თავი ოცდამესამე
„ახალი სახელი“
1. რაში გვარწმუნებს ესაიას 62-ე თავი?
დარწმუნება, ნუგეში, აღდგენის იმედი — აი, რა სჭირდებათ ბაბილონში მყოფ გულდამძიმებულ იუდაელებს. იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურებიდან რამდენიმე ათწლეულია გასული. ბაბილონიდან დაახლოებით 800 კილომეტრის მოშორებით, იუდა გაუკაცრიელებულია; თითქოს დაივიწყა იეჰოვამ იუდაელები. რა გამოასწორებს მათ მდგომარეობას? დაპირებები იეჰოვასგან, რომ მათ ის სამშობლოში დააბრუნებს და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენის ნებას მისცემს. მაშინ ისეთი სიტყვები, როგორიცაა „მიტოვებული“ და „უკაცრიელი“, ღვთის მოწონების გამომხატველი სიტყვებით შეიცვლება (ესაია 62:4; ზაქარია 2:12). ესაიას 62-ე თავში მრავლად არის ასეთი დაპირებები. მაგრამ აღდგენასთან დაკავშირებული სხვა წინასწარმეტყველებების მსგავსად, ეს თავიც ბაბილონის ტყვეობიდან იუდაელების გათავისუფლებაზე ბევრად მეტს მოიცავს. ესაიას 62-ე თავი უფრო ფართო მასშტაბით სრულდება და გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვას სულიერი ერი — „ღვთის ისრაელი“ — უეჭველად გადარჩება (გალატელთა 6:16).
იეჰოვა არ დუმს
2. როგორ გამოხატავს იეჰოვა სიონის მიმართ კეთილგანწყობას?
2 ბაბილონი ძვ. წ. 539 წელს ეცემა. ამის შემდეგ სპარსეთის მეფე კიროსი იძლევა ბრძანებას, რომელიც ღვთისმოშიშ იუდაელებს იერუსალიმში დაბრუნებისა და იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის აღდგენის საშუალებას აძლევს (პირველი ეზრა 1:2—4). ძვ. წ. 537 წელს იუდაელების ერთი ჯგუფი უკვე სამშობლოშია. იეჰოვა კიდევ ერთხელ ავლენს თავის კეთილგანწყობილებას იერუსალიმის მიმართ — წარმოთქვამს წინასწარმეტყველებას, რომელშიც თბილი გრძნობებია ჩაქსოვილი: „სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოჩნდება მისი სიმართლე და ანთებული ლამპარივით მისი ხსნა“ (ესაია 62:1).
3. ა) რატომ უარყოფს, საბოლოოდ, იეჰოვა მიწიერ სიონს და ვინ ცვლის მას? ბ) რა სახის განდგომა ხდება და როდის და რა პერიოდში ვცხოვრობთ დღეს?
3 ძვ. წ. 537 წელს იეჰოვამ შეასრულა თავისი წინასწარმეტყველება სიონის, ანუ იერუსალიმის აღდგენასთან დაკავშირებით. მისმა მცხოვრებლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს იეჰოვასგან ხსნა და მათი სიმართლე ნათელივით გამოჩნდა. მაგრამ მოგვიანებით ისინი კვლავ დაშორდნენ წმინდა თაყვანისმცემლობას. საბოლოოდ, იესო უარყვეს როგორც მესია და იეჰოვამაც მიატოვა თავისი რჩეული ერი (მათე 21:43; 23:38; იოანე 1:9—13). იეჰოვას ნებით, ახალი ერი — „ღვთის ისრაელი“ — იშვა. ეს ახალი ერი ღვთის რჩეული ხალხი გახდა; პირველ საუკუნეში მისი წარმომადგენლები ენთუზიაზმით ქადაგებდნენ კეთილ ცნობას იმ დროს ცნობილ ქვეყნებში (გალატელთა 6:16; კოლასელთა 1:23). სამწუხაროდ, მოციქულთა სიკვდილის შემდეგ ჭეშმარიტი რელიგიიდან განდგომა მოხდა. ამის შედეგად განდგომილი ქრისტიანობა ჩამოყალიბდა, რასაც დღევანდელ ქრისტიანულ სამყაროში ვხედავთ (მათე 13:24—30, 36—43; საქმეები 20:29, 30). საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანულ სამყაროს იეჰოვას სახელის შებღალვის ნება ეძლეოდა. მაგრამ ბოლოს, 1914 წელს, იეჰოვას „კეთილგანწყობილების წელიწადი“ დაიწყო და ესაიას წინასწარმეტყველების ეს ნაწილი ფართო მასშტაბით შესრულდა (ესაია 61:2, აქ).
4, 5. ა) ვისი სიმბოლოა დღეს სიონი და მისი შვილები? ბ) რა სახით იყენებს იეჰოვა სიონს, რომ გამოაჩინოს „ანთებული ლამპარივით მისი ხსნა“?
4 იეჰოვას დანაპირები, რომელიც სიონის აღდგენასთან არის დაკავშირებული, დღეს ზეციერ ორგანიზაციაზე — „ზენა იერუსალიმზე“ — სრულდება; ეს ორგანიზაცია დედამიწაზე თავისი შვილებით, სულითცხებული ქრისტიანებით არის წარმოდგენილი (გალატელთა 4:26). იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია მსახურობს როგორც ერთგული დამხმარე — ფხიზელი, მოსიყვარულე და შრომისმოყვარე. რა აღმაფრთოვანებელი მოვლენა იყო, როცა მან მესიანური სამეფო შვა 1914 წელს! (გამოცხადება 12:1—5). განსაკუთრებით 1919 წლიდან მისი შვილები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, ხალხს მისი სიმართლისა და ხსნის შესახებ უქადაგებენ. როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, ეს შვილები სინათლეს ასხივებენ და ბნელს ლამპრებივით ანათებენ (მათე 5:15, 16; ფილიპელთა 2:15).
5 იეჰოვა გულწრფელად არის დაინტერესებული თავისი თაყვანისმცემლებით და არ მოისვენებს, არ დადუმდება, სანამ ყველა დანაპირებს არ შეუსრულებს სიონსა და მის შვილებს. ცხებულთა დარჩენილი ნაწილი და მათი თანამსახური „სხვა ცხვრებიც“ უარს ამბობენ დუმილზე (იოანე 10:16). ისინი ნამდვილად ხმამაღლა მიუთითებენ ხალხს ხსნის ერთადერთ გზაზე (რომაელთა 10:10).
იეჰოვას მიერ დარქმეული „ახალი სახელი“
6. რა აქვს იეჰოვას გამიზნული სიონისთვის?
6 რა აქვს იეჰოვას გამიზნული სიონისთვის — თავისი ზეციერი „დედაკაცისთვის“ — რომელიც ძველი იერუსალიმით იყო წარმოდგენილი? ის ამბობს: «დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს, [„დედაკაცო“, აქ], და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ» (ესაია 62:2). როცა ისრაელები სიმართლით მოქმედებენ, ისინი ხალხების ყურადღებას იქცევენ. მეფეებიც კი იძულებული ხდებიან, აღიარონ, რომ იეჰოვა იყენებს იერუსალიმს და იეჰოვას სამეფოსთან შედარებით ნებისმიერი მმართველობა უმნიშვნელოა (ესაია 49:23).
7. რაზე მიუთითებს სიონის ახალი სახელი?
7 სიონის მდგომარეობის შეცვლას იეჰოვა მისთვის ახალი სახელის დარქმევით ადასტურებს. ეს ახალი სახელი იმაზე მიუთითებს, რომ სიონის მიწიერი შვილები ძვ. წ. 537 წლიდან კურთხეული არიან და საპატიო მდგომარეობა უკავიათa. ეს ცხადყოფს, რომ იეჰოვა სიონს თავის საკუთრებად თვლის. დღეს ღვთის ისრაელისთვის აღმაფრთოვანებელია ის, რომ იეჰოვა ასე ხარობს მათით, და სხვა ცხვრებსაც უხარიათ მათთან ერთად.
8. რა გვიჩვენებს, რომ იეჰოვა პატივისცემით ეპყრობა სიონს?
8 ახალი სახელის დარქმევის შემდეგ იეჰოვა სიონს ჰპირდება: „იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში“ (ესაია 62:3). იეჰოვა აღაზევებს თავის სიმბოლურ ცოლს, ზეციერ სიონს, რათა მან ყველა აღტაცებაში მოიყვანოს (ფსალმუნი 47:3; 49:2). მშვენების შარავანდი და „სამეფო გვირგვინი“ მიუთითებს, რომ ის პატივითა და ძალაუფლებით არის შემოსილი (ზაქარია 9:16). ღვთის ისრაელი, რომლითაც ზეციერი სიონი, ანუ „ზენა იერუსალიმია“ წარმოდგენილი, ღვთის ძლევამოსილების შესანიშნავი გამოვლინებაა (გალატელთა 4:26). იეჰოვას დახმარებით ამ სულიერმა ერმა განსაცვიფრებელი სახით გამოავლინა სიმტკიცე და ერთგულება. მილიონობით ადამიანს — ცხებულებსაც და სხვა ცხვრებსაც — შესანიშნავი რწმენისა და სიყვარულის გამოვლენის ძალა ეძლევა. ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს, ცხებულები დიდებულ ზეციურ ჯილდოს მოიპოვებენ და იეჰოვა მათი მეშვეობით მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანს ქმნილებას, რომელიც დღეს კვნესის (რომაელთა 8:21, 22; გამოცხადება 22:2).
‘იეჰოვასთვის სასურველი ხარ’
9. აღწერეთ სიონის გარდაქმნა.
9 ახალი სახელის დარქმევა ზეციერი სიონის სასურველ გარდაქმნასთან არის დაკავშირებული — სიონისა, რომლის წარმომადგენლებიც მისი მიწიერი შვილები არიან. «აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას — [„როგორც ცოლს“, აქ] დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას [„როგორც ცოლს“, აქ] პატრონი ეყოლება» (ესაია 62:4). მიწიერი სიონი თავისი განადგურების დღიდან — ძვ. წ. 607 წლიდან — გაუკაცრიელებულია. მაგრამ იეჰოვას ნათქვამი სიტყვები არწმუნებს სიონს, რომ აღდგება და მისი ქვეყანა კვლავ დასახლებული იქნება. ერთ დროს გაპარტახებული სიონი აღარასოდეს დაემსგავსება მიტოვებულ ქალს და მისი ქვეყანა აღარასოდეს გაუკაცრიელდება. ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმის აღდგენა სიონის ახალ მდგომარეობაზე მიუთითებს; ეს კი აბსოლუტურად განსხვავდება მაშინდელი მდგომარეობისგან, როცა გაპარტახებული იყო. იეჰოვა აცხადებს, რომ სიონს ეწოდება „ჩემი სასურველი“, ხოლო მის ქვეყანას — „ცოლივით დაპატრონებული“ (ესაია 54:1, 5, 6; 66:8; იერემია 23:5—8; 30:17; გალატელთა 4:27—31).
10. ა) როგორ მოხდა ღვთის ისრაელის გარდაქმნა? ბ) რა არის ღვთის ისრაელის „ქვეყანა“?
10 ღვთის ისრაელმაც 1919 წლიდან მსგავსი ცვლილება განიცადა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ცხებული ქრისტიანები ღვთისგან უარყოფილნი ჩანდნენ. მაგრამ 1919 წელს მათი საპატიო მდგომარეობა აღდგენილ იქნა, მათი თაყვანისმცემლობა კი — განწმენდილი. ამან გავლენა მოახდინა მათ სწავლებებზე, ორგანიზაციასა და საქმიანობაზე. ღვთის ისრაელი თავის „ქვეყანაში“, სულიერ ადგილ-მამულში, ანუ მოღვაწეობის სფეროში შევიდა (ესაია 66:7, 8, 20—22).
11. რა გაგებით ეპატრონებიან იუდაელები თავიანთ დედას, როგორც ცოლს?
11 იეჰოვა კვლავ ხაზს უსვამს თავისი ხალხის საპატიო მდგომარეობას და აცხადებს: «როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს [„როგორც თავის ცოლს“, აქ], ასე [„როგორც ცოლს“, აქ] დაგეპატრონებიან შენი შვილები [„ვაჟები“, აქ]; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი» (ესაია 62:5). როგორ დაეპატრონებიან იუდაელები — სიონის „ვაჟები“ — თავიანთ დედას, როგორც ცოლს? სიონის ვაჟები, რომლებიც ბაბილონის ტყვეობიდან ბრუნდებიან, ეპატრონებიან თავიანთ ძველ დედაქალაქს და კვლავ იქ სახლდებიან. ამ დროს სიონი უკაცრიელი კი აღარ არის, არამედ — ვაჟებით დასახლებული (იერემია 3:14).
12. ა) როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ ცხებული ქრისტიანები იმ ორგანიზაციის ნაწილი არიან, რომელიც მასთან არის შეკრული ქორწინების კავშირით? ბ) დღეს ქორწინების რა ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევს იეჰოვას ურთიერთობა თავის ხალხთან? (იხილეთ ჩარჩო 342-ე გვერდზე).
12 მსგავსად ამისა, 1919 წლიდან ზეციერი სიონის შვილები დაეპატრონნენ თავიანთ ქვეყანას, სულიერ ადგილ-მამულს, რომლის წინასწარმეტყველური სახელია „ცოლივით დაპატრონებული“. ამ ქვეყანაში მათმა ქრისტიანულმა მოღვაწეობამ ცხადი გახადა, რომ ეს ცხებული ქრისტიანები არიან „ხალხი [იეჰოვას] სახელისთვის“ (საქმეები 15:14). მათ მიერ სამეფოს ნაყოფის გამოღებით და იეჰოვას სახელის შესახებ ქადაგებით ნათელი გახდა, რომ ეს ქრისტიანები სასურველნი არიან იეჰოვასთვის. ღმერთმა ცხადი გახადა, რომ ისინი მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ორგანიზაციის ნაწილი არიან. იეჰოვამ ეს ქრისტიანები სულიწმიდით სცხო, გაათავისუფლა სულიერი ტყვეობიდან და ახლა მათ კაცობრიობისთვის სამეფოს იმედის შესახებ ქადაგებაში იყენებს; ყოველივე ამით ის ნათელყოფს, რომ ხარობს მათით, ისევე როგორც სიძე — დედოფლით (იერემია 32:41).
„ნუ დაიდუმებთ“
13, 14. ა) როგორ უზრუნველყოფდა იერუსალიმი თავის მცხოვრებლებს უსაფრთხოებით ძველ დროში? ბ) როგორ იქცა დღეს სიონი „სადიდებლად ქვეყანაზე“?
13 იეჰოვას მიერ დარქმეული ახალი სახელი, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს, ღვთის ხალხს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ღმერთი მათ აღიარებს და მათი პატრონია. ამჯერად, იეჰოვას სხვა მაგალითი მოჰყავს და თავის ხალხს გალავნიან ქალაქს ადარებს: „შენს გალავანზე, იერუსალიმო, დავაყენე ყარაულები; არასოდეს დადუმდებიან, არც დღისით, არც ღამით. უფლის გამახსენებელნო, ნუ დაიდუმებთ! ნუ მოასვენებთ მას, ვიდრე არ დაამყარებს იერუსალიმს და არ გახდის მას სადიდებლად ქვეყანაზე“ (ესაია 62:6, 7). იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს, ბაბილონიდან ერთგული იუდაელების დაბრუნების შემდეგ იერუსალიმი მართლაც ხდება „სადიდებლად ქვეყანაზე“ — გალავნიანი ქალაქი, რომელიც თავის მცხოვრებლებს უსაფრთხოებით უზრუნველყოფს. გალავანზე დაყენებული გუშაგები დღედაღამ ფხიზლობენ, რათა ქალაქის უსაფრთხოებაზე იზრუნონ და გამაფრთხილებელი ცნობები გადასცენ მის მკვიდრთ (ნეემია 6:15; 7:3; ესაია 52:8).
14 ამჟამად იეჰოვა იყენებს თავის ცხებულ გუშაგებს, რათა თვინიერ ხალხს ცრუ რელიგიის მონობისგან გათავისუფლების გზა დაანახვოს. ასეთი ადამიანები მიწვეული არიან მის ორგანიზაციაში, რომელიც იცავს მათ სულიერი მოწამვლისგან, უარყოფითი ზეგავლენისა და იეჰოვას განაწყენებისგან (იერემია 33:9; სოფონია 3:19). ასეთ დაცვაში უდიდეს როლს ასრულებს გუშაგის კლასი, „ერთგული და გონიერი მონა“, რომელიც „დროულად“ გვაძლევს სულიერ „საზრდოს“ (მათე 24:45—47). გუშაგის კლასთან თანამშრომლობით ‘უამრავი ხალხიც’ მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ სიონი „სადიდებლად“ გახდეს „ქვეყანაზე“ (გამოცხადება 7:9).
15. როგორ ემსახურებიან გამუდმებით გუშაგის კლასი და მისი თანამსახურნი იეჰოვას?
15 გუშაგის კლასი და მათი თანამშრომელნი განაგრძობენ მსახურებას! ენთუზიაზმით აღსავსე მილიონობით ერთგული ადამიანის საქმიანობიდან ჩანს, რომ ისინი მთელი გულით მსახურობენ. მათ მხარს უჭერენ მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი ცოლები, იეჰოვას მოწმეთა ბეთელებსა და სტამბებში მომუშავე მოხალისეები, მისიონერები, სპეციალური, საერთო და დამხმარე პიონერები. გარდა ამისა, ისინი ბევრს შრომობენ სამეფო დარბაზების მშენებლობისთვის, ინახულებენ ავადმყოფებს, ეხმარებიან სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებულ რთულ სიტუაციებში მყოფთ, დროულ დახმარებას უწევენ სტიქიური უბედურებებისა და სხვა უბედური შემთხვევების მსხვერპლთ. მრავალი ასეთი თავგანწირული ადამიანი ხშირად, პირდაპირი გაგებით, „დღე და ღამე“ მსახურობს! (გამოცხადება 7:14, 15).
16. რა გაგებით ‘არ ასვენებენ’ იეჰოვას თავისი მსახურები?
16 იეჰოვას მსახურებს ბიბლია მოუწოდებს, რომ განუწყვეტლივ ილოცონ, სთხოვონ ღმერთს, რომ მისი ნება შესრულდეს „როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც“ (მათე 6:9, 10, სსგ; 1 თესალონიკელთა 5:17). აგრეთვე მათ ეძლევათ მითითება, ‘არ მოასვენონ [იეჰოვა]’, სანამ მათი სურვილები და იმედები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენასთან დაკავშირებით არ შესრულდება. იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს, რომ ‘დღედაღამ შეჰღაღადონ [ღმერთს]’, რითაც ხაზი გაუსვა გამუდმებით ლოცვის აუცილებლობას (ლუკა 18:1—8).
ღვთისათვის მსახურება დაჯილდოვდება
17, 18. ა) რა გაგებით უნდა მოელოდნენ სიონის მკვიდრნი, რომ საკუთარი შრომის ნაყოფით გაიხარებენ? ბ) როგორ ხარობს დღეს იეჰოვას ხალხი საკუთარი შრომის ნაყოფით?
17 იეჰოვას მიერ დარქმეული ახალი სახელი არწმუნებს მის ხალხს, რომ მათი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის. „დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და მკლავი თავის ძლიერების. თუ მივცე კვლავ ხორბალი საზრდოდ შენს მტრებს და თუ შესვან უცხოთა შვილებმა შენი ღვინო, შენი ჭირნახული! რადგან მისი მომკალნი თავად შეჭამენ მას და იტყვიან უფლის ქებას; მისი მკრეფელნი თავად შესვამენ ჩემი საწმიდარის ეზოებში“ (ესაია 62:8, 9). იეჰოვას მარჯვენა და ძლიერების მკლავი მისი სიძლიერის სიმბოლოა (მეორე რჯული 32:40; ეზეკიელი 20:5). იეჰოვას მიერ მარჯვენისა და მკლავის დაფიცება იმაზე მიუთითებს, რომ მას განზრახული აქვს სიონის მდგომარეობის შეცვლა. ძვ. წ. 607 წელს იეჰოვა ნებას აძლევს სიონის მტრებს, რომ გაძარცვონ ის და დაიტაცონ მისი ქონება (მეორე რჯული 28:33, 51). ახლა კი სიონის ქონებით მხოლოდ ის დატკბება, ვისაც აქვს ამის უფლება (მეორე რჯული 14:22—27).
18 დღეს ეს წინასწარმეტყველება იმით სრულდება, რომ იეჰოვას ხალხი, რომელიც ადრინდელ მდგომარეობას დაუბრუნდა, უდიდეს სულიერ კეთილდღეობას განიცდის. ისინი სრულად ხარობენ საკუთარი შრომის ნაყოფით — ქრისტიანი მოწაფეების მზარდი რიცხვითა და უხვი სულიერი საკვებით (ესაია 55:1, 2; 65:14). თავისი ხალხის ერთგულების გამო იეჰოვა არ აძლევს მტრებს იმის საშუალებას, რომ ხელი შეუშალონ მათ სულიერ კეთილდღეობას ან წაართვან ნაყოფი, რომელიც მთელი გულით მსახურებას მოაქვს. იეჰოვასთვის მსახურებაში არც ერთი საქმე არ არის ფუჭი (მალაქია 3:10—12; ებრაელთა 6:10).
19, 20. ა) როგორ გასუფთავდა სავალი იუდაელების იერუსალიმში დასაბრუნებლად? ბ) როგორ სუფთავდება დღეს გზა იმისათვის, რომ თვინიერი ადამიანები იეჰოვას ორგანიზაციაში შევიდნენ?
19 ამ ახალი სახელით იეჰოვას ორგანიზაცია მრავალ გულწრფელ ადამიანს იზიდავს. მრავალი იკრიბება მასში და კარი კვლავაც ღიაა. ესაიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: «შედით, შედით კარიბჭეებში, გაუმზადეთ [„გაუსუფთავეთ“, აქ] სავალი ხალხს! მოასწორეთ, მოასწორეთ გზა, გაწმიდეთ ქვებისგან! დროშა აღუმართეთ ხალხებს!» (ესაია 62:10). პირველად ეს მოწოდება იერუსალიმში დაბრუნების მიზნით ბაბილონის სამეფო კარიბჭეებიდან გამოსვლას ეხებოდა. იერუსალიმში დაბრუნებულებს გზა ქვებისგან უნდა გაეწმინდათ, რათა მგზავრობა გაეადვილებინათ და გზა ეჩვენებინათ ხალხისთვის (ესაია 11:12).
20 ცხებული ქრისტიანები 1919 წლიდან ღვთის მსახურებისთვის არიან გამორჩეული და „წმიდა გზით“ მიდიან (ესაია 35:8). მათ პირველებმა დაიწყეს სიარული სულიერ სავალზე, როცა დიდი ბაბილონიდან გამოვიდნენ (ესაია 40:3; 48:20). ღმერთმა მათ ის უპირატესობა მიანიჭა, რომ უხელმძღვანელონ ღვთის ძლიერი საქმეების გაცხადებას და სავალი უჩვენონ ხალხს. ქვებისგან სავალის გაწმენდას — დაბრკოლების ლოდების მოშორებას — ძირითადად, მათთვისვე მოჰქონდა სარგებლობა (ესაია 57:14). მათ ღვთის განზრახვებისა და სწავლებების ნათლად დანახვა ესაჭიროებოდათ. ცრუმოძღვრებები სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე დადებული დაბრკოლების ლოდებია, მაგრამ იეჰოვას სიტყვა ‘უროსავით არის, კლდეს რომ ანგრევს’. ცხებულმა ქრისტიანებმა მისი მეშვეობით დაამსხვრიეს დაბრკოლების ლოდები, რომლებისთვისაც შეიძლება ფეხი წამოეკრათ იეჰოვასთვის მსახურების მსურველებს (იერემია 23:29).
21, 22. რა ნიშანი მისცა იეჰოვამ მათ, რომლებიც ცრუ რელიგიას ტოვებენ, და საიდან ვიცით ეს?
21 ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმმა დასაბრუნებლად და ტაძრის აღსადგენად ნიშანი მისცა დარჩენილ იუდაელებს (ესაია 49:22). 1919 წელს, როცა ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ცრუ რელიგიის ტყვეობიდან გათავისუფლდა, უმიზნოდ ხეტიალი არ დაუწყიათ. მათ იცოდნენ თავიანთი დანიშნულება, რადგან იეჰოვასგან ნიშანი მიიღეს. რა ნიშანი? ეს ნიშანი ესაიას 11:10-შია ნაწინასწარმეტყველები: «იმ დღეს ხალხთა დროშად [„ნიშნად“, აქ] იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი». პავლე მოციქული ამ სიტყვებს იესოს უკავშირებს (რომაელთა 15:8, 12). დიახ, ნიშანი იესო ქრისტეა, რომელიც ზეციერი სიონის მთაზე მეფობს! (ებრაელთა 12:22; გამოცხადება 14:1).
22 ცხებული ქრისტიანებიც და სხვა ცხვრებიც იესო ქრისტესთან არიან შეკრებილი, რათა გაერთიანებული იყვნენ უზენაესი ღვთისადმი თაყვანისცემაში. მისი მმართველობა გაამართლებს იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას და აკურთხებს გულწრფელ ადამიანებს ყველა ერიდან. განა ეს მიზეზი არ არის ყოველი ჩვენგანისთვის, რომ ჩვენც ხოტბა შევასხათ მას?
„მოდის შენი ხსნა“!
23, 24. როგორ მოდის ხსნა ღვთის მორწმუნე ადამიანებისთვის?
23 ახალი სახელი, რომელსაც იეჰოვა ცოლის მსგავს ორგანიზაციას არქმევს, მისი შვილების მარადიულ ხსნასთან არის დაკავშირებული. ესაია წერს: „აჰა, გამოუცხადა უფალმა ქვეყნის კიდეებს: უთხარით სიონის ასულს: აჰა, მოდის შენი ხსნა. აჰა, მასთანვეა მისი საზღაური და მის წინაა მისი გასამრჯელო!“ (ესაია 62:11). იუდაელებისთვის ხსნა მაშინ მოვიდა, როცა ბაბილონი დაეცა და ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. მაგრამ ეს სიტყვები უფრო მეტს მოიცავს. იეჰოვას განაცხადი გვახსენებს ზაქარიას წინასწარმეტყველებას, რომელიც იერუსალიმთან არის დაკავშირებული: „იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე“ (ზაქარია 9:9).
24 სამ-ნახევარი წელიწადი რომ გავიდა მას შემდეგ, რაც იესო წყალში მოინათლა და ღვთის სულიწმიდით იქნა ცხებული, იერუსალიმში შევიდა და მისი ტაძარი განწმინდა (მათე 21:1—5; იოანე 12:14—16). დღეს იესოს ღვთისმიერი ხსნა მოაქვს ყველასთვის, ვისაც ღმერთი სწამს. თავისი გამეფებიდან — 1914 წლიდან — იესო აგრეთვე იეჰოვას მიერ დანიშნული მოსამართლე და განაჩენის აღმასრულებელია. გამეფებიდან სამ-ნახევარი წლის შემდეგ — 1918 წელს — მან განწმინდა იეჰოვას სულიერი ტაძარი, რომელიც დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანებით იყო წარმოდგენილი (მალაქია 3:1—5). მისი, როგორც ნიშნის, გამოჩენით დაიწყო მესიანური სამეფოს მხარდასაჭერად მთელ დედამიწაზე უამრავი ხალხის შეკრება. ისევე როგორც ძველად, ახლაც „ხსნა“ ღვთის ისრაელისთვის მაშინ მოვიდა, როცა ისინი დიდი ბაბილონიდან გათავისუფლდნენ; ეს მოხდა 1919 წელს. ყველა თავგანწირულ მომკელს ელის „ჯილდო“, ანუ „საზღაური“ — მარადიული სიცოცხლე ზეცაში ან დედამიწაზე. ყველას, ვინც ერთგულებას ინარჩუნებს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მათი „შრომა ფუჭი არ არის უფლის წინაშე“ (1 კორინთელთა 15:58, სსგ).
25. რაში არწმუნებს იეჰოვა თავის ხალხს?
25 რა შესანიშნავი იმედი აქვთ იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას, დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულ წარმომადგენლებს და ყველას, ვინც მათთან თანამშრომლობს! (მეორე რჯული 26:19). ესაიამ იწინასწარმეტყველა: „დაარქმევენ მას: წმინდა ერი, უფლის გამოსყიდული. შენ კი დაგერქმევა: მოძებნილი ქალაქი, მიუტოვებელი“ (ესაია 62:12). ერთ დროს „ზენა იერუსალიმი“, რომელიც ღვთის ისრაელით არის წარმოდგენილი, თავს მიტოვებულად გრძნობდა. ეს აღარასოდეს გამეორდება. იეჰოვას ხალხი ყოველთვის ღვთის მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ იქნება და მის მოწონებას დაიმსახურებს.
[სქოლიო]
a ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები „ახალი სახელი“ შეიძლება მიუთითებდეს ახალ მდგომარეობაზე ან უპირატესობაზე (გამოცხადება 2:17; 3:12).
[ჩარჩო 342 გვერდზე]
ბრწყინვალე მაგალითი ქორწინებისთვის
როცა ადამიანები ქორწინდებიან, ქორწინებიდან ყველა რაღაცას მოელის. მაგრამ რას მოელის ღმერთი? ქორწინება მან დააფუძნა. რა განზრახვა ჰქონდა მას?
ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით ისრაელ ერთან მისი ურთიერთობიდან ჩანს. ესაია ამ ურთიერთობას ქორწინებას ადარებს (ესაია 62:1—5, აქ). ყურადღება მიაქციეთ, რას აკეთებს იეჰოვა ღმერთი, როგორც „ქმარი“, თავისი „პატარძლისთვის“. ის იცავს და განწმენდს მას (ესაია 62:6, 7, 12). პატივს სცემს და აფასებს (ესაია 62:3, 8, 9). ის სასურველია მისთვის, რაც მის მიერ დარქმეული ახალი სახელიდანაც ჩანს (ესაია 62:4, 5, 12).
ესაიას მიერ იეჰოვასა და ისრაელის ურთიერთობის აღწერას ძალიან ჰგავს ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოცემული შედარება: პავლე ცოლისა და ქმრის ურთიერთობას ადარებს ქრისტესა და ცხებულ ქრისტიანთა კრების ურთიერთობას (ეფესელთა 5:21—27).
პავლე დაქორწინებულ ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ იესოსა და კრების ურთიერთობისთვის მიებაძათ. არ არსებობს იმაზე მეტი სიყვარული, რასაც იეჰოვა ავლენს ისრაელის მიმართ და რასაც ქრისტე ავლენს კრების მიმართ. სიმბოლური ენით აღწერილი ეს ურთიერთობები ბრწყინვალე მაგალითია ქრისტიანებს შორის წარმატებული და ბედნიერი ქორწინებისთვის (ეფესელთა 5:28—33).
[სურათი 339 გვერდზე]
იეჰოვა ზეციერ სიონს ახალ სახელს დაარქმევს.
[სურათი 347 გვერდზე]
ჩვენს დროში იეჰოვას გუშაგის კლასი არ დადუმებულა.