სარგებლობა მივიღოთ — „ციური პურიდან“
მალე მას შემდეგ, რაც ისრაელები სასწაულებრივად გათავისუფლდნენ ეგვიპტიდან, თავისი გამათავისუფლებლის, იეჰოვა ღმერთის, მიმართ რწმენის სერიოზული ნაკლებობა გამოავლინეს, რის გამოც იეჰოვამ ისინი 40 წლის განმავლობაში სინაის უდაბნოში ახეტიალა. ამ ხნის მანძილზე ისრაელები და „უამრავი ჭრელი ხალხი“ სხვა ერებიდან, რომლებიც მათ შეუერთდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ „მაძღრისად“ (გამოსვლა 12:37, 38). ფსალმუნის 77:23–25-ში ჩაწერილია, როგორ იყო ეს შესაძლებელი: „[იეჰოვამ] უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები. და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ. ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად“.
რადგანაც მოსეც მოესწრო იმ დროს, მან აღწერა ეს განსაკუთრებული საკვები. მოსემ თქვა, რომ დილით „დადნა ცვარი და აჰა, ყრია უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი, წვრილი როგორც ჭირხლია ხოლმე მიწაზე. დაინახეს ისრაელიანებმა და ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ეს რა არისო“, ანუ ებრაულად „მან ჰუ?“ შესაძლოა ამ სიტვებიდან წარმოიშვა სახელწოდება „მანანა“, რომელიც ისრაელებმა ამ საკვებს დაარქვეს. მოსემ თქვა, რომ ის „ქინძის თესლის ოდენა იყო, თეთრი, [და] თაფლიანი პურის გემო ჰქონდა“ (გამოსვლა 16:13–15, 31).
მანანა არ იყო ბუნებრივი გზით მიღებული საკვები, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, არამედ ამაში ზებუნებრივი ძალა იყო ჩარეული. მისი ვარგისიანობა არ იყო დამოკიდებული ადგილმდებარეობასა და სეზონზე. თუ ის ერთ ღამეზე მეტ ხანს ინახებოდა, მატლი უჩნდებოდა და მყრალდებოდა, მაგრამ, როდესაც შაბათის წინა დღეს ყოველი ოჯახი ორჯერ მეტს აგროვებდა, მანანა არ ფუჭდებოდა ერთ ღამეში, ისე რომ შაბათსაც შეეძლოთ მისი ჭამა, რადგან შაბათს ღმერთი არ აძლევდა მათ მანანას. უეჭველია, მანანა ზებუნებრივი საკვები იყო (გამოსვლა 16:19–30).
ფსალმუნის 77:25-ში „ძლიერთა“ ანუ „ანგელოზთა“ მოხსენიება იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლებელია ღმერთი ანგელოზებს იყენებდა თავისი ერის მანანით უზრუნველსაყოფად (ფსალმუნი 77:25, სქოლიო, აქ). როგორც უნდა ყოფილიყო, ხალხს მადლიერების გამოვლენა მართებდა ღვთის სიკეთისთვის. მაგრამ უმრავლესობა უმადური იყო ეგვიპტის მონობიდან თავიანთი გამათავისუფლებლის მიმართ. ჩვენც შეიძლება ვერ დავაფასოთ იეჰოვას სიკეთე ან უმადურობა გამოვავლინოთ მისადმი, თუ არ ვიფიქრებთ მის მზრუნველობასა და სიყვარულზე. ასე რომ, მადლიერები უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ იეჰოვამ იზრუნა, ისრაელის გათავისუფლების ამბავი და ამის მომდევნო მოვლენები „ჩვენს სასწავლებლად“ ჩაწერილიყო (რომაელთა 15:4).
ქრისტიანები სარგებლობას ღებულობენ ისრაელების მაგალითიდან
როდესაც იეჰოვამ ისრაელებს მანანა მისცა, მისი მიზანი დაახლოებით სამი მილიონი ადამიანის მხოლოდ დაპურება კი არ იყო, არამედ სურდა რომ „მოეთვინიერებინა, გამოეცადა“, განეწმინდა და დაერიგებინა ისინი მათდა სასიკეთოდ (მეორე რჯული 8:16; ესაია 48:17). ისინი ამ განწმენდასა და დარიგებას თუ გამოეხმაურებოდნენ, იეჰოვა ‘მათივე სამომავლო სიკეთისთვის’ უბოძებდა მათ მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას აღთქმულ მიწაზე.
მთავარი, რაც მათ უნდა ესწავლათ, ის იყო, რომ „მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი“ (მეორე რჯული 8:3). ღმერთს რომ ისრაელებისთვის მანანა არ მიეცა, შიმშილით დაიხოცებოდნენ, რაც მათ თვითონვე აღიარეს უდაბნოში (გამოსვლა 16:3, 4). მადლიერი ისრაელებისთვის მანანა იმის ყოველდღიური შეხსენება იყო, რომ სრულიად დამოკიდებულები იყვნენ იეჰოვაზე და თვინიერება უნდა გამოევლინათ. აღთქმულ მიწაზე, სადაც მატერიალური სიუხვე იქნებოდა, ნაკლებად სავარაუდოა, მათ დავიწყებოდათ იეჰოვა და ის, რომ მასზე იყვნენ დამოკიდებული.
ისრაელების მსგავსად, ქრისტიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ სულიერ საკითხებშიც და ფიზიკურშიც ღმერთზე არიან დამოკიდებული (მათე 5:3, აქ; 6:31–33). იესო ქრისტემ ეშმაკის ერთ-ერთ ცდუნებაზე პასუხის გაცემისას მეორე რჯულის 8:3-ში ჩაწერილ მოსეს სიტყვებს მიმართა: „დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). დიახ, იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მისი სიტყვის, ბიბლიის, კითხვით საზრდოობენ. გარდა ამისა, როდესაც ისინი ღმერთს ემსახურებიან და მის სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ, ხედავენ, რამხელა სარგებლობა მოაქვს მათთვის ღვთის სიტყვას, ეს კი მათს რწმენას აძლიერებს.
არასრულყოფილმა ადამიანებმა შეიძლება ვეღარ დააფასონ ის, რაც მათი ცხოვრების ნაწილი გახდა, მაშინაც კი, თუ ის იეჰოვას მოსიყვარულე მზრუნველობას გამოხატავს. მაგალითად, თავდაპირველად ასე სასწაულებრივად მანანით უზრუნველყოფამ გააოცა და გაახარა ისრაელები, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრმა ჩივილი დაიწყო. „შეგვაღონა უყუათო საჭმელმა“ — საყვედურობდნენ ისინი უმადურად, რაც ‘ცოცხალი ღმერთისგან განდგომის’ ნიშანი იყო (რიცხვნი 11:6; 21:5; ებრაელთა 3:12). ამიტომაც მათი მაგალითი აღწერილია „ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ წუთისოფლის აღსასრულს“ (1 კორინთელთა 10:11).
როგორ შეგვიძლია ამ დამრიგებლური მაგალითის მხედველობაში მიღება? მაგალითად იმით, თუ არასოდეს დავუშვებთ, ბიბლიური სწავლებები ან ის, რასაც ერთგული და გონიერი მონა გვაწვდის, უბრალო რამ გახდეს ჩვენთვის (მათე 24:45). როდესაც აღარ ვაფასებთ ან გულგრილები ვხდებით იმისადმი, რასაც იეჰოვა გვაძლევს, ურთიერთობა გვიფუჭდება მასთან.
მართებულია, რომ იეჰოვა არ გვიმჟღავნებს ყველაფერს ერთდროულად. პირიქით, ის თანდათანობით ჰფენს ნათელს თავის სიტყვას (იგავნი 4:18). ეს საშუალებას აძლევს მის ხალხს, აითვისოს ის და ცხოვრებაში გამოიყენოს. როცა თავის მოწაფეებს ასწავლიდა, იესო მამამისის მაგალითს ბაძავდა. ის მათ ღვთის სიტყვას იმდენად უხსნიდა, „რამდენის მოსმენაც შეეძლოთ“, ანუ, როგორც ზოგი თარგმანი ამბობს, „რამდენის გაგებაც შეეძლოთ“ (მარკოზი 4:33; შეადარეთ იოანე 16:12).
განიმტკიცე მადლიერება ღვთის მიერ მოცემულისთვის
იესო გამეორებასაც იყენებდა. რა თქმა უნდა, გონებას ადვილად შეუძლია აითვისოს ესა თუ ის საკითხი — მაგალითად, რომელიმე ბიბლიური პრინციპი — მაგრამ მის გულთან მიტანას და ქრისტიანის, „ახალი კაცის“ მიერ გათავისებას, შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, მითუმეტეს, თუ ქვეყნიური ცხოვრების წესი და აზროვნება ძლიერ არის გამჯდარი მასში (ეფესელთა 4:22–24). უეჭველად ასე იყო იესოს მოწაფეების შემთხვევაშიც, როდესაც ისინი სიამაყეს ებრძოდნენ და თავმდაბლობას ავითარებდნენ. იესოს არაერთხელ უხდებოდა მათთვის თავმდაბლობის სწავლება და ხშირად ერთსა და იმავეს სხვადასხვა კუთხით უხსნიდა, რომ გაეთავისებინათ მისი სიტყვები და ეს მათ მართლაც ეხმარებოდა (მათე 18:1–4; 23:11, 12; ლუკა 14:7–11; იოანე 13:5, 12–17).
დღეს ქრისტიანულ კრებებსა და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებში, გამოიყენება გამეორების მეთოდი ისევე, როგორც ამას იესო აკეთებდა. ამიტომაც ეს ჩვენს მიერ ყოველთვის უნდა იყოს დაფასებული, როგორც ღვთის მოსიყვარულე მზრუნველობა და არასოდეს მოგვბეზრდეს ის, რასაც ვღებულობთ, როგორც ისრაელებს მოსწყინდათ მანანა. თუ ყველაფერს ვიღონებთ იეჰოვას რჩევების გამოსაყენებლად, რომლებსაც ის რეგულარულად გვახსენებს, დავინახავთ, რომ ეს ჩვენს ცხოვრებაში კარგ შედეგებს მოიტანს (2 პეტრე 3:1). ასეთი მადლიერების გამომხატველი თვალსაზრისით ვუჩვენებთ, რომ ღვთის სიტყვას მთელი გულითა და გონებით „ვწვდებით“ (მათე 13:15, 19, 23). ამასთან დაკავშირებით ფსალმუნმომღერალი დავითის კარგი მაგალითი გვაქვს. მან, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა ისეთი მრავალფეროვანი სულიერი საკვები, როგორიც ჩვენ გვაქვს, იეჰოვას კანონებს „უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა“ უწოდა (ფსალმუნი 18:11).
„მანანა“, რომელიც მარადიულ სიცოცლეს მოგვიტანს
„მე ვარ პური სიცოცხლისა“, — უთხრა იუდეველებს იესომ. „თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ. . . მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან ჩამოსული. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, რომელსაც გავცემ, ხორცია ჩემი, რომელსაც წუთისოფლის სიცოცხლისათვის გავცემ“ (იოანე 6:48–51). პირდაპირი გაგებით პურს ანუ მანანას არ მიუცია და შეუძლებელიც იყო, მათთვის მარადიული ცხოვრება მიეცა. მაგრამ ის, ვინც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას ავლენს, მარადიული ცხოვრებით გაიხარებს (მათე 20:28).
მათი უმრავლესობა, ვინც სარგებლობას ღებულობს იესოს გამომსყიდველური მსხვერპლიდან, მარადიულად იცხოვრებს სამოთხეში დედამიწაზე. ეს „უამრავი ხალხი“ — რომელსაც ეგვიპტიდან გამოსვლისას ისრაელებთან ერთად მყოფი სხვა ერების წარმომადგენლები, „უამრავი ჭრელი ხალხი“, ასიმბოლოებდნენ — გადაიტანს „დიდ გასაჭირს“, რომელიც დედამიწას ყოველგვარ ბოროტებას ჩამოაშორებს (გამოცხადება 7:9, 10, 14; გამოსვლა 12:38). ისინი კი, ვისი წინასახეობაც ისრაელები იყვნენ, კიდევ უფრო დიდ ჯილდოს იღებენ. მოციქულმა პავლემ მათ, რომელთა რიცხვიც 144 000-სს შეადგენს, ღვთის სულიერი ისრაელი უწოდა. მათი ჯილდო სიკვდილის შემდეგ ზეციური ცხოვრებისთვის აღდგენაა (გალატელთა 6:16; ებრაელთა 3:1; გამოცხადება 14:1 სსგ). იქ იესო მათ განსაკუთრებული მანანით გამოკვებავს.
„შენახული მანანის“ მნიშვნელობა
„გამარჯვებულს მივცემ შენახული მანანისაგან“, — უთხრა მკვდრეთით აღმდგარმა იესომ სულიერ ისრაელს (გამოცხადება 2:17). ეს სიმბოლური შენახული მანანა გვახსენებს იმ მანანას, რომელზედაც ღმერთმა უბრძანა მოსეს, ოქროს ჭურჭელში მოეთავსებინა და აღთქმის კიდობანში შეენახა. ეს კიდობანი კარვის წმიდათაწმიდაში იყო მოთავსებული. იქ მას ვერავინ ხედავდა, რადგან შენახული იყო. ეს მანანა არ გაფუჭებულა მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც კიდობანში იდო, ამიტომაც უხრწნელი საკვების სათანადო სიმბოლო უნდა ყოფილიყო (გამოსვლა 16:32; ებრაელთა 9:3, 4, 23, 24). 144 000-ის წევრებისთვის შენახული მანანის მიცემით იესო მათ, როგორც ღვთის სულიერ ძეებს, უკვდავებასა და უხრწნელობას ჰპირდება (იოანე 6:51; 1 კორინთელთა 15:54).
„[იეჰოვა] შენთან არის წყარო სიცოცხლისა“, — თქვა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნი 35:10). მანანით უზრუნველყოფა — იქნება ეს ფიზიკურით თუ სიმბოლურით — კარგად ადასტურებს ამ ჭეშმარიტებას. მანანა, რომელიც ღმერთმა ძველ ისრაელს მისცა, ფიგურალური მანანა, რომელიც მან იესოს სხეულის სახით მოგვცა და სიმბოლური შენახული მანანა, რომელსაც ის იესო ქრისტეს მეშვეობით 144 000-სს აძლევს, ყველას შეგვახსენებს, რომ ჩვენი სიცოცხლე სრულიად ღმერთზეა დამოკიდებული (ფსალმუნი 38:6, 8). ამიტომ თავმდაბლობითა და მოკრძალებით, ყოველთვის ვაღიაროთ ეს. იეჰოვა კი, თავის მხრივ, ‘სიკეთეს მოგვცემს სამომავლოდ’ (მეორე რჯული 8:16).
[სურათები 26 გვერდზე]
მარადიული სიცოცხლის მიღებაში ყველა ‘ზეციდან ჩამოსულ ცოცხალ პურზეა’ დამოკიდებული.
[სურათი 28 გვერდზე]
ყველა ქრისტიანულ შეხვედრაზე დასწრება გამოხატავს ჩვენს მადლიერებას იეჰოვას შეხსენებებისთვის.