თავი ოცდამეხუთე
მოსანანიებელი ლოცვა
1, 2. ა) რა მიზანს ემსახურება ღვთისმიერი წვრთნა? ბ) იეჰოვასგან წვრთნასთან დაკავშირებით რა არჩევნის წინაშე იქნებიან იუდაელები?
იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურება ძვ. წ. 607 წელს იეჰოვასგან წვრთნა იყო და, ამავე დროს, ამ მოვლენით მისი დიდი უკმაყოფილება გამოიხატებოდა. ურჩი იუდაელები მკაცრ სასჯელს იმსახურებდნენ. მაგრამ იეჰოვას არ უნდოდა მათი განადგურება. პავლე მოციქულმა მიანიშნა, თუ რა მიზნით წვრთნიდა იეჰოვა თავის ხალხს: „ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომში სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა“ (ებრაელთა 12:11).
2 როგორ იმოქმედებენ იუდაელები ამ მწარე გამოცდილების მიღების შემდეგ? შეიძულებენ თუ მიიღებენ იეჰოვასგან წვრთნას? (ფსალმუნი 49:16, 17). მოინანიებენ და განიკურნებიან? (ესაია 57:18; ეზეკიელი 18:23). ესაიას წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ იუდას ყოფილ მკვიდრთაგან ზოგიერთი მაინც დადებითად გამოეხმაურება ამ წვრთნას. 63-ე თავის ბოლო მუხლებიდან 64-ე თავის ჩათვლით, იუდაელები აღწერილი არიან მომნანიებელ ხალხად, რომელიც გულწრფელი ვედრებით მიმართავს იეჰოვას. ესაია წინასწარმეტყველი მოსანანიებელ ლოცვას წარმოთქვამს თავის თანამემამულეთა გულისთვის, რომლებსაც გადასახლება ელით. ამ დროს ის მომავალ მოვლენებზე ისე ლაპარაკობს, თითქოს უკვე მომხდარიყოს მის თვალწინ.
თანამგრძნობი მამა
3. ა) როგორ განადიდებს იეჰოვას ესაიას წინასწარმეტყველური ლოცვა? ბ) როგორ გვიჩვენებს დანიელის ლოცვა, რომ ესაიას წინასწარმეტყველური ლოცვა ბაბილონში გადასახლებული მომნანიებელი იუდაელების აზრებს გამოხატავს? (იხილე ჩარჩო 362-ე გვერდზე).
3 ესაია ევედრება იეჰოვას: „გადმოიხედე ციდან და იხილე შენი წმიდა და დიდებული სამყოფელიდან“. წინასწარმეტყველი ლაპარაკობს ზეცაზე, სადაც იეჰოვა და მისი უხილავი სულიერი ქმნილებები იმყოფებიან. ესაია გადასახლებულ იუდაელთა აზრებს გამოხატავს და განაგრძობს: „სად არის შენი შური და ძლიერება? შენი გულისწუხილი და სიბრალული შემწყდარია ჩემს მიმართ“ (ესაია 63:15). იეჰოვამ არ გამოავლინა თავისი ძლიერება და შეიკავა ღრმა გრძნობები — „გულისწუხილი და სიბრალული“ — თავისი ხალხის მიმართ. მიუხედავად ამისა, იეჰოვა მაინც იუდაელების „მამაა“. მათი წინაპრები — აბრაამი და ისრაელი (იაკობი) — რომ გაცოცხლებულიყვნენ, მათ, ალბათ, სურვილი გაუჩნდებოდათ, უარეყოთ თავიანთი განდგომილი შთამომავლები. მაგრამ იეჰოვა მეტად თანამგრძნობია (ფსალმუნი 26:10). ესაია მადლიერებით ამბობს: „შენ, უფალი, ხარ ჩვენი მამა. ჩვენი გამომსყიდველია შენი სახელი უკუნითიდან“ (ესაია 63:16).
4, 5. ა) რა გაგებით გადაახვევინა იეჰოვამ თავის ხალხს თავისი გზებიდან? ბ) როგორი თაყვანისცემა სურს იეჰოვას?
4 ესაია კვლავ მთელი გულით ლოცულობს: „რისთვის გადაგვახვევინე, უფალო, შენი გზებიდან, რისთვის გაგვიქვავე გულები, რომ აღარ გვეშინია შენი? მობრუნდი შენს მორჩილთან შენი სამკვიდროს შტოთა გულისათვის“ (ესაია 63:17). დიახ, ესაია ევედრება იეჰოვას, რომ მან კვლავ ყურადღება მიაქციოს თავის მსახურებს. მაგრამ რა გაგებით გადაახვევინა იეჰოვამ იუდაელებს თავისი გზებიდან? იეჰოვას ბრალია მათი გულქვაობა, რის გამოც აღარ ეშინიათ მისი? არა, მაგრამ მან დაუშვა ეს და იუდაელები სასოწარკვეთილნი მოთქვამენ იმის გამო, რომ იეჰოვამ მათ ასეთი თავისუფლება მისცა (გამოსვლა 4:21; ნეემია 9:16). ისინი ნატრობენ, რომ იეჰოვა ჩაერიოს და ხელი შეუშალოს მათ არასწორ მოქმედებაში.
5 რა თქმა უნდა, იეჰოვა ადამიანებს ასე არ ეპყრობა. ჩვენ ნების თავისუფლება გვაქვს და იეჰოვა უფლებას გვაძლევს, თვითონ გადავწყვიტოთ, დავემორჩილებით მას თუ არა (მეორე რჯული 30:15—19). იეჰოვას გულიდან და სულიდან, გულწრფელი სიყვარულიდან, გამომდინარე თაყვანისცემა სურს. ამიტომ მან იუდაელებს თავიანთი სურვილისამებრ მოქცევის ნება დართო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ ღვთის წინააღმდეგ აჯანყების უფლებასაც კი აძლევდა. მან ამ გაგებით გაუქვავა გულები იუდაელებს (მეორე ნეშტთა 36:14—21).
6, 7. ა) რა მოჰყვა შედეგად იუდაელთა მიერ იეჰოვას გზების მიტოვებას? ბ) რა ამაო სურვილს გამოთქვამდნენ იუდაელები და რისი იმედი არ უნდა ჰქონოდათ?
6 რა იყო შედეგი? ესაია წინასწარმეტყველებს: „მცირეხანს ეპყრა შენს წმიდა ხალხს, ჩვენმა მტრებმა გათელეს შენი საწმიდარი. ისე ვართ, თითქოს არ გეხელმწიფოს ჩვენზე უკუნითიდან, თითქოს ზედ არ გვეწეროს შენი სახელი“ (ესაია 63:18, 19). იეჰოვას ხალხს მცირე ხანს ეპყრა თავისი საწმიდარი. შემდეგ იეჰოვამ დაუშვა მისი განადგურება და თავისი ერის ტყვედ წაყვანა. ეს რომ მოხდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს არავითარი კავშირი არ ყოფილა ღმერთსა და აბრაამის შთამომავლებს შორის და თითქოს არ სწერებიათ ღვთის სახელი. ახლა ბაბილონის ტყვეობაში მყოფი იუდაელები სასოწარკვეთილნი ამბობენ: „ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენს წინაშე! როგორც გიზგიზებს ცეცხლმოკიდებული ფიჩხი, როგორც წყალს ადუღებს ცეცხლი! რომ აცოდინო შენი სახელი შენს მტრებს! შეძრწუნდებოდნენ შენს წინაშე ხალხები“ (ესაია 64:1). იეჰოვას მართლა შესწევს ხალხის ხსნის ძალა. მას ნამდვილად შეეძლო, ჩამოსულიყო და თავისი ხალხის გულისთვის ებრძოლა, ცასავით გაეპო ხელისუფლებანი და მთისმაგვარი იმპერიები დაეშალა. იეჰოვას შეეძლო, თავი გამოედო თავისი ხალხისთვის და ამით ცნობილი გაეხადა თავისი სახელი.
7 იეჰოვას წარსულში გაუკეთებია მსგავსი რამ. ესაია ამბობს: „როცა ახდენდი სასწაულებს, რომელთაც არ ველოდი, ჩამოდიოდი და მთები დნებოდნენ შენს წინაშე“ (ესაია 64:2). ასეთი დიდებული საქმეები იეჰოვას სიძლიერესა და ღვთაებრიობაზე მეტყველებს. მაგრამ ესაიას თანამედროვე მოღალატე იუდაელებს უფლება არ ჰქონდათ, ეფიქრათ, რომ იეჰოვა მათი გულისთვის ასეთ საქმეებს მოიმოქმედებდა.
ხსნის ძალა მხოლოდ იეჰოვას შესწევს
8. ა) რით განსხვავდება იეჰოვა წარმართთა ცრუ ღმერთებისგან? ბ) რატომ არ იხსნის იეჰოვა თავის ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია ამის გაკეთება? გ) როგორ ციტირებს და როგორ იყენებს პავლე ესაიას 64:4-ს? (იხილე ჩარჩო 366-ე გვერდზე).
8 ცრუ ღმერთებს თავიანთ თაყვანისმცემელთა ხსნის ძალა არ შესწევთ. ესაია წერს: „უკუნითიდან არ სმენიათ, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უხილავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომელიც ასე მოქცეოდეს თავის მოიმედეს. შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით სჩადის სიმართლეს და ახსოვხართ თავის გზებზე“ (ესაია 64:3, 4ა). მხოლოდ იეჰოვა ‘მიაგებს სანაცვლოს თავის მაძიებელს’ (ებრაელთა 11:6). ის იცავს მათ, ვინც სიმართლით მოქმედებს და ვისაც ახსოვს იგი (ესაია 30:18). მოქმედებდნენ ასე იუდაელები? არა. ესაია ეუბნება იეჰოვას: «აჰა, მრისხანე [„აღშფოთდი“, აქ], რადგან ცოდვა გვაქვს ჩადენილი, რა ხანია, და როგორღა გადავრჩებით?» (ესაია 64:4ბ). რადგან ღვთის ხალხი უკვე დიდი ხანია ჯიუტად სცოდავს, იეჰოვას არანაირი საფუძველი არა აქვს, რომ აღშფოთება დამალოს და ნაბიჯი გადადგას მათ სახსნელად.
9. რისი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ მომნანიებელ იუდაელებს და რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან?
9 იუდაელები წარსულს ვერ შეცვლიან, მაგრამ, თუ მოინანიებენ და წმინდა თაყვანისმცემლობას დაუბრუნდებიან, შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ, რომ ცოდვები მიეტევებათ და მომავალში კურთხევებს მოიმკიან. იეჰოვა თავის დროზე დააჯილდოებს მომნანიებლებს — გაათავისუფლებს მათ ბაბილონის ტყვეობიდან. მაგრამ მათ მოთმინება სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ მოინანიეს, იეჰოვა თავის განრიგს არ შეცვლის. მაგრამ, თუ ფხიზლად იქნებიან და შეასრულებენ იეჰოვას ნებას, შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ საბოლოოდ გათავისუფლდებიან. მსგავსად ამისა, დღეს ქრისტიანები მოთმინებით ელიან იეჰოვას (2 პეტრე 3:11, 12). ჩვენ გულთან ახლოს მიგვაქვს პავლე მოციქულის სიტყვები: „სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით“ (გალატელთა 6:9).
10. რას აღიარებს ესაია გულწრფელად ლოცვაში?
10 ესაიას წინასწარმეტყველური ლოცვა ცოდვების ფორმალურ აღიარებაზე მეტია. ესაია გულწრფელად აღიარებს, რომ ამ ერს საკუთარი თავის ხსნა არ შეუძლია. წინასწარმეტყველი ამბობს: «ყველანი უწმიდურებივით შევიქენით და ყოველი ჩვენი სიქველე [„სიმართლე“, ძვო] წარმავალი სამოსელივითაა [„ვითარცა ძონძი უწმინდური“, ძვო]; ფოთოლივით ვართ ყველანი დამჭკნარნი და ჩვენი ცოდვებისგან, როგორც ქარისგან, წაღებულნი» (ესაია 64:5). როცა გადასახლებაში ყოფნის პერიოდი იწურება, მომნანიებელი იუდაელები, შესაძლოა, აღარ არიან განდგომილნი. შესაძლოა, ისინი მობრუნდნენ იეჰოვასკენ და სიმართლით მოქმედებენ. მაგრამ ისინი კვლავ არასრულყოფილები არიან. თუმცა მათი კეთილი საქმეები საქებარია, მაგრამ ცოდვების გამოსასყიდად ისეთივე უმაქნისია, როგორც ბინძური ტანსაცმელი. იეჰოვას მიერ ცოდვების მიტევება დაუმსახურებელი საჩუქარია, რომელსაც მადლით გვაძლევს; მისი დამსახურება შეუძლებელია (რომაელთა 3:23, 24).
11. ა) რა არაჯანსაღ სულიერ მდგომარეობაშია გადასახლებულ იუდაელთა უმრავლესობა და რატომ? ბ) ვინ გამოავლინა მისაბაძი რწმენა გადასახლების დროს?
11 რას ხედავს ესაია, როცა წინ იხედება? წინასწარმეტყველი ამბობს: „არავინაა შენი სახელის მხმობელი, რომ გამოიფხიზლოს თავი და მოგეჭიდოს, რადგან სახე დაფარული გაქვს ჩვენგან და გვადნობ ჩვენივე ცოდვების ხელით“ (ესაია 64:6). იუდაელები სულიერად საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან. ხალხი ღვთის სახელს არ მოუხმობს ლოცვაში. თუმცა იუდაელები მძიმე ცოდვებს აღარ სჩადიან, როგორც ჩანს, ისინი უგულისყუროდ ეკიდებიან თავიანთ თაყვანისმცემლობას, არ ‘იფხიზლებენ თავს და [არ] ეჭიდებიან’ იეჰოვას. მათ აშკარად არაჯანსაღი ურთიერთობა აქვთ შემოქმედთან. შეიძლება ზოგი თავს უღირსად თვლის, რომ იეჰოვას ლოცვით მიმართოს. სხვები, შესაძლოა, იმდენად დაკავებული არიან ყოველდღიური საქმეებით, რომ ღმერთი აღარც ახსოვთ. რა თქმა უნდა, გადასახლებულთა შორის ისეთი ადამიანებიც არიან, როგორიცაა დანიელი, ხანანია, მისაელი, ყაზარია და ეზეკიელი; ისინი რწმენის ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევენ (ებრაელთა 11:33, 34). როცა იწურება იუდაელების გადასახლებაში ყოფნის 70-წლიანი პერიოდი, ანგია, ზაქარია, ზერუბაბელი და მღვდელმთავარი იესო მზად არიან, ხელმძღვანელობა გაუწიონ ხალხს, რომელიც იეჰოვას სახელს მოუხმობს. მაგრამ, როგორც ჩანს, ესაიას წინასწარმეტყველური ლოცვა გადასახლებულთა უმრავლესობის მდგომარეობას აღწერს.
‘მორჩილება საკლავზე უკეთესია’
12. როგორ გამოხატავს ესაია მომნანიებელი იუდაელების სურვილს, რომ გამოასწორონ თავიანთი ყოფაქცევა?
12 მომნანიებელ იუდაელებს სურვილი აქვთ, რომ შეიცვალონ. ესაია მათი სახელით ევედრება იეჰოვას: „ახლა კი, უფალო, ჩვენი მამა ხარ, ჩვენ თიხა ვართ და შენ ჩვენი გამომსახველი. შენი ხელის ქმნილება ვართ ყველანი“ (ესაია 64:7). ამ სიტყვებით ერთხელ კიდევ მტკიცდება, რომ იეჰოვაა მამა, ანუ სიცოცხლის მომცემი (იობი 10:9). მომნანიებელი იუდაელები ადვილად მოსაზელ თიხას არიან შედარებული. ვინც იეჰოვას წვრთნას ემორჩილება, შეიძლება ითქვას, რომ ფორმას მიიღებს ანუ გამოიძერწება ღვთის ნორმების შესაბამისად. მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ იეჰოვა, მათი გამომსახველი, აპატიებს მათ. ამიტომ ესაია ორჯერ ევედრება იეჰოვას, ახსოვდეს, რომ იუდაელები მისი ხალხია: „მეტისმეტად ნუ მრისხანებ, უფალო, და სამარადისოდ ნუ გახსოვს ჩვენი ცოდვა. აჰა, მოგვხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი“ (ესაია 64:8).
13. რა მდგომარეობაშია ისრაელის მიწა ღვთის ხალხის გადასახლებაში ყოფნის დროს?
13 გადასახლებისას იუდაელებს წარმართთა ქვეყანაში ტყვეობაზე მეტის ატანა უწევთ. განადგურებული იერუსალიმი და მისი ტაძარი მათაც არცხვენს და მათ ღმერთსაც. ესაიას მიერ წარმოთქმულ მოსანანიებელ ლოცვაში ამის რამდენიმე მიზეზია აღწერილი: „შენი წმიდა ქალაქები უდაბნოდ იქცა; გაუდაბურდა სიონი, გაუკაცრიელდა იერუსალიმი! ჩვენი სახლი, წმიდა და დიდებული, სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას აღგივლენდა, ცეცხლს მიეცა და ჩვენი სანატრელი ადგილები გაუკაცრიელდა“ (ესაია 64:9, 10).
14. ა) რა გაფრთხილება მისცა იეჰოვამ იუდაელებს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით? ბ) მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ხარობდა თავისი ტაძრითა და იქ შეწირული შესაწირავებით, რა იყო უფრო მნიშვნელოვანი?
14 რა თქმა უნდა, იეჰოვამ კარგად იცის, რა ხდება იუდაელთა სამშობლოში. იერუსალიმის განადგურებამდე 420 წლით ადრე მან გააფრთხილა თავისი ხალხი, რომ, თუ მისი მცნებებიდან გადაუხვევდნენ და სხვა ღმერთებისთვის მსახურებას შეუდგებოდნენ, ‘გაწყვეტდა მათ მიწის პირისგან’ და ‘ნანგრევებად იქცეოდა’ მშვენიერი ტაძარი (მესამე მეფეთა 9:6—9). იეჰოვა ხარობდა თავისი ხალხისთვის მიცემული ქვეყნით, თავის საპატივსაცემოდ აგებული დიდებული ტაძრითა და მისთვის შეწირული შესაწირავებით. მაგრამ ერთგულება და მორჩილება ყოველივე მატერიალურზე — შესაწირავებზეც კი — ბევრად მნიშვნელოვანია. წინასწარმეტყველმა სამუელმა მართებულად უთხრა მეფე საულს: „განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება — ცხვრების ლურთებზე“ (პირველი მეფეთა 15:22).
15. ა) რას ევედრება ესაია იეჰოვას თავის წინასწარმეტყველურ ლოცვაში და როგორ პასუხობს ღმერთი მის თხოვნას? ბ) რა მოვლენებმა განაპირობა იეჰოვას მიერ ისრაელის, როგორც ერის, საბოლოო უარყოფა?
15 მაგრამ შესაძლებელია, რომ ისრაელის ღმერთი თავისი მომნანიებელი ხალხის უბედურებას უყურებდეს და სიბრალულის გრძნობით არ ივსებოდეს? ამ კითხვით ასრულებს ესაია თავის წინასწარმეტყველურ ლოცვას. გადასახლებული იუდაელების გულისთვის, ის ღმერთს მიმართავს: „ნუთუ არ შეგძრავს, უფალო, ეს ამბები? ნუთუ კვლავ იდუმებ და გაგვტანჯავ მეტისმეტად?“ (ესაია 64:11). ბოლოს იეჰოვა მიუტევებს თავის ხალხს და ძვ. წ. 537 წელს მიჰყავს ისინი თავიანთ ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინონ (იოველი 2:13). მაგრამ საუკუნეების შემდეგ იერუსალიმი და მისი ტაძარი კვლავ განადგურდა და ღმერთმა საბოლოოდ უარყო ერი, რომელთანაც კავშირი ჰქონდა შეკრული. რატომ? იმიტომ რომ იეჰოვას ხალხმა მისი მცნებებიდან გადაუხვია და უარყო მესია (იოანე 1:11; 3:19, 20). ამის შემდეგ იეჰოვამ ისრაელი ახალი ერით, სულიერი ერით, კერძოდ „ღვთის ისრაელით“, შეცვალა (გალატელთა 6:16; 1 პეტრე 2:9).
იეჰოვა, „მომსმენი ლოცვისა“
16. რას გვასწავლის ბიბლია იეჰოვას მიმტევებლობასთან დაკავშირებით?
16 ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იქიდან, რაც ისრაელს შეემთხვა. ვხედავთ, რომ იეჰოვა „კეთილი და შემბრალეა“ (ფსალმუნი 85:5). ჩვენი, როგორც არასრულყოფილი ქმნილებების ხსნა, მის მადლსა და მიმტევებლობაზეა დამოკიდებული. ვერაფერს გავაკეთებთ ისეთს, რომ ეს კურთხევები დავიმსახუროთ. მაგრამ იეჰოვა თავის მიმტევებლობას განურჩველად ყველას მიმართ არ ავლენს. ღმერთი მხოლოდ მას აპატიებს, ვინც თავის ცოდვებს ინანიებს და აღარ იმეორებს (საქმეები 3:19, 20ა).
17, 18. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვას ნამდვილად აინტერესებს ჩვენი ფიქრები და გრძნობები? ბ) რატომ ავლენს იეჰოვა მოთმინებას ცოდვილი ხალხის მიმართ?
17 ასევე ვიგებთ, რომ იეჰოვა დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენს აზრებსა და გრძნობებს, როდესაც მათ მისდამი ლოცვაში გამოვთქვამთ. ის ‘ლოცვების მომსმენია’ (ფსალმუნი 64:3, 4). პეტრე მოციქული გვარწმუნებს: „რადგან ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი — მათი ვედრების მიმართ“ (1 პეტრე 3:12). ვსწავლობთ იმასაც, რომ მოსანანიებელ ლოცვაში თავმდაბლად უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები (იგავნი 28:13). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვთის მადლი ბოროტად უნდა გამოვიყენოთ. ბიბლია აფრთხილებს ქრისტიანებს, რომ ‘ფუჭად არ მიიღონ ღვთის მადლი’ (2 კორინთელთა 6:1).
18 ბოლოს, ვიგებთ, თუ რა მიზნით არის ღმერთი მომთმენი თავისი ცოდვილი ხალხის მიმართ. როგორც პეტრე მოციქულმა ახსნა, იეჰოვა მოთმინებას ავლენს, რადგან „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). მაგრამ ვინც გამუდმებით ბოროტად იყენებს ღვთის მოთმინებას, საბოლოოდ, დაისჯება. ამასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „[იეჰოვა] ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას — საუკუნო სიცოცხლეს; ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას — რისხვასა და გულისწყრომას“ (რომაელთა 2:6—8).
19. რა უცვლელი თვისებები აქვს იეჰოვას, რომლებსაც ყოველთვის გამოავლენს?
19 სწორედ ასე ეპყრობოდა ღმერთი ძველ ისრაელს. დღეს იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა ამავე პრინციპებზეა დაფუძნებული, რადგან ღმერთი არ იცვლება. თუმცა სასჯელს არ ააცილებს მათ, ვინც ამას იმსახურებს, ის ყოველთვის იქნება ‘უფალი, ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი, შემნახავი სიყვარულისა ათასთა მიმართ, დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელი’ (გამოსვლა 34:6, 7).
[ჩარჩო/სურათები 362 გვერდზე]
დანიელის მიერ წარმოთქმული მოსანანიებელი ლოცვა
წინასწარმეტყველი დანიელი იუდაელების ტყვეობის 70-წლიანი პერიოდის განმავლობაში ბაბილონში ცხოვრობდა. გადასახლებიდან 68-ე წელს დანიელმა იერემიას წინასწარმეტყველებიდან გაიგო, რომ ისრაელებს დიდხანს აღარ მოუწევდათ სხვა ქვეყანაში ცხოვრება (იერემია 25:11; 29:10; დანიელი 9:1, 2). მან ლოცვით მიმართა იეჰოვას; ეს იყო ყველა იუდაელის სახელით წარმოთქმული მოსანანიებელი ლოცვა. დანიელი მოგვითხრობს: „პირი მივაქციე უფალი ღმერთისკენ და მივმართე ლოცვითა და ვედრებით, მარხვაში, ჯვალოში და ნაცარში; ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის მიმართ, ვაღიარე“ (დანიელი 9:3, 4).
როცა დანიელმა ეს ლოცვა წარმოთქვა, ორასი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ესაიამ ჩაწერა წინასწარმეტყველური ლოცვა, რომელიც მისი წიგნის 63-ე და 64-ე თავებში გვხვდება. ეჭვგარეშეა, ბევრი გულწრფელი იუდაელი გადასახლებაში ყოფნისას ლოცვით მიმართავდა იეჰოვას იმ რთული წლების მანძილზე. მაგრამ ბიბლია ყურადღებას ამახვილებს დანიელის ლოცვაზე, რომელშიც, როგორც ჩანს, მრავალი ერთგული იუდაელის გრძნობებია გამოხატული. ამგვარად, მისი ლოცვა გვიჩვენებს, რომ ესაიას წინასწარმეტყველურ ლოცვაში ბაბილონში მყოფი ერთგული იუდაელების გრძნობები იყო გამოხატული.
ყურადღება მიაქციეთ დანიელისა და ესაიას ლოცვებს შორის მსგავსებას.
ესაია 64:9, 10 დანიელი 9:16—18
[ჩარჩო 366 გვერდზე]
„თვალს არ უნახავს“
კორინთელთა მიმართ მიწერილ წერილში პავლე მოციქულმა ესაიას წიგნიდან მოიყვანა ციტატა: «მაგრამ, როგორც წერია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს“» (1 კორინთელთა 2:9)a. არც პავლეს და არც ესაიას სიტყვები არ მიუთითებს იმაზე, რასაც იეჰოვა უმზადებს თავის ხალხს ზეციურ მემკვიდრეობასა თუ მომავალ მიწიერ სამოთხეში. პავლე ესაიას სიტყვებს იმ კურთხევების აღსაწერად იყენებს, რომელიც უკვე ჰქონდათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს. ეს იყო ღვთის სიღრმეთა გაგება და იეჰოვასგან სულიერი განათლების მიღება.
ჩვენ ღრმა სულიერი საკითხები მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გავიგოთ, როცა იეჰოვა თვლის საჭიროდ, რომ გაგვიმხილოს; თანაც ამისათვის აუცილებელია, სულიერი ადამიანები ვიყოთ და ახლო ურთიერთობა გვქონდეს იეჰოვასთან. პავლეს სიტყვები ვრცელდება მათზე, ვინც სულიერად სუსტია, ან ვისაც სულ არა აქვს სულიერობა. მათი თვალები ვერ ხედავენ ანუ ვერ სწვდებიან სულიერ ჭეშმარიტებებს, ხოლო მათი ყურისთვის გაუგებარია ასეთი საკითხები ანუ ვერ იგებენ მათ. ასეთი ხალხის გულამდე ვერც კი აღწევს ცოდნა იმის შესახებ, რასაც ღმერთი უმზადებს თავის მოყვარულთ. მაგრამ ღვთისადმი მიძღვნილ ადამიანებს, როგორიც იყო პავლე, ღმერთმა თავისი სულის მეშვეობით გაუმჟღავნა ეს ყოველივე (1 კორინთელთა 2:1—16).
[სქოლიო]
a ებრაულ წერილებში არ გვხვდება ზუსტად ის სიტყვები, რომლებიც პავლემ ციტატის სახით მოიყვანა. როგორც ჩანს, მან გააერთიანა აზრები ესაიას 52:15; 64:3-დან და 65:17-დან.
[სურათი 367 გვერდზე]
იერუსალიმი და მისი ტაძარი ‘მცირე ხნით’ იყო ღვთის ხალხის საკუთრება.