, იესო ქრისტე (გამოცხადება 3:14). ის იბრძვის იეჰოვას სამართლიანი განაჩენის აღსასრულებლად. ის იმოქმედებს, როგორც იეჰოვას დანიშნული მოსამართლე, როგორც „ძლიერი ღმერთი“ (ესაია 9:6). მისი თვალები შიშის მომგვრელია, „ცეცხლის ალია“, ანუ თავისი მტრების ცეცხლოვანი განადგურების დამნახავია.
6 ამ მებრძოლ მეფეს თავზე გვირგვინები ადგას. იოანეს მიერ ნანახ ზღვიდან ამოსულ მხეცს ათი გვირგვინი ჰქონდა, რაც დედამიწაზე მის დროებით მმართველობას განასახიერებდა (გამოცხადება 13:1). იესოს კი „მრავალი გვირგვინი“ ადგას. ვერაფერი შეედრება მის დიდებულ მმართველობას, რადგან მას ეწოდება „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ (1 ტიმოთე 6:15).
7. რა სახელი აწერია იესოს?
7 იოანე აგრძელებს მის აღწერას: „[მას] აწერია სახელი, რომელიც მის მეტმა არავინ იცის“ (გამოცხადება 19:12ბ). ბიბლიაში ღვთის ძე მოიხსენიება სახელებით: იესო, ემანუელი და მიქაელი. ეს სახელი, რომელიც აქ მოხსენიებული არ არის, როგორც ჩანს, იმ განსაკუთრებულ მდგომარეობაზე და უპირატესობაზე მიუთითებს, რაც იესოს უფლის დღის განმავლობაში აქვს (შეადარეთ გამოცხადების 2:17). ესაიამ აღწერა, როგორი იქნებოდა იესო 1914 წლის შემდეგ: „დაერქმევა მას საოცარი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, მარადიული მამა, მშვიდობის მთავარი“ (ესაია 9:6). მოციქულმა პავლემ იესოს სახელი დაუკავშირა იმ განსაკუთრებულ მსახურებას, რომელსაც იესო შეასრულებდა: „ღმერთმა ის [იესო] უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ“ (ფილიპელები 2:9, 10).
8. რატომ არის მხოლოდ იესოსთვის ცნობილი იმ სახელის მნიშვნელობა, რომელიც თავად მას აწერია, და ვის აძლევს ის გარკვეულ უპირატესობას?
8 იესო განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობს. იეჰოვას გარდა მხოლოდ იესოს ესმის, რას ნიშნავს ასეთი მაღალი მდგომარეობის დაკავება (შეადარეთ მათეს 11:27). ღვთის ქმნილებათა შორის მხოლოდ მას შეუძლია, ბოლომდე ესმოდეს ამ სახელის მნიშვნელობა; თუმცა იესო, თავის მხრივ, თავის პატარძალსაც აძლევს გარკვეულ უპირატესობას. აი, რას ჰპირდება იესო მას: „მძლეველს სვეტად ვაქცევ. . . დავაწერ მას. . . ჩემს ახალ სახელს“ (გამოცხადება 3:12).
9. რას ნიშნავს ის, რომ: ა) იესოს „აცვია სისხლიანი მოსასხამი“? ბ) მისი სახელია „ღვთის სიტყვა“?
9 იოანე განაგრძობს: „აცვია სისხლიანი მოსასხამი და მისი სახელია ღვთის სიტყვა“ (გამოცხადება 19:13). ვისი სისხლია ეს? შესაძლოა, ეს იყოს იესოს სისხლი, რომელიც კაცობრიობისთვის დაიღვარა (გამოცხადება 1:5). მაგრამ, როგორც კონტექსტიდან ვხედავთ, ეს მისი მტრების სისხლი უნდა იყოს, იეჰოვას განაჩენის აღსრულების დროს დაღვრილი. ეს გვახსენებს ხილვას დედამიწის ვაზის მოგროვებასა და ღვთის მრისხანების დიდ საწნახელში მის დაწნეხაზე. ამ ხილვაში სისხლმა „ცხენის ლაგმის სიმაღლემდე“ მიაღწია, რაც ღვთის მტრებზე დიდებული გამარჯვების ნიშანი იყო (გამოცხადება 14:18—20). ამ შემთხვევაში იესოს სისხლიანი მოსასხამი იმაზე მოწმობს, რომ მისი გამარჯვება სრული და საბოლოოა (შეადარეთ ესაიას 63:1—6). როგორც ვხედავთ იოანე აქაც მოიხსენიებს იესოს სახელს, მაგრამ ამჯერად ეს კარგად ცნობილი სახელია — „ღვთის სიტყვა“. ამგვარად ვიგებთ, რომ ეს მეომარი მეფე იეჰოვას მთავარი წარმომადგენელი და ჭეშმარიტების დამცველია (იოანე 1:1; გამოცხადება 1:1).
იესოს თანამებრძოლები
10, 11. ა) როგორ ჩანს იოანეს სიტყვებიდან, რომ იესო მარტო არ იბრძვის? ბ) რისი სიმბოლოა თეთრი ცხენები, და რას ნიშნავს ის, რომ მხედრები „თეთრი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსლით“ არიან შემოსილნი? გ) ვინ შედის ზეციერ ლაშქარში?
10 იესო მარტო არ იბრძვის. იოანე ამბობს: „მას მიჰყვებოდა თეთრ ცხენებზე ამხედრებული თეთრი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსლით შემოსილი ზეციერი ლაშქარი“ (გამოცხადება 19:14). თეთრი ცხენები სამართლიანი ომის სიმბოლოა. ძვირფასი სელი შესაფერისი სამოსია მეფის მხედრებისთვის. სელის ბზინვარება და სითეთრე იმას ნიშნავს, რომ ისინი წმინდები და მართლები არიან იეჰოვას წინაშე. ვინ შედის ამ ლაშქარში? უდავოა, წმინდა ანგელოზები. ჯერ კიდევ უფლის დღის დასაწყისში, მიქაელმა და მისმა ანგელოზებმა სატანა და მისი დემონები ზეციდან გადმოყარეს (გამოცხადება 12:7—9). ანგელოზები ემსახურებიან თავის დიდებულ ტახტზე მჯდომ იესოს, რომელიც დედამიწაზე ერებსა და ხალხებს გაასამართლებს (მათე 25:31, 32). უეჭველია, ამ გადამწყვეტ ომში, როცა საბოლოოდ აღსრულდება ღვთის განაჩენი, იესოს გვერდით მისი ანგელოზები იქნებიან.
11 ამ ლაშქარში სხვებიც შედიან. თიატირელი ქრისტიანებისთვის მიწერილ ცნობაში იესომ თქვა: „მძლეველსა და ჩემი საქმეების ბოლომდე დამცველს მივცემ ძალაუფლებას ხალხებზე, როგორიც მე მივიღე მამაჩემისგან; დამწყემსავს ის ხალხს რკინის კვერთხით და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან“ (გამოცხადება 2:26, 27). უდავოა, იმ დროს ზეცაში მყოფი ქრისტეს ძმებიც რკინის კვერთხით დამწყემსავენ ხალხებსა და ერებს.
12. ა) იბრძოლებენ ღვთის მიწიერი მსახურები არმაგედონის ომში? ბ) როგორ შეეხება არმაგედონი იეჰოვას ხალხს დედამიწაზე?
12 მონაწილეობენ ღვთის მიწიერი მსახურები ამ ბრძოლაში? იოანეს კლასი არ ჩაებმება არმაგედონის ომში. ამ ომში არც ყველა ერიდან გამოსული ის ერთგული თანამსახურები ჩაებმებიან, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლობის ადგილისკენ, სულიერი ტაძრისკენ მიემართებიან. ამ მშვიდობიანმა ხალხმა მახვილები უკვე სახნისებად გამოჭედა (ესაია 2:2—4). თუმცა ეს ომი მათაც შეეხება. როგორც გავიგეთ, იეჰოვას, ერთი შეხედვით, დაუცველ ხალხს გოგი და მთელი მისი ბრბო გააფრთებით დაესხმება თავს. ეს იქნება იმის ნიშანი, რომ იეჰოვას მიერ დანიშნული მებრძოლი მეფე და მისი ზეციერი ლაშქარი ამ ერების გასანადგურებლად ომს დაიწყებს (ეზეკიელი 39:6, 7, 11; შეადარეთ დანიელის 11:44—12:1). ღვთის ხალხი დედამიწაზე ყურადღებით დააკვირდება ამ მოვლენებს. არმაგედონი მათ გადარჩენას ნიშნავს. ისინი იმ დიდი ომის თვითმხილველნი იქნებიან, რომელიც იეჰოვას უზენაესობას დაამტკიცებს, ამის შემდეგ კი მარადიულად იცხოვრებენ.
13. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას მოწმეები ხელისუფლებას არ ეწინააღმდეგებიან?
13 ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვას მოწმეები ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან? რა თქმა უნდა, არა. ისინი ითვალისწინებენ მოციქულ პავლეს რჩევას: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ“. მათ ესმით, რომ ვიდრე ეს ქვეყნიერება არსებობს, ღვთის ნებით ეს „უმაღლესი ხელისუფალნი“ გარკვეულწილად ხელს უწყობენ საზოგადოებრივ წესრიგს. ამიტომ იეჰოვას მოწმეები იხდიან გადასახადებს, გადიან რეგისტრაციას, ემორჩილებიან კანონებს, იცავენ მოძრაობის წესებსა და ასე შემდეგ (რომაელები 13:1, 6, 7). გარდა ამისა, ისინი ბიბლიური პრინციპების შესაბამისად სანდო და პატიოსანი ადამიანები არიან, უყვართ მოყვასი, ცდილობენ, შექმნან მტკიცე და წესიერი ოჯახები და ბავშვები სამაგალითოდ აღზარდონ. ამგვარად, ისინი ემორჩილებიან მითითებას: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (ლუკა 20:25; 1 პეტრე 2:13—17). ღვთის სიტყვის თანახმად ამ ქვეყნიერების ხელისუფლებები დროებითია, ამიტომ იეჰოვას მოწმეები უფრო აზრიანი ცხოვრებისთვის, ჭეშმარიტი სიცოცხლისთვის ემზადებიან, რასაც მალე ქრისტეს სამეფო გახდის შესაძლებელს (1 ტიმოთე 6:17—19). მართალია, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ამ ქვეყნიერების მთავრობების დამხობაში, მაგრამ, რაც ღვთის შთაგონებულ სიტყვაში, წმინდა ბიბლიაშია ჩაწერილი იეჰოვას მოახლოებული სასამართლოს შესახებ, რომელიც არმაგედონში იქნება, მათში მოკრძალებულ შიშს იწვევს (ესაია 26:20, 21; ებრაელები 12:28, 29).
საბოლოო ბრძოლა
14. რას განასახიერებს იესოს პირიდან გამომავალი „დიდი ბასრი მახვილი“?
14 რა ძალაუფლებით იმარჯვებს იესო? იოანე გვამცნობს: „მისი პირიდან დიდი ბასრი მახვილია გამოშვერილი, რათა დასცეს ის ხალხებს, და რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ“ (გამოცხადება 19:15ა). ეს „დიდი ბასრი მახვილი“ ღვთის მიერ იესოსთვის მიცემულ ძალაუფლებას განასახიერებს. ამ ძალაუფლებით ის ღვთის სამეფოს უარმყოფელების დასჯის ბრძანებას გასცემს (გამოცხადება 1:16; 2:16). ესაიაც ასეთ სიმბოლურ სიტყვებს იყენებს: „[იეჰოვამ] ბასრ მახვილად აქცია ჩემი პირი. თავისი ხელის ჩრდილში დამმალა. ნელ-ნელა მაქცია წამახულ ისრად“ (ესაია 49:2). ამ შემთხვევაში ესაია ღვთის განაჩენის გამცხადებელ და აღმსრულებელ იესოს წარმოადგენდა. იესოს მოქმედება ისრის მიზანში მოხვედრას შეგვიძლია შევადაროთ.
15. ვინ იქნება მხილებული და გასამართლებული, და რისი მომასწავებელია ეს?
15 ამ დროისთვის იესომ უკვე იმოქმედა პავლეს წინასწარმეტყველური სიტყვების თანახმად: „მაშინ გამოვლინდება უკანონობის მოქმედი, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავისი ბაგის სულით და ბოლოს მოუღებს თავისი მოსვლის გამოცხადებით“. იესოს მოსვლას (ბერძ. პარუსია) 1914 წლიდან მოყოლებული უკანონობის კაცის ანუ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების მხილება და გასამართლება ადასტურებს. მისი მოსვლა მაშინ უფრო ცხადი გახდება, როცა ალისფერი მხეცის ათი რქა ქრისტიანულ სამყაროზე აღასრულებს სამართალს და დიდი ბაბილონის სხვა ნაწილებთან ერთად გაანადგურებს მას (2 თესალონიკელები 2:1—3, 8). ეს დიდი გასაჭირის დასაწყისი იქნება. ამის შემდეგ ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად იესო პასუხს მოსთხოვს სატანის ორგანიზაციის დარჩენილ ნაწილს: „დაჰკრავს დედამიწას თავისი პირის კვერთხს; თავისი ბაგეების სულით დახოცავს ბოროტებს“ (ესაია 11:4).
16. როგორ არის წარმოდგენილი „ფსალმუნებსა“ და „იერემიაში“ იეჰოვას მიერ დანიშნული მებრძოლი მეფის როლი?
16 იეჰოვას მიერ დანიშნული მებრძოლი მეფე განსაზღვრავს, ვინ გადარჩება და ვინ — არა. იეჰოვამ წინასწარ უთხრა თავის ძეს: „დალეწავ მათ [დედამიწის მმართველებს] რკინის კვერთხით და მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ“. იერემია მიმართავს გახრწნილ მმართველებსა და მათ მსახურებს: „იღრიალეთ, მწყემსებო, და იყვირეთ! იგორავეთ, ფარის დიდებულებო, რადგან მოვიდა თქვენი დაკვლისა და გაფანტვის დღეები; ძვირფასი ჭურჭელივით დაემხობით!“ რაოდენ დიდი მოწონებითაც არ უნდა სარგებლობდნენ ისინი ამ ბოროტ ქვეყნიერებაში, მეფის რკინის კვერთხის ერთი დარტყმით ჭურჭელივით დაიმსხვრევიან. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც დავითმა იწინასწარმეტყველა უფალ იესოზე: «იეჰოვა შენი ძლიერების კვერთხს გამოგიგზავნის სიონიდან და გეტყვის: „იბატონე შენს მტრებს შორის“. იეჰოვა იქნება შენს მარჯვენასთან და შემუსრავს მეფეებს თავისი რისხვის დღეს. ის ხალხებში აღასრულებს თავის განაჩენს; გვამებით აავსებს მათ» (ფსალმუნი 2:9, 12; 83:17, 18; 110:1, 2, 5, 6; იერემია 25:34).
17. ა) იოანეს აღწერილობის თანახმად, როგორ აღასრულებს სამართალს მებრძოლი მეფე? ბ) გაიხსენეთ ზოგიერთი წინასწარმეტყველება, რომელიც აღწერს, რაოდენ გამანადგურებელი იქნება ღვთის რისხვის დღე ერებისთვის.
17 იოანე ძლიერ, მებრძოლ მეფეს კვლავ ხედავს ხილვაში: „ის წნეხს ყოვლისშემძლე ღვთის რისხვის მძვინვარების საწნახელსაც“ (გამოცხადება 19:15ბ). ადრინდელ ხილვაში იოანემ უკვე იხილა, როგორ დაიწნეხა „ღვთის რისხვის დიდი საწნახელი“ (გამოცხადება 14:18—20). ესაიამაც უღვთოთა დასასჯელი საწნახელი აღწერა, სხვა წინასწარმეტყველებმა კი აღწერეს, რაოდენ გამანადგურებელი იქნებოდა ღვთის რისხვის დღე ყველა ერისთვის (ესაია 24:1—6; 63:1—4; იერემია 25:30—33; დანიელი 2:44; სოფონია 3:8; ზაქარია 14:3, 12, 13; გამოცხადება 6:15—17).
18. იოელ წინასწარმეტყველის სიტყვების თანახმად როგორ გაასამართლებს იეჰოვა ერებს?
18 წინასწარმეტყველი იოელი საწნახელს უკავშირებს „გარშემო მცხოვრები ყველა ხალხის გასასამართლებლად“ იეჰოვას მოსვლას. იეჰოვა ასეთ ბრძანებას აძლევს, როგორც ჩანს, იესოს, რომელიც მასთან ერთად ასამართლებს, და მის ზეციერ ლაშქარს: „მოიქნიეთ ნამგალი, რადგან მოწეულია სამკალი! მოდით, ჩამოდით, რადგან აივსო საწნახელი! გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება. ბრბოები, ბრბოები არიან განაჩენის ველზე, რადგან უახლოვდება იეჰოვას დღე განაჩენის ველს. დაბნელდება მზე და დაბნელდება მთვარე, აღარ გამოანათებენ ვარსკვლავები. სიონიდან დაიგრგვინებს იეჰოვა და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას. შეირყევა ცა და მიწა, მაგრამ იეჰოვა იქნება თავშესაფარი თავისი ხალხისთვის და სიმაგრე — ისრაელის ძეებისთვის. გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ (იოელი 3:12—17).
19. ა) როგორ გაეცემა პასუხი 1 პეტრეს 4:17-ში დასმულ კითხვას? ბ) რა სახელი აწერია იესოს მოსასხამზე და რატომ არის ეს სახელი მისთვის შესაფერისი?
19 ეს უბედურების დღე იქნება როგორც ურჩი ერებისთვის, ისე ცალკეული ურჩი ადამიანებისთვის, ხოლო შვებას მოჰგვრის მათ, ვინც იეჰოვასა და მისი მებრძოლი მეფის მფარველობას ეძებს (2 თესალონიკელები 1:6—9). 1918 წელს ღვთის სახლიდან დაწყებული სასამართლო წარმატებით დასრულდება და 1 პეტრეს 4:17-ში დასმულ კითხვასაც პასუხი გაეცემა: „როგორი აღსასრული მოელით მათ, ვინც არ ემორჩილება ღვთის სასიხარულო ცნობას?“ დიდებული, გამარჯვებული მეფე ბოლომდე დაწნეხს საწნახელს და ცხადს გახდის, რომ ის იოანეს მიერ აღწერილი განდიდებული მეფეა: „მას მოსასხამზე ბარძაყთან აწერია სახელი — მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ (გამოცხადება 19:16). მან დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მიწიერ მმართველზე, მეფეზე თუ ბატონზე ბევრად ძლიერია. მისი ღირსება და სიდიადე შეუდარებელია. ის „ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის“ გამოვიდა საბრძოლველად და ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვა (ფსალმუნი 45:4). სისხლიან ტანსაცმელზე იესოს უზენაესი უფლის, იეჰოვას ნაბოძები სახელი აწერია. სწორედ ის დაამტკიცებს იეჰოვას უზენაესობას.
ღვთის დიდი ვახშამი
20. როგორ აღწერს იოანე „ღვთის დიდ ვახშამს“ და რომელ ძველ წინასწარმეტყველებას ეხება ეს?
20 ეზეკიელის ხილვაში გოგის ბრბოს განადგურების შემდეგ, ფრინველებსა და მხეცებს ნადიმზე იწვევენ. ისინი იეჰოვას მტრების გვამებს ჭამენ და ამგვარად ასუფთავებენ არემარეს (ეზეკიელი 39:11, 17—20). იოანეს შემდეგი სიტყვები აშკარად ამ წინასწარმეტყველებას ეხება: «ვიხილე აგრეთვე მზეში მდგომი ანგელოზი. ის ხმამაღლა უხმობდა ცის ყველა ფრინველს: „მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ ვახშამზე, რათა ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მათზე ამხედრებულთა ხორცი, ყველას ხორცი: თავისუფლისა და მონისა, დიდისა და პატარისა“ » (გამოცხადება 19:17, 18).
21. რას ნიშნავს: ა) ანგელოზის დგომა მზეში? ბ) დახოცილთა გვამების მიწის პირზე დაყრა? გ) ის, რომ მიწის პირზე ყველანაირი ადამიანის გვამი ეყრება? დ) გამოთქმა „ღვთის დიდი ვახშამი“?
21 ანგელოზი ფრინველების მოსახმობად თვალში საცემ ადგილზე, მზეში დგას და მათ მებრძოლი მეფისა და მისი ზეციერი ლაშქრის მიერ დახოცილთა ხორცით გასაძღომად უხმობს. დახოცილთა გვამები მიწის პირზე ეყრება, რაც მათი სამარცხვინო სიკვდილის მაჩვენებელი იქნება. იზებელის მსგავსად არც ისინი დაიმარხებიან ღირსეულად (2 მეფეები 9:36, 37). განადგურებას ვერც ერთი კატეგორიის ადამიანი ვერ გადაურჩება; დახოცილთა შორის იქნებიან: მეფეები, ათასისთავები, ძლიერები, თავისუფლები და მონები. გამონაკლისი არ იქნება დაშვებული. იეჰოვას წინააღმდეგ ამხედრებული ქვეყნიერების ბოლო კვალიც კი წაიშლება. მეტად აღარ იარსებებს თავგზააბნეულ ხალხთა ბობოქარი ზღვა (გამოცხადება 21:1). ეს „ღვთის დიდი ვახშამია“, რადგან თავად იეჰოვა იწვევს ფრინველებს.
22. როგორ აღწერს იოანე გადამწყვეტი ომის მსვლელობას?
22 იოანე მოკლედ აღწერს გადამწყვეტი ომის მსვლელობას: „ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულისა და მისი ლაშქრის წინააღმდეგ საომრად შეკრებილიყვნენ. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც ნიშნებს ახდენდა მის წინაშე, რითაც შეცდომაში შეჰყავდა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ქანდაკების თაყვანისმცემელნი. ორივე ცოცხლად იქნა ჩაგდებული ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვის. დანარჩენები ცხენზე ამხედრებულის პირიდან გამომავალი დიდი მახვილით დაიხოცნენ. ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით“ (გამოცხადება 19:19—21).
23. ა) რა გაგებით შეიკრიბებიან საომრად „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ არმაგედონში? ბ) რა გაფრთხილებას უგულებელყოფენ „დედამიწის მეფეები“ და რა მოჰყვება ამას შედეგად?
23 იეჰოვას რისხვის მეექვსე თასის გადმოღვრის შემდეგ იოანე გვამცნობს, რომ დემონური პროპაგანდის ხელშეწყობით „მთელი მსოფლიოს მეფეები“ საომრად იკრიბებიან „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“. ეს ბრძოლა იქნება არმაგედონი. ის გაიმართება არა რომელიმე კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელ მსოფლიოში, იმ მდგომარეობის გამო, რომელიც იეჰოვასგან სამართლის აღსრულებას მოითხოვს (გამოცხადება 16:12, 14, 16). ახლა იოანე საბრძოლოდ დარაზმულ ლაშქარს ხედავს: „დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები“ ღვთის წინააღმდეგ დარაზმულან. ისინი ჯიუტად უარყოფენ იეჰოვას მიერ დანიშნულ მეფეს. იეჰოვამ გააფრთხილა ისინი: „ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს ღმერთი და არ მოიკვეთოთ თქვენი გზიდან“. ისინი სიკვდილს იმსახურებენ, რადგან არ ემორჩილებიან ქრისტეს მმართველობას (ფსალმუნი 2:12).
24. ა) როგორ დაისჯებიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი, და რა გაგებით იქნებიან იმ დროს ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები? ბ) რა ამტკიცებს იმას, რომ „ცეცხლის ტბა“ სიმბოლურია?
24 ზღვიდან ამოსული შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი, რომელიც სატანის პოლიტიკურ ორგანიზაციას განასახიერებს, ცრუ წინასწარმეტყველთან, მეშვიდე მსოფლიო მპყრობელთან ერთად მიეცემა დავიწყებას (გამოცხადება 13:1, 11—13; 16:13). მათ ჩაყრიან „ცეცხლის ტბაში“, როცა ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები იქნებიან, ანუ, როცა გაერთიანებულად იმოქმედებენ და შეეწინააღმდეგებიან ღვთის ხალხს დედამიწაზე. პირდაპირი გაგებით ცეცხლისაა ეს ტბა? არა, როგორც მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი არ არიან პირდაპირი გაგებით ცხოველები. ეს სრული, საბოლოო განადგურების სიმბოლოა. მოგვიანებით იქ ჩაყრიან სიკვდილს, სამარეს და ეშმაკსაც კი (გამოცხადება 20:10, 14). შეუძლებელია, ის იყოს ბოროტთა სამუდამო სატანჯველი ადგილი, რადგან ასეთი ადგილის წარმოდგენაც კი საძულველია იეჰოვასთვის (იერემია 19:5; 32:35; 1 იოანე 4:8, 16).
25. ა) ვინ დაიხოცება „ცხენზე ამხედრებულის პირიდან გამომავალი დიდი მახვილით“? ბ) აღდგება თუ არა იმ დახოცილთაგან რომელიმე?
25 „ცხენზე ამხედრებულის პირიდან გამომავალი დიდი მახვილით“ ისინიც დაიხოცებიან, ვინც უშუალოდ არ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ამ გახრწნილი ქვეყნიერების ნაწილი არიან და არ სურთ გამოსწორება. იესოს თვალში ისინი სიკვდილს იმსახურებენ. მათზე არ არის ნათქვამი, რომ ცეცხლის ტბაში ჩაიყრებიან. ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი აღდგებიან? ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ისინი, ვისაც იმ დროს იეჰოვას მიერ დანიშნული მოსამართლე დასჯის, აღდგებიან. იესოს სიტყვების თანახმად ვინც „ცხვარი“ არ არის, წავა „მარადიულ ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის არის გამზადებული“, ანუ მარადიულად მოიკვეთება (მათე 25:33, 41, 46). ეს „უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღის“ კულმინაციაა (2 პეტრე 3:7; ნაუმი 1:2, 7—9; მალაქია 4:1).
26. მოკლედ აღწერეთ, რა მდგომარეობა იქნება არმაგედონის შემდეგ.
26 ამგვარად, სატანის მიწიერი ორგანიზაცია მთლიანად განადგურდება. „წინანდელი ცა“ ანუ პოლიტიკური მმართველობა მოისპობა. „დედამიწა“ ანუ სატანის მიერ საუკუნეების განმავლობაში შექმნილი, ერთი შეხედვით, შეურყეველი ქვეყნიერება სრულიად განადგურდება. „ზღვა“ ანუ იეჰოვას მოწინააღმდეგე ბოროტ ადამიანთა საზოგადოება აღარ იარსებებს (გამოცხადება 21:1; 2 პეტრე 3:10). რას უმზადებს იეჰოვა თვით სატანას? იოანე ამასაც გაგვაგებინებს.