თავი მეთექვსმეტე
ხელმძღვანელობისა და მფარველობისთვის იეჰოვას მიენდეთ
1, 2. რა საფრთხე ემუქრება ღვთის ხალხს ძვ. წ. VIII საუკუნეში და ვისზე ამყარებს ბევრი მათგანი მფარველობის იმედს?
როგორც წინა თავებიდან დავინახეთ, ძვ. წ. VIII საუკუნეში ღვთის ხალხი დიდ საფრთხეშია. სისხლმოწყურებული აშურელები ერთიმეორის მიყოლებით აოხრებენ ქვეყნებს და მალე იუდას, სამხრეთ სამეფოსაც, მიადგებიან. ვისზე დაამყარებენ მისი მცხოვრებლები მფარველობის იმედს? მათ კავშირი აქვთ დადებული იეჰოვასთან და ამიტომაც მას უნდა მიმართონ დახმარებისთვის (გამოსვლა 19:5, 6). სწორედ ასე იქცეოდა მეფე დავითი. „უფალი კლდეა ჩემი, სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი“, — ამბობდა იგი (მეორე მეფეთა 22:2). როგორც ჩანს, ძვ. წ. VIII საუკუნეში ბევრი იეჰოვაზე არ ამყარებს იმედს. ისინი ეგვიპტისა და ქუშისგან მოელიან დახმარებას და იმედი აქვთ, რომ ეს ორი ქვეყანა დაიცავს მათ აშურელი დამპყრობლებისგან. მაგრამ ისინი ცდებიან.
2 იეჰოვა ესაია წინასწარმეტყველის პირით აფრთხილებს თავის ხალხს, რომ მხოლოდ უბედურების მომტანი იქნება მათთვის ეგვიპტესა და ქუშზე იმედის დამყარება. როგორც წინასწარმეტყველის თანამედროვეთათვის, ჩვენთვისაც ესაიას ღვთივსულიერი ცნობა საგულისხმო გაკვეთილია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვაზე მინდობა.
სისხლიანი ქვეყანა
3. აღწერეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სამხედრო ძლიერება აშურისთვის.
3 აშურელები სამხედრო ძლიერებით იყვნენ ცნობილი. ერთ წიგნში აღნიშნულია: „ისინი ძალას განადიდებდნენ და ლოცვებს მხოლოდ უზარმაზარი ქვის კერპების, ლომებისა და ხარების, წინაშე წარმოთქვამდნენ, რომელთა ძლიერი ფეხები, არწივის ფრთები და ადამიანის თავები ძალის, გამბედაობისა და გამარჯვების სიმბოლოები იყო. ხალხის ძირითადი საქმიანობა ბრძოლა იყო, ხოლო ქურუმები განუწყვეტლივ აღძრავდნენ მათ ომისკენ“ (Ancient Cities). ამიტომაც სათანადოდ აღწერა ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, ნაუმ წინასწარმეტყველმა, აშურის სატახტო ქალაქი ნინევე „სისხლიან ქალაქად“ (ნაუმი 3:1).
4. როგორ სცემდნენ მტერს შიშის ზარს აშურელები?
4 აშურელები უსასტიკესი მეთოდებით იბრძოდნენ. ძველი დროის რელიეფებზე გამოსახულია, როგორ მიათრევენ აშურელი მეომრები ტყვეებს ცხვირში და ტუჩებში ამოდებული კაუჭებით. ზოგჯერ ისინი შუბებით თვალებს სთხრიდნენ ტყვეებს. ერთი წარწერა მოგვითხრობს დაპყრობითი ომის შესახებ, რომლის დროსაც აშურის ლაშქარმა ტყვეები ნაკუწებად აქცია და ქალაქის გარეთ ორ გორად აღმართა მათი მოკვეთილი თავები და კიდურები, ხოლო ბავშვები ცოცხლად დაწვა. ასეთ შიშისმომგვრელ სისასტიკეს მხნეობა უნდა წაერთმია ყველასთვის, ვინც წინ ეღობებოდა აშურის ლაშქარს, და ხელი უნდა შეეწყო აშურელთა საბრძოლო წარმატებებისთვის.
ომი აშდოდის წინააღმდეგ
5. ვინ იყო აშურის ძლევამოსილი მეფე ესაიას დღეებში და როგორ დადასტურდა ბიბლიაში მის შესახებ მოცემული ცნობის ჭეშმარიტება?
5 ესაიას დღეებში არნახულ ძლიერებას მიაღწია აშურმა, რომელსაც იმ დროს მეფე სარგონი მართავდაa. მრავალი წლის მანძილზე კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებდნენ ამ მეფის არსებობას, რადგან მისი სახელი ისტორიულ წყაროებში არსად იყო ნახსენები. მაგრამ წლების შემდეგ არქეოლოგებმა სარგონის სასახლის ნანგრევები აღმოაჩინეს, რითაც ბიბლიური ცნობის ჭეშმარიტება დადასტურდა.
6, 7. ა) როგორც ჩანს, რატომ იძლევა სარგონი აშდოდის აღების ბრძანებას? ბ) რა გავლენას ახდენს აშდოდის დაცემა ფილისტიმელთა მეზობელ ქვეყნებზე?
6 ესაია მოკლედ იხსენიებს სარგონის ერთ-ერთ ლაშქრობას: „მოადგა აშდოდს აშურის მეფის, სარგონის გამოგზავნილი დართანი, ბრძოლა გაუმართა აშდოდს და აიღო იგი“ (ესაია 20:1)b. რატომ იძლევა სარგონი ფილისტიმელთა ქალაქ აშდოდის აღების ბრძანებას? პირველ რიგში იმ მიზეზით, რომ ფილისტიმელთა ეგვიპტის მოკავშირეა და აშდოდი, სადაც დაგონის ტაძარია აშენებული, ეგვიპტესა და პალესტინას შორის გამავალ ზღვისპირა გზაზე მდებარეობს. ასე რომ, ქალაქს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და მისი აღება შეიძლება ეგვიპტის დაპყრობისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. გარდა ამისა, აშურული წყაროების თანახმად, აშდოდის მეფე აზური შეთქმული ყოფილა აშურის წინააღმდეგ. ამიტომაც სარგონი უსწორდება მოჯანყე მეფეს და მის ნაცვლად მეფის უმცროსი ძმა, აჰიმიტი, აჰყავს ტახტზე. მაგრამ ეს ვერ აგვარებს საქმეს. აშდოდელები კიდევ ერთხელ ჯანყდებიან და ამჯერად სარგონი უფრო სერიოზულ ზომებს იღებს. მისი ბრძანებით აშურის ლაშქარი ალყაში აქცევს და იპყრობს აშდოდს. როგორც ჩანს, ესაიას 20:1-ში სწორედ ეს მოვლენაა მოხსენიებული.
7 აშდოდის დაცემა ავისმომასწავებელი ნიშანია მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი იუდასთვის. იეჰოვამ იცის, რომ ხალხი „ხორციელ ძალაზე“, ამ შემთხვევაში ეგვიპტესა და სამხრეთით მდებარე ქუშზე, ამყარებს იმედს. ამიტომაც ის ეუბნება ესაიას, თვალსაჩინო მაგალითით დაანახვოს ხალხს თავიანთი მოქმედების შედეგები (მეორე ნეშტთა 32:7, 8).
„ტანშიშველი და ფეხშიშველი“
8. რას აკეთებს ესაია ღვთის დავალებით, რასაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს?
8 იეჰოვა ეუბნება ესაიას: „წადი, შეიხსენი ჯვალო წელიდან და ხამლები გაიძვრე ფეხზე“. ესაიამ შეასრულა იეჰოვას ბრძანება. „ასეც მოიქცა: ტანშიშველმა და ფეხშიშველმა დაიწყო სიარული“ (ესაია 20:2). „ჯვალო“ უხეში ქსოვილის სამოსელია, რომლითაც ხშირად წინასწარმეტყველები იმოსებიან; ზოგჯერ სწორედ მაშინ, როდესაც უბედურების მაუწყებელი ცნობა აქვთ გადასაცემი. აგრეთვე მას გაჭირვებისას ან ცუდი ამბის გაგების დროს იცვამენ (მეოთხე მეფეთა 19:2; ფსალმუნი 34:13; დანიელი 9:3). ზემოხსენებული მუხლის სიტყვები იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ესაიამ სრულიად შიშველმა დაიწყო სიარული? არა. „ტანშიშველად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა შეიძლება ნახევრად ან თხლად ჩაცმულს ნიშნავდეს (პირველი მეფეთა 19:24). ასე რომ, ესაიამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ზედა სამოსელი გაიხადა და მოკლე შიდა სამოსელში დარჩა, რომელსაც, ჩვეულებრივ, ზედა სამოსლის შიგნით იცვამდნენ. დატყვევებული მამაკაცები სწორად ამგვარად ჩაცმული არიან წარმოდგენილი აშურული სკულპტურული ნამუშევრებით.
9. რა წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს ესაიას მოქმედებას?
9 ესაიას უჩვეულო მოქმედების მნიშვნელობა არ რჩება გაურკვეველი. „თქვა უფალმა: როგორც ჩემი მორჩილი ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ასე იქნება ნიშად და სასწაულად ეგვიპტისთვის და ქუშისთვის. ასე წაასხამს აშურის მეფე ეგვიპტის ტყვეებს და ქუშის ლტოლვილებს — ჭაბუკებს და მოხუცებულთ, ტანშიშველთ და ფეხშიშველთ, უკანალგატიტვლებულთ ეგვიპტის შესარცხვენად“ (ესაია 20:3, 4). დიახ, ეგვიპტელები და ქუშელები მალე დატყვევდებიან. ვერავინ შეძლებს თავის დახსნას. თვით „ჭაბუკებსა და მოხუცებულთ“ ანუ ბავშვებსა და ასაკოვან ხალხსაც დაატოვებინებს მტერი სახლ-კარს და ტყვეებად წაასხამს უცხო ქვეყანაში. ასეთი ავისმომასწავებელი მაგალითით იეჰოვა აფრთხილებს იუდას მკვიდრთ, რომ ყოვლად უსარგებლო იქნება მათთვის ეგვიპტესა და ქუშზე დაიმედება. ამ ქვეყნების დაცემას მათი „სიშიშვლე“ ანუ აბსოლუტური დამცირება მოჰყვება!
იმედი და მშვენება უკვალოდ ქრება
10, 11. ა) რა რეაქცია ექნება იუდას, როდესაც დაინახავს, რომ ეგვიპტე და ქუში უძლურნი აღმოჩნდნენ აშურის წინააღმდეგ ბრძოლაში? ბ) რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ იუდაელები იმედს ეგვიპტესა და ქუშზე ამყარებენ?
10 შემდეგ იეჰოვა წინასწარმეტყველურად აღწერს, რა რეაქცია ექნება მის ხალხს, როდესაც დაინახავს, რომ ეგვიპტე და ქუში, რომელთა მფარველობის იმედიც ჰქონდა, უძლურნი აღმოჩნდნენ აშურის წინაშე. „შეეშინდებათ და შერცხვებათ ქუშის გამო, მათი იმედისა, და ეგვიპტის გამო, მათი მშვენებისა. იტყვის ამ ზღვისპირეთის მცხოვრები იმ დღეს: აჰა, რის იმედზე ვყოფილვართ, შეწევნას რომ ვითხოვდით იქ აშურის მეფისგან თავის დასახსნელად! როგორ გადავრჩებით?“ (ესაია 20:5, 6).
11 იუდა მხოლოდ სანაპირო ზოლს ჰგავს ძლიერ ეგვიპტესა და ქუშთან შედარებით. შესაძლებელია ამ „ზღვისპირეთის“ ზოგ მცხოვრებს უსაზღვროდ ხიბლავს ეგვიპტის მშვენება — მისი შთამბეჭდავი პირამიდები, ცადაზიდული ტაძრები და წალკოტებითა და აუზებით დამშვენებული დიდებული საცხოვრებლები. ეგვიპტის საუცხოო არქიტექტურა მის სიმტკიცესა და სტაბილურობაზე მეტყველებს. ცხადია, დაუჯერებელია ამ ქვეყნის აოხრება! ალბათ, ებრაელები ქუშის მშვილდოსნებით, ეტლებითა და მხედრებითაც არიან მოხიბლული.
12. ვის უნდა მიენდოს იუდა?
12 ესაიას წინასწარმეტყველური მნიშვნელობის მქონე მოქმედებისა და იეჰოვას სიტყვების შემდეგ სერიოზულად დაფიქრება მართებთ იუდაელებს, რომლებიც თავს იეჰოვას მსახურებად აცხადებენ და, ამავე დროს, ეგვიპტესა და ქუშზე ამყარებენ იმედს. რამდენად უკეთესია მათთვის, იეჰოვაზე დაამყარონ იმედი და არა მოკვდავ ადამიანზე! (ფსალმუნი 24:2; 39:5). თანდათანობით იუდას სულ უფრო ჩაგრავს აშურის მეფე, ხოლო მოგვიანებით მის ტაძარსა და სატახტო ქალაქს ბაბილონი ანგრევს. მაგრამ „მეათედი“, „წმიდა მოდგმა“, მაინც, რჩება იუდას, როგორც ძირი მუხას (ესაია 6:13). თავის დროზე ესაიას ცნობა დიდად განუმტკიცებს რწმენას იუდაელთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვაზე ამყარებს იმედს!
გქონდეთ იეჰოვას იმედი
13. რა გარემოებები ახდენს უარყოფით ზეგავლენას როგორც მორწმუნეებზე, ისე ურწმუნოებზე?
13 ესაიას წიგნში მოცემული გამაფრთხილებელი ცნობა, რომელიც ეგვიპტესა და ქუშზე მინდობის უსარგებლობაში არწმუნებდა ხალხს, ისტორიას არ ჩაჰბარებია. მას დღესაც არ დაუკარგავს პრაქტიკული მნიშვნელობა. ჩვენ „საზარელ ჟამს“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). ეკონომიკურ გაჭირვებას, სიღარიბეს, პოლიტიკურ არასტაბილურობას, სამოქალაქო და დიდ თუ მცირე მასშტაბის ომებს არა მარტო ღვთის მმართველობის უგულებელმყოფელთათვის, არამედ იეჰოვას თაყვანისმცემელთათვისაც მოაქვს უბედურება. ამიტომაც თითოეულის წინაშე დგას საკითხი, თუ ვის მიმართოს დახმარებისთვის.
14. რატომ უნდა გვქონდეს მხოლოდ იეჰოვას იმედი?
14 ზოგზე შეიძლება დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ მსხვილი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და მეცნიერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ადამიანთა მიღწევებით შეძლებენ კაცობრიობის პრობლემების გადაჭრას. მაგრამ ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი: „უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე“ (ფსალმუნი 117:9). მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად ადამიანის მიერ გაწეული ნებისმიერი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდება იმ საფუძვლიანი მიზეზის გამო, რომელიც წინასწარმეტყველმა იერემიამ სათანადოდ ახსნა: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
15. მხოლოდ ვის შეუძლია გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი კაცობრიობისთვის რეალური იმედის მიცემა?
15 ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ღვთის მსახურები მეტისმეტად არ მოიხიბლონ წუთისოფლის მოჩვენებითი ძლიერებითა და სიბრძნით (ფსალმუნი 32:10; 1 კორინთელთა 3:19, 20). გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი კაცობრიობისთვის რეალური იმედის მიცემა მხოლოდ შემოქმედს, იეჰოვას, შეუძლია. ის იხსნის ყველას, ვინც მასზე დაამყარებს იმედს. როგორც მოციქულმა იოანემ ღვთის შთაგონებით დაწერა, „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17).
[სქოლიოები]
a ისტორიკოსები ამ მეფეს სარგონ II-დ იხსენიებენ. სარგონ I-ად არა აშურის, არამედ ბაბილონის მეფეა ცნობილი, რომელიც მასზე ადრე ცხოვრობდა.
b „დართანი“ არა პირადი სახელი, არამედ აშურის ლაშქრის მხედართმთავრის ტიტულია, რომელიც, როგორც ჩანს, იმპერიაში მეორე კაცად იყო აღიარებული.
[სურათი 209 გვერდზე]
ზოგჯერ აშურელები თავიანთ ტყვეებს თვალებს სთხრიდნენ.
[სურათი 213 გვერდზე]
ზოგი შეიძლება მოხიბლულია კაცობრიობის მიღწევებით, მაგრამ მათთვის უკეთესია, იეჰოვაზე დაამყარონ იმედი.