ბიბლიის თვალსაზრისი
ალტერნატიული ცხოვრების წესი. იწონებს მას ღმერთი?
„ნეტავ როდის მოვა ის დრო, როცა მეცოდინება, რა სექსუალურ ორიენტაციას ავირჩევ ცხოვრებაში?“ ასეთი კითხვა დასვა 13 წლის გოგონამ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ ერთ გამოცემაში. მის კითხვაში აირეკლება ბევრი იმ ადამიანის აზროვნება, რომლებიც თვლიან, რომ სქესობრივი ორიენტაციის არჩევის სრული თავისუფლება აქვთ.
ზოგიერთი ადამიანი შეიძლება გულწრფელად განიცდის იმას, რომ არაბუნებრივი სქესობრივი ლტოლვა აქვს. სხვები აშკარად მისდევენ ალტერნატიული ცხოვრების წესს, მაგალითად, ჰომოსექსუალიზმს. არიან ისეთებიც, რომლებიც ურცხვად იცვამენ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ტანსაცმელს და მათ მანერებს ბაძავენ. ზოგიერთები ოპერაციებს იკეთებენ სქესის შესაცვლელად. ხალხის ისეთი კატეგორიაც არსებობს, რომლებსაც ბავშვებთან ინტიმური ურთიერთობა სრულიად დასაშვებად მიაჩნიათ.
ნამდვილად თვითონ უნდა წყვეტდეს ადამიანი, თუ როგორი სქესობრივი ცხოვრება აირჩიოს და რომელ სქესს მიეკუთვნებოდეს? რას ამბობს ამის შესახებ ბიბლია?
„შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად“
როგორც ბიბლიის წიგნი „დაბადება“ მოგვითხრობს, ღმერთმა კაცი და ქალი ისე შექმნა, რომ მათ შორის განსხვავებები ყოფილიყო. ბიბლიაში ვკითხულობთ: «შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად. . . შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. და აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას“» (დაბადება 1:27, 28).
ღმერთმა ადამიანები ნების თავისუფლებით შექმნა და ამ თავისუფლებით სარგებლობის საშუალებაც მისცა (ფსალმუნები 113:24). გარდა იმისა, რომ ღმერთმა ადამიანებს დედამიწის ყველა ცოცხალ არსებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მიანდო, მათთვის შესაფერისი სახელების დარქმევაც კი დაავალა (დაბადება 2:19); ხოლო სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით ღმერთმა ადამიანებს კონკრეტული ნორმა დაუდგინა (დაბადება 2:24).
ადამის დაუმორჩილებლობის გამო ყველას მემკვიდრეობით გადმოგვეცა არასრულყოფილება. ამიტომაც, შეუპოვრად უნდა ვებრძოლოთ ხორციელ სისუსტეებსა და ძლიერ სურვილებს, რომლებიც ღვთის თავდაპირველ მიზანს არ შეესაბამება. მოსეს მეშვეობით გადაცემულ კანონთა კრებულში ღმერთმა კონკრეტულად დაასახელა მისთვის საძულველი სქესობრივი ურთიერთობები — კერძოდ კი, მრუშობა, სისხლის აღრევა, ჰომოსექსუალიზმი და ზოოფილია (ლევიანები 18:6—23). ასევე ღმერთმა განსაკუთრებულად აუკრძალა ადამიანებს ამორალური მიზნებისთვის საკუთარი თავის ისე წარმოსახვა, თითქოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი იყოს (მეორე რჯული 22:5). ბიბლია არაერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ღვთის თვალში მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახის სქესობრივი კავშირია მისაღები — ქორწინებით შეკრულ მამაკაცსა და ქალს შორის (დაბადება 20:1—5, 14; 39:7—9; იგავები 5:15—19; ებრაელთა 13:4). გონივრულია ასეთი ნორმა?
ვისი სიტყვაა გადამწყვეტი?
ადამიანის მდგომარეობას შემოქმედის წინაშე ბიბლია ადარებს თიხას მექოთნის ხელში. ის ამბობს: „ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე?“ (რომაელთა 9:20). ცხადია, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ შექმნა ღმერთმა მამაკაცი და ქალი, მათთვის ბუნებრივია ერთმანეთისადმი სქესობრივი ლტოლვის განცდა; ხოლო იმავე სქესის წარმომადგენლის, ცხოველისა თუ ბავშვისადმი სქესობრივი ლტოლვა არაბუნებრივია (რომაელთა 1:26, 27, 32).
ამიტომაც, ადამიანები, რომლებიც ასეთი არაბუნებრივი სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილებას ცდილობენ, ღვთის წინააღმდეგ გამოდიან. ბიბლიაში შემდეგი გაფრთხილებაა მოცემული: «ვაი, თავის გამომსახველთან მოშუღლარს, ნატეხს მიწის ნატეხთაგან. განა ეტყვის თიხა თავის გამომსახველს: ‘რას აკეთებ შენ?’» (ესაია 45:9). ნამდვილად გონივრულია, რომ ღმერთმა, როგორც ადამიანთა შემქმნელმა, სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით მათ ხელმძღვანელობა მისცა. განა ისიც გონივრული არ არის, რომ ადამიანებმა მისდიონ მის ხელმძღვანელობას?
საკუთარი ჭურჭლის შენახვა
ბიბლიის ერთ-ერთმა მწერალმა, პავლემ, ანალოგიური ილუსტრაცია გამოიყენა, როდესაც სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით რჩევას აძლევდა ქრისტიანებს. მან თქვა: „ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით, და არა გარყვნილების ავხორცობით“ (1 თესალონიკელთა 4:4, 5). ადამიანის სხეულს პავლე ჭურჭელს ადარებს. ამ ჭურჭლის სიწმიდით შენახვა იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა თავისი აზრები და სურვილები ღვთის ზნეობრივ კანონებს შეუსაბამოს.
ცხადია, ეს შეიძლება ადვილი არ იყოს. გასაგებია, რომ გონებაში ცვლილებების მოხდენა შეიძლება განსაკუთრებით გაუჭირდეთ მათ, ვინც ბავშვობაში სექსუალურად შეურაცხყვეს, ვისაც ჰყავდა მშობლები ან ზრდიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც დაუმახინჯეს წარმოდგენა მამაკაცურობასა თუ ქალურობაზე, ან ვინც ადრეულ წლებშივე ხშირად უყურებდა პორნოგრაფიულ მასალას. გენეტიკურმა, ჰორმონალურმა და ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმაც შეიძლება თავისი წვლილი შეიტანოს სექსუალური გრძნობების დამახინჯებაში. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენს შემოქმედს შეუძლია დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენა მათთვის, ვისაც ესაჭიროება ის (ფსალმუნები 32:20; ებრაელთა 4:16).
მიეცით დიდ მექოთნეს თქვენი ფორმირების საშუალება
მექოთნე სანამ თიხის დამუშავებას დაიწყებდეს, თიხა სამეთუნეო ჩარხის ცენტრში უნდა მოთავსდეს. შემდეგ კი, ჩარხის ბრუნვისას, მექოთნე ოსტატურად ამუშავებს მას. ის თითებით რბილად აწვება თიხას, რათა სასურველი ფორმა მიაღებინოს. მსგავსად ამისა, ღვთის თვალში რომ სასურველ პიროვნებებად ჩამოვყალიბდეთ, ჩვენს ცხოვრებაში ცენტრალურ ადგილზე ღვთის უცვლელი პრინციპები და კანონები უნდა დავაყენოთ. როგორც კი ძალისხმევას გამოვავლენთ, ღმერთი სიყვარულიდან გამომდინარე რბილად დაიწყებს ჩვენს ფორმირებას ბიბლიის, თავისი სულიწმიდისა და ქრისტიანული საძმოს მეშვეობით. ამ დროიდან მოყოლებული, ადამიანი, რომელიც ფორმირებას ექვემდებარება, გრძნობს, რომ ღმერთი მასზე პირადად ზრუნავს.
რასაკვირველია, ჩვენ უნდა განვივითაროთ ნდობა შემოქმედის სიბრძნისადმი და გვჯეროდეს, რომ მან იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო. ასეთი ნდობა ლოცვითა და ბიბლიის გულმოდგინე შესწავლით ვითარდება. ადამიანი, რომელიც შეუფერებელ სექსუალურ გრძნობებს იეჰოვაზე მინდობით ებრძვის, შემოქმედის ხელში ადვილად ფორმირებადი ხდება. 1 პეტრეს 5:6, 7–ში ნათქვამია: „მაშ, დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის დროზე. თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“.
ბიბლიის რეგულარული კითხვისას ვეცნობით ღვთის უამრავ ერთგულ მსახურს, რომლებიც ებრძოდნენ ხორციელ სურვილებს და ამ ბრძოლაში დათმობაზე არასოდეს მიდიოდნენ. ეს მაგალითები მართლაც ძალიან გამამხნევებელია! შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ზოგჯერ რამდენად გულგატეხილი უნდა ყოფილიყო მოციქული პავლე საკუთარი თავის გამო, როდესაც წამოიძახა: „უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?“ თუმცა მან იმაზეც მიგვანიშნა, თუ ვის შეუძლია საუკეთესო დახმარების აღმოჩენა, როდესაც თავისივე კითხვას უპასუხა: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ“ (რომაელთა 7:24, 25).
ძალა, რომელიც გვცვლის
ჩვენ ღვთის სულიწმიდაც გვეხმარება. ესაა უძლიერესი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი შეცვლა. სულიწმიდა გვეხმარება ‘მივატოვოთ ძველი კაცი’ და ‘შევიმოსოთ ახალ კაცად, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’ (ეფესელთა 4:22—24). როცა ამ ცვლილების მოსახდენად ადამიანი ღმერთს სულიწმიდას სთხოვს, ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა არასოდეს ტოვებს უპასუხოდ ასეთ გულწრფელ თხოვნას. იესო გვარწმუნებს, რომ მამა „მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13). თუმცა, როგორც მისი სიტყვებიდან ვიგებთ, აუცილებელია დაჟინებით ვილოცოთ. იესომ თქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7:7). ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ დროს, როცა ძლიერი სექსუალური გრძნობების გაკონტროლებაა საჭირო.
ღმერთი ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან შემდგარი საძმოს მეშვეობითაც გვეხმარება, სადაც ყველანაირი წარსულის მქონე ადამიანია გაერთიანებული. პირველ საუკუნეში კორინთის კრებაში იყო ზოგიერთი ქრისტიანი მამაკაცი, რომლებსაც წინათ ‘გარყვნილებისთვის იყენებდნენ’ (აქ) და რომლებიც „მამათმავლები“ იყვნენ, მაგრამ შეიცვალნენ. ქრისტეს სისხლით ისინი განიწმინდნენ და ღვთისთვის მისაღებნი გახდნენ (1 კორინთელთა 6:9—11). დღესაც ესაჭიროება ზოგიერთს მსგავსი ცვლილებების მოხდენა. შეუფერებელ სურვილებთან ბრძოლისას ასეთ ადამიანებს ქრისტიანულ კრებაში შეუძლიათ ჰპოვონ მხარდაჭერა.
ნიშნავს თუ არა ქრისტიანად გახდომა იმას, რომ ადამიანი ავტომატურად განიკურნება ყოველგვარი უკუღმართი სურვილებისა თუ სქესობრივი გადახრებისგან? მაინცდამაინც არა. ბიბლიური პრინციპების დაცვით ზოგიერთმა შეძლო ნორმალური ცხოვრების დაწყება. მაგრამ ეს ქრისტიანები ყოველდღიურ ბრძოლას ეწევიან არასწორი სურვილების წინააღმდეგ. სხეულში შესობილი სიმბოლური ეკლის მიუხედავად, ისინი ღმერთს ემსახურებიან (2 კორინთელთა 12:7). ვიდრე მუხლჩაუხრელად ებრძვიან არასწორ მიდრეკილებებს და სწორად იქცევიან, ღმერთი მათ ერთგულ და წმინდა მსახურებად მიიჩნევს. მათ შეუძლიათ იმედის თვალით უყურონ მომავალს, როდესაც ‘გათავისუფლდებიან ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის’ (რომაელთა 8:21).
ამასობაში კი, ყველა, ვისაც ღვთის გულის გახარება სურს, მტკიცედ უნდა ჩაეჭიდოს მის სამართლიან ნორმებს. ჭეშმარიტ ქრისტიანებს სურთ, ემსახურონ ღმერთს და არ ცდილობენ საკუთარი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებას. ისინი, ვინც ცხოვრების ყველა სფეროში თავმდაბლურად ემორჩილებიან ღმერთს, მარადიული სიხარულითა და ბედნიერებით დაჯილდოვდებიან (ფსალმუნები 127:1; იოანე 17:3).
[ჩანართი 22 გვერდზე]
სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით ღმერთმა ადამიანებს კონკრეტული ნორმა დაუდგინა.
[ჩანართი 23 გვერდზე]
პირველ საუკუნეში კორინთის კრებაში იყო ზოგიერთი ქრისტიანი მამაკაცი, რომლებსაც წინათ ‘გარყვნილებისთვის იყენებდნენ’ და რომლებიც „მამათმავლები“ იყვნენ, მაგრამ შეიცვალნენ.
[სურათი 24 გვერდზე]
ბიბლიის შესწავლა ადამიანს მაღალი ზნეობრივი ნორმების განვითარებაში ეხმარება.