„მართალთა კარავი . . . აყვავდება“
არმაგედონის მოსვლით სატანის ბოროტ სისტემას ბოლო მოეღება და „ბოროტთა სახლი მოისპობა“. რა შეიძლება ითქვას „მართალთა კარავზე“? ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მათი „კარავი . . . აყვავდება“ (იგავები 14:11, აქ).
სანამ „ბოროტნი . . . ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მოღალატენი აღმოიფხვრებიან მისგან“, მართლებს მათ შორის მოუწევთ ცხოვრება (იგავები 2:21, 22). შესაძლებელია, რომ მართლები ასეთ ვითარებაში „აყვავდნენ“? ბიბლიის წიგნ „იგავების“ მე-14 თავის 1—11 მუხლებში ნაჩვენებია, რომ უკვე დღეს გვექნება კეთილდღეობა და სტაბილურობა, თუ მეტყველებისა და მოქმედებების დროს სიბრძნეს ვავლენთ.
ბრძენი სახლს აშენებს
ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა ისეთ ცოლზე, რომელიც თავისი ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავს, თქვა: „ბრძენი ქალი აშენებს თავის სახლს, სულელი კი ანგრევს მას საკუთარი ხელით“ (იგავები 14:1). როგორ აშენებს ბრძენი ქალი სახლს? ის პატივს სცემს ღვთის მიერ დადგენილ მეთაურობის პრინციპს (1 კორინთელები 11:3). ის არ ექცევა დამოუკიდებლობის სულის გავლენაში, რომლითაც სატანის ქვეყნიერებაა გაჟღენთილი (ეფესოელები 2:2). ბრძენი ქალი ემორჩილება ქმარს, ყოველთვის კარგს ლაპარაკობს მასზე და, ამგვარად, უფრო მეტი პატივისცემით განაწყობს სხვებს მის მიმართ. მას დიდი წვლილი შეაქვს ბავშვების სულიერ და პრაქტიკულ განათლებაში; გულმოდგინედ შრომობს თავისი ოჯახის სასარგებლოდ და სახლში სასიამოვნო და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. ის გამოირჩევა გონიერებითა და ეკონომიურობით. ნამდვილად, ბრძენი ქალი ბევრს აკეთებს ოჯახის სტაბილურობისა და კეთილდღეობისათვის.
უგუნური ქალი ღვთის მიერ დადგენილ მეთაურობის პრინციპს პატივს არ სცემს. ის სხვებთან მოურიდებლად აკრიტიკებს თავის ქმარს, არ არის მომჭირნე და მძიმე შრომით მოპოვებულ ოჯახის სახსრებს ფლანგავს. ის დროსაც ფუჭად ხარჯავს. შედეგად, მისი სახლი მოუვლელია და ბავშვების ემოციური თუ ფიზიკური მოთხოვნილებებიც დაუკმაყოფილებელი რჩება. დიახ, უგუნური ქალი თავის ოჯახს ანგრევს.
რის მიხედვით განისაზღვრება, ადამიანი გონიერია თუ უგუნური? იგავების 14:2-ში ნათქვამია: „სწორად მავალს ეშინია უფლისა, თავისი გზის გამმრუდებული კი გმობს მას“. მართლებს ჭეშმარიტი ღვთის შიში აქვთ, უფლის შიში კი სიბრძნის დასაბამია (ფსალმუნები 110:10). ჭეშმარიტად გონიერმა პიროვნებამ იცის, რომ ის მოვალეა, ‘ეშინოდეს ღვთისა და დაიცვას მისი მცნებები’ (ეკლესიასტე 12:13). რაც შეეხება უგუნურს, მის მიერ აღებული გეზი ეწინააღმდეგება ღვთის სამართლიან ნორმებს. მისი გზები მრუდეა. ასეთი ადამიანი უგულებელყოფს ღმერთს და თავის გულში ამბობს: „არ არის ღმერთი“ (ფსალმუნები 13:1).
ბრძენთა ბაგეები
რა შეიძლება ითქვას ღვთისმოშიში პიროვნებებისა და ღვთის უგულებელმყოფელთა მეტყველებაზე? „სულელის პირში მედიდურობის წკეპლაა, — თქვა მეფე სოლომონმა, — ბრძენებს კი მათი ბაგენი იცავენ“ (იგავები 14:3). უგუნური პიროვნება, რომელსაც „ზემოდან მომავალი სიბრძნე“ არა აქვს, არც მშვიდობისმოყვარეა და არც გონიერი. სიბრძნე, რომლითაც ის მოქმედებს, ხორციელი და დემონურია. მისი სიტყვები ქედმაღლური და გამომწვევია. ამპარტავნული მეტყველებით ის ბევრ პრობლემას უქმნის როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს (იაკობი 3:13—18).
ბრძენს კი იცავს საკუთარი ბაგეები, რის შედეგადაც ის კმაყოფილი და ბედნიერია. რა არის ამის მიზეზი? ბიბლიაში ნათქვამია: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენის ენა კი კურნავს“ (იგავები 12:18, აქ). გონიერი ადამიანის სიტყვები არც დაუფიქრებელია და არც სარკასტული. ის დაფიქრდება პასუხის გაცემამდე (იგავები 15:28). მის კარგად შერჩეულ სიტყვებს განკურნების ძალა აქვს — ამხნევებს გულგატეხილებს და დადებითად მოქმედებს მათზე, ვინც დათრგუნულია. სხვების გაღიზიანების ნაცვლად, თავისი სიტყვებით ის მშვიდობას უწყობს ხელს.
სიბრძნით ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებების მიღებისას
სოლომონს შემდეგ მოჰყავს საინტერესო იგავი, საიდანაც ჩანს, რომ ამა თუ იმ საქმის წამოწყებამდე საჭიროა დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონა. ის ამბობს: „სადაც ხარები არ არიან, იქ ცარიელია ბაგა, ბევრი მოსავალი კი ხარის ძალითაა“ (იგავები 14:4).
ამ იგავის მნიშვნელობის განმარტებისას ერთ ნაშრომში ნათქვამია: «ცარიელი ბაგა იმაზე მიანიშნებს, რომ ფერმერს არ ჰყავს ხარები, რომლებსაც გამოკვება სჭირდებათ. ამიტომ მას აღარ უწევს ბაგის დასუფთავება და საქონელზე ზრუნვა; შესაბამისად, ხარჯიც ნაკლებია. მაგრამ ამ „უპირატესობას“ უარყოფითი მხარეც აქვს, როგორც ეს მე-4 მუხლის მეორე ნაწილში ჩანს: ხარების არყოფნა იმას ნიშნავს, რომ მოსავალი დიდი არ იქნება». ასე რომ, არჩევნის გაკეთებისას ფერმერს სიბრძნის გამოვლენა მართებს.
ამ იგავში მოცემული პრინციპის გამოყენება ჩვენც შეგვიძლია, როდესაც ვფიქრობთ სამსახურის შეცვლას, საცხოვრებლის შერჩევას, მანქანის ყიდვას, შინაური ცხოველის შეძენას და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში გონიერი ადამიანი აწონ-დაწონიდა დადებით და უარყოფით მხარეებს და განსაზღვრავდა, ნამდვილად ღირს თუ არა ძალისხმევისა და ხარჯების გაღება.
სარწმუნო მოწმე
„სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, — განაგრძობს სოლომონი, — ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნთქავს“ (იგავები 14:5). რა თქმა უნდა, ცრუმოწმეობას ბევრი ზიანი მოაქვს. ნაბოთ იზრეყელელი იმის გამო ჩაქოლეს ქვებით, რომ ორმა უკეთურმა კაცმა მას ცრუ ბრალდება წაუყენა (3 მეფეთა 21:7—13). განა იესოს სიკვდილიც იმის შედეგი არ იყო, რომ ცრუმოწმეებმა არასწორი ჩვენება მისცეს მის წინააღმდეგ? (მათე 26:59—61). ცრუმოწმეები იძლეოდნენ ჩვენებებს სტეფანეს შემთხვევაშიც, რომელიც პირველი იყო რწმენის გამო მოკლულ მოწაფეთა შორის (საქმეები 6:10, 11).
მატყუარა ადამიანი შეიძლება დროებით არ ისჯება თავისი მოქმედების გამო, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რა მომავალი ელით მათ. იეჰოვას სძულს „ტყუილების მფრქვეველი ცრუ მოწმე“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 6:16—19, აქ). სხვა ბოროტმოქმედებთან ერთად, როგორებიც არიან მკვლელები, მეძავები, კერპთაყვანისმცემლები და მატყუარები, ასეთი ადამიანის ხვედრიც ტბაშია, რომელიც ცეცხლითა და გოგირდით იწვის, რაც მეორე სიკვდილს ნიშნავს (გამოცხადება 21:8).
სარწმუნო მოწმე ჩვენების მიცემისას ტყუილს არ ამბობს. ის ჩვენებას სიცრუით არ დაამახინჯებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ვალდებულია, სრული ინფორმაცია მისცეს მათ, ვისაც იეჰოვას ხალხისთვის ამა თუ იმ სახით ზიანის მოტანა სურს. პატრიარქებმა აბრაამმა და ისააკმა არ გაუმხილეს გარკვეული ინფორმაცია ზოგ მათგანს, ვინც თაყვანს არ სცემდა იეჰოვას (დაბადება 12:10—19; 20:1—18; 26:1—10). იერიხონში მცხოვრებმა რახაბმა არასწორი მიმართულებით გაგზავნა მეფის კაცები (იესო ნავეს ძე 2:1—7). თვით იესო ქრისტემაც თავი შეიკავა სრული ინფორმაციის გაცხადებისგან, რათა თავიდან აეცილებინა ზედმეტი სირთულეები (იოანე 7:1—10). მან თქვა: „ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს“. რატომ? „რათა . . . თქვენ არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ“ (მათე 7:6).
როდესაც „ცოდნის მიღება ადვილია“
ყველა ადამიანი ფლობს სიბრძნეს? იგავების 14:6-ში (აქ) ნათქვამია: „დამცინავი სიბრძნის მოპოვებას ცდილობს, მაგრამ ამაოდ; მისთვის კი, ვისაც გაგების უნარი აქვს, ცოდნის მიღება ადვილია“. დამცინავი შეიძლება ეძებდეს სიბრძნეს, მაგრამ ის ვერ პოულობს ჭეშმარიტ სიბრძნეს. ვინაიდან აბუჩად იგდებს ღვთის საქმეებს, დამცინავი ვერ იღებს ზუსტ შემეცნებას ჭეშმარიტი ღვთის შესახებ, რაც აუცილებელი წინაპირობაა სიბრძნის მისაღებად. მას სიამაყე და ქედმაღლობა უშლის ხელს, რომ გაიცნოს ღმერთი და მიიღოს სიბრძნე (იგავები 11:2). მაშ რატომღა ცდილობს ის სიბრძნის მოპოვებას? იგავი პასუხს არ იძლევა, მაგრამ შესაძლოა ის ასე იმიტომ იქცევა, რომ სხვების თვალში ბრძენი გამოჩნდეს.
გაგების უნარის მქონე ადამიანისთვის „ცოდნის მიღება ადვილია“. ეს ისეთ პიროვნებას გულისხმობს, რომელსაც „წვდომის, მიხვედრის უნარი აქვს“ და „შეუძლია დაინახოს, რა კავშირია კონკრეტულ დეტალებსა და საერთო სურათს შორის“. ეს იგავი ამბობს, რომ ასეთი უნარის მქონე ადამიანს ცოდნის მიღება უადვილდება.
ახლა დაფიქრდი, შენ როგორ მიიღე ცოდნა ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ. როდესაც ბიბლიის შესწავლა დაიწყე, ალბათ, უპირველესად გაეცანი ძირითად სწავლებებს ღვთის, მისი განზრახვებისა და მისი ძის შესახებ. თავიდან ამ სწავლებებს შორის კავშირს ვერ ხედავდი. მაგრამ შესწავლის გაგრძელების დახმარებით თანდათანობით დაინახე მათ შორის კავშირი და ჩაწვდი, თუ როგორ უკავშირდება სხვადასხვა დეტალები იეჰოვას ყოვლისმომცველ განზრახვას ადამიანებისა და დედამიწის მიმართ. ბიბლიური სწავლებები შენთვის ლოგიკური და ურთიერთდაკავშირებული გახდა. დღეს კი შენთვის ახალი დეტალების გაგება და დამახსოვრება უფრო ადვილია, რადგანაც შეგიძლია მათი დაკავშირება საერთო სურათთან.
ბრძენი მეფე გვეუბნება, თუ ვისთან არ უნდა ვეძებოთ სიბრძნე. „განერიდე ბრიყვ კაცს, — ამბობს ის, — რადგან ვერ იპოვნი ცოდნის ბაგეთ“ (იგავები 14:7). უგუნურ ადამიანს არა აქვს ჭეშმარიტი ცოდნა. მის ბაგეებისგან ცოდნა შორს არის. ამ რჩევის თანახმად, ასეთ ადამიანს უნდა გავერიდოთ და გონივრულია, რომ მისგან შორს ვიყოთ. ყველა, ვინც ‘სულელებთან იჭერს საქმეს, ხიფათს გადაეყრება’ (იგავები 13:20, აქ).
„წინდახედულის სიბრძნე იმაშია, რომ ესმის, რა გზას ადგას, — აგრძელებს სოლომონი, — უგუნურთა სისულელე კი ის არის, რომ სხვებსაც ატყუებენ და საკუთარ თავსაც“ (იგავები 14:8, აქ). გონიერი პიროვნება თავის მოქმედებებს უკვირდება. გადაწყვეტილების მიღებისას ის ითვალისწინებს სხვადასხვა მხარეს და ცდილობს, აწონ-დაწონოს შესაძლო შედეგები, რაც ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მოჰყვება. ის გონივრულ არჩევანს აკეთებს. რისი თქმა შეიძლება უგუნურ ადამიანზე? ის არაგონივრულ გადაწყვეტილებას იღებს. ამასთან, მას ჰგონია, რომ იცის, რასაც აკეთებს და მის მიერ გაკეთებული არჩევანი საუკეთესოა. თავისი უგუნურობით იგი საკუთარ თავს იტყუებს.
სიბრძნე დამხმარეა ურთიერთობისას
სიბრძნით ხელმძღვანელობა ხელს უწყობს სხვებთან მშვიდობიან ურთიერთობას. „უგუნური თავის დანაშაულზე იცინის, — აღნიშნავს ისრაელის მეფე, — მართალთა შორის კი თანხმობაა“ (იგავები 14:9, აქ). უგუნურისთვის უცხოა სინდისის ქენჯნა და დანაშაულზე იცინის. მას ოჯახის წევრებთან თუ სხვებთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს და „იმდენად ამაყია, რომ არც კი ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას“, რათა სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეს („ახალი ინგლისური ბიბლია“). გონიერი ადამიანი სხვების შეცდომებს შემწყნარებლურად ეკიდება. როდესაც არასწორად იქცევა, ის მზად არის ბოდიშის მოსახდელად, რათა მდგომარეობა გამოასწოროს. მას სხვებთან კარგი და მტკიცე ურთიერთობა აქვს, რადგანაც მშვიდობისკენ ისწრაფვის (ებრაელები 12:14).
შემდეგ სოლომონი ხაზს უსვამს, რომ ურთიერთობისას ადამიანთა შესაძლებლობები შეზღუდულია. ის ამბობს: «გულმა იცის თვისი სულის სიმწარე და მის სიხარულს არ ინაწილებს უცხო [„უცხო ვერ გაიზიარებს“, აქ] » (იგავები 14:10). ყოველთვის შეგვიძლია სხვებთან ღრმა გრძნობების — დარდი იქნება თუ სიხარული — გამოხატვა და მათთვის ზუსტად იმის გაზიარება, რასაც სინამდვილეში განვიცდით? ან შეუძლია ადამიანს, ყოველთვის ბოლომდე გაუგოს, რას გრძნობს სხვა? ამ ორივე კითხვის პასუხია არა.
მაგალითად, ავიღოთ გრძნობები, რომლებსაც ადამიანი თვითმკვლელობამდე მიჰყავს. ხშირად ასეთი ადამიანები არ უზიარებენ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს საკუთარ გრძნობებს. და სხვებსაც ყოველთვის არ შეუძლიათ ასეთი გრძნობების შემჩნევა მათთან ურთიერთობის დროს. ჩვენ დამნაშავედ არ უნდა ვიგრძნოთ თავი, თუ ვერ შევამჩნიეთ ასეთი გრძნობები და ვერ შევძელით მათთვის დახმარების აღმოჩენა. ეს იგავი იმასაც გვასწავლის, რომ — თუმცა მანუგეშებელია, როდესაც ერთგულ მეგობარს მიმართავ ემოციური მხარდაჭერისთვის — ადამიანის შესაძლებლობები სხვების სანუგეშებლად შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, მხოლოდ იეჰოვას შეგვიძლია მივენდოთ, როდესაც სიძნელეებს ვაწყდებით.
„სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში“
„ბოროტთა სახლი მოისპობა, — ამბობს ისრაელის მეფე, — მართალთა კარავი კი აყვავდება“ (იგავები 14:11, აქ). ბოროტი ადამიანი შეიძლება კეთილდღეობას აღწევს დღევანდელ ქვეყნიერებაში და მდიდრულ სახლში ცხოვრობს, მაგრამ რა ფასი აქვს ამას, თუ თვითონ აღარ იქნება? (ფსალმუნები 36:10). მეორე მხრივ, მართალთა საცხოვრებელი შეიძლება საკმაოდ მოკრძალებული იყოს, მაგრამ „სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში“, — ნათქვამია ფსალმუნის 111:3-ში. რა იგულისხმება ამაში?
როდესაც მეტყველებისა და მოქმედებების დროს სიბრძნით ვხელმძღვანელობთ, გვაქვს „სიმდიდრე და ღირსება“, რაც სიბრძნეს მოჰყვება (იგავები 8:18). ეს მოიცავს მშვიდობიან ურთიერთობას ღმერთთან და თანამორწმუნეებთან, რასაც კეთილდღეობა და სტაბილურობა მოაქვს. დიახ, ‘მართალთა კარავის აყვავება’ დღესაც შესაძლებელია.
[სურათი 27 გვერდზე]
„ბრძენი ქალი აშენებს თავის სახლს“.
[სურათი 28 გვერდზე]
„ბრძენის ენა . . . კურნავს“.