თავი მეცამეტე
მესიის მმართველობა — ხსნა და სიხარული
1. აღწერეთ, როგორ სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდა ღვთის რჩეული ერი ესაიას დღეებში.
ესაიას დღეებში ღვთის რჩეული ერი სავალალო სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იეჰოვას ერთგული მეფეების — ყუზიასა და იოთამის — დროსაც კი ხალხი გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს (მეოთხე მეფეთა 15:1—4, 34, 35; მეორე ნეშტთა 26:1, 4). გამეფების შემდეგ ხიზკიაჰუს იუდაში ბაალის თაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად ბრძოლა უწევდა (მეორე ნეშტთა 31:1). ამიტომაც იეჰოვა თავის ერს მოუწოდებდა, დაბრუნებოდნენ მას და მოახლოებული სასჯელის შესახებ აფრთხილებდა!
2, 3. როგორ ამხნევებს იეჰოვა მათ, ვისაც, ხალხში გავრცელებული ურწმუნოების მიუხედავად, მის სამსახურში ყოფნა სურს?
2 მაგრამ ყველა არ განაგრძობდა ჯიუტად ურჩობას. იეჰოვას ჰყავდა ერთგული წინასწარმეტყველები, რომლებსაც, როგორც ჩანს, უსმენდა ზოგი ებრაელი. იეჰოვა მანუგეშებელ სიტყვებს გადასცემდა ასეთ ადამიანებს. მას შემდეგ, რაც ესაიამ იწინასწარმეტყველა, როგორ ააოხრებდნენ აშურელები იუდას, მან ღვთის შთაგონებით დაწერა ბიბლიის ერთ-ერთი შესანიშნავი მონაკვეთი, სადაც ის კურთხევებია აღწერილი, რომლებიც მესიის მმართველობას მოაქვსa. ამ კურთხევების შესახებ წინასწარმეტყველება ბაბილონის ტყვეობიდან ებრაელთა დაბრუნების შემდეგ ნაწილობრივ შესრულდა. მაგრამ დღეს მთელი წინასწარმეტყველება უფრო ფართო მასშტაბით სრულდება. მართალია, ესაია და ღვთის ერთგული სხვა ებრაელები ვერ შეესწრნენ ამ კურთხევებს, მაგრამ ისინი რწმენით ელოდნენ მათ და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დაინახავენ, თუ როგორ იქნება შესრულებული ესაიას სიტყვები (ებრაელთა 11:35).
3 იეჰოვას მსახურებს დღესაც სჭირდებათ გამხნევება. ამ წუთისოფელში ზნეობრივი ნორმების სწრაფი გაუფასურება, მძაფრი წინააღმდეგობა, რომელიც სამეფოს შესახებ ცნობას ხვდება და პირადი სისუსტეები განსაცდელში აგდებს თითოეულ მათგანს. მესიისა და მისი მმართველობის შესახებ ესაიას შესანიშნავ სიტყვებს შეუძლია გააძლიეროს ღვთის ხალხი და ამ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმაროს.
მესია — უნარიანი მმართველი
4, 5. რა იწინასწარმეტყველა ესაიამ მესიის მოსვლის შესახებ და, როგორც ჩანს, როგორ გამოიყენა მათემ მისი სიტყვები?
4 ბიბლიის ებრაელი მწერლები ესაიას დღეებამდე საუკუნეებით ადრე წინასწარმეტყველებდნენ, რომ იეჰოვა ისრაელში მესიას, ჭეშმარიტ მმართველს, წარგზავნიდა (დაბადება 49:10; მეორე რჯული 18:18; ფსალმუნი 117:22, 26). ახლა კი ესაიას მეშვეობით იეჰოვა უფრო მეტს იუწყება მესიის შესახებ. ესაია წერს: „ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს“ (ესაია 11:1; შეადარეთ ფსალმუნი 131:11). სიტყვები „ყლორტი“ და „ამონაყარი“ იმ აზრს გამოხატავს, რომ მესია იესეს შთამომავალი იქნება — შთამომავალი მისი ვაჟის, დავითისა, რომელიც ზეთით იქნა ცხებული ისრაელის მეფედ (პირველი მეფეთა 16:13; იერემია 23:5; გამოცხადება 22:16). როდესაც მესია დავითის საგვარეულო ხაზში მოვიდოდა, ეს „ამონაყარი“ კარგ ნაყოფს გამოიღებდა.
5 აღთქმული მესია იესოა. სახარების მწერალი მათე ესაიას 11:1-ის სიტყვებს დაეყრდნო, როდესაც თქვა, რომ იესოს „ნაზარეველად“ წოდებით წინასწარმეტყველებები შესრულდა. იესო ნაზარეთში გაიზარდა და ამიტომაც ეწოდა „ნაზარეველი“, სახელი, რომელიც ესაიას 11:1-ში „ამონაყარის“ აღსანიშნავად გამოყენებულ ებრაულ სიტყვასთან უნდა იყოს დაკავშირებულიb (მათე 2:23; ლუკა 2:39, 40).
6. როგორი მმართველი იქნება მესია წინასწარმეტყველების მიხედვით?
6 როგორი მმართველი იქნება მესია? ემსგავსება ის სასტიკ და თვითნება აშურელს, რომელიც ისრაელს, ათი ტომის ჩრდილოეთ სამეფოს, ანადგურებს? ცხადია, არა. მესიის შესახებ ესაია ამბობს: «დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა. ის უფლის შიშით ისულდგმულებს [„გაიხარებს“, აქ]» (ესაია 11:2, 3ა). მესია არა ზეთით, არამედ ღვთის სულიწმიდით არის ცხებული. იესოს ცხება მისი მონათვლის დროს ხდება, როდესაც იოანე ნათლისმცემელი ხედავს, როგორ იღებს ის სულიწმიდას მტრედის სახით (ლუკა 3:22). იეჰოვას სულიწმიდა გადადის იესოზე, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხადყოფს ამას და სიბრძნეს, კეთილგონიერებას, დიდ ძალასა და ცოდნას ამჟღავნებს ყოველგვარ მოქმედებაში. მას მმართველისთვის საჭირო ყველა საუკეთესო თვისება აქვს!
7. რას დაჰპირდა იესო თავის ერთგულ მიმდევრებს?
7 სულიწმიდის მიღება იესოს მიმდევრებსაც შეუძლიათ. ერთხელ, ქადაგების დროს, იესომ თქვა: „თუ თქვენ ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13). აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა ვთხოვოთ ღმერთს სულიწმიდა და ვეცადოთ, გამოვავლინოთ მისი ნაყოფები: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება“ (გალატელთა 5:22, 23). იეჰოვა გვპირდება, რომ „მაღლიდან გარდმომავალ სიბრძნეს“ მისცემს იესოს მიმდევრებს ცხოვრებისეულ სირთულეებთან წარმატებით გასამკლავებლად (იაკობი 1:5; 3:17).
8. როგორ ხარობს იესო იეჰოვას შიშით?
8 რა არის იეჰოვას შიში, რომელსაც მესია ამჟღავნებს? ცხადია, იესოს თავზარს არ სცემს იეჰოვა და ის არც მისი მსჯავრით არის შეძრწუნებული. მესიას მხოლოდ ღვთისადმი კრძალვა და მოწიწება აქვს. ღვთისმოშიში ადამიანი ცდილობს, იესოს მსგავსად მუდამ ის აკეთოს, „რაც მისთვის [ღვთისთვის] არის სათნო“ (იოანე 8:29). იესო როგორც სიტყვით, ისე საკუთარი მაგალითით გვასწავლის, რომ არაფერს მოაქვს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე იეჰოვასადმი ჯანსაღი შიშით ცხოვრებას.
სამართლიანი და გულმოწყალე მსაჯული
9. რა მაგალითს აძლევს იესო ყველას, ვისაც ქრისტიანულ კრებაში საქმეების განსჯა ევალება?
9 ესაია უფრო მეტს წინასწარმეტყველებს მესიის შესახებ: „[ის] დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას“ (ესაია 11:3ბ). განა არ იქნებოდით ასეთი მსაჯულის მადლობელი, სასამართლოში რომ ყოფილიყავით წარმსდგარი? მესიას, მთელი კაცობრიობის მსაჯულს, შეცდომაში ვერ შეიყვანს ცრუ ბრალდება, სასამართლო პროცესში მონაწილეთა კარგად შემუშავებული ტაქტიკა, ჭორი ან გარეშე ფაქტორები, მაგალითად, სიმდიდრე. ის ხვდება სიცრუეს, და არა მხოლოდ ადამიანის მოჩვენებით საქციელს, არამედ „გულის დაფარულ კაცს“, შინაგან პიროვნებასაც, ხედავს (1 პეტრე 3:4). იესო უბადლო მაგალითია ყველასთვის, ვისაც ქრისტიანულ კრებაში სხვადასხვა საქმის განსჯა ევალება (1 კორინთელთა 6:1—4).
10, 11. ა) როგორ ეხმარება იესო თავის მიმდევრებს გამოსწორებაში? ბ) რა განაჩენი გამოაქვს იესოს ბოროტეულთათვის?
10 რა გავლენას მოახდენს მესიის საუკეთესო თვისებები მის მიერ გამოტანილ სასამართლო განაჩენებზე? ესაია წერს: „სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავის პირისქარით ბოროტეულს მოაკვდინებს. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე“ (ესაია 11:4, 5).გადავხედოთ მსოფლიოს
11 იესო თავის მიმდევრებს, როდესაც მათ გამოსწორება სჭირდებათ, ისე ეხმარება, რომ საუკეთესო შედეგები მოუტანოს, რითაც შესანიშნავ მაგალითს აძლევს ქრისტიან უხუცესებს. მეორე მხრივ, ბოროტების ჩამდენთ მკაცრადაც დასჯის. როდესაც ღმერთი პასუხს მოსთხოვს ამ წუთისოფელს, მესია „დაჰკრავს მიწას“ თავისი მეფური ხმით და განადგურების განაჩენს გამოუტანს ყველა ბოროტეულს (ფსალმუნი 2:9; შეადარეთ გამოცხადება 19:15). მაშინ მოისპობიან ბოროტი ადამიანები და აღარავინ შეუშლის ხელს კაცობრიობის მშვიდობას (ფსალმუნი 36:10, 11). სიმართლითა და სიწრფელით წელდამშვენებულ იესოს შესწევს ამის ძალა (ფსალმუნი 44:4—8).
ცვლილებები დედამიწაზე
12. რა სირთულეებს დაინახავდა ებრაელი კაცი ბაბილონიდან აღთქმულ მიწაზე დაბრუნებაში?
12 წარმოიდგინეთ იმ ებრაელის რეაქცია, რომელმაც ეს-ეს არის გაიგო კიროსის ბრძანება, რომ ებრაელები იერუსალიმში უნდა დაბრუნდნენ და ტაძარი აღადგინონ. დატოვებს ის ბაბილონის უსაფრთხო ცხოვრებას და დაადგება სამშობლოსკენ მიმავალ გრძელ გზას? 70 წლის მანძილზე მიტოვებული ისრაელის ველ-მინდვრები ეკალბარდებით არის დაფარული. ამ გაუდაბურებულ ადგილებში მგლებმა, ლეოპარდებმა, ლომებმა და დათვებმა იწყეს ძრწოლა და კობრებიც გამრავლდნენ. სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელებს შინაური ცხოველებით მოუწევთ თავის რჩენა — ცხვარ-ძროხა რძეს, მატყლსა და ხორცს მისცემთ, ხოლო ხარებით მიწას დაამუშავებენ. გადაურჩებიან ისინი მტაცებლებს? არ დაგესლავენ ბავშვებს გველები? სახიფათო არ იქნება მგზავრობა?
13. ა) რა შესანიშნავ სურათს ხატავს ესაია? ბ) საიდან ვიცით, რომ ესაიას მიერ აღწერილ მშვიდობაში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ ის, რომ საფრთხეს არავის შეუქმნიან გარეული ცხოველები?
13 ახლა ესაია მომავლის შესანიშნავ სურათს ხატავს და აღწერს, რა ცვლილებებს მოახდენს ღმერთი: «დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ. ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათი შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას. ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს. არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით [„იეჰოვას შესახებ შემეცნებით“, აქ], როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული» (ესაია 11:6—9). განა გულს არ გვითბობს ეს სიტყვები? ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ აღწერილი მშვიდობა იეჰოვას შესახებ შემეცნების შედეგია. აქედან გამომდინარე, მასში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ ის, რომ საფრთხეს არავის შეუქმნიან გარეული ცხოველები. იეჰოვას შესახებ შემეცნება ცხოველებს კი არ შეცვლის, არამედ ადამიანებზე მოახდენს გავლენას. ასე რომ, სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე და აღდგენილ ქვეყანაში არც მხეცების და არც გამხეცებული ადამიანების შიში არ უნდა ჰქონდეთ ისრაელებს (პირველი ეზრა 8:21, 22; ესაია 35:8—10; 65:25).
14. როგორ სრულდება უფრო ფართო მასშტაბით ესაიას 11:6—9?
14 ეს წინასწარმეტყველება უფრო ფართო მასშტაბითაც სრულდება. 1914 წელს იესო, მესია, ზეციერ სიონის მთაზე გამეფდა. 1919 წელს „ღვთის ისრაელის“ დარჩენილი წევრები ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენაში მიიღეს მონაწილეობა (გალატელთა 6:16). ამან სამოთხის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველების თანამედროვე შესრულებას მოუმზადა საფუძველი. „შემეცნებამ“ — იეჰოვას შესახებ შემეცნებამ — ბევრი პიროვნება შეცვალა (კოლასელთა 3:9, 10). ერთ დროს აგრესიული ადამიანები მშვიდობიანები გახდნენ (რომაელთა 12:2; ეფესელთა 4:17—24). დღეს მილიონებს ეხება ეს ცვლილებები, რადგან ესაიას წინასწარმეტყველება რიცხობრივად მუდმივად მზარდ მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებზეც სრულდება (ფსალმუნი 36:29; ესაია 60:22). ისინი მოელიან იმ დროს, როდესაც მთელი დედამიწა ღვთის თავდაპირველი განზრახვისამებრ უსაფრთხო და მშვიდობიან სამოთხედ გადაიქცევა (მათე 6:9, 10; 2 პეტრე 3:13).
15. უნდა მოველოდეთ თუ არა, რომ ესაიას სიტყვები ახალ ქვეყნიერებაში პირდაპირი მნიშვნელობით შესრულდება? ახსენით.
15 შესრულდება თუ არა ესაიას წინასწარმეტყველება აღდგენილ სამოთხეში კიდევ ერთხელ, შესაძლებელია, უფრო პირდაპირი მნიშვნელობით? გონივრულია, რომ ასე ვივარაუდოთ. წინასწარმეტყველება იმავეს ჰპირდება მესიის მმართველობის დროს მცხოვრებთ, რასაც ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ისრაელებს აღუთქვამდა — მათ და მათ შვილებს ვერავინ და ვერაფერი, ვეღარც ადამიანი და ვეღარც ცხოველი, შეუქმნის საფრთხეს. მესიანურ სამეფოში ყველა ისეთივე მშვიდობით გაიხარებს, როგორი მშვიდობითაც ადამი და ევა ხარობდნენ ედემში. მართალია, საღვთო წერილი დაწვრილებით არ აღწერს, როგორი ცხოვრება იყო ედემში ან როგორი იქნება სამოთხეში, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბრძენი და მოსიყვარულე მმართველის, იესო ქრისტეს, მეფობის დროს ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც უნდა იყოს.
მესიის მიერ აღდგენილი წმინდა თაყვანისმცემლობა
16. რა იდგა ღვთის ხალხის ნიშნად ძვ. წ. 537 წელს?
16 წმინდა თაყვანისმცემლობაზე იერიში პირველად ედემში იქნა მიტანილი, როდესაც სატანამ ადამი და ევა ღვთისადმი დაუმორჩილებლობისკენ აღძრა. სატანა დღემდე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს. მაგრამ იეჰოვა არასდროს დაუშვებს, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა სრულიად მოისპოს დედამიწაზე. საქმე მის სახელს ეხება და, გარდა ამისა, ის ზრუნავს თავის მსახურებზე. ამიტომაც ესაიას მეშვეობით იეჰოვა საოცარ დაპირებას იძლევა: «იმ დღეს ხალხთა დროშად [„ნიშნად“, აქ] იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი» (ესაია 11:10). ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმი, ქალაქი, რომელიც დავითმა სატახტოდ აქცია, ნიშნის როლს ასრულებდა და ღვთის ერთგულ გაფანტულ ებრაელებს სამშობლოში დასაბრუნებლად და ტაძრის აღსადგენად მოუხმობდა.
17. როგორ ‘აღდგა წარმართებზე საუფლოდ’ იესო პირველ საუკუნეში და ამჟამად?
17 მაგრამ წინასწარმეტყველებაში მხოლოდ ეს არ იგულისხმება. როგორც უკვე დავინახეთ, მასში მესიის, ყველა ერის ერთადერთი ჭეშმარიტი წინამძღოლის, მმართველობაზეა ლაპარაკი. მოციქულმა პავლემ ესაიას 11:10-ის სიტყვები იმის დამამტკიცებლად მოიყვანა, რომ მის დროში წარმართებიც უნდა გამხდარიყვნენ ქრისტიანული კრების წევრები. ამ მუხლის სეპტუაგინტის თარგმანზე დაყრდნობით მან დაწერა: «ესაია ამბობს: „იყოს იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ, მისი იმედი ექნებათ წარმართებს» (რომაელთა 15:12). გარდა ამისა, ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროშიც სრულდება — სხვადასხვა ერის წარმომადგენლები მესიის ცხებულ ძმებს უჭერენ მხარს და ამით იეჰოვასადმი სიყვარულს ამჟღავნებენ (ესაია 61:5—9; მათე 25:31—40).
18. რა გაგებით არის იესო შეკრების ადგილი ჩვენს დღეებში?
18 წინასწარმეტყველების უკანასკნელი შესრულებისას ესაიას მიერ მოხსენიებული „ის დღე“ 1914 წელს დაიწყო, როდესაც მესია ღვთის ზეციერი სამეფოს ტახტზე ავიდა (ლუკა 21:10; 2 ტიმოთე 3:1—5; გამოცხადება 12:10). მას შემდეგ იესო ქრისტე ნიშანი ანუ შეკრების ადგილია სულიერი ისრაელისთვის და სხვადასხვა ერის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სამართლიან მთავრობას ნატრობენ. როგორც იესო წინასწარმეტყველებდა, სამეფოს შესახებ კეთილმა ცნობამ მესიის ხელმძღვანელობით ყველა ერამდე მიაღწია (მათე 24:14; მარკოზი 13:10). ამ კეთილ ცნობას დიდი ძალა აქვს. ‘უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეუძლია’, ცხებულ ქრისტიანებს უერთდება წმინდა თაყვანისმცემლობაში და მესიისადმი მორჩილებას ავლენს (გამოცხადება 7:9). იეჰოვას სულიერ „სამლოცველო სახლში“ ცხებულებთან ერთად ახლების შეკრებით დიდება ემატება მესიის „საშვებელს“, ღვთის სულიერ ტაძარს (ესაია 56:7; ანგია 2:7, აქ).
გაერთიანებული ხალხი იეჰოვას ემსახურება
19. რომელ ორ შემთხვევაში კრებს იეჰოვა მთელ დედამიწაზე მიმოფანტულ თავის ხალხს?
19 შემდეგ ესაია ისრაელებს იმ დროს ახსენებს, როდესაც იეჰოვამ ისინი ძლიერი მტრისგან იხსნა. იეჰოვას მიერ ეგვიპტის ტყვეობიდან დახსნის პერიოდი ძვირფასია ღვთის ერთგული ებრაელებისთვის. ესაია წერს: «იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს. დროშას [„ნიშანს“, აქ] აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას» (ესაია 11:11, 12). იეჰოვა, თითქოს ხელში აყვანილს ატარებსო, ისე გამოიყვანს ისრაელსა და იუდას ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც ისინი არიან გაფანტული, და მშვიდობით დააბრუნებს თავიანთ სამშობლოში. ეს წინასწარმეტყველება მცირე მასშტაბებით ძვ. წ. 537 წელს შესრულდა. მაგრამ უფრო დიდებული მისი მთავარი შესრულებაა! 1914 წელს იეჰოვამ „ნიშნად“ აღუმართა „ხალხებს“ გამეფებული იესო ქრისტე. 1919 წლიდან ამ ნიშანთან დაიწყეს შეგროვება „ღვთის ისრაელის“ დარჩენილმა წევრებმა, რომლებსაც ღვთის სამეფოს მმართველობით ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ამგვარად, „ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან“ იკრიბება განსაკუთრებული სულიერი ერი (გამოცხადება 5:9).
20. როგორ გაერთიანდება ღვთის ხალხი ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ?
20 ახლა ესაია შეკრებილი ერის ერთობას აღწერს. ის ეფრემის — ჩრდილოეთ სამეფოს — და იუდას — სამხრეთ სამეფოს — შესახებ ამბობს: „გაქარწყლდება ეფრემის შური და იუდას მტრები აღარ იქნებიან, ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი და იუდა აღარ უმტრობს ეფრემს. მხარდამხარ გაფრინდებიან ფილისტიმელთაკენ დასავლეთით, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთლებს, ხელს დაადებენ ედომს და მოაბს, და ყამონელნი მათი მორჩილნი გახდებიან“ (ესაია 11:13, 14). ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ ებრაელები აღარ იქნებიან ორ ერად გაყოფილი. ისრაელის ყველა ტომი ერთად დაბრუნდება სამშობლოში (პირველი ეზრა 6:17). გაუქარწყლდებათ გულისწყრომა და ერთმანეთისადმი მტრულად აღარ იქნებიან განწყობილი. ასეთი ერთობით ისინი მტკიცედ იდგებიან მტრების წინაშე.
21. რით არის განსაკუთრებული ღვთის ხალხის დღევანდელი ერთობა?
21 „ღვთის ისრაელის“ ერთობა უფრო შთამბეჭდავია. სულიერი ისრაელის 12 სიმბოლური ტომი თითქმის 2 000 წელია ტკბება ერთობით, რომელიც ღვთისა და სულიერი და-ძმებისადმი სიყვარულზეა დაფუძნებული (კოლასელთა 3:14; გამოცხადება 7:4—8). დღეს იეჰოვას ხალხი — როგორც სულიერი ისრაელები, ისე ღვთის ის მსახურები, რომლებსაც მიწიერი იმედი აქვთ — მესიის მმართველობის ქვეშ მშვიდობითა და მსოფლიო ერთობით ტკბება, რაც სრულიად უცხოა ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებისთვის. იეჰოვას მოწმეები სულიერი ერთობით უწევენ წინააღმდეგობას სატანას, რომელიც მათი თაყვანისმცემლობისთვის ხელის შეშლას ცდილობს. ისინი, როგორც ერთი ერი, ერთობლივად ასრულებენ იესოს დავალებას — ყველა ერში ქადაგებენ კეთილ ცნობას და ასწავლიან მესიანური სამეფოს შესახებ (მათე 28:19, 20).
დაბრკოლებები გადაილახება
22. როგორ „მოჰკვეთს იეჰოვა ეგვიპტის ზღვის ენას“ და აღმართავს ხელს მდინარეზე?
22 ტყვეობიდან გათავისუფლებული ისრაელების წინაშე მრავალი დაბრკოლებაა. როგორ უნდა გადალახონ ისინი? ესაია ამბობს: «ამოაშრობს უფალი ეგვიპტის ზღვის სრუტეს [„მოჰკვეთს იეჰოვა ეგვიპტის ზღვის ენას“, აქ], ხელს აღმართავს მდინარეზე თავის ქარტეხილში, შვიდ ტოტად განწვალავს მას, რომ ფეხშემოსილმა გადაიაროს» (ესაია 11:15). თვითონ იეჰოვა ჩამოაშორებს ყოველგვარ სირთულეს თავის ხალხს. უდიდესი დაბრკოლებებიც კი გადაილახება — ფიგურალურად რომ ვთქვათ, თვით წითელი ზღვის „ენა“ (როგორიც არის სუეცის ყურე) და უზარმაზარი მდინარე ევფრატიც კი ისე ამოშრება, რომ მის გადასალახავად ფეხსაცმლის გახდაც არ იქნება საჭირო!
23. რა გაგებით „გამოუჩნდებათ გზა-სავალი“ აშურიდან გამოსულებს?
23 მოსეს დღეებში იეჰოვამ მოუმზადა ისრაელებს გზა, რომლითაც ეგვიპტიდან გაიქცეოდნენ და აღთქმულ ქვეყანაში შევიდოდნენ. მას ახლაც მსგავსი რამ აქვს განზრახული: „გამოუჩნდება გზა-სავალი მისი ერის ნატამალს, რომელიც აშურს გადაურჩება, როგორც გამოუჩნდა ისრაელს, როცა ეგვიპტიდან ამოდიოდა“ (ესაია 11:16). იეჰოვა ისე ატარებს ისრაელებს, თითქოს შარაგზით ბრუნდებიანო ტყვეობიდან სამშობლოში. მტრები დაბრკოლებების შექმნას შეეცდებიან, მაგრამ იეჰოვა იქნება თავის ხალხთან. ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახურებიც დღეს დიდ წინააღმდეგობებს ხვდებიან, მაგრამ მაინც გაბედულად მიიწევენ წინ! ისინი თანამედროვე აშურიდან, სატანის წუთისოფლიდან, გამოვიდნენ და სხვებსაც ეხმარებიან იქიდან გამოსვლაში. მათ იციან, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა უსათუოდ აყვავდება, რადგან ეს არა ადამიანის, არამედ თვით ღვთის ნებაა.
მესიის ქვეშევრდომთა უშრეტი სიხარული
24, 25. როგორ შეასხამს ხალხი ხოტბას იეჰოვას და რა სიტყვებით გამოხატავს მისადმი მადლიერებას?
24 ახლა ესაია სიხარულით აღწერს, როგორ გაიხარებს იეჰოვას ხალხი, როდესაც ღვთის სიტყვა შესრულდება: „შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე“ (ესაია 12:1). იეჰოვა მკაცრად სჯის თავის ურჩ ხალხს, მაგრამ სასჯელი კურნავს ერს — ისრაელი უბრუნდება იეჰოვას და წმინდა თაყვანისმცემლობას აღორძინებს. იეჰოვა არწმუნებს თავის თაყვანისმცემლებს, რომ საბოლოოდ იხსნის მათ. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ისინი მადლიერებას გამოხატავენ მისადმი!
25 ახლა განახლებული ისრაელები სრულიად ენდობიან იეჰოვას და ხოტბას ასხამენ მას: «აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა [„რადგან იაჰ იეჰოვაა ჩემი ძალა და ძლიერება“, აქ], უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი. სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან» (ესაია 12:2, 3). ებრაული სიტყვა, რომელიც მე-2 მუხლში „ძლიერებად“ არის ნათარგმნი, სეპტუაგინტაში „ხოტბის შესხმად“ გვხვდება. ღვთის თაყვანისმცემლები ერთხმად მღერიან ხოტბის შემსხმელ სიმღერებს „იაჰ იეჰოვას“ მიერ ხსნაზე. ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა „იაჰ“ ბიბლიაში ღვთის განსაკუთრებულ განდიდებასა და მისადმი უდიდესი მადლიერების გრძნობას გამოხატავს. „იაჰ იეჰოვას“ გამოყენება ანუ ღვთის სახელის ორჯერ მოხსენიება კი იმაზე მეტყველებს, რომ უსაზღვროდ არის განდიდებული იეჰოვა.
26. ვინ აუწყებს დღეს ხალხს ღვთის შესახებ?
26 იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ვერ ფარავენ თავიანთ სიხარულს. ესაია წინასწარმეტყველებს: „იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი“ (ესაია 12:4, 5). ცხებული ქრისტიანები, რომელთაც მოგვიანებით თაყვანისმცემლობაში „სხვა ცხვრებიც“ შეუერთდნენ, 1919 წლიდან ‘აცხადებენ მის სათნოებას, ვინც ისინი სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოიხმო’. ისინი ამ მიზნისთვის განკუთვნილ „რჩეულ მოდგმასა“ და „წმიდა ერს“ ქმნიან (იოანე 10:16; 1 პეტრე 2:9). ცხებულები აცხადებენ იეჰოვას წმინდა სახელის დიდებულებას და მთელ მსოფლიოს აუწყებენ მის შესახებ. ისინი სიხარულით უჩვენებენ ხსნის გზას იეჰოვას ყველა თაყვანისმცემელს. ზუსტად სრულდება ესაიას სიტყვები: „იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!“ (ესაია 12:6). ისრაელის წმინდა თვით იეჰოვა ღმერთია.
გქონდეთ მომავლის იმედი!
27. რაში არიან ქრისტიანები დარწმუნებული მომავლის იმედთან დაკავშირებით?
27 მილიონობით ადამიანი იკრებება დღეს „ხალხების ნიშანთან“ — ღვთის სამეფოს ტახტზე დაბრძანებულ იესო ქრისტესთან. მათ ახარებთ ამ სამეფოს ქვეშევრდომობა და იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის შესახებ შემეცნების მიღება (იოანე 17:3). ისინი დიდად ხარობენ ერთიანი ქრისტიანული საძმოთი და ყოველმხრივ ცდილობენ, შეინარჩუნონ იეჰოვას ჭეშმარიტ მსახურთათვის დამახასიათებელი მშვიდობა (ესაია 54:13). მათ მომავლის მტკიცე იმედი აქვთ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ იაჰ იეჰოვა ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას, და ამიტომაც სხვებსაც სიხარულით ესაუბრებიან თავიანთი იმედის შესახებ. დაე იეჰოვას ყველა თაყვანისმცემელმა მთელი ძალა მოახმაროს იეჰოვასთვის მსახურებას და ისწრაფონ, სხვებსაც დაეხმარონ ამაში. მაშ, ყველამ გულში ჩავიბეჭდოთ ესაიას სიტყვები და გავიხაროთ იეჰოვას მესიის მიერ ხსნით!
[სქოლიოები]
a სიტყვა „მესია“ მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან „მაშიახ“, რაც ნიშნავს „ცხებულს“. მისი ბერძნული შესატყვისია „ხრისტოს“, ანუ „ქრისტე“ (მათე 2:4).
b „ამონაყარის“ შესატყვისი ებრაული სიტყვაა „ნეცერ“, ხოლო „ნაზარეველისა“ — „ნოცრი“.
[სურათი 158 გვერდზე]
მესია იესეს „ყლორტი“ და მეფე დავითის შთამომავალია.
[მთელი 162 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[სურათი 170 გვერდზე]
ესაიას 12:4, 5 მკვდარი ზღვის ხელნაწერებში (მონიშნულ ადგილებზე ღვთის სახელია გამოყენებული).