თავი მეთვრამეტე
იეჰოვა დიდებულ ჯილდოს ჰპირდება დანიელს
1, 2. ა) რა თვისებაა აუცილებელი მორბენალისთვის მიზნის მისაღწევად? ბ) როგორ შეადარა პავლე მოციქულმა იეჰოვასადმი ერთგულად მსახურებით ცხოვრება „სარბიელს“?
მორბენალი ფინიშის ხაზს უახლოვდება; ქანცგაწყვეტილია, მაგრამ, მიზნის მისაღწევად, დარჩენილ მანძილზე უკანასკნელ ენერგიას არ ზოგავს. მთელ ძალ-ღონეს იკრებს და ბოლოს ფინიშის ხაზს კვეთს! შვებას გრძნობს, სახეზე კი გამარჯვებულის სიხარული აქვს აღბეჭდილი. მორბენალის მოთმინება ჯილდოვდება.
2 დანიელის წიგნის მე-12 თავის ბოლოს ღვთის საყვარელ წინასწარმეტყველს თავისი „სარბიელის“ — იეჰოვას მსახურებაში გატარებული ცხოვრების — ფინიშის ხაზთან მიახლოებულს ვხედავთ. პავლე მოციქულმა იეჰოვას ქრისტიანობამდელი პერიოდის მსახურთა მაგალითების მოყვანის შემდეგ თქვა: «ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს — იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად [„სიხარულისთვის“, აქ] დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა» (ებრაელთა 12:1, 2).
3. ა) რა აღძრავდა დანიელს ‘მოთმინებით გაერბინა სარბიელი’? ბ) რა სამი მხარე იყო აღსანიშნავი იეჰოვას ანგელოზის სიტყვებიდან?
3 ამ „მოწმეთა ღრუბელში“ დანიელიც იგულისხმებოდა. მას მართლაც ‘მოთმინებით უნდა გაერბინა სარბიელი’, რისკენაც ღვთის ძლიერი სიყვარულით იყო აღძრული. იეჰოვამ დანიელს მრავალი რამ ამცნო მომავალი მსოფლიო მპყრობლების შესახებ, ამჯერად კი ანგელოზის საშუალებით შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „შენ კი გასწიე შენი ბოლოსკენ; განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს“ (დანიელი 12:13). იეჰოვას ანგელოზის სიტყვებიდან სამი რამ იყო აღსანიშნავი: 1) დანიელი ‘თავისი ბოლოსკენ’ გასწევდა, 2) ‘განისვენებდა’ და 3) ‘აღდგებოდა’ მომავალში. როგორ დაეხმარება ეს სიტყვები დღევანდელ ქრისტიანებს სიცოცხლის ჯილდოს მოსაპოვებლად სარბიელის ბოლომდე გარბენაში?
„გასწიე შენი ბოლოსკენ“
4. რას გულისხმობდა იეჰოვას ანგელოზი, როდესაც დანიელს ეუბნებოდა ‘ბოლოსკენ გაეწია’ და რატომ უნდა ყოფილიყო ეს ძნელი?
4 რას გულისხმობდა ანგელოზი, როდესაც დანიელს უთხრა: „შენ კი გასწიე შენი ბოლოსკენ“? რის ბოლო ჰქონდა მას მხედველობაში? რადგანაც დანიელი 100 წელს იყო მიღწეული, როგორც ჩანს, ანგელოზი მისი სიცოცხლის მოახლოებული ბოლოს შესახებ ელაპარაკებოდაa. ანგელოზი ამხნევებდა დანიელს, სიცოცხლის ბოლომდე ერთგული დარჩენილიყო. ეს კი არც ისე ადვილი იყო. დანიელი მოესწრო ბაბილონის დაცემასა და ებრაელების იუდასა და იერუსალიმში დაბრუნებას, რაც დიდ სიხარულს მოჰგვრიდა ასაკოვან წინასწარმეტყველს. მაგრამ არსად არის ნათქვამი, რომ თვითონაც დაბრუნდა სამშობლოში. იმ დროისთვის ის, ალბათ, უკვე მოხუცებული და დასუსტებული იქნებოდა. შესაძლებელია, ის იეჰოვას ნებითაც დარჩენილიყო ბაბილონში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის უცნობია, რას განიცდიდა დანიელი თანამემამულეების იუდაში დაბრუნებისას.
5. საიდან ჩანს, რომ დანიელმა ბოლომდე მოითმინა?
5 დანიელს, უეჭველად, ძალას შემატებდა ანგელოზის გამხნევება: „გასწიე შენი ბოლოსკენ“. გავიხსენოთ იესო ქრისტეს მიერ ექვსი საუკუნის შემდეგ ნათქვამი სიტყვები: „ბოლომდის მომთმენი, გადარჩება“ (მათე 24:13, აფ). დანიელმა ნამდვილად ბოლომდე მოითმინა და ბოლომდე ერთგულად გაირბინა სარბიელი სიცოცხლის მოსაპოვებლად. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ის ბიბლიაში მისაბაძ პიროვნებად არის მოხსენიებული (ებრაელთა 11:32, 33). რა დაეხმარა დანიელს, ბოლომდე გამოევლინა მოთმინება? პასუხს მისი ცხოვრების მიმოხილვა გაგვცემს.
ბოლომდე ღვთის სიტყვის მკვლევარი
6. საიდან ვიცით, რომ დანიელი ღვთის სიტყვის გულმოდგინე მკვლევარი იყო?
6 ბოლომდე მოთმენა დანიელისთვის ნიშნავდა, რომ არასოდეს მიეტოვებინა ღვთის საოცარი დანაპირებების შესწავლა და მათზე დაფიქრება. როგორც ვიცით, დანიელი გულმოდგინედ იკვლევდა ღვთის სიტყვას. სხვაგვარად საიდან ეცოდინებოდა იეჰოვას მიერ იერემიასთვის გამჟღავნებული წინასწარმეტყველება, რომ ტყვეობა 70 წელიწადს გაგრძელდებოდა? დანიელი თვითონვე წერდა: „წიგნებიდან შევიტყვე იმ წლების რიცხვი“ (დანიელი 9:2; იერემია 25:11, 12). დანიელი, უეჭველად, იკვლევდა საღვთო წერილის იმ დროს არსებულ წიგნებს. მისთვის ნამდვილად დიდი სიამოვნების მომგვრელი იქნებოდა მოსეს, დავითის, სოლომონის, ესაიას, იერემიასა და ეზეკიელის ჩანაწერების კითხვაში გატარებული დრო.
7. დანიელთან შედარებით, რა უპირატესობით ვსარგებლობთ ღვთის სიტყვის შესწავლასთან დაკავშირებით დღეს მცხოვრები ხალხი?
7 ღვთის სიტყვის შესწავლა და შეთვისება ჩვენთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მოთმინების გამოსამუშავებლად (რომაელთა 15:4—6; 1 ტიმოთე 4:15). ჩვენ გვაქვს სრული ბიბლია, სადაც აღწერილია, როგორ შესრულდა საუკუნეების შემდეგ დანიელის ზოგი წინასწარმეტყველება. გარდა ამისა, ჩვენ იმ „უკანასკნელ ჟამში“ ვცხოვრობთ, რომლის შესახებაც დანიელის 12:4-შია ნაწინასწარმეტყველები. ჩვენს დროში ცხებულები კურთხეული არიან სულიერი შემეცნებით და ჭეშმარიტების შუქურასავით ანათებენ ბნელით მოცულ წუთისოფელში. ამის შედეგი კი ის არის, რომ ბევრი წინასწარმეტყველება, რომელიც საგონებელში აგდებდა დანიელს, დღეს მრავლისმთქმელია ჩვენთვის. ამიტომაც ყოველდღიურად შევისწავლოთ ღვთის სიტყვა და დავაფასოთ ეს კურთხევები, რაც ბოლომდე მოთმენაში დაგვეხმარება.
ლოცვაში მდგრადი
8. რა მაგალითი დაგვიტოვა დანიელმა ლოცვასთან დაკავშირებით?
8 დანიელს ბოლომდე მოთმენაში ლოცვაც ეხმარებოდა. ის დიდი რწმენითა და ნდობით ყოველდღე გულწრფელად ელაპარაკებოდა იეჰოვა ღმერთს. მან იცოდა, რომ იეჰოვა ‘ლოცვის მომსმენი’ ღმერთი იყო (ფსალმუნი 64:3; შეადარეთ ებრაელთა 11:6). როდესაც დანიელი ისრაელის ურჩობის გამო გულდამძიმებული იყო, მან იეჰოვას გაუზიარა თავისი გრძნობები (დანიელი 9:4—19). მაშინაც კი, როდესაც დარიოსმა გასცა ბრძანება, რომ 30 დღის განმავლობაში მხოლოდ მისთვის მიემართათ თხოვნით, დანიელს არ მიუტოვებია იეჰოვასადმი ლოცვა (დანიელი 6:10). განა თბილი გრძნობები არ გეუფლებათ, როდესაც წარმოიდგენთ ღვთის ერთგულ ხანდაზმულ დანიელს, რომელიც ლომებით სავსე ხაროსაც კი არ შეუშინდა და უარი არ თქვა ლოცვის ძვირფას უპირატესობაზე? არავითარი ეჭვი არსებობს, რომ იეჰოვასადმი ყოველდღიურად ლოცვით დანიელმა ერთგულად ‘გასწია თავისი ბოლოსკენ’.
9. რატომ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ლოცვა დიდი უპირატესობაა?
9 ლოცვა ძნელი არ არის. შეგვიძლია ვილოცოთ ყოველთვის და ყველგან, როგორც ხმამაღლა, ისე გულში. მაგრამ არასერიოზულად არასდროს უნდა მოვეკიდოთ ამ ძვირფას უპირატესობას. ბიბლია ლოცვას მოთმინებას, სიმტკიცესა და სულიერ სიფხიზლეს უკავშირებს (ლუკა 18:1; რომაელთა 12:12; ეფესელთა 6:18; კოლასელთა 4:2). განა შესანიშნავი არ არის, რომ თავისუფლად შეგვიძლია მივუახლოვდეთ სამყაროს უზენაესს, რომელიც გვისმენს?! გაიხსენეთ შემთხვევა, როდესაც ლოცვის პასუხად იეჰოვამ ანგელოზი გაუგზავნა დანიელს. ანგელოზი მაშინ მივიდა, როდესაც დანიელი ჯერ კიდევ ლოცულობდა! (დანიელი 9:20, 21). მართალია დღეს ასეთი რამ აღარ ხდება, მაგრამ იეჰოვა არ შეცვლილა (მალაქია 3:6). ის ისევე მოისმენს ჩვენს ლოცვებს, როგორც დანიელის ლოცვებს ისმენდა. ლოცვის მეშვეობით მივუახლოვდებით იეჰოვას, რაც დანიელივით ბოლომდე მოთმენაში დაგვეხმარება.
მოთმინება ღვთის სიტყვის სწავლებისას
10. რატომ იყო ღვთის სიტყვის სწავლება დანიელისთვის მნიშვნელოვანი?
10 დანიელს სხვა მხრივაც უნდა ‘გაეწია თავისი ბოლოსკენ’. ის სიცოცხლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო ჭეშმარიტების მასწავლებელი. მას არასოდეს ავიწყდებოდა, რომ იმ რჩეული ერის წარმომადგენელი იყო, რომლის შესახებაც საღვთო წერილში ეწერა: „თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე“ (ესაია 43:10). დანიელი ცდილობდა, შეესრულებინა თავისი მოვალეობა. როგორც ჩანს, მის საქმეში ისიც შედიოდა, რომ ესწავლებინა ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელებისთვის. ბიბლიაში დაწვრილებით არ არის აღწერილი, რა დამოკიდებულება ჰქონდა დანიელს თანამემამულეებთან, თუმცა ნათლად არის ნაჩვენები სამ „მეგობართან“ — ხანანიას, მისაელსა და ყაზარიასთან — მისი ურთიერთობა (დანიელი 1:7; 2:13, 17, 18). ახლო მეგობრობა, უეჭველად, თითოეულ მათგანს ეხმარებოდა ბოლომდე მოთმენაში (იგავნი 17:17). დანიელი ღვთისგან განსაკუთრებული უნარით იყო დაჯილდოებული, ამიტომაც ბევრი რამ შეეძლო ესწავლებინა მეგობრებისთვის (დანიელი 1:17). მაგრამ ის არა მარტო მათი მასწავლებელი იყო.
11. ა) რა მხრივ იყო დანიელის მსახურება განსაკუთრებული? ბ) როგორ ასრულებდა დანიელი თავის შესანიშნავ მოვალეობას?
11 დანიელს ყველა წინასწარმეტყველზე მეტად უხდებოდა წარმართ დიდებულებთან ქადაგება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არასასიამოვნო ცნობების გადაცემა უწევდა, ის არასდროს ელაპარაკებოდა ამ ხალხს სიძულვილით და დამამცირებლად. მან იცოდა, როგორ ესაუბრა და ყოველთვის პატივისცემით მიმართავდა მათ. დანიელს ჰყავდა მტრები — მაგალითად, შეთქმულების მონაწილე შურიანი სატრაპები — რომლებსაც მისი თავიდან მოშორება უნდოდათ. მაგრამ იყვნენ ისეთი დიდებულებიც, რომლებიც აფასებდნენ მას. რადგან დანიელს იეჰოვასგან უნარი ჰქონდა მიცემული, აეხსნა საიდუმლოები, რომლებიც საგონებელში აგდებდა მეფეებსა და ბრძენკაცებს, ის საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება გახდა (დანიელი 2:47, 48; 5:29). მართალია მოხუცებულობისას იმდენის გაკეთება აღარ შეეძლო, რამდენისაც ახალგაზრდობაში, მაგრამ ნამდვილად ერთგულად მიიწევდა თავისი ბოლოსკენ და ყოველთვის ცდილობდა თავისი საყვარელი ღვთის მოწმე ყოფილიყო.
12. ა) როგორც ქრისტიანები, რა მხრივ ვართ მასწავლებლები დღეს? ბ) როგორ შეგვიძლია მივყვეთ პავლეს რჩევას ‘სიბრძნით მოვიქცეთ გარეშეებთან’?
12 ქრისტიანულ კრებაში ჩვენც შეგვიძლია შევიძინოთ მეგობრები, რომლებიც დაგვეხმარებიან ერთგულების ბოლომდე შენარჩუნებაში, ისევე როგორც დანიელი და მისი სამი მეგობარი ეხმარებოდნენ ერთმანეთს. აგრეთვე შეგვიძლია ბევრი რამ ვასწავლოთ ერთმანეთს და ‘ვანუგეშოთ’ თანამორწმუნეები (რომაელთა 1:11, 12). დანიელის მსგავსად, ჩვენც გვევალება ურწმუნოთათვის ქადაგება (მათე 24:14; 28:19, 20). ამიტომაც საჭიროა გავიუმჯობესოთ სწავლების უნარი და იეჰოვას შესახებ ხალხს ‘სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა’ (2 ტიმოთე 2:15). ამ მხრივ პავლე მოციქულის რჩევაც დაგვეხმარება: „სიბრძნით მოიქეცით გარეშეთა მიმართ“ (კოლასელთა 4:5). ასეთი სიბრძნე გულისხმობს გაწონასწორებულ თვალსაზრისს მათ მიმართ, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას. არასოდეს უნდა ვუყუროთ ზემოდან ასეთ ხალხს (1 პეტრე 3:15). ღვთის სიტყვა უნდა ვიქადაგოთ ტაქტიანად და საუკეთესო მეთოდების გამოყენებით, რომ მათ გულებშიც შეაღწიოს ჭეშმარიტებამ. რა სასიხარულოა, როცა ეხმაურებიან ჩვენს ცნობას! ეს სიხარული ნამდვილად გვეხმარება დანიელივით ბოლომდე მოთმენაში.
„განისვენებ“
13, 14. რატომ იყო სიკვდილი თავზარდამცემი ბაბილონელებისთვის და რატომ ჰქონდა დანიელს მათგან განსხვავებული თვალსაზრისი?
13 ანგელოზმა შემდეგ უთხრა დანიელს: „განისვენებ“. რას ნიშნავდა ეს? დანიელმა იცოდა, რომ სიკვდილს ვერსად გაექცეოდა. სიკვდილი ადამის დროიდან მოყოლებული გარდაუვალია ყველასთვის. ბიბლიაში სათანადოდ ეწოდება მას „მტერი“ (1 კორინთელთა 15:26). დანიელს სიკვდილის შესახებ ბაბილონელებისგან სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა. ეს ხალხი, რომელიც 4 000-მდე ღვთაებას სცემდა თაყვანს, სიკვდილს ყველანაირ საშინელებას უკავშირებდა. მათ სჯეროდათ, რომ სიკვდილის შემდეგ უბედური ან მოკლული ადამიანების სულები შურის საძიებლად ხალხზე ნადირობდნენ. გარდა ამისა, ბაბილონელებს სწამდათ საშინელი საიქიო ცხოვრების, სადაც ადამიანებისა და ცხოველების მსგავსი საზარელი ურჩხულები ცხოვრობდნენ.
14 დანიელს არ სწამდა ასეთი საიქიო ცხოვრება. მის დღეებამდე ასწლეულებით ადრე მეფე სოლომონს ღვთის შთაგონებით ნათქვამი ჰქონდა: „მკვდრებმა . . . არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ფსალმუნმომღერალი კი ადამიანის შესახებ, რომელიც კვდება, წერდა: „ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 145:4). ამიტომაც დანიელმა იცოდა, რომ ანგელოზი მართალს ეუბნებოდა. სიკვდილისას ის განისვენებდა. არავითარი საფიქრალი, სადარდებელი და სატანჯველი არ შეაწუხებდა, და არც ურჩხულებთან მოუწევდა შეხვედრა. იესო ქრისტემაც მსგავსად ახსნა სიკვდილი, როდესაც გარდაცვლილი ლაზარეს შესახებ თქვა: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა“ (იოანე 11:11).
15. რით შეიძლება სიკვდილის დღე გაჩენის დღეს სჯობდეს?
15 დანიელს სხვა მიზეზითაც არ ეშინოდა სიკვდილის. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა — გაჩენის დღეს“ (ეკლესიასტე 7:1). რა მხრივ შეიძლება სიკვდილის დღე, გლოვის დრო, გაჩენის სასიხარულო დღეს სჯობდეს? მთავარ როლს „სახელი“ ასრულებს. „ძვირფასი ნელსაცხებელი“ საკმაოდ ძვირი ღირდა. ერთხელ ლაზარეს და მარიამმა იესოს ფეხებზე სცხო სურნელოვანი ნელსაცხებელი, რომელიც მთელი წლის სამყოფი თანხა ღირდა! (იოანე 12:1—7). როგორ შეიძლებოდა სახელი ასე ძვირფასი ყოფილიყო? აქ ლაპარაკია „კარგ სახელზე“. თვითონ სახელი კი არ არის ძვირფასი, არამედ ის, რაც მის მიღმა დგას. დაბადებისას ადამიანს არც არავითარი სახელი აქვს დამკვიდრებული და არც კეთილი საქმეებით თუ პიროვნული თვისებებით არის ცნობილი. მაგრამ სიცოცხლის ბოლოს მის სახელში ეს ყოველივე ჩანს. ამიტომაც ადამიანისთვის ღვთის წინაშე კარგი სახელი ყოველგვარ ქონებაზე ძვირფასია.
16. ა) როგორ ცდილობდა დანიელი ღმერთთან კარგი სახელის დამკვიდრებას? ბ) რატომ შეეძლო დანიელს სიკვდილამდე გულდამშვიდებული ყოფილიყო, რომ იეჰოვასთან კარგი სახელი ჰქონდა დამკვიდრებული?
16 ცხოვრების მანძილზე დანიელი ყველაფერს აკეთებდა ღმერთთან კარგი სახელის დასამკვიდრებლად, რაც იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია. ის ხედავდა დანიელის საქმეებსა და გულს. ასევე იყო მეფე დავითის შემთხვევაშიც, რომელიც წერდა: „უფალო, გამომცადე და შემიცანი. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან“ (ფსალმუნი 138:1, 2). ცხადია, დანიელი არ ყოფილა სრულყოფილი. ის ცოდვილი ადამის შთამომავალი და აგრეთვე ცოდვილი ერის შვილი იყო (რომაელთა 3:23). მაგრამ ის ინანიებდა ცოდვებს და ცდილობდა, სიმართლის გზით ევლო ღვთის წინაშე. ამიტომაც ერთგულ წინასწარმეტყველს სწამდა, რომ იეჰოვა აპატიებდა და აღარასოდეს გაუხსენებდა ცოდვებს (ფსალმუნი 102:10—14; ესაია 1:18). იეჰოვა იმახსოვრებს თავისი ერთგული მსახურების კეთილ საქმეებს (ებრაელთა 6:10). ამიტომაც იეჰოვას ანგელოზმა ორჯერ უწოდა დანიელს „სათნო კაცი“ (დანიელი 10:11, 19). ეს ნიშნავდა, რომ ღმერთს უყვარდა ის. ამიტომ დანიელს შეეძლო სიკვდილამდე გულდამშვიდებული ყოფილიყო, რადგან იცოდა, რომ ღმერთთან კარგი სახელი ჰქონდა დამკვიდრებული.
17. რატომ არის აუცილებელი, რომ იეჰოვასთან დღესვე მოვიპოვოთ კარგი სახელი?
17 კარგი იქნება, დავფიქრდეთ შემდეგ საკითხზე: „დავიმკვიდრე კარგი სახელი იეჰოვასთან?“ ჩვენ მძიმე დროში ვცხოვრობთ. ცხოვრებას რეალისტურად რომ შევხედოთ, შესაძლებელია, ნებისმიერმა ჩვენგანმა სრულიად მოულოდნელად დაკარგოს სიცოცხლე (ეკლესიასტე 9:11). მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანი დღესვე, დაუყოვნებლივ, შეეცადოს ღმერთთან კარგი სახელის მოპოვებას. ამ შემთხვევაში სიკვდილი აღარ იქნება თავზარდამცემი. სიკვდილი მხოლოდ განსვენებაა, რომელიც ძილს ჰგავს. როგორც ძილს, მასაც გამოღვიძება მოსდევს!
„აღდგები“
18, 19. ა) რას გულისხმობდა ანგელოზი, როდესაც დანიელს უთხრა, რომ მომავალში ‘აღდგებოდა’? ბ) რატომ არ უნდა ყოფილიყო დანიელისთვის აღდგომის იმედი სიახლე?
18 დანიელის წიგნი ღვთის საუკეთესო დანაპირებით მთავრდება. იეჰოვას ანგელოზი ეუბნება დანიელს: „აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს“. რას გულისხმობდა ანგელოზი? თუ ‘განსვენება’ სიკვდილს ნიშნავდა, ‘აღდგომაში’ მხოლოდ მკვდრეთით აღდგომა შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმებიb. ზოგი მკვლევარის აზრით, ებრაულ წერილებში არაორაზროვნად პირველად დანიელის მე-12 თავშია მოხსენიებული მკვდრეთით აღდგომა (დანიელი 12:2). მაგრამ ისინი არ არიან მართლები. დანიელისთვის სიახლე არ იყო მკვდრეთით აღდგომის იმედი.
19 უეჭველად, დანიელს ეცოდინებოდა ესაიას მიერ ორი საუკუნით ადრე დაწერილი სიტყვები: „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში დავანებულნო!“ (ესაია 26:19). დიდი ხნის წინათ ელია და ელისე იეჰოვას ძალით აცოცხლებდნენ მკვდრებს (მესამე მეფეთა 17:17—24; მეოთხე მეფეთა 4:32—37). მანამდე ხანამ, სამუელ წინასწარმეტყველის დედამ, იცოდა, რომ იეჰოვას შეეძლო შავეთიდან ანუ სამარიდან აღედგინა მკვდრები (პირველი მეფეთა 2:6). მასზე უფრო ადრე კი ღვთის ერთგულმა იობმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა თავისი იმედი: „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე; დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა“ (იობი 14:14, 15).
20, 21. ა) რომელი აღდგომისას აღდგება დანიელი? ბ) რა თანამიმდევრობით შეიძლება მოხდეს აღდგომა სამოთხეში?
20 იობის მსგავსად, დანიელიც დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ნატვრად ექნებოდა მომავალში მისი მკვდრეთით აღდგენა. მაგრამ მისთვის მაინც მეტად გამამხნევებელი იქნებოდა ძლიერი სულიერი ქმნილებისგან ამ იმედის განმამტკიცებელი სიტყვების მოსმენა. დიახ, დანიელი აღდგება „მართალთა აღდგომისას“, რაც ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს მოხდება (ლუკა 14:14). რას ნიშნავს ეს მისთვის? ღვთის სიტყვა მრავალ რამეს გვამცნობს ამის შესახებ.
21 იეჰოვა „ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობის“ (1 კორინთელთა 14:33). ამიტომაც, ცხადია, აღდგომა სამოთხეში მოწესრიგებულად მოხდება. შესაძლებელია, არმაგედონის შემდეგ მის დაწყებამდე გარკვეული დროც გავიდეს (გამოცხადება 16:14, 16). ძველი წუთისოფლის ყოველგვარი კვალი წაიშლება და ყველაფერი მომზადდება მკვდრეთით აღდგენილების დასახვედრად. რაც შეეხება მკვდრების დაბრუნების თანამიმდევრობას, ბიბლიაში ნათქვამია, რომ „თითოეული თავისი წესით“ აღდგება (1 კორინთელთა 15:23). როგორც ჩანს, ‘მართალთა და უკეთურთა აღდგომისას’, პირველად მართლები აღდგებიან (საქმეები 24:15). ამგვარად, ძველი დროის ისეთ ერთგულ მსახურებს, როგორიც დანიელი იყო, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ დედამიწაზე სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში და ღვთის სიტყვა შეასწავლონ მკვდრეთით აღმდგარ „უკეთურებს“ (ფსალმუნი 44:17).
22. რა კითხვებზე პასუხის მიღებით იქნება დაინტერესებული დანიელი?
22 სანამ დანიელი თავისი ახალი დავალების შესრულებას შეუდგება, ალბათ, მრავალი შეკითხვა დაებადება. მან ხომ ღვთის მიერ გამჟღავნებული ზოგი წინასწარმეტყველების შესახებ თქვა: „გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი“ (დანიელი 12:8). რა ბედნიერი იქნება დანიელი, როდესაც მისთვის საბოლოოდ ფარდა აეხდება ამ წმინდა საიდუმლოებებს! მას, უეჭველად, მესიის შესახებ ყოველი წვრილმანის გაგების სურვილი ექნება. დიდი ინტერესით მოისმენს, როგორ იცვლებოდნენ მსოფლიო მპყრობელები მისი დროიდან ჩვენს დრომდე; ვინ იყვნენ „უზენაესის წმიდანები“, რომლებმაც, „უკანასკნელ ჟამს“ დევნის მიუხედავად, ბოლომდე მოითმინეს; და როგორ გაანადგურა ყველა სამეფო ღვთის მესიანურმა სამეფომ (დანიელი 2:44; 7:22; 12:4).
დანიელისა და თქვენი წილი სამოთხეში
23, 24. ა) რა მხრივ იქნება განსხვავებული ახალი ქვეყნიერება, სადაც დანიელი აღდგება, მისთვის ცნობილი ქვეყნიერებისგან? ბ) ექნება თუ არა დანიელს ადგილი სამოთხეში და საიდან ვიცით ეს?
23 დანიელი გაეცნობა ახალ გარემოს, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება მისი დროინდელი ქვეყნიერებისგან. გამქრალი იქნება ძველი ქვეყნიერების ომებისა და ჩაგვრის ყოველგვარი კვალი. აღარ იარსებებს მწუხარება, ავადმყოფობა და სიკვდილი (ესაია 25:8; 33:24). ყველას ექნება საზრდო, საცხოვრებელი და სასიამოვნო სამუშაო (ფსალმუნი 71:16; ესაია 65:21, 22). მთელი კაცობრიობა ერთ დიდ ბედნიერ ოჯახად გადაიქცევა.
24 დანიელისთვის აუცილებლად იქნება ადგილი ახალ ქვეყნიერებაში. „აღდგები შენი წილის მისაღებად“, — უთხრა მას ანგელოზმა. ებრაული სიტყვა, რომელიც აქ „წილად“ არის ნათარგმნი, მიწის ნაკვეთის აღსანიშნავადაც გამოიყენებოდაc. დანიელისთვის ცნობილი იქნებოდა ეზეკიელის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება აღდგენილი ისრაელის მიწის დანაწილების შესახებ (ეზეკიელი 47:13—48:35). რას გვამცნობს ეზეკიელის წინასწარმეტყველება სამოთხესთან დაკავშირებით? ის გვაუწყებს, რომ მიწა სათანადოდ და სამართლიანად იქნება დანაწილებული და ღვთის ხალხიდან ყველას ექნება ადგილი. ცხადია, სამოთხეში დანიელის წილი მხოლოდ მიწის ნაკვეთს არ გულისხმობს. ამაში ისიც იგულისხმება, რომ ის იქ ღვთის განზრახვების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. დანიელი უსათუოდ მიიღებს აღთქმულ ჯილდოს.
25. ა) რით გიზიდავთ სამოთხეში ცხოვრება? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანების საცხოვრებელი სამოთხეა?
25 რა შეიძლება ითქვას თქვენი წილის შესახებ? თქვენც გეხებათ იგივე აღთქმები. იეჰოვას სურს, რომ მორჩილი ადამიანები ‘აღდგნენ’ თავიანთი წილის მისაღებად და დასახლდნენ სამოთხეში. დაფიქრდით, რას ნიშნავს თვითონ დანიელთან და ბიბლიური დროის ყველა ღვთის ერთგულ მსახურთან შეხვედრა. აღდგება უამრავი ადამიანი, რომლებსაც დასჭირდებათ ღვთის სიტყვის შესწავლა, რომ შეიცნონ და შეიყვარონ იეჰოვა ღმერთი. წარმოიდგინეთ, რომ მონაწილეობთ დედამიწის მრავალფეროვან და მარადიულად მშვენიერ სამოთხედ გადაქცევაში. გარდა ამისა, დაფიქრდით, რას ნიშნავს იყოთ იეჰოვასგან დამოძღვრილი და იცხოვროთ ისე, როგორც მას ჰქონდა კაცობრიობისთვის განზრახული (ესაია 11:9; იოანე 6:45). დიახ, თქვენთვისაც არის ადგილი სამოთხეში. ზოგს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს სიტყვა „სამოთხე“, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავიდან იეჰოვამ ადამიანებს ასეთი ადგილი მისცა საცხოვრებლად (დაბადება 2:7—9). ამგვარად, სამოთხე დედამიწაზე მცხოვრები მილიარდების ბუნებრივი გარემოა. ის მათი საცხოვრებელია. სამოთხის დამკვიდრება სახლში დაბრუნების მსგავსი იქნება.
26. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას ესმის, რა ძნელია ამ სისტემის აღსასრულის ლოდინი?
26 განა გულები მადლიერების გრძნობით არ გვევსება ამ ყოველივეზე დაფიქრებისას? განა არ გწადიათ იქ ცხოვრება? ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ იეჰოვას მოწმეები მთელი გულით ელიან ამ სისტემის აღსასრულს! ლოდინი ადვილი არ არის. იეჰოვამ იცის ეს და მოგვიწოდებს ‘დაველოდოთ’, თუნდაც აღსასრულმა ‘დაიგვიანოს’. იეჰოვა აქ ჩვენი თვალსაზრისით დაგვიანებას გულისხმობს, რადგანაც ამავე მუხლში ამბობს, რომ აღსასრული „არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3; შეადარეთ იგავნი 13:12). დიახ, ის ნამდვილად თავის დროზე მოვა.
27. რა უნდა გააკეთოთ, რომ ღმერთმა მარადიული სიცოცხლით გაკურთხოთ?
27 რა უნდა გააკეთოთ დღეს, როდესაც აღსასრული ახლოს არის? შეინარჩუნეთ ერთგულება იეჰოვას საყვარელი წინასწარმეტყველი დანიელის მსგავსად; გულდასმით შეისწავლეთ ღვთის სიტყვა; ილოცეთ მხურვალედ; ახლო ურთიერთობა იქონიეთ თანამორწმუნეებთან; მთელი გულით ასწავლეთ ხალხს ჭეშმარიტება; ამ ბოროტი სისტემის უკანასკნელ დღეებში არ მიატოვოთ უზენაესისადმი ერთგულად მსახურება და მისი სიტყვის დაცვა. ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება! გაკურთხოთ უზენაესმა უფალმა იეჰოვამ, რომ მარადიულად ემსახუროთ მას სიხარულით!
[სქოლიოები]
a დანიელი ბაბილონის ტყვეობაში ძვ. წ. 617 წელს, სიყმაწვილისას, მოხვდა. ეს ხილვა კი მან კიროსის მეფობის მესამე ანუ ძვ. წ. 536 წელს იხილა (დანიელი 10:1).
b ერთი ლექსიკონის თანახმად, ებრაული სიტყვა, რომელიც აქ გადმოთარგმნილია „აღდგომით“ ნიშნავს „გაცოცხლებას სიკვდილის შემდეგ“ (The Brown-Driver-Briggs Hebrew and English Lexicon).
c ეს ებრაული სიტყვა მონათესავეა სიტყვა „კენჭისა“, რადგანაც კენჭებს წილის საყრელად იყენებდნენ. ზოგჯერ ამგვარად ნაწილდებოდა მიწა (რიცხვნი 26:55, 56). ერთი ცნობარის თანახმად, ეს სიტყვა ამ შემთხვევაში „(ღვთის მიერ) ადამიანისთვის გამოყოფილ [წილს]“ აღნიშნავს (A Handbook on the Book of Daniel).
როგორ უპასუხებდით?
• რა დაეხმარა დანიელს ბოლომდე მოთმენაში?
• რატომ არ ეშინოდა დანიელს სიკვდილის?
• როგორ შესრულდება ანგელოზის დანაპირები, რომ დანიელი ‘თავისი წილის მისაღებად აღდგება’?
• რით იყო თქვენთვის სასარგებლო დანიელის წინასწარმეტყველების გამოკვლევა?
[მთელი 307 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[სურათი 318 გვერდზე]
ყურად იღებთ თუ არა დანიელივით ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვას?