იეჰოვაზე სრული მინდობა უსაფრთხოების გრძნობას გვინერგავს
„იეჰოვა მომისმენს, როცა მოვუხმობ“ (ფსალმ. 4:3).
1, 2. ა) რა რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა დავითი? ბ) რომელ ფსალმუნებს განვიხილავთ?
მეფე დავითი გარკვეული პერიოდია, რაც ისრაელს მართავს, მაგრამ ახლა მეტად რთულ მდგომარეობაში იმყოფება. მისმა შვილმა, აბესალომმა განახორციელა თავისი ბოროტი განზრახვა და საკუთარი თავი მეფედ გამოაცხადა. ამიტომ დავითი იძულებულია, დატოვოს იერუსალიმი. მას სანდო მეგობარმაც უღალატა და ახლა მცირერიცხოვან ერთგულ ქვეშევრდომებთან ერთად ფეხშიშველი მოთქმით მიუყვება ზეთისხილის მთას. ამას ისიც ემატება, რომ შიმეი, საულის საგვარეულო სახლიდან, ქვებს ესვრის და წყევლის (2 სამ. 15:30, 31; 16:5—14).
2 გაანადგურებს დავითს ეს მწუხარება და სირცხვილი? არა, რადგან ის იეჰოვაზეა მინდობილი. ეს ჩანს მე-3 ფსალმუნიდან, რომელიც დავითმა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწერა. მან დაწერა მე-4 ფსალმუნიც. ორივე ფსალმუნში მოცემულია იმის მტკიცე რწმენა, რომ ღმერთი ისმენს და პასუხობს ლოცვებს (ფსალმ. 3:4; 4:3). ეს ფსალმუნები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა დღე და ღამე თავის ერთგულ მსახურებთან არის, მხარში უდგას მათ და სიმშვიდესა და უსაფრთხოების გრძნობას უნერგავს (ფსალმ. 3:5; 4:8). ამიტომ განვიხილოთ ეს ფსალმუნები და ვნახოთ, როგორ ჩაგვინერგავს ისინი უსაფრთხოების გრძნობასა და ღვთისადმი ნდობას.
როდესაც მრავალი აღსდგება ჩვენ წინააღმდეგ
3. რა მდგომარეობაში იყო დავითი, როგორც ფსალმუნის 3:1, 2-შია ნაჩვენები?
3 „ისრაელების გული აბესალომს მიემხროო“, — უთხრა მაცნემ დავითს (2 სამ. 15:13). იმით გაოცებულმა, თუ როგორ მიემხრო აბესალომს ამდენი ადამიანი, დავითმა იკითხა: „იეჰოვა, რატომ მომიმრავლდნენ მტრები? რატომ აღსდგნენ ჩემ წინააღმდეგ? ბევრი ამბობს ჩემს სულზე: არ დაიხსნისო მას ღმერთი“ (ფსალმ. 3:1, 2). მრავალი ისრაელი ფიქრობდა, რომ იეჰოვა არ დაიხსნიდა დავითს აბესალომისა და მისი მომხრეებისგან.
4, 5. ა) რაში იყო დავითი დარწმუნებული? ბ) რას ნიშნავს გამოთქმა „თავაწეულს მატარებ“?
4 მაგრამ დავითი თავს მშვიდად გრძნობს, რადგან მთლიანად იეჰოვაზეა მინდობილი. ის წერს: „შენ კი, იეჰოვა, ჩემი ფარი ხარ და ჩემი დიდება; თავაწეულს მატარებ“ (ფსალმ. 3:3). დავითი დარწმუნებულია, რომ იეჰოვა ისევე დაიცავს მას, როგორც ფარი — ჯარისკაცს. მართალია, ხანში შესული მეფე იძულებულია, გაიქცეს, მას თავი დაფარული აქვს და დამცირებისგან თავჩაქინდრული მიდის, მაგრამ უზენაესი შეცვლის დავითის მდგომარეობას და დიდებას მოუტანს მას. იეჰოვა წელში გამართავს თავის ერთგულ მსახურს, თავს ააწევინებს და ძველ დიდებას დაუბრუნებს. დავითი გულდაჯერებით უხმობს ღმერთს და დარწმუნებულია, რომ ის უპასუხებს. პირადად თქვენ, ავლენთ იეჰოვასადმი ასეთივე ნდობას?
5 სიტყვებით „თავაწეულს მატარებ“, დავითი ცხადყოფს, რომ დახმარებას იეჰოვასგან მოელის. ერთ ნაშრომში ამ გამოთქმასთან დაკავშირებით ნათქვამია: „როდესაც ღმერთი თავაწეულს ატარებს ვინმეს . . . ის მას იმედსა და შინაგან სიმშვიდეს აძლევს“. დავითს, რომელსაც იძულებით დაატოვებინეს ისრაელის სამეფო ტახტი, ჰქონდა გულგატეხილობის მიზეზი. მაგრამ იეჰოვა მას „თავაწეულს ატარებს“, რის შედეგადაც განუახლდება ძალები, დაუბრუნდება შინაგანი სიმშვიდე და ღმერთზე სრულად იქნება მინდობილი.
იეჰოვა გვიპასუხებს
6. რატომ აღნიშნა დავითმა, რომ მის ლოცვას იეჰოვამ წმინდა მთიდან უპასუხა?
6 დავითი, რომელიც იეჰოვაზეა მინდობილი და ეჭვი არ ეპარება, რომ ის უპასუხებს მის ლოცვას, განაგრძობს: „ხმამაღლა დავუძახებ იეჰოვას და თავისი წმინდა მთიდან მიპასუხებს“ (ფსალმ. 3:4). დავითის ბრძანების თანახმად, შეთანხმების კიდობანი, რომელიც იეჰოვას იქ ყოფნის სიმბოლო იყო, სიონის მთაზე წაიღეს (წაიკითხეთ 2 სამუელის 15:23—25 ). ამიტომ დავითი მართებულად აღნიშნავს, რომ მის ლოცვას იეჰოვამ წმინდა მთიდან უპასუხა.
7. რატომ არ ეშინოდა დავითს?
7 დავითი დარწმუნებულია, რომ ღმერთი მის ლოცვას უპასუხოდ არ დატოვებს, და ამიტომ არ ეშინია. ის წერს: „დავწვები დასაძინებლად და გავიღვიძებ, რადგან თავად იეჰოვა მიდგას მხარში“ (ფსალმ. 3:5). ღამითაც კი, როდესაც მოულოდნელი თავდასხმის ალბათობა ძალიან დიდია, დავითს არ ეშინია, დასაძინებლად დაწვეს. მას ეჭვი არ ეპარება, რომ გაიღვიძებს, რადგან გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ ღმერთი აუცილებლად ამოუდგება მხარში. ჩვენც შეგვიძლია ასევე მტკიცედ ვიყოთ დარწმუნებული, თუ „იეჰოვას გზებს“ მივყვებით და არასდროს განვუდგებით მას (წაიკითხეთ 2 სამუელის 2:21, 22 ).
8. როგორ ჩანს ფსალმუნის 27:1—4-დან, რომ დავითი ღმერთს ენდობოდა?
8 დავითი რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს და სრულად ენდობა ღმერთს, ჩანს მისი სხვა ფსალმუნიდან, რომელშიც ღვთის შთაგონებით შემდეგი სიტყვებია ჩაწერილი: „იეჰოვაა ჩემი სინათლე და ხსნა. ვისი უნდა მეშინოდეს?! იეჰოვაა ჩემი სიცოცხლის ბურჯი. ვინ შემაძრწუნებს?! . . . ჯარმაც რომ დაიბანაკოს ჩემ წინააღმდეგ, არ შეკრთება ჩემი გული . . . ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას, ერთ რამეს ვესწრაფვი, რომ მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე, ვიხილო იეჰოვას მშვენიერება და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს“ (ფსალმ. 27:1—4). თუ თქვენც იზიარებთ ფსალმუნმომღერლის გრძნობებს და მდგომარეობა ნებას გრთავთ, იეჰოვას სხვა ერთგულ თაყვანისმცემლებთან ერთად რეგულარულად დაესწრებით შეხვედრებს (ებრ. 10:23—25).
9, 10. ფსალმუნის 3:6, 7-ში ჩაწერილი სიტყვების მიუხედავად, რატომ შეიძლება ითქვას, რომ დავითი არ ფიქრობდა შურისძიებაზე?
9 დავითს აბესალომმა უღალატა და მრავალმა უორგულა, მაგრამ ის წერს: „არ შევუშინდები ათი ათას კაცს, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან. აღსდექ, იეჰოვა! მიხსენი, ჩემო ღმერთო! შემოჰკარი ყბებში ჩემს მტრებს და კბილები ჩაუმტვრიე ბოროტებს!“ (ფსალმ. 3:6, 7).
10 დავითი შურისძიებაზე არ ფიქრობს. თუ საჭიროა მის მტრებს „ყბებში შემოჰკრან“, ამას თავად ღმერთი გააკეთებს. მეფე დავითმა საკუთარი ხელით გადაწერა კანონი და იცის, რომ ამ კანონში იეჰოვა ამბობს: „ჩემია შურისძიებაც და საზღაურის მიგებაც“ (კან. 17:14, 15, 18; 32:35). ასევე ღმერთზეა დამოკიდებული „ბოროტებისთვის კბილების ჩამტვრევა“. „კბილების ჩამტვრევა“ ნიშნავს ძალის გამოცლას, რათა ზიანი ვერავის მიაყენონ. იეჰოვამ იცის, ვინ არის ბოროტი, რადგან ის გულებს ხედავს (1 სამ. 16:7). რამდენად მადლიერნი ვართ იმისათვის, რომ ღმერთი გვაძლევს რწმენას და ძალას, მტკიცედ აღვუდგეთ წინ მთავარ ბოროტ არსებას, სატანას, რომელიც მბრდღვინავი, მაგრამ უკბილო ლომივით მალე უფსკრულში იქნება ჩაგდებული! (1 პეტ. 5:8, 9; გამოცხ. 20:1, 2, 7—10).
„ხსნა იეჰოვასგანაა“
11. რატომ უნდა ვილოცოთ თანამორწმუნეებისთვის?
11 დავითს ესმის, რომ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია მოუტანოს ხსნა, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდება. მაგრამ ფსალმუნმომღერალი მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს. ის იეჰოვას რჩეულ ხალხზე ფიქრობს. დავითი ღვთის შთაგონებით ჩაწერილ ფსალმუნს შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „ხსნა იეჰოვასგანაა. შენგან არის კურთხეული შენი ხალხი“ (ფსალმ. 3:8). მართალია, დავითს საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ის იეჰოვას ხალხზე ფიქრობდა და დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი აკურთხებდა მათ. განა ჩვენც არ უნდა ვფიქრობდეთ თანამორწმუნეებზე? ყოველთვის გვახსოვდეს ისინი ჩვენს ლოცვებში; ვთხოვოთ იეჰოვას, მისცეს მათ თავისი წმინდა სული, რათა მისმა ერთგულმა მსახურებმა გამბედაობა მოიკრიბონ და გულდაჯერებით შეძლონ სასიხარულო ცნობის ქადაგება (ეფეს. 6:17—20).
12, 13. რა მოუვიდა აბესალომს და როგორი რეაქცია ჰქონდა დავითს?
12 აბესალომმა სიცოცხლე სამარცხვინოდ დაასრულა, რაც გამაფრთხილებელი მაგალითია ყველასთვის, ვინც სხვების, განსაკუთრებით კი ღვთის ცხებულების, მიმართ ბოროტად მოქმედებს (წაიკითხეთ იგავების 3:31—35 ). ბრძოლაში აბესალომის მომხრეები დამარცხდნენ. თავად აბესალომი კი, როცა ჯორზე ამხედრებული გარბოდა, დიდი ხის ქვედა ტოტებში თმით გაიხლართა და ცასა და მიწას შორის გამოეკიდა ცოცხალი, მაგრამ უმწეო. ამ დროს მივიდა იოაბი, სამი ისარი ჩასცა გულში და მოკლა (2 სამ. 18:6—17).
13 გაუხარდა დავითს იმის გაგება, თუ რა დაემართა თავის შვილს? არა, პირიქით. ის წინ და უკან დადიოდა, ტიროდა და მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ, შვილო, შვილო, აბესალომ! მე მაინც მოვმკვდარიყავი შენ მაგივრად, აბესალომ, შვილო, შვილო!“ (2 სამ. 18:24—33). უსაზღვრო მწუხარებით შეპყრობილი დავითი გონს მხოლოდ იოაბის სიტყვებმა მოიყვანა. რა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე აბესალომმა, რომელიც ამბიციამ საკუთარი მამის, იეჰოვას ცხებული მეფის, წინააღმდეგ წაიყვანა. შედეგად კი თავს უბედურება დაიტეხა (2 სამ. 19:1—8; იგავ. 12:21; 24:21, 22).
დავითი კვლავ გამოხატავს იეჰოვასადმი ნდობას
14. რა შეიძლება ითქვას მე-4 ფსალმუნის დამწერზე?
14 მე-3 ფსალმუნის მსგავსად მე-4 ფსალმუნიც დავითის მხურვალე ლოცვაა, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ ის სრულად ენდობა იეჰოვას (ფსალმ. 3:4; 4:3). შესაძლოა, დავითმა ეს ფსალმუნი აბესალომის მომხრეების დამარცხების შემდეგ დაწერა და მასში ღვთისადმი მადლიერება გამოხატა. ან, შესაძლოა, მისი წერისას დავითს მხედველობაში ლევიანი მომღერლები ჰყავდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ფსალმუნზე დაფიქრება იეჰოვასადმი ნდობას განგვიმტკიცებს.
15. რატომ შეგვიძლია გულდაჯერებით მივმართოთ იეჰოვას ლოცვით თავისი ძის მეშვეობით?
15 დავითი კვლავ იეჰოვასადმი სრულ ნდობას ავლენს. როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, ის დარწმუნებულია, რომ იეჰოვა ლოცვებს უპასუხოდ არ დატოვებს. ის წერს: „ჩემო მართალო ღმერთო, მიპასუხე, როცა მოგიხმობ! გამოსავალი მაპოვნინე გასაჭირში, წყალობა მიყავი და შეისმინე ჩემი ლოცვა!“ (ფსალმ. 4:1). თუ სწორად ვიქცევით, ჩვენც დავითივით შეგვიძლია გულდაჯერებულნი ვიყოთ. ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვა, „მართალი ღმერთი“, აკურთხებს თავის მართალ ხალხს. ამიტომ შეგვიძლია თავისი ძის მეშვეობით და გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე გულდაჯერებით მივმართოთ მას ლოცვით (იოან. 3:16, 36). ეს დიდ შინაგან სიმშვიდეს მოგვგვრის!
16. რა შეიძლება ყოფილიყო დავითის გულგატეხილობის მიზეზი?
16 დროდადრო შეიძლება აღმოვჩნდეთ რთულ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება გული გაგვიტეხოს და სულის სიმშვიდე დაგვაკარგვინოს. მცირე ხნით დავითიც იყო მსგავს მდგომარეობაში, რადგან ის წერდა: „ადამიანთა ძეებო, როდემდე უნდა იყოს ჩემი დიდება შეურაცხყოფილი? როდემდე უნდა გიყვარდეთ ამაოება და როდემდე უნდა ეძებდეთ სიცრუეს?“ (ფსალმ. 4:2). გამოთქმა „ადამიანთა ძეები“, როგორც ჩანს, მიუთითებს კაცობრიობაზე და მას უარყოფითი დატვირთვა აქვს. დავითის მტრებს ამაოება უყვარდათ. ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „როდემდე გეყვარებათ სიცრუე და ეძიებთ ცრუ ღმერთებს?“. მაშინაც კი, როდესაც სხვისი საქციელის გამო გული გვიტყდება, არ შევწყვიტოთ მხურვალედ ლოცვა და სრულად მივენდოთ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს.
17. ახსენით, როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ფსალმუნის 4:3-ის შესაბამისად.
17 დავითი რომ ღმერთს ენდობოდა, ჩანს სიტყვებიდან: „იცოდეთ, რომ იეჰოვა გამოარჩევს თავის ერთგულს; იეჰოვა მომისმენს, როცა მოვუხმობ“ (ფსალმ. 4:3). გამბედაობა და იეჰოვასადმი სრული მინდობაა საჭირო იმისათვის, რომ მისადმი ერთგულება შევინარჩუნოთ. ეს თვისებები მაშინაც არის საჭირო, როცა, მაგალითად, ქრისტიანული ოჯახის წევრი არ ინანიებს ჩადენილ ცოდვას და ირიცხება. ღმერთი აფასებს მათ, ვინც მისადმი და მისი ნორმებისადმი ერთგულებას ავლენს. ერთგულებას და იეჰოვასადმი სრულად მინდობას კი ღვთის ხალხისთვის სიხარული მოაქვს (ფსალმ. 84:11, 12).
18. ფსალმუნის 4:4-ის თანახმად, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვინმე სიტყვით ან საქმით გვაწყენინებს?
18 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ვინმე ისეთ რამეს ამბობს ან აკეთებს, რაც გვაღიზიანებს? შეგვიძლია სიხარული შევინარჩუნოთ, თუ გავითვალისწინებთ დავითის სიტყვებს: „თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ. გულში თქვით, თქვენს საწოლში, და ჩუმად იყავით“ (ფსალმ. 4:4). თუ ვინმე სიტყვით ან საქმით გვაწყენინებს, ნუ შევცოდავთ და სამაგიეროს ნუ გადავუხდით (რომ. 12:17—19). ამ დროს შეგვიძლია საწოლში ჩვენი გრძნობები იეჰოვას გავუზიაროთ ლოცვაში. ლოცვისას შეიძლება თვალსაზრისი შევიცვალოთ და სიყვარულიდან გამომდინარე ვაპატიოთ მწყენინებელს (1 პეტ. 4:8). ამ მხრივ საყურადღებოა მოციქულ პავლეს რჩევა, რომელიც ფსალმუნის 4:4-ზეა დაფუძნებული: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ; ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფეს. 4:26, 27).
19. რას გვასწავლის ფსალმუნის 4:5 სულიერ მსხვერპლთან დაკავშირებით?
19 დავითი ყურადღებას ამახვილებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღმერთზე მინდობა: „შესწირეთ სიმართლის მსხვერპლი და მიენდეთ იეჰოვას“ (ფსალმ. 4:5). ისრაელების მიერ გაღებულ მსხვერპლს მხოლოდ მაშინ ექნებოდა ფასი, თუ ისინი ამას სწორი აღძვრებით გააკეთებდნენ (ეს. 1:11—17). ჩვენი სულიერი მსხვერპლი ღვთისთვის მისაღები რომ იყოს, ჩვენც სწორი აღძვრები უნდა გვქონდეს და სრულად უნდა ვენდობოდეთ მას (წაიკითხეთ იგავების 3:5, 6; ებრაელების 13:15, 16 ).
20. რას ნიშნავს იეჰოვას „სახის ნათელი“?
20 დავითი განაგრძობს: «მრავალი ამბობს: „ვინ დაგვანახვებს სიკეთეს?“ შენი სახის ნათელი გადმოგვაფინე, იეჰოვა!» (ფსალმ. 4:6). იეჰოვას „სახის ნათელი“ მის კეთილგანწყობას ნიშნავს (ფსალმ. 89:15). ამიტომ, როცა დავითი ლოცულობს, „შენი სახის ნათელი გადმოგვაფინე“, ის ღმერთს კეთილგანწყობას სთხოვს. ჩვენ ვენდობით იეჰოვას. ამიტომ გვაქვს მისი კეთილგანწყობა და დიდი სიხარული, რადგან მის ნებას ვასრულებთ.
21. რაში გვარწმუნებს ღვთის სიტყვა, თუ სრულად მივიღებთ მონაწილეობას სულიერ მკაში?
21 დავითი მოელის, რომ ღმერთი მისცემს იმაზე დიდ სიხარულს, რომელიც ისრაელებს, ჩვეულებრივ, მკის დროს ჰქონდათ. ის წერს: „გულს გამიმხიარულებ იმათზე მეტად, ვისაც უხვად აქვს მარცვლეული და ახალი ღვინო“ (ფსალმ. 4:7). ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მთელი გულით გავიხარებთ, თუ სრულ მონაწილეობას ვიღებთ სულიერ მკაში (ლუკ. 10:2). „გამრავლებული ერის“, ცხებულების, ხელმძღვანელობით მკაში მონაწილეთა რიცხვი იზრდება, რაც სიხარულს გვანიჭებს (ეს. 9:3). იღებთ სრულ მონაწილეობას ამ სიხარულის მომტან მკაში?
კვლავაც სრულად მიენდეთ იეჰოვას
22. ფსალმუნის 4:8-ის შესაბამისად, როგორ გრძნობდნენ თავს ისრაელები, როცა ღვთის კანონს იცავდნენ?
22 დავითი ფსალმუნს შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან, იეჰოვა, მხოლოდ შენ მაცხოვრებ უსაფრთხოდ“ (ფსალმ. 4:8). როცა ისრაელები იეჰოვას კანონებს იცავდნენ, მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ და თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. მაგალითად, სოლომონის მეფობის დროს „უსაფრთხოდ ცხოვრობდა იუდა და ისრაელი“ (1 მეფ. 4:25). მაშინაც კი, როცა ირგვლივ მტრულად განწყობილი ერები ცხოვრობდნენ, მათ, ვინც ღმერთს ენდობოდა, მშვიდობა ჰქონდათ. დავითის მსგავსად ჩვენც მშვიდად გვძინავს, რადგან ღმერთთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ.
23. რას მოგვიტანს ღვთისადმი სრული ნდობა?
23 მოდი, კვლავაც განვაგრძოთ იეჰოვას მსახურება. რწმენით ვილოცოთ და გვქონდეს „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილ. 4:6, 7). ამას დიდი სიხარული მოაქვს. თუ იეჰოვას სრულად ვენდობით, შეგვიძლია მომავალს იმედიანად ვუყუროთ.
როგორ უპასუხებთ?
• რა პრობლემები შეუქმნა აბესალომმა დავითს?
• როგორ გვინერგავს უსაფრთხოების გრძნობას მე-3 ფსალმუნი?
• რა მხრივ გვიმტკიცებს იეჰოვასადმი ნდობას მე-4 ფსალმუნი?
• რა სარგებლობას მოგვიტანს იეჰოვასადმი სრულად მინდობა?
[სურათი 29 გვერდზე]
მაშინაც კი, როცა აბესალომს გაურბოდა, დავითი დარწმუნებული იყო იეჰოვას მხარდაჭერაში
[სურათები 32 გვერდზე]
სრულად ენდობით იეჰოვას?