თავი ოცდამეორე
სიმართლე აღმოცენდება სიონში
1, 2. რა ცვლილება ელის მალე ისრაელს და ვინ მოიმოქმედებს ამას?
დაე აუწყონ თავისუფლების შესახებ! იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს თავისი ხალხის გათავისუფლება და მათი დაბრუნება მამა-პაპისეულ მიწა-წყალზე. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა კვლავ იჩენს თავს იმ თესლის მსგავსად, რომელიც ჟუჟუნა წვიმის შემდეგ აღმოცენდება. როცა ეს დღე დადგება, იმედგაცრუება შეიცვლება სიხარულით აღსავსე ქება-დიდებით, ხოლო გლოვის ნაცრით დაფარული თავები ღვთის მოწონების გვირგვინით დამშვენდებიან.
2 ვინ მოახდენს ამ სასწაულებრივ გარდაქმნას? მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ამის გაკეთება (ფსალმუნი 9:20, 21; ესაია 40:25). სოფონიამ წინასწარმეტყველური ბრძანება წარმოთქვა: „გიხაროდეს, სიონო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! აგხადა უფალმა სასჯელი“ (სოფონია 3:14, 15). რა სასიხარულო დრო იქნება ეს! როცა იეჰოვა აღდგენილ დარჩენილ ნაწილს შეკრებს ბაბილონიდან ძვ. წ. 537 წელს, ეს ახდენილი სიზმარივით იქნება (ფსალმუნი 125:1).
3. როდის სრულდება ესაიას 61-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები?
3 ეს აღდგენა ნაწინასწარმეტყველებია ესაიას წიგნის 61-ე თავში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს წინასწარმეტყველება აშკარად შესრულდა ძვ. წ. 537 წელს, მას უფრო დიდი შესრულება აქვს მოგვიანებით. ეს უფრო დიდი შესრულება ეხება იესოსა და მის მიმდევრებს პირველ საუკუნეში, აგრეთვე იეჰოვას ხალხს ჩვენს დროში. მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის მიერ ეს შთაგონებული სიტყვები!
„კეთილგანწყობილების წელიწადი“
4. ვის დაევალა კეთილი ცნობის ხარება ესაიას 61:1-ის პირველი და შემდეგ მეორე შესრულებისას?
4 ესაია წერს: «სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის [„თვინიერთათვის“, აქ] სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად [„პატიმართათვის თვალების ასახელად“, აქ]» (ესაია 61:1). ვის დაევალა ამ კეთილი ცნობის ხარება? როგორც ჩანს, პირველ შემთხვევაში, თავად ესაიას, რომელსაც ღმერთმა შთააგონა ბაბილონში მყოფი ტყვეებისთვის ამ კეთილი ცნობის ჩაწერა. მაგრამ იესომ უფრო მნიშვნელოვან შესრულებაზე მიუთითა, როცა ესაიას ეს სიტყვები საკუთარ თავს დაუკავშირა (ლუკა 4:16—21). დიახ, იესო გამოგზავნილი იყო თვინიერთათვის კეთილი ცნობის გასაცხადებლად, ამისთვის კი ნათლობისას სულიწმიდით იქნა ცხებული (მათე 3:16, 17).
5. ვინ ქადაგებს კეთილ ცნობას დაახლოებით 2000 წლის განმავლობაში?
5 გარდა ამისა, იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს, რომ კეთილი ცნობის მქადაგებლები ყოფილიყვნენ. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მათგან დაახლოებით 120 მოწაფე სულიწმიდით იქნა ცხებული და ღვთის სულიერი ძე გახდა (საქმეები 2:1—4, 14—42; რომაელთა 8:14—16). მათაც დაევალათ კეთილი ცნობის ქადაგება თვინიერთა და გულშემუსვრილთათვის. ის 120 პიროვნება პირველები იყვნენ 144000-დან, რომლებიც ამგვარად უნდა ყოფილიყვნენ ცხებული. ამ ჯგუფის დარჩენილი ნაწილი დღეს კვლავაც აქტიურობს დედამიწაზე. ასე რომ, დაახლოებით 2000 წლის განმავლობაში იესოს ცხებული მიმდევრები ქადაგებენ „ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას“ (საქმეები 20:21).
6. ვის მოუტანა შვება კეთილი ცნობის მოსმენამ ძველ დროში და რის თქმა შეიძლება დღევანდელ დღეზე?
6 ესაიას ინსპირირებულმა ცნობამ ბაბილონში მყოფ მომნანიებელ იუდაელებს შვება მოჰგვარა. პირველ საუკუნეში, იესოსა და მისი მოწაფეების დღეებში, ამ ცნობამ შვება მოუტანა ისრაელში გავრცელებული ბოროტების გამო გულშემუსვრილ იუდეველებს, რომლებიც იტანჯებოდნენ იუდაიზმის ცრურელიგიური ტრადიციების ტყვეობაში (მათე 15:3—6). დღეს მილიონობით ადამიანი, რომლებიც გამოჭერილი არიან ქრისტიანული სამყაროს წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და ღვთისმგმობელი ტრადიციების მარწუხებში, ‘კვნესიან და მოთქვამენ’ ამ რელიგიური სისტემის საძაგელ საქმეების გამო (ეზეკიელი 9:4). ისინი, ვინც კეთილ ცნობას ეხმაურებიან, თავისუფლდებიან ამ სავალალო მდგომარეობიდან (მათე 9:35—38). მათ ფართოდ ეხილებათ გონების თვალი, როცა სწავლობენ იეჰოვასადმი თაყვანისცემას „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24).
7, 8. ა) რომელია ის ორი ‘კეთილგანწყობილების წელიწადი’? ბ) როდის დადგა იეჰოვას „შურისძიების დღე“ და როდის მოვა ასეთი დღე მეორედ?
7 კეთილი ცნობის ქადაგებისთვის გარკვეული განრიგი არსებობს. იესოს და მის მიმდევრებს დაევალათ: „გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა [‘აუწყეთ იეჰოვას კეთილგანწყობილების წელიწადი და ჩვენი ღვთის შურისძიების დღე; რათა ინუგეშოს ყველა მგლოვიარემ’, აქ]“ (ესაია 61:2). წელიწადი გრძელი ვადაა, მაგრამ მას აქვს დასაწყისი და დასასრული. იეჰოვას „კეთილგანწყობილების წელიწადი“ დროის ის პერიოდია, როცა ის შესაძლებლობას აძლევს თვინიერ ადამიანებს, გამოეხმაურონ მის მიერ გამოცხადებულ თავისუფლებას.
8 პირველ საუკუნეში კეთილგანწყობილების წელიწადი იუდეველებისთვის ახ. წ. 29 წელს დაიწყო, როცა იესო თავის მიწიერ მსახურებას შეუდგა. იუდეველებს მან უთხრა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ (მათე 4:17). კეთილგანწყობილების ის წელიწადი გაგრძელდა იეჰოვას ‘შურისძიების დღემდე’, რომელმაც თავის აპოგეას ახ. წ. 70 წელს მიაღწია, როცა იეჰოვამ იერუსალიმისა და მისი ტაძარის განადგურების ნება დართო რომაელთა ჯარებს (მათე 24:3—22). დღეს ჩვენ ვცხოვრობთ კეთილგანწყობილების სხვა წელიწადში, რომელიც დაიწყო 1914 წელს ზეცაში ღვთის სამეფოს დამყარებით. კეთილგანწყობილების ეს წელიწადი დასრულდება სხვა, უფრო გლობალური შურისძიების დღით, როცა „დიდი გასაჭირის“ დროს იეჰოვა მთლიანად მოსპობს ამ წუთისოფლის სისტემას (მათე 24:21).
9. ვისთვის მოაქვს დღეს სარგებლობა ღვთის კეთილგანწყობილების წელიწადს?
9 ვისთვის მოაქვს სარგებლობა ღვთის კეთილგანწყობილების წელიწადს? მათთვის, ვინც უსმენს ცნობას, ავლენს თვინიერებას და გულმოდგინედ უჭერს მხარს ღვთის სამეფოს გაცხადებას ‘ყველა ერში’ (მარკოზი 13:10). ეს ადამიანები ხედავენ, რომ კეთილ ცნობას ნამდვილი ნუგეში მოაქვს. მაგრამ მათ, ვინც უარყოფს ამ ცნობას და არ სარგებლობს იეჰოვას კეთილგანწყობილების წელიწადით, მალე მოუწევთ შურისძიების დღის პირისპირ დადგომა (2 თესალონიკელთა 1:6—9).
ღვთის განმადიდებელი სულიერი ნაყოფი
10. როგორ იმოქმედა ბაბილონიდან დაბრუნებულ იუდაელებზე იეჰოვას დიდებულმა საქმემ, რომელიც მათთვის მოიმოქმედა?
10 ბაბილონიდან დაბრუნებული იუდეველები მიხვდნენ, რომ იეჰოვამ მათი გულისთვის დიდებული საქმე მოიმოქმედა. მათი, როგორც ტყვეების, გლოვა სიხარულად და ქება-დიდებად გადაიქცა იმის გამო, რომ ისინი, საბოლოოდ, გათავისუფლდნენ. ამგვარად, ესაია ასრულებს თავის წინასწარმეტყველურ დავალებას, რომელიც გათვალისწინებულია «დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი — გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი — მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები — საუფლო ნერგი, რომ იდიდონ [„და მათ უნდა ეწოდოთ სიმართლის დიდი ხეები, იეჰოვას დანერგილნი, მის დასამშვენებლად“, აქ]» (ესაია 61:3).
11. ვის ჰქონდა პირველ საუკუნეში იეჰოვას დიდებული საქმის გამო მისი განდიდების საფუძვლიანი მიზეზი?
11 პირველ საუკუნეში, ცრუ რელიგიის მონობიდან გათავისუფლებულმა იუდეველებმაც განადიდეს ღმერთი იმ დიდებული საქმისთვის, რომელიც მათი გულისთვის მოიმოქმედა. მათი მჭმუნვარე სული შეიცვალა „ქება-დიდების სამოსლით“, როცა ღმერთმა გამოიხსნა ისინი სულიერად მკვდარი ერიდან. ეს ცვლილება პირველად იესოს მოწაფეებმა განიცადეს, რადგან მისი სიკვდილის გამო მათი გლოვა სიხარულით შეიცვალა, როდესაც ისინი სულიწმიდით სცხო მათმა მკვდრეთით აღდგენილმა უფალმა. ამის შემდეგ, ძალიან მალე მსგავსი ცვლილება განიცადა 3000-მა თვინიერმა ადამიანმა, რომლებიც გამოეხმაურნენ იმ ახალბედა სულითცხებული ქრისტიანების ქადაგებას და მოინათლნენ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე (საქმეები 2:41). რა კარგი იყო, რომ ისინი დარწმუნებული იყვნენ იეჰოვას კურთხევაში! ‘სიონის გამო გლოვის’ ნაცვლად, მათ სულიწმიდა მიიღეს და წახალისებული იყვნენ „სიხარულის ზეთით“, რაც მათი სიხარულის სიმბოლოს წარმოდგენს, ვისაც მრავალი კურთხევა აქვს იეჰოვასგან (ებრაელთა 1:9).
12, 13. ა) ვინ იყვნენ „სიმართლის დიდი ხეები“ ბაბილონიდან დაბრუნებულთა შორის ძვ. წ. 537 წელს? ბ) ვინ იყვნენ „სიმართლის დიდი ხეები“ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული?
12 იეჰოვას კურთხევა თავისი ხალხისთვის იმით გამოიხატება, რომ მათ „სიმართლის დიდ ხეებს“ აძლევს. ვინ არიან ეს დიდი ხეები? ძვ. წ. 537 წლიდან ეს ისინი იყვნენ, ვინც სწავლობდა და ფიქრდებოდა ღვთის სიტყვაზე და ცდილობდა შესაბამებოდა იეჰოვასთვის მოსაწონ სამართლიან ნორმებს (ფსალმუნი 1:1—3; ესაია 44:2—4; იერემია 17:7, 8). ისეთი მამაკაცები, როგორიცაა ეზრა, ანგია, ზაქარია და მღვდელმთავარი იესო, ის გამოჩენილი „დიდი ხეები“ იყვნენ, რომლებიც იცავდნენ ჭეშმარიტებას და იბრძოდნენ ერის სულიერად დაბინძურების წინააღმდეგ.
13 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული, იეჰოვამ დარგო მსგავსი „სიმართლის დიდი ხეები“ — გაბედული ცხებული ქრისტიანები — თავისი ახალი ერის, „ღვთის ისრაელის“, სულიერ სამფლობელოში (გალატელთა 6:16). საუკუნეების მანძილზე ამ „ხეების“ რაოდენობამ 144000-ს მიაღწია და მათ გამოიღეს სიმართლის ნაყოფი, რომელიც ამშვენებს იეჰოვას ანუ დიდება მოაქვს მისთვის (გამოცხადება 14:3). ამ ახოვანი „ხეებიდან“ უკანასკნელნი 1919 წლიდან ხარობენ, როცა ღვთის ისრაელის დარჩენილი წევრები იეჰოვამ დროებითი უმოქმედობისგან გამოაცოცხლა. მათთვის სულიერი წყლების მარაგის უხვად მიწოდებით იეჰოვამ წარმოქმნა მართალი, ნაყოფიერი ხეებისგან შემდგარი ნამდვილი ტყე (ესაია 27:6).
14, 15. რა პროექტის განხორციელებას შეუდგნენ იეჰოვას გათავისუფლებული თაყვანისმცემლები ა) ძვ. წ. 537 წელს? ბ) ახ. წ. 33 წელს? გ) 1919 წელს?
14 ამ „ხეების“ საქმის აღწერისას ესაია განაგრძობს: „ააშენებენ ძველთაძველ ნაოხარებს, აღადგენენ წინადროინდელ უკაცრიელ ადგილებს და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, თაობიდან თაობაში უკაცრიელთ“ (ესაია 61:4). სპარსეთის მეფე კიროსის ბრძანებით, ბაბილონიდან დაბრუნებულმა ერთგულმა იუდეველებმა აღადგინეს იერუსალიმი და მისი ტაძარი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მიტოვებული და გატიალებული იყო. აღდგენითი სამუშაოებით უნდა აღნიშნულიყო ახ. წ. 33 და 1919 წლებიდან მოყოლებული შემდგომი წლები.
15 ახ. წ. 33 წელს იესოს მოწაფეები დიდად დამწუხრდნენ მისი დაპატიმრების, გასამართლებისა და სიკვდილის გამო (მათე 26:31). მაგრამ მათი შეხედულებები შეიცვალა, როცა იესო აღდგომის შემდეგ გამოეცხადა მათ. და როგორც კი გადმოვიდა მათზე სულიწმიდა, ისინი კეთილი ცნობის ქადაგებას შეუდგნენ „იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8). ამგვარად, მათ წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა დაიწყეს. მსგავსად ამისა, 1919 წლიდან იესო ქრისტემ თავისი ცხებული ძმებიდან დარჩენილებს ‘თაობიდან თაობაში უკაცრიელი ადგილები’ აღადგენინა. საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ ვერ ჩაუნერგა ხალხს იეჰოვას შესახებ შემეცნება, არამედ ადამიანთა ტრადიციებითა და არაბიბლიური სწავლებებით შეცვალა ეს შემეცნება. ცხებულმა ქრისტიანებმა განწმინდეს თავიანთი კრებები ცრუ რელიგიით დალაქავებული საქმეებისგან, რათა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენა წარმატებული ყოფილიყო. მათ წამოიწყეს საქმე, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში არნახულ უდიდეს სამქადაგებლო კამპანიად იქცა (მარკოზი 13:10).
16. ვინ ეხმარება ცხებულ ქრისტიანებს აღდგენით სამუშაოში და მათ რა საქმეები მიენდოთ?
16 ეს უდიდესი დავალება იყო. როგორ შეეძლო ამ საქმის შესრულება ღვთის ისრაელის შედარებით მცირე რაოდენობით დარჩენილ წევრებს? იეჰოვამ ესაია შთააგონა, რომ გაეცხადებინა: «დადგებიან უცხონი და დამწყემსავენ თქვენს ცხვარს, უცხოთა შვილები [„უცხოელნი“, აქ] იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და მევენახენი» (ესაია 61:5). სიმბოლური უცხონი და უცხოელნი იესოს „სხვა ცხვრებში“ შემავალი „უამრავი ხალხი“ აღმოჩნდაa (გამოცხადება 7:9; იოანე 10:11, 16). ისინი არ არიან სულიწმიდით ცხებულნი და არა აქვთ ზეციერი იმედი. ისინი იმედოვნებენ მარადიულად ცხოვრებას სამოთხეში დედამიწაზე (გამოცხადება 21:3, 4). მათაც უყვართ იეჰოვა, ასე რომ, მიენდოთ სულიერი მწყემსვა, მიწათმოქმედება და მევენახეობა. ეს საქმეები დამამცირებელი როდია. ღვთის ისრაელის დარჩენილი წევრების ხელმძღვანელობით ეს მუშაკები ეხმარებიან მათ ხალხის მწყემსვაში, კვებასა და მკაში (ლუკა 10:2; საქმეები 20:28; 1 პეტრე 5:2; გამოცხადება 14:15, 16).
17. ა) რა ეწოდებათ ღვთის ისრაელის წევრებს? ბ) რომელია ცოდვების მისატევებლად საჭირო ერთადერთი მსხვერპლი?
17 რის თქმა შეიძლება ღვთის ისრაელზე? ესაიას პირით იეჰოვა ეუბნება მათ: „თქვენ კი უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი და ჩვენი ღვთის მსახურნი დაგერქმევათ; ხალხთა დოვლათს შეჭამთ და მათი დიდება გადმოვა თქვენზე“ (ესაია 61:6). ძველ დროს იეჰოვამ ისრაელში ლევიანი მღვდლები დანიშნა, რათა მათ შესაწირავები მიეტანათ თავად მღვდლებისთვის და თანაისრაელებისთვის. მაგრამ ახ. წ. 33 წლიდან იეჰოვა აღარ იყენებს ლევიან მღვდლებს, ამის ნაცვლად, მან უფრო უკეთესი ღონისძიება გაატარა. მან მიიღო იესოს სრულყოფილი სიცოცხლე, როგორც კაცობრიობის ცოდვებისთვის გაღებული მსხვერპლი. იმ დროიდან მოყოლებული, არანაირი შესაწირავი აღარ არის საჭირო. იესოს მსხვერპლი მუდმივმოქმედია (იოანე 14:6; კოლასელთა 2:13, 14; ებრაელთა 9:11—14, 24).
18. როგორ სამღვდელოებას ქმნის ღვთის ისრაელი და რა დავალება აქვთ მათ?
18 მაგრამ რა გაგებით არიან ღვთის ისრაელის წევრები ‘იეჰოვას მღვდლები’? როცა ცხებულ თანაქრისტიანებს სწერდა, პეტრე მოციქულმა თქვა: „თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ“ (1 პეტრე 2:9). ასე რომ, ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფი ქმნის განსაკუთრებული დავალების მქონე სამღვდელოებას: მოუთხროს ერებს იეჰოვას დიდების შესახებ. ისინი მისი მოწმეები უნდა იყვნენ (ესაია 43:10—12). ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ცხებული ქრისტიანები ერთგულად ასრულებენ ამ მნიშვნელოვან დავალებას. შედეგად, იეჰოვას სამეფოს შესახებ ქადაგებაში მილიონობით ადამიანი შეუერთდა მათ.
19. რა მსახურების შესრულება ხვდა წილად ცხებულ ქრისტიანებს?
19 გარდა ამისა, ღვთის ისრაელის წევრები იმედოვნებენ, რომ სხვანაირადაც იმსახურებენ მღვდლებად. სიკვდილის შემდეგ ისინი აღდგებიან ზეცაში უკვდავი სულიერი ცხოვრებისთვის. იქ ისინი იმსახურებენ არა მხოლოდ იესოს თანამმართველებად მის სამეფოში, არამედ ღვთის მღვდლებადაც (გამოცხადება 5:10; 20:6). როგორც ასეთი, მათ წილად ხვდათ პატივი, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი დედამიწაზე მცხოვრები ერთგული ადამიანების სასარგებლოდ გამოიყენონ. მოციქულ იოანეს ხილვაში, რომელიც გამოცხადების 22-ე თავშია ჩაწერილი, ისინი კვლავ „ხეებად“ არიან აღწერილი. ზეცაში ჩანს ყველა 144000 „ხე“, რომლებიც ‘თორმეტჯერ იძლევიან ნაყოფს, ყოველთვე იძლევიან ნაყოფს. ამ ხეების ფოთლები ერების განსაკურნავად არის’ (გამოცხადება 22:1, 2, აქ). მღვდლობის რა საოცარი სამსახურია!
სირცხვილი და დამცირება, შემდეგ კი სიხარული
20. რა კურთხევა ელის მეფურ სამღვდელოებას, წინააღმდეგობის მიუხედავად?
20 როცა იეჰოვას კეთილგანწყობილების წელიწადი დაიწყო, 1914 წლიდან, მეფური სამღვდელოება წინააღმდეგობას წააწყდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების მხრიდან (გამოცხადება 12:17). მიუხედავად ამისა, კეთილი ცნობის ქადაგების შეჩერებისთვის გამიზნული ყველა ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა. ესაიამ იწინასწარმეტყველა: «სირცხვილის ნაცვლად ორმაგად მოგეზღვებათ; შეურაცხების [„დამცირების“, აქ] ნაცვლად თავიანთ წილზე გაიხარებენ, ამიტომ თავიანთ ქვეყანაში ორმაგ წილს დაიმკვიდრებენ. საუკუნო სიხარული ექნებათ მათ» (ესაია 61:7).
21. როგორ მიიღეს ცხებულმა ქრისტიანებმა ორმაგი კურთხევები?
21 პირველი მსოფლიო ომის დროს ცხებული დარჩენილი ნაწილი სირცხვილსა და დამცირებას განიცდიდა ნაციონალისტურად განწყობილი ქრისტიანული სამყაროს მხრიდან. მათ შორის, ვინც აჯანყებისკენ მოწოდების ცრუბრალდება წაუყენა რვა ერთგულ ძმას ბრუკლინის მთავარი სამმართველოდან, სამღვდელოების წევრებიც იყვნენ. ის ძმები უსამართლოდ დააპატიმრეს ცხრა თვით. ბოლოს, 1919 წლის გაზაფხულზე, გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ყველა ბრალდებაც მოუხსნეს. ასე რომ, სამქადაგებლო საქმის შეჩერების გეგმა უკუქმედებით დამთავრდა. იმის ნაცვლად, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლებს ხანგრძლივი სირცხვილი განეცადათ, ღმერთმა გაათავისუფლა ისინი და დააბრუნა თავიანთ სულიერ სამფლობელოში, „თავიანთ ქვეყანაში“. იქ მათ ორმაგი კურთხევები მიიღეს. იეჰოვას კურთხევამ გადამეტებულადაც კი აუნაზღაურა მათ ყველანაირი დანაკარგი. მათ ნამდვილად ჰქონდათ დიდი სიხარულის მიზეზი.
22, 23. როგორ მიჰბაძეს ცხებულმა ქრისტიანებმა იეჰოვას და რით დააჯილდოვა მან ისინი?
22 იეჰოვას შემდეგი სიტყვები დღევანდელ ქრისტიანებს სიხარულის სხვა მიზეზს აძლევს: „რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძალადობა და უკეთურება, სიყვარულით მივაგებ მათ საზღაურს და საუკუნო აღთქმას დავუდებ“ (ესაია 61:8). ბიბლიის გამოკვლევით ცხებულმა დარჩენილმა ნაწილმა ისწავლა სიმართლის სიყვარული და ბოროტი საქმეების სიძულვილი (იგავნი 6:12—19; 11:20). მათ ისწავლეს ‘მახვილებისგან სახნისების გამოჭედვა’ და, ამგვარად, ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ომებისა და პოლიტიკური მღელვარებების დროს (ესაია 2:4). აგრეთვე, მათ მიატოვეს ღვთისმგმობელი საქმეები, როგორიცაა ცილისწამება, მრუშობა, ქურდობა და ლოთობა (გალატელთა 5:19—21).
23 რადგან ცხებული ქრისტიანები იზიარებენ თავიანთი შემოქმედის სიყვარულს სიმართლისადმი, იეჰოვამ ‘სიყვარულით მიაგო მათ საზღაური’. ერთ-ერთ ასეთ ‘საზღაურს’ წარმოადგენს მუდმივი აღთქმა, ანუ კავშირი — ახალი კავშირი — რომლის შესახებაც იესომ საკუთარი სიკვდილის წინაღამეს თავის მიმდევრებს გამოუცხადა. სულიერ ერად, ღვთის განსაკუთრებულ ხალხად, ისინი ამ კავშირის საფუძველზე იქცნენ (იერემია 31:30—33; ლუკა 22:20). ამ კავშირზე დაფუძნებით იეჰოვა როგორც ცხებულთათვის, ისე სხვა ერთგული ადამიანებისთვის, გამოიყენებს იესოს გამომსყიდველური მსხვერპლით მიღებულ სხვადასხვა სარგებლობას, მათ შორის ცოდვების მიტევებას.
სიხარული იეჰოვას კურთხევების გამო
24. ვინ არის ერებს შორის კურთხეული „შთამომავლობა“ და როგორ იქცნენ ისინი ამ „შთამომავლობად“?
24 ერებს შორის ზოგმა ადამიანმა დაინახა იეჰოვას კურთხევა თავის ხალხზე. ეს ნაწინასწარმეტყველები იყო იეჰოვას აღთქმით: „განითქმება მათი თესლი ხალხებში და მათი მოდგმა ერებს შორის, და ყოველი მათი დამნახველი აღიარებს, რომ ისინი უფლისაგან კურთხეული თესლია“ (ესაია 61:9). ღვთის ისრაელის წევრები ერებს შორის აქტიურობენ იეჰოვას კეთილგანწყობილების წელიწადის განმავლობაში. დღეს იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ცხებულთა მსახურებას გამოეხმაურა, მილიონებს აღწევს. ღვთის ისრაელთან თანამშრომლობით ერების ამ წარმომადგენლებს ‘უფლისგან კურთხეულ თესლად’ ყოფნის უპირატესობა აქვთ. მათ ბედნიერებას მთელი კაცობრიობა ხედავს.
25, 26. როგორ იზიარებს ყველა ქრისტიანი ესაიას 61:10-ში ჩაწერილ გრძნობებს?
25 ყველა ქრისტიანი — ცხებულები და სხვა ცხვრები — მოუთმენლად ელიან იეჰოვას მარადიულად განდიდების შესაძლებლობას. ისინი მთელი გულით ეთანხმებიან ესაია წინასწარმეტყველს, რომელმაც ღვთისგან შთაგონებით დაწერა: „ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით, სიმართლის მოსასხამი მომასხა; როგორც სიძე იმკობა გვირგვინით და როგორც დედოფალი ირთვება სამკაულებით“ (ესაია 61:10).
26 სიმართლის მოსასხამმოსხმულ ცხებულ ქრისტიანებს გადაწყვეტილი აქვთ იეჰოვას თვალში სუფთად და წმინდად დარჩენა (2 კორინთელთა 11:1, 2). იეჰოვას მიერ მართლებად გამოცხადებულნი, მემკვიდრეობად ზეციერი ცხოვრების მიღების იმედით, ისინი არასოდეს დაუბრუნდებიან უკაცრიელი დიდი ბაბილონის სამფლობელოს, საიდანაც ღმერთმა გაათავისუფლა (რომაელთა 5:9; 8:30). ხსნის ტანსაცმელი მათთვის ძვირფასია. მათ თანამსახურ სხვა ცხვრებს ამნაირადვე აქვთ გადაწყვეტილი, დაიცვან იეჰოვა ღმერთის მიერ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილი მაღალი ნორმები. რადგან მათ „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“, ისინი მართლებად არიან გამოცხადებული და ამიტომ გადაიტანენ „დიდ გასაჭირს“ (გამოცხადება 7:14; იაკობი 2:23, 25). მანამდე კი თავიანთ ცხებულ თანამსახურებს ჰბაძავენ იმაში, რომ თავს არიდებენ დიდი ბაბილონის მიერ გაუწმინდურებას.
27. ა) რა ‘აღმოცენდება’ ათასწლიანი მეფობის დროს? ბ) ახლა უკვე როგორ აღმოცენდება სიმართლე ადამიანებს შორის?
27 დღეს იეჰოვას თაყვანისმცემლები ხარობენ სულიერ სამოთხეში ყოფნის გამო. მალე ისინი ნამდვილ, ფიზიკურ სამოთხეში გაიხარებენ. ჩვენ მოუთმენლად ველით მთელი გულით ამ დროს, რომელიც ცოცხლად არის აღწერილი ესაიას 61-ე თავის ბოლო სიტყვებში: „რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს თავის ამონაზარდს და ბაღი ამოზრდის თავის დანათესს, ასევე უფალი ღმერთი ამოზრდის სიმართლეს და სადიდებელს ყოველი ხალხის წინაშე“ (ესაია 61:11). ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს დედამიწაზე ‘სიმართლე აღმოცენდება’. ადამიანები სიხარულით იყიჟინებენ და სიმართლე გავრცელდება დედამიწის კიდეებამდე (ესაია 26:9). მაგრამ ყველა ერში რომ წარმოითქვას ქება-დიდება, აუცილებელი არ არის, ველოდოთ იმ დიდებულ დღეს. სიმართლე უკვე ახლა აღმოცენდება მილიონობით მართალ ადამიანს შორის, რომლებიც განადიდებენ ზეციერ ღმერთს და აუწყებენ კეთილ ცნობას მისი სამეფოს შესახებ. რწმენა და იმედი უკვე ახლა გვაძლევს ჩვენი ღვთის კურთხევებით გახარების მიზეზს.
[სქოლიო]
a ესაიას 61:5, როგორც ჩანს, შესრულდა ძველ დროს, რადგან იუდაელებს თან ახლდნენ არაიუდაელნი, როცა ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში და ეხმარებოდნენ ქვეყნის აღდგენაში (პირველი ეზრა 2:43—58). მაგრამ მე-6 მუხლში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, როგორც ჩანს, მხოლოდ ღვთის ისრაელს ეხება.
[სურათი 323 გვერდზე]
ტყვეობაში მყოფ იუდაელებს ესაიამ კეთილი ცნობა უნდა უქადაგოს.
[სურათი 331 გვერდზე]
ახ. წ. 33 წლიდან იეჰოვამ 144000 ‘სიმართლის დიდი ხე’ დარგო.
[სურათი 334 გვერდზე]
დედამიწა სიმართლეს აღმოაცენებს.