ჩვენი რწმენის დაცვა
„წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით. . . უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ“ (1 პეტრე 3:15).
1, 2. რატომ არ უკვირთ იეჰოვას მოწმეებს წინააღმდეგობები და რისკენ ისწრაფვიან ისინი?
უმრავლეს ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები პატიოსან და ზნეობრივად სუფთა ადამიანებად არიან ცნობილი. ბევრის აზრით, ისინი კარგი მეზობლები არიან და არავითარ საფრთხეს არ ქმნიან. ამიტომაც უცნაურია, რომ ამ მშვიდობისმოყვარე ქრისტიანებს, ომებისა თუ მშვიდობის დროს უსამართლოდ დევნიან. მათ არ უკვირთ ასეთი წინააღმდეგობა. სინამდვილეში, ისინი ელიან კიდეც ამას. ბოლოს და ბოლოს, მათ იციან, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთგული ქრისტიანები „მოძულებულნი“ იყვნენ. მაშ, რატომ უნდა მოელოდნენ დღეს ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები, რომ განსხვავებულად მოექცევიან? (მათე 10:22). გარდა ამისა, ბიბლია ამბობს: „ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12).
2 იეჰოვას მოწმეები არ ესწრაფვიან დევნებს და არც გაჭირვება ახარებთ, რომელსაც შეიძლება თან მოჰყვეს ჯარიმები, პატიმრობები ან სასტიკი მოპყრობა. ისინი ისწრაფვიან ‘მშვიდი და წყნარი ცხოვრებისკენ’, რომ დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება (1 ტიმოთე 2:1, 2). ისინი აფასებენ მრავალ ქვეყანაში არსებულ რელიგიურ თავისუფლებას თავიანთი თაყვანისმცემლობის გასაგრძელებლად და კეთილსინდისიერად ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიანად იყვნენ ‘ყველა ადამიანთან’, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებთან (რომაელთა 12:18; 13:1–7). მაშ, რატომ არიან ისინი „მოძულებულნი“?
3. რომელია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იეჰოვას მოწმეები უსამართლოდ არიან მოძულებულნი?
3 იეჰოვას მოწმეები ძირითადად იმავე მიზეზების გამო არიან უსამართლოდ მოძულებულნი, რომელთა გამოც პირველი ქრისტიანები იყვნენ. პირველი: იეჰოვას მოწმეები თავიანთი რწმენის თანახმად ცხოვრობენ, რაც ყველას არ მოსწონს. მაგალითად, ისინი გულმოდგინედ ქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას, მაგრამ ადამიანებს ხშირად არ ესმით მათი გულმოდგინება და მათ ქადაგებას „რწმენის იძულებით თავს მოხვევად“ მიიჩნევენ (შეადარეთ საქმეები 4:19, 20). ისინი აგრეთვე ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ პოლიტიკასა და ომებში, რაც ზოგჯერ არასწორად ესმით, თითქოს იეჰოვას მოწმეები მოღალატეები არიან (მიქა 4:3, 4).
4, 5. ა) რა მხრივ არიან იეჰოვას მოწმეები ცილისწამების სამიზნეები? ბ) უმეტეს შემთხვევაში, ვინ აქეზებს ხალხს, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ იეჰოვას მსახურებს?
4 მეორე: იეჰოვას მოწმეები ცილისწამების სამიზნეები არიან. მათ შესახებ აშკარა ტყუილებს ავრცელებენ და მათს რწმენას დამახინჯებულად წარადგენენ. შედეგად ამისა, ზოგ ქვეყანაში მათ უსამართლოდ თავს ესხმიან. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ უსისხლო მკურნალობის მეთოდს მიმართავენ, რაც შეესატყვისება მათს სურვილს — დაემორჩილონ ბიბლიის მითითებას და ‘თავი შეიკავონ სისხლისგან’ — ისინი უმართებულოდ შერაცხეს „ბავშვების მკვლელებად“ და „თვითმკვლელების სექტად“ (საქმეები 15:29). მაგრამ, სინამდვილეში, იეჰოვას მოწმეები დიდად აფასებენ სიცოცხლეს და ეძებენ საუკეთესო სამედიცინო დახმარებას საკუთარი თავისა და თავიანთი ბავშვებისთვის. ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველ წელს იეჰოვას მოწმეთა აურაცხელი ბავშვი იღუპება სისხლის გადასხმაზე უარის თქმის გამო, სრულიად უსაფუძვლოა. ამასთანავე, იმის გამო, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება ერთნაირ ზემოქმედებას არ ახდენს ოჯახის ყველა წევრზე, იეჰოვას მოწმეებს ოჯახების დანგრევაშიც ადანაშაულებენ. მაგრამ მათ, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს იცნობენ, იციან, რომ ისინი დიდად აფასებენ ოჯახურ ცხოვრებას და ცდილობენ, მიჰყვნენ ბიბლიის რჩევას, რომ, რწმენის მიუხედავად, ცოლ-ქმარს უნდა უყვარდეთ და პატივს სცემდნენ ერთმანეთს, შვილები კი უნდა ემორჩილებოდნენ მშობლებს (ეფესელთა 5:21—6:3).
5 აღმოჩნდა, რომ, უმეტეს შემთხვევაში, სასულიერო პირები აქეზებენ ხალხს, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ იეჰოვას მსახურებს. ისინი გავლენას ახდენენ ხელისუფლებასა და საინფორმაციო საშუალებებზე და ცდილობენ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის ჩახშობას. როგორ უნდა შევხვდეთ ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, წინააღმდეგობას, რომელსაც ვაწყდებით ჩვენი რწმენისა და ქადაგების თუ ჩვენ მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდების გამო?
„თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის“
6. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს მათ მიმართ, რომლებიც არ არიან ქრისტიანული კრების წევრები?
6 თავდაპირველად სწორი თვალსაზრისი — იეჰოვას თვალსაზრისი — გვესაჭიროება მათ მიმართ, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს რელიგიურ შეხედულებებს. სხვაგვარად, ალბათ, უსარგებლო უთანხმოებას ჩამოვაგდებდით ან საყვედურებს მივიღებდით. „თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის“, — დაწერა მოციქულმა პავლემ (ფილიპელთა 4:5). აქედან გამომდინარე, ბიბლია აღგვძრავს, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს მათ მიმართ, რომლებიც არ არიან ქრისტიანული კრების წევრები.
7. რას ნიშნავს ‘დავიცვათ თავი წუთისოფლისგან შეურყვნელად’?
7 მეორე მხრივ, ბიბლია აშკარად გვირჩევს, რომ ‘დავიცვათ თავი წუთისოფლისგან შეურყვნელად’ (იაკობი 1:27; 4:4). სიტყვა „წუთისოფელი“, რომელიც ხშირად გვხვდება ბიბლიაში, გამოიყენება ხალხთა მასებთან დაკავშირებით, რომლებიც ჭეშმარიტი ქრისტიანები არ არიან. ჩვენ ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ; სამსახურში, სკოლასა თუ სამეზობლოში მათთან გვიხდება ურთიერთობა (იოანე 17:11, 15; 1 კორინთელთა 5:9, 10). მაგრამ წუთისოფლისგან შეურყვნელად ვიცავთ თავს, თუ ვერიდებით ისეთ აზროვნებას, საუბარსა და საქციელს, რომლებიც ეწინააღმდეგება ღვთის სამართლიან გზებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს წუთისოფელთან ახლო ურთიერთობით გამოწვეული საფრთხე, განსაკუთრებით საფრთხე მათი მხრიდან, რომლებიც არაფრად აგდებენ იეჰოვას ნორმებს (იგავნი 13:20).
8. რატომ არ გვაძლევს ბიბლიის რჩევა — ‘დავიცვათ თავი წუთისოფლისგან შეურყვნელად’ — რაიმე საფუძველს, მედიდურად ვუყუროთ სხვებს?
8 მაგრამ რჩევა — წუთისოფლისგან შეურყვნელები დავრჩეთ — არავითარ საფუძველს არ გვაძლევს, რომ დავამციროთ ისინი, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები (იგავნი 8:13). გავიხსენოთ წინა სტატიაში მოხსენიებული იუდეველი რელიგიური წინამძღოლები. მათ მიერ ჩამოყალიბებულმა რელიგიურმა ფორმამ ვერ მოიპოვა იეჰოვას კეთილგანწყობილება და არც არაიუდეველებთან კარგი ურთიერთობის არსებობას შეუწყო ხელი (მათე 21:43, 45). ეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ფანატიკოსები ზემოდან დაჰყურებდნენ წარმართებს. ჩვენ არ გაგვაჩნია ასეთი თვალსაზრისი და არაქრისტიანების მიმართ ზიზღს არ ვავლენთ. პავლე მოციქულის მსგავსად, ჩვენი სურვილია, რომ ყველამ, ვინც მოისმენს ბიბლიის ცნობას ჭეშმარიტების შესახებ, ღვთის კეთილგანწყობილება მოიპოვოს (საქმეები 26:29; 1 ტიმოთე 2:3, 4).
9. რა მხრივ უნდა გამოვავლინოთ გაწონასწორებული ბიბლიური თვალსაზრისი, როდესაც მათ შესახებ ვსაუბრობთ, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს რწმენას?
9 როდესაც მათ შესახებ ვსაუბრობთ, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, გაწონასწორებული ბიბლიური თვალსაზრისი უნდა გამოვავლინოთ. პავლემ უთხრა ტიტეს, რომ კუნძულ კრეტაზე მცხოვრები ქრისტიანებისთვის შეეხსენებინა: „არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ“ (ტიტე 3:2). ყურადღება მივაქციოთ, რომ ქრისტიანებს „არავინ“ უნდა დაეძრახათ, თუნდაც კრეტაზე მცხოვრები არაქრისტიანები, რომელთაგან ზოგი ცნობილი იყო ტყუილებით, ღორმუცელობითა და უქნარობით (ტიტე 1:12). ასე რომ, არაბიბლიური იქნებოდა, თუ მათ მიმართ, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ, დამამცირებელ სიტყვებს გამოვიყენებდით. ასეთი მედიდური ყურებით მათ იეჰოვას თაყვანისმცემლობისკენ ვერ მივიზიდავთ. მაგრამ, როდესაც სხვებს იეჰოვას სიტყვის კეთილგონივრული პრინციპების თანახმად ვუყურებთ და ვეპყრობით, ‘ვამკობთ ღვთის მოძღვრებას’ (ტიტე 2:10).
როდის არის ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა
10, 11. როგორ აჩვენა იესომ, რომ იცოდა, თუ როდის იყო: ა) „ჟამი დუმილისა“? ბ) „ჟამი უბნობისა“?
10 არის „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 3:7-ში. აქედან გამომდინარე, რთულია გადაწყვიტო, თუ როდის არ იმართლო თავი მოწინააღმდეგეებთან და როდის დაიცვა საკუთარი რწმენა. იესოს მაგალითის მიბაძვით, რომელიც ყოველთვის წინდახედულებას იჩენდა, ბევრის სწავლა შეგვიძლია (1 პეტრე 2:21). მან იცოდა, თუ როდის იყო „ჟამი დუმილისა“. მაგალითად, როდესაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა იესოს ცილი დასწამეს პილატეს წინაშე, მას „არაფერი უპასუხნია“ (მათე 27:11–14). მას არ სურდა რაიმე ეთქვა, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა ღვთის ნების შესრულებაში. ამის ნაცვლად, მან ამჯობინა, რომ მის საქმეებს ელაპარაკა. მან იცოდა, რომ ჭეშმარიტებაც კი ვერ შეცვლიდა მათს ამაყ გულსა და გონებას. ასე რომ, ხმის ამოუღებლად უარყო ბრალდება (ესაია 53:7).
11 მაგრამ იესომ ისიც იცოდა, თუ როდის იყო „ჟამი უბნობისა“. ზოგჯერ ის აშკარად ყველას გასაგონად ეპასუხებოდა ბრალმდებლებს. მაგალითად, როდესაც მწიგნობრები და ფარისევლები ცდილობდნენ ხალხის წინაშე იესოს სახელის შელახვას და ბრალს სდებდნენ, თითქოს ეშმაკის ძალით განდევნა დემონები, მან ლაპარაკი არჩია. დამაჯერებელი მსჯელობითა და თვალსაჩინო მაგალითით მან დაამტკიცა ცილისწამების უსაფუძვლობა (მარკოზი 3:20–30; იხილეთ აგრეთვე მათე 15:1–11; 22:17–21; იოანე 18:37). ასევე, როდესაც გაცემისა და დაპატიმრების შემდეგ იესო სინედრიონის წინაშე წარადგინეს, მღვდელმთავარმა კაიაფამ მზაკვრულად ჰკითხა: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?“ მაშინაც ‘უბნობის ჟამი’ იყო, რადგან, თუ არაფერს იტყოდა, შეიძლება ეფიქრათ, რომ ის უგულებელყოფდა ქრისტედ ყოფნას. ამიტომაც იესომ უპასუხა: „მე ვარ“ (მათე 26:63, 64; მარკოზი 14:61, 62).
12. რომელმა სიტუაციამ აღძრა პავლე და ბარნაბა, გაბედულად ელაპარაკათ იკონიაში?
12 განვიხილოთ აგრეთვე პავლესა და ბარნაბას შემთხვევა. საქმეების 14:1, 2-ში ნათქვამია: „იკონიაში ისინი ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა. ხოლო ურჩმა იუდეველებმა გააღიზიანეს და გააბოროტეს წარმართთა სულები ძმების წინააღმდეგ“. „ახალ ინგლისურ ბიბლიაში“ (The New English Bible) ნათქვამია: „მაგრამ იუდეველებმა აღაშფოთეს წარმართები, მოუწამლეს მათ გონება და ქრისტიანების წინააღმდეგ განაწყვეს“. იუდეველი მოწინააღმდეგეები არ კმაყოფილდებოდნენ იმით, რომ თავად უარყოფდნენ კეთილ ცნობას, ცილისწამებას მიმართეს, რომ წარმართი მოსახლეობა ქრისტიანების წინააღმდეგ განეწყოთa. რა ძლიერ უნდა სძულებოდათ მათ ქრისტიანობა! (შეადარეთ საქმეები 10:28). პავლე და ბარნაბა გრძნობდნენ, რომ ‘უბნობის ჟამი’ იყო, რათა ახალ მოწაფეებს გული არ გასტეხოდათ საჯარო შეურაცხყოფის გამო. „ისინი [პავლე და ბარნაბა] საკმაოდ დიდ ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე“. ღმერთმა მოიწონა მათი მოქმედება და შესაძლებლობა მისცა სასწაულები მოეხდინათ. შედეგად ამისა, „ერთნი იუდეველებს მიემხრნენ, სხვანი კი მოციქულებს“ (საქმეები 14:3, 4).
13. ჩვეულებრივ, როდის არის „ჟამი დუმილისა“, როდესაც გვლანძღავენ?
13 მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გვლანძღავენ? ეს მთლიანად სიტუაციაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ბიბლიურ პრინციპს უნდა მივმართოთ, რომ არის „ჟამი დუმილისა“. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებით აღსავსე მოწინააღმდეგეები ცდილობენ, უაზრო კამათში ჩაგვითრიონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგს, უბრალოდ, არ სურს, იცოდეს ჭეშმარიტება (2 თესალონიკელთა 2:9–12). იმის მცდელობა, რომ დავარწმუნოთ ურწმუნოები, უშედეგოა. უფრო მეტიც, თუ გაგვიტაცებს ყველა იმ ცრუ ბრალმდებელთან კამათი, რომლებიც ჩვენ გვაკრიტიკებენ, ჩამოვცილდებით უფრო მეტად მნიშვნელოვან და მადლიან საქმეს — ვერ დავეხმარებით გულწრფელ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად სურთ ბიბლიის ჭეშმარიტების შესწავლა. ამიტომ, როდესაც მოწინააღმდეგეებს ვაწყდებით, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ჩვენ შესახებ სიცრუის გავრცელება, ბიბლია გვირჩევს, რომ ‘მოვერიდოთ მათ’ (რომაელთა 16:17, 18; მათე 7:6).
14. რა საშუალებებით შეგვიძლია სხვების წინაშე ჩვენი რწმენის დაცვა?
14 რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიცავთ ჩვენს რწმენას. ბოლოს და ბოლოს, არის აგრეთვე „ჟამი უბნობისა“. ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ გულწრფელი ადამიანების გამო, რომლებსაც ესმით ასეთი ცილისმწამებლური კრიტიკა. ჩვენ მზად ვართ გარკვევით ავუხსნათ სხვებს, რაც გვწამს; მართლაც, ჩვენ გვიხარია ამის კეთება. პეტრე წერდა: „წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ“ (1 პეტრე 3:15). როდესაც გულწრფელი დაინტერესებულები გვთხოვენ, რომ დავუმტკიცოთ ჩვენი შეხედულებები, რომლებსაც სათუთად ვეკიდებით, და როდესაც მოწინააღმდეგეების მიერ წაყენებული ცრუ ბრალდებების შესახებ გვეკითხებიან, ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი რწმენა და ბიბლიიდან გონივრული პასუხები მოვუყვანოთ. ამასთანავე, ჩვენს კარგ ყოფაქცევასაც ბევრის თქმა შეუძლია. როდესაც გონიერი დამკვირვებლები შენიშნავენ, რომ ნამდვილად ვცდილობთ ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად ცხოვრებას, ისინი ადვილად დაინახავენ, რომ ჩვენ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ცრუა (1 პეტრე 2:12–15).
15. რომელი შემთხვევა ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეები საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის სამიზნეები არიან?
15 მაგალითად, 1997 წლის 1 აგვისტოს ერთ რუსულ გაზეთში გამოქვეყნდა ცილისმწამებლური სტატია, რომელიც სხვა მრავალთან ერთად აცხადებდა, რომ იეჰოვას მოწმეები კატეგორიულად მოითხოვენ ორგანიზაციის წევრებისგან, უარი თქვან მეუღლეებსა და მშობლებზე, თუ არ ესმით მათი და არ იზიარებენ მათს რწმენას“. ვინც იეჰოვას მოწმეებს იცნობს, იცის, რომ ეს ცილისმწამებლური ბრალდებაა. ბიბლია ხაზს უსვამს, რომ ქრისტიანები სიყვარულითა და პატივისცემით უნდა მოეპყრონ ოჯახის წევრებს, რომლებიც იზიარებენ მათს რწმენას. მოწმეები ცდილობენ, მიჰყვნენ ამ მითითებას (1 კორინთელთა 7:12–16; 1 პეტრე 3:1–4). მიუხედავად ამისა, სტატია დაიბეჭდა და ბევრი მკითხველი დეზინფორმირებული იყო. მაგრამ როგორ დავიცვათ ჩვენი რწმენა, როდესაც ცილს გვწამებენ?
16, 17, და ჩარჩო მე-16 გვერდზე. ა) რა იყო ნათქვამი ჟურნალში „საგუშაგო კოშკი“ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით? ბ) როგორ სიტუაციებში უნდა გამოეხმაურონ იეჰოვას მოწმეები საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაციას?
16 აქაც არის „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“. ჟურნალში „საგუშაგო კოშკი“ გამოთქმული იყო ასეთი აზრი: „საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული დეზინფორმაცია უყურადღებოდ დავტოვოთ თუ სათანადო მეთოდებით დავიცვათ ჭეშმარიტება, დამოკიდებულია სიტუაციაზე, კრიტიკოსსა და მის მიზანზე“. ზოგ შემთხვევაში შეიძლება უმჯობესი იყოს ნეგატიური ცნობების იგნორირება, რითაც თავიდან ავიცილებთ მორიგ ჭორებს.
17 სხვა შემთხვევაში შეიძლება ‘უბნობის ჟამი’ იყოს. სანდო ჟურნალისტი ან კორესპონდენტი შეიძლება არასწორად არის ინფორმირებული იეჰოვას მოწმეების შესახებ და შეიძლება მიესალმოს ჩვენ შესახებ სწორ ინფორმაციას (იხილეთ ჩარჩო „დამახინჯებული ინფორმაციის გამოსწორება“). თუ საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემული ნეგატიური ინფორმაცია ხალხს ცრურწმენისკენ განაწყობს, რაც ხელს გვიშლის სამქადაგებლო საქმიანობაში, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლებმა ინიციატივა უნდა გამოიჩინონ, რომ სათანადო გზით დაიცვან ჭეშმარიტებაb. მაგალითად, გამოცდილ უხუცესებს შეიძლება დაევალოთ, რომ წარმოადგინონ ფაქტები ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ტელევიზია; სხვა შემთხვევაში იფიქრებდნენ, რომ იეჰოვას მოწმეებს თავის მართლება არ შეუძლიათ. ამ საკითხებთან დაკავშირებით თითოეული მოწმე გონივრულად ხელმძღვანელობს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მითითებებით და თანამშრომლობს მის წარმომადგენლებთან (ებრაელთა 13:17).
კეთილი ცნობის კანონით დაცვა
18. ა) რატომ არ ვსაჭიროებთ ადამიანთა მთავრობებისგან ნებართვას ქადაგებასთან დაკავშირებით? ბ) როგორ ვმოქმედებთ, როდესაც გვიკრძალავენ ქადაგებას?
18 ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების უფლებამოსილება ზეციდან მოგვეცა. იესოს, რომელმაც ამ დავალების შესრულება დაგვავალა, მიცემული აქვს „მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18–20; ფილიპელთა 2:9–11). ამიტომაც ქადაგებასთან დაკავშირებით ადამიანთა მთავრობებისგან ნებართვა არ გვესაჭიროება. მიუხედავად ამისა, შეგნებული გვაქვს, რომ რელიგიური თავისუფლება ხელს უწყობს სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას. იმ ქვეყნებში, სადაც რელიგიური თავისუფლება გვაქვს, რომ განვაგრძოთ ჩვენი თაყვანისმცემლობა, კანონებს მივმართავთ მის დასაცავად. მაგრამ, სადაც არ გვაქვს, ვცდილობთ, რომ კანონიერი გზით მოვიპოვოთ ის. ჩვენი მიზანია არა საზოგადოებრივი რეფორმა, არამედ ‘სახარების დაცვა და განმტკიცება’c (ფილიპელთა 1:7).
19. ა)რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუ ‘მივცემთ ღვთისას ღმერთს’? ბ) როგორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული?
19 ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, ვაღიარებთ, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი. მისი კანონი უზენაესია. ჩვენ კეთილსინდისიერად ვემორჩილებით ადამიანთა მთავრობებს და ‘კეისარს კეისრისას ვაძლევთ’. მაგრამ არ დავუშვებთ, რომ რამემ ხელი შეგვიშალოს უფრო მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებაში — ‘მივცეთ ღვთისა ღმერთს’ (მათე 22:21). ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასეთი მოქმედებით „მოძულებულნი“ ვიქნებით, მაგრამ ამას მოწაფეობის ფასის ნაწილად მივიჩნევთ. XX საუკუნეში იეჰოვას მოწმეების სასამართლო საქმეების ისტორია იმის დამადასტურებელია, რომ გადაწყვეტილი გვაქვს ჩვენი რწმენის დაცვა. იეჰოვას დახმარებითა და მხარდაჭერით კვლავაც ‘დაუცხრომლად ვასწავლით და ვახარებთ’ კეთილ ცნობას (საქმეები 5:42).
[სქოლიოები]
a ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ იუდეველი მოწინააღმდეგეები „განზრახ მიდიოდნენ ნაცნობებთან [წარმართებთან] და ეუბნებოდნენ ყოველგვარ სისაძაგლეს, რაც კი მოუნდებოდათ, რათა არა მარტო ცუდი წარმოდგენა ჰქონოდათ ქრისტიანობაზე, არამედ შესძულებოდათ კიდეც“ (Matthew Henry’s Commentary on the Whole Bible).
b რუსეთის გაზეთში ცილისმწამებლური ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ (მოხსენიებულია მე-15 აბზაცში) იეჰოვას მოწმეებმა თხოვნით მიმართეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან დაკავშირებულ სადავო საკითხების სასამართლო პალატას, რომ განეხილათ სტატიაში გამოქვეყნებული ცრუ ბრალდებები. ამას წინათ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და საყვედური გამოუცხადა გაზეთის რედაქციას ცილისმწამებლური სტატიის დაბეჭდვისთვის (იხილეთ 1998 წლის 8 დეკემბრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 26, 27).
c იხილეთ სტატია „კეთილი ცნობის კანონით დაცვა“, გვერდები 19—22.
გახსოვთ თუ არა?
◻ რატომ არიან იეჰოვას მოწმეები „მოძულებულნი“?
◻ როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მათზე, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს რწმენას?
◻ მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობის როგორი გაწონასწორებული მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
◻ როდესაც გვლანძღავენ, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ პრინციპი, რომ არის „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“?
[ჩარჩო 16 გვერდზე]
დამახინჯებული ინფორმაციის გამოსწორება
«იაკუიბაში (ბოლივია) ადგილობრივი პროტესტანტები შეუთანხმდნენ სატელევიზიო არხს, ეჩვენებინათ ფილმი, რომელიც, როგორც ჩანდა, განდგომილების მიერ იყო გადაღებული. ამ გადაცემას ცუდი შედეგები მოჰყვა, რის გამოც უხუცესებმა გადაწყვიტეს, სწვეოდნენ ორ სატელევიზიო არხს, რომ ეჩვენებინათ ვიდეოფილმები „იეჰოვას მოწმეები — ორგანიზაცია ამ სახელწოდებით“ და „ბიბლია — ფაქტებისა და წინასწარმეტყველებების წიგნი“, რის საფასურსაც გადაუხდიდნენ. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილმების ნახვის შემდეგ ერთ-ერთი რადიოსადგურის მესაკუთრე აღშფოთებული იყო განდგომილების მიერ წარმოდგენილი დეზინფორმაციის გამო და იეჰოვას მოწმეებს შესთავაზა, რომ უფასოდ გააკეთებდა მოკლე განცხადებას მოახლოებულ საოლქო კონგრესთან დაკავშირებით. კონგრესს განსაცვიფრებლად ბევრი ადამიანი დაესწრო. ბევრი გულწრფელი ადამიანი შეკითხვებს უსვამდა მოწმეებს, რომლებიც მსახურებისას აკითხავდნენ» („იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“, 1997, გვერდები 61, 62 [რუს.]).
[სურათი 17 გვერდზე]
ზოგჯერ იესო ყველას დასანახად ამტკიცებდა მოწინააღმდეგეების მიერ წაყენებული ცილისწამების უსაფუძვლობას.