მკითხველთა შეკითხვები
ფსალმუნების 101:27-ში ნათქვამია, რომ დედამიწა და ზეცა ‘ჩაივლის’. ნიშნავს ეს გამოთქმა იმას, რომ დედამიწა განადგურდება?
იეჰოვასადმი ლოცვაში ფსალმუნმომღერალმა თქვა: „უწინ დედამიწა დააფუძნე, და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა. ისინი ჩაივლიან, შენ კი იარსებებ . . . ტანსაცმელივით დაძველდებიან, სამოსელივით გამოიცვლი მათ და გაქრებიან“ (ფსალმუნები 101:26, 27). როგორც კონტექსტიდან ჩანს, ამ მუხლებში დედამიწის განადგურებაზე კი არ არის საუბარი, არამედ იმაზე, რომ ღმერთი მარადიულია. კონტექსტი ასევე გვიჩვენებს, თუ რატომ უნერგავს ეს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება იმედს ღვთის მსახურებს.
ფსალმუნმომღერალი, რომელიც შესაძლოა ბაბილონის ტყვეობაშია, 101-ე ფსალმუნს თავისი გასაჭირის აღწერით იწყებს. ის მოთქვამს იმის შესახებ, რომ მისი ცხოვრება „კვამლივით“ ქრება. ბევრი დარდის გამო მისი სხეული დასუსტდა და ‘მისი ძვლები ვარვარებდა, როგორც კოცონი’. მას ძალ-ღონე გამოელია და „დაჭკნა ბალახივით“. ის მარტოობას გრძნობს „ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე“. განსაცდელმა მადა დაუკარგა და მთელი დღეების განმავლობაში გლოვობდა (ფსალმუნები 101:4—12). ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, ფსალმუნმომღერალს იმედი არ დაუკარგავს. რატომ? იმის გამო, რაც იეჰოვამ სიონს ანუ იერუსალიმს აღუთქვა.
მართალია, სიონი განადგურდა, მაგრამ იეჰოვამ მისი აღდგენა იწინასწარმეტყველა (ესაია 66:8). ამიტომ ფსალმუნმომღერალი სრული დარწმუნებით ამბობს იეჰოვაზე: „შეიწყალე სიონი; რადგან ჟამია, როცა შეიწყალებ მას, რადგან მოვიდა საათი! . . რადგან აღაშენებს უფალი სიონს“ (ფსალმუნები 101:14, 17). შემდეგ მუხლებში ფსალმუნმომღერალი ისევ საკუთარ გასაჭირზე ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს, რომ, თუ ღვთის ძალით გაპარტახებული იერუსალიმის აღდგენაა შესაძლებელი, მაშინ იეჰოვა მის დახმარებასაც შეძლებს (ფსალმუნები 101:18, 21, 24). ფსალმუნმომღერალი კიდევ სხვა რამემ აღძრა, იეჰოვას სრულად მინდობოდა. რამ? იმის ცოდნამ, რომ ღმერთი მარადიულია.
იეჰოვას მარადიულობასა და ფსალმუნმომღერლის სიცოცხლის წლებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. მან იეჰოვას შესახებ თქვა: „თაობიდან თაობამდეა შენი წლები“ (ფსალმუნები 101:25). შემდეგ კი ამბობს: „უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა“ (ფსალმუნები 101:26).
იეჰოვა ღმერთის მარადიულობასთან, თვით დედამიწისა და ცის არსებობის წლების შედარებაც კი შეუძლებელია. ფსალმუნმომღერალი დასძენს: „ისინი [ცა და დედამიწა] ჩაივლიან, შენ კი იარსებებ“ (ფსალმუნები 101:27). ფაქტობრივად, ფიზიკური ცისა და დედამიწის განადგურება შესაძლებელია. მართალია, იეჰოვამ თქვა, რომ ცა და დედამიწა მარადიულად იარსებებს, მაგრამ მისი განზრახვა რომ ყოფილიყო, ფიზიკური ცისა და დედამიწის განადგურდება შესაძლებელი იქნებოდა (ფსალმუნები 118:90; ეკლესიასტე 1:4). ამის საპირისპიროდ, შეუძლებელია, რომ ღმერთმა არსებობა შეწყვიტოს. ფიზიკური ქმნილებები „უკუნითი უკუნისამდე“ მხოლოდ იმიტომ დგას, რომ ღმერთი იცავს მათ (ფსალმუნები 148:6). იეჰოვა ღმერთმა ფიზიკურ ქმნილებებზე ზრუნვა რომ შეწყვიტოს, მაშინ ‘ისინი ტანსაცმელივით დაძველდებოდნენ’ (ფსალმუნები 101:27). როგორც ადამიანის სიცოცხლე არ არის დამოკიდებული ტანსაცმელზე, რომელიც დროთა განმავლობაში ცვდება, ასევე იეჰოვაც, თუ ინებებდა, თავისი ქმნილებების გარეშეც იარსებებდა. მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს არ სურს ეს. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ ფიზიკური ცა და დედამიწა მარადიულად იარსებებენ (ფსალმუნები 103:5).
მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს. რა განსაცდელიც უნდა შეგვხვდეს, როდესაც დახმარებისთვის ღმერთს მივმართავთ, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ის „მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას“ (ფსალმუნები 101:18). დიახ, ფსალმუნების 101–ე თავში ჩაწერილი სიტყვები, რომლებიც იეჰოვას მხარდაჭერას აღგვითქვამს, უფრო მყარია, ვიდრე დედამიწა, რომელზედაც ჩვენ ვდგავართ.