იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ეზრა“
ბიბლიის წიგნი „ეზრა“ იწყება „მეორე ნეშტთაში“ განვითარებული მოვლენების გაგრძელებით. თავდაპირველად ეზრა მღვდელი გვატყობინებს სპარსეთის მეფე კიროსის მიერ გამოცემული ბრძანების შესახებ, რომელიც ბაბილონის ტყვეობაში დარჩენილ იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების ნებას აძლევს. წიგნის დასასრულს მოთხრობილია, თუ რას აკეთებს ეზრა იმ იუდეველების განსაწმენდად, რომლებმაც უცხოტომელებთან ურთიერთობით თავი გაიუწმინდურეს. მთლიანობაში წიგნი მოიცავს 70-წლიან პერიოდს, ძვ. წ. 537—467 წლებს.
ამ წიგნში ეზრა მოგვითხრობს, როგორ ასრულებს იეჰოვა თავის დანაპირებს, რომელიც ეხება ბაბილონის ტყვეობიდან თავისი ხალხის გათავისუფლებასა და იერუსალიმში წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას. ამიტომ ეზრა იმ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ძირითადად ღვთის ამ დანაპირებს ეხება. ეზრა აღწერს, თუ როგორ აღდგა ტაძარი და იეჰოვას თაყვანისმცემლობა, მიუხედავად წინააღმდეგობებისა და ღვთის ხალხის არასრულყოფილებისა. ეს ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ჩვენც განახლების პერიოდში ვცხოვრობთ. ბევრი მიედინება „უფლის მთისკენ“ და მალე მთელი დედამიწა აივსება „უფლის დიდების ცოდნით“ (ესაია 2:2, 3; აბაკუმი 2:14).
ტაძრის აღდგენა
კიროსის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ დაახლოებით 50 000 იუდეველი, მმართველ ზერუბაბელის ანუ შეშბაცარის წინამძღოლობით ბაბილონიდან იერუსალიმში ბრუნდება. სამშობლოში დაბრუნებულები დაუყოვნებლივ აგებენ სამსხვერპლოს და იეჰოვას მსხვერპლს სწირავენ.
მომდევნო წელს ისრაელები იეჰოვას სახლის ასაშენებლად საძირკვლის ჩაყრას იწყებენ. მტრები ხელის შეშლას ცდილობენ და ბოლოს იმას აღწევენ, რომ სამეფო ბრძანება გამოდის მშენებლობის შესაჩერებლად. წინასწარმეტყველები ანგია და ზაქარია ხალხს მოუწოდებენ, აკრძალვის მიუხედავად განაგძრონ ტაძრის აღდგენა. მოწინააღმდეგეებს ეშინიათ, წინ აღუდგნენ სპარსეთის მეფის, კიროსის, მიერ გამოცემულ უცვლელ ბრძანებას და ამიტომ საქმეში აღარ ერევიან. ოფიციალური გამოკვლევის შედეგად, პოულობენ კიროსის ბრძანებას „ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში“ (ეზრა 6:3). ტაძრის აღდგენა შეუფერხებლად გრძელდება და მთავრდება.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:3—6. სუსტი რწმენა ჰქონდათ იმ ისრაელებს, რომლებიც სამშობლოში არ დაბრუნდნენ? ზოგი შესაძლოა იერუსალიმში იმიტომ არ დაბრუნდა, რომ ვერ შეელია იქ დაგროვილ სიმდიდრეს ან ნაკლებად აფასებდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, თუმცა ამის თქმა ყველაზე არ შეიძლება. უნდა აღინიშნოს, რომ იერუსალიმში ჩასასვლელად იუდეველებს 1 600 კილომეტრიანი გზა უნდა გაევლოთ, რასაც ოთხი ან ხუთი თვე დასჭირდებოდა. ამასთანავე, 70 წლის განმავლობაში მიტოვებულ და გაპარტახებულ მიწაზე დასახლება და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, მძიმე ფიზიკურ შრომასთან იქნებოდა დაკავშირებული. ამიტომ უდავოა, რომ სამშობლოში დასაბრუნებლად ზოგს ხელს სხვადასხვა მიზეზები შეუშლიდა, მაგალითად, სუსტი ჯანმრთელობა, ასაკი ან ოჯახური ვალდებულებები.
2:43. ვინ იყვნენ ტაძრის მსახურთა ძენი? ისინი იყვნენ არაისრაელები, რომლებსაც ბიბლიის ზოგ თარგმანში ნეთინიმები ეწოდებათ. მათ შორის იყვნენ იესო ნავეს ძის დროს მცხოვრებ გაბაონელთა შთამომავლები და ისინი, რომლებიც „დავითსა და მთავრებს მიცემული ჰყავდათ ლევიანთა სამსახურებლად“ (ეზრა 8:20).
2:55. ვინ იყვნენ სოლომონის მსახურთა ძეები? ისინი იყვნენ არაისრაელები, რომლებსაც იეჰოვას მსახურებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრათ. ისინი შესაძლოა ტაძარში გადამწერებად მსახუროდნენ, ან სხვა რაიმე სახის დავალებას ასრულებდნენ.
2:61—63. იყენებდნენ თუ არა გადასახლებიდან დაბრუნებულები ურიმსა და თუმიმს — საგნებს, რომლებიც იეჰოვას ნების გასაგებად გამოიყენებოდა? მათ, რომლებიც არ აღმოჩნდნენ საგვარტომო ნუსხაში, მაგრამ აცხადებდნენ, რომ სამღვდელო შტოდან იყვნენ, შეეძლოთ კანონიერად — ურიმითა და თუმიმით განემტკიცებინათ თავიანთი განაცხადი. ეზრა ამას შესაძლო ვარიანტად მოიხსენიებს. ბიბლიაში მოხსენიებული არ არის, რომ იმ დროს ან მის მერე ვინმე იყენებდა ურიმსა და თუმიმს. იუდაური ტრადიციის თანახმად, ურიმი და თუმიმი ტაძრის განადგურების დროს, ძვ. წ. 607 წელს დაიკარგა.
3:12. რატომ ტიროდნენ მოხუცები, „რომელთაც ნანახი ჰქონდათ პირველი ტაძარი“? მათ შესაძლოა ახსოვდათ, რა დიდებული იყო სოლომონის უწინდელი ტაძარი. ახალი ტაძრის საძირკველი უწინდელთან შედარებით ‘არარაობად ჩანდა მათ თვალში’ (ანგია 2:2, 3). ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მათი მცდელობა ტაძარს უწინდელ დიდებას ვერ დაუბრუნებდა. ალბათ, ამიტომ იყვნენ გულგატეხილები და ტიროდნენ.
3:8—10; 4:23, 24; 6:15, 16. რამდენი წელი დასჭირდა ტაძრის აღდგენას? ტაძრის საძირკვლის ჩაყრა „მათი მისვლის მეორე წელს“, ძვ. წ. 536 წელს დაიწყეს. ძვ. წ. 522 წელს, არტაქსერქსეს (ართახშასთა) მეფობის პერიოდში ტაძრის მშენებლობა შეწყდა. აკრძალვა ძვ. წ. 520 წლამდე, დარიოსის მეფობის მეორე წლამდე, გაგრძელდა. დარიოსის მეფობის მეექვსე წელს, ძვ. წ. 515 წელს, ტაძრის აღდგენა დასრულდა (იხილეთ ჩარჩო სათაურით „სპარსეთის მეფეები ძვ. წ. 537—467 წლებში.“). ამგვარად, ტაძრის აღდგენას დაახლოებით 20 წელი დასჭირდა.
4:8—6:18. ბიბლიის ეს მონაკვეთი არამეულ ენაზე დაიწერა. რატომ? ბიბლიის ეს ადგილი შეიცავს სამეფოს უმაღლესი მოხელეების მიერ მეფეებისადმი გაგზავნილ წერილთა და საპასუხო წერილთა ასლებს. ეზრამ ეს წერილები არამეულ ენაზე დაწერილი ტექსტიდან გადაწერა. იმ დროს არამეული ვაჭრებისა და სახელმწიფო მოხელეების ენად ითვლებოდა. ამ ძველ სემიტურ ენაზე აგრეთვე დაიწერა ბიბლიის შემდეგი მონაკვეთები: ეზრა 7:12—26, იერემია 10:11 და დანიელი 2:4ბ—7:28.
რას ვსწავლობთ:
1:2. ის, რაც ესაიამ 200 წლით ადრე იწინასწარმეტყველა, შესრულდა (ესაია 44:28). იეჰოვას სიტყვაში მოცემული წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება.
1:3—6. ისევე როგორც ზოგი ისრაელი დარჩა ბაბილონში, იეჰოვას ბევრ მოწმესაც არ შეუძლია სრული დროით მსახურება ან იქ გადასვლა, სადაც მეტი მოთხოვნაა. მიუხედავად ამისა, ისინი მხარს უჭერენ და ამხნევებენ სრული დროით მსახურებს და ნებაყოფლობით შესაწირავებს იღებენ სამეფო საქმის წინ წასაწევად.
3:1—6. ძვ. წ. 537 წელს, მეშვიდე თვეს (თიშრი, დღევანდელი სექტემბერი/ოქტომბერი) გადასახლებიდან დაბრუნებულმა ღვთის ერთგულმა მსახურებმა იეჰოვას პირველი მსხვერპლი შესწირეს. ბაბილონელები იერუსალიმში ძვ. წ. 607 წელს, მეხუთე თვეს (აბი, დღევანდელი ივლისი–აგვისტო) შევიდნენ და ორ თვეში ქალაქი მიწასთან გაასწორეს (4 მეფეთა 25:8—17, 22—26). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იერუსალიმის 70-წლიანი გაპარტახების პერიოდი დანიშნულ დროს დასრულდა (იერემია 25:11; 29:10). იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვები ყოველთვის სრულდება.
4:1—3. ერთგულმა დარჩენილმა ნაწილმა უარი თქვა დახმარებაზე. დახმარების მიღება ცრუ თაყვანისმცემლებთან კავშირის დადების ტოლფასი იქნებოდა (გამოსვლა 20:5; 34:12). მსგავსადვე, იეჰოვას დღევანდელი მსახურებიც თავს იკავებენ სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანებთან რელიგიურ საქმეებში მონაწილეობისგან.
5:1—7; 6:1—12. იეჰოვას შეუძლია საქმე თავისი ხალხის სასარგებლოდ წარმართოს.
6:14, 22. იეჰოვას საქმეში გულმოდგინების გამოვლენას ღვთის მოწონება და კურთხევა მოაქვს.
6:21. როდესაც იერუსალიმში მცხოვრებმა სამარიელებმა და გადასახლებიდან დაბრუნებულმა იმ იუდეველებმა, რომლებიც უცხოტემელთა გავლენაში მოექცნენ, დაინახეს, რომ იეჰოვას სახლი აღდგა, ცხოვრებაში საჭირო ცვლილებების მოხდენა დაიწყეს. განა სიხარულით არ უნდა შევასრულოთ ის, რასაც ღმერთი გვავალებს, მათ შორის სამქადაგებლო საქმიანობა?
ეზრა იერუსალიმში ბრუნდება
ორმოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იეჰოვას სახლის მიძღვნა მოხდა. ძვ. წ. 468 წელია. ღვთის ხალხის დარჩენილ ნაწილთან ერთად ეზრა ბაბილონიდან იერუსალიმში ბრუნდება. მას თან ხალხის მიერ გაღებული შესაწირავებიც მიაქვს. როგორი სურათი ხვდება ეზრას იქ?
მთავრები ეზრას ეუბნებიან: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანები არ განდგომიან ქვეყნების ხალხების . . . სიბილწეებს“. უფრო მეტიც, „მთავარი ხელი ამ ურჯულოებაში მთავრებისა და წინამძღოლებისა იყო“ (ეზრა 9:1, 2). ეზრა გაოგნებულია. მას ეუბნებიან: „გამხნევდი და იმოქმედე!“ (ეზრა 10:4). ეზრა სწორ გადაწყვეტილებას იღებს და ხალხიც დადებითად ეხმაურება.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
7:1, 7, 11. ეხება ეს მუხლები არტაქსერქსეს, რომელმაც ტაძრის მშენებლობის შეწყვეტა ბრძანა? არა. არტაქსერქსე არის სახელი ან ტიტული, რომელსაც ორი სპარსელი მეფე ატარებდა. ერთ–ერთი მათგანი იყო ბარდია ან გაუმატა, რომელმაც ძვ. წ. 522 წელს ტაძრის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა. იერუსალიმში ეზრას დაბრუნების დროს კი არტაქსერქსე მხარგრძელი (მიკროქეირი) მეფობდა.
7:28—8:20. რატომ არ სურდა ზოგ იუდეველს ეზრასთან ერთად იერუსალიმში დაბრუნება? მიუხედავად იმისა, რომ 60 წელზე მეტი იყო გასული იუდეველთა პირველი ნაკადის სამშობლოში დაბრუნებიდან, იერუსალიმი ჯერ კიდევ მეჩხრად დასახლებელ ტერიტორიად ითვლებოდა. იერუსალიმში დაბრუნება ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავდა, რთულ და სახიფათო პირობებში. იმ დროინდელი იერუსალიმი არ იყო მატერიალურად აყვავებული ქალაქი და ამიტომ იმ იუდეველებისთვის, რომლებიც შესაძლოა ბაბილონში ფუფუნებას მიეჩვივნენ, ის ნაკლებად პერსპექტიული იქნებოდა. მხედველობიდან არც სახიფათო მგზავრობა უნდა გამოგვრჩეს. იერუსალიმში დასაბრუნებლად იუდეველებს იეჰოვასადმი ძლიერი რწმენა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობა და სიმამაცე უნდა გამოევლინათ. თვით ეზრაზეც კი იეჰოვას ხელი იყო, რამაც ის გააძლიერა. ეზრას მოწოდებას 1 500 ოჯახი, დაახლოებით 6 000 კაცი, გამოეხმაურა. მას შემდეგ, რაც ეზრამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს, მას 38 ლევიანი და 220 ნეთინიმი შეუერთდა.
9:1, 2. რამდენად სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენდა სხვა ერის ასულებზე დაქორწინება? სამშობლოში დაბრუნებულ ერს მესიის მოსვლამდე იეჰოვას თაყვანისმცემლობა უნდა დაეცვა. სხვა ერის ასულებზე დაქორწინება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას სერიოზულ საშიშროებას უქადდა. ვინაიდან ზოგი იუდეველი კერპთაყვანისმცემელ ქალზე დაქორწინდა, თანდათანობით, ალბათ, მთელი ერი შეერეოდა ირგვლივ მყოფ წარმართ ხალხებს. წმინდა თაყვანისმცემლობა საერთოდ აღმოიფხვრებოდა. მაშ ვიღასთან უნდა მოსულიყო მესია? გასაკვირი არ არის, რომ ეზრა გაოგნდა, როცა ასეთი სურათი დაინახა!
10:3, 44. რატომ გაუშვეს ისრაელებმა შვილები ცოლებთან ერთად? შვილები რომ მამებთან დარჩენილიყვნენ, არსებობდა იმის დიდი ალბათობა, რომ უცხოელი ცოლები შვილების გულისთვის უკან დაბრუნდებოდნენ. უფრო მეტიც, ბუნებრივია, რომ ბავშვებს დედის მზრუნველობა დასჭირდებოდათ.
რას ვსწავლობთ:
7:10. ეზრამ, როგორც ღვთის სიტყვის გულმოდგინე მკვლევარმა და ეფექტურმა მასწავლებელმა, მაგალითი დაგვიტოვა. მან ლოცვით განაწყო გული იეჰოვას კანონში რჩევის საძებნელად. რჩევის მოძებნის შემდეგ ეზრა დიდი ყურადღებით ისმენდა იეჰოვას ნათქვამს. ყოველივე ამას ცხოვრებაში იყენებდა და მთელი გულით ცდილობდა, ის სხვებისთვისაც ესწავლებინა.
7:13. იეჰოვა იწონებს ისეთ მსახურებს, რომლებიც მზადყოფნას ავლენენ მისი ნების შესასრულებლად.
7:27, 28; 8:21—23. ეზრამ იეჰოვას მიაგო დიდება; სანამ იერუსალიმისკენ მიმავალ გრძელ და სახიფათო გზას დაადგებოდა, მან გულწრფელი თხოვნით მიმართა ღმერთს და მის განსადიდებლად მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც კი ჩაეგდო საფრთხეში. ამით მან შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.
9:2. მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ გაფრთხილებას, დავქორწინდეთ მხოლოდ „უფალში“ (1 კორინთელები 7:39).
9:14, 15. ცუდმა საზოგადოებამ შეიძლება იეჰოვას კეთილგანწყობა დაგვაკარგვინოს.
10:2—12, 44. ისრაელებმა, რომლებსაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, თავმდაბლურად მოინანიეს და თავიანთი შეცდომა გამოასწორეს. მათი აზროვნება და მოქმედება სამაგალითოა.
იეჰოვა ასრულებს თავის დანაპირებს
ეზრას წიგნი ნამდვილად ძვირფასი საჩუქარია ჩვენთვის! იეჰოვამ დანიშნულ დროს შეასრულა დაპირება — თავისი ხალხი ბაბილონის ტყვეობიდან გაათავისუფლა და იერუსალიმში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღადგინა. განა ეს იეჰოვასა და მისი აღთქმებისადმი რწმენას არ გვიმტკიცებს?
დაფიქრდით ამ წიგნში მოთხრობილ მაგალითებზე. ეზრამ და გადასახლებიდან დაბრუნებულებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაში, რითაც ღვთისადმი სამაგალითო ერთგულება გამოავლინეს. ამ წიგნში აგრეთვე ნაჩვენებია ღვთისმოშიში უცხოელების მიერ გამოვლენილი რწმენის საქმეები. მასში ასევე მოხსენიებულნი არიან ის მომნანიე შემცოდველები, რომლებმაც თავმდაბლურად შეიცვალეს აზროვნება. ეზრას მიერ დაწერილი ღვთის ინსპირირებული სიტყვები აშკარად ამტკიცებს, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი [და] მოქმედი“ (ებრაელები 4:12).
[ცხრილი/სურათი 18 გვერდზე]
სპარსეთის მეფეები ძვ. წ. 537—467 წლებში
კიროს დიდი (ეზრა 1:1) გარდაიცვალა ძვ. წ. 530 წ.
კამბისე ანუ ახაშვეროში (ეზრა 4:6) ძვ. წ. 530—522 წწ.
არტაქსერქსე — ბარდია (ეზრა 4:7) ძვ. წ. 522 წ. (მოკლეს
ან გაუმატა გამეფებიდან შვიდი თვის შემდეგ).
დარიოს I (ეზრა 4:24) ძვ. წ. 522—486 წწ.
არტაქსერქსე მხარგრძელი (ეზრა 7:1) ძვ. წ. 475—424 წწ.
[სქოლიოები]
a წიგნ „ეზრაში“ ქსერსე მოხსენიებული არ არის. ის ახაშვეროშის სახელით წიგნ „ესთერშია“ მოხსენიებული.
[სურათი]
ახაშვეროში
[სურათი 17 გვერდზე]
კიროსი
[სურათი 17 გვერდზე]
იუდეველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ თიხის ცილინდრზე შესრულებული კიროსის ბრძანება.
[საავტორო უფლებები დაცულია]
Cylinder: Photograph taken by courtesy of the British Museum
[სურათი 20 გვერდზე]
იცით, როგორ გახდა ეზრა ეფექტური მასწავლებელი?