თავი 33
სახელგატეხილი მეძავის გასამართლება
ხილვა 11 გამოცხადება 17:1—18
თემა: დიდი ბაბილონი ზის ალისფერ მხეცზე, რომელიც საბოლოოდ თავს ესხმის მას და ანადგურებს.
შესრულების დრო: 1919 წლიდან დიდ გასაჭირამდე.
1. რას უჩვენებს იოანეს შვიდი ანგელოზიდან ერთ-ერთი?
იეჰოვას სამართლიანი რისხვის შვიდივე თასი ბოლომდე უნდა გადმოიღვაროს. მეექვსე ანგელოზმა თასი გადმოცალა იქ, სადაც ძველი ბაბილონი მდებარეობდა. ეს დიდი ბაბილონის „დაწყლულებას“ განასახიერებს. ამაზე მეტყველებს იმ მოვლენების დაჩქარება, რომელიც საბოლოო ომს, არმაგედონს უძღვის წინ (გამოცხადება 16:1, 12, 16). როგორც ჩანს, ახლა იგივე ანგელოზი აცხადებს, რატომ და როგორ აღასრულებს იეჰოვა თავის სამართლიან განაჩენს. იოანე გაოგნებული რჩება გაგონილითა და ნანახით: «იმ შვიდი ანგელოზიდან, რომლებსაც შვიდი თასი ჰქონდათ, ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სასამართლოს, რომელთანაც მეძაობდნენ დედამიწის მეფეები, დედამიწის მკვიდრნი კი მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ“ » (გამოცხადება 17:1, 2).
2. რა აჩვენებს, რომ „დიდი მეძავი“: ა) არ არის ძველი რომი? ბ) არ არის დიდი ბიზნესი? გ) მსოფლიო რელიგიას განასახიერებს?
2 „დიდი მეძავი“! რატომ ჰქვია მას ასეთი აღმაშფოთებელი სახელი? ვინ არის ის? ზოგი სიმბოლურ მეძავად ძველ რომს მიიჩნევს. მაგრამ რომი იმპერია იყო, ეს მეძავი კი დედამიწის მეფეებთან მეძაობს; აქედან გამომდინარე, ის რომის მეფეებთანაც იმეძავებდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მისი განადგურების შემდეგ „დედამიწის მეფეები“ იგლოვებენ მას. ამიტომ, შეუძლებელია, ის პოლიტიკური ძალა იყოს (გამოცხადება 18:9, 10). მას ქვეყნის ვაჭრები დაიტირებენ, ასე რომ, ის ვერც დიდი ბიზნესის სიმბოლო იქნება (გამოცხადება 18:15, 16). გარდა ამისა, მის შესახებ ვკითხულობთ, რომ ‘სპირიტიზმით შეცდომაში შეჰყავდა ხალხები’ (გამოცხადება 18:23). აქედან ნათლად ჩანს, რომ დიდი მეძავი მსოფლიო რელიგიას განასახიერებს.
3. ა) რატომ უნდა იგულისხმებოდეს „დიდ მეძავში“ უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია ან მთელი ქრისტიანული სამყარო? ბ) რომელი ბაბილონური სწავლებებია გავრცელებული მრავალ აღმოსავლურ რელიგიასა და ქრისტიანული სამყაროს სექტებში? გ) რა აღიარა რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალმა ჯონ ჰენრი ნიუმენმა ქრისტიანული სამყაროს მრავალი სწავლების, რიტუალისა და წეს-ჩვეულების შესახებ? (იხილეთ სქოლიო)
3 რა რელიგია იგულისხმება? რომის კათოლიკური ეკლესია, როგორც ამას ზოგიერთი ვარაუდობს? ზოგადად ქრისტიანული სამყარო? არა, ის უფრო მეტს უნდა მოიცავდეს, რადგან ყველა ერი შეჰყავს შეცდომაში. ის არის ცრუ რელიგიური სამყარო. ის რომ მისტიკურ ბაბილონში იღებს დასაბამს, ჩანს მსოფლიოს ყველა რელიგიაში გავრცელებული მრავალი ბაბილონური სწავლებიდან და წეს-ჩვეულებიდან. მაგალითად, მრავალ აღმოსავლურ რელიგიასა და ქრისტიანული სამყაროს სექტებში გავრცელებულია სწავლება უკვდავი სულის, ჯოჯოხეთში ტანჯვისა და სამპიროვანი ღვთის შესახებ. ცრუ რელიგია, რომელიც 4 000 წლის წინათ ძველ ქალაქ ბაბილონში ჩაისახა, თანამედროვე ურჩხულად იქცა, რომელსაც სათანადოდ ეწოდება დიდი ბაბილონიa. რატომ მოიხსენიება ის ასეთი საძულველი სახელით — „დიდი მეძავი“?
4. ა) როგორ მეძაობდა ძველი ისრაელი? ბ) როგორ მეძაობს „დიდი ბაბილონი“?
4 ბაბილონმა (რაც „არევ-დარევას“ ნიშნავს) დიდების მწვერვალს ნაბუქოდონოსორის მეფობის დროს მიაღწია. ბაბილონი იყო რელიგიურ-პოლიტიკური სახელმწიფო, სადაც ათასზე მეტი ტაძარი და სამლოცველო იდგა. ქურუმები დიდი ძალაუფლებით სარგებლობდნენ. მართალია, ბაბილონმა, როგორც მსოფლიო მპყრობელმა, დიდი ხნის წინათ შეწყვიტა არსებობა, მაგრამ დიდი ბაბილონი, როგორც რელიგიური სამყარო, დღემდე არსებობს და თავისი წინამორბედის მსგავსად კვლავაც ცდილობს, გავლენა იქონიოს პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. იწონებს ღმერთი რელიგიის ჩარევას პოლიტიკაში? ებრაულ წერილებში ისრაელს მეძავი ეწოდებოდა მაშინ, როცა ის ცრუ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობდა და სხვა ერებთან ამყარებდა კავშირს, ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას მინდობოდა (იერემია 3:6, 8, 9; ეზეკიელი 16:28—30). „დიდი ბაბილონიც“ მეძაობს. ის არაფერს ერიდება, ოღონდ გავლენა მოახდინოს და იბატონოს დედამიწის მეფეებზე (1 ტიმოთე 4:1).
5. ა) რა უყვარს სამღვდელოებას? ბ) რატომ ეწინააღმდეგება პოპულარობისკენ სწრაფვა იესო ქრისტეს სიტყვებს?
5 დღეს რელიგიური წინამძღოლები მიზანმიმართულად ისწრაფვიან მაღალი თანამდებობის დასაკავებლად; ზოგიერთი ქვეყნის მთავრობაში მათ არცთუ ისე უმნიშვნელო თანამდებობები უკავიათ. 1988 წელს ორი ცნობილი პროტესტანტი მღვდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდა. „დიდი ბაბილონის“ წინამძღოლებს ყურადღების ცენტრში უყვართ ყოფნა. პრესაში ხშირად ჩნდება ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად გადაღებული მათი სურათები. იესო უარს აცხადებდა პოლიტიკაში მონაწილეობაზე; მან თავის მოწაფეებზე თქვა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 6:15; 17:16; მათე 4:8—10; იხილეთ აგრეთვე იაკობის 4:4).
თანამედროვე „მეძაობა“
6, 7. ა) როგორ ჩაიგდო ძალაუფლება ხელში ჰიტლერის ნაცისტურმა პარტიამ? ბ) როგორ დაეხმარა ჰიტლერს ვატიკანსა და ნაცისტურ გერმანიას შორის დადებული კონკორდატი მსოფლიო ბატონობისკენ სწრაფვაში?
6 პოლიტიკაში ჩარევით დიდმა მეძავმა ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა კაცობრიობას. მაგალითად, განვიხილოთ ის ფაქტები, რომლებიც გერმანიის სათავეში ჰიტლერის მოსვლას უკავშირდება. ბევრი სიამოვნებით ამოშლიდა ამ ფაქტებს ისტორიის ფურცლებიდან. 1924 წლის მაისში ნაცისტურ პარტიას გერმანიის პარლამენტში 32 ადგილი ჰქონდა, 1928 წლის მაისისთვის ამ ადგილების რაოდენობა 12-მდე შემცირდა. 1930 წელს, როცა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, ნაცისტურმა პარტიამ ამით ისარგებლა და ძალები მოიკრიბა. გერმანიაში 1932 წლის ივლისში ჩატარებულ არჩევნებში ნაცისტებმა 608 ადგილიდან 230 ადგილი მოიპოვეს. ამის შემდეგ ფაშისტებს მხარში ამოუდგა ყოფილი კანცლერი, პაპის რაინდის ორდენოსანი ფრანც ფონ პაპენი. ისტორიკოსების აზრით, ფონ პაპენი ახალი წმინდა რომის იმპერიის გამოჩენას ელოდა. მისი კანცლერობის ხანმოკლე პერიოდი წარუმატებელი იყო, და იმის იმედი ჰქონდა, რომ ძალაუფლებას ნაცისტების დახმარებით ჩაიგდებდა ხელში. 1933 წლის იანვრისთვის მისი წყალობით ჰიტლერმა სამრეწველო მაგნატების მხარდაჭერა მოიპოვა. მან ჰიტლერს ბინძური ინტრიგებით მოუმართა ხელი, რათა ის 1933 წლის 30 იანვარს გერმანიის კანცლერი გამხდარიყო. თვითონ ვიცე-კანცლერი გახდა და ჰიტლერმა ის გერმანელი კათოლიკების მხარდაჭერის მოსაპოვებლად გამოიყენა. ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან ორ თვეში ჰიტლერმა პარლამენტი დაშალა, ოპოზიციის ათასობით ლიდერი საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნა და დაუფარავად დაიწყო ებრაელების დევნა.
7 ვატიკანის დაინტერესება ნაციზმით, რომელიც ძალას იკრებდა, აშკარად გამოჩნდა 1933 წლის 20 ივლისს, როცა კარდინალმა პაჩელიმ (მოგვიანებით პაპი პიუს XII) რომში ხელი მოაწერა ვატიკანსა და ნაცისტურ გერმანიას შორის დადებულ კონკორდატს. ფონ პაპენმა, როგორც ჰიტლერის წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა დოკუმენტს და პაჩელიმ მას პაპის მიერ დაწესებული უდიდესი წარჩინების ნიშანი ანუ პიუსის ორდენის დიდი ჯვარი გადასცაb. თავის წიგნში ტიბორ კოევესმა ამის შესახებ დაწერა: „ეს კონკორდატი დიდი გამარჯვება იყო ჰიტლერისთვის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან მორალური მხარდაჭერა მიიღო გერმანიის ფარგლებს გარეთ და თანაც ასეთი ძლიერი ძალისგან“ („Satan in Top Hat“). კონკორდატი ვატიკანისგან მოითხოვდა, რომ უარი ეთქვა გერმანიის ცენტრალური კათოლიკური პარტიის მხარდაჭერაზე, ამგვარად, ის აღიარებდა ჰიტლერის „ერთიან სახელმწიფოს“, სადაც მხოლოდ ერთი პარტია იქნებოდაc. კონკორდატის მე-14 სტატიაში ნათქვამი იყო: „არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები და სხვა სასულიერო პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნებიან, თუ რაიხის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი დარწმუნდება, რომ კანდიდატი პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის საეჭვო პირი“. 1933 წლის დასასრულისთვის (პაპმა პიუს XI-მ ეს წელი წმინდა წლად გამოაცხადა) ვატიკანის მხარდაჭერა ჰიტლერისთვის მსოფლიო ბატონობისკენ სწრაფვის მთავარი საფუძველი აღმოჩნდა.
8, 9. ა) როგორ შეხვდა ვატიკანი და კათოლიკური ეკლესია სამღვდელოებასთან ერთად ნაცისტურ ტირანიას? ბ) რა განაცხადეს გერმანელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში? გ) რა გამოიწვია რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთობამ?
8 თუ არ ჩავთვლით მღვდლებისა და მონაზვნების მცირე ჯგუფს, რომელიც ჰიტლერის სისასტიკის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა და იტანჯებოდა კიდეც, მთლიანობაში ვატიკანიცა და კათოლიკური ეკლესიაც თავის მრავალრიცხოვან სამღვდელოებასთან ერთად აქტიურად ან პასიურად მხარს უჭერდა ნაცისტურ ტირანიას, რასაც ისინი მსოფლიო კომუნიზმის შეჩერების ერთადერთ საშუალებად მიიჩნევდნენ. ვატიკანში მოკალათებული პაპი პიუს XII უკმაყოფილებას არ გამოთქვამდა ებრაელების გენოციდის, იეჰოვას მოწმეებისა თუ სხვების სასტიკი დევნის გამო. ამის გათვალისწინებით პარადოქსად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ 1987 წელს გერმანიაში ჩასულმა იოანე პავლე II-მ ღირსეულად მოიხსენია ერთი გულწრფელი მღვდელი, რომელიც არ დაეთანხმა ნაცისტურ პოლიტიკას. რას აკეთებდა ათასობით გერმანელი მღვდელი ჰიტლერის სასტიკი რეჟიმის დროს? ამ კითხვას პასუხობს 1939 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანელი კათოლიკე ეპისკოპოსების მიერ დაწერილი წერილი: „ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენს კათოლიკე ჯარისკაცებს მოვუწოდებთ, რომ მოიხადონ თავიანთი ვალი, დაემორჩილონ ფიურერს და თავი მიუძღვნან მას. ჩვენ მოვუწოდებთ სამწყსოს, მხურვალედ ილოცონ, რომ ღვთის განგებით წარმატებული იყოს ეს ომი“.
9 კათოლიკების მიერ გამოყენებული ასეთი დიპლომატია კარგად აჩვენებს, როგორ მეძაობდა რელიგია ბოლო 4 000 წლის განმავლობაში, როცა ძალაუფლებისა და უპირატესობის მისაღებად „ეკეკლუცებოდა“ მთავრობას. რელიგიასა და პოლიტიკას შორის ასეთმა კავშირმა დიდად შეუწყო ხელი ომებს, დევნასა და უბედურებას. ადამიანებს სიხარულის დიდი მიზეზი აქვთ, რადგან მალე აღსრულდება იეჰოვას განაჩენი „დიდ მეძავზე“. დაე, მალე აღსრულდეს ის!
მრავალ წყალზე მჯდომი
10. რას წარმოადგენს „მრავალი წყალი“, რისი იმედიც „დიდ ბაბილონს“ აქვს, და რა ემართება ამ „წყლებს“?
10 ძველი ბაბილონი მრავალ წყალზე — მდინარე ევფრატსა და არაერთ არხზე — იყო გაშენებული. ეს წყლები იცავდა მას და მისი სიმდიდრის წყარო იყო, თუმცა ეს წყლები ერთ ღამეში დაშრა (იერემია 50:38; 51:9, 12, 13). „დიდ ბაბილონსაც“ იმის იმედი აქვს, რომ „მრავალი წყალი“ დაიცავს და გაამდიდრებს. ეს სიმბოლური წყლები არიან „ხალხები, ჯგუფები, ერები და ენები“, ანუ მილიარდობით ადამიანი, რომლებზეც ძალაუფლება აქვს „დიდ ბაბილონს“ და რომლებიც მატერიალურად უჭერენ მას მხარს. მაგრამ ეს წყლები შრება და ძველებურად მას აღარ უჭერენ მხარს (გამოცხადება 17:15; შეადარეთ ფსალმუნის 18:4; ესაიას 8:7).
11. ა) როგორ „ათრობდა“ დედამიწას ძველი ბაბილონი? ბ) როგორ „ათრობს“ მთელ დედამიწას „დიდი ბაბილონი“?
11 ძველ ბაბილონს ეწოდებოდა ოქროს თასი იეჰოვას ხელში, „მთელი დედამიწის დამათრობელი“ (იერემია 51:7). ძველი ბაბილონი ძალით ასმევდა მეზობელ ერებს იეჰოვას რისხვას, როცა იპყრობდა და მთვრალ კაცს ამსგავსებდა მათ. ამ გაგებით ის იარაღი იყო იეჰოვას ხელში. „დიდი ბაბილონიც“ დამპყრობელი იყო, რის შედეგადაც მსოფლიო მპყრობელი გახდა; ამ შემთხვევაში, ის არ არის იარაღი ღვთის ხელში. ის ემსახურება „დედამიწის მეფეებს“, რომლებთანაც, რელიგიური თვალსაზრისით მეძაობს. ის აამებს მეფეებს, რადგან თავისი ცრუ მოძღვრებებითა და წეს-ჩვეულებებით ადამიანთა უმეტესობას ანუ „დედამიწის მკვიდრებს“ მთვრალ კაცს ამსგავსებს და მმართველებს უმორჩილებს.
12. ა) როგორ გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში დიდ სისხლისღვრაში დამნაშავე „დიდი ბაბილონის“ ერთ-ერთი ნაწილი? ბ) როგორ იკლო იაპონიაში „დიდი ბაბილონის“ მხარდამჭერმა „წყლებმა“ და რა იყო ამის შედეგი?
12 სინტოისტური იაპონია ამის თვალსაჩინო მაგალითია. სინტოისტური პათოსით აღზრდილი ჯარისკაცისთვის უდიდესი პატივი იყო იმპერატორისთვის, უზენაესი სინტოისტური ღვთაებისთვის, თავის გაწირვა. მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით მილიონ-ნახევარი იაპონელი ჯარისკაცი დაიღუპა; უმეტესობას ტყვედ ჩაბარება ესირცხვილებოდა. იაპონიის დამარცხების შემდეგ იმპერატორ ჰიროჰიტოს თავის ღვთაებრიობაზე უარის თქმა მოუწია. ამის შედეგად „დიდი ბაბილონის“ სინტოისტური ნაწილის მხარდამჭერმა „წყლებმა“ საგრძნობლად იკლო. სამწუხაროდ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წყნარ ოკეანეში გაჩაღებული ომის დროს სინტოიზმმა ხელი შეუწყო სასტიკ სისხლის ღვრას. ბოლო წლებში სინტოიზმის მოსუსტების შედეგად 200 000-ზე მეტი იაპონელი, რომელთაგან უმეტესობა სინტოისტი და ბუდისტი იყო, უზენაესი უფლის, იეჰოვას მიძღვნილი და მონათლული მსახური გახდა.
მხეცზე მჯდომი მეძავი
13. რა გამაოგნებელ სურათს ხედავს იოანე, როცა ანგელოზს სულის ძალით უდაბნოში გადაჰყავს?
13 კიდევ რას ვიგებთ წინასწარმეტყველებიდან დიდ მეძავსა და მის მომავალზე? იოანე ასეთ ცოცხალ სურათს გვიხატავს: „მან [ანგელოზმა] სულის ძალით გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე ქალი, რომელიც ღვთისმგმობელი სახელებით სავსე შვიდთავიან და ათრქიან ალისფერ მხეცზე იჯდა“ (გამოცხადება 17:3).
14. რატომ გადაიყვანეს იოანე უდაბნოში?
14 რატომ გადაჰყავს ანგელოზს იოანე უდაბნოში? ადრე ძველი ბაბილონისთვის გამოტანილ განაჩენს „ზღვის უდაბნოსთვის გამოტანილი განაჩენი“ ეწოდა (ესაია 21:1, 9). ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ წყლების სიუხვის მიუხედავად, ძველი ბაბილონი გაუდაბურდებოდა. იოანე სწორედ იმიტომ გადაჰყავს ანგელოზს უდაბნოში, რომ დაინახოს, რა დაემართება „დიდ ბაბილონს“, რომელიც ძველი ბაბილონივით უნდა გაუდაბურდეს და გახრიოკდეს (გამოცხადება 18:19, 22, 23). იოანე გაოგნებულია ნანახით; ის მარტო მეძავს კი არ ხედავს, არამედ იმასაც, რომ მეძავი შემზარავ მხეცზე ზის.
15. რა სხვაობაა გამოცხადების 13:1-სა და გამოცხადების 17:3-ში მოხსენიებულ მხეცებს შორის?
15 ამ მხეცს შვიდი თავი და ათი რქა აქვს. ეს ის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცია, რომელიც იოანემ ადრე იხილა? (გამოცხადება 13:1). არა, ამ მხეცებს შორის არის სხვაობა. ეს მხეცი ალისფერია და პირველი მხეცისგან განსხვავებით გვირგვინები არ ადგას. მას არა მარტო შვიდ თავზე აქვს ღვთისმგმობელი სახელები, არამედ ‘სავსეა ღვთისმგმობელი სახელებით’. მიუხედავად ამისა, ამ ორ მხეცს შორის არის საერთო, რასაც შემთხვევითს ვერ ვუწოდებთ.
16. რას წარმოადგენს ალისფერი მხეცი და რა იყო მისი მიზანი?
16 რას განასახიერებს ალისფერი მხეცი? ის უნდა იყოს მხეცის ქანდაკება, რომელიც ინგლის-ამერიკის სიმბოლოდ წარმოდგენილი კრავის რქებიანი მხეცის ხელშეწყობით შეიქმნა. ქანდაკების შექმნის შემდეგ ორრქიან მხეცს ნება მიეცა, მხეცის ქანდაკებისთვის სული ჩაედგა (გამოცხადება 13:14, 15). იოანე ახლა გაცოცხლებულ ქანდაკებას ხედავს. ის განასახიერებს ერთა ლიგას, რომელიც 1920 წელს გააცოცხლა ორრქიანმა მხეცმა. აშშ-ს პრეზიდენტმა, უილსონმა აღნიშნა, რომ ერთა ლიგა იქნებოდა ფორუმი, რომელიც ყველასთვის დაამყარებდა სამართალსა და სამუდამოდ მოსპობდა ომის საშიშროებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ორგანიზაცია აღდგა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახით მოგვევლინა. მისი მიზანი იყო „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება“.
17. ა) რა გაგებით არის სიმბოლური ალისფერი მხეცი ღვთისმგმობელი სახელებით სავსე? ბ) ვინ ზის ალისფერ მხეცზე? გ) თავიდანვე როგორ თანამშრომლობდა ბაბილონური რელიგია ერთა ლიგასთან და მის მემკვიდრესთან?
17 რა გაგებით არის ეს სიმბოლური მხეცი ღვთისმგმობელი სახელებით სავსე? ადამიანებმა ამ მრავალეროვან კერპს ღვთის სამეფოს ფუნქცია დააკისრეს, რათა აღესრულებინა ის, რასაც ღვთის სიტყვების თანახმად მხოლოდ მისი სამეფო შეძლებდა (დანიელი 2:44; მათე 12:18, 21). ამ ხილვიდან აღსანიშნავია ის, რომ „დიდი ბაბილონი“ ალისფერ მხეცზე ზის. წინასწარმეტყველების თანახმად ბაბილონური რელიგია, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყარო, თანამშრომლობს გაეროსთან, ისევე როგორც მის წინამორბედ ერთა ლიგასთან. 1918 წლის 18 დეკემბერს საბჭომ, რომელსაც ამჟამად ეწოდება „ამერიკაში ქრისტეს ეკლესიების ეროვნული საბჭო“, მიიღო დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო: «ეს ლიგა მხოლოდ პოლიტიკური იარაღი როდია. ის ღვთის სამეფოს განასახიერებს დედამიწაზე. . . ეკლესიას შეუძლია აღასრულოს კეთილი ნება, რის გარეშეც ვერავითარი ერთა ლიგა დიდხანს ვერ იარსებებს. . . ერთა ლიგა დასაბამს სახარებიდან იღებს. როგორც სახარების, ისე ერთა ლიგის მიზანია „მშვიდობა დედამიწაზე და სათნოება კაცთა შორის“ ».
18. როგორ უჭერდა მხარს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ერთა ლიგას?
18 ერთ-ერთი გაზეთის 1919 წლის 2 იანვრის გამოცემაში პირველ გვერდზე მოცემული სტატია ასე იყო დასათაურებული: „პაპი მხარს უჭერს უილსონის გეგმას ერთა ლიგის შექმნის თაობაზე“ („San Francisco Chronicle“). 1919 წლის 16 ოქტომბერს შეერთებული შტატების სენატს წარუდგინეს ძირითადი რელიგიების 14 450 წინამძღოლის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, რომლითაც სენატს სთხოვდნენ ვერსალის საზავო ხელშეკრულების რატიფიცირებას, რისი შემადგენელი ნაწილიც ერთა ლიგის წესდება იყო. მართალია, შეერთებული შტატების სენატს ეს ხელშეკრულება არ დაუმტკიცებია, მაგრამ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება კვლავ ერთა ლიგის მხარდასაჭერად გამოდიოდა. როგორ დაიწყო ფუნქციონირება ერთა ლიგამ? 1920 წლის 15 ნოემბერს შვეიცარიიდან იტყობინებოდნენ: „ერთა ლიგის პირველი ასამბლეის გახსნა დილის თერთმეტ საათზე ჟენევის ყველა ეკლესიის ზარების რეკვამ გვამცნო“.
19. როდის გამოაშკარავდა ალისფერი მხეცის ვინაობა და რა პოზიცია დაიკავა იოანეს კლასმა?
19 მიაგო პატივი ალისფერ მხეცს ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად იოანეს კლასმა, ერთადერთმა ჯგუფმა დედამიწაზე, რომელიც მზადყოფნით ელოდა მესიის სამეფოს? არა. 1919 წელს სიდარ-პოინტში ჩატარებული კონგრესის 7 სექტემბრის ანუ კვირის პროგრამის ნაწილი იყო საჯარო მოხსენება სათაურით „იმედი ტანჯული კაცობრიობისთვის“. მეორე დღეს სანდასკიში გამომავალ ჟურნალში აღინიშნა, რომ ჯ. ფ. რუტერფორდმა დაახლოებით შვიდი ათასი კაცის წინაშე „განაცხადა, რომ ერთა ლიგა ღვთის უკმაყოფილებას დაიმსახურებს. . . რადგან, როგორც კათოლიკურმა, ისე პროტესტანტულმა სამღვდელოებამ, რომელიც თავს ღვთის წარმომადგენლად აცხადებს, უარყო ღვთის განზრახვები, მხარი დაუჭირა ერთა ლიგას და მას დედამიწაზე ქრისტეს სამეფოს განსახიერება უწოდა“ („Star–Journal“).
20. რატომ იყო ღვთის გმობა სამღვდელოების განაცხადი, რომ ერთა ლიგა დედამიწაზე ღვთის სამეფოს წარმოადგენდა?
20 ერთა ლიგის სამარცხვინო წარუმატებლობას სამღვდელოებისთვის უნდა დაენახვებინა, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ორგანიზაციები არ წარმოადგენს ღვთის სამეფოს დედამიწაზე. ასეთი განაცხადი ხომ აშკარად ღვთის გმობაა. ისე გამოდიოდა, თითქოს ღმერთმა თავისი წვლილი შეიტანა ისეთი დიდი და უხეირო ორგანიზაციის შექმნაში, როგორიც ერთა ლიგა იყო. ღმერთზე ნათქვამია, რომ „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი“. ისევე როგორც ზეცაში, იეჰოვა დედამიწაზე მშვიდობის დასამყარებლად და თავისი ნების შესასრულებლად ათეისტ და კამათის მოყვარულ პოლიტიკოსებს კი არ გამოიყენებს, არამედ ზეციერ სამეფოს, რომელსაც ქრისტე უდგას სათავეში (მეორე კანონი 32:4; მათე 6:10).
21. საიდან ჩანს, რომ დიდი მეძავი მხარს უჭერს ერთა ლიგის მემკვიდრეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, და იწონებს მას?
21 რა შეიძლება ითქვას ერთა ლიგის მემკვიდრეზე, ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე? თავისი არსებობის დასაბამიდან ამ ორგანიზაციას დიდი მეძავი ეჯდა ზურგზე, მასთან აშკარად თანამშრომლობდა და მის მართვასაც კი ცდილობდა. მაგალითად, 1965 წლის ივნისში, გაეროს 20 წლისთავზე, რომის კათოლიკური ეკლესიის, მართმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, პროტესტანტები, იუდეველები, ინდუსები, ბუდისტები და მუსლიმანები (მაშინდელი მონაცემებით ამ რელიგიების აღმსარებელთა რიცხვი 2 მილიარდს შეადგენდა) შეიკრიბნენ სან-ფრანცისკოში, რათა მხარი დაეჭირათ გაეროსთვის და აღფრთოვანება გამოეხატათ. 1965 წლის ოქტომბერში გაეროში სტუმრობის დროს პაპმა პავლე VI-მ მას „უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა: „მთელი მსოფლიო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შეჰყურებს, როგორც თანხმობისა და მშვიდობის უკანასკნელ იმედს“. პაპმა, იოანე პავლე II-მ კი 1979 წლის ოქტომბერში თავისი ვიზიტის დროს ასე მიმართა გაეროს წარმომადგენლებს: „ვიმედოვნებ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველთვის იქნება მშვიდობისა და სამართლიანობის უმაღლესი ფორუმი“. აღსანიშნავია, რომ პაპს თავის სიტყვაში დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია იესო ქრისტესა და ღვთის სამეფოზე. 1987 წლის სექტემბერში შეერთებულ შტატებში სტუმრობის დროს „იოანე პავლემ დიდხანს ისაუბრა მსოფლიო სოლიდარობის მიღწევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე“ („The New York Times“).
„სახელი, საიდუმლო“
22. ა) როგორი მხეცი აირჩია დიდმა მეძავმა? ბ) როგორ აღწერს იოანე სიმბოლურ მეძავს, ანუ დიდ ბაბილონს?
22 მალე მოციქული იოანე გაიგებს, რომ დიდმა მეძავმა საშიში მხეცი აირჩია. პირველ რიგში იოანე ყურადღებას აპყრობს დიდ ბაბილონს. მართალია, ის მდიდრულად არის მორთული, მაგრამ საზიზღარია. «ქალი შემოსილი იყო ძოწისფერი და ალისფერი ქსოვილით და შემკული იყო ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით. ხელში კი თავისი სიძვის სისაძაგლითა და უწმინდურებით სავსე ოქროს სასმისი ეჭირა. შუბლზე ეწერა სახელი, საიდუმლო: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“. ვიხილე, რომ ქალი წმინდებისა და იესოს მოწმეების სისხლით იყო დამთვრალი» (გამოცხადება 17:4—6ა).
23. რა არის „დიდი ბაბილონის“ სრული სახელი და რა მნიშვნელობა აქვს მას?
23 როგორც მიღებული იყო ძველ რომში, ამ მეძავსაც შუბლზე აწერია თავისი სახელიd. მას გრძელი სახელი აქვს — „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“. მაშინ ეს სახელი საიდუმლო იყო, მისი მნიშვნელობა კი — დაფარული. ეს საიდუმლო ღვთის მიერ დანიშნულ დროს აიხსნებოდა. ანგელოზი იოანეს საკმარის ინფორმაციას აწვდის, რაც იეჰოვას დღევანდელ მსახურებს ამ სახელის მნიშვნელობას აგებინებს. ჩვენ ვიცით, რომ „დიდი ბაბილონი“ ცრუ რელიგიას განასახიერებს. ის „მეძავთა დედაა“, რადგან მსოფლიოს ყველა ცრუ რელიგია, მათ შორის ქრისტიანული სამყაროს სექტები, მის ქალიშვილებს ჰგავს. ისინი მას ჰბაძავენ სულიერ მეძაობაში. ის აგრეთვე „სისაძაგლეთა დედაა“ იმ გაგებით, რომ შვა ისეთი საზიზღარი შთამომავლობა, როგორიცაა კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი, მკითხაობა, ასტროლოგია, ქირომანტია, ადამიანთა მსხვერპლშეწირვა, ტაძრის მეძაობა, ცრუ ღმერთების პატივსაცემი ღრეობა და სხვა უხამსი ჩვეულებები.
24. რატომ არის სათანადოდ აღწერილი „დიდი ბაბილონი“ როგორც „ძოწისფერი და ალისფერი ქსოვილით“ შემოსილი და „ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით“ შემკული?
24 „დიდი ბაბილონის“ სამოსი სამეფო ტანსაცმლის ფერისაა — „ძოწისფერი და ალისფერი“; „ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით“ არის შემკული. რა სათანადო აღწერილობაა! გავიხსენოთ დიდებული შენობები, იშვიათი ქანდაკებები და ნახატები, ფასდაუდებელი ხატები და სხვა რელიგიური ნივთები, დიდძალი ქონება და ფული, რაც მსოფლიოს რელიგიებმა დააგროვეს. ვატიკანში, ტელეევანგელიზმის იმპერიაში, რომელსაც შეერთებული შტატები უმაგრებს ზურგს, და აღმოსავლეთის ეგზოტიკურ საკულტო ნაგებობებსა თუ ტაძრებში „დიდი ბაბილონი“ აურაცხელ სიმდიდრეს აგროვებდა, თუმცა ზოგჯერ კარგავდა კიდეც.
25. ა) რას განასახიერებს „უწმინდურებით სავსე ოქროს სასმისი“? ბ) რა გაგებით არის სიმბოლური მეძავი მთვრალი?
25 ახლა ვნახოთ, რა უჭირავს მეძავს ხელში. იოანე გაოგნებული დარჩებოდა, როცა დაინახავდა ოქროს სასმისს, მისი „სიძვის სისაძაგლითა და უწმინდურებით სავსეს“. ამ სასმისში ასხია მისი „სიძვის მრისხანების ღვინო“, რითაც ათრობს ის ყველა ერს (გამოცხადება 14:8; 17:4). გარეგნულად თასი მდიდრულია, მაგრამ, რაც მასში ასხია საძაგელი და უწმინდურია (შეადარეთ მათეს 23:25, 26). მასშია ბინძური საქმეები და სიცრუე, რითაც „დიდი მეძავი“ აცდუნებდა ერებს და თავისი გავლენის ქვეშ აქცევდა. უფრო მეტად შემზარავია ის, რომ იოანეს მიერ ნანახი მეძავი ღვთის მსახურთა სისხლით არის მთვრალი. მოგვიანებით მასზე ვკითხულობთ, რომ „მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველების, წმინდებისა და დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლი“ (გამოცხადება 18:24). მართლაც დიდი დანაშაული მიუძღვის სისხლის ღვრაში!
26. რა ცხადყოფს, რომ „დიდ ბაბილონს“ სისხლის ღვრაში მიუძღვის ბრალი?
26 საუკუნეების განმავლობაში ცრუ რელიგიურმა სამყარომ ზღვა სისხლი დაღვარა. მაგალითად, შუა საუკუნეებში იაპონიაში კიოტოს ტაძრები ციხესიმაგრეებად გადააკეთეს და მებრძოლი ბერები, რომლებიც „ბუდას წმინდა სახელს“ უხმობდნენ, მანამ ებრძოდნენ ერთმანეთს, სანამ ქუჩები წითლად არ შეიღება. XX საუკუნეში ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება მხარს უჭერდა თავისი ქვეყნის ჯარს. ამ ბრძოლებს, სულ მცირე, ასი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1987 წლის ოქტომბერში შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ნიქსონმა აღნიშნა: „XX საუკუნე ისტორიაში ყველაზე სისხლიანი საუკუნეა. ამ საუკუნის ომებში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე მანამდე მიმდინარე ყველა ომში“. ამ ომებში მონაწილეობის გამო ღმერთს მსოფლიო რელიგიებისთვის მკაცრი განაჩენი აქვს გამოტანილი; იეჰოვას სძულს „უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები“ (იგავები 6:16, 17). ამ ხილვამდე იოანემ სამსხვერპლოდან გაიგონა ღაღადი: „უზენაესო უფალო, წმინდაო და ჭეშმარიტო, როდემდე უნდა იკავებდე თავს გასამართლებისგან და დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის შურისძიებისგან?“ (გამოცხადება 6:10). ამ კითხვაზე პასუხი უშუალოდ „დიდ ბაბილონს“, „მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედას“ შეეხება.
[სქოლიოები]
a განდგომილი ქრისტიანული სამყაროს მრავალი არაქრისტიანული სწავლების, რიტუალისა და წეს-ჩვეულების წარმოშობასთან დაკავშირებით XIX საუკუნეში რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალმა ჯონ ჰენრი ნიუმენმა თავის ნაშრომში დაწერა: „ტაძრების გამოყენებას, წმინდანების სახელზე აგებას, ზოგჯერ ხის ტოტებით შემკობას; საკმეველს, სალამპრეებს და სანთლებს; გამოსაჯანმრთელებლად შეთქმულის შეწირვას; ნაკურთხ წყალს; თავშესაფრებს, დღესასწაულებსა და განსაკუთრებულ დროებს, კალენდრების გამოყენებას, პროცესიებს, მინდვრების კურთხევას, სამღვდლო სამოსს, ტონზურას, ნიშნობის ბეჭედს, აღმოსავლეთისკენ პირის ქცევას, ბოლო დროს შექმნილ გამოსახულებებს და, შესაძლოა, საეკლესიო გალობას და ლოცვას „უფალო შეგვიწყალე“ წარმართული საწყისი ჰქონდეს, მაგრამ წმინდად არის აღიარებული, რადგან ეკლესიამ ასე დაამკვიდრა“ („Essay on the Development of Christian Doctrine“).
„ყოვლისშემძლე იეჰოვა“ არათუ წმინდად არ აცხადებს ასეთ კერპთაყვანისმცემლობას, არამედ მოუწოდებს ქრისტიანებს: „გამოდით მათგან და გამოეყავით. . . უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“ (2 კორინთელები 6:14—18).
b უილიამ შირერი თავის ისტორიულ ნაშრომში „მესამე რაიხის აღზევება და დაცემა“ აღნიშნავს, რომ ფონ პაპენს „ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიის სათავეში ჰიტლერის მოსვლაში“. 1933 წლის იანვარში ყოფილმა კანცლერმა ფონ შლაიხერმა ფონ პაპენის შესახებ აღნიშნა: „ის ისეთი მოღალატეა, რომლის ფონზეც იუდა ისკარიოტელიც კი წმინდანია“.
c 1929 წლის 14 მაისს მონდრაგონის კოლეჯის წინაშე თავის გამოსვალში პაპმა პიუს XI-მ აღნიშნა, რომ მრევლის სულების საკეთილდღეოდ ეშმაკთანაც კი დაიჭერდა საქმეს.
d შეადარეთ რომაელი მწერლის სენეკას სიტყვები, რომლითაც მან ზნედაცემულ ქურუმ ქალს მიმართა (ციტირებულია სუეტის მიერ): „გოგონა, შენ იდექი სახლში, რომელიც ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. . . შუბლზე გეწერა შენი სახელი; ფულს იღებდი სამარცხვინო საქმისთვის“ („Controv. i, 2“).
[ჩარჩო 237 გვერდზე]
ჩერჩილი ამხელს მეძაობას
თავის წიგნში უინსტონ ჩერჩილი აღნიშნავს, რომ ჰიტლერის მიერ ვენაში გერმანიის ელჩად ფრანც ფონ პაპენის დანიშვნის მიზანი „ან ავსტრიის წამყვანი პოლიტიკოსების საქმიანობისთვის ძირის გამოთხრა იყო ან მათი გულის მოგება“. ჩერჩილი ციტირებს ავსტრიაში შეერთებული შტატების ელჩის სიტყვებს, რომელმაც ფონ პაპენის შესახებ თქვა: „პაპენმა მოურიდებლად და ცინიკურად მითხრა. . . რომ განზრახული აქვს, კარგი კათოლიკის რეპუტაცია ავსტრიელებზე, კერძოდ, კარდინალ ინიცერზე ზეგავლენის მოსახდენად გამოიყენოს“ („The Gathering Storm“, 1948 წ.).
ავსტრიის კაპიტულაციის შემდეგ, როცა ჰიტლერის მოიერიშე ჯარებმა შეაბიჯეს ვენაში, კათოლიკე კარდინალმა ინიცერმა განკარგულება გასცა, რომ ავსტრიის ყველა ეკლესიაზე სვასტიკიანი დროშები აღემართათ, ზარები დაერეკათ და ადოლფ ჰიტლერის დაბადების დღეს ელოცათ მისთვის.
[ჩარჩო 238 გვერდზე]
ამ სათაურით გამოჩნდა სტატია 1941 წლის 7 დეკემბრის „ნიუ-იორკ ტაიმზის“ პირველ ნომერში:
„საბრძოლო ლოცვა“ რაიხისთვის
«ფულდაში კათოლიკე ეპისკოპოსები კურთხევასა და გამარჯვებას შესთხოვენ ღმერთს. . . გერმანელი კათოლიკე ეპისკოპოსების შეკრებაზე ფულდაში მიიღეს გადაწყვეტილება „საბრძოლო ლოცვის“ შემოღების შესახებ, რომელიც ყოველი ღვთისმსახურების დასაწყისსა და დასასრულს წაიკითხება. ლოცვაში განგებას სთხოვენ, რომ ღმერთმა აკურთხოს და გაამარჯვებინოს გერმანელთა იარაღს და დაიცვას ჯარისკაცთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეპისკოპოსებმა მითითება მისცეს კათოლიკურ სამღვდელოებას, რომ კვირა დღეს ქადაგებისას, სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც მოეხსენიებინათ „ხმელეთზე, ზღვაში თუ საჰაერო სივრცეში“ მყოფი გერმანელი ჯარისკაცები».
ეს სტატია ამოვარდა გაზეთის იგივე ნომრებიდან, რომლებიც მოგვიანებით დაიბეჭდა. 1941 წლის 7 დეკემბერს ნაცისტური გერმანიის მოკავშირე იაპონია პერლ-ჰარბორში თავს დაესხა შეერთებული შტატების ფლოტს.
[ჩარჩო 244 გვერდზე]
„ღვთისმგმობელი სახელები“
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ორრქიანი მხეცის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა ერთა ლიგა. მისი მრავალრიცხოვანი რელიგიური საყვარლები მაშინვე შეეცადნენ, ამ წამოწყებისთვის რელიგიური საფუძველი შეექმნათ. შედეგად ეს ახალი „სამშვიდობო“ ორგანიზაცია „ღვთისმგმობელი სახელებით“ აივსო.
„ქრისტიანობას შეუძლია, აღასრულოს კეთილი ნება, რაც ერთა ლიგის მამოძრავებელი ძალა იქნება, და ამგვარად, ფურცელზე დაწერილი ხელშეკრულება ღვთის სამეფოს იარაღად იქცევა“ („The Christian Century“, აშშ, 1919 წლის 19 ივნისი, გვერდი 15).
«ერთა ლიგის მიზანია ღვთის სამეფოს იდეის ანუ მსოფლიოში კეთილი ნების განხორციელება საერთაშორისო ურთიერთობებში. . . ამაზე ლოცულობს ყველა ქრისტიანი, როცა ამბობს: „მოვიდეს შენი სამეფო“ » („The Christian Century“, აშშ 1919 წლის 25 სექტემბერი, გვერდი 7).
„ერთა ლიგის ერთიანობის საფუძველი ქრისტეს სისხლია“ (დრ. ფრენკ კრეინი, პროტესტანტი მღვდელი, აშშ).
კონგრეგაციონალისტური ეკლესიების „[ეროვნული] საბჭო მხარს უჭერს [ერთა ლიგის] წესდებას, როგორც დღეს არსებულ ერთადერთ პოლიტიკურ საშუალებას. ერთა ლიგის მეშვეობით იესო ქრისტეს სული უფრო აქტიურად იმოქმედებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე“ („The Congregationalist and Advance“, აშშ, 1919 წლის 6 ნოემბერი, გვერდი 642).
„ამ კონფერენციაზე ყველა მეთოდისტს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ [ერთა ლიგის] იდეების განხორციელებას, რომლებშიც მამა ღმერთისა და ღვთის მიწიერი შვილების იდეა ვლინდება“ („The Wesleyan Methodist Church“, დიდი ბრიტანეთი).
„როცა ვფიქრობთ ამ ხელშეკრულების მიზნებზე, შესაძლებლობებსა და გადაწყვეტილებებზე, ვხედავთ, რომ მათში იესო ქრისტეს სწავლებების არსი დევს — ღვთის სამეფო და მისი სიმართლე. . . — ეს არ არის გაზვიადებული ნათქვამი“ (ჟენევაში ერთა ლიგის ასამბლეის გახსნაზე კენტერბერის არქიეპისკოპოსის ქადაგება; 1922 წლის 3 დეკემბერი).
„ერთა ლიგის ასოციაცია ამ ქვეყანაში ისეთივე წმინდა საქმიანობას ეწევა, როგორსაც ნებისმიერი ჰუმანიტარულ-მისიონერული საზოგადოება. ამჟამად ის ყველაზე ეფექტური ორგანიზაციაა, რომლის საშუალებითაც ქრისტე, როგორც მშვიდობის მთავარი, ერებს უხელმძღვანელებს“ (დრ. ჰარვი, კონგრეგაციონალისტი, დიდი ბრიტანეთი).
[რუკა 236 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მსოფლიოში გავრცელებული ცრუ სწავლებები დასაბამს ბაბილონიდან იღებს.
ბაბილონი
სამება, ტრიადები
ადამიანის სულის უკვდავება
სპირიტიზმი — საუბარი „მკვდრებთან“
თაყვანისმცემლობაში გამოსახულებების გამოყენება
შელოცვები დემონების დასამშვიდებლად
ძალაუფლების მქონე სამღვდელოების მმართველობა
[სურათები 239 გვერდზე]
ძველი ბაბილონი მრავალ წყალზე „იჯდა“.
„დიდი მეძავი“ დღესაც „მრავალ წყალზე“ ზის.
[სურათი 241 გვერდზე]
„დიდი ბაბილონი“ საშიშ მხეცზე ზის.
[სურათი 242 გვერდზე]
სულიერი გაგებით მეძავი დედამიწის მეფეებთან მეძაობს.
[სურათი 245 გვერდზე]
ქალი „წმინდების სისხლით“ არის მთვრალი.