კრძალავს ღმერთი ალკოჰოლს?
ჩვენი შემოქმედი, რომელსაც ჩვენთვის საუკეთესო სურს, არ კრძალავს ალკოჰოლური სასმელებისa ზომიერად დალევას. უფრო მეტიც, ღმერთმა ღვინო ‘გულის გამახალისებლად, პური კი გულის გამამაგრებლად შექმნა’ (ფსალმუნი 104:15). ერთხელ იესო ქრისტემ წყალი ღვინოდ აქცია, რითაც ქორწილში ხელი შეუწყო სასიამოვნო ურთიერთობას (იოანე 2:3—10).
ცხადია, შემოქმედმა ყველაზე კარგად იცის, როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ჩვენს ორგანიზმსა და ტვინზე. ბიბლიის მეშვეობით ზეციერი მამა ‘ჩვენდა სასიკეთოდ გვასწავლის’ და გვაფრთხილებს, მოვერიდოთ მაგარი სასმელების ბოროტად გამოყენებას (ესაია 48:17). ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ მოყვანილ გაფრთხილებებს.
„ნუ დათვრებით ღვინით, რაშიც აღვირახსნილობაა“ (ეფესოელები 5:18). „ლოთები . . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორინთელები 6:9—11). ღვთის სიტყვა განსჯის „გადამეტებულ სმას, ღრეობასა და მსგავს საქმეებს“ (გალატელები 5:19—21).
განვიხილოთ, რა საშიშროება ახლავს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას.
ზოგიერთი საშიშროება
ალკოჰოლი შეიძლება გარკვეულწილად სასარგებლო იყოს, მაგრამ ის შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს გონებისა და ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. ალკოჰოლის ჭარბად მიღებამ შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან ნებისმიერი გამოიწვიოს.
ბევრის დალევა ადამიანს განსჯის უნარს უქვეითებს და ის საღად ვეღარ აზროვნებს (იგავები 23:33). წინა სტატიაში მოხსენიებული ალენი ამბობს: „ალკოჰოლიზმი არა მხოლოდ ორგანიზმს ვნებს, არამედ ადამიანის აზროვნებასა და სხვებისადმი დამოკიდებულებასაც ცვლის. ალკოჰოლიკი აღარ ფიქრობს, რამხელა ტკივილს აყენებს სხვებს“.
ბევრი ალკოჰოლი თავშეკავებას აკარგვინებს ადამიანს. ბიბლია გვაფრთხილებს: „ღვინო და მაჭარი კაცში კეთილ ზრახვებს ახშობს“ (ოსია 4:11). ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანისთვის შეიძლება სრულიად მისაღები იყოს ისეთი ფიქრები და სურვილები, რომლებსაც ფხიზელი გულშიც კი არ გაივლებდა. ამ დროს მან შეიძლება არასწორი საქციელიც კი ჩაიდინოს. მთვრალი ადამიანი შეიძლება ადვილად აჰყვეს ცდუნებას, ზნეობრივი სიწმინდე ვეღარ შეინარჩუნოს და საკუთარ თავს სულიერი ზიანი მიაყენოს.
ეს კარგად ჩანს ჯონის შემთხვევიდან. ის თავის ცოლს ეჩხუბა და გაბრაზებული ბარში წავიდა. მან რამდენიმე ჭიქა დალია, რომ დამშვიდებულიყო. ცოტა ხანში მასთან ერთი ქალი მივიდა. ჯონმა კიდევ რამდენიმე ჭიქა დალია და ბარიდან ამ ქალთან ერთად გავიდა. იმ დღეს ჯონმა უზნეობა ჩაიდინა. მოგვიანებით მან ძალიან ინანა თავისი საქციელი, რომელსაც ფხიზელი არასოდეს ჩაიდენდა. ალკოჰოლმა მას თავშეკავება დააკარგვინა.
მთვრალმა შეიძლება ვეღარ გააკონტროლოს თავისი სიტყვები და საქციელი. „ვინ არის მოუსვენრად? ვინ დავობს? ვინ წუხს? . . მას, ვინც გვიანობამდე უზის ღვინოს, ვინც შეზავებული ღვინის საძებნელად დადის“ (იგავები 23:29, 30). უზომოდ სმამ შეიძლება ადამიანს თავი ისე აგრძნობინოს, „თითქოს შუაგულ ზღვაში იყოს ან ანძის წვერზე იწვეს“ (იგავები 23:34). გამოღვიძებულმა კი შეიძლება ‘ისევ სასმელს დაუწყოს ძებნა’ და არც კი ახსოვდეს, მანამდე რა მოხდა (იგავები 23:35).
ზედმეტი სასმელი ჯანმრთელობას ვნებს. ალკოჰოლი „ბოლოს გველივით კბენს და გველგესლასავით გესლავს“ (იგავები 23:32). სამედიცინო გამოკვლევებმა დაადასტურა ამ უძველესი იგავის ჭეშმარიტება. დიდი რაოდენობით ალკოჰოლი შეიცავს მომაკვდინებელ ტოქსინებს, რომლებიც იწვევს სიმსივნეს, ალკოჰოლურ ჰეპატიტს, ციროზს, პანკრეატიტს, უშაქრო დიაბეტს, ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომს და გულის შეტევას. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რა დაავადებებს იწვევს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება. ბევრმა ალკოჰოლმა ადამიანი შეიძლება კომაში ჩააგდოს ან სიცოცხლე მოუსწრაფოს. თუმცა ყველაზე სავალალო შედეგებზე სამედიცინო სახელმძღვანელოებში სიტყვაც არ არის ნათქვამი.
ყველაზე დიდი საშიშროება. მაშინაც კი, თუ ადამიანი არ თვრება, უზომოდ სმა მის სულიერობას საფრთხეს უქმნის. ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი: „ვაი მათ, ვინც დილით ადრე დგება მათრობელი სასმლის საძებნელად, ვინც გვიანობამდე, დაბინდებამდე ღვინით ხურდება!“. ესაია ლაპარაკობს იმ საფრთხეზე, რასაც უზომოდ სმა ადამიანის სულიერობას უქმნის. ის ამბობს: „იეჰოვას საქმეებს არ უკვირდებიან და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ“ (ესაია 5:11, 12).
ღვთის სიტყვა გვირჩევს, არ ვიყოთ „მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს“ (იგავები 23:20). ის ხანში შესულ ქალებსაც ურჩევს, ბევრი ღვინო არ დალიონ (ტიტე 2:3). მიზეზი ის არის, რომ თავიდან ადამიანი შეიძლება ცოტას სვამს და დოზას არ ზრდის, მაგრამ თანდათან უფრო ხშირად სვამს. ის ალკოჰოლს ისე ეჩვევა, რომ ვერც კი გრძნობს. შემდეგ მან შეიძლება გაღვიძებისთანავე ‘სასმელს დაუწყოს ძებნა’ (იგავები 23:35). მსმელი ადამიანი უკვე საშიშ ზღვართან დგას, როცა ნაბახუსევზე ისევ სასმელს ეძებს.
ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ვინც ეძლევა „ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებას . . . პასუხს აგებენ მის წინაშე, ვინც მზად არის ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად“ (1 პეტრე 4:3, 5). ამ ძნელად ასატან დროსთან დაკავშირებით იესომ გაგვაფრთხილა: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ [იეჰოვას] დღე როგორც მახე“ (ლუკა 21:34, 35).
რის გაკეთება შეუძლიათ უზომოდ მსმელებს, რომ გული არ დაუმძიმდეთ „გადამეტებული ჭამა-სმით“?
[სქოლიო]
a სტატიათა ამ სერიაში ალკოჰოლსა და სასმელში ძირითადად იგულისხმება ლუდი, ღვინო და სხვა სპირტიანი სასმელები.
[სურათები 4, 5 გვერდებზე]
ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება მრავალ პრობლემას იწვევს