„კაცის თავი და თავი“
„ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი“ (ეკლესიასტე 12:13).
1, 2. რატომ არის სათანადო ღვთისადმი ჩვენი ვალდებულების განხილვა?
„რას ითხოვს შენგან უფალი?“ — ეს კითხვა დასვა ძველი დროის წინასწარმეტყველმა. შემდეგ დააკონკრეტა, თუ რას ითხოვდა იეჰოვა: სიმართლის ქმნას, წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე (მიქა 6:8).
2 დღეს, ინდივიდუალურობისა და დამოუკიდებლობის ჟამს, მრავალი ვერ ურიგდება იმ აზრს, რომ ღმერთი რაღაც მოთხოვნებს უყენებს მათ. მათ არ სურთ საკუთარ თავზე რამე ვალდებულების აღება. მაგრამ რა დასკვნამდე მივიდა სოლომონი? „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი“ (ეკლესიასტე 12:13).
3. რატომ უნდა დავფიქრდეთ სერიოზულად ეკლესიასტეს წიგნზე?
3 როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა და ცხოვრებაზე თვალსაზრისი, ძალიან სასარგებლო იქნება, თუ განვიხილავთ ამ დასკვნის საფუძველს. მეფე სოლომონი, ამ წიგნის ღვთის მიერ შთაგონებული ავტორი, იხილავს ყოველდღიური ცხოვრების ზოგ მნიშვნელოვან მხარეს. ზოგმა შესაძლოა ნაჩქარევად დაასკვნას, რომ მისი ანალიზი არსებითად უარყოფითია. მაგრამ ის მაინც ღვთის მიერ იყო შთაგონებული და შეუძლია დაგვეხმაროს მოქმედებებისა და პრიორიტეტების შეფასებაში და ეს შეფასება დიდ სიხარულს გაგრძნობინებს.
ცხოვრების ძირითადი საზრუნავის პირისპირ
4. რა გამოიკვლია და განიხილა სოლომონმა ეკლესიასტეში?
4 სოლომონმა მთელი სიღრმით გამოიკვლია ‘ადამის ძეთა საქმე’. „ვიწყე კვლევა გულმოდგინებით, გონებით განსჯა ყოველივესი, რაიც მომხდარა ცისქვეშეთში“. ‘საქმეში’ სოლომონი მაინცდამაინც სამუშაოს ან მუშაობას არ გულისხმობდა, არამედ მთლიანად იმ სფეროს, რითაც ქალები და მამაკაცები არიან დაკავებული მთელი სიცოცხლის მანძილზე (ეკლესიასტე 1:13). მოდი განვიხილოთ ზოგი ძირითადი საზრუნავი, ანუ საქმე და შემდეგ შევადაროთ ჩვენს საქმიანობასა და პრიორიტეტებს.
5. რა არის ადამიანთა ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა?
5 რასაკვირველია, ფული ადამიანთა საქმიანობისა და საზრუნავის ძირითადი წყაროა. ვერავინ იტყვის, რომ სოლომონს, მდიდარი ადამიანის მსგავსად, ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ფულზე. მას კარგად ესმოდა, რომ ფული საჭიროა; სათანადო სახსრების ქონა უკეთესია, ვიდრე ასკეტური ცხოვრება ან კიდევ სიღარიბე (ეკლესიასტე 7:11, 12). მაგრამ, ალბათ, შეამჩნიე, რომ ფული იმ შესაძლებლობით, რომ მისით რაღაცის ყიდვაა შესაძლებელი შესაძლოა ცხოვრების ძირითადი მიზანი გახდეს — როგორც ღარიბისთვის, ასევე მდიდრისთვისაც.
6. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ფულის შესახებ იესოს ერთ-ერთი იგავიდან და სოლომონის გამოცდილებიდან?
6 გაიხსენე იესოს იგავი მდიდარ კაცზე, რომელიც ვერაფრით გაძღა, შრომობდა, რომ უფრო მეტი შეეძინა. ღმერთმა მას უგუნური უწოდა. რატომ? იმიტომ რომ „ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული“ (ლუკა 12:15–21). სოლომონის გამოცდილება — შესაძლოა უფრო დიდი, ვიდრე ჩვენი — ადასტურებს იესოს სიტყვებს. წაიკითხე ეკლესიასტეს 2:4–9-ში ჩაწერილი სიტყვები. ერთ დროს სოლომონმა გადაწყვიტა სიმდიდრის დაგროვება. მან ააგო დიდებული სახლები და გააშენა წალკოტები. მას შეეძლო ჰყოლოდა და ჰყავდა კიდეც მშვენიერი თანმხლებნი. ნუთუ სიმდიდრემ და სიმდიდრით მინიჭებულმა შესაძლებლობებმა მოუტანა მას დიდი კმაყოფილება, ნამდვილი ღირსების გრძნობა და დაანახა სიცოცხლის აზრი? ის გულწრფელად პასუხობს: „მერმე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ, და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარისნაბერი, და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 2:11; 4:8).
7. ა) როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, რა არის ფულის ფასი? ბ) გინახავს თუ არა საკუთარი თვალით ის, რაც ამტკიცებს სოლომონის დასკვნის რეალობას?
7 ეს რეალობაა და მრავალისთვის ცხადი. ჭეშმარიტება უნდა აღინიშნოს, რომ უფრო მეტი ფულის ქონა ყველა პრობლემას არ წყვეტს. მან შესაძლოა გადაწყვიტოს ერთი-ორი, მაგალითად, უფრო იოლად შეიძინო საკვები და ტანსაცმელი. მაგრამ ადამიანს ერთ ჯერზე შეუძლია მხოლოდ ერთი ჩასაცმელი ჩაიცვას და ისიამოვნოს განსაზღვრული რაოდენობის საჭმელ-სასმელით. ალბათ, წაგიკითხავთ იმ მდიდარ ადამიანებზე, რომლებიც იტანჯებიან განქორწინებით, ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით ან ნათესავებთან მტრობით. მულტიმილიონერი ჟან ფ. გეტი ამბობდა: „აუცილებელი არ არის რომ ბედნიერება ფულთან იყოს დაკავშირებული. ალბათ, ფული უფრო უბედურებას უკავშირდება“. სოლომონს საფუძველი ჰქონდა, როდესაც ვერცხლის სიყვარული ამაოებას დაუკავშირა. დაუპირისპირე ეს სოლომონის სიტყვებს: „ტკბილია ძილი მშრომელი კაცის, გინდ ცოტა ჭამოს, გინდა ბევრი; ხოლო სიმაძღრე ძილს უფრთხობს მდიდარს“ (ეკლესიასტე 5:10–12).
8. რა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ზედმეტად მნიშვნელოვნად არ მივიჩნიოთ ფული?
8 ფული და ქონება ვერ გაგრძნობინებს კმაყოფილებას მომავლის საკითხებში. უფრო მეტი ფული და ქონება რომ გქონოდა დამატებითი სანერვიულო გაგიჩნდებოდა, თუ როგორ შეგენახა და არც ის გეცოდინებოდა, თუ ხვალინდელი დღე რას მოგიტანდა. შესაძლებელია თუ არა, რომ სიცოცხლესთან ერთად დაკარგო ყველაფერი? (ეკლესიასტე 5:13–17; 9:11, 12). რადგანაც ფულსა და ქონებას არ მოაქვს კმაყოფილების გრძნობა, ძნელი არ არის იმის დანახვა, თუ რატომ უნდა იდგეს უფრო მაღალ საფეხურზე და რატომ არის უფრო აზრიანი ჩვენი სიცოცხლე, ან საქმიანობა, ვიდრე ფული და ქონება.
ოჯახი, დიდება და ძალაუფლება
9. რატომ ეხება სამართლიანად სოლომონი თავის განხილვაში ოჯახურ ცხოვრებას?
9 სოლომონის ანალიზი სიცოცხლის შესახებ ოჯახში საქმიანობის საკითხსაც ეხება. ბიბლია აშუქებს ოჯახურ ცხოვრებას, ეხება ბავშვების ყოლისა და აღზრდის სიხარულს (დაბადება 2:22–24; ფსალმუნი 126:3–5; იგავნი 5:15, 18–20; 6:20; მარკოზი 10:6–9; ეფესელთა 5:22–33). ეს არის ცხოვრების უმთავრესი შტრიხი? როგორც ჩანს, მრავალი ფიქრობს ასე, თუ გადავხედავთ ზოგ კულტურას, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქორწინებას, ბავშვებსა და ოჯახური კავშირის საკითხს. მაგრამ ეკლესიასტეს 6:3 გვიჩვენებს, რომ თვით ასობით ბავშვის ყოლაც არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ კმაყოფილება იგრძნო ცხოვრებაში. წარმოიდგინე, რამდენმა მშობელმა გაიღო მსხვერპლი შვილებისთვის, რომ დასაწყისი კარგი მიეცათ და გაეადვილებინათ მათთვის ცხოვრება. მშობლების დიდსულოვანი მსხვერპლის მიუხედავად, ფაქტია, ჩვენი შემოქმედის მიზანი არ ყოფილა, რომ ჩვენი არსებობის ძირითადი მიზანი მხოლოდ შთამომავლობის გაჩენა ყოფილიყო ცხოველების მსგავსად, რომლებიც გვარის გასაგრძელებლად ინსტიქტურად მრავლდებიან.
10. რატომ არის ამაოება ოჯახზე გადამეტებული ყურადღების გამახვილება?
10 სოლომონმა გასაგებად გააშუქა ოჯახური ცხოვრების ზოგი რეალური მხარე. მაგალითად, მამაკაცი, შესაძლოა, ყურადღებას ამახვილებს შვილებისა და შვილიშვილების უზრუნველყოფაზე. მაგრამ იქნებიან თუ არა ისინი გონიერნი? უგნურად ხომ არ მოიხმარენ იმას, რაც, მათთვის დააგროვე და მათი უზრუნველყოფის მიზნით დიდი ძალისხმევა მოახმარე? თუ ეს უკანასკნელი ნამდვილად ხდება, რა „ამაოება არის ესეც და უდიდესი ბოროტება“! (ეკლესიასტე 2:18–21; მესამე მეფეთა 12:8; მეორე ნეშტთა 12:1–4, 9).
11, 12. ა) რისკენ სწრაფვაზე ამახვილებს ზოგი ყურადღებას? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ დიდების მაძიებლობა ‘ქარის დევნაა’?
11 მეორე უკიდურესობაა ის, რომ ზოგი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვეულებრივ ოჯახურ ცხოვრებას, მეორეხარისხოვან ადგილზე აყენებს და ცდილობს დიდების მიღწევასა და სხვებზე ძალაუფლების მოპოვებას. ეს ძირითადად მამაკაცებს შორის გავრცელებული ნაკლია. შეგიმჩნევია თუ არა ასეთი ტენდენცია თანაკლასელებს, თანამშრომლებსა და მეზობლებს შორის? ზოგი უგნურად იბრძვის, რომ სხვებმა შეამჩნიონ, გახდეს „ვინმე“ ან ჰქონდეს სხვების თვალში ავტორიტეტი. მაგრამ ჭეშმარიტად რამდენად მნიშვნელოვანია ეს?
12 დაფიქრდი, თუ როგორ იბრძვის ზოგი, რომ მცირე თუ დიდი მასშტაბით გახდეს ცნობილი. ჩვენ ამას ვხედავთ სკოლაში, სამეზობლოსა და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში. ეს ასევე არის მათი მამოძრავებელი ძალა მათში, რომლებსაც სურთ ცნობილი გახდნენ ხელოვნებაში, გართობასა და პოლიტიკაში. ნუთუ ძირითადად ეს ამაოებას არ წარმოადგენს? სოლომონმა, მართლაც, ზუსტად უწოდა მას „ქარის დევნა“ (ეკლესიასტე 4:4). იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბავშვი ცნობილი ხდება ზოგ წრეში, სპორტულ თუ მუსიკალურ ჯგუფში — ან ქალი თუ მამაკაცი კარგ რეპუტაციას აღწევს რომელიმე კომპანიაში ან საზოგადოებაში — რამდენი ადამიანისთვის გახდება სინამდვილეში ცნობილი? ნუთუ ადამიანების უმეტესობამ დედამიწის სხვა კუთხეში (ან თუნდაც იმავე ქვეყანაში) იციან მისი არსებობის შესახებ? თუ მათი ცხოვრება ისე გრძელდება, რომ სავსებით ვერ გრძნობენ, რა მცირე დიდებას მიაღწია ამა თუ იმ ადამიანმა? იგივე შეიძლება ითქვას ძალაუფლებასა თუ თანამდებობაზე, რასაც პიროვნება სამსახურში, ქალაქსა თუ რომელიმე ჯგუფში აღწევს.
13. ა) როგორ გვეხმარება ეკლესიასტეს 9:4, 5 დიდებასა და ძალაუფლებაზე სწორი თვალსაზრისის ქონაში? ბ) რა ფაქტების წინაშე ვდგებით, თუ სიცოცხლე მხოლოდ ისაა, რასაც ვხედავთ? (იხილე სქოლიო).
13 როგორია ასეთი დიდების ან ძალაუფლების საბოლოო შედეგი? როდესაც თაობა მიდის და თაობა მოდის, ცნობილი და ძალაუფლების მქონე ადამიანები სცენის მიღმა რჩებიან და დავიწყებას ეძლევიან. ასე ემართებათ მშენებლებს, მუსიკოსებსა და სხვა ხელოვნების მოღვაწეებს, სოციალურ რეფორმატორებსა და სხვა მრავალთ, ასევე, პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს. ამ საქმიანობებთან დაკავშირებულ რამდენ პიროვნებას დაასახელებდი, რომლებიც 1 700 წლიდან 1 800 წლამდე ცხოვრობდნენ? სოლომონმა ზუსტად შეაფასა ეს საკითხი, როდესაც თქვა: „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომის უმჯობესია. რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან. . . რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა“ (ეკლესიასტე 9:4, 5). თუ ცხოვრება მხოლოდ ესაა, მაშინ, დიდებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა, მართლაც, რომ ამაოებააa.
ჩვენი მიზნები და ვალდებულებები
14. რატომ უნდა დაგვეხმაროს პირადად ეკლესიასტეს წიგნი?
14 სოლომონმა არ მოიხსენია მრავალი საქმიანობა, მისწრაფება და სიამოვნება, რაც ადამიანის სიცოცხლის მიზანს წარმოადგენს. მაგრამ, რაც მან დაწერა, საკმარისია. მისი წიგნის ეს განხილვა არ უნდა იქნეს ძალიან მკაცრად ან უარყოფითად მიჩნეული, რადგან ჩვენ რეალურად გადავხედეთ ბიბლიის წიგნს, რომელიც ღვთისგან დიდი დაკვირვებით შთაგონებული ნაყოფია ჩვენს სასარგებლოდ. მას შეუძლია დაეხმაროს ყოველ ჩვენგანს, რომ სწორად შევხედოთ ცხოვრებას და იმას, რაც ჩვენს მიზანს წარმოადგენს (ეკლესიასტე 7:2; 2 ტიმოთე 3:16, 17). ეს განსაკუთრებით ჩანს იმ დასკვნაში, რომელიც იეჰოვას დახმარებით სოლომონმა გამოიტანა.
15, 16. ა) როგორი თვალსაზრისი ჰქონდა სოლომონს სიცოცხლით ტკბობასთან დაკავშირებით? ბ) რა სათანადო შეფასება მისცა სოლომონმა სიცოცხლით ტკბობას?
15 ერთი საკითხი, რომელიც სოლომონმა არაერთხელ წამოაყენა, იყო ის, თუ ჭეშმარიტი ღვთის მსახურები როგორ უნდა პოულობდნენ სიხარულს ღვთის წინაშე მსახურებით. „ვუწყი, რადგან არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს. თუ კაცსა ვისმე არ აკლდება სასმელ-საჭმელი და შრომისა წილ სიკეთეს ჰპოვებს, ეს მადლია, ღვთის ნაბოძები“ (ეკლესიასტე 2:24; 3:12, 13; 5:18; 8:15). ყურადღება მიაქციე, რომ სოლომონი არ მოუწოდებს ქეიფისკენ; არც იმ თვალსაზრისს იზიარებს, ‘ვჭამოთ, ვსვათ, ვიმხიარულოთ, რადგან ხვალ დავიხოცებით’ (1 კორინთელთა 15:14, 32–34). ის გულისხმობს, რომ ყოველმა ჩვენგანმა სიხარული უნდა იგრძნოს სიამოვნების გაწონასწორებული მიღებით, მაგალითად, ჭამითა და სმით მაშინ, როდესაც „მთელი სიცოცხლე სიკეთეს ვაკეთებთ“. ეს უეჭველია, რომ სიცოცხლის მიზნად ღვთის ნების შესრულებას გვასახვინებს, რომელმაც იცის, თუ რა არის ჭეშმარიტად კარგი (ფსალმუნი 24:8; ეკლესიასტე 9:1; მარკოზი 10:17, 18; რომაელთა 12:2).
16 სოლომონი წერდა: „წადი, მხიარულად ჭამე შენი პური და გულის სიხარულით სვი შენი ღვინო, რაკი ღმერთმა მოგიწონა ნამოქმედარი“ (ეკლესიასტე 9:7–9). დიახ, ქალი თუ მამაკაცი, რომელსაც ნამდვილად მდიდარი და მიზანდასახული ცხოვრება აქვს, აქტიურია იმ საქმიანობაში, რომელიც იეჰოვასთვის მოსაწონია. ამიტომ მოგვეთხოვება, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ის. რამდენად განსხვავდება ეს ადამიანთა უმრავლესობის თვალსაზრისისგან, რომლებიც ცხოვრებას ადამიანთა მსჯელობის საფუძველზე უყურებენ!
17, 18. ა) როგორ უყურებს მრავალი ცხოვრების რეალობას? ბ) რა შედეგი უნდა გვახსოვდეს ყოველთვის?
17 მიუხედავად იმისა, რომ ზოგი რელიგია საიქიო ცხოვრების შესახებ ასწავლის, მრავალ ადამიანს სწამს, რომ სააქაო ცხოვრებაა რეალური, რაც დანამდვილებით იციან. შენ, შესაძლოა, იმის მოწმეც ყოფილხარ, თუ როგორ მოქმედებენ ისინი ისე, როგორც სოლომონმა აღწერა: „რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“ (ეკლესიასტე 8:11). თვით ისინიც, რომელთა გზაც არ გამრუდებულა გახრწნილი საქმეების კეთებით, მაინც ძირითადად დღევანდელი საზრუნავით არიან დაკავებული. ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ ხდება ზომაგადასულად მნიშვნელოვანი მათთვის ფული, ქონება, პრესტიჟი, სხვებზე ძალაუფლება, ოჯახი ან კიდევ სხვა ინტერესები. მაგრამ სოლომონს ამ მუხლით არ დაუმთავრებია აზრი. ის აგრძელებს: „ცოდვილმა კაცმა ასჯერაც რომ ჩაიდინოს ბოროტი საქმე, მიეტევება; მე ისიც ვიცი, რომ მიეგებათ მადლი ღვთისმოსავთ, რომელთაც ეშინიათ ღვთისა. არ მიეგებათ მადლი ბოროტეულთ და ლანდივით დღემოკლე იქნება ყველა, ვისაც ღვთისა არ ეშინია“ (ეკლესიასტე 8:12, 13). ნათელია, სოლომონი დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შემობრუნდება, თუ ‘ჭეშმარიტი ღვთისა გვეშინია’. სასიკეთოდ, მაგრამ როგორ? პასუხის პოვნა შეგვიძლია იმ შედარებაში, რომელიც სოლომონმა გააკეთა. იეჰოვას შეუძლია დაგვეხმაროს, რომ ‘არ ვიყოთ დღემოკლე’.
18 მათ, რომლებიც შედარებით ახალგაზრდები არიან, განსაკუთრებით უნდა აწონ-დაწონონ სავსებით სარწმუნო ფაქტი, რომ ყველაფერი სავსებით მათ სასიკეთოდ შებრუნდება, თუ ღვთის მოშიშები იქნებიან. შესაძლოა პირადადაც გინახავს, უსწრაფეს მორბენალს როგორ აბლანდვია ფეხები და დამარცხებულა მარათონში. ძლიერი არმიაც ნადგურდება. გონიერი ბიზნესმენიც შესაძლოა ღატაკდება. და მრავალი სხვა გაურკვევლობა ცხოვრებას ისეთად ხდის, წინასწარ რომ ვერ განსაზღვრავ. მაგრამ სავსებით შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ყველაზე ბრძნული და სარწმუნო გზა, დატკბე სიცოცხლით, არის მაშინ, როდესაც ღვთის მორალური კანონებისა და ნების თანახმად აკეთებ სიკეთეს (ეკლესიასტე 9:11). ამაში შედის ბიბლიიდან იმის სწავლა, რაც არის ღვთის ნება, სიცოცხლის ღვთისადმი მიძღვნა და მონათლულ ქრისტიანად გახდომა (მათე 28:19, 20).
19. როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ახალგაზრდებმა თავიანთი სიცოცხლე, მაგრამ რომელია ბრძნული გზა?
19 შემოქმედი ძალას არ ატანს არც ახალგაზრდებს, არც სხვა პიროვნებებს, რომ მის ხელმძღვანელობას მიჰყვნენ. მათ შეუძლიათ დაეწაფონ განათლებას ან მთელი სიცოცხლე ისწავლონ ადამიანთა სიბრძნით დაწერილი ურიცხვი წიგნი. ეს საბოლოოდ მომაბეზრებელი იქნება მათთვის. ან კიდევ ახალგაზრდებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ არასრულყოფილი გონებით და მიყვნენ იმას, რასაც ხედავენ. ეს, რა თქმა უნდა, მრავალ უსიამოვნებას მოუტანს და გატარებული სიცოცხლეც ამაოება იქნება (ეკლესიასტე 11:9–12:12; 1 იოანე 2:15–17). ასე რომ, სოლომონი ნათლად მოუწოდებს ახალგაზრდებს — და ამ მოწოდებაზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ: „გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში, ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი, რაღაში მადგიან მე ისინიო?“ (ეკლესიასტე 12:1).
20. რომელი თვალსაზრისია გაწონასწორებული ეკლესიასტეში ჩაწერილთან დაკავშირებით?
20 მაშასადამე, რა უნდა დავასკვნათ? რა შეიძლება ითქვას იმ დასკვნაზე, რომელიც სოლომონმა გამოიტანა? მან დაინახა ან გამოიკვლია ‘რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში; და აჰა, მიხვდა — ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა’ (ეკლესიასტე 1:14). სოლომონის წიგნში ცინიკური ან უკმაყოფილო ადამიანის ვერც ერთ სიტყვას ვერ ვნახავთ. ეს ღვთის სიტყვის ნაწილია და ჩვენს ყურადღებას იმსახურებს.
21, 22. ა) ცხოვრების რა ასპექტები გაითვალისწინა სოლომონმა? ბ) რომელი ბრძნული დასკვნა გამოიტანა? გ) როგორ იმოქმედა შენზე ეკლესიასტეს შინაარსის განხილვამ?
21 სოლომონმა განიხილა ის სიძნელეები, ძალისხმევა და ძლიერი სურვილები, რაც ადამიანებს აქვთ. ის მსჯელობდა, თუ რა შედეგი მოჰყვება საქმის ნორმალურ მსვლელობას, შეეხო იმედგაცრუებასა და სიცარიელეს, რასაც მრავალი ადამიანი განიცდის. მან განიხილა ადამიანის არასრულყოფილებისა და შედეგად სიკვდილის რეალობა. შეეხო გარდაცვალების დროს ადამიანის მდგომარეობასა და მომავალი ცხოვრების იმედებს ღვთის მიერ ბოძებული შემეცნების საფუძველზე. ყოველივე ეს შეფასებული იყო იმ ადამიანის მიერ, რომლის სიბრძნეც ღვთისგან იყო გაღრმავებული, დიახ, იმ პიროვნების მიერ, რომელიც ერთ-ერთი იყო უბრძენეს ადამიანთა შორის. მისი დასკვნა წმინდა წერილების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და სასარგებლოა მათთვის, რომლებსაც ნამდვილად სურთ აზრით აღსავსე სიცოცხლე. ნუთუ არ ვეთანხმებით?
22 „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი. რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს“ (ეკლესიასტე 12:13, 14).
[სქოლიოები]
a „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთ გამოცემაში მოცემული იყო შემდეგი გონივრული კომენტარი: „ამაოებაზე არ უნდა ვფლანგოთ დრო. . . თუ ცხოვრება მხოლოდ ისაა, რასაც ამჟამად ვხედავთ, მასში არაფერია მნიშვნელოვანი. ეს ცხოვრება ჰგავს ჰაერში ატყორცნილ ბურთს, რომელიც მალე ისევ მიწას დაუბრუნდება. ის ჰგავს სწრაფად გაელვებულ აჩრდილს, დამჭკნარ ყვავილს, ბალახის ღეროს, რომელსაც მალე მოთიბავენ და გამოაშრობენ. . . მარადიულობის სასწორზე ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა უმნიშვნელო წინწკალია. ის დროის ნაკადის შემადგენელი ჯანსაღი წვეთიც არ არის. რასაკვირველია, რომ [სოლომონი] განხილვისას სიმართლეს ამბობს, როდესაც ცხოვრებაში მრავალი ადამიანის საზრუნავსა და მოღვაწეობას ამაოებას უწოდებს. ისე მალე მთავრდება ჩვენი სიცოცხლე, რომ გვგონია დაბადებას არავითარი აზრი აქვს, მილიარდებში ერთი მოდის და შემდეგ ქრება ისე, რომ მცირემ თუ იცის მისი არსებობის შესახებ. ეს თვალსაზრისი არ არის ცინიზმით გამსჭვალული და არც გამანადგურებელი თუ შეზღუდული და არაჯანსაღი. ეს არის ჭეშმარიტება, სრული რეალობა, არსებულიდან გამომდინარე თვალსაზრისი, თუ მთელი სიცოცხლე ისაა, რასაც ამჟამად ვხედავთ“ (1957 წლის 1 აგვისტო, გვერდი 472, [ინგლ.]).
ხომ არ გაიხსენებდი?
◻ რამდენად ბრძნულად აფასებ ქონების როლს ცხოვრებაში?
◻ რატომ არ უნდა მივაქციოთ მეტისმეტი ყურადღება ოჯახს, დიდებასა თუ სხვებზე ძალაუფლების მოპოვებას?
◻ როგორ ღვთისმოსაწონ თვალსაზრისს უჭერს მხარს სოლომონი სიამოვნების მიღებასთან დაკავშირებით?
◻ რით იყო შენთვის სასარგებლო ეკლესიასტეს წიგნის განხილვა?
[სურათები 15 გვერდზე]
ფული და ქონება ვერ გაგრძნობინებს კმაყოფილებას.
[სურათი 17 გვერდზე]
ახალგაზრდებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ღვთისადმი შიში მათთვის სასიკეთო იქნება.