‘იეჰოვა, ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი’
«უფალო, უფალო [„იეჰოვა, იეჰოვა“, აქ]! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო» (გამოსვლა 34:6).
1. ა) რა ნუგეშს სთავაზობს ბიბლია მათ, რომლებიც ხედავენ, რომ საყვარელი ადამიანები უხვევენ წმინდა თაყვანისმცემლობის ბილიკიდან? ბ) როგორ უყურებს იეჰოვა გზასაცდენილებს?
„ქალიშვილმა მითხრა, რომ აღარ სურს ქრისტიანული კრების წევრობა, — ამბობს ერთი ქრისტიანი მამა. — მას შემდეგ დღეების, კვირების და თვეების განმავლობაშიც კი მთელ სხეულში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. ეს სიკვდილზე უარესი იყო“. ნამდვილად საწყენია, როდესაც ხედავ, თუ როგორ უხვევს საყვარელი ადამიანი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ბილიკიდან. ოდესმე განგიცდიათ მსგავსი რამ? თუ დიახ, თქვენთვის ნუგეშისმომგვრელი იქნება იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თანაგიგრძნობთ (გამოსვლა 3:7; ესაია 63:9). მაგრამ როგორ უყურებს იეჰოვა ასეთ გზასაცდენილებს? ბიბლია გვიჩვენებს, რომ ის გულმოწყალებას იჩენს მათ მიმართ და იწვევს, დაიბრუნონ მისი კეთილგანწყობილება. მალაქიას დღეებში ის ემუდარებოდა მეამბოხე იუდეველებს: „მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ“ (მალაქია 3:7).
2. როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ გულმოწყალება იეჰოვას განუყოფელი ნაწილია?
2 ღვთის გულმოწყალება მოსეს თვალწინ განსაკუთრებით სინაის მთაზე გამოიკვეთა. იქ იეჰოვამ საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ‘მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი ღმერთი’ (გამოსვლა 34:6). ეს სიტყვები ხაზს უსვამს, რომ გულმოწყალება იეჰოვას განუყოფელი ნაწილია. როგორც ქრისტიანმა მოციქულმა პეტრემ აღნიშნა, მას სურს, რომ „ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). რა თქმა უნდა, ღვთის გულმოწყალებას საზღვარი აქვს. მასზე ნათქვამია, რომ ‘შურისმგებელი’ ღმერთია (გამოსვლა 34:7; 2 პეტრე 2:9). და მაინც, „ღმერთი სიყვარულია“, ხოლო ამ თვისების ძალზე დამახასიათებელი თავისებურება გულმოწყალებაა (1 იოანე 4:8; იაკობი 3:17, სსგ). იეჰოვა „არ მრისხანებს სამუდამოდ“, ის „წყალობის მოყვარულია“ (მიქა 7:18, 19).
3. როგორ განსხვავდებოდა გულმოწყალების შესახებ იესოს თვალსაზრისი ფარისევლებისა და მწიგნობრების თვალსაზრისისგან?
3 იესო ზეციერი მამის სრულყოფილი ანარეკლი იყო (იოანე 5:19). ცოდვილებისადმი მისი გულმოწყალე დამოკიდებულება მათი ცოდვების არაფრად ჩაგდებას კი არ ნიშნავდა, არამედ ისეთივე სათუთი გრძნობების გამოვლენას, როგორსაც ის ფიზიკურად ავადმყოფებისადმი იჩენდა (შეადარეთ მარკოზი 1:40, 41). დიახ, იესომ წყალობა რჯულის ‘უფრო მთავარ’ საკითხებს შორის მოიხსენია (მათე 23:23). ამის საპირისპიროდ, განვიხილოთ მწიგნობრებისა და ფარისევლების შემთხვევა, რომლებიც სამართლიანობასთან დაკავშირებულ კანონებში წვრილმანებს ეჭიდებოდნენ, რის შედეგადაც, ჩვეულებრივ, გულმოწყალებისთვის ადგილი საერთოდ არ რჩებოდა. როდესაც ისინი ცოდვილებისადმი იესოს დამოკიდებულებას ხედავდნენ, ჩიოდნენ: „ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო“ (ლუკა 15:1, 2). იესომ ბრალმდებლებს სამი თვალსაჩინო მაგალითით უპასუხა, რომლებშიც ღვთის გულმოწყალებას გაესვა ხაზი.
4. რომელი ორი თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა იესომ და რა იყო თითოეულის არსი?
4 თავიდან იესო მოყვა კაცის შესახებ, რომელმაც 99 ცხვარი დატოვა და ერთი დაკარგულის საძებნელად წავიდა. რის ჩვენება სურდა მას ამით? „უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ“. შემდეგ იესო მოყვა ქალის შესახებ, რომელიც ეძებდა დაკარგულ დრაქმას და რომელიც დიდად გაახარა დაკარგულის პოვნამ. რისთვის მოიყვანა ეს იგავი? „იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მონანიე ცოდვილის გამო“. იესომ მესამე თვალსაჩინო მაგალითად იგავი მოიყვანაa. მას ბევრი მოკლედ გადმოცემულ უმშვენიერეს მოთხრობად მიიჩნევს. ამ იგავის განხილვა ღვთის გულმოწყალების დაფასებასა და მიბაძვაში დაგვეხმარება (ლუკა 15:3–10).
ურჩი ძე ტოვებს მშობლიურ სახლს
5, 6. როგორ გამოავლინა იესოს მესამე იგავში მოყვანილმა ყმაწვილმა საოცარი უმადურობა?
5 „ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: ‘მომეცი ჩემი კუთვნილი წილი ქონებისა.’ და გაუყო მათ მამამ ქონება. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით“ (ლუკა 15:11–13)b.
6 უმცროსმა ვაჟმა საოცარი უმადურობა გამოავლინა. ჯერ მან მოითხოვა მემკვიდრეობა, შემდეგ კი გაფლანგა ის „თავაშვებული ცხოვრებით“. გამოთქმა „თავაშვებული ცხოვრება“ გადმოთარგმნილია ბერძნული სიტყვიდან, რომელიც „აღვირახსნილ ცხოვრებას“ ნიშნავს. ერთ-ერთი სწავლული აღნიშნავს, რომ ეს სიტყვა „გამოხატავს უკიდურეს ზნეობრივ გახრწნილებას“. მრავალ ენაზე, არცთუ უსაფუძვლოდ, იესოს იგავში მოყვანილ ახალგაზრდას აღწერდნენ სიტყვით, რომლის მნიშვნელობაა „მფლანგველი“.
7. ვინ ჰგავს დღეს უძღებ შვილს და რატომ ეძებენ ასეთი პიროვნებები დამოუკიდებლობას „შორეულ ქვეყანაში“?
7 არსებობენ დღეს ისეთი ადამიანები, რომლებიც უძღებ შვილს ჰგვანან? დიახ. სამწუხაროდ, ზოგმა დატოვა ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვას, უსაფრთხო ‘სახლი’ (1 ტიმოთე 3:15). ზოგი მათგანი ღვთის ოჯახში თავს ძალზე შეზღუდულად გრძნობდა და ფიქრობდა, რომ იეჰოვას ფხიზელი თვალი დამაბრკოლებელი უფრო იყო, ვიდრე დამცველი (შეადარეთ ფსალმუნი 31:8). განვიხილოთ ერთი ქრისტიანი ქალიშვილის შემთხვევა, რომელიც ბიბლიური პრინციპების შესაბამისად აღიზარდა, მაგრამ მოგვიანებით ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება დაიწყო. როდესაც უკან, თავისი ცხოვრების შავბნელ პერიოდში, იხედება, ის აღნიშნავს: „მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ჩემთვის უკეთესი ცხოვრების მოწყობა შემეძლო. მინდოდა ჩემი სურვილისამებრ მოვქცეულიყავი და განსხვავებული აზრის მოსმენაც კი არ მსურდა“. უძღები შვილის მსგავსად, ეს ახალგაზრდა ქალიშვილიც დამოუკიდებლობას ესწრაფოდა. სამწუხაროდ, არაბიბლიური მოქმედების გამო ის ქრისტიანული კრებიდან გაირიცხა (1 კორინთელთა 5:11–13).
8. ა) რა დახმარება შეიძლება გაეწიოთ მათ, ვისაც ღვთის ნორმების საწინააღმდეგოდ ცხოვრება სურს? ბ) რატომ უნდა შეხედოს ადამიანმა გაწონასწორებულად თაყვანისცემის საკითხში პირადი არჩევნის საკითხს?
8 ნამდვილად გულსატკენია, როდესაც თანამორწმუნეს ღვთის ნორმების საპირისპიროდ ცხოვრება სურს (ფილიპელთა 3:18). ასეთ შემთხვევებში უხუცესები და სულიერად მოწიფული პიროვნებები ცდილობენ, გამოასწორონ გზასაცდენილი ადამიანი (გალატელთა 6:1). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არავის აძალებენ, ატაროს ქრისტიანული მოწაფეობის უღელი (მათე 11:28–30; 16:24). სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ ახალგაზრდამაც კი თაყვანისცემის საკითხთან დაკავშირებით პირადი არჩევანი უნდა გააკეთოს. თითოეულს გვაქვს ნების თავისუფლება და საკუთარი თავისთვის ანგარიშს ჩავაბარებთ ღმერთს (რომაელთა 14:12). რა თქმა უნდა, ჩვენც მოვიმკით იმას, ‘რასაც დავთესავთ’; ეს გაკვეთილი მიიღო მალე იესოს მიერ იგავში მოყვანილმა უძღებმა შვილმა (გალატელთა 6:7, 8).
შორეულ ქვეყანაში გაჭირვებაში ჩავარდნა
9, 10. ა) როგორ შეიცვალა უძღები შვილის მდგომარეობა და რა ზომებს მიმართა მან? ბ) აღწერეთ, თუ როგორ ცვივდებიან დღეს უძღები შვილის მსგავს გასაჭირში ისინი, რომლებიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ტოვებენ.
9 „როცა ყველაფერი შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, და მას გაუჭირდა. წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად. ენატრებოდა, მუცელი იმ რკოთი ამოეყორა, რომელსაც ღორები ჭამდნენ. არავინ არაფერს აძლევდა“ (ლუკა 15:14–16).
10 დიდ გასაჭირში ჩავარდნის მიუხედავად, უძღებ შვილს სახლში დაბრუნება არ უფიქრია. ნაცვლად ამისა, ის შეხვდა იქაურ კაცს, რომელმაც მეღორედ აიყვანა. რადგან მოსეს რჯულით ღორი უწმინდურ ცხოველად ითვლებოდა, ასეთი სამუშაო იუდეველისთვის, ალბათ, მიუღებელი იყო (ლევიანნი 11:7, 8). მაგრამ უძღებ შვილს სინდისის ქენჯნაც რომ ეგრძნო, უნდა ჩაეხშო ის. შეუძლებელია, ამ ახალგაზრდას იმის იმედი ჰქონოდა, რომ კაცს, რომელმაც დაიქირავა, ადგილობრივ მკვიდრს, შეაწუხებდა გაჭირვებული უცხოელის გრძნობები. უძღები შვილის მდგომარეობა იმ ადამიანთა მდგომარეობის მსგავსია, რომლებიც დღეს წმინდა თაყვანისმცემლობის სწორი ბილიკიდან უხვევენ. ხშირად ასეთი ადამიანები ისეთ საქმიანობას იწყებენ, რასაც ადრე უკადრისად მიიჩნევდნენ. მაგალითად, 17 წლის ასაკში ერთმა ყმაწვილმა უარი თქვა ქრისტიანულ აღზრდაზე. „უზნეობამ და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებამ ამოშალა წლების განმავლობაში მიღებული ბიბლიური მოძღვრება“, — ამბობს ის. მალე ახალგაზრდა ყაჩაღობისა და მკვლელობის გამო ციხეში აღმოჩნდა. მოგვიანებით ის სულიერად გამოჯანსაღდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ძვირად უნდა დასჯდომოდა ‘წარმავალი, ცოდვიანი განცხრომა’ (შეადარეთ ებრაელთა 11:24–26).
11. რა ართულებდა უძღები შვილის მდგომარეობას და როგორ დარწმუნდა დღეს ზოგიერთი, რომ წუთისოფლის მიმზიდველობა ‘ფუჭი ცდუნებაა’?
11 უძღები შვილის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ „არავინ არაფერს აძლევდა“. სად იყვნენ მისი ახალი მეგობრები? ახლა, როდესაც ფული შემოელია, ის მათთვის ‘საძულველი’ გახდა (იგავნი 14:20). მსგავსად ამისა, დღეს მრავალმა, ვინც ქრისტიანული გზიდან გადაუხვია, აღმოაჩინა, რომ წუთისოფლის მიმზიდველობა და შეხედულებები ‘ფუჭი ცდუნებაა’ (კოლასელთა 2:8). „იეჰოვას ხელმძღვანელობის გარეშე დარჩენამ დიდი ტკივილი და სულიერი ტრავმა მომაყენა, — ამბობს ერთი ახალგაზრდა ქალიშვილი, რომელმაც დატოვა ღვთის ორგანიზაცია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის გარეთ იყო. — ვცდილობდი მოვრგებოდი წუთისოფელს, მაგრამ მართლა ძალიან განვსხვავდებოდი სხვებისგან, რის გამოც წუთისოფელში არ მიმიღეს. თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობდი, ბავშვივით, რომელსაც ძალიან სჭირდება მამის ხელმძღვანელობა. მაშინ მივხვდი, რომ იეჰოვა მჭირდებოდა. უკვე აღარ მინდოდა მისგან დამოუკიდებლად ცხოვრება“. იესოს იგავში მოყვანილი უძღები შვილიც მივიდა მსგავს დასკვნამდე.
უძღები შვილი გონს ეგება
12, 13. რა ფაქტორები დაეხმარა დღეს ზოგს, რომ გონს მოსულიყვნენ? (იხილეთ ჩარჩო).
12 „როცა გონს მოეგო, თქვა: ‘მამაჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები. ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამაო, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე, ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!’ ადგა და წავიდა თავის მამასთან“ (ლუკა 15:17–20).
13 უძღები შვილი „გონს მოეგო“. გარკვეული დროის განმავლობაში ის ჩაფლული იყო სიამოვნების ძიებაში, ოცნებების სამყაროში. მაგრამ ახლა უკვე აშკარად დაინახა თავისი ჭეშმარიტი სულიერი მდგომარეობა. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ დაეცა, ამ ახალგაზრდის მდგომარეობა მთლად უიმედო არ იყო. მის პიროვნებაში იყო რაღაც კარგი (იგავნი 24:16; შეადარეთ მეორე ნეშტთა 19:2, 3). რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ, ვინც დღეს ტოვებს ღვთის სამწყსოს? იქნებოდა გონივრული დასკვნის გამოტანა, რომ მათ აღარაფერი ეშველებათ და რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ურჩობა ღვთის სულიწმიდის წინააღმდეგ შეცოდების დამადასტურებელია? (მათე 12:31, 32). სულაც არა. მრავალი მათგანი იტანჯება ცუდ გზაზე დადგომის გამო და დროთა განმავლობაში გონს ეგება. „არასოდეს, ერთი დღითაც კი, არ დამვიწყებია იეჰოვა, — იხსენებს ერთი და დროს, როდესაც ღვთის ორგანიზაციის გარეთ იყო. — ყოველთვის ვლოცულობდი, რომ როგორღაც ერთ მშვენიერ დღეს კვლავ მივეღე“ (ფსალმუნი 118:176).
14. რა გადაწყვეტილება მიიღო უძღებმა შვილმა და როგორი თავმდაბლობა გამოავლინა ამ დროს?
14 მაგრამ რის გაკეთება შეუძლიათ გზააბნეულებს? იესოს იგავში უძღები შვილი ღებულობს გადაწყვეტილებას, დაბრუნდეს სახლში და მამას პატიება სთხოვოს. „მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი“, — ასეთია მისი სათხოვარი. მოჯამაგირე იყო დღიური მუშა, რომელსაც სამუშაოდან დათხოვნის შესახებ წინა დღეს ატყობინებდნენ. მას უფრო დაბალი მდგომარეობა ეჭირა, ვიდრე მონას, რომელიც, გარკვეული გაგებით, ოჯახის წევრივით იყო. ასე რომ, უძღებ შვილს აზრადაც არ მოსვლია, მისთვის ყოფილი მდგომარეობა აღედგინათ და ძედ მიეღოთ. ის მზად იყო, მიეღო ყველაზე დაბალი მდგომარეობა, რათა დღითი დღე მამისთვის ერთგულება დაემტკიცებინა. მაგრამ უძღებ შვილს სიურპრიზი ელოდა.
გულთბილად მიღება
15—17. ა) როგორი იყო შვილის დანახვაზე მამის რეაქცია? ბ) რის მაჩვენებელია მამის მიერ შვილისთვის სამოსლის, ბეჭდისა და სანდლების მიცემა? გ) რა არის ნაჩვენები იმით, რომ მამა ლხინს მართავს?
15 „როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცნა. ვაჟმა კი უთხრა: ‘მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე.’ მამამ უთხრა თავის მონებს: ‘მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და სანდლები ჩააცვით ფეხებზე. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ. ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ და დაიწყეს მხიარულება“ (ლუკა 15:20–24).
16 ნებისმიერი მოსიყვარულე მშობელი ინატრებდა შვილის სულიერ გამოჯანსაღებას. ამიტომ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უძღები შვილის მამა, რომელიც ყოველდღე გაჰყურებდა გზას და მღელვარებით მოელოდა შვილის დაბრუნებას. და აი, მამა ხედავს სახლისკენ მომავალ შვილს! რა თქმა უნდა, ჭაბუკს გარეგნობა საკმაოდ შეცვლილი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მამა სცნობს მას, „როცა ჯერ კიდევ შორს“ არის. ის არ უყურებს დაგლეჯილ ტანსაცმელსა და ტანჯულ სულს; ის ხედავს თავის ძეს და მის შესახვედრად გარბის!
17 როდესაც შვილს უახლოვდება, კისერზე ეხვევა და კოცნის. შემდეგ მონებს ბრძანებას აძლევს, მოუტანონ სამოსელი, ბეჭედი და სანდლები. სამოსელი უბრალო კი არ იყო, არამედ „საუკეთესო“ — მდიდრულად მოქარგული, რომელიც საპატიო სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი. რადგან ბეჭედსა და სანდლებს, ჩვეულებრივ, მონებს არ აძლევდნენ, მამამ ამგვარი მოქმედებით ცხადი გახადა, რომ ძეს ისევ ოჯახის სრულუფლებიან წევრად ღებულობდა. მაგრამ მამის მოქმედება ამით არ ამოწურულა. მან ბრძანება გასცა, ძის დაბრუნების აღსანიშნავად ლხინი გაემართათ. ცხადია, ამ მამაკაცმა შვილს მიუტევა არა უხალისოდ ან მხოლოდ იმის გულისთვის, რომ მისი დაბრუნების გამო ვალდებული იყო, ასე მოქცეულიყო; არა, მას სურდა მიეტევებინა. ეს მას სიხარულს ჰგვრიდა.
18, 19. ა) რას გვასწავლის იგავი უძღებ შვილზე იეჰოვას შესახებ? ბ) როგორ მოელის იეჰოვა შემცოდველის დაბრუნებას, როგორც ეს ნაჩვენებია იუდასა და იერუსალიმის მიმართ ღვთის მოპყრობაში?
18 ამგვარად, რას გვასწავლის იგავი უძღებ შვილზე ღვთის შესახებ, ვისი თაყვანისცემის შესაძლებლობაც ჩვენ მოგვეცა? პირველი, რომ იეჰოვა არის ‘მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი’ (გამოსვლა 34:6). მართლაც, წყალობა ანუ გულმოწყალება ღვთის ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისებაა. ის, ჩვეულებრივ, ასე რეაგირებს გასაჭირში ჩაცვენილთა მიმართ. მეორეც, იესოს იგავი გვასწავლის, რომ იეჰოვა ‘მზად არის პატიებისთვის’ (ფსალმუნი 86:5, აქ [85:5]). ის თვალყურს ადევნებს, ასე ვთქვათ, იკვლევს შემცოდველის გულში მიმდინარე ნებისმიერ ცვლილებას, რათა მისდამი გულმოწყალების გამოვლენისთვის რაიმე საფუძველი იპოვოს (მეორე ნეშტთა 12:12; 16:9).
19 მაგალითად, დაფიქრდით, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი ისრაელ ერს. წინასწარმეტყველი ესაია იეჰოვას მიერ იყო შთაგონებული, როდესაც იუდა და იერუსალიმი აღწერა როგორც ‘ტერფიდან თხემამდე დაავადებული’. მაგრამ მან შემდეგი სიტყვებიც თქვა: „სურს უფალს თქვენი შეწყალება და მაინც აღდგება თქვენს შესაბრალებლად“ (ესაია 1:5, 6; 30:18; 55:7; ეზეკიელი 33:11). იესოს იგავში მოყვანილი მამის მსგავსად, იეჰოვა, ასე ვთქვათ, „გზას გაჰყურებს“. ის დიდი იმედით მოელის მისი სახლიდან წასული ნებისმიერი პიროვნების დაბრუნებას. განა ამას არ უნდა მოველოდეთ მოსიყვარულე მამისგან? (ფსალმუნი 102:13).
20, 21. ა) როგორ მიიზიდა ღვთის გულმოწყალებამ მრავალი? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
20 იეჰოვას გულმოწყალება ყოველწლიურად მრავალს აღძრავს, გონს მოეგონ და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას დაუბრუნდნენ. რა სასიხარულოა ეს მათი ახლობლებისთვის! მაგალითად, ავიღოთ იმ ქრისტიანი მამის შემთხვევა, რომელიც სტატიის დასაწყისშია მოხსენიებული. საბედნიეროდ, მისი ქალიშვილი სულიერად გამოჯანსაღდა და ახლა სრული დროით მსახურობს. „მე იმდენად ბედნიერი ვარ, რამდენადაც ამ ძველ სისტემაშია შესაძლებელი, — ამბობს ეს მამა. — მწუხარების ცრემლები სიხარულის ცრემლებით შემეცვალა“. რასაკვირველია, ამით იეჰოვაც ხარობს! (იგავნი 27:11).
21 მაგრამ იგავი უძღებ შვილზე ამით არ ამოიწურება. იესო განაგრძობს თხრობას და იეჰოვას გულმოწყალებას ფარისევლებსა და მწიგნობრებს შორის არსებულ სიმკაცრესა და მსჯავრდადების სულისკვეთებას უპირისპირებს. თუ რატომ გააკეთა მან ეს და რას ნიშნავს მოყვანილი იგავის შემდგომი ნაწილი ჩვენთვის, განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
[სქოლიოები]
a არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბიბლიაში მოყვანილ იგავებსა და თვალსაჩინო მაგალითებში აღწერილი მოვლენები მაინცდამაინც სინამდვილეში მოხდა. არა, იქ აღწერილი შემთხვევები ზნეობრივ გაკვეთილს გვასწავლის და საჭირო არ არის ყოველ წვრილმანში სიმბოლური მნიშვნელობების ძებნა.
b ამ იგავის წინასწარმეტყველური მნიშვნელობა განხილულია წიგნში „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“, თავი 86.
გამეორებისთვის
◻ როგორ განსხვავდებოდა იესოსა და ფარისევლების თვალსაზრისი გულმოწყალების შესახებ?
◻ ვინ ჰგავს დღეს უძღებ შვილს და რატომ?
◻ რა მდგომარეობამ მოიყვანა გონს უძღები შვილი?
◻ როგორ გამოავლინა მამამ უძღები შვილისადმი გულმოწყალება?
[ჩარჩო 11 გვერდზე]
ისინი გონს მოეგნენ
რა დაეხმარა ქრისტიანული კრებიდან გარიცხულ ზოგ პიროვნებას, რომ გონს მოსულიყვნენ? ქვემოთ მოყვანილი შემთხვევები ნათელს ჰფენს ამ საკითხს.
„შინაგანად მაინც ვგრძნობდი, თუ სად იყო ჭეშმარიტება. წლების განმავლობაში ბიბლიის შესწავლამ და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებამ ჩემზე დიდი გავლენა იქონია. ამის შემდეგ როგორღა უნდა შემექცია ზურგი იეჰოვასთვის? მას კი არ შეუქცევია ჩემთვის ზურგი, არამედ მე მივატოვე ის. ბოლოს მივხვდი, თუ რამდენად ცუდი და ჯიუტი ვიყავი, ხოლო იეჰოვას სიტყვა — ყოველთვის მართალი: ‘რასაც დათეს, იმას მოიმკი’“ (კ. ვ.).
„ჩემმა გოგონამ ლაპარაკი დაიწყო. ამან ძალიან გამახარა და მინდოდა მისთვის მესწავლებინა, თუ ვინ იყო იეჰოვა ან როგორ მიგვემართა მისთვის ლოცვით. ძილი გამიტყდა. ერთხელ, გვიან ღამით, პარკში გავედი და ავტირდი. ვტიროდი და იეჰოვას ვევედრებოდი, რაც დიდი ხანია არ გამიკეთებია. მესმოდა, რომ ჰაერივით მჭირდებოდა კვლავ იეჰოვასთან დაბრუნება, და ვიმედოვნებდი, რომ ის მომიტევებდა“ (გ. ჰ.).
„როდესაც რელიგიურ საკითხზე ჩამოვარდებოდა ხოლმე საუბარი, ვამბობდი, რომ, თუ საქმე ისეთი რელიგიის არჩევაზე მიდგებოდა, რომელიც ჭეშმარიტებას ასწავლიდა, იეჰოვას მოწმეობას ავირჩევდი. შემდეგ დავამატებდი, რომ ერთ დროს მეც ვიყავი იეჰოვას მოწმე, მაგრამ ვერ შევძელი ამის შესაბამისად ცხოვრება და გავწყვიტე ამ რელიგიასთან კავშირი. რადგან ამას ვხვდებოდი, ხშირად თავს დამნაშავედ და უბედურად ვგრძნობდი. ბოლოს ვაღიარე, რომ ძალზე სავალალო მდგომარეობაში ვიყავი. ვხედავდი, რომ საჭირო იყო რადიკალური ცვლილებების მოხდენა“ (კ. ნ.).
„35 წლის წინ მე და ჩემი მეუღლე კრებიდან გაგვრიცხეს. 1991 წელს კი სასიამოვნო სიურპრიზი მივიღეთ — სახლში ორი უხუცესი გვეწვია, რომლებმაც გვითხრეს, რომ შესაძლებელი იყო იეჰოვასთან დაბრუნება. ექვსი თვის შემდეგ აღგვადგინეს, რამაც უზომოდ გაგვახარა. ახლა მე 63 წლისა ვარ, ხოლო მეუღლე — 79-ის“ (კ. ა.).