„დროებით მცხოვრებლები“ გაერთიანებული არიან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში
„უცხოელები იქნებიან თქვენი მიწათმოქმედები და მევენახეები. თქვენ კი იეჰოვას მღვდლები დაგერქმევათ“ (ეს. 61:5, 6).
1. როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგიერთს უცხოელებისადმი და რატომ არის ეს უსამართლო?
როგორც წინა სტატიაში ეწერა, ზოგიერთები უცხოელებს ამცირებენ, არაფრად მიიჩნევენ და მათდამი ზიზღსაც კი არ მალავენ. უპატივცემულობის გამოვლენა იქნებოდა, თუკი საკუთარ ეროვნებას ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ხალხების ეროვნებაზე მაღლა დავაყენებდით. უფრო მეტიც, ეს ფაქტების უგულებელყოფაც იქნებოდა. ერთ წიგნში ნათქვამია: „როგორც ბიბლია ამბობს, ყველა რასის ადამიანი ერთმანეთის ძმაა“. ხშირად ძმები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ისინი მაინც ძმები არიან“ („The Races of Mankind“).
2, 3. როგორ უყურებს იეჰოვა უცხოელებს?
2 სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, უცხოელები ყველგან არიან. ასე იყო ძველი ისრაელის დროსაც, რომლებსაც კანონის შეთანხმების საფუძველზე განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ იეჰოვა ღმერთთან. მართალია, არაისრაელების უფლებები, გარკვეულწილად, შეზღუდული იყო, მაგრამ ისრაელებს მოეთხოვებოდათ, პატივისცემით და სამართლიანად მოპყრობოდნენ მათ. რა შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის! ჭეშმარიტი ქრისტიანები არ უნდა იყვნენ მიკერძოებულები და არ უნდა ჰქონდეთ წინასწარ აკვიატებული აზრები. ამის მიზეზი მოციქულმა პეტრემ მოიხსენია: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35).
3 ძველ ისრაელში მცხოვრები უცხოელებისთვის ისრაელებთან ახლო ურთიერთობას სარგებლობა მოჰქონდა. ეს ირეკლავდა იეჰოვას თვალსაზრისს ამ საკითხზე, როგორც ეს წლების შემდეგ მოციქულმა პავლემ თქვა: „განა მხოლოდ იუდეველების ღმერთია იგი? განა უცხოტომელებისაც არა? დიახ, უცხოტომელებისაც“ (რომ. 3:29; იოელ. 2:32).
4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ „ღვთის ისრაელში“ არ არიან უცხოელები?
4 ახალი შეთანხმების საფუძველზე ცხებული ქრისტიანების კრებამ შეცვალა ხორციელი ისრაელი, რომელთანაც ღმერთს ერთ დროს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ამიტომ ეწოდა ცხებული ქრისტიანების კრებას „ღვთის ისრაელი“ (გალ. 6:16). და როგორც პავლემ თქვა, ამ ახალ ერში „არ არის არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არც უცხოელი, არც სკვითი, არც მონა და არც თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ის არის ყოველივეში“ (კოლ. 3:11). სწორედ ამ გაგებით არ არიან ცხებულ ქრისტიანთა შორის უცხოელები.
5, 6. ა) რა კითხვა შეიძლება წამოიჭრას ესაიას 61:5, 6-თან დაკავშირებით? ბ) ვინ არიან ესაიას მიერ მოხსენიებული „იეჰოვას მღვდლები“ და „უცხოელები“? გ) რა აქვთ საერთო ამ ორ ჯგუფს?
5 მაგრამ რის თქმა შეიძლება ესაიას 61-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესახებ, რომელიც ქრისტიანულ კრებაზე სრულდება? ამ თავის მე-6 მუხლში მოხსენიებული არიან ისინი, ვინც იმსახურებენ „იეჰოვას მღვდლებად“. მე-5 მუხლი კი საუბრობს „უცხოელებზე“, რომლებიც ამ „მღვდლებთან“ ითანამშრომლებდნენ. როგორ შეიძლება ამის გაგება?
6 ჩვენ ვიცით, რომ „იეჰოვას მღვდლებს“ ანუ ცხებულ ქრისტიანებს „წილი აქვთ პირველ აღდგომაში“ და „იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხ. 20:6). გარდა ამისა, არის უამრავი ერთგული ქრისტიანი, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ. ისინი, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მათთან, ვინც ზეცაში იმსახურებენ, გადატანითი მნიშვნელობით არიან უცხოელები. ეს ქრისტიანები სიხარულით უჭერენ მხარს „იეჰოვას მღვდლებს“ და მსახურობენ მათთან ერთად, როგორც მათი „მიწათმოქმედები“ და „მევენახეები“. ისინი ქადაგებენ და ჭეშმარიტებას ასწავლიან ადამიანებს, რითაც ეხმარებიან ცხებულ ქრისტიანებს ღვთის განდიდებაში. ნამდვილად, როგორც ცხებულები, ისე „სხვა ცხვარი“ ეძებენ და შემდეგ სიყვარულით „მწყემსავენ“ გულწრფელ ადამიანებს, რომელთაც სურთ, მარადიულად ემსახურონ ღმერთს (იოან. 10:16).
აბრაამის მსგავსად „დროებით მცხოვრებლები“
7. რით ჰგვანან დღეს ქრისტიანები აბრაამსა და წარსულში მცხოვრებ ღვთის სხვა ერთგულ მსახურებს?
7 როგორც წინა სტატიაში ეწერა, ჭეშმარიტი ქრისტიანები სატანის ბოროტ ქვეყნიერებაში უცხოელები ანუ დროებით მცხოვრებლები არიან. ამ მხრივ ისინი ჰგვანან წარსულში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებს, მათ შორის აბრაამსაც, რომელთა შესახებაც ბიბლიაში წერია, რომ „უცხონი და დროებით მცხოვრებნი იყვნენ იმ ქვეყანაში“ (ებრ. 11:13). ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს, თუ დედამიწაზე, ჩვენთვის დიდი პატივია, აბრაამის მსგავსად, ახლო ურთიერთობა გვქონდეს იეჰოვასთან. იაკობი ამბობს: „აბრაამმა ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა და იეჰოვას მეგობარი ეწოდა“ (იაკ. 2:23).
8. რა აღუთქვა ღმერთმა აბრაამს და რას ფიქრობდა ის ამ დაპირებაზე?
8 ღმერთმა აბრაამს აღუთქვა, რომ ამ ერთგული მამაკაცისა და მისი შთამომავლის მეშვეობით დედამიწაზე არა მხოლოდ ერთი ერი, არამედ ყველა ერი იქნებოდა კურთხეული (წაიკითხეთ დაბადების 22:15—18). მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ეს დაპირება შორეულ წარსულში შესრულდებოდა, აბრაამს სწამდა, რომ ეს ასეც იქნებოდა. 100 წლის მანძილზე ის ოჯახთან ერთად ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, აბრაამმა იეჰოვასთან მეგობრობა შეინარჩუნა.
9, 10. ა) რაში შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამს? ბ) რა მოწვევაში შეგვიძლია მონაწილეობის მიღება?
9 მიუხედავად იმისა, რომ აბრაამმა არ იცოდა, რამდენი ხანი მოუწევდა ლოდინი, სანამ ღვთისგან დაპირებულს მიიღებდა, იეჰოვასადმი მისი სიყვარული და ერთგულება არასდროს შერყეულა. მას ყოველთვის ახსოვდა, რომ ხიზანი იყო, ამიტომ არ უნდოდა, დამკვიდრებულიყო რომელიმე ერში როგორც მუდმივი მცხოვრები (ებრ. 11:14, 15). რამდენად გონივრულია, მივყვეთ აბრაამის მაგალითს, ვიცხოვროთ უბრალო ცხოვრებით და არ დავუშვათ, რომ სიმდიდრის დაგროვება, მდგომარეობა თუ კარიერა ყველაზე მნიშვნელოვანი გახდეს ჩვენთვის. რად გვინდა, ვისწრაფოთ ეგრეთ წოდებული ნორმალური ცხოვრების მოწყობისკენ ქვეყნიერებაში, რომელსაც მალე მოეღება ბოლო? რატომ უნდა ვწუხდეთ ზედმეტად იმაზე, რაც მხოლოდ დროებითია? როგორც აბრაამის შემთხვევაში იყო, ჩვენც წინ რაღაც ბევრად უკეთესი გველის. გვინდა, გამოვავლინოთ მოთმინება და დაველოდოთ დროს, როცა ჩვენი იმედი რეალობად იქცევა (წაიკითხეთ რომაელების 8:25).
10 იეჰოვა კვლავაც იწვევს ადამიანებს ყველა ერიდან, რომ მიიღონ კურთხევა აბრაამის შთამომავლის მეშვეობით. როგორც ცხებული ქრისტიანები, „იეჰოვას მღვდლები“, ისე „სხვა ცხვარი“ ანუ „უცხოელები“, მთელ დედამიწაზე 600-ზე მეტ ენაზე ავრცელებენ ამ მოწვევას.
ეროვნულ საზღვრებს მიღმა
11. რისკენ მოუხმო სოლომონმა ადამიანებს ყველა ერიდან?
11 აბრაამისთვის მიცემული იეჰოვას დაპირების თანახმად ძვ. წ. 1026 წელს, ტაძრის მიძღვნისას სოლომონმა თქვა, რომ ადამიანები ყველა ერიდან განადიდებდნენ იეჰოვას. ის მთელი გულით ლოცულობდა: „თუ უცხოელი, რომელიც არ ეკუთვნის შენს ხალხს, ისრაელს, და რომელიც შორეული ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო (რადგან გაიგებენ შენი დიდებული სახელის, ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის შესახებ), მოვა და ილოცებს ამ სახლისკენ მობრუნებული, მოუსმინე ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან, და შეუსრულე უცხოელს სათხოვარი, რათა დედამიწის ყველა ხალხმა იცოდეს შენი სახელი; ისე ეშინოდეთ შენი, როგორც შენს ხალხს, ისრაელს“ (1 მეფ. 8:41—43).
12. რატომ მიიჩნევენ ზოგიერთები იეჰოვას მოწმეებს უცნაურებად და რატომ უყურებენ მათ როგორც უცხოელებს?
12 უცხოელია ის, ვინც ცხოვრობს ან სტუმრად არის ჩასული სხვა ქვეყანაში. ეს ზუსტად აღწერს იეჰოვას მოწმეების მდგომარეობას. ისინი მხარს უჭერენ ზეციერ მთავრობას, ღვთის სამეფოს ქრისტეს მეთაურობით. ამგვარად იეჰოვას მოწმეები ინარჩუნებენ მტკიცე ნეიტრალიტეტს პოლიტიკურ საკითხებში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგიერთები მათგან მოითხოვენ, რომ მოიქცნენ, როგორც სხვები.
13. ა) როგორ არის დამოკიდებული ჩვენს აღქმაზე სიტყვა „უცხოელის“ გაგება? ბ) იყო თუ არა იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა, რომ ყოფილიყვნენ „უცხოელები“? ახსენით.
13 ხშირად უცხოელები მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამოიცნობიან. ეს შეიძლება იყოს მათი ენა, წეს-ჩვეულებები, გარეგნობა ან მათი ჩაცმის სტილი თუ მანერა. მაგრამ არის რაღაცები, რაც ეროვნების მიუხედავად, ყველას საერთო აქვს და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოხსენებული ნიშან-თვისებები. ამგვარად, ადამიანს უცხოელად მხოლოდ ამა თუ იმ განსხვავების გამო მიიჩნევენ. როდესაც ყურადღებას არ ვაქცევთ არსებულ ან წარმოსახვით სხვაობებს, სიტყვა „უცხოელი“ კარგავს თავის მნიშვნელობას. დედამიწაზე ერთი მთავრობა რომ ყოფილიყო, მაშინ პოლიტიკური გაგებით არავინ იქნებოდა უცხოელი. სწორედ ეს იყო იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა, რომ ყველა ადამიანი გაერთიანებული ყოფილიყო როგორც ერთი ოჯახი ერთი მმართველობის, ღვთის მმართველობის ქვეშ. ნუთუ შესაძლებელია, რომ უკვე დღესვე ადამიანები ერთმანეთს არ უყურებდნენ როგორც უცხოელებს?
14, 15. რის გაკეთება შეძლეს იეჰოვას მოწმეებმა როგორც ჯგუფმა?
14 ეგოიზმისა და ნაციონალიზმის სულით გაჟღენთილ მსოფლიოში, გამამხნევებელია ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც სცდებიან ეროვნულ საზღვრებს. ცხადია, წინასწარ აკვიატებული აზრების გადალახვა ადვილი არ არის. სატელევიზიო არხის, სი-ენ-ენის, დამაარსებელი ტედ ტერნერი სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან ერთად მუშაობის შესახებ ამბობს: «ამ ადამიანებთან ურთიერთობამ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. მივხვდი, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები უცხოელები კი არა, ჩვენი პლანეტის მოქალაქეები არიან. მე სიტყვა „უცხოელი“ შეურაცხმყოფლად მივიჩნიე და სი-ენ-ენში წესად დავადგინე, რომ არც ეთერში და არც ოფისებში ეს სიტყვა არ უნდა გაჟღერებულიყო. უცხოელის ნაცვლად უნდა გამოგვეყენებინა სიტყვა „საერთაშორისო“».
15 მსოფლიოში მხოლოდ იეჰოვას მოწმეებმა როგორც ჯგუფმა, გაითავისეს ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით. მათ ისწავლეს, ისე უყურონ ადამიანებს, როგორც ღმერთი უყურებს მათ და ამით შეძლეს, გონებრივადაც და ემოციურადაც დაემსხვრიათ ეროვნული ბარიერები. ისინი უნდობლობით, ეჭვის თვალითა და სიძულვილით არ უყურებენ სხვა ეროვნების ადამიანებს; პირიქით, იეჰოვას მოწმეები აფასებენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებსა და მათ შესაძლებლობებს. გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ ახერხებენ ამას იეჰოვას მოწმეები და პირადად თქვენ როგორ დაგეხმარებათ ეს სხვებთან ურთიერთობისას?
მსოფლიო „უცხოელების“ გარეშე
16, 17. რას შეიძლება ნიშნავდეს თქვენთვის გამოცხადების 16:16-სა და დანიელის 2:44-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების შესრულება?
16 მალე დღეს არსებული ყველა ერი დაუპირისპირდება იესო ქრისტესა და მის ზეციერ ლაშქარს ღვთის მმართველობის წინააღმდეგ გამართულ უკანასკნელ ბრძოლაში, რომელსაც „ებრაულად არმაგედონი ჰქვია“ (გამოცხ. 16:14, 16; 19:11—16). 2 500-ზე მეტი წლის წინ წინასწარმეტყველმა დანიელმა ღვთის შთაგონებით იწინასწარმეტყველა, თუ რით დამთავრდებოდა ადამიანთა მმართველობა, რომელიც ღვთის განზრახვას ეწინააღმდეგება. ის წერდა: „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დან. 2:44).
17 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს ამ წინასწარმეტყველების შესრულება პირადად თქვენთვის? მეტად აღარ იარსებებს ხელოვნურად შექმნილი ეროვნული საზღვრები, რომელთა გამოც ადამიანები ერთმანეთს უცხოელებად მიიჩნევენ. ნებისმიერი შესაძლო განსხვავება, იქნება ეს გარეგნობა თუ სხვა დამახასიათებელი ნიშან-თვისება, იმეტყველებს ღვთის შემოქმედების საოცარ ნაირფეროვნებაზე. ასეთი შთამბეჭდავი მომავლის პერსპექტივა თითოეულ ჩვენგანს უნდა აღგვძრავდეს, რომ კვლავაც მთელი გულით განვადიდოთ ჩვენი შემოქმედი იეჰოვა ღმერთი.
მოუთმენლად ელით იმ დროს, როცა აღარ იქნება ადამიანის მიერ შექმნილი საზღვრები და როცა ცნება „უცხოელი“ წარსულს ჩაჰბარდება?
18. რა ცხადყოფს, რომ ცნება „უცხოელი“ მალე წარსულს ჩაჰბარდება?
18 დაუჯერებელია, რომ ასეთი ძირეული ცვლილება მოხდება მთელ მსოფლიოში? სრულებითაც არა. უფრო მეტიც, ამის დაჯერების სრული საფუძველი გვაქვს. იეჰოვას მოწმეებს შორის ცნება „უცხოელმა“ უკვე დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ვინაიდან ისინი ადამიანის ეროვნებას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ რამდენიმე პატარა ფილიალი გაერთიანდა, რათა უფრო ადვილი ყოფილიყო ხელმძღვანელობა და უფრო ნაყოფიერი სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (მათ. 24:14). რამდენადაც კანონი ამის საშუალებას იძლეოდა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას ეროვნულ საზღვრებს არ ექცეოდა ყურადღება. ეს კიდევ ერთი ხილული მტკიცებულებაა, რომ იესო ქრისტე, როგორც იეჰოვას მიერ დანიშნული მმართველი ამსხვრევს ადამიანთა მიერ დადგენილ საზღვრებს და ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს მათ ბოლოს, როცა საბოლოოდ გაიმარჯვებს (გამოცხ. 6:2).
19. რა გახდა შესაძლებელი ჭეშმარიტების სუფთა ენის წყალობით?
19 იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, მხარი დაუჭირონ ჭეშმარიტების სუფთა ენას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები და, შესაბამისად, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხია. ამის წყალობით მათი ერთიანობა არასდროს დაირღვევა (წაიკითხეთ სოფონიას 3:9). ეს არის საერთაშორისო ოჯახი, რომელიც იმყოფება ამ ბოროტ ქვეყნიერებაში, მაგრამ არაფერი აქვს მასთან საერთო. ეს გაერთიანებული ოჯახი არის მომავალი მსოფლიოს წინასახეობა, მსოფლიოსი, რომელშიც არც ერთი ადამიანი არ იქნება უცხოელი. მაშინ უკლებლივ ყველა მცხოვრები სიხარულით აღიარებს ზემოხსენებულ წიგნში მოცემულ ფრაზას: „როგორც ბიბლია ამბობს, ყველა რასის ადამიანი ერთმანეთის ძმაა“.