იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იობი“
პატრიარქი იობი ცხოვრობდა უცის (ყუცის) მიწაზე (დღევანდელი არაბეთის ტერიტორია). იმ დროს ისრაელთა უმეტესობა ეგვიპტეში ცხოვრობდა. იობი არ იყო ისრაელი, თუმცა იეჰოვა ღმერთს სცემდა თაყვანს. მის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული“ (იობი 1:8). როგორც ჩანს, იობი ცხოვრობდა იაკობის ძის იოსებისა და წინასწარმეტყველ მოსეს პერიოდებს შორის.
მოსემ, რომელმაც წიგნი „იობი“ დაწერა, შესაძლოა იობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც 40 წელი მიდიანში დაჰყო. მიდიანი უცის მიწასთან ახლოს მდებარეობდა. ალბათ, მოსემ იობის სიცოცხლის ბოლო წლების შესახებ სწორედ მაშინ შეიტყო, როცა უდაბნოში 40 წლის ყოფნის შემდეგ ისრაელები უცს მიუახლოვდნენa. იობის შემთხვევა ისეა აღწერილი, რომ წიგნი „იობი“ ლიტერატურულ შედევრად არის ცნობილი. უფრო მეტიც, ეს წიგნი პასუხს სცემს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რატომ იტანჯებიან კარგი ადამიანები? რატომ უშვებს იეჰოვა ბოროტებას? შეუძლიათ არასრულყოფილ ადამიანებს ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება? წიგნი „იობი“, რომელიც ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვის, ბიბლიის, ნაწილია, დღესაც კი ‘ცოცხალი და მოქმედია’ (ებრაელები 4:12).
„დაიქცეს ის დღე, მე რომ გავჩნდი“
ერთ დღეს სატანა ღმერთის წინაშე იობის ერთგულების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. იეჰოვა ნებას რთავს სატანას, რომ იობს სხვადასხვა უბედურება დაატეხოს თავს. მაგრამ იობი არ ‘გმობს ღმერთს’ (იობი 2:9).
იობთან სამი მეგობარი მიდის, რათა თანაუგრძნონ მას (იობი 2:11). ისინი იობთან სხედან და ხმას არ იღებენ. იობი სიჩუმეს არღვევს და ამბობს: „დაიქცეს ის დღე, მე რომ გავჩნდი“ (იობი 3:3). იობი ნატრობს ‘იმ ჩვილივით ყოფნას, რომელსაც ნათელი არ უნახავს’, ანუ რომელიც ‘მკვდრადშობილია’ (იობი 3:11, 16).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:4. აღნიშნავდნენ იობის შვილები დაბადების დღეებს? არა. ორიგინალში სიტყვები „დღე“ და „დაბადების დღე“ აზრობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან (დაბადება 40:20). იობის 1:4-ში გამოყენებულ სიტყვაში „დღე“ იგულისხმება მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე პერიოდი. როგორც ჩანს, იობის შვიდი ვაჟი წელიწადში ერთხელ შვიდი დღის განმავლობაში რიგ-რიგობით იკრიბებოდნენ ერთმანეთთან. თითოეული ვაჟი ნადიმს მართავდა თავის სახლში „თავის დღეს“.
1:6; 2:1. ვის ჰქონდა ნება დართული, რომ იეჰოვას წინაშე წარმდგარიყო? ესენი იყვნენ ღვთის მხოლოდშობილი ძე ანუ „სიტყვა“, ერთგული ანგელოზები და ის „ღვთის შვილები“, რომლებმაც დაუმორჩილებლობა გამოავლინეს, მათ შორის სატანა ეშმაკი (იოანე 1:1, 18). სატანა და მისი დემონები ციდან ჯერ კიდევ არ იყვნენ გადმოყრილნი; ეს მოხდა 1914 წელს, ღვთის სამეფოს დამყარებიდან მალევე (გამოცხადება 12:1—12). როდესაც მათ იეჰოვამ თავის წინაშე წარდგომის ნება მისცა, ამით ყველა სულიერ ქმნილებას სატანის მიერ წამოჭრილი საკამათო საკითხები გააცნო.
1:7; 2:2. პირადად ესაუბრებოდა იეჰოვა სატანას? ბიბლია დაწვრილებით არ აღწერს იმას, თუ როგორ ესაუბრება იეჰოვა სულიერ ქმნილებებს. თუმცა წინასწარმეტყველმა მიქამ ხილვაში ნახა, რომ ანგელოზი პირისპირ ესაუბრებოდა იეჰოვას (3 მეფეთა 22:14, 19—23). როგორც ჩანს, იეჰოვა შუამავლის გარეშე ესაუბრებოდა სატანას.
1:21. რა გაგებით დაუბრუნდებოდა იობი „დედის მუცელს“? აქ სიტყვა „დედას“ გადატანითი მნიშვნელობა აქვს და მიწას გულისხმობს, რადგან იეჰოვამ ადამიანი „მიწის მტვრისაგან“ შექმნა (დაბადება 2:7).
2:9. რამ განაპირობა ის, რომ იობს ცოლმა უთხრა: „დაგმე ღმერთი და მოკვდი“? იობის ცოლი იტანჯებოდა იმ დანაკლისის გამო, რასაც მისი ქმარიც განიცდიდა. მისთვის მტკივნეული იქნებოდა იმის დანახვა, რომ ერთ დროს ჯანმრთელი მეუღლე საშინელი დაავადებით იტანჯებოდა. ქალმა შვილები დაკარგა. თავზარდაცემული, შესაძლოა, ვეღარ ათვითცნობიერებდა, რომ სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვასთან ურთიერთობა იყო.
რას ვსწავლობთ:
1:8—11; 2:3—5. როგორც იობის შემთხვევა გვიჩვენებს, იეჰოვასადმი ერთგულების გამოვლენისთვის, მისთვის მოსაწონი საქმისა და სიტყვის გარდა, აუცილებელია, სწორი მოტივები გვქონდეს მსახურებაში.
1:21, 22. როდესაც იეჰოვასადმი ერთგულებას ვინარჩუნებთ ყველანაირი სიტუაციის დროს, ამით ვამტკიცებთ, რომ სატანა ცრუა (იგავები 27:11).
2:9, 10. იობის მსგავსად, მტკიცე რწმენა უნდა გამოვავლინოთ მაშინაც კი, როცა ოჯახის წევრები არ აფასებენ ჩვენს სულიერ მიზნებს ან ზეგავლენას ახდენენ, რომ კომპრომისზე წავიდეთ ან მივატოვოთ რწმენა.
2:13. მეგობრებს არ შეეძლოთ ენუგეშებინათ იობი ღმერთსა და მის განზრახვებზე საუბრით, რადგან მათ არ ჰქონდათ სულიერი ხედვა.
„არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას!“
იობის სამი მეგობარი ფიქრობს, რომ იობი ბოროტებას ჩაიდენდა და ამიტომ ისჯება მკაცრად ღვთისგან. საუბარს ელიფაზი იწყებს. ბილდადის საუბარში უფრო მეტი სარკაზმი შეიმჩნევა. ღვარძლიან დაცინვას კი ყველაზე მეტად ცოფარი მიმართავს.
იობი არ ეთანხმება მეგობრების ცრუ ბრალდებებს. იობს არ ესმის, თუ რატომ უშვებს ღმერთი მის ტანჯვას და ამიტომ მეტისმეტად იმართლებს თავს. თუმცა იობს უყვარს ღმერთი და ამბობს: „სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას!“ (იობი 27:5).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
7:1; 14:14 (აქ). რას გულისხმობს „იძულებითი სამუშაო“? თავს დატეხილი საშინელი უბედურებების გამო იობი ცხოვრებას „ბრძოლას“ [„იძულებით სამუშაოს“, აქ] ადარებს (იობი 10:17). ვინაიდან შეოლში ყოფნის დრო — სიკვდილიდან აღდგომამდე — „იძულებითია“, იობი ამ დროსაც იძულებით სამუშაოს ადარებს.
7:9, 10; 10:21; 16:22. გულისხმობს ამ მუხლებში მოცემული იობის სიტყვები იმას, რომ იობს არ სწამდა აღდგომის? ეს სიტყვები იობის უახლოეს მომავალს ეხება. რას გულისხმობდა ის? შესაძლოა იმას, რომ, თუ მოკვდებოდა, მისი თანამედროვეები ვეღარ იხილავდნენ; მათი აზრით, იობი ვერც ოჯახს დაუბრუნდებოდა და ვერც ვერაფერს გაიგებდა ღვთის დანიშნულ დრომდე. შესაძლოა იობი იმასაც გულისხმობდა, რომ არავის შეეძლო შეოლიდან თავისი ნებით დაბრუნება. იობის 14:13—15-დან ნათლად ჩანს, რომ იობს სწამდა აღდგომის.
10:10. რა იგულისხმება იეჰოვასადმი მიმართულ იობის სიტყვებში: „რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე“? აქ ხატოვნად არის აღწერილი ის, თუ როგორ მოხდა დედის საშვილოსნოში მისი ფორმირება.
19:20. რას გულისხმობდა იობი შემდეგ სიტყვებში: „ცარიელი ღრძილებიღა დავრჩი“? იობი შესაძლოა იმას გულისხმობდა, რომ ის ფაქტობრივად, ყველაფრის გარეშე დარჩა.
რას ვსწავლობთ:
4:7, 8; 8:5, 6; 11:13—15. პიროვნება თუ განსაცდელში ჩავარდება, სწრაფად არ უნდა დავასკვნათ, რომ მან მოიმკა ის, რაც დათესა, და ღვთის კეთილგანწყობილება დაკარგა.
4:18, 19; 22:2, 3. ჩვენი რჩევა დაფუძნებული უნდა იყოს ღვთის სიტყვაზე და არა პირად თვალსაზრისზე (2 ტიმოთე 3:16).
10:1. სიმწარემ იმდენად შთანთქა იობი, რომ ის არ ფიქრობდა იმაზე, თუ კიდევ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ტანჯვის მიზეზი. თუ რაღაცის გამო ვიტანჯებით, ამან ძალიან არ უნდა დაგვამწუხროს, მით უმეტეს ვიცით, რომ საკამათო საკითხებში ვართ ჩაბმულნი.
14:7, 13—15; 19:25; 33:24. სატანამ როგორი განსაცდელიც უნდა დაგვატეხოს, მათ დაძლევაში აღდგომის იმედი დაგვეხმარება.
16:5; 19:2. ჩვენი სიტყვებით გული კი არ უნდა ვატკინოთ სხვებს, არამედ უნდა გავამხნევოთ და გავაძლიეროთ (იგავები 18:21).
22:5—7. რჩევები, რომლებიც უსაფუძვლო ფაქტებზეა დაფუძნებული, არ არის სასარგებლო და, უფრო მეტიც, საზიანოა.
27:2; 30:20, 21. ერთგულების შენარჩუნებისთვის აუცილებელი არ არის სრულყოფილება. იობი უსამართლოდ ადანაშაულებდა ღმერთს.
27:5. თავად იობზე იყო დამოკიდებული, შეინარჩუნებდა თუ არა უმწიკვლობას. უმწიკვლობის გამოსავლენად საჭიროა, ადამიანს ძლიერ უყვარდეს ღმერთი. ამიტომ იეჰოვასადმი ძლიერი სიყვარული უნდა განვივითაროთ.
28:1—28. ადამიანებმა იციან, სად არის დედამიწის სიმდიდრე. მის ძიებაში ისინი მიწისქვეშ კვალავენ გზას, სადაც შორსმხედველი მტაცებელი ფრინველის თვალიც კი ვერ აღწევს. მაგრამ ღვთიური სიბრძნის მისაღებად აუცილებელია იეჰოვასადმი შიში.
29:12—15. მზადყოფნით უნდა გამოვავლინოთ გულმოწყალება მათ მიმართ, რომლებიც ამას საჭიროებენ.
31:1, 9—28. იობი თავს არიდებდა ფლირტს, მრუშობას, უსამართლობას, სხვებისადმი უმოწყალოდ მოპყრობას, მატერიალიზმსა და კერპთაყვანისმცემლობას, რითაც მაგალითი დაგვიტოვა.
„ვინანიებ მტვერსა და ნაცარში“
ახალგაზრდა მამაკაცი ელიჰუ ყურადღებით უსმენს იობსა და მის სამ ცრუ ნუგეშისმცემელს. ის ერთვება საუბარში და თვალსაზრისს უსწორებს მათ.
როგორც კი ელიჰუ ასრულებს საუბარს, იეჰოვა იობს ქარიშხლიდან პასუხობს. ღმერთი არ ამბობს, თუ რატომ უშვებს მის ტანჯვას. თუმცა, მრავალი კითხვის დასმით ყოვლისშემძლე ღმერთი იობს თავისი დიდებული სიბრძნისა და შიშისმომგვრელი ძალის შესახებ აუწყებს. იობი აღიარებს, რომ არ ესმოდა და ისე ლაპარაკობდა. ის ამბობს: „მძულს ჩემი თავი და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში“ (იობი 42:6). ერთგულების გამოვლენის გამო იობის განსაცდელებს კურთხევები მოჰყვება.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
32:1—3. როდის მივიდა ელიჰუ იობთან? ვინაიდან ელიჰუმ ყველას საუბარი მოისმინა, როგორც ჩანს, მათთან ახლოს იჯდა უკვე მაშინ, სანამ იობი ლაპარაკობდა, და სანამ დასრულდებოდა მისი სამი მეგობრის შვიდდღიანი დუმილი (იობი 3:1, 2).
34:7. რატომ არის იობი შედარებული იმ ადამიანთან, რომელიც ‘დაცინვას წყალივით სვამს?’ იობისთვის ჩვეულებრივი გახდა ის, რომ განსაცდელების დროს სამი მეგობარი დასცინოდა. ისინი კი სინამდვილეში ღვთის წინააღმდეგ ლაპარაკობდნენ (იობი 42:7). ამგვარად, მან დაცინვა წყალივით „შესვა“ იმ პიროვნების მსგავსად, რომელიც წყურვილს იკმაყოფილებს.
რას ვსწავლობთ:
32:8, 9. სიბრძნე მხოლოდ ასაკის მატებასთან ერთად არ მოდის. სიბრძნისთვის საჭიროა ღვთის სიტყვის ცოდნა და წმინდა სულით ხელმძღვანელობა.
34:36. ჩვენი ერთგულება მაშინ ჩანს, როცა ამა თუ იმ სახით ‘ბოლომდე ვიცდებით’.
35:2. ელიჰუ ვიდრე ლაპარაკს დაიწყებდა, ყურადღებით ისმენდა მათ საუბარს (იობი 10:7; 16:7; 34:5). ქრისტიანმა უხუცესებმა რჩევის მიცემამდე ყურადღებით უნდა მოუსმინონ თანაქრისტიანს, გაეცნონ ფაქტებს და კარგად გაერკვნენ საკითხში (იგავები 18:13).
37:14; 38:1—39:30. იეჰოვას საოცარ საქმეებზე — მის მიერ გამოვლენილ ძალასა და სიბრძნეზე — დაფიქრება მოწიწების გრძნობას გვიღვივებს. აგრეთვე, გვეხმარება იმის დანახვაში, რომ ღვთის უზენაესობის გამართლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი ინტერესები (მათე 6:9, 10).
40:1—4. როდესაც ყოვლისშემძლის მიმართ უკმაყოფილების გამოთქმის ცდუნების წინაშე ვდგავართ, ‘პირზე ხელი უნდა ავიფაროთ’.
40:15—41:34. მართლაც, როგორი ძლიერია ბეჰემოთი და ლევიათანი (ნიანგი)! ღვთის მსახურებაში განსაცდელების ატანისას გვჭირდება შემოქმედის ძალა, რომელმაც შექმნა ძლიერი ცხოველები. ეს ძალა კი გვაძლიერებს (ფილიპელები 4:13).
42:1—6. იეჰოვას სიტყვის მოსმენა და მისი ძალის შესახებ შეხსენება დაეხმარა იობს, ‘ეხილა ღმერთი’, ანუ გაეგო ჭეშმარიტება მის შესახებ (იობი 19:26). ამის შედეგად მან შეიცვალა აზროვნება. როდესაც საღვთო წერილის საფუძველზე გვეძლევა მითითება, მზად უნდა ვიყოთ, რომ ვაღიაროთ შეცდომები და მოვახდინოთ ცვლილებები.
გამოვიმუშაოთ „იობის მოთმინება“
იობის წიგნიდან გამომდინარე, ცხადია, ღმერთი არ არის პასუხისმგებელი ადამიანთა ტანჯვაზე. ამაში სატანაა დამნაშავე. ვინაიდან ღმერთმა დაუშვა დედამიწაზე ბოროტება, ამით შესაძლებლობა მოგვცა, პირადად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, თუ ვის მხარეზე ვდგავართ იეჰოვას უზენაესობასა და ჩვენ მიერ ერთგულების გამოვლენასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხებში.
იობის მსგავსად, ყველა, ვისაც იეჰოვა უყვარს, გამოიცდება. იობის შემთხვევა რწმენას გვინერგავს, რომ ჩვენ შევძლებთ სირთულეების დაძლევას. აგრეთვე შეგვახსენებს, რომ ჩვენი პრობლემები მარადიულად არ გაგრძელდება. „თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე და გინახავთ, რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის ბოლოს“, — ნათქვამია იაკობის 5:11-ში. იეჰოვამ აკურთხა იობი ერთგულების გამო (იობი 42:10—17). მართლაც, რა საოცარი მომავალი გველის — მარადიული სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე! იობის მსგავსად, მოდი ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსე, შევინარჩუნოთ ერთგულება (ებრაელები 11:6).
[სქოლიოები]
a წიგნი „იობი“ მოიცავს 140–ზე მეტ წლიან პერიოდს, ძვ. წ. 1657–დან 1473 წლამდე.
[სურათი 16 გვერდზე]
რისი სწავლა შეგვიძლია „იობის მოთმინებიდან“?